გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმი რივიერას ტერიტორიაზე მშენებლობა რაიმე რისკებთან იყოს დაკავშირებული.
სილქ როუდ ჯგუფის პროექტი – „ბათუმი რივიერა“ ოთხ ფაზად განხორციელდება. პროექტში საერთო ინვესტიცია 1 მილიარდი ლარსს შეადგენს. პირველი ეტაპის ღირებულება 75 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის ნაწილი. ტერიტორიას მიენიჭება სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
სილქ როუდ ჯგუფს ქვეყნის მასშტაბით არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ბათუმში ჩვენ უკვე წარმატებით ავაშენეთ სასტუმრო რადისონი, ბათუმი რივიერა კი დარწმუნებულები ვართ ქალაქისთვის და რეგიონისთვის სრულიად ახალი ეტაპი იქნება. რივიერა შეძლებს ახალი სიცოცხლე შემოიტანოს ქალაქში, საკუთარი ინფრასტრუქტურით, იახტ კლუბით, საკონფერენციო დარბაზებით და კონგრეს ცენტრით იგი მოიზიდავს საშუალო და მაღალ შემოსავლიან ტურისტების სეგმენტს ოთხივე სეზონზე. ქვეყნისთვის ასეთ საპასუხისმგებლო პროექტის განხორციელებისას პირველ რიგში ჯგუფი არის დაინტერესებული, რომ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით განხორციელდეს ინვესტიცია. რისკების გამოსარიცხად ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა, მოვიწვიეთ დარგის საუკეთესო სპეციალისტები და მოვამზადეთ არსებული გრუნტისთვის შესაბამისი პროექტები:
გეოლოგიური კვლევა, შემსრულებელი კომპანია – „რუკა მეფინგი“;
სეისმური საშიშროების შეფასება, გრუნტის ლოკალური აგებულების და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლა გეოფიზიკური საძიებო მეთოდებით, შემსრულებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კონსტრუქციული პროექტის კონცეფცია, შემსრულებელი კომპანია – „GIPN”;
კონსტრუქციული პროექტის სქემატური და დეტალური ნაწილები (დამუშავების პროცესშია), შემსრულებელი კომპანია – „პროგრესი“
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, ვთანამშრომლობთ იტალიური კომპანია collecelli-სთან, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და სხვა პროექტებთან ერთად მუშაობს ვენეციის პორტის რეაბილიტაციაზეც. აღნიშნული კომპანია გამოიკვლევს ზღვის ფსკერს 200 მეტრის რადიუსში, შეაფასებს და რეკომენდაციას გასცემს კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე.
წინასწარი კონსულტაციები გავლილია და პროექტის განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული.
ბათუმის მუსიკალური ცენტრი პრემიერისთვის ემზადება. ბათუმში პირველად დაიდგმება პუჩინის ოთხმოქმედებიანი ოპერა „ბოჰემა“. პრემიერა 28 და 30 მაისსა დაგეგმილი.
ოპერის დამდგმელი რეჟისორია დავით მუქერია, კიდევ ერთი რეჟისორი და სცენოგრაფი – გეორგ რუთერინგი [შვეიცარია], სამხატვრო ხელმძღვანელები არიან: ნინო ლეჟავა, რომელიც იტალიაში ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიას წარმოადგენს და მარიამ ჯახუტაშვილი, ბათუმის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სპექტაკლში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ასევე, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდი.
სპექტაკლი ორჯერ იქნება წარმოდგენილი. 28 და 30 მაისს. პირველ დადგმაში უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას ჩილედან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან ქართველი შემსრულებლებთან ერთად, მეორე დადგმაში კი მხოლოდ ქართველი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.
ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება, გაიყიდება 10, 15 და 20- ლარიანი ბილეთებიც. ბილეთები იყიდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროში და biletebi.ge – ზე.
„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფციის ფარგლებში, ბათუმში 250 მოსწავლეზე გათვლილი ე.წ. „კომაროვის სკოლა“ და 100 ბენეფიციარისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. ასევე მოეწყობა ხელოვნების სკოლა, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას [ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები], პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონასა და ავტოსადგომს.
პროექტის პრეზენტაცია 2019 წლის 17 მაისსაა დაგეგმილი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის წერილის მიხედვით, „ღონისძიების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 87 000 ლარს, რომელზეც მოწვეულნი არიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.“
ინგა შამილიშვილი თავის კოლეგას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს, ამავე წერილით სთხოვს, უზრუნველყოს „სათანადო ღონისძიებების გატარება, აღნიშნული პრეზენტაციის მაღალორგანიზებულად განხორციელების მიზნით“.
„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტის პრეზენტაციის ღონისძიების ჩატარება ითხოვა 2019 წლის 15 მაისის. პროექტის პრეზენტაცია დაგეგმილია 2019 წლის 17 მაისს, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომსახურების შესყიდვის დაგეგმვა წინასწარ ვერ განხორციელდებოდა“ – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ღონისძიების დაფინანსებას ტენდერის გარეშე გეგმავს.
შესაბამის მომსახურებაში შედის „სცენის გადახურვა, პოდიუმის მშენებლობა/შეფუთვა, მოცულობითი ბანერი, ხმის აპარატურა, დიზელ-გენერატორი, სკამები, ტენტი, სტუმრების მიღება, ბიო ტუალეტის მონტაჟი/დემონტაჟი, ტრანსპორტირება/ადმინისტრაციული ხარჯი, სატელევიზიო ვიდეოგადაღება“.
სამინისტრო, იშველიებს რა დროის სიმცირეს, აცხადებს, რომ „შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია“.
„ტექნოლოგიური ქალაქის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია კი აჭარის მთავრობის თავმჯდომერემ, თორნიკე რიჟვაძემ, პირველად 2019 წლის 29 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი განცხადებით, ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი [რომელიც „კომაროვის სკოლასაც“ მოიცავს] თამარის დასახლებაში [ე.წ. ბნზ-ს ტერიტორიაზე] შვიდ ჰექტარზე გაშენდება. ადგილი უკვე გამოყოფილია.
„ინტერპოლის მოთხოვნით, მესაკუთრეებს ართმევენ მანქანებს ისე, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. კანონის დარღვევად იურისტი სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენ და შემდეგ თვეობით ან წლობით პოლიციის განყოფილებების ეზოებში აჩერებენ.
საუბარია მსუბუქ ავტომანქანებზე, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოიპარეს ან თაღლითური გზით მიითვისეს, შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს და გაყიდეს. ადვოკატის მტკიცებით, კეთილსინდისიერ მყიდველებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ართმევენ ავტომანქანებს და წლების განმავლობაში განმარტებასაც კი არ აძლევენ.
ადვოკატის მონაცემებით, მსგავსი სქემით დაზარალებულია ათეულობით მოქალაქე. ბოლო შემთხვევა კი თურქეთის მოქალაქე იყო – მუსტაფა თულიჩმუ, რომელმაც ავტომანქანა იტალიაში შეიძინა და ბათუმში ჩამოართვეს. პროკურატურას არც მისთვის განუმარტავს, რატომ ჩაითვალა არაკეთილსინდისიერ მყიდველად ან სად წაიღეს მისთვის ჩამორთმეული BMW.
სამი წლის წინ „ტოიოტა ლექსუსი“ ჩამოართვეს ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილსაც. მან ეს ავტომანქანა 2002 წელს შეიძინა. ხელვაჩაურის პროკურატურამ ირის ბორჩაშვილის ავტომანქანა მისი გაყიდვის დროს ამოიღო.
ადვოკატი ედიშერ მახარაძე განმარტავს, რომ ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმევას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რაც მსგავს შემთხვევებში არ არსებობს. იურისტი მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლზე, რომელიც უშვებს „გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევასაც, თუმცა ამ დროს სასამართლომ პოსტფაქტუმ უნდა იმსჯელოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ვერ ვდავობთ, რადგან არავითარი საფუძველი და დოკუმენტი ამ მანქანების ჩამორთმევაზე არ არსებობს,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. მისი თქმით, ამ გზით მოქალაქეებს სამართლებრივი დავის უფლება შეუზღუდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, მოქალაქეებმა ადმინისტრაციული წესით იდავონ პროკურატურის წინააღმდეგ.
რა ადასტურებს იმას, რომ კანონიერი მესაკუთრეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ავტომანქანები ჩამოართვეს? – იურისტის განმარტებით, სადავო შემთხვევებზე გაცემულია ტექნიკური პასპორტები, რაც გამყიდველისა და მყიდველის სარეგისტრაციო სამსახურისადმი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გაიცემა.
რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოართვეს და სად წაიღეს ავტომანქანები? – კითხვებით პროკურატურის პრესცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ პროკურატურა ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო, მაგრამ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. პროკურატურას არც ჩამორთმეული ავტომანქანები დაუტოვებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ ავტომანქანები დალუქულ მდგომარეობაშია, მათ შორის, ხელვაჩაურის პოლიციის ეზოშია ირის ბორჩაშვილისთვის სამი წლის წინ ჩამორთმეული ავტომანქანაც. შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება ინტერპოლისგან ელოდება გადაწყვეტილებას ძებნის შეწყვეტის, ან კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების შესახებ.
„ამ გადაწყვეტილების გარეშე საქმის გამოძიება ვერ დასრულდება და მანქანა ვერავის დაუბრუნდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შესაბამისად,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. [362-ე მუხლი ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.]
რა გახდა მოქალაქეებისთვის ავტომანქანების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ იმსჯელა ამ შემთხვევებზე სასამართლომ?
„ამ მანქანის ჩამორთმევის საფუძველი იყო ის, რომ ინტერპოლის მიერ გამოცხადებული იყო ძებნა და შესაბამისად, დაილუქა მანქანა და დაიწყო გამოძიება,“ – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არ იმსჯელა ამ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე სასამართლომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში უარი გვითხრეს, გვენახა და ფოტოები გადაგვეღო ჩამორთმეული ავტომანქანებისთვის, რომლებიც მათივე განმარტებით, პოლიციის ეზოშია გაჩერებული. შსს-ში ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა და „ეს მანქანები ნივთმტკიცებაა“. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ გვჭირდებოდა ეჭვის გამორიცხვა – შესაძლოა ამ ავტომანქანების საჭეებთან უკვე სხვები ისხდნენ და ავტომანქანა არც თავდაპირველ მესაკუთრეს დაუბრუნეს.
მსგავს შემთხვევაზე „ბათუმელები“ 2010 წელს წერდა – „ბენტლის საქმე“. მაშინ დადასტურდა, რომ სარფის საბაჟოზე ჩამორთმეული ავტომანქანა რეალურად პოლიციის ეზოში კი არ იყო გაჩერებული დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ამ ძვირადღირებული ავტომანქანით სოდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე გოგლიძე გადაადგილდებოდა.
ჩამორთმეულ ავტომანქანებზე „ბათუმელები“ 2016 წელსაც წერდა. მაშინ კონკრეტულად ორი დაზარალებული ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ დაუსაბუთებლად ჩამოართვეს შეძენილი ავტომანქანები. ერთ-ერთ მათგანს „ბათუმელები“ ახლაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ავტომანქანა რვათვიანი ლოდინის შემდეგ დაუბრუნეს. მისი ინფორმაციით, ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს, რომელიც ლიეტუაში ცხოვრობს, თაღლითურმა ჯგუფმა თანხა დაუბრუნა და მან საჩივარი უკან გაითხოვა.
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: ჩამორთმეული ავტომანქანები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, 2997 კვ.მ მიწის ნაკვეთს 237 ათას ლარად აუქციონზე პირობებით ყიდის. მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ავეჯის დამამზადებელი საწარმო, პროდუქციის საგამოფენო დარბაზი და სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს.
კონკურსის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონების დარჩენილ ნაწილზე [გზის მიმდებარედ], აუქციონში გამარჯვებულმა არანაკლებ 10 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულ პროექტში კი, არანაკლებ 200 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
მომავალმა მესაკუთრემ შესაბამის ობიექტებს ამოქმედებიდან არანაკლებ 7 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს პროფილი, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 29 მაისს დასრულდება. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 232 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 5000 ლარი. გამარჯვებულს საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 12 თვის ვადაში ევალება. ხელშეკრულების გაფორმებიდან ცხრა თვის ვადაში კი, მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება.
ბათუმი, გასაყიდი მიწის ნაკვეთის მდებარეობა კახაბრის დასახლებაში
მთავარი ფოტო: გასაყიდი ნაკვეთი კახაბრის დასახლებაში
მაისში ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, ცნობილი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის არქივში ინახება მწერლის მიერ 30-იან წლებში ბათუმში გადაღებული ფოტოები, რომელიც ბათუმელებისთვის ცნობილი არ არის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენციაც იგეგმება.
ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ [Les Gens d’en Face] ერთ-ერთ ნაწილში მოქმედება ბათუმში ხდება.
წიგნის დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე სიმენონმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის ირგვლივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც იყო. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბოლში გაემგზავრა.
რომანის წერა სიმენონმა მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო – 1933 წლის ზაფხულში და ყოველკვირეულ ბელგიურ გამოცემა Les Annales – ში გამოაქვეყნა 7 ნაწილად.
წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ადილ ბეი, ბათუმში 1920 წელს დანიშნული თურქი კონსულია, რომელიც ბათუმში მისი წინამორბედის უეცარი გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. კონსული აღმოაჩენს ზღვისპირა, კოსმოპოლიტურ ქალაქს, რომელიც მდიდარია ნავთით – ამ ბიზნესს ბათუმში იმ დროისთვის როკფელერების ამერიკული კომპანია Standard Oil -ი მართავს, თუმცა მიუხედავად ამ ბუნებრივი სიმდიდრისა, ქალაქის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს. რომანში მაშინდელი ბათუმის ქუჩები და ადგილებიცაა აღწერილი.
კონსული ცდილობს ბათუმის საბჭოთა დიპლომატიურ წრეებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს და აქაურ ბიუროკრატიაში გაერკვეს, რაშიც მას თარჯიმანი და მდივანი სონია ეხმარებებიან. სონია ბათუმში ადილ ბეის სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს რძალთან და ძმასთან ერთად – რომელიც თავის მხრივ საბჭოთა НКВД-ს დაქვემდებარებული ГПУ -ს აგენტია.
ადილ ბეის და სონიას ერთმანეთი უყვარდებათ, ქალი კონსულს გამოუტყდება, რომ მას საბჭოთა დაზვერვა უთვალთვალებს, ადილ ბეის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა ირყევა და ეჭვი ჩნდება, რომ საბოლოოდ მის მოწამვლას ცდილობენ. ადილ ბეი და სონია ბათუმის პორტიდან ბელგიური გემით გაქცევას ცდილობენ, რომ საბჭოთა რეჟიმს დაუსხლტდნენ.
თუმცა თურქეთის კონსული ვერ ითვალისწინებს, რომ სტალინური პერიოდის ბათუმი არის ქალაქი, სადაც ყველას უთვალთვალებს საბჭოთა რეჟიმი: გაქცევის დღეს, სანაპიროზე სონიას მოლოდინში ადილ ბეი მარტო რჩება – სონია არ მოდის. ადილ ბეი მალევე შეიტყობს, რომ მათი გეგმა გამჟღავნდა და სონიას დახვრეტენ.
ასეთია ბელგიელი მწერლის იმ წიგნის მოკლე შინაარსი, რომელშიც მოქმედება 30-იანი წლების საბჭოთა ბათუმში ვითარდება.
„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს.
კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა.
ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა მშენებლობას ბათუმის კონცხზე, სადაც მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანია ექვსი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ შესაბამისი განაშენიანების გეგმაც მოამზადა და მერიას წარუდგინა, თუმცა მოიწონა თუ არა ის მერიამ, ჯერ ისევ არ ვიცით, შესაბამისად ის განსახილველად არც საკრებულოსთვის გადაუგზავნია.
პროექტის რენდერი
ლაშა კომახიძეს ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიებისას არასოდეს უთქვამს, რომ შესასწავლი იქნებოდა დაგეგმილ მშენებლობებთან მიმართებაში კონცხის მდგრადობა. თუმცა ასეთი კვლევის ჩატარებას გენგეგმა ითვალისწინებს. ბათუმის კონცხზე მშნებლობის საკითხი სხვა მიმართულებით დადგა დღის წესრიგში, რადგან ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებში მოექცა.
კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხზე მშენებლობა არათუ სასურველი არ არის, არამედ „არ შეიძლება“ და „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული“. მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული 2013 წლამდე დაკვირვების მონაცემებით, სპეციალისტები საუბრობენ მთლიანად სანაპირო ტერიტორიების საფრთხეებზე.
კვლევაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანმა ტექნოლოგიურმა დატვირთვამ ათეული წლების განმავლობაში უარყოფითი გავლენა მოახდინა ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ნაპირების წარეცხვასა და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა: „დატვირთვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს.“
სპეციალისტები წერენ, რომ ზღვის სანაპირო ზონაში აუცილებელია რაციონალური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ნაპირების მდგრადობისა და რეკრეაციულ-საცხოვრებელი ტერიტორიების შენარჩუნებას. მათივე განმარტებით, პლაჟს განსაკუთრებული პრობლემა ჭოროხიდან ჩამოტანილი ნატანის ჯერ მკვეთრმა შემცირებამ, შემდეგ კი საერთოდ გაქრობამ შეუქმნა.
კვლევის მიხედვით, რომელიც ექვსი წლის წინაა ჩატარებული, ერთ-ერთი საყურადღებო პრობლემაა ხმელეთის მიმართ ზღვის დონის აწევა. კვლევაში განხილულ პერიოდში [1961-2011 წწ.] ჩატარებული დაკვირვებების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე ზღვის დონის საშუალო ნიშნულის ნაზარდმა 20 სმ-ს გადააჭარბა. დონის რყევადობის ექსტრემალურმა მაჩვენებლებმა 50 სმ-იან წლიურ ამპლიტუდას მიაღწია. შეიცვალა ზღვის დონის რყევადობის წლიური მსვლელობის რეჟიმიც:
„1989 წლამდე შეიმჩნეოდა შემოდგომა-ზამთრის მინიმუმი და გაზაფხულ-ზაფხულის მაქსიმუმი, რაც 2006 წლიდან შეიცვალა ზამთარ-გაზაფხულის მაქსიმუმითა და ზაფხულ-შემოდგომის მინიმუმით“.
2013 წლის შემდეგ აჭარის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა, გაჩნდა მასშტაბური შენობები და მშენებლობების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
დოკუმენტის მიხედვით, ამ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ შემდეგი სახელმწიფო უწყებები: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ენერგეტიკის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ცალკეულ აკადემიურ ინსტიტუტები; აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო; ქ. ბათუმის მერია; აჭარის ა.რ. რეგიონული უწყებები; დამოუკიდებელ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაოს შესრულებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს,
რომელიც დაეხმარა საქართველოს მთავრობას ამ დოკუმენტის მომზადებაში.
რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე.
80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით მიღებული აქვს, თუმცა „დანარჩენი ათი პროცენტით“ მაინც ყოყმანობს. „გული მწყდება იმაზე, რომ დაწყებული საქმეების მიტოვებაც მომიწევს,“ – გვეუბნება პედაგოგი.
ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლა სამინისტროს შემოთავაზებამდე გეგმებში არ ჰქონდა.
„მაინც მინდა მივიღო გამოცდაში მონაწილეობა, რადგან არ მინდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სახელით დავტოვო პედაგოგობა. ბევრი გეგმები მქონდა, წიგნი მაქვს დასასრულებელი, სხვადასხვა წამოწყება და ნაშრომები მქონდა და მინდა ეს დავასრულო,“ – გვითხრა მან.
პროფესიიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო 64 წლის ვიოლა ინაიშვილმა. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია. „გზა უნდა დავუთმოთ ახალგაზრდებს, ჩემი რძალიც პედაგოგია, პატარა ბავშვი ჰყავს და მირჩევნია მე დავრჩე შვილიშვილთან. ოჯახს ასე სჭირდება,“ – გვეუბნება ის. მისთვის სახელმწიფოს შემოთავაზება მისაღებია.
82 წლის ნაზი ნიჟარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. ორი წლის ხელფასის ერთდროულად აღება და სახლში წასვლის შეთავაზების იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სკოლაში მუშაობა ურჩევნია.
„მე პირადად მირჩევნია სკოლაში დავრჩე და ხელფასიც ეტაპობრივად ავიღო. ჯერ ბევრი შესაძლებლობები მაქვს, რომ რაიმე მიჭირდეს, კიდევ ჰო, მაგრამ სკოლის გარეშე ყოფნას ვერ შევეგუები,“ – გვეუბნება ის.
76 წლის ეთერ ნაკაიძე ქობულეთის ქვედა სამების სკოლის დირექტორია. მისი აზრით, პენსიონერი მასწავლებლებისთვის შეთავაზება ღირსეულია:
„ორი წლის ჯამური ხელფასი და დაზღვევა ცუდი არ არის. მე დირექტორი ვარ და თუ მეტყვიან, რომ ჩემი მუშაობით ხელი ეშლებათ, წავალ, საათებს კი დღესაც დავთმობ. მაგრამ, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას, ძალიან ენერგიულად ვარ, მიყვარს შრომა და ვაპირებ საგნობრივი გამოცდების ჩაბარებასაც“.
დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში კიდევ სამი პენსიონერი პედაგოგი ჰყავს და ისინიც დარჩენას და გამოცდების ჩაბარებას აპირებენ.
77 წლის ზურაბ უსტიაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პრაქტიკოსი მასწავლებელია. ის ამბობს, რომ წელს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება სურს და გამოცდების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს, დარჩება პროფესიაში, თუ სკოლას დატოვებს.
ზურაბ უსტიაშვილი ამბობს, რომ ამავე სკოლაში კიდევ მუშაობს სამი პენსიონერი პედაგოგი, თუმცა კოლეგების გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.
81 წლისაა ზურაბ შალიკაძე, კირნათის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. მან სკოლაში 56 წელი იმუშავა და ამბობს, რომ სკოლის დატოვება გაუჭირდება, თუმცა ორი წლის ხელფასის აღების და სქემიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „მალე დავწერ განცხადებას და წავალ,“ – გვითხრა მან.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 80 წელს გადაცილებული 224 მასწავლებელი მუშაობს, 71-80 წლის ასაკის კი – 2 501 მასწავლებელი.
საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საქართველოს განათლების მინისტრმა 13 მაისს გააჟღერა. ახალი პირობების მიხედვით, პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც ორჯერ მცდელობის შემთხვევაში ვერ შეძლებს დაამტკიცოს საგნობრივი კომპეტენცია, ვეღარ დარჩება პროფესიაში.
ამ კატეგორიის მასწავლებლებს სამინისტრო ორი წლის ხელფასის ჯამურად აღებას და სკოლიდან წასვლას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგი ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას და სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მას უფლება აქვს, დარჩეს პროფესიაში.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ამტკიცებს პროფესიულ კომპეტენციებს და მაინც არ სურს სკოლის დატოვება, გადაწყვეტილებას იღებს სკოლის ადმინისტრაცია.
თუკი კონკრეტული საგნის მასწავლებელი სკოლას არ ჰყავს, ამ შემთხვევაში დირექტორს შეუძლია ასეთი პედაგოგი ხელშეკრულებით ამუშაოს.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პროფესიიდან გასვლის ან დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პედაგოგებმა 2019 წლის ბოლომდე უნდა მიიღონ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სექტემბრიდან მასწავლებლის ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.
_____________
მთავარ ფოტოზე: 82 წლის ნაზი ნიჟარაძე გაკვეთილზე. ფოტო: „ბათუმელები“
თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 400-მდე მსურველის მიღებაა შესაძლებელი.
პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge.
პირველ ეტაპზე პროფესიულ გადამზადება-მომზადებას მსურველებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს სახელმწიფო. „ივნისიდან კი მოკლევადიან პროგრამებს სხვადასხვა სფეროში კერძო კომპანიებიც შესთავაზებენ“.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები.
დღეს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი მარიამ კორინთელი გამოჩნდა და მგზავრებს თამარ მეფეზე ესაუბრა.
მარიამი მგზავრებს “მკითხე მოამბედ” გაეცნო და თამარ მეფის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები შეახსენა. “მკითხე მოამბეს” გვერდი Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.
როგორც ჩანს, ამ კამპანიის ფარგლებში, კიდევ ბევრ საინტერესო მოვლენას შევესწრებით.
კამპანია 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” თანამშრომლობით კეთდება
მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით თანამშრომლად დასაქმება და 220 ლარი ხელფასი ნეპოტიზმი? – ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, გია აბულაძეს ვკითხეთ.
ბატონო გია, თქვენ არ გაემიჯნეთ თქვენი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ლექსიკას. გამოდის, იზიარებთ ლიდერის ამ მიდგომას?
მე რაც ვნახე, იქ იყო საუბარი ნეპოტიზმზე. ნეპოტიზმი „ქართული ოცნებისთვის“ არახალია. ყველა კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობა ასახელებს „ოცნების“ სამ მთავარ პრობლემას, ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი. მან ისაუბრა ნეპოტიზმზე და ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც თითქოს ყველაზე გულმხურვალე დეპუტატია. სინამდვილეში ცხრა პარტიას იცვლის და ვითომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება, ეს ჩვენი დიდი შეცდომა იყო…
დავაკონკრეტოთ, რა არის ნეპოტიზმი?
მან თქვა, რომ მისი ცოლი არის დასაქმებული სამხატვრო გალერეაში. ეს გალერეა რომ აიტაცეს და ფაბრიკაცია მოახდინეს „ოცნების“ აქტივისტებმა, ამ გალერეას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იყო გეგმაც, რომ მიმდებარე ტერიტორია უნდა მოწყობილიყო, როგორც სიღნაღი. ეს ერთგვარი ტურისტული ცენტრი უნდა გამხდარიყო.
„რას ნიშნავს ხულოს სამხატვრო გალერეა“? – ეს იკითხა მიხეილ სააკაშვილმა და რამდენჯერმე გაიმეორა, ვიდრე დარბაზში არ გაიცინეს. ადამიანებმა ეს გაიგეს, როგორც დაცინვა. თქვენ როგორ გაიგეთ?
არა, სიცილის შემდეგ თქვენ ნახეთ მეორე ნაწილი. ის ამბობს, რომ ეს სასაცილო არ არის და ხულოში ცხოვრობს ძალიან კარგი და ძალიან მაგარი ხალხი, მათ შორის, პროფესორები, აკადემიკოსიც… მან გალერეაზე ძალიან თბილად ისაუბრა. ვინ და მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად ძალიან კარგად იცის ხულო და არაერთხელ არის იქ ნამყოფი. ხულოში თუ რამე არის გაკეთებული, მისი ინიციატივით არის გაკეთებული და დაწყებული, იგივე გოდერძი…
თქვენი ლიდერის კონკრეტული ფრაზა შეაფასეთ: „სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“
ეს მან იკითხა ნეპოტიზმის კონტექსტში, რომ ხულოს სამხატვრო გალერეაშიც კი, სადაც სულ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, იქაც ნეპოტიზმია.
რატომ არის ეს ნეპოტიზმი, შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ?
არ არის, თქვენ როგორ ფიქრობთ? ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში არის დასაქმებული.
ასე თქვენი მეუღლეც მუშაობდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, როცა თქვენ განათლების მინისტრი იყავით.
უკაცრავად, მაგრამ ის ჩემი მუშაობის დროს და ჩემი მინისტრობის გავლენით არ დასაქმებულა.
რით დასტურდება, რომ ანზორ ბოლქვაძის გავლენა დასჭირდა მის ცოლს, რომელიც ოფიციალურად სასტუმროს ფლობს, ხოლო გალერეაში მისი ხელფასი 220 ლარია? ფიქრობთ, რომ არის ნეპოტიზმი?
ნეპოტიზმი ხელფასის რაოდენობით განისაზღვრება? ნეპოტიზმის განმარტება არის ის, რომ შენი პირადი პოლიტიკური გავლენით ადამიანს ასაქმებ. იქ არ წერია, ხელფასი 100 ლარი უნდა იყოს, 200 თუ 300… მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ნეპოტიზმზე, რომ მცირებიუჯეტიან ორგანიზაციასაც კი პირადი ინტერესებისთვის იყენებენო, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის საუბრის კონტექსტი.
„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით ჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, – თქვა მან. იყო თუ არა ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი?
ზეპირად მე ყველა ნაწილს ვერ გეტყვით. ის, რაც ნებისმიერისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და სხვა ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი, შეურაცხმყოფელია ჩემთვისაც. მე ახლა ყველა ზეპირად არ მახსოვს… თუ შეურაცხმყოფელი იყო, ეს სასიამოვნო არ იქნებოდა. ეს იყო ერთსაათიანი გამოსვლა და თავიდან ბოლომდე არ მინახავს. კონკრეტულად ეს ფრაზა მე არ მომისმენია. ვერ მოვიცალე, თავიდან ბოლომდე მენახა.
იქნებ ნახოთ მაშინ და შემდეგ გვითხრათ, ემიჯნებით თუ არა. არ არის დამაჯერებელი, რომ თქვენ სააკაშვილის საუბრის ამ მონაკვეთიდან 30 წამს მოუსმინეთ და დანარჩენ 30 წამს -არა.
კი ბატონო, ვნახავ და შევაფასებ, მაგრამ სოფელ თხილვანაში მივდივარ ახლა… თვითონ ანზორ ბოლქვაძემ რომ სიძულვილის ენით ისაუბრა იგივე ხულოს მცხოვრებლებზე, როცა გია ხალვაშს უთხრა, ვიღაც ლოთს რაღაცას აკეთებინებო, ესეც სიძულვილის ენაა ხო?… იქნებ ეს თავად ანზორ ბოლქვაძესაც ჰკითხოთ. ახლა დადებითად ვერ დაახასიათებდა მიხეილ სააკაშვილი იმას, რაც ანზორ ბოლქვაძემ გააკეთა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა თუ იყო გამოყენებული, ეს სასიამოვნო არ იქნებოდა. ჩემი პოზიცია არის ეს.
ჩვენ გვაინტერესებს, ემიჯნებით თუ არა ლიდერის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ლექსიკას. ასე ნებისმიერი მოქალაქე ამბობს, რომ შეურაცხყოფა მიუღებელია. თქვენ, როგორც პოლიტიკოსს, გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვამბობ, რომ თუ იქ იყო რამე შეურაცხმყოფელი, მათ შორის, ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც მე დიდად არ მომწონს, ეს არ იქნებოდა სასიამოვნო.
თქვენმა კოლეგამ, ასმათ დიასამიძემ, სატელევიზიო კომენტარში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირიქით, მოეფერა ხულოს მოსახლეობასო.რას ნიშნავს „მოეფერა“? თქვენ ფიქრობთ, რომ მოსახლეობას პოლიტიკოსების მოფერება სჭირდება?
აბა, ცუდი უნდა ელაპარაკოს?… პოზიტიურად დაახასიათა. არ ვიცი, რას ეძახით მოფერებას. ადამიანი როცა პოზიტიურად აფასებს, მოფერება არ არის?… პოლიტიკოსებისთვის მოსახლეობასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აბა, ხელისუფალი თუ მოსახლეობას აკრიტიკებს, იმას ხელისუფლებაში რა უნდა?
ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მიუნხენში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იქნა, დარბაზს სიცილი „გამოსძალა“, როცა მესამედ იკითხა – „ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?“ ეს იყო ასე, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცენ ამ სიტყვებს, სააკაშვილი ამას გულისხმობდა და ამაზე გაიცინა დარბაზმა. საერთოდ ასე ხდება, ბრიყვს მიუნხენის დარბაზში დასვამ თუ ვენის – ბრიყვი ბრიყვია. არსებობს ასეთი გამოსვლები, წინადადებაც კი, რომელიც სრულად აჩენს ადამიანის ყველა „ფასეულობას“ და ეს ასეთი გამოსვლა იყო. ამ დღეს ჩვენ ვნახეთ დეკვალიფიკაციის პროცესის ალბათ ერთ დიდი ეტაპის დასასრული. სინამდვილეში სააკაშვილმა მეტი თქვა საკუთარ თავზე, ვიდრე სხვაზე. ზუსტად მსგავსი ასოციაციები ახასიათებთ უკულტურო ადამიანებს, მათი გზა გადის სხვათა დამცირების მცდელობაზე.
ეს მაშინ არის განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი, როცა ამას ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს, როცა ნათელი ხდება, როგორ უყურებდა იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ყველა გაგებით უმნიშვნელოვანეს კუთხეს.
ჩემი ეს მოსაზრება არ ისახავს მიზნად მის მომხრეებს რაიმე ახალი ვუთხრა, ეს უსარგებლო შრომა იქნება. ჩემი მიზანია ხულოს ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ერთადერთი განცდა და ემოცია, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ, არის სიამაყის განცდა მათი წინაპრების გამო, რომელთაც ილიას და ექვთიმეს დარი საქმეები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული საუკუნეების მანძილზე. ადამიანთა კულტურის ყველაზე ნათელი გამოვლინება მათი ენაა, რა ენით მეტყველებენ, როგორც შინაარსობრივად, ასევე რამდენად ჰუმანურია ეს ენა სხვათა მიმართ, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა ყველაზე მაღალი კულტურის მანიშნებელია და ამაში ხულოელები ბევრად წინ არიან სხვებზე.
სააკაშვილმა ვერ დააკავშირა ხელოვნება და ხულო, მაგრამ ვერ დააკავშირა საკუთარ „ღირებულებათა“ სისტემაში, იმიტომ, რომ ხულოს კულტურა მისთვის შორსაა. მისთვის, ზოგადად, მთის კულტურაა შორს, უფრო სწორად ყველაფერი შორსაა, რაც მის მსახურებას არ გულისხმობს.
სააკაშვილისგან შორსაა აბუსერისძე ტბელი, ვაჟა-ფშაველა, არც ალექსანდრე ყაზბეგის ფარაშია მისი ადგილი. ის სხვა ტიპის „კაცია“, მას აქვს ემოცია, რომელიც საზრდოობს არა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, არამედ ასეთი დევიზით – „სხვის მომხრეს აქვს სუნი“. ეს განცხადება იყო ფსკერი – ამაზე ქვემოთ არაფერია, ამაზე ქვემოთ მხოლოდ სიტყვების ავტორია.
ბევრი სიკეთის მიუხედავად, სოციალურმა ქსელმა თავისი როლი შეიტანა იმაში, რომ ადამიანები ერთმანეთს ქვებს ესვრიან, მძიმე ქვებს და გამეტებით, ის სინამდვილეში არაფრით არ არის „ჩაქოლვაზე“ ნაკლები, უფრო მეტია, უფრო საჯაროა. თუმცა აქვს უდიდესი პოზიტიური მხარე, აზრის გამოხატვის ასპარეზი, რომელიც არის პრაქტიკულად თანამედროვე ტექნოლოგიების პალიტრაში უალტერნატივო და აუცილებელი, თუმცა გარკვეული წესების დაცვით, წესებისა, სადაც ადამიანის უფლებების და ღირსების ხარჯზე არაფერი არ უნდა ხდებოდეს.
სოციალურ ქსელში მოასპარეზეთა რეაქცია ზემოაღნიშნულ თემაზე, სადაც ერთად იყო ყველაფერი, ადამიანის ღირსების შელახვა, მთელი კუთხის შეურაცხყოფა, რეაქცია ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონეთა მხრიდან იყო ნეიტრალური, ან იუმორით გაჯერებული. სინამდვილეში ხალხი, რომელიც მზად არის „მსუბუქი მოუწესრიგებლობის“ გამო გამოთქვას აზრი როგორც „ექსპერტმა“, ასეთ მნიშნელოვან თემას ადამიანის უფლებათა ჭრილში არ განიხილავს. ამ დროს ეს იყო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური ლიდერის და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან და ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს საკითხს.
დასაწყისში აღვნიშნე, რომ ჩემი მოსაზრება ახალგაზრდებისთვის იწერება, რომელთა პირველი რეაქცია არის გაბრაზება. ეს ბუნებრივია, მაგრამ მარტივი ინსტიქტია, ასეთ განცხადებებს არ ექნება ადგილი ან კრიტიკულად შემცირდება, თუ სერიოზულად არ ავყვებით, მაგალითად, ისეთ მოსაზრებებს, როგორებიცაა ქალაქს და სოფელს შორის უპირატესობის მინიჭება ქალაქის სასარგებლოდ, თუ ქალაქები, მუნიციპალიტეტები და უბნები ჩვენს აზროვნებაშიც არ დაიყოფა პრიორიტეტულობის მიხედვით, თუ არ მოგვეწონება აღდგომის დღესასწაულზე დაცლილი ქალაქები (იუმორს არ ვგულისხმობ, თუმცა მასშიც დიდია სნობიზმის წილი). ყველაფერი რაც ყოფს, ყველაფერი რაც დისკრიმინაციულია, ყველაფერი რაც სათავეშია მრუდე, არ შეიძლება შედეგით იყოს კეთილი.
სააკაშვილის ამ განცხადებას უკვე აქვს პოლიტიკური ფასი და ეს ფაქტია – დამარცხდება ყველა, ვინც მარტო დარჩება საკუთარ სურვილებთან, ვნებებთან, ვისაც არ ექნება თვითშეზღუდვის მექანიზმები, ვინც ბოლომდე აიშვებს, პიროვნება იქნება თუ სახელმწიფო, შედეგი იქნება ერთი, იგი დამარცხდება.
რაც შეეხება ხელოვნებას, მეცნიერებას და კულტურას კონკრეტულად ხულოში. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, სხალთა-ხიხაძირის ხეობის მკვიდრმა ტბელ აბუსერისძემ 1223 წელს შეადგინა ასტრონომიული კალენდარული, ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი. მკითხველი ალბათ იფიქრებს, სად განცხადების ავტორი და სად ასტრონომიაო და მართალიც იქნება, თუმცა ეს ის საუკუნეებია, რელიგიური განსხვავებულობის გამო, შუაგულ ევროპაში იქვე ახლოს, სადაც სააკაშვილმა ხულოს სამხატვრო გალერეა დაუწუნა, ხალხს სიკვდილით სჯიდნენ.
კულტურით, შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, სტუმართმასპინძლობით არავისზე ნაკლები ხალხი არ ვართ. ერთი კი გვეშლება აშკარად, კაცს პრეზიდენტად ავირჩევთ და ხანდახან ისეთს, შენი სახლის ზრღურბლს რომ გადააბიჯებს, ნამასპინძლევი და გამომძღარი, მერე შიგნით რომ შემოგვაფურთხებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში, – 15-17 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 18 -23 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს, 17-18 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
თიბისი ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი კომპანიის, სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა.
იურკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად განვითარებად ბაზრებზე მოქმედი კომპანიების: აფრიკის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საინვესტიციო ფონდის, ექსპო ბანკისა (EXPO Bank) და ეფაი ბანკის (FI Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იურკი კოსკელო ამავე დროს არის ინვესტ სოლარის (ბოტსვანაში მზის ენერგიაზე ფოკუსირებული საინვესტიციო ფონდის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
აღნიშნული პოზიციების დაკავებამდე, იურკი კოსკელო 24 წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილია. 2000 წელს იურკი კოსკელო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2004 წელს – გლობალური ფინანსური ბაზრების დირექტორად, 2007 წელს – ვიცე-პრეზიდენტად და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ტოპ მენეჯმენტის კომიტეტის წევრად, 2011 წელს კი გენერალური დირექტორის საგანგებო მრჩევლის პოსტს იკავებდა.
იურკი კოსკელო ფლობს სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს, ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (MIT), ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს სამოქალაქო ინჟინერიაში (M.Sc.).
„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა,“ – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე, სადაც ის შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, ყოფილ თანაპარტიელს „დეგრადირებული დეპუტატი“ უწოდა. შეხვედრა ემიგრანტებთან გერმანიაში, მიუნხენში შედგა.
„…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი. მის ამ განცხადებას აუდიტორიაში სიცილი მოჰყვა.
ანზორ ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ცოლის სასტუმროს დატოვება ხულოში 7 მაისს მოსთხოვა. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ანზორ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ცოლი ნამდვილად მუშაობს ხულოს სამხატვრო გალერეაში, ეს საქველმოქმედო საქმეა და მისი ცოლის ანაზღაურება მხოლოდ 220 ლარია.
საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს.
ანეტა
ანეტა ბოლქვაძე
ანეტა რვა წლისაა, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ანეტას სმენის დარღვევა აქვს. ამის გამო ის არც საბავშვო ბაღში წაუყვანიათ და არც სკოლაში დადის. სმენის პრობლემა აქვთ ანეტას მშობლებსაც, ბავშვი და მშობლები ჟესტურ ენას არ ფლობენ. ისინი ერთმანეთთან თვითნასწავლი – სხეულის ენით კონტაქტობენ.
ანეტა ბოლქვაძის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. ამიტომ მასზე ზრუნვა ძირითადად ბებიას – მანანა ბოლქვაძე უწევს. ის წუხს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, შვილიშვილს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და მისი სპეციალურ სკოლაში წაყვანა ვერ შეძლო. ამის გამო ანეტამ წერა-კითხვა არ იცის. ანეტა ვერც ჟესტურ ენას ფლობს. ბებია ამბობს, რომ ბავშვის საჯარო სკოლაში მიყვანას აზრი არ აქვს, რადგან სკოლებს არ ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან კომუნიკაციას შეძლებენ. ამიტომ, რადგან „ანეტა კლასში ტყუილად ზის“- ბებიას ის სკოლაში აღარ დაჰყავს.
ერთი წლის წინ ბებიამ შვილიშვილი ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში მიიყვანა. ამ სკოლაში ინკლუზიური ჯგუფი მოქმედებს. ანეტამ ამ სკოლაში 6 თვე იარა, რადგან უსახსრობის გამო ბებიამ ისევ სოფელში დააბრუნა.
„წელს მეუღლე მყავს ძალიან მძიმედ, წამლის ფულისთვის თურქეთში სამუშაოდ ვიყავი და ბავშვის ბათუმში ჩამოყვანა ვეღარ შევძელი“, – გვიყვება გოგონას ბებია. მას სურს, ანეტა არ დარჩეს სკოლის და განვითარების გარეშე, მაგრამ ამაში ხელს არც სახელმწიფო უწყობს და არც სოციალური მდგომარეობა. „მინდა, რაღაც პირობები შევუქმნა, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ“, – გვეუბნება ის.
რადგან ანეტას კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ადრეულ ასაკში არავის უზრუნია, მას ხალხმრავალი ადგილები აფრთხობს და ხშირად ტირილს იწყებს. ანეტამ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები რომ დაძლიოს, აუცილებელია სპეციალურ სკოლაში სწავლა, რომელიც მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია. სოფელში მცხოვრებ ოჯახებს კი ხშირ შემთხვევაში არ ეძლევათ შესაძლებლობა ბავშვები სხვა ქალაქებში დიდი ხნით გაგზავნონ.
როგორც ბებია ამბობს, ამ რვა წლის განმავლობაში ანეტას ბედით არავინ დაინტერესებულა. არც თვითმმართველობა, არც სოციალური სამსახური, არც განათლების და ჯანდაცვის სისტემა. სახელწიფო ანეტას არსებობას ვერ ამჩნევს.
ლუკა
ლუკა მახარაძე
ლუკა მახარაძე 14 წლისაა. ანეტას მსგავსად ლუკაც სოფელში იზრდება. მის განვითარებაზე დღემდე არავინ ზრუნავს. მას არ აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს ჟესტური ენა, მიიღოს ამ ენაზე განათლება, წეროს, იკითხოს და შეძლოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
ლუკა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს.
