„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შთამომავლებს ეძებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ აგროვებს დოკუმენტურ და ზეპირ მონაცემებს 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ [დახვრეტილ] პირთა შესახებ.

თუ კი 1937-1938 წლების რეპრესიები შეეხო თქვენი ოჯახის წევრს/ნათესავს და გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ, მოგონებები ამ ადამიანზე ან/და ფოტოსურათი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაგვიზიაროთ ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელი გზით.

[checklist]

  • მოგვწერეთ ელფოსტაზე: represiebi1937@gmail.com
  • ან ფეისბუქზე: facebook.com/batumelebi
  • შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 66 47 65 

[/checklist]

ელექტრონულ ფოსტაზე, ფეისბუქზე ან მობილურ ტელეფონზე SMS-ით მოწერის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ:

  • რეპრესირებული პირის სახელი და გვარი 
  • ნათესაური ან სხვა კავშირი [მაგალითად: ბიძა, დიდი ბაბუა, შორეული ნათესავი, მეზობელი და ა.შ.] 
  • თქვენი სახელი და გვარი 
  • თქვენი ტელეფონის ნომერი 

„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს ისტორიული ცნობებისა და ზეპირი ისტორიების შესაკრებად.

როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

სტატიაზე მუშაობდნენ: ნესტან ზოიძე და მარიამ დუმბაძე

მათ არაერთ სუპერმარკეტში უმუშავიათ და ყველგან ერთი და იგივე ვითარება დახვდათ: სამუშაო საათები – 12/14, სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში – 6, ანაზღაურება – მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ – 500 ლარი. წაიკითხეთ 20-25 წლის გოგონების ისტორიები, რომლებიც ბათუმის სუპერმარკეტებში კონსულტანტებად მუშაობენ.

სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს მარკეტში

მარიამ გორჯელაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხეკურსელი:

„ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, მყავს ტყუპი და და ერთი ძმა. უნივერსიტეტში დაფინანსების მოსაპოვებლად მჭირდებოდა მაღალი აკადემიური დასწრება და მაღალი ქულები. რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდი იყო. სანამ დაფინანსებას მივიღებდი, გადავწყვიტე ჩემი სწავლის საფასური თვითონვე დამეფარა და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სუპერმარკეტში.

კონსულტანტი ვიყავი, ყოველი მესამე ღამე ცვლა მიწევდა. სამუშაოს ვიწყებდი საღამოს ცხრა საათზე და დილის ცხრამდე ანუ 12 საათი ვმუშაობდი. ცვლის დასრულების შემდეგ ველოდებოდი 11 საათის მოსვლას – ამ დროს იწყებოდა სალექციო საათები. ლექციები ხუთ საათამდე გრძელდებოდა. ფაქტობრივად, არ მეძინა. შაბათს ან კვირას ვისვენებდი და ვცდილობდი, დასვენების დღეებში მთელი კვირის ლექციები მომემზადებინა. ვერც საჭირო განათლებას ვიღებდი, მაგრამ  დროც არაფრისთვის არ მქონდა – თითქოს სრულად მოვწყდი გარესამყაროს და მეგობრებს.

მარიამ გორჯელაძე

ძალიან გამიჭირდა ასე მუშაობა, უძილობისგან ფსიქოლოგიურად უფრო ვიღლებოდი, ვიდრე ფიზიკურად. ღამის ცვლაში მებარა პურ-ფუნთუშების სექცია, ცომეულის დახლების დასუფთავება, მომხმარებლის თითები არ უნდა დასტყობოდა დახლების შუშებს, ასევე მევალებოდა ცარიელი ადგილების შევსება…

ღამის ცვლაში განსაკუთრებით რთულია გათენების პერიოდი, როდესაც მარკეტში მომხმარებელი  იკლებს,  შესაბამისად საქმეც იკლებს. შვიდიდან ცხრა საათამდე კი ითიშები – დაღლილობით, უძილობით. მაგრამ ამ დროს დილის ცვლისთვის ამზადებ ყველაფერს – დახლებს, იღებ დისტრიბუციას… თავიდან ხილ-ბოსტნეულის სექციაში ვიყავი. პომიდვრის ან ვაშლის შეკვეთას ვამზადებდი – 30-100 კილოგრამი უნდა ჩამებარებინა დილით გამოუძინებელს, ამავე დროს ვამოწმებდი როგორც რაოდენობას, ისე ცალ-ცალკე, დამპალი ან შელახული რომ არ ყოფილიყო. მერე უკვე ვალაგებდი დახლზე.

იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევაც, მაგალითად, 25 კილოგრამი ბანანი დამაკლდა. მე მგონია, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ ჩემზე გადატყდა ჯოხი. მე უნდა მეყიდა ეს დანაკლისი და გადამეხადა. თანამშრომლების გვერდში დგომით ფული შევაგროვეთ, 25 კილოგრამი ბანანი ვიყიდეთ და დარბაზში დანაკლისი შევავსეთ.

ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისე ვიღლებოდი, სამსახურიდან წამოვედი.ზამთარში თან ძალიან გამიჭირდა ქობულეთიდან ბათუმში ჩასვლა. ბევრჯერ დაღლილობისგან „მარშრუტკაშიც“ ჩამძინებია და სახლიდან შორს ჩამოვსულვარ“.

„ნახევრად სველი ფეხსაცმლით გამოცდაზე“

 

სალომე დუმბაძე, იზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი:

მე იმ სტუდენტების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც გადატენილი ავტობუსით მოძრაობენ, რომლებიც ჩაწითლებული თვალებით დადიან, რომლებიც ნახევრად სველი ფეხსაცმელებით მიდიან გამოცდაზე, რომლებიც „მივინა სუპებით“ იკვებებიან, რომლებსაც არეული აქვთ გრაფიკი, დღე და ღამეც ერევათ ერთმანეთში.

3 წლის განმავლობაში 5 სამსახურის გამოცვლა იმიტომ მომიწია, რომ არ არის დღეს ხელსაყრელი პირობები, სტუდენტმა ნორმალურად იცხოვრო და იმუშაო. სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სტუდენტებს სასტიკ რეჟიმში არ ამუშავებენ.

დღის განმავლობაში მინიმუმ 12 საათს ვმუშაობდი, შემდეგ უნივერსიტეტში მივდიოდი, ძილის კი არა, ჭამის დროც არ მქონდა.

რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ვისწავლო. ნამდვილად არ მეგონა, ასეთი რთული თუ იყო ეს გზა. 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი საშინელებაა, მით უმეტეს, სტუდენტისთვის, რომელსაც სემინარი აქვს მოსამზადებელი და კვირაობით ვერ იძინებს. ეს ყველაფერი ყველას ფსიქიკაზე ცუდად აისახება!

სალომე დუმბაძე

წელს ბოლო კურსზე ვარ და ძალიან მიხარია უნივერსიტეტის დასრულება. არა იმიტომ, რომ დიპლომი მექნება. მეეჭვება ჩემი პროფესიით სამსახური ვიშოვო. უბრალოდ, მეტი თავისუფალი დრო მექნება, აღარ ვიდარდებ სწავლის საფასურზე და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები.

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს განათლების სამინისტრო სტუდენტურ დასაქმებას. კარგი იქნება, თუ შეღავათიანი განრიგით იმუშავებენ სტუდენტები და არ იქნება ასეთი რთული სამუშაო პირობები. ძალიან მინდა, მომავალმა თაობამ უკეთეს პირობებში აიღოს დიპლომი“.

 

„მარკეტის უნიფორმა, რომელიც 150 ლარი ღირს, შენ უნდა გეყიდა“

მირანდა დუმბაძე

„მარკეტში ვმუშაობდი მოლარედ. სამსახურში მქონდა ძალიან რთული, გაუსაძლისი პირობები. ვმუშაობდი როგორც დილის, ისე ღამის ცვლაში. ერთი დღე  მქონდა დასვენება. რეალურად სამსახური უნდა დამემთავრებინა 9 საათზე, თუმცა მარკეტიდან ვერ გამოვდიოდი 11/12 საათამდე – ან ბუღალტერი იგვიანებდა, ან ჩემი შემცვლელი, რომელმაც რთული სამუშაო დღის შემდეგ ვერ გაიღვიძა. ასეთი იყო ყოველი სამუშაო დღის დასაწყისი და დასასრულიც.

დამატებით საათებში მუშაობა არასოდეს აუნაზღაურებიათ. ხელფასი 500-ლარამდე იყო, ოღონდ მას შემდეგ, თუ რამდენიმე თვეს გაძლებდი. პირველ თვეს მხოლოდ  350 ლარი გერიცხებოდა, მეორე თვეში – 400 ლარი, შემდეგ – 450 ლარი, მაგრამ შეიძლებოდა მესამე თვემდე ვერც კი მიგეღწია – უბრალოდ, ძალიან რთული იყო მუშაობა.

ამასთან, მარკეტის უნიფორმა, რომელიც 150 ლარი ღირს, შენ უნდა გეყიდა. ეს თანხა ხელფასიდან გეჭრებოდა ეტაპობრივად. ფორმის არჩაცმის შემთხვევაში, ჯარიმა 50 ლარი იყო, გაჯარიმებდნენ დაგვიანებისთვის, სალაროსთან თუ ჩაგეძინებოდა, მაშინაც, ჯარიმდებოდი სალაროს დატოვებისთვისაც. სალაროებს ჩვენ ვალაგებდით, მოხვეტა-მოწმენდა და ა.შ. სალაროში დათვლილი მეტობა რჩებოდა მარკეტს, ნაკლებობა კი ჩვენ უნდა შეგვევსო. ავადაც რომ გამხდარიყავი, ვალდებული იყავი, სიცხიანი მჯდარიყავი სალაროსთან, სამუშაო საათებს მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში თუ გააცდენდი.

ბევრჯერ დამატებითაც გამოვუძახებივართ და არც ეს აუნაზღაურებიათ.

ამ სამსახურში მხოლოდ ორი თვე გავჩერდი, ფიზიკურად ვეღარ შევძელი გაძლება. ხელფასი ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ დამრიცხვია სრულად – ხან 30 ლარი დამაკლეს, ხან – 20 ლარი.

ასევე არ გვქონდა განსაზღვრული შესვენების საათები, მხოლოდ ნახევარი საათი შეგვეძლო – ყავის დალევასაც ვერ ასწრებდი. სულ მეძინებოდა. დილითაც, ღამითაც, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მეძინებოდა. 12 საათი დგახარ ფეხზე… ასეთი ვითარების გამოა, რომ მარკეტებში ყოველდღიურად არის ვაკანსიები – ყოველდღიურად ვიღაცა მიდიოდა.

თავს არც იმისთვის იწუხებდნენ, რომ კადრი ნორმალურად მოემზადებინათ. სალაროსთან დაგვიყენებდნენ 2-3 ახალ კადრს და მუშაობის პარალელურად მათაც ვამზადებდით. რაღა თქმა უნდა, არც ეს ყოფილა ანაზღაურებადი. არადა, ესეც საკმაოდ რთული იყო, რადგან კლიენტებთან მომსახურების პერიოდში ასწავლიდი სტაჟიორს“.

 

მთავარი ფოტო: სალომე დუმბაძე, მარიამ გორჯელაძე, მირანდა დუმბაძე

10 მაისი გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა

10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა. გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. ნადირობა მხოლოდ აგვისტოს შემდეგ იქნება ნებადართული.

აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც. სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი,  „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

აჭარაში ათი სკოლისთვის ფიზიკის ელექტრონულ ლაბორატორიას სამინისტრო ტენდერით იყიდის

საჯარო სკოლებისთვის „ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით“ აჭარის განათლების სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას გეგმავს. ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო თანხა კი 50 ათასი ლარია.

ელექტრონულ პროგრამებს სამინისტრო ქალაქ ბათუმის N1, N6, N13, N15, N16 და N20, ასევე, ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის ყიდულობს.

„ელექტრონული ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლე და მასწავლებელი ჩაატარებენ ცდებს როგორც ვირტუალურ, ასევე, რეალურ გარემოში, რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურ ვითარებაში ცდების ჩატარებისას მონიტორზე უნდა აისახებოდეს მოცემული ცდის თანმხლები უხილავი მოვლენების ვიზუალიზაცია. ლაბორატორიამ საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეს, პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები,“ – აღნიშნულია შესასყიდი პროგრამების აღწერილობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 15 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა ვირტუალური ლაბორატორიები შესაბამის სკოლებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში შესყიდვის ობიექტი მისი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში არ უნდა ავლენდეს დეფექტებს. ამ ვადის განმავლობაში დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს პრობლემის გამოსწორება, კერძოდ, უზრუნველყოს გამოვლენილი პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე, ოპერატიული სისტემის კომპიუტერში ჩაწერის შემთხვევაში პროგრამის ხელახალი ინსტალაცია“.

სამინისტრო ელექტრონული ლაბორატორიების გამარტივებული წესით [ტენდერის გარეშე] შეძენას გეგმავდა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ სამინისტროს ამაზე უარი უთხრა.

„სამინისტრომ სააგენტოს მიმართა დროის მოგების მიზნით. ვინაიდან თანხმობა ვერ მივიღეთ, პროგრამების შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. მართალია, შესყიდვის პროცედურები ტენდერის გამო დროში გაიწელება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სკოლებისთვის ამ პროგრამების შეძენას მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოვასწრებთ,“ – გვითხრეს მაშინ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ამ თემაზე:

სამინისტრო სკოლებისთვის ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამების შეძენას გეგმავს

2019 წლის ეროვნულ ჯილდოზე 69 ქალი და 5 კაცი მასწავლებელია წარდგენილი

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საქართველოდან სულ 74 მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ყველაზე მეტი – 16 მასწავლებელი დარეგისტრირებულია კატეგორიაში – სახელმწიფო ენები, მეორე ადგილზე – 13-13, დაწყებითი და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელია წარდგენილი.  ეროვნულ ჯილდოზე ასევე წარდგენილია საზოგადოებრივი მეცნიერებების 12 მასწავლებელი, უცხო ენების – ცხრა, ესთეტიკური აღზრდის – ექვსი, ინკლუზიური განათლების – სამი, მათემატიკის ორი მასწავლებელი.

წელს ეროვნულ ჯილდოზე 69 ქალი და 5 კაცი მასწავლებელია წარდგენილი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 20 მასწავლებელია წარდგენილია თბილისიდან. ყველაზე ნაკლები, 2-2 მასწავლებელი მცხეთა-მთიანეთიდან და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთიდან.

აჭარიდან ეროვნულ ჯილდოზე სულ 8 მასწავლებელია წარდგენილი.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველ წელს ეროვნული ჯილდო ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულში გავიდა წელს. ასევე გახდა გლობალური ჯილდოს მთავარი დამფინანსებლის ვარკის ფონდის ელჩი, ხოლო 2018 წელს, ეროვნული ჯილდო ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ მიიღო.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 10  მაისის   21 საათიდან 11 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში – 15-17 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 -20 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს, 12-13 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე

„ტფილისის „კრუჟოკში“ სიმფონიურ საღამოებზე“ – შმერლინგის კარიკატურები

ოსკარ შმერლინგი XIX საუკუნის მეორე ნახევარის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარ-ილუსტრატორი, კარიკატურისტი იყო და 40 წელი ეწეოდა ჟურნალისურ საქმიანობას, თანამშრომლობდა გამოცემებთან: „ეშმაკის მათრახი”, “შურდული”, “ბზიკი”, “ეშმაკის მახე”, “სოფლის ალიაქოთი” და იმ დროს თბილისის უამრავ იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთთან, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ გამოცემებთანაც. შმერლინგმა იმუშავა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” პირველი გამოცემის ილუსტრაციებზეც.

1880-81 წლებში ილუსტრატორმა საკუთარი ჟურნალიც დააარსა  “კოღო”, რომლის მხოლოდ 3 ნომერი გამოვიდა.

წარმოშობით გერმანელი ოსკარშ მერლინგი დაიბადა თბილისში 1863 წელს, სამხედრო მოხელის ოჯახში.

1884 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი იყო, ერთი წლის შემდეგ კი მიუნხენში აგრძელებს სწავლას ცნობილი ბატალისტის, პროფესორ ფრანც რუბის ხელმძღვანელობით.

ოსკარ შმერლინგი თბილისში 1893 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა და ზუბალაშვილების ქუჩაზე დასახლდა. ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მალევე ჩაერთო: 1901 წელს გამოდის გაზეთი „ცნობის ფურცელი” სურათებიანი დამატებით ვალერიან გუნიას რედაქტორობით. ოსკარ შმერლინგის კარიკატურები გაზეთის მეორე ნომერში გამოჩნდა პირველად და მას შემდეგ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში არ დარჩენილა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაზეც მას სახალისო კარიკატურები არ შეუქმნია. შმერლინგის ილუსტრაციები ეხებოდა ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურობასაც.

„ტფილისის გამგეობის საქმეები“
„აი, რა მდგომარეობაშია ტფილისის გამგეობის საქმეები!… რაღა გასაკვირველია, რომ საქმეს დროზედ ვერ აკეთებენ!…”
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„ტფილისის გამგეობის საქმეები“/ გაზეთის N2615 /დამატების N 254 / კვირა / 19 სექტემბერი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი.
„ტფილისის „კრუჟოკში“ სიმფონიურ საღამოებზე“
აღწერა : ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„ტფილისის „კრუჟოკში“ სიმფონიურ საღამოებზე“/ გაზეთის N2547 / დამატების N234 / ხუთშაბათი / 8 ივლისი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი .
„სრულიად რუსეთის წყლის მნაყველთა მე-IX სიეზდი“
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„სრულიად რუსეთის წყლის მნაყველთა მე-IX სიეზდი“ / იუმორისტული ალმანახი – „ეშმაკის სალამური“ . N2 / 1908-1909 წ. რედაქტრები : თ. ბოლქვაძე. ნ.კალანდაძე.

 

„ქუთაისის საბჭოს სხდომა – ხმოსნების გაპარვა“
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„ქუთაისის საბჭოს სხდომა- ხმოსნების გაპარვა“ / გაზეთის N2428 / დამატების N 198 / ხუთშ. 4 მარტი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი.
ნახატის თემა- ქუთაისის საბჭოს სხდომა.
“წყლის პრობლემა ტფილისში”
„წარმოიდგინეთ, მთელი ეს ჩხუბი და ალიაქოთი ერთი ვედრა წყლის საშოვრადაა ატეხილი!!..”
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -“წყლის პრობლემა ტფილისში” / გაზეთის N 2603 /დამატების N251 / კვირა / 5 სექტემბერი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი /
ნახატის თემა- წყლის პრობლემა ქალაქში
„მუშტაიდის ბნელ ხეივნებში“
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„მუშტაიდის ბნელ ხეივნებში“ / გაზეთისN 2609 /დამატების N252 / კვირა /12 სექტემბერი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი .

 

ტფილისისათვის ქალაქის თავის ძებნა
„ვეძებ, ვეძებ „თავს” რომ ჰქონდეს თავი, მაგრამ!..”
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„ტფილისისათვის კვლავ ქალაქის თავის ძებნა” / გაზეთის N2520 /დამატების N226 / ხუთშ. 10 ივნისი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი.
ნახატის თემა-თბილისისთვის ქალაქის თავის არჩევა
„არტისტულ საზოგადოების თეატრში-პაპიროსის მოსაწევ ოთახში“
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„არტისტულ საზოგადოების თეატრში-პაპიროსის მოსაწევ ოთახში“ / გაზეთის N2393 / დამატების N188 / ხუთშაბ. 29 იანვ. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი .
ნახატის თემა-მოსაწევი ოთახი არტისტულ საზოგადოების თეატრში.
გოლოვინის პროსპეკტის მტკეპნელთა ტირილი სკამების აღების გამო

 

ტფილისის საბჭო
„თითქოს საფქვავი საფქვავსა ჰგავს, მაგრამ რა გამოდის როშვის მეტი!..”
ოსკარ შმერლინგის ესკიზი-„ტფილისის საბჭო“ / გაზეთის N26-2 / დამატების N262 / კვირა / 17 ოქტომბერი. „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი / რედაქტორ-გამომცემელი : ალ. ჯაბადარი.

 

“ შავი ზღვის პირის საავადმყოფოებში”
„ექიმი: პირველს საფაღარათო, მეორეს სასაქმებელი, მესამეს საფაღარათო, მეოთხეს სასაქმებელი“…
ოსკარ შმერლინგის ესკიზი -„შავი ზღვის პირის საავადმყოფოებში“ / ყოველ-კვირეული, იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“ N 25 / 1908 წელი, 6 აპრილი / რედაქტორ-გამომცემელი : თ. ბოლქვაძე .

 

1898 წელს ოსკარ შმერლინგმა თბილისში სამხატვრო სკოლა გახსნა. 1902 წელს კი დააარსა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი. 1922 წელს სწორედ ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მხატვარ-ილუსტრატორი 1938 წელს გარდაიცვალა.

მისი ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში ინახება.

წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია/გერმანიული არქივი

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მასალა ავტომანქანას დაეცა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინდისის სკვერთან მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ღობეებსა და ბადეებს აქ ვერ ნახავთ.

„მასალები ცვივა და საფრთხეა ყოველთვის, ბავშვების გამო მეშინია უფრო… სულ ვიძახი, იმ მხარეს ნუ გადიხართ სათამაშოდ-მეთქი. გუშინწინ, ძლიერი ქარი როცა იყო, მეზობლის მანქანას დაეცა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელი,“ – გვიყვება შინდისის გმირების სკვერთან ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები ნაირა დუმბაძე.

ავტომანქანაზე სამშენებლო მასალის დაცემის ფაქტს ავტომანქანის მესაკუთრეც ადასტურებს. მისი თქმით, კომპანიასთან მორიგება შედგა, ზარალი აუნაზღაურეს, პრეტენზია არ აქვს და კომენტარის სახით ვერაფერს გვეტყვის.

სამშენებლო მასალების ცვენის ფაქტს უარყოფენ კომპანია „Bala House“-ში. ეს კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს შინდისის სკვერთან. აქ გვითხრეს, რომ მოსახლეობას მათთვის სამშენებლო მასალების ცვენის პრობლემით არ მიუმართავს.

კომპანიის იურისტს, ნათია გოგიჩაიშვილს ასევე ვკითხეთ, რატომ არ აქვს კომპანიას სამშენებლო ბადე, რაც უსაფრთხოების ერთ-ერთი პირობაა.

„მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადზე მუშაობა… ამიტომაც ამ ეტაპზე ბადე გამოყენებული არ არის,“ – გვიპასუხა ნათია გოგიჩაიშვილმა.

„ჩვენ ეს კომპანია დაახლოებით ერთი თვის წინ გავაფრთხილეთ. ძირითად სართულებზე კედლები უკვე ამოყვანილია, მაგრამ ბოლო სართული ჯერ კიდევ ღიაა. სავარაუდოდ ხვალ შევისწავლით ამ საქმეს და შესაძლოა, ეს კომპანია დაჯარიმდეს,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის სამშენებლო და საპროექტო განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მშენებლობიდან ნივთები სახიფათოდ ცვივა. ასევე იშვიათად იპოვით ბათუმში მშენებლობას, სადაც სამშენებლო ბადეებს იყენებენ. მშენებლობის სტანდარტებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსხური აკონტროლებს.

გამომგონებელი ბავშვები

ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში  STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ.

STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც სკოლა „პროგრესში“ გვეუბნებიან, სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება, რადგან ეს აჩვევს ბავშვებს ოთხ საგანზე ინტეგრირებულად ფიქრს, „აქ შეძენილი უნარ-ჩვევებით ბავშვები მუშაობენ პროექტებზე“, – გვეუბნება პედაგოგი.

STEM აკადემიის მოსწავლეები

ბექა ბერიძე STEM აკადემიის ერთ-ერთი მოსწავლეა, ის ამწეს აკეთებს. როგორც ბექა გვეუბნება, მისი გამოგონების ინოვაციურობა ის არის, რომ ამწე მუშაობს წყალზე.

„ამწეს შეუძლია აიღოს სხვადასხვა ნივთი, მის შესაქმნელად ვიყენებთ შპრიცებს, ჯოხებსა და წყალს. წყალი შპრიცების მეშვეობით მოძრაობს და აიძულებს ამწეს, რომ იმოძრაოს. მილებში სხვადასხვა ფერის წყალია ჩასხმული და ამის მიხედვით ვარკვევთ, თუ რომელი მილით რომელი მოქმედება უნდა შეასრულოს ამწემ“, – გვეუბნება ბექა.

 

გენკა შუბითიძე და ბექა ბერიძე

ლევან მელაძისა და ანრი მამულაძის გამოგონებას „ჭკვიანი სახლი“ ჰქვია. მათ გააკეთეს ვიდეოთვალი, რომელიც პერიმეტრს აკონტროლებს და მათი აზრით, დღეს არსებული ვიდეოთვალებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო სენსიტიურია და საფრთხის შემთხვევაში სახლის ან სხვა ობიექტის მეპატრონესთან ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის.

