მთავარი,სიახლეები

ხულოს მერობის კანდიდატი: შსს ყოველთვის იყო ადეკვატური

07.05.2019 • 1293
ხულოს მერობის კანდიდატი: შსს ყოველთვის იყო ადეკვატური

„კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან“, – ასე აფასებს ვახტანგ ბერიძე ხულოში, სოფელ ღურტაში 5 წლის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო, ახლა კი, ხულოს მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. მან ვერ გვითხრა, რა კანონი დაარღვიეს მოქალაქეებმა, თუკი თვითონ, როგორც პოლიციელი, კანონიერად მოქმედებდა. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი ხულოს მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში?

ბატონო ვახტანგ, რა არის თქვენი წინასაარჩევნო გზავნილი? 

მე ვპირდები ხულოს მოსახლეობას ყველა იმ პრობლემის დროულად მოგვარებას, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ და თუნდაც შემდეგ შეექმნებათ. მე მათ ვპირდები, რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიქნები მათ გვერდით ზუსტად იმ დროს, როცა დასჭირდებათ. მე არ მექნება მხოლოდ სამუშაო დღეები და სამუშაო საათები. მზად ვიქნები, რომ ჩემს ხულოს ვემსახურო პირნათლად…

ვინ გააკეთა თქვენზე არჩევანი „ქართულ ოცნებაში“ და რატომ? თქვენ მანამდე ხულოს პოლიციის უფროსად მუშაობდით. 

მე ხალხმა შემარჩია. წლების განმავლობაში ყველამ დაინახა, როგორ პატივს მცემდნენ ისინი და მე არც კი დავფიქრებულვარ, როცა კანდიდატობა შემომთავაზეს, ისე დავთანხმდი ჩემი ხალხის სიყვარულით. წლების განმავლობაში მე მათთან ვმუშაობდი, მათ იცოდნენ ჩემი მიდგომა სამსახურის და ხალხისადმი… ეს საკითხი გადაწყდა „ქართული ოცნების“ მთლიანად გუნდის მიერ. ერთი ადამიანი არ მოსულა და ვახო, თუ წახვალო, არ უკითხია ჩემთვის. მმართველმა გუნდმა დაინახა, რომ ვახტანგ ბერიძე იქნებოდა უალტერნატივო კანდიდატურა, რომელიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიტანდა.

მანამდე დამაჯერებელი იყო წინა მერის – გოჩა მელაძის მოულოდნელად და  დაუსაბუთებლად თანამდებობიდან წასვლა? 

ყოველი გულანთებული ქართველი მასე ფიქრობს: სადაც დასჭირდება ქვეყანას, იქ უნდა იყოს, იქედან უნდა ემსახუროს და იცავდეს თავის ქვეყანას… იმ დროისთვის ბატონმა გოჩა მელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა. მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ასე იყო საჭირო.

ფიქრობთ, რომ დამაჯერებელია თქვენი ვერსია, თითქოს არჩეულმა [გოჩა მელაძემ] მერმა ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვა თანამდებობა, მანამდე კი მაინც და მაინც თქვენ დაგტოვათ თავის თანამდებობაზე, ასევე თავისი სურვილით?  

ჩემს ქვეყანას სადაც დასჭირდება, მე იქ ვიქნები. ბატონმა გოჩა მელაძემაც სადაც ჩათვალა საჭიროდ, იქ წავიდა სამუშაოდ… მე მეამაყება ის წლები, როცა ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. როცა შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ წამით.

რატომ გახდა საჭირო, რომ თქვენ, ძალოვანი უწყების თანამშრომელი, წასულიყავით მერიაში? 

ყველა ადამიანი, პირველ რიგში, არის ადამიანი ამ ცხოვრებაში, მას პასუხისმგებლობა გააჩნია. შენი მოქმედება უნდა ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას… მე ყოველთვის მოსახლეობის გვერდში ვიდექი. დამიფასდა კიდეც ჩემი შრომა.

მიიჩნევთ, რომ ღურტას აქციის დროსაც მოსახლეობის გვერდით იდექით? 2014 წელს თქვენ ხულოს პოლიციის უფროსი იყავით, როცა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დაშალეთ… 

მაშინაც და ახლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო კანონით დაცული. ამ ქვეყანაში ყოველთვის არის კანონი უმთავრესი. კანონის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ ყველა, მოქალაქე იქნება ეს თუ თანამდებობის პირი. რაც არის კანონის შესაბამისი, ის უნდა გაკეთდეს.

რომელი კანონი დაარღვიეს მაშინ ღურტელებმა, როცა მათ სცემეთ

მაგაზე შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიიღებთ პასუხს.

თქვენ პოლიციის უფროსი იყავით… რატომ არ მიიჩნევთ საჭიროდ, რომ მოსახლეობას განუმარტოთ ამ აქციის შესახებ. 