„სკოლაში არ უვლია, რადგან აზრი არ ჰქონდა. ბავშვს საერთოდ არ ესმის და ვერც მეტყველებს. სოფლის სკოლაში სპეციალისტები არ ჰყავთ, იქ ლუკა ვერაფერს სწავლობს“, – გვეუბნება დედა, მარგო ფუტკარაძე.
დედის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ლუკას თბილისში, სპეციალურ სკოლაში გადაყვანა იყო, თუმცა ამის ფიანანსური რესურსი არ ჰქონდა. ახლა როცა ლუკა უკვე 14 წლის გახდა, სპეციალურ სკოლაში მისი წაყვანის შესაძლებლობა არც ახლა აქვს. დედა იმაზეც წუხს, რომ შვილთან სრულფასოვან კომუნიკაციას ვერც თვითონ ახერხებს, რადგან ჟესტური ენა არც ლუკამ იცის, არც მისმა და-ძმამ და მამამ.
„ჩვენთან იზრდება და, ბუნებრივია, რაღაცებს ხვდება, მაგრამ ჟესტების ენა რომ იცოდეს და ჩვენც ვფლობდეთ, უკეთესად გავუგებდით ერთმანეთს“-გვეუბნება დედა.
ლუკა მახარაძეს სმენის აღდგენის მიზნით, ოპერაცია არ გაუკეთებია.
„ჟესტურ ენაზე მინდოდა მეტარებინა, მაგრამ არ მომეცა საშუალება, თბილისში რომ წამეყვანა, შაბათ-კვირას სახლში ვერ მოვიყვანდი. ბათუმში რომ ყოფილიყო მსგავსი სკოლა, დაუფიქრებლად ვატარებდი“, – გვეუბნება ის.
საჯარო სკოლები – დახურული სივრცე სმენისარმქონე ბავშვებისთვის
ანრი ხაბაძე 16 წლისაა და სმენადაქვეითებულია. სამი წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა და სმენა დაკარგა. ოჯახმა გვიან შენიშნა პრობლემა, ამიტომ სმენის აპარატიც დაგვიანებით, 11 წლის ასაკში გაუკეთეს.
ანრი ჟესტების ენას არ ფლობს. ის ამბობს, რომ აპარატმა სმენა გაუუმჯობესა, თუმცა ჟესტური ენა რომ იცოდეს, უფრო მეტს მიაღწევდა.
ანრი ხაბაძე
სკოლაში, სადაც ანრი სწავლობს, სმენის დარღვევის მქონე სხვა ბავშვებიც დადიან, თუმცა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მინიმალურია.
„წერა-კითხვა კარგად არ ვიცი, თუმცა გადმოწერა შემიძლია. მინდა, გაკვეთილზე ჩემი აზრი გამოვხატო, სასწავლო პროცესში ჩავერთო, მაგრამ არ გამომდის. რადგან კარგად ვერ ვსაუბრობ, თანაკლასელებთან მეუხერხულება“, – გვეუბნება ანრი.
ანრის სპეციალურ სკოლაში არ უსწავლია. დედა, ნესტან საკანდელიძე ამბობს, რომ შვილის სხვა ქალაქში გაგზავნა არ შეუძლია.
ანრი ცდილობს საკუთარი სამყარო თავადვე გაამრავალფეროვნოს. მულტფილმებს ახმოვანებს თავისებურად და ინტერნეტში ათავსებს. სწავლობს ხატვას და დადის სპორტზე. თუმცა დედა, ანრის დისკრიმინაციაზე საუბრობს. „კალათბურთს თამაშობს და ძალიან კარგი მიღწევები აქვს, მაგრამ რადგან სმენის პრობლემების მქონეა, შეჯიბრებებზე არ დაჰყავთ. ბევრჯერ მიმანიშნეს, რომ ამის გამო ვერ ათამაშებდნენ ნაკრებში“.
ანრის დედა უკმაყოფილოა განათლების არსებული სისტემითაც. მისი აზრით, სისტემა სმენადაქვეითებული ბავშვების სასარგებლოდ არ მუშაობს. „ვერ სწავლობენ, განათლებას ვერ იღებენ. წერა-კითხვა საერთოდ არ არის, თუ ბავშვმა ეს არ იცის, როგორ განვითარდება? რას ეძახიან განათლებას, მაჩვენონ რას მიაღწიეს,“ – კითხვას სვამს ის განათლების სამინისტროს მისამართით.
დედის აზრით, განათლების სამინისტროს პოლიტიკა სსმ ბავშვებთან მიმართებაში ფასადურია: „მოვლენ, რაღაც საჩუქრებს მოუტანენ, გადაიღებენ ფოტოებს, ისე წარმოაჩენენ, თითქოს რაღაც კეთდება სკოლაში ამ ბავშვებისთვის, სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფასადური“.
ოჯახს მიღმა – ცხოვრება სკოლა-პანსიონში
ლინდა 15 წლისაა. ის ორი წელია, რაც ბათუმიდან ქუთაისის სმენადაქვეითებულთა პანსიონში გადავიდა საცხოვრებლად. ლინდა განიცდის ოჯახისგან შორს ყოფნას, თუმცა ამბობს, რომ განათლების გამო მას ამ განცდების გადატანა უღირს.
სმენის დარღვევის მქონე ბავშვების ფასადური განათლება
„ბათუმელები“ ბათუმის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო გარემოს გაეცნო.
მეოთხე საჯარო სკოლაში სამი სმენადაქვეითებული მოზარდი სწავლობს. ნინი 18 წლისაა და მერვე კლასშია, ის კოხლეარულ იმპლანტს ატარებს, რომელიც პედაგოგის ლალი ჯაფარიძის თქმით, დაახლოებით 13 წლის ასაკში ჩაუსვეს. „ამის გამო ბავშვის განვითარება შეფერხდა“.
ნინის შეუძლია წარმოთქვას გარკვეული სიტყვები, შეუძლია გადმოიწეროს წიგნიდან, დაწეროს თავისი სახელი და გვარი, წაიკითხოს კიდეც, თუმცა წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. „სწავლობს ანგარიშსაც ასის ფარგლებში, თუმცა ისე ვერა, როგორც მისი თანატოლები“, – გვეუბნება პედაგოგი.
სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე გაკვეთილზე
ინკლუზიურ ჯგუფში სმენადაქვეითებული ბავშვები ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას და არ ხდება მათი სრულფასოვანი განვითარება, ამას პედაგოგიც აღიარებს. ამის მიზეზად კი