ბექა ვანაძე თანაგუნდელებთან ერთად მზის ენერგიის მიმღებ მოწყობილობაზე მუშაობს

„ვიდეოთვალი მოძრაობს და თუკი რაიმე უცხო სხეული ჩამოეფარება, უშვებს ელექტრონულ ხმოვან ტალღებს და ნათურა წითლად ინთება. სმს შეტყობინების აპლიკაციაზე ვმუშაობთ და რამდენიმე თვეში ამასაც დავასრულებთ“, – გვეუბნება ლევან მელაძე.

ანრი მამულაძე ამბობს, რომ სამომავლოდ სურს შექმნან ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომანქანის ავარიაში მოხვედრის რისკს შეამცირებს.

„გვინდა შევქმნათ მექანიზმი, რომელიც ბარიერის დანახვაზე სწრაფად რეაგირებს და იწვევს ავტომანქანის გაჩერებას“.

ბექა ვანაძე მზის ენერგიის მიმღებ სისტემაზე მუშაობს. „ამ მოწყობილობას შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას ელექტრონულ ენერგიად. როგორც ვიცით, ნავთობი და ქვანახშირი მილევადი ენერგორესურსებია და გვჭირდება ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც.

მზე 5 მილიარდი წელია რაც არსებობს და კიდევ ამდენი წელი იარსებებს, ამიტომ სინათლის ენერგია უნდა გარდავქმნათ ელექტროენერგიად“, – გვეუბნება ბექა.

STEM აკადემიის მოსწავლეები

ბექას აზრით, ეს გამოგონება ძალიან პრაქტიკულია და მისი  დანერგვა ნებისმიერ ოჯახს შეუძლია.

„2-3 გაკვეთილი დასჭირდა ამის დამზადებას. გარდა ამისა, მიყვარს კომპიუტერული თამაშები და ამაზეც მინდა, რომ ვიმუშაო. კალკულატორის გაკეთება მაქვს დაწყებული“, – ამბობს ბექა.

ანა შელია და მისი მეგობრები კი little bit პროგრამის მეშვეობით სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშს ქმნიან. „ამ პროგრამას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და ვცდილობთ, მისი დახმარებით განსხვავებული თამაშები ავაწყოთ“, – გვეუბნება ანა.

ანა შელია და მისი მეგობრები კომპიუტერული თამაშების შექმნაზე მუშაობენ

რამდენიმე დღის წინ სკოლამ ინოვაციების ფესტივალს უმასპინძლა, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან STEM აკადემიის მოზარდებს თავიანთი ინოვაციური პროექტები ჰქონდათ წარმოდგენილი. გამოფენაში ბათუმის სტემ აკადემიის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, თუმცა საკონკურსო ნამუშევრების წარდგენას მომავალ წელს აპირებენ.

„წელს მხოლოდ დათვალიერებაში მივიღეთ მონაწილეობა, მომავალ წელს კი გვინდა კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვებაც“, – ამბობენ ბავშვები.

შუახევში ვეტერინარულ კლინიკას ააშენებენ

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55 131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა.

კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი.

ვეტერინარული კლინიკა ერთსართულიანი შენობა იქნება, ზომებით გეგმაში 12.2X8 მ. სართულის სიმაღლე 3მ. კონსტრუქციული სისტემა კარკასული ლითონის კონსტრუქციებსა და პროფილებზე. შიდა და გარე კედლები მოეწყობა სამშენებლო ბლოკებით.

რენდერი / შუახევის ვეტერინარული კლინიკა [მარცხნივ] და ჩითილების სარეალიზაციო შენობა [მარჯვნივ]
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მაისს დაიწყება და 20 მაისს შეწყდება. კლინიკის მშენებლობა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ვეტერინარული კლინიკა ქობულეთში 2017 წელს გაიხსნა, ხულოში კი – 2018 წელს.

ხალხს უკეთ რომ შეატყობინოს განათლების რეფორმის შესახებ, სამინისტრო 254 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კუთხით „მედიით კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ამხელა მასშტაბის ინფორმაციის მიწოდებისათვის“, ამიტომ, ვინაიდან „ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მარკეტინგული/საკომუნიკაციო კამპანია და ამით, გარანტირებული იყოს ყველა სამიზნე ჯგუფისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის შესახებ“.

ამ კამპანიისთვის კი, სამინისტრო 254 ათას 162 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

„მიმდინარე პერიოდში რეფორმის ყველა მიმართულების განხორციელების ხედვა ჩამოყალიბებულია და ამ ეტაპისთვის რეფორმის უწყვეტად და შეუფერხებლად დაგეგმვა-განხორციელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის წარმართვა 2018-2019 წლის სასწავლო პროცესის დასრულებამდე“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სისტემას ჰყავს ძალიან დიდი და მასშტაბური სამიზნე აუდიტორია – მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სტუდენტები, ლექტორები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეცნიერები და ა.შ. სამინისტრო კი, კვლევების საშუალებით ამოწმებს მათი ინფორმირებულობის დონეს:

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ განათლების რეფორმა მოიცავს მხოლოდ „გამოცდების გაუქმებას“, მასწავლებლებს არ აქვთ ინფორმაცია მათ მიერ ჩასაბარებელი გამოცდების შესახებ, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უცნობია, რომ გამოცდები რეფორმირდა და არა მთლიანად გაუქმდა, რომ მათ მოუწევთ სხვადასხვა საფეხურზე გამოცდების ჩაბარება და ა.შ.“

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმებულია ხელშეკრულება შპს „ეისითი“-სთან [ღირებულება 345 033 ლარი] განათლების სისტემის ერთიანი კომპლექსური რეფორმის ფარგლებში კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურებისთვის, „რომლითაც სამინისტრო ეტაპობრივად იღებს რეფორმისადმი საზოგადოების განწყობისა და მისი ინფორმირებულობის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე კვლევის შედეგების პირველადი მონაცემები სამინისტროსთვის ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 7 მაისს [მიღება-ჩაბარების აქტით ამ კონკრეტული კვლევისთვის გადახდილია 38 337 ლარი], რამაც გავლენა იქონია საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა/განხორციელების პროცესზე და დაგვაყენა მითითებული მომსახურების შეზღუდულ ვადებში შესყიდვის საჭიროების წინაშე“.

„მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადაში მოხდეს შესყიდვა გამარტივებული წესით, რომელიც, თავის მხრივ, კომპლექსურ შესყიდვას წარმოადგენს და ცალკეულ კომპონენტებად ტენდერის საშუალებით და არა ერთიანად მისი შესყიდვის განხორციელება, ჩაშლის საფრთხის ქვეშ დააყენებს პროექტის მიმდინარეობას,“ – მიიჩნევენ სამინისტროში.

საკომუნიკაციო კამპანიის მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

[checklist]

  • რეფორმის დოკუმენტის ანალიზი; შეხვედრები/ინტერვიუები რეფორმის ავტორებთან; საკომუნიკაციო ტონალობის განსაზღვრა;
  • კამპანიის კრეატიული კონცეფცია და არხებში განშლა (მაგალითად, სოცმედიაგვერდის ნიმუში და რამდენიმე პოსტის მაგალითი);
  • ვიზუალური სტილი (ფერები და layout-ი); საკომუნიკაციო გეგმა (ეტაპები);
  • ვიდეორგოლების (2) სცენარები; ვიდეორგოლების (2) დამზადება.

[/checklist]

საკომუნიკაციო კამპანიის მომსახურების გაწევის ვადა, სამინისტროს გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან, სავარაუდოდ, 3 თვე იქნება.

სამინისტროს განაცხადი შესყიდვების სააგენტოში განხილვის პროცესშია. განხილვის საბოლოო თარიღი კი 2019 წლის 15 მაისია.

რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს – რვა კაცი და რვა ქალი. საუბარი, კომუნიკაცია და ფრონტის ამბების გახსენება მათგან მხოლოდ ექვსს შეუძლია. „ბათუმელები“ ხუთ მათგანს შეხვდა. ბათუმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 90 – წელს გადაცილებულია. 9 მაისს ისინი ომში გაწვევის, გერმანელებთან შეტაკებებისა და შინ დაბრუნების ამბებს იხსენებენ.

„кавказская дикарка”- 98 წლის ვეტერანი გოგოლა კარანაძე

98 წლის გოგოლა კარანაძე დღემდე, ყოველ ახალ წელს, ღამის 12 საათზე თავად ისვრის თოფს სახლიდან. ფრონტზე რადიოტელეგრაფისტისა და მზვერავის მოვალეობას ასრულებდა. ომში кавказская дикарка-ს ეძახდნენ – ბრძოლის ველზე გრძელი, შავი თმით წავიდა და ომი ისე დასრულდა, არც შეუკრეჭია.

„რადიოში სტალინის ხმა გაისმა: დებო და ძმებო, კომკავშირელებო, ომი დაიწყო და დაგვეხმარეთ, ამოგვიდექით გვერდითო – ამბობდა. ამის გამგონეს მე რა გამაჩერებდა სახლში. პატივცემულო, ომში მივდივარ მე-მეთქი, დირექტორს ვუთხარი მეათეკლასელმა. რას ამბობ გოგო, რა დროს შენი ომიაო – მიპასუხა. წითელარმიელებს წყალს ხომ მაინც მივაწვდი-მეთქი ვთქვი და აზრი არ შემიცვლია.

სად წახვალ შვილოო – იყვირა დედაჩემმაც, კომკავშირელი ვარ და აბა რა უნდა ვქნა-მეთქი, არ ვეპუებოდი. გამოგიგზავნი სამკუთხედ ბარათებს და ვიქნებით ასე. თუ აღარ მოვა წერილი, ალბათ მკვდარი ვიქნები-მეთქი“, – იხსენებს გოგოლა კარანაძე.

კავკასიასა და უკრაინის მესამე ფრონტზე იბრძოდა. 1945 წელს დრეზდენის ახალგახსნილ მეორე ფრონტს შეუერთდა.

ხარკოვში რადიოტელეგრაფისტის სამთვიანი კურსი გაიარა, რის შემდეგაც ფრონტზე წაიყვანეს.

„მივდიოდით, მივდიოდით, კაცმა არ იცის სად. აბა, ეშელონი დაცალეთ, გვბომბავენო! გვითხრეს გზაში. გადავედით მატარებლიდან ზურგჩანთებით. საბრძოლო აღჭურვილობით, ღამე იყო, ტყეში ვიმალებოდით, ყინავდა, ფეხი გვისრიალებდა. გათენდა და დავინახე: ტყე სავსე იყო მკვდრებით. ახალგაზრდა ბიჭებით. გული მისტიროდა. მაშინ ვიფიქრე, რომ სანამ ცოცხალი ვიქნებოდი, მტერს სამშობლოს არ დავანებებდი, სიცოცხლეს შევწირავდი.

ჩემი საქმე ომში რადიომიმღებით და ბინოკლით დგომა იყო. მტრის თვალთვალი, რომ არ შემოგვპარვოდნენ. დედა! რას ვხედავ! გავიხედე და მოფრინავს გერმანული მზვერავი სამხედრო ვერტმფრენი. აბა, ატყდებოდა სროლა, თუ ჩამოაგდებდნენ ხომ კარგი, თუ არა და, გააქცევდნენ მაინც. ვინ უყურებდა წვიმას, თოვლს, ყინვას. ოღონდ ჯარი გადაგვერჩინა. ვიმალებოდით სანგრებში, მიწისქვეშა ორმოებში. სამი ბატალიონი გადავარჩინე სიკვდილს“, – იხსენებს ომის ვეტერანი.

გოგოლა კარანაძე ომს ტრავმის გარეშე ვერ გადაურჩა. თვალში დაჭრეს და დრეზდენის საგზაო ჰოსპიტალში იწვა ერთი თვე. მის საბრძოლო დანაყოფში ხუთი მზვერავი და რადიოტელეგრაფისტი ქალი იყო.   

   

ვასილი ტოტსკი – გერმანელებისგან გაქცეული ტყვე

94 წლის ვასილ ტოტსკიმ 16 წლის ასაკში დააღწია თავი გერმანელების ტყვეობას. როცა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელებმა უკრაინა დაიკავეს, ახალგაზრდები მასობრივად მიჰყავდათ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად. ვასილიც ამ ახალგაზრდებს შორის იყო.

„ზაპოროჟიას ოლქში ვცხოვრობდი, აავსეს გერმანელებმა ორი ვაგონი ახალგაზრდა, ტყვე უკრაინელებით და ღამის ორ საათზე ზაპოროჟიიდან გერმანიის გზას გაგვიყენეს. დედამ და დამ გახუხული პური და მოხარშული ქათამი გამატანა – გზაში რაღაც ხომ უნდა ჭამოო. მიმქონდა ზურგჩანთით. ვაგონებს ორი შეიარაღებული გერმანელი მეთვალყურეობდა, ვაგონი გზადაგზა ჩერდებოდა, ტუალეტში ჩავიდოდით. მოვწევდით და გზას ვაგრძელებდით. გადავლახეთ დნეპრი, გავიარეთ დნეპროპეტროვსკი და ერთგან, როცა გავჩერდით, კაცი შეგვხვდა, წყლით სავსე ვედროებს ეზიდებოდა: სად მიდიხართ, გაიქეცით გერმანელებისგან სანამ დროა, წითელარმიელები მალე კიევსაც დაიბრუნებენ და სანამ ჩვენს ტერიტორიაზე ხართ გაიქეცით, იქ კარგი ამბისთვის არ მიყავხართ, ყველას ამოგხოცავენ, გერმანიაში დაგხვრეტენო. რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა.

მორიგ ადგილას გაჩერდა ვაგონი. ჩამოვედით, მოვწიეთ, საპირფარეშოში შევედით რამდენიმე ბიჭი ერთად, უკანვე გავიდა რამდენიმე რიგრიგობით. მე და ჩემი მეგობარიც შევედით და ვიცდით. აღარ გამოვდივართ. გავიტრუნეთ. მალე ვაგონის დაძვრის ხმა გაისმა, ბორბლების ხმა ახლაც ჩამესმის ყურში, რომელიც ნელ-ნელა გვშორდებოდა და მივხვდით – გადავრჩით, ვაგონი უჩვენოდ წავიდა, ვერ შეგვნიშნეს!“- იხსენებს ვასილ ტოტსკი 78 წლის წინანდელ ამბავს.

გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია და წითელ არმიაში ჩაეწერა. ომზე საუბარს თავს არიდებს, ურჩევნია ომისშემდგომ ამბებზე ილაპარაკოს, ამბავზე, თუ როგორ მოხვდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბათუმში.

1945 წელს ომის დასრულებისთანავე ბერლინიდან თბილისში მატარებლით 2500 ჯარისკაცი ჩამოვიდა, მათ შორის იყო ვასილი ტოტსკიც. თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ანაწილებდნენ ჯარისკაცებს. ვასილმა ბათუმი წამოსვლა არჩია. მეგობარმა უთხრა, რომ აქ იყო მზე, ზომიერი ჰავა, თითქმის არასდროს ყინავდა, და პალმას ქოქოსი ესხა, იყო ბანანის ხეებიც.

„ეს რომ გავიგე, არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი ბათუმში. წარმომედგინა, რომ მთელ ცხოვრებას ქოქოსის რძის სმაში გავატარებდი. თან სკოლის წლებში მახსოვდა უკრაინაში მოჰქონდათ პატარ-პატარა ტკბილი ფორთოხლები, თითო 50 კაპიკი ღირდა და ყველა ამბობდა, რომ ეს საოცარი ხილი საქართველოდან იყო ჩამოტანილი. სხვა რა მინდოდა, ვგიჟდებოდი ფორთოხალზე და პალმებზე“.

ბათუმში ჩამოსულს ზომიერი ჰავაც დახვდა, ციტრუსიც და პალმებიც, მაგრამ მითი ბათუმში ქოქოსისა და ბანანის ხეებზე ვასილს დაემსხვრა.

„კარგა ხანს მე და ჩემს მეგობარს გვეგონა, რომ ბათუმში საოცარი რამ: უტკბესი პომიდორი აღმოვაჩინეთ, მაგრამ მერე აგვიხსნეს, რომ ეს ხილი იყო და ხურმა ერქვა“, – იხსენებს 94 წლის ომის ვეტერანი და კომუნიზმის იდეაზე იწყებს საუბარს.

„კომუნიზმი ეს იყო ზღაპარი დიდებისთვის. ყველას თანასწორობის იდეა – უტოპია. თქვენ ეს კაბა გაცვიათ, მაგალითად, სამსახურში, ვიღაც კი თხრილების წმენდაზე მუშაობს და აცვია ტალახიანი შარვალი, ხელებზე მაზოლები აქვს შრომისგან, რომ იარსებოს. როგორ ვიქნებით ყველანი მსგავსები და თანასწორები? შეუძლებელია. თუმცა ადამიანებს სჭირდებათ ზღაპრები, სჭირდებათ იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ არის იმედი, სიცოცხლე გრძელდება. ჩემი ცოლი მოკვდა, სასაფლაოზე წევს, მის გვერდით დამასაფლავებენ, მეუბნებიან, რომ იქ მე მას შევხვდები, არადა, ხომ ვიცი – ვერაფერსაც ვერ შევხვდები. ასეა კომუნიზმიც: უნდა გეშრომა, გეშრომა თავდაუზოგავად, სტახანოვურად, გქონოდა იმედი, რომ საერთო სიკეთისთვის აკეთებ ყველაფერს, რომ მომავალს შენ აშენებ“, – ყვება მეორე მსოფლიო ომის 94 წლის ვეტერანი.

„ყველაზე მძაფრად ომიდან თანამებრძოლები მახსოვს, ჩემს თვალწინ რომ ეცემოდნენ ფრონტზე

ევგენი დუნდუა 93 წლისაა, მისი მამა 37 წლისა დაიღუპა სევასტოპოლთან ბრძოლაში და უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. როგორც ევგენი ჰყვება, გერმანელებისთვის მამის სიკვდილის გამო სამაგიეროს გადახდა სურდა და 14 წლისამ ასაკი მოიმატა, ფრონტზე რომ გაეგზავნათ. იბრძოდა ტუაფსესა და ტაივანის კუნძულებზე.

„ყველაზე მძაფრად რა უნდა მახსოვდეს ომიდან? რა თქმა უნდა, მოკლული თანამებრძოლები, ჩემს თვალწინ რომ ეცემოდნენ. 4 თვე გავატარე ფრონტზე, მეზარბაზნე ვიყავი. ორივე მკლავში დავიჭერი, დიდხანს ხელები პარალიზებული მქონდა. ახლაც მაქვს შრამები. სამხედრო ჰოსპიტალში ვიწექი დიდხანს და შინ, ბათუმში გამომისტუმრეს. ბრძოლას ვეღარ გავაგრძელებდი. როცა ომი დამთავრდა, გამოვჯანმრთელდი და ხელები ამიმუშავდა, მეზღვაური გავხდი – ცურვა დავიწყე. ხელებში რომ არ დავჭრილიყავი, ალბათ მეც დავიღუპებოდი სხვებივით“, – ამბობს ომის ვეტერანი.

ევგენი დუნდუას მეუღლე უკრაინიდანაა, მათი შვილი, ნატა დუნდუა უკრაინელი ბებიას მონათხრობს იხსენებს:

„ბებიას არ უყვარდა ომზე ლაპარაკი, ამ თემაზე სულ დუმდა. ერთხელ წამოსცდა, ომზე რაღაც და გაგვიკვირდა, მერე იხსენებდა ხოლმე ომის დაწყებას უკრაინაში. ტომატის საყიდლად წავიდა მაღაზიაში და სამლიტრიანი ქილით ბრუნდებოდა შინ, როცა სროლა ატყდა ყველა მხრიდან, „ომი დაიწყოო“ ვიღაც ქალს უყვირია და ბებიას ქილა ხელიდან დავარდნია, შინისკენ გაქცეულა, მის ირგვლივ დახოცილი ხალხი ცვიოდა. რამ გადამარჩინა, არ ვიციო – ჰყვებოდა. ბაბუაჩემს ხრიკი მოუფიქრებია, მაშინ უკრაინაში ტიფი როცა ემართებოდათ, სახლის კარებზე აწერდნენ დიდი ასოებით თურმე, რომ ოჯახში ტიფიანია. ბაბუასაც ასე მიუწერია კარზე. გერმანელებს ამ ავადმყოფობის თურმე ძალიან ეშინოდათ და ტიფიანების სახლებს არ ეკარებოდნენ. ასე გადაურჩა ბებია სიკვდილს“, – იხსენებს ნატა.

არნახული სილამაზე იყო, მტვრის ბუღში გახვეული, განათებული ბრძოლის ველი და სიხარულის ყიჟინა

„ფრონტზე საკუთარ სიკვდილზე არ ფიქრობ. მთავარია, რაც გევალება შეასრულო, ამხანაგი რომ მოგიკვდება, იმ ღამეს არ დაგეძინება, შენ მიდიხარ წინ და ტოვებ მეგობარს, რომელსაც არ იცი რომელი მხეცი შეჭამს მოყინულს, ტყეში“, – ამბობს 94 წლის სერგო ტაბაღუა.

„ბერლინთან ახლოს ვიბრძოდით, მთელი ფრონტი განათებული იყო, 75-ჯერ გავისროლე ზარბაზნიდან, თვითმფრინავების შტურმი დაიწყო. ყვავ-ყორნების ომს ჰგავდა. რაც კი გერმანიას მოწინავე თვითმფრინავები ჰყავდა, ყველა აქ იყო.

მზვერავი ვარ, ვისთვის მესროლა ვეღარ ვარჩევდი. რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავების ერთი წყება ჩამოვარდებოდა, მეორე წყება მოფრინდებოდა.

ჩვენი ფეხოსანთა რაზმი მიდიოდა, გერმანელების ერთი პოზიცია მოთელა წინა ხაზმა, მერე მეორე, მესამე… „ურააა“ ყვიროდნენ წითელარმიელები, იცით ეს რა იყო? არნახული სილამაზე. მტვრის ბუღში გახვეული, განათებული ბრძოლის ველი და სიხარულის ყიჟინა.

„ვაი, ვაი…“ მომესმა ამ დროს. ჩემს პოლკში ქართველი არ ყოფილა. მივატოვე ზარბაზანი და გავიხედე. სისხლში ცურავდა. სიცოცხლისკენ აღარ იყო. მისი ჯიბისკენ წავიღე ხელი. როცა ჯარისკაცი კვდება, მეორე ჯარისკაცი ვალდებულია ჯიბიდან პატარა, წყალგაუმტარი კაფსულა ამოუღოს, სადაც მისი მისამართი და ვინაობა წერია. დღესაც ვნანობ, რატომ წავიღე ხელი მომაკვდავის ჯიბისკენ. ვკვდები, ხომ? – როგორც კი ჯიბეს შევეხე მიხვდა, რომ კვდებოდა. იმ მომენტიდან გადავწყვიტე მთელი ცხოვრება ომის ამბებისთვის მიმეძღვნა, ასეთი ამბებისთვის. 31 წიგნი მაქვს გამოცემული – ყველა ომზეა“, – გვიყვება სერგო ტაბაღუა. ომის საშინელებების ნახვის შემდეგ მან უარი თქვა სამხედრო კარიერაზე და წიგნების წერა, სტუდენტებისთვის ლექციების კითხვა არჩია.

ფრონტზე 16 წლისა წავიდა. წინა დღით სახლში ვახშამი მოუწყეს. მეზობელმა შაშიკო ჯოჯუამ თბილი შალის წინდები ერთ ღამეში მოუქსოვა ომში წასაღებად. სერგომ კი, როცა პოლონეთში შევიდა წითელი არმია, შაშიკოს მადლიერების ნიშნად იქაური საკაბე ჩამოუტანა.

„400 კილომეტრი რუმინეთამდე გადავიარეთ ფეხით აგვისტოში. შიმშილი… სიცხე… სად ვეყარეთ, ჩვენც არ ვიცოდით

ქეთევან ლორია ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ფრონტზე 16 წლისა წავიდა, შინ მხოლოდ დედა და უმცროსი და დარჩა, მაგრამ ომიდან მის დაბრუნებას სამტრედიის სოფელ ნიგორზღვაში მთელი სოფელი ელოდა.

„მახსოვს, 400 კილომეტრი რუმინეთამდე გადავიარეთ ფეხით აგვისტოში. რა არ გამოვიარეთ ამ გზაზე. შიმშილი… სიცხე… სად ვეყარეთ, ჩვენც არ ვიცოდით. ერთხელ სადღაც მინდორზე აღმოვჩნდით. წამოვწექი და რაღაც დამეცა სახეზე, ყურძნის მარცვლები იყო. დავკრიფეთ მტვრიანი ყურძენი და ვჭამეთ. კითხვა მიყვარდა ძალიან, მაგრამ ვის ეცალა ომში ამისთვის. ომი რომ დამთავრდა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მერე  56 წელი ვიმუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მეჯინისწყლის რვაწლიან სკოლაში.

სანამ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, დედაჩემმა კინაღამ მომკლა, სად გვაქვს სწავლის ფულიო. ობლად გამზარდა, გათოშილი ხელებით. არაფრის საშუალება ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ დავიჟინე და მაინც ვისწავლე.

ათეისტობიდან თეოლოგობამდე მივედი. ყოველდღე ვლოცულობ. ღმერთის იმედი მაქვს“, – ამბობს ქეთევან ლორია.

ავტორები: თამარ ნერგაძე, ია ფრანგიშვილი.

“უკვდავი პოლკი” ბათუმში გეორგიევსკის ლენტების გარეშე

“უკვდავი პოლკის” აქციაზე შეკრებილები ბათუმში უკვე დაიშალნენ. მათ წელს გეორგიევსკის ლენტები და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სხვა სიმბოლოები არ გამოუყენებიათ.

“გაგვაფრთხილეს და ამიტომ არ გამოვიყენეთ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური მოძრაობა,”- გვითხრა ლიკა ზახაროვამ, ეროვნული კონგრესის და უკვდავი პოლკის ორგანიზატორმა. მას და პოლკის სხვა მხარდამჭერებს გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას ბიუსტთან და 9 აპრილის მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. კონტრაქცია გმირთა ხეივანში „ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა გამართეს. მხარეებს შორის პოლიციელები ჩადგნენ. „უკვდავი პოლკის“ წევრები მალე და მსვლელობით ხეივნის შესასვლელისკენ გაბრუნდნენ.

„რა შუაშია აქ პოლიტიკა… მე მოვედი იმისთვის, რომ წინაპრები გავიხსენო. ჩემი ბაბუა ომში დაიღუპა,“ – აღნიშნა დარეჯან დიასამიძემ. მას, აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, „უკვდავი პოლკის“ შესახებ ვკითხეთ. შეკრებილებმა გვიპასუხეს, რომ „რუსეთი და პუტინი არაფერ შუაშია“.

„არ ვიცი, რატომ დაგვიპირისპირდნენ ასე, ეს მათ ჰკითხეთ… ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ორივესთან შესაძლებელია მეგობრობა, რუსეთთან და ევროპასთანაც,“ – განაცხადა თალიკო გაბეჩავამ.

უკვდავი პოლკი” არ ცნობს საქართველოს საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ საზღვრებს და სუვერენიტეტს. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული. „უკვდავ პოლკს“ პრორუსული ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ. აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ალექსანდრე მიკირტიჩიანმა გვითხრა, რომ პოლკის შესახებ მას აქამდე არ სმენია.

„მოვედი წინაპრების გასახსენებლად… ევროპა არის საქართველოს გამოსავალი. მე ვიცი, რომ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს ეს პოლკი და ყველგან აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს,“ – აღნიშნა ალექსანდრე მიკირტიჩიანმა. ის ბათუმში ცხოვრობს.

ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე ბათუმის მერიამ და აჭარის მთავრობამ ანატოლი კაჭარავას საფლავთან მიულოცეს, თუმცა ამ ღონისძიებას მხოლოდ ერთი ვეტერანი დაესწრო.

 

საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე მაშველებად შეძლებენ მუშაობას

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდებიან. ამის შესახებ შეთანხმებას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დღეს მოაწერეს ხელი.

სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს, პირველად, აკადემიის სტუდენტ გოგოებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელშეკრულებით დასაქმდნენ წყალზე მაშველის პოზიციაზე. თანამშრომლობის შესაძლებლობა მათ მომავალ წლებშიც ექნებათ.

2018 წელს სანაპირო ზოლში 200 მაშველი მუშაობდა. გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი თოიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ მსურველების მიუხედავად, მათ ქალი მაშველების დასაქმებისგან თავი შეიკავეს – „წელს თავი შევიკავეთ ქალების დასაქმებაზე, რადგან გამოცდილება და დატრენინგება სჭირდებათ.“

 

 

„მოშორდით ცხრა აპრილის მემორიალს” – ,,უკვდავი პოლკის” კონტრაქცია ბათუმში

პუტინის მარშად წოდებული „უკვდავი პოლკის” აქციის პარალელურად დღეს ბათუმში, გმირთა ხეივანში, კონტრაქციაც გაიმართა. „თქვენ ხართ რუსეთის აგენტები, მოშორდით ცხრა აპრილის მემორიალს!” – ისმოდა აქციაზე რამდენიმე წუთის წინ კონტრაქციის მხრიდან „უკვდავი პოლკის” აქციის მონაწილეების მიმართულებით. ორ საპირისპირო აქციას შორის პოლიციის კორდონია მობილიზებული.

ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ბონდო თედორაძე, კონტრაქციის მონაწილე: ,,ჩვენს უახლეს ისტორიაში არ გასულა ათწლეული, რუსეთს ომი არ ეწარმოებინოს. 90-იან წლებში სწორედ პროვოკაციების გზებით დაიკავა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები. გასაგებია, რომ სამამულო ომში გამარჯვებას ზეიმობენ ვეტერანები და მათ ამის უფლება აქვთ, თუმცა მათ უნდა დაიცვან საქართველოში მოქმედი კანონი, რომ აქ აკრძალულია საბჭოთა ოკუპაციური სიმბოლიკის გამოყენება.”

პოლიციის კორდონმა ორი საპირისპირო აქცია ერთმანეთისგან განაცალკევა. ,,უკვდავი პოლკის” აქციაზე დაახლოებით 40-მდე მონაწილეა შეკრებილი. კონტრაქციაც არ გამოირჩევა მონაწილეთა მრავალრიცხოვნობით.

აღსანიშნავია, რომ ,,უკვდავი პოლკი” არ ცნობს საქართველოს საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ საზღვრებს და სუვერენიტეტს: მათ ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული.

„უკვდავ პოლკს“ პრორუსული ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ.

9 მაისი, „უკვდავი პოლკის“ მოწინააღმდეგეების აქცია ბათუმში

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ბათუმში

ბათუმში, გმირთა ხეივანში, ამ წუთებში აქციას მართავს „უკვდავი პოლკი“. გასული წლისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეებს არც საბჭოთა სიმბოლიკა აქვთ გამოფენილი და არც გეორგიევსკის ლენტები.

„უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებს აქციაზე ძირითადად გამოფენილი აქვთ მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ფოტოსურათები. ფოტოებზე აქვთ წარწერა – „საქართველოს უკვდავი პოლკი“.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და რომ „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები ახლა ევროპაშიც აწყობენ მარშს.

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. პოლიციის კორდონის მეორე მხარეს დგანან „უკვდავი პოლკის“ აქციის მოწინააღმდეგეები. პოლიციის კორდონი ამ ჯგუფებს ერთმანეთთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს.  მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე იყო.

„უკვდავ პოლკს“ პრორუსული ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ.

აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, ამიტომ „უკვდავ პოლკსა“ და მათ მოწინააღმდეგეებს შორის პოლიციის კორდონია
„უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მონაწილეები ბათუმში

 

9 მაისი 1 ვეტერანით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა 9 მაისი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ანატოლი კაჭარავას საფლავთან მიულოცეს, თუმცა ვეტერანები შეხვედრას არ დასწრებიან. აქ მხოლოდ ერთი ვეტერანი გამოჩნდა – ვასილ ტოცკი.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეკლა ჩიჩუა ამბობს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ყველა ვეტერანს მიაწოდეს.

“როგორც გავიგე, მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ მისვლა,” – აღნიშნა თეკლა ჩიჩუამ. მისივე თქმით, მერიამ ვეტერანებს გადაადგილება ავტობუსით შესთავაზა.

ვეტერანმა ვასილ ტოცკიმ ომში გამარჯვებაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სტალინი ენატრება.

კაჭარავას საფლავი ყვავილებით მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც შეამკეს.

დღეს საღამოს მერია ომის ვეტერანებს ვახშამზე ეპატიჟება, თუმცა უცნობია, მივლენ თუ არა იქ ვეტერანები. ვეტერანთა ოჯახებს 9 მაისის აღსანიშნავად 400-400 ლარს ჩაურიცხავენ.

ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს.

9 მაისი ბათუმში

სოკარი: ბათუმისთვის გაზის მიწოდებას დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება.

„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდებას დღის 4 საათიდან ვგეგმავთ. ვფიქრობთ, დღეს, 9 მაისს, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გუშინ, მილის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება შეწყდა,“ – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე.

გაზის ცენტრალური მილსადენი რეფერალურ კლინიკასთან 8 მაისს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნიადაგის ბურღვის დროს დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ბათუმში გაზი დაახლოებით ორი დღე არ იქნება

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მლნ ლარის ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“  30,000,000 ლარისოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზემსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველიობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიცია.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაცშეძლო BB- რეიტინგის მიღება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან. საქართველოში აღნიშნულ რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანიაფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წარმატებითგანვახორციელეთ 30,000,000 ლარის მოცულობით ობლიგაციების ემისია. აღნიშნული პროექტით პირველად გავედით ღია ფინანსურ ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს „თეგეტა მოტორსი“-ს პირველი ობლიგაციები, ასევე დიდი მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსი”-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის. – აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან – „თეგეტა მოტორსთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის,“ – აღნიშნა გიორგი თხელიძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი – 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე,გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 (ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საქართველოში საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. „თეგეტა მოტორსი“, მის შვილობილებთან ერთად, წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, საპოხი მასალებით, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია კორპორაციულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას  BB- საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით.  „თეგეტა მოტორსი“ ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს.  2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური  კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ბათუმში გაზი დაახლოებით ორი დღე არ იქნება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გაზის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა. ამ დროისთვის [15:40] ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, გადაკეტილია ქუჩა.

„უსაფრთხოების მიზნით, მთელი ბათუმი მალე სრულიად გამოირთვება… გაზის მიწოდება ხვალ [დილიდან] ეტაპობრივად აღდგება, მაგრამ ორი დღე დაგვჭირდება სავარაუდოდ,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა.

ბერიშვილის თქმით, ცენტრალური მილსადენი რეფერალურ კლინიკასთან ახლოს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნიადაგის ბურღვის დროს დააზიანა.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის დირექტორი ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, უსაფრთხოების მიზნით გაზქურები გადაკეტონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფეხბურთის სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად FB-გამოკითხვას ატარებენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქგვერდზე მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად გამოკითხვა გამოაქვეყნა. სამინისტრო მომხმარებელს ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს სთავაზობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერები ქალაქის, ზღვისა და ბათუმის „დინამოს“ ლოგოს ფერების მიხედვით შეარჩიეს. სასურველი ფერის ასარჩევად მომხმარებელმა სასურველ ფოტოზე უნდა დააკლიკოს.

ამ დროის მონაცემებით 39% ცის ფერს, ხოლო 61% ლურჯს ირჩევს. თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცით რამდენმა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. გამოკითხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქგვერდზე 30 წუთის წინ დაიწყო.

 

 

ბათუმში 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონს შპს „სტადიონი“ აშენებს.  2019 წლის იანვარში კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც გულშემატკივართა სკამები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი.

ფოტოს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრები წერდნენ, რომ ახალ სტადიონზე სკამები მხოლოდ ლურჯი და თეთრი ფერის უნდა იყოს და წითელი ფერი ზედმეტია. მოგვიანებით  შპს „სტადიონის“ ოფიციალური გვერდიდან ფოტო წაშალეს, თუმცა დისკუსიამ ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ფანკლუბის გვერდზე გადაინაცვლა.

ამავე თემაზე:

ანზორ ბოლქვაძის ოჯახს სასტუმრო „ხულოდან“ შემოსავალი არ მიუღია – ქონებრივი დეკლარაცია

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში სასტუმრო „ხულო“ მხოლოდ წელს აისახა. დეკლარაციაში ანზორ ბოლქვაძე უთითებს, რომ მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე, ფლობს შპს „ფონი+“-ის 100% წილს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის სასტუმრო „ხულო“. კომპანია 2012 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა დეპუტატის დეკლარაციაში მხოლოდ წელს გვხვდება.

ანზორ ბოლქვაძის მიერ 2019 წელს შევსებული დეკლარაციის გრაფაში – „საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი (ხელზე აღებული თანხა)“ – 0 ლარია მითითებული, ანუ დეკლარაციის თანახმად, ანზორ ბოლქვაძის ოჯახს ამ სასტუმროდან შემოსავალი არ მიუღია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დეპუტატის ოჯახის სასტუმროში საოფისე ფართობი აქვს დაქირავებული ა.ა.ი.პ. ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტას საქართველოს“ (Caritas Czech Republic in Georgia). ეს ორგანიზაცია ევროკავშირის 2-მილიონიან პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ხულოში სიღარიბის შემცირებაა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორგანიზაცია სასტუმროს ყოველთვიურად 1500 ევროს ეკვივალენტ ლარს უხდის. „ENPARD ხულოს“ პროექტის მენეჯერი გიორგი მურვანიძე ინფორმაციას თანხის რაოდენობის შესახებ არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შპს „ფონი+“-სთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და თანხასაც ნამდვილად უხდიან.

გიორგი მურვანიძეს ასევე ვკითხეთ, ხულოს მოსახლეობის სიღარიბის შემცირების პროექტის ფარგლებში მაინც და მაინც  დეპუტატის სასტუმროში რატომ იქირავა ოფისი, მაშინ როდესაც დაბაში სხვა სასტუმროებიც არის. თავდაპირველად გიორგი მურვანიძემ გვითხრა, რომ ეს სასტუმრო არ ეკუთვნის დეპუტატს, მას კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე არ გამოუკვლევიათ, თუ ვის ეკუთვნის სასტუმრო. გიორგი მურვანიძემ ასევე დაადასტურა, რომ არაერთხელ შეხვედრია ამ სასტუმროში თავად ანზორ ბოლქვაძეს.

გიორგი მურვანიძე ამბობს, რომ ეს სასტუმრო ორი ნიშნით აარჩია: „იყო საუკეთესო შემოთავაზება კომფორტის და ფასის მიხედვით“.

რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს ნომრის ფასებს – აქ ერთი ღამის გათევა 60, 80 ლარად არის შესაძლებელი.

ანზორ ბოლქვაძე თერთმეტი წელია დეპუტატია. იგი საქართველოს პარლამენტის წევრია 2008 წლიდან დღემდე. 2008-2012 წლებში იგი საარჩევნო ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და „ოცნების“ დეპუტატი გახდა.

წუხელ ანზორ ბოლქვაძემ თავისი სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევება სცადა. იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ენმ-ის წევრს აძევებს [ვიდეო]

 

კურორტ გოდერძიზე ახალი წყალსადენი უნდა აშენდეს – Goderdzi Resorts-ი სავარაუდო ფასს ადგენს

„კურორტ გოდერძის სრული განაშენიანების შემდეგ არსებული წყლის მარაგი საკმარისი აღარ იქნება, ამიტომ დამატებით საჭიროა აშენდეს ახალი წყალსადენის მაგისტრალი და სამარაგო რეზერვუარი ორი 500 კუბური მეტრი ტევადობით, საქლორატოროებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმით,“ – აცხადებს შპს Goderdzi Resorts-ი. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. კომპანია კურორტის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტის [ზანკა] წყალსადენის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სავარაუდო ფასის დასადგენად Goderdzi Resorts-ი ბაზარს იკვლევს. შეთავაზებებს, წერილობითი სახით, კომპანია 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით მიიღებს.

სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ კომპანია წყალსადენის სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის, შემდეგ კი – ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე გამოაცხადებს ტენდერს.

კომპანიის განაცხადის მიხედვით, „კურორტ გოდერძის წყალმომარაგება ხორციელდება თვითდინებით კურორტის ზემოთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მარაგებიდან. არსებული წყალსადენის შემადგენლობაშია სათავე ნაგებობები, მაგისტრალი და ერთი ხუთასი კუბური მეტრი მოცულობის რკინაბეტონის რეზერვუარი. აღნიშნული წყალსადენის ქსელი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს… წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობისთვის საწყის ეტაპზე უნდა განხორციელდეს არსებული წყლის საბადოების მარაგების და ვარგისიანობის [ლაბორატორიული კვლევა] შესწავლა-დადგენა“.

კურორტ გოდერძიზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა კი, მარაგების საჭირო რაოდენობისა და წყლის ლაბორატორიული კვლევების დადებითი დასკვნების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს.

ბათუმის მერიის თანამშრომელი ხულოს ინციდენტზე: სასტუმროში წყალი არ იყო

ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია ამბობს, რომ ხულოში პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში  სტუმრის სიცოცხლეს  საფრთხე ემურებოდა, რადგან სასტუმროში წყალი არ იყო. მისივე განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სასტუმროს მფლობელი, ვალდებული იყო პრევენციული ზომები გაეტარებინა, რომ დაეცვა სტუმარი საფრთხისგან.

დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ 7 მაისს ენმ-ის აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს სასტუმროს დატოვება მოსთხოვა. ამ პროცესში ჩაერთო ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაშია და „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. თემურ ხასია ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის თანამშრომელია.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ თემურ ხასია, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოუწოდებდა სტუმარს სასტუმრო  დაეტოვებინა, ვიდრე სტუმარმა მისი ნომრის დატოვება კატეგორიულად არ მოითხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებდა.

რატომ და როგორ ჩაერთო  თემურ ხასია ამ პროცესში, ჰქონდა თუ არა ამის უფლებამოსილება? მან „ბათუმელების“ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

  • როგორ მოხვდით ამ სასტუმროში, შემდეგ  სტუმრის ნომერში და რა უფლებამოსილება გქონდათ, როცა ითხოვდით, რომ მას დაეტოვებინა ნომერი?

ჩემგან მოთხოვნა არ ყოფილა, იყო თხოვნა.

  • თქვენ მას რამდენჯერმე გაუმეორეთ, რომ უნდა დატოვოს სასტუმრო და უსაფრთხოებაც ახსენეთ. რა ინფომაცია გქონდათ, რა საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა სტუმარს?

რა თქმა უნდა, მქონდა და არ ვსაუბრობდი ფანტაზიის ნაწილის მეშვეობით. იქ პროვოკაციები ხდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩვენი ინტერესის სფერო.

  • რა პროვოკაციაზე საუბრობთ, კონკრეტულად?

იყო ასეთი პროვოკაციები, ბატონ ანზორს დაურეკეს მაგასთან დაკავშირებით. ის ინფორმირებულია. ვიდრე მე ავიდოდი იქ, რაღაც პროცესები უძღოდა ამ ყველაფერს. ჩანს კიდეც ვიდეოში, რომ ჩემს შესვლამდე იქ რაღაც პოლემიკაა და აბსოლუტურად სხვა თემაზეა საუბარი.

  • ვიდეოში ჩანს, რომ თქვენს შესვლამდე შედის ანზორ ბოლქვაძე ნომერში და სთხოვს ამ სტუმარს, რომ დატოვოს სასტუმრო.

ეს ვიდეოში ჩანს, თორემ  ამას რაღაც პროცესები ხომ უძღოდა წინ. 

  • რა პროცესები ბატონო თემურ? უნდა გვითხრათ, რომ მკითხველმა გაიგოს ამის შესახებ.

ვიდეოში ნახეთ როდის ჩავერთე მე პროცესში, მანამდე სასტუმროს ადმინისტრაციის უფროსს რომ ვკითხე, რა ხმაური და რა სიტუაცია იყო, მითხრეს, რომ სასტუმროში იყო რაღაც გაუმართავი და უნდოდათ, რომ ქალბატონი ნომრიდან გამოეყვანათ და ის არ ემორჩილებოდა არც ბატონი ანზორის თხოვნას, არც სასტუმროს მენეჯერის თხოვნა გაითვალისწინა. შესაბამისად ავედი და კონსტრუქციულად, ლამაზად, მშვიდად მოვუწოდე ამ ქალბატონს, რომ მისივე უსაფრთხოების მიზნით გამოსულიყო. მეთქი მე ვარ პასუხისმგებელი, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაგიყვანთ და არც ფულს გამოგართმევთ, ანუ დაგიბრუნდება ის გადახდილი თანხა და არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით-მეთქი. ვუთხარი, ბოდიშს გიხდი-თქო, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა იმ ქალბატონს ჩემთან. არასდროს არ მეშლება მე ქალთან როგორ უნდა ვისაუბრო. ის აფექტურ მდგომარეობაში იყო და აგრესია ჰქონდა.

  • თქვენ ბატონ ანზორთან ერთად მიხვედით სასტუმროში?

არა, ბატონი ანზორი ასული იყო იქ, მე ავედი გამომდინარე იქედან, რომ მსურდა სიტუაციის განმუხტვა. მე ქვევით ვიდექი მეგობრებთან ერთად და გავიგონე ხმა.  მომიჯნავედ სასტუმროში ვჩერდები.

  • თქვენ ხომ არ ხართ არც ამ სასტუმროს მენეჯერი და არც მისი თანამშრომელი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ უნდა ჩართულიყავით ამ პროცესის მოგვარებაში, ეს ხომ თქვენ არ გევალებოდათ? 

თქვენს მეზობელს რომ პრობლემა ჰქონდეს  და საფრთხე ექმნებოდეს, არ ჩაერეოდით თუ რა?! ბატონი ანზორი არის ჩემი უახლოესი მეგობარი და აქ ვართ ყველანი, ჩართულები ვართ პროცესში და ვინაიდან სასტუმროში პრობლემა შეიქმნა, არ შეიძლებოდა იქ სტუმრის ყოფნა, მისივე უსაფრთხოებისთვის. მე კი არა, სხვა ადამიანებიც იყვნენ და მოვუწოდებდით, აბა რა, იმიტომ, რომ ჩემი სასტუმრო არ არის და იმიტომ, რომ მე არ ვრჩები აქ, სხვისი უსაფრთხოება უმნიშვნელო გავხადოთ, თუ როგორ მესაუბრებით?!

  • მნიშვნელობა აქვს ალბათ იმას, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რამდენად შეგეძლოთ თქვენ ამის მოგვარება. თქვენ ხომ მაშველი ან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი არ ხართ. გარდა ამისა, რა მნიშვნელობის საფრთხეა წყლის არ ქონა, რომ სასტუმრო დაიცალოს, ხანძარი  ხომ არ გაჩნდა?

ხანძარი რატომ უნდა გაჩნდეს, წყლის მიწოდების  პრობლემააო, მითხრა სასტუმროს თანამშრომელმა და მისივე უსაფრთხოებისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაეყვანათ სხვაგან, რა პრობლემაა? ხომ შეიძლება შეიქმნას პრობლემა, მართლა იწვება რაღაცები. წყლის პრობლემა თუ შეიქმნა, რა ამით? ნორმალური პროცესია აბსოლუტურად. შესთავაზეს, რომ გვერდით, პარალელურ სასტუმროში გადაგიყვანთო. ამ დისკომფორტისთვის არაერთმა ადამიანმა მოუხადა ბოდიში.

  • წყლის მიწოდების შეფერხების გამო სასტუმროს ევაკუაციას არ ახდენენ ბატონო თემურ, ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვახსოვს. 

იქ გაძევება და  გამოგდება არ ყოფილა, გაიგო მფლობელმა, რომ მის სტუმარს ემუქრებოდა საფრთხე და მადლობასაც იმსახურებდა ამისთვის.

  • მხოლოდ ეს იყო მიზეზი, წყლის არქონა, რომ სტუმარი იყო საფრთხეში?

მე არ ვიცი, ექსპერტი არა ვარ, რომ შევაფასო, რა შედეგი დადგებოდა და  რა – არა. მე მოვისმინე ის, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნოდათ. ამისთვის გარკვეული პრევენციები უნდა გავატაროთ. ძალიან სწორად მიმაჩნია გუშინდელი ფაქტი. თვითონ ქალბატონი იყო პოლიტიკურად მოტივირებული. თვითონ საუბრობს ამაზე ვიდეოში, მე რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, ამიტომ ჩემზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გეგმავენო. პოლიტიკურ კუთვნილებას არა აქვს მნიშვნელობა, როცა ადამიანის სიცოცხლეზე და საფრთხეზეა საუბარი.

  • წყლის არ ქონის გამო სხვა პირებისგან რატომ არ დაიწყეთ ნომრების დაცლა, მაშინ როდესაც სხვებიც იყვნენ სასტუმროში?

სხვა არავინ იყო სასტუმროში, ეს იმ წუთასვე გადავამოწმე და მასაც ვუთხარი, ერთად გადავამოწმოთ-მეთქი. იქ იყო თავაზიანობა და არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. სასტუმროში ამ ქალბატონისა და მისი თანხმლების გარდა არავინ არ იმყოფებოდა იმ დროს. ამ შემთხვევაში ბატონი ანზორი არა როგორც პარლამენტარი, არამედ როგორც მფლობელი, სასტუმროს უფროსი, ვალდებულია მივიდეს და სტუმარს განუმარტოს, მინიმუმ მიიღოს რამე პრევენციული ზომა. იმ ქალბატონმა თვითონ რამდენჯერმე სცადა პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა საუბარი, თუნდაც ჩემთან. ადამიანის სიცოცხლეს როცა ექმნება საფრთხე, იქ არა მგონია პოლიტიკურ ჭრილში დავიწყო საუბარი.

  • რატომ არ ანდეთ ამის მოგვარება სასტუმროს მენეჯერს, დაცვას ან ვინმე სხვა უფლებამოსილ პირს?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ბატონი ანზორი არის ჩემი მეგობარი და აქ ჩვენ ყველა ვართ ერთი გუნდი.

  • ანუ ბატონ ანზორს დაეხმარეთ?

დახმარება ეს რაა, ორი წლის ბავშვი ხომ არა ვარ, ქუჩაში ან სტადიონზე ხომ არა ვარ. „დაეხმარეთ“ – ეს კონტექსტი უხერხულად ჟღერს, კონფლიქტური სიტუაცია იყო და განმუხტვის მიზნით ჩავერთე. მე ვუთხარი, რომ იყო ტექნიკური პრობლემები. ჯერ ინიციატივა ჰქონდა, რომ ენახა რა ხდებოდა სასტუმროში, შემდეგ კი როცა შევთავაზე, წამობრძანდით და გაჩვენებთ-მეთქი, უარი მითხრა. ის ქალბატონი ისევ ცხოვრობს იმ სასტუმროში და არავინ არ აგდებს მას.

„ბათუმელებმა“ ჰკითხა ხათუნა ბერიძეს, სტუმარს, რომელსაც დეპუტატი სასტუმროს დატოვებას სთხოვდა, იყო თუ არა წყალი სასტუმროში. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ სასტუმროში წყალი იყო. 

იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

________

მთავარ ფოტოზე: თემურ ხასია. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს.

დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.

„ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა,“ – ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
  • სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.

[/checklist]

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, მერია მრავალშვილიან ოჯახებზე ფულად დახმარებას გასცემს, თუმცა მათი მხრიდან სტატუსის მინიჭება არ ხდებოდა. „ჩვენ მშობლის მრავალშვილიანობას განვსაზღვრავდით ბავშვების დაბადების მოწმობის მიხედვით,“- გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. იგივე გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოშიც. ახალი დადგენილებით კი, სტატუსის მიმნიჭებელი ორგანო ოფიციალურად განისაზღვრა.

 

„მწვანე ბანაკი“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ქედის, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გრძელდება განაცხადების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 12 მაისი (23:59 საათი). დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი.

მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან.

ბანაკი Bulachauri Green Center – ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გაიმართება 2019 წლის 15-23 ივნისს.

 

დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო

იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევა წუხელ, 7 მაისს, სასტუმრო „ხულოში“ მოხდა. სასტუმროს მესაკუთრემ, პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ სასტუმროს ნორმის დაცლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – ხათუნა ბერიძეს მოსთხოვა. დეპუტატს არ განუმარტავს მიზეზი, რის გამო მოსთხოვა მან სტუმარს სასტუმროს დატოვება. დეპუტატმა სასტუმროს ოთახი მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა თანხმლებმა პირმა, ბათუმის მერიის თანამშრომელმა თემურ ხასიამ დააფიქსირა, რომ აქტივისტი ვიდეოს იღებდა.

თემურ ხასიამ დღეს „ბათუმელებს“განუცხადა, რომ სასტუმროში წყალი არ იყო და „ქალის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, როცა მას სასტუმროს დატოვებას აიძულებდნენ.

დეპუტატის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს „ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მის ფიზიკურ, ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს, ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“.

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

ენმ-ის აქტივისტი პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ თავის სასტუმროდან ვერ გააძევა

„აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წევრი, ენმ-ის აქტივისტი ხათუნა ბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის სასტუმროდან ვერ გამოაძევეს.

ხათუნა ბერიძემ, გუშინ, 7 მაისს, გვიან ღამით ატვირთა ვიდეო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძეს სასტუმროს ნომრის დატოვებას სთხოვს, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ხათუნა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სასტუმრო „ხულოში“ გუშინ შევიდა და დღეს 8 მაისის ჩათვლით, იქ ცხოვრების უფლება აქვს.

„მე არ ვიცოდი თუ ეს სასტუმრო ანზორ ბოლქვაძის იყო, ეს გავიგე მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის სასტუმროში დავინახე. მოტივი არ ვიცი, რატომ ითხოვდნენ ჩემგან სასტუმროს დატოვებას, არ განუმარტავთ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უკავშირდებოდა ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას, რადგან მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წევრი. იყო უშვერი სიტყვები, ახსენებდნენ პროვოკაციას“.

ვიდეოჩანაწერში ანზორ ბოლქვაძე ახსენებდა ვინმე ხალვაშს, როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, აქ საუბარი იყო ენმ-ს წევრ გია ხალვაშზე, რომელმაც გუშინ მეხანძრეებისთვის უნიფორმების გადაცემის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვა.

„გუშინ მეხანძრეებს გადასცეს უნიფორმები და იქ იკითხა გია ხალვაშმა თუ რატომ დაურიგეს ფორმები და ტექნიკა ახლა, როცა ეს უნიფორმები ნაყიდი იყო ჯერ კიდევ ზამთარში და ხომ არ უკავშირდებოდა ეს ხულოში მერის არჩევნებს.“

მას შემდეგ, რაც ანზორ ბოლქვაძემ, ხათუნა ბერიძისგან კატეგორიულად მოითხოვა სასტუმროს დატოვება, მან პოლიცია გამოიძახა. „მათი ქმედება იყო უკანონო, რადგან ისინი შემოიჭრნენ ჩემს ნომერში დაუკითხავად. არ განმიმარტეს რეალური მოტივი და კანონდარღვევით ითხოვდნენ ნომრის დაცლას. ორჯერ გამოვიძახე პოლიცია და შედგა აქტიც“, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

მისი თქმით, ის ხულოში პირადი საქმეზე იმყოფებოდა. „ამ შემთხვევაში არ ვიყავი პოლიტიკური მიზნით ხულოში, ტურისტული კომპანია მაქვს და ჩემი პირადი საქმეების გამო ვიყავი იქ“.

ხათუნა ბერიძე დღეს 8 მაისს, 11:30 საათზე ენმ-ს ოფისში ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავს.

სასტუმრო „ხულო“ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის საკუთრებაშია

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ენმ-ის წევრს აძევებს [ვიდეო]

ენმ-ის აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ 7 მაისს, გვიან ღამით გამოაქვეყნა ვიდეო კომენტარით:”ნახეთ როგორ არღვევენ კონსტიტუციურ უფლებას და იჭრებიან ნაქირავებ ნომერში საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტატი და მათი აქტივისტები”.

კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ქალს დაჟინებით სთხოვს დატოვოს სასტუმრო. დეპუტატი ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება.


ანზორ ბოლქვაძის თანმხლები, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თანამშრომელი  კი ხათუნა ბერიძეს აფრთხილებს, რომ მას არ აქვს ვიდეოს გადაღების უფლება.

ქალის წინააღმდეგობის შემდეგ ანზორ ბოლქვძე მალევე გადის სასტუმროს ნომრიდან. მოქალაქე დეპუტატის თანმხლებ პირებს აჩვენებს თანხის გადახდის დამადასტურებელ ინვოისს. ქალი ითხოვს, რომ პოლიციის ძალით გააძევონ სასტუმროდან.

დღეს, 8 მაისს ხულოში მომხდარ ინცინდენტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. მათ შორის მერი უნდა აირჩიონ ხულოშიც.

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის სასტუმრო ხულოს ცენტრში

როგორ აპირებენ ექიმები პაციენტების ნდობის მოპოვებას – დისკუსია

„ფაქტია, რომ პროტესტს გამოხატავენ ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფაქტია, რომ ადამიანები სამკურნალოდ ძირითადად მიდიან თურქეთში,“ – განაცხადა დღეს, 7 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა, გენო გელაძემ. ამ ორგანიზაციამ მოაწყო დისკუსია ექიმებსა და პაციენტებს შორის შექმნილი პრობლემების გასაანალიზებლად. გენო გელაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მონოპროფილურობა გააძლიერებს კლინიკებს.

„კომუნისტური ჯანდაცვა მსოფლიოში იყო ერთ-ერთი აღიარებული და კარგად ორგანიზებული. ბაზარი ამას თავისით ვერ დაარეგულირებს,“ – აღნიშნა ექიმმა აკაკი ბერიძემ. ის არ იყო ერთადერთი ექიმი, ვინც დისკუსიის დროს საბჭოთა ჯანდაცვა ინატრა. ექიმების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს, ნაწილს კი ექიმების მუდმივი განათლების, სერტიფიცირების სისტემის ამოქმედებასა და კლინიკების ვიწრო პროფილურობის სჯერა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა უკვე უმაღლესი საბჭოს წევრი ნუგზარ სურმანიძეც დაინტერესდა, რატომ იქნება უკეთესი კლინიკების მონოპროფილურობა.

„თქვენი ეს ხედვა რომელ მოდელთანაა მიახლოებული? მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთ პატარა რეგიონში, როგორიც აჭარაა, სადაც მოსახლეობა 400 ათასამდეა, მრავალპროფილურობა უფრო კარგად იმუშავებს.

მართვის კომპანია GGM-ის დირექტორმა, გენო გელაძემ დეპუტატს უთხრა, რომ გამოცდილების მიხედვით, მონოპროფილურობა განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა სამედიცინო დარღვევებზე რეაგირების კუთხით.

„გაცილებით უკეთესია, როცა ერთ კონკრეტულ ქეისზე ერთსა და იმავე დაწესებულებაში წარმოდგენილია საკვლევი ინსტრუმენტები, წარმოდგენილია ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები და შესაძლებლობაა იმის, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და იყოს ჯგუფური განხილვა,“ – აღნიშნა გენო გელაძემ.

ლევან გობაძე, კავშირი „ინტელექტი“: „უნდა არსებობდეს გასაზომი ინდიკატორი. გასაგებია, რომ სადაც გიღიმიან, იქ სხვა განწყობაა. უნდა არსებობდეს სისტემა, რომ თქვა, რამდენი დიაგნოზი დადასტურდა, რამდენი უარყოფილი იქნა, თუ ეტალონად ავიღებთ თურქეთის კლინიკებს. რაღაც ეტალონიც უნდა არსებობდეს… ვფიქრობ, ფსიქოლოგია განმსაზღვრელია ხშირად. მივეჩვიეთ, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ არსებობენ დომინანტი ქვეყნები და ერთ-ერთი ასეთია თურქეთი. თვლიან, რომ იქ მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მეტი და ხშირად ასეც შეიძლება იყოს. მედიცინაში ჩვენთან ყველაფერი ნორმაში არაა. ეს ფაქტია“.

„რა არ არის ნორმაში? ჩვენ ასობით ადამიანს ვემსახურებით ყოველდღიურად, რა არ არის წესრიგში?“ – გაღიზიანდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მალხაზ ხალვაში.

დისკუსიაში რამაზ სურმანიძე ჩაერთო, ორგანიზაცია „ექიმთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი. მან თქვა, რომ არაა სწორი, როცა ექიმია ყოველთვის დამნაშავე, პაციენტი – მართალი.

„თუ ექიმი სცოდავს, ჩვენ მას არასდროს ვაფარებთ ხელს,“ – დასძინა რამაზ სურმანიძემ. „ბათუმელებმა“ მას სთხოვა გახსენება, ბოლო პერიოდში რამდენი ექიმი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შეკითხვამ ექიმი ნუგზარ გურგენიძე გააღიზიანა.

„რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, დახვრეტას ითხოვთ?“ – იკითხა მან.

„ეს მართლაც საინტერესოა, ვინ უნდა გახდეს მედიატორი. ვფიქრობ, მსგავს შემთხვევებში ისევ საექიმო საზოგადოებამ უნდა შექმნას ინსტიტუტი, რომელიც იქნება მძლავრი ბირთვი. იქ იქნებიან ყველა პროფილის უმაღლესი კლასის სპეციალისტები,“ – განაცხადა რამაზ სურმანიძემ.

ექიმების პროფესიონალიზმის ან სამედიცინო შეცდომებზე რეაგირების კუთხით პრობლემას ვერ ხედავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი. თავის გამოსვლაში მან ამჯობინა ექიმების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე ესაუბრა.

საქართველოში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან, რომლებიც უცხოეთში დადიან და ოპერაციებს აკეთებენ… ჩვენთან, ბათუმში არიან ბრწყინვალე ექიმები. მე თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, რომ ვიყოთ ობიექტურები და გავაშუქოთ ერთიც, მეორეც და მესამეც… ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მომისმენია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მოსახლეობას აქვს პროტესტი,“ – მიიჩნევს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

პროფესიული განათლების პრობლემაზე ისაუბრეს ექიმებმა – ზურაბ ჩიხლაძემ და სოფო ბერიძემ.