განვმარტე მე იმ ჭრილში, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც იმ დროისთვის პოლიციას უნდა ემოქმედა. კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან. მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ ვემსახურებოდი მათ და როგორ სამართლიანად ვიქცეოდი.

მაშინ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ უკანონოდ შეაფასა ამ აქციის დაშლა, რადგან მოსახლეობა მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდა. 

თუ არასამთავრობო აპროტესტებდა, ჩემგან არ ესწავლებათ. შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის, თუკი პოლიციამ რამე დაარღვია. მე არავის არაფერზე არ ვუთითებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იყო ადეკვატური.

თქვენი აზრით, ადეკვატურია ჰესის ან მეწყრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 25 ათასი ლარის შეთავაზება ახალი საცხოვრებლის შესაძენად?  

ყველა გადაწყვეტილება არის ადეკვატური გამოწვევასთან მიმართებაში. თუკი ვინმე თვლის, რომ არასაკმარისია, ინდივიდუალურად შეუძლია მოქალაქეს ისაუბროს ამის შესახებ. მთავრობა ზრუნავს ამ ადამიანებზე, შეთანხმება მიღებულია ზარალის ადეკვატურად. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ შევთანხმდით. მჯერა, რომ ყველა საკითხი იქნება გადაწყვეტილი სამართლიანად.

თქვენი ოპონენტი სხვადასხვა სოფელში მოუწესრიგებელ გზებზე საუბრობს. ირაკლი ჯორბენაძე ასევე ამბობს, რომ გასულ წელს ბიუჯეტში ნაშთი მოგრჩათ 4 მილიონი, რომლითაც ამ პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი. 

მე არ ვიცი ირაკლი ჯორბენაძე რომელ 4 მილიონზე საუბრობს. მე უფრო სხვა პრობლემები და მდგომარეობა მაწუხებს. მართლაც არის ზოგიერთი მიმართულებით გზა გასაკეთებელი, მაგრამ წელს ახალი 50 კილომეტრი შიდა სასოფლო გზის გაკეთებაა დაგეგმილი. ხულოში სულ 83 სოფელია და დიდი ძებნა არ უნდა სოფელს, სადაც გზა დაზიანებულია. ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს… ვერ ნახავთ თქვენ ხულოში მოსახლეობას, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას აპროტესტებდეს, ასე არ უნდა ყოფილიყოო.

რა შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი, როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის გაკეთებული საქმეებიდან? 

ბევრი რამ კეთდება, შენდება, დამთავრდა თითქმის ყველა პროექტი. დაბაში შენდება ვეტერანთა კლუბი…

ეს გოჩა მელაძის მერობის დროსაც კეთდებოდა. თქვენი მისვლით რა შეიცვალა? აღნიშნეთ, რომ აუცილებელი გახდა ჩემი იქ მისვლაო.  

მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი კითხვაა. მე ვიყავი ამ დროს მოვალეობის შემსრულებელი და გოჩა მელაძის დაწყებული პროექტები უნდა დამესრულებინა. გოჩა რას ვერ აკეთებდა, ამაზე მე ინტერვიუს არ ვიძლევი. თუკი ამირჩიეს მერად, წლის ბოლოს, დეკემბერში ვუპასუხებ თქვენს კითხვას, როცა ყველა პროექტი უნდა შესრულდეს.

არ ვიცით, რა პროექტები გაქვთ. 2019 წლის ბიუჯეტი არ გიდევთ ინტერნეტგვერდზე. ესეც ხომ არ აჩვენებს იმას, რომ თქვენ 18 წელი პოლიციის სისტემაში იყავით და რეალურად ღიაობას ვერ ეჩვევით? 

არა, 23 წელი ვიყავი პოლიციის სისტემაში. წარმატებულად და კარგად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. არც ერთი ნაბიჯი არასდროს უკან არ გადამიდგამს… რაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ყველაფერი დევს. თუ რამე ვერ იპოვეთ, მოგვმართეთ და გადმოგიგზავნით.

რატომ ფიქრობთ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა გამოსავალი? დემოკრატიული მართვა გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინფორმაცია, მით უმეტეს, ბიუჯეტი, მარტივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

გამოსავალი რა არის და რა არა, მე კარგად ვიცი. თქვენ რას ვერ ნახულობთ, არ ვიცი. მე გეუბნებით, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იქ უნდა იყოს, დევს, როგორც ვიცი. სატელეფონო ინტერვიუში ამას ახლა ვერ დავამტკიცებთ.

შენიშვნა: შუალედური არჩევნები ხულოსა და კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში 19 მაისს ჩატარდება. ამ მუნიციპალიტეტებში 2017 წელს არჩეული მერები ან გადადგნენ, ან დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: