მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

06.05.2019 • 2993
რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა ინტენსიურად ბინძურდება. მას ასევე ინტენსიურად წმენდენ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის ფაქტი ორჯერ ოფიციალურად დაფიქსირდა, მიზეზი და დაბინძურების წყარო კი, დაუდგენელია.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა სჭირს ტბას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არც მერიას და მის შესაბამის სამსახურებს აქვს და არც აჭარის სამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურებს. მეტიც, რამდენადაც გავარკვიეთ, ამის დადგენას არც ერთი უწყება არ აპირებს, უახლოეს მომავალში მაინც.

უცხო სითხის ჩაღვრის გარდა ტბა სხვა, შლამისებური მასით ბინძურდება. ეს, ვიზუალს რომ თავი დავანებოთ, ირგვლივ სპეციფიკურ უსიამოვნო სუნს წარმოშობს. არდაგანის ტბა კი, რეკრეაციულ ზონაშია და მის ირგვლივ არაერთი კვების ობიექტია განთავსებული. ამ ტბაშია მოცეკვავე შადრევანიც.

ტბა, რომლის ზედაპირის ფართობიც დაახლოებით 3,5 ჰექტარია, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ტბაში არსებული ერთ-ერთი კუნძული კი [0,5 ჰექტარი, სადაც რესტორანია განთავსებული] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ტბაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. მერიამ მერიისავე შპს „ბათუმის წყალში“ და გარემოსდაცვით დეპარტამენტში გადაგვამისამართა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ტბაში ხუთი მილი ჩადის. ეს არის სანიაღვრეები, საიდანაც მიმდებარე ქუჩებიდან [გორგილაძის ქუჩის ბოლო, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, ხახუტაიშვილის ქუჩები] წვიმის წყალი ტბაში ხვდება. ამ ქუჩებზე ინტენსიური მშენებლობებიც მიმდინარეობს. „ბათუმელებმა“ ვერ მიაკვლია უწყებას, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო მოედანს, თუ რამდენადაა ის ტექნოლოგიურად მოწყობილი ისე, რომ ნარეცხი თუ სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი სანიაღვრეში, იქედან კი ტბაში არ აღმოჩნდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტებიდან დაბინძურებული წყლის სანიაღვრეში ჩაღვრა არ ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რეაგირების ვალდებულება აქვს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს და  გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე შესაბამის სამსახურებს“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

აჭარის მთავრობასთან არსებულ გარემოს დაცვის სამმართველოში გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის სამშენებლო მოედნების კონტროლი: „კანონით, კერძო კომპანიებს ჩვენ კონტროლს არ ვუწევთ. კერძო საკუთრებაში ექსპერტირებას არ ვახდენთ“.

ნატო დავითაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უშუალოდ სამშენებლო მოედანზე [კერძო საკუთრებაში] კონტროლს არც მათი სამსახური ახორციელებს, თუმცა იყო ფაქტი, როცა დაბინძურებული წყლის სანიაღვრე არხში ჩაშვებისთვის „ორბი ჯგუფი“ ორჯერ დააჯარიმეს.

ამავე სამსახურმა ჯარიმის ოქმი იმ სახლის ამხანაგობის მიმართაც შეადგინა, რომლის სარდაფშიც ნავთობისმაგვარი სითხე გროვდება. ეს სახლი ტბასთან ახლოსაა. „ადრე ოქმი შევადგინეთ იმიტომ, რომ სარდაფიდან ამოტუმბული დაბინძურებული წყალი სანიაღვრე არხში ჩაუშვეს, თუმცა გადაიხადა თუ არა ჯარიმა ამხანაგობამ, ინფორმაცია არ გვაქვს. ამ დროისთვის მცირე დოზითაა სარდაფში ეს წყალი“, – გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოში.

ამ თემაზე: ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნავთობპროდუქტების მოხვედრა ბენზინგასამართი სადგურიდან არ დადასტურდა. თუმცა სამმართველოში ისიც გვითხრეს, რომ მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურის მიერ მიწოდებული ტექნიკური დოკუმენტები და მათ მიერვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შეისწავლეს. საიდან ხვდება ამ სახლის საძირკველში ნავთობპროდუქტების მსგავსი სითხე, ამ დრომდე დაუდგენელია.

მიმდინარე წლის 26 აპრილს „ბათუმის წყალმა“ განაცხადა, რომ ტბაში ნავთობისმაგვარი სითხის ჩაღვრის ფაქტი დაფიქსირდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაშია, თუმცა საიდან აღმოჩნდა უცხო სითხე ტბაში, ჯერ დადგენილი არ არის.