სოფო ბერიძე: პრობლემაა, როცა 10 წლის წინ ავიღე სერტიფიკატი და ვმუშაობ ამ სფეროში. ვთქვათ, ამ პერიოდში შეიძლება გავხდი წამალდამოკიდებული ან ფსიქიკური პრობლემა შემექმნა, არავითარი რეგულირება ამ კუთხით არ არსებობს. ჩემი აზრით, მონოპროფილურობა ჩვენი მასშტაბის ქვეყანაში პრობლემას ვერ მოაგვარებს… მე არ მომწონს აგრესიული დამოკიდებულება ექიმების მიმართ. აგრესია, წინ უძღვის ყველანაირი პრობლემის დანახვის მცდელობას.

ზურაბ ჩიხლაძე: მე არ მომწონს, როცა კომუნისტურ მედიცინას აუგად მოიხსენიებენ. მაშინ ყველა განათლება და გადამზადება უფინანსდებოდა ექიმს, მივლინებები იყო. ახლა როგორ ისწავლოს ექიმმა, როცა კაპიკებია მისი ხელფასი?

დისკუსიას ესწრებოდა საკრებულოს წევრი, ექიმი ნერიმან ცინცაძეც. მან წუხილი იმის გამო გამოთქვა, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ექიმობა აღარ სურთ. საკრებულოს დეპუტატს არ უთქვამს, რამ შექმნა ეს რეალობა, ან რა არის გამოსავალი. თქვა, რომ ამას ნაწილობრივ ჟურნალისტებს აბრალებს.

„მე-6 კურსის სტუდენტებს ვკითხე ბოლო მეცადინეობაზე, სად აპირებთ ახლა ორდინატურას-მეთქი. 9 სტუდენტიდან სამმა საუკეთესომ მითხრა, რომ არ აპირებენ ორდინატურის გავლას. ერთი ირჩევს ლაბორატორიას და ორი – საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ძალიან გული დამწყდა ამაზე. მე მეშინია, რადგან არ ვიცი, ვინ იქნებიან ჩვენი ექიმები… ჟურნალისტებს ვაბრალებ ბევრ რამეს. არ შემომიტიოთ ახლა, ჟურნალისტების მეშინია,“ – თქვა ნერიმან ცინცაძემ.

დისკუსიის დასასრულს ექიმმა ნუგზარ გურგენიძემ აღნიშნა, რომ მართვის პრობლემა აქვთ კლინიკებს, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში. მან შეხვედრის ორგანიზატორს ასევე ჰკითხა, რა იყო ამ დისკუსიის მიზანი.

„თქვენ რომელ კონსილიუმებზე საუბრობთ, როცა დღევანდელი მედიცინის 95 პროცენტი არის დამოკიდებული საერთაშორისო გაიდლაინებზე,“ – განაცხადა მალხაზ ხალვაშმა. მას დარბაზიდან უთხრეს, რომ გაიდლაინებით ვერ გაამართლებს იმ შეცდომებს, რასაც ექიმები უშვებენ და „ყველაფერი რიგზე არ არის“.

„არსებობს სისტემური პრობლემებიც, მაგრამ ამის განხილვა და მოგვარება თქვენთვის რა მატერიალური მოგების მომტანია?“ – იკითხა მალხაზ ხალვაშმა.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენი მენეჯერული ხედვა გაგიზიარეთ… ეს არის ჩვენი, როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა,“ – უპასუხა კითხვას გენო გელაძემ, მართვის კომპანია GGM-ის ხელმძღვანელმა.

შეკრებილებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ექიმმა ონკოლოგმა თეიმურაზ გოგიტიძემაც. ის მიიჩნევს, რომ კრიზისი ახლა არ შექმნილა.

„მე არ ვთვლი, რომ კრიზისი შეიქმნა. ზოგადად, კრიზისი არსებობს ყველა ქვეყანაში. ზოგან ეს უფრო ჩანს, ან აქტიურდება კონკრეტულ შემთხვევებში… მეც ვფიქრობ, რომ მონოპროფილურობა არის კარგი, რადგან ეს იძლევა კომფორტულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის,“ – ფიქრობს თეიმურაზ გოგიტიძე.

 

 

 

სკოლა „ნიკეში“ მშობლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გაცვლითი თუ სხვა საგანმანათლებლო პროგრამების გარდა „ნიკე“ გამოირჩევა აკადემიური ღონისძიებებით, ლიტერატურულ-შემეცნებითი პროექტებით.

ამჯერადაც, მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს მშობლის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებით კი ,,მამიკოების გაზაფხული“!

„ნიკეს“ სააქტო დარბაზში საოცარი ხმები ისმოდა, იმღერეს, იხალისეს, მამებთან ერთად დახატეს, ექსპრომტად შექმნეს მამაშვილობის სიმბოლოები, ლექსები წარმოთქვეს; დასასრულს გოგოებმა მამები ააცეკვეს, დედების შერჩეული (სახასიათო) საჩუქრებიც მიიღეს და სამომავლოდ მხიარულ სტარტებს შეგვპირდნენ.

მშობლის საერთაშორისო დღე სკოლა „ნიკეში“
მშობლის საერთაშორისო დღე სკოლა „ნიკეში“
მშობლის საერთაშორისო დღე სკოლა „ნიკეში“
მშობლის საერთაშორისო დღე სკოლა „ნიკეში“

დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი

11 მაისს „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისს“ ეთამაშება. ბათუმში თამაში 21:00 საათზე, ანგისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო ბათუმს“ 22 ქულა აქვს და ლიდერ „საბურთალოს“ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „თბილისის დინამოს“, იგი მესამე ადგილზეა, 20 ქულა აქვს და „ბათუმის დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში „ბათუმის დინამოს“ შვიდი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება აქვს.

მთავარი ფოტო დინამო ბათუმის“ ფეისბუქის გვერდიდან.

_________________

მასალა გასწორებულია. თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით იყო მითითებული ინფორმაცია გუნდებისა და შეხვედრის თარიღის შესახებ.

რატომ გაუქმდა აბიტურის საათები სკოლაში

საჯარო სკოლებში აბიტურის საათები აღარ ტარდება. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, აბიტურის საათების გაუქმება სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას უკავშირდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ აბიტურის საათები იმ საგნებში ტარდებოდა, რომლებსაც საატესტატო გამოცდაზე აბარებდნენ. აბიტურის საათი საგნის მიხედვით კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო გათვალისწინებული და მასწავლებელს დამატებითი საათი უნაზღაურდებოდა.

თუმცა, როგორც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, აბიტურის საათები სკოლებში იშვიათად ტარდებოდა, რადგან მოსწავლეების უმეტესობა სკოლის დამთავრების შემდეგ რეპეტიტორებთან ემზადებოდნენ.

საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ მეთორმეტეკლასელებისთვის გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო გახდა და თავისუფალი დასწრება გაუქმდა.

არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები ბათუმის ქუჩებში

„ეს ნიშანი გვაფრთხილებს ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. იგი მაფრთხილებელი ნიშანია და, შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ქუჩის გადაკვეთამდე 50 მეტრზე უნდა იყოს განთავსებული. ბათუმში რამდენიმე ქუჩაა, სადაც ეს მაფრთხილებელი ნიშანი არასწორად, ფორმალურად არის განთავსებული,“ – გვიყვება ბათუმის ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. მან ბათუმში რამდენიმე ქუჩა გვაჩვენა, სადაც მისი მტკიცებით, საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპირო და დამაბნეველია, ან ისინი არასწორად და ფორმალურადაა განთავსებული.

ვიქტორ კვირკველია განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეითთა გადასასვლელებზე აკეთებს. „ტურისტულ ქალაქში ნიშნების ამგვარი განთავსებით კიდევ უფრო გაძლიერდება შეხედულება, რომ ბათუმში ქვეითებს გზას არასდროს უთმობენ. პარლამენტარებსაც მივწერე, რომ ამას სჭირდება მიხედვა… როცა ფული იხარჯება ამ ნიშნების განთავსებაში, რატომ უნდა იყოს პრობლემა მისი არასწორად განთავსება?“ – კითხულობს ავტოსკოლის დირექტორი.

დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთა
ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირველი შესახვევი

დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ასევე ამ ქუჩების მიმდებარედ, ბევრგან ნახავთ ანალოგიურ საგზაო ნიშანს პირდაპირ გზაჯვარედინზე. განსხვავებული საგზაო ნიშანი დგას, მაგალითად, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში არსებულ გზაჯვარედინზე. „ეს ნიშანი უნდა იდგეს, წესით, ყველა ქვეითთა გადასასვლელთან“, – დასძენს ვიქტორ კვირკველია.

დემეტრე მეფე თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთა

ვნახეთ სხვა კონკრეტული შემთხვევაც: სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ერთდროულად სამი საგზაო ნიშანია. ერთი სარეკომენდაციოა, ორი – ამკრძალავი. ავტოსკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ ეს ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა.

ვიქტორ კვირკველია ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში

„სარეკომენდაციო ნიშანი სატვირთო ავტომანქანას ეუბნება, რომ რეკომენდებულია პირდაპირ იმოძრაოს. ეს ნიშანი არ კრძალავს მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევას, რადგან რეკომენდაციაა. ამკრძალავი ნიშანი კი მარცხნივ მოხვევას უკრძალავს სატვირთო ავტომანქანას და მსუბუქსაც. მესამე ნიშნით ამ ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანის მოძრაობა საერთოდ აკრძალულია. შესაბამისად, ეს სამი ნიშანი ურთიერთსაპირისპირო და დამაბნეველია,“ – განმარტავს ვიქტორ კვირკველია.

ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთა

ავტოსკოლის დირექტორი გვთხოვს, დავაკვირდეთ, როგორია ამავე ქუჩების გზაჯვარედინზე ავტომანქანების მოძრაობის პრაქტიკა საგზაო ნიშნების მიუხედავად. სატვირთო ავტომანქანები ბაგრატიონის ქუჩით გადაადგილდებიან. ისინი მარცხნივ ანუ ქალაქის ცენტრისკენ არ უხვევენ. მარცხნივ მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანები მოძრაობენ იმის მიუხედავად, რომ ამ მიმართულებით გადაადგილება აქ განთავსებული ერთ-ერთი საგზაო ნიშნის მიხედვით აკრძალულია.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საგზაო ნიშნების არასწორად განთავსების შესახებ. არც რომელიმე მოქალაქეს მოუმართავს ამ დრომდე. თუ დადგინდება, რომ საგზაო ნიშანი არასწორადაა განთავსებული, შესაძლებელია მისი შეცვლა,“ – გვითხრა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა, ბადრი ფარტენაძემ. მერიის ეს სამსახური ერთი წელია მუშაობს საგზაო მოძრაობის ნიშნების განთავსებაზე. სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საგზაო ნიშნის არასწორად განთავსების არც ერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

გაფუჭებული შუქნიშნები ბათუმში

ავტორი: ნესტან ზოიძე 

ბათუმში ძალიან ბევრ მისამართზე შუქნიშანი არ მუშაობს. უფრო რთულად არის საქმე ფეხითმოსიარულეთა ნიშნების შემთხვევაში – ეს ნიშნები ქუჩების იმ მონაკვეთებზეც კი გაფუჭებულია, სადაც, მაგალითად, სამანქანე ნიშნები მუშაობს.

სოციალურ ქსელებში მუდმივად წერენ ამ პრობლემაზე. ბათუმის მერიაში ასევე მუდმივად აცხადებენ, რომ პრობლემას აგვარებენ. რეალობა კი ის არის, რომ დღითიდღე იზრდება ბათუმში მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების რაოდენობა და, შესაბამისად, ავარიული სიტუაციებიც.

გთავაზობთ ხუთ მონაკვეთს ბათუმში, სადაც შუქნიშნები გაფუჭებულია. თუმცა ბევრ მონაკვეთზე გვაქვს დაფიქსირებული შუქნიშნები, სადაც მხოლოდ წითლად ანთია ან სულაც ჩამქრალია.

ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა. ფოტო: „ბათუმელები“, ნესტან ზოიძე
რუსთაველის გამზირი. ფოტო: „ბათუმელები“, ნესტან ზოიძე
პუშკინის ქუჩა. ფოტო: „ბათუმელები“, ნესტან ზოიძე
მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთა. ფოტო: „ბათუმელები“, ნესტან ზოიძე
ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა. ფოტო: „ბათუმელები“, ნესტან ზოიძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 7  მაისის   21 საათიდან  8  მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ხვალ დღის მეორე ნახევარში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში – 15-17 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 -21 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა 16 გრადუსია.

_____________

ფოტოზე: გაზაფხული ბათუმის ბულვარში. ფოტო: ბათუმის ბულვარი FB

Exit mobile version