ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ჯორბენაძე ყველაზე ხშირად გზების პრობლემებზე საუბრობს. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა მოუწესრიგებელი საავტომობილო გზებია. „ბათუმელებმა“ ხულოს მერობის კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა გაანგარიშებული, რამდენი დაჯდება ხულოს ყველა სოფელში გზების კეთილმოწყობა და სად ნახავს ამ ფულს ირაკლი ჯორბენაძე, თუკი ის ხულოს მერი გახდება. ხულოს მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ბატონო ირაკლი, თავდაპირველად გვითხარით თქვენი მთავარი გზავნილის შესახებ, რას ჰპირდებით ხულოს მოსახლეობას?
ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ ხელისუფლება დავუბრუნოთ ხალხს. 2012 წლიდან ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, არავითარი თვითმმართველობა, არავითარი მთავრობა. ეს უნდა დავიწყოთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობიდან. არჩევნებიც ფორმალობაა. 2017 წელს ავირჩიეთ ხულოს მერი, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა და მოხსნა. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ხულოშიც ისევე უნდა დანიშნოს მერი, როგორც პრეზიდენტი დანიშნა, მაგრამ ეს არ გაუვა… „ოცნების“ კანდიდატის წარდგენის დროს გიორგი ვოლსკიმ ღიად თქვა, არ მოგვწონდა გოჩა მელაძე და გადავაყენეთო.
საუბრობთ იმაზე, რომ თვითმმართველობა არ გვაქვს. ამ ვითარებაში რამდენად რეალურია მმართველ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუკი თქვენ გახდებით ხულოს მერი?
ამ ვითარებაში ზუსტად რეალური შანსია, რომ ოპოზიციური კანდიდატები მართავდნენ თვითმმართველობას. თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურისგან, მათ შორის, აჭარის მთავრობისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან. თვითვმმართველობა ცენტრალურს ექვემდებარება იმიტომ, რომ ერთპარტიულია მართვა და ხათრით, შიშით უწევენ ანგარიშს.
თქვენი კამპანიის აქტიური ნაწილი შედგება ფეისბუქლაივებისგან, სადაც, ძირითადად, სოფლებში გზების პრობლემებს აღწერთ. გაქვთ თუ არ დათვლილი, რამდენი დაჯდება იმ სოფლებში გზების კეთილმოწყობა, რაც უკვე აჩვენეთ ფეისბუქმომხმარებელს?
მილიონ 500 ათასი ლარი მობილიზდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ეს არის ფული, რომელიც ყოველწლიურად იხარჯება ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის. არაფერი არ კეთდება ამ მილიონით, არც სოციალური, არც ეკონომიკური მიმართულებებით. ეს მილიონ ხუთასი ლარი საკმარისია, რომ ჩვენ დავიწყოთ წინსვლა… გასულ წელს, მაგალითად, 4 მილიონ 400 ათასი ლარი ვერ აითვისა თვითმმართველობამ და ცენტრალურს უკან დაუბრუნა. ეს არის უნიათობის კარგი მაგალითი. ჩვენ დროს ძირითადად არგუმენტი და პრეტენზია იყო ის, რომ ასფალტი ვჭამოთო? და ახლა პირიქით, საერთოდ არაფერს აკეთებენ. ვფიქრობ, ეს 7 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ყველა სოფელში გაკეთებულიყო გზა. მე არ ვპირდები მოსახლეობას იმას, რომ უცებ, ერთ წელიწადში მოვაგვარებ ამ პრობლემას, მაგრამ ეტაპობრივად ამის გაკეთება შესაძლებელია.
ხელისუფლებაც ეუბნება იმავეს მოსახლეობას, ვაკეთებთ ეტაპობრივადო. თქვენი უპირატესობა რაშია?
შვიდი წელი ჰქონდათ მათ ამისთვის და არ გააკეთეს… მე საუბარი მაქვს ძირითადად არამიზნობრივ ხარჯებზე, ეს არის ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის გამოყოფილი თანხები.
რას გულისხმობთ კონკრეტულად „ფუფუნებასა“ და „არამიზნობრივ ხარჯვაში“?
2014 წლიდან 2019 წლამდე მარტო მილიონზე მეტი ლარის კომპიუტერული ტექნიკაა შეძენილი, რომელიც დღეს გამოუსადეგარია. თავის დროზე ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ძვირი გადაეხადათ და ხარისხიანი ეყიდათ… მივლინებების თანხაც მაღალია. მარტო მერის ტრანსპორტირებისთვის, საწვავში 1800 ლარი იხარჯება, ასევე ამ მილიონ 500 ათას ლარში შედის წარმომადგენლობითი ხარჯები, ანუ მერს რომ ვიღაც ესტუმრება, დაპატიჟოს…
ეს ხარჯი მეტია იმაზე, რაც თქვენი პარტიის მმართველობის დროს იხარჯებოდა ხულოში?
ჩვენ თუ მასე წარსულში ვაპირებთ დაბრუნებას, მაშინ ცოტა კიდევ უფრო უკან გადავიწიოთ. მაშინ ეს საჭიროება იყო, რადგან განადგურებული იყო საერთოდ ყველაფერი, მერია არ იყო, სკამიც კი არ იყო და ბამბებით იყო გამოტენილი ფანჯრის მინები. მოკლედ გიპასუხებთ: წარსულში თუ რამე შავდებოდა, სწორედ ამიტომ გადაგვირჩია ხალხმა.
დღეს რატომ უნდა დაგაბრუნოთ, რა არის თქვენი უპირატესობა?
ვერაფერი სიკეთე ხალხმა ვერ ნახა ამ ხელისუფლების პირობებში. ახლანდელი წინასაარჩევნო ვითარება ერთი-ერთში ჰგავს ასლან აბაშიძის წინასაარჩევნო კამპანიას. თუ ამობრძანდით და ნახეთ – ხალხი შეშინებულია. აშინებენ სამსახურის დაკარგვით, სოციალური დახმარების მოხსნით, ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებით, რომელიც კონკრეტულ სოფელს სჭირდება. გარდა ამისა, აქტიური მოსყიდვა მიმდინარეობს.
დაფიქსირდა მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტული შემთხვევა?
ჩვენ არაერთი სიუჟეტი მივუძღვენით ამ ფაქტებს… მოსყიდვის ფაქტები როგორ უნდა გითხრათ. ყველა მოსახლე, ვისთანაც მიხვალთ, ყველგან არის მოსყიდვის ფაქტი. მხოლოდ დაბა ხულოში ჰყავთ 35 კოორდინატორი, მოსყიდვა არ არის ეს? ჯამში ხულოში 1500-მდე კოორდინატორი ჰყავთ. საჯარო მოხელეებიც აქტიურად არიან ამაში ჩართულები.
თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ ახალი მინისაწარმოების მოწყობაზე ყველა სოფელში. შეგიძლიათ განმარტოთ, როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
ადგილობრივი თვითმმართველობა თანადაფინანსების ფარგლებში დაეხმარება ბიზნესს, რომ გაიხსნას მინისაწარმოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არა ისე, რომ ჩეხური კარიტასის ორმილიონიანი გრანტი ოცნების დეპუტატებმა და კოორდინატორებმა გამოიყენეს. ხულოს დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძესაც ჰქონდა შეტანილი განაცხადი, ის 35 ათას ევროს ითხოვდა გრანტის სახით და დაუმტკიცდა კიდეც. მერე ჩვენ ავტეხეთ ამბავი და იძულებული გახდა, უარი ეთქვა.
თქვენ რა მოდელზე გვესაუბრებით, რომ თვითმმართველობა და მერი ბიზნესის მეწილე გახდეს?
თვითმმართველობის კოდექსი მოიცავს ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეწყობას. ამ კოდექსში წერია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ფული შეიძლება დაიხარჯოს სხვა მიმართულებითაც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. თუ რამე უკანონო მოხდება, არსებობს აუდიტის სამსახური და მოხდება შემოწმება.
ლიბერალური ეკონომიკის პრინციპზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენი ეს განაცხადი პირდაპირ ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას. ეს როგორ გავიგოთ?
მე მესმის, რაც არის ლიბერალური ეკონომიკა, მაგრამ მთავარი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალური სფეროს გაუმჯობესება, კულტურული, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული სფეროს განვითარება. აბა, რისთვის უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ბიუჯეტის ფული, ხელფასებში? ბიზნესის ხელშეწყობა არ ნიშნავს ბიზნესში ხელის ჩაყოფას და ჩარევას. ჩვენ ბიზნესის ხელშეწყობას ვაპირებთ. თუ ეს არ გავაკეთეთ, არანაირად წინ არ წავა სოფელი.