„ჩვენ ასევე ვსწავლობთ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის დაღვრის ფაქტს. არსებული ინფორმაციით, დაიღვარა დაახლოებით 30 ლიტრი დიზელი, რომელიც აქ არსებული სანიაღვრეებით, ადვილი შესაძლებელია მოხვედრილიყო ტბაში. საწვავის დაღვრის ფაქტი 25 აპრილს დაფიქსირდა, ტბის დაბინძურებაზე კი „ბათუმის წყალმა“ მეორე დღეს განაცხადა, თუმცა, მოკვლევის გარეშე, პირდაპირ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებთ“, – განაცხადეს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში.

ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის მორიგი ფაქტის შესახებ „ბათუმის წყალმა“ გუშინ, 5 მაისსაც განაცხადა. „ადგილზე რეგულარულად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები მობილური ჯგუფების და სპეცტექნიკის მეშვეობით. ტბის დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებულია შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურისთვის. ამჟამად მიმდინარეობს დაბინძურების წყაროს მოკვლევა შემდეგი რეაგირებისთვის“.

„ბათუმელებმა“ ტბა 5 მაისს დილით იმ დროს დაათვალიერა, სანამ „ბათუმის წყალი“ მასში უცხო სითხის ჩაღვრის შესახებ განაცხადებდა. ამ დროისთვის ტბა ისევ იყო დაბინძურებული არა უცხო სითხით, არამედ შლამისმაგვარი და სხვა ნივთიერებებით.

„არდაგანის ტბაში წყალი უნდა შედიოდეს მუდმივად და გადიოდეს, ეს ციკლი აუცილებელია ტბისთვის. ტბაში რამდენიმე სანიაღვრე არხი ჩადის, მაგრამ ამ არხებიდან უნდა შედიოდეს სუფთა წყალი. თუ მშენებლობებიდან გაუფილტრავი წყალი მოხვდება ტბაში, ეს არის ცუდი. რამდენადაც ვიცი „ბათუმის წყალი“ აკონტროლებს ამას. რაც შეეხება ტბის წყლის ზღვაში გასასვლელს, ასეთი ორია – ერთი არხი არის „აჭარულ სახლთან“, მეორე იყო „მაგნოლიას“ მხარეს, რომელიც ამჯერად, იქ სატუმბი სადგურის მშენებლობის გამო, ჩაკეტილია. რა აბინძურეს ტბას, ამას შესწავლა სჭირდება“, – გვითხრა ზაურ ფატლაძემ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის მერიაში ინფრასტრუქტურის კუთხით, ის „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორიც იყო.

„ჩემი აზრით, ტბას სჭირდება გამოკვლევა სპეციალისტების ჩართულობით, რათა დადგინდეს დაბინძურების რეალური მიზეზი. ტბის ფსკერის პრობლემა უნდა იყოს და ალბათ, საჭირო იქნება მისი მოწყობა სპეციალური ბალასტით“, – ეს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის აზრია, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ დააფიქსირა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მათ ასეთი კვლევის შედეგი არ აქვთ და არც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი ტბის შესწავლა ამ კუთხით.

ამ თემაზე: რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

მშრალ ამინდში სანიაღვრე არხიდან ტბაში დაბინძურებული წყლის ჩაღვრის ფაქტი „ბათუმელებმა“ 2017 წელშიც დააფიქსირა:

ამ თემაზე: რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

დაბინძურებული არდაგანის ტბა:

დაბინძურებული არდაგანის ტბა / 5.05.2019

მშენებლობები არდაგანის ტბასთან / 5.05.2019

დაბინძურებული არდაგანის ტბა. ფაქტია, რომ ასეთ დაბინძურებას მხოლოდ ნავთობპროდუქტების ტბაში მოხვედრა არ იწვევს. რატომ ბინძურდება ასე ტბის ზედაპირი, უცნობია / 3.05.2019

ერთ-ერთი მილი, რომლითაც სანიაღვრე არხებიდან წყალი არდაგანის ტბაში ჩაედინება / 3.05.2019

როცა ბადეებით და ნიჩბებით ვერაფერს ხდება, „ბათუმის წყალი“ ტბის ზედაპირის გასაწმენდად სპეცტექნიკასაც იყენებს, თუმცა „გაწმენდილი“ ტბა მალევე ბინძურდება / 3.05.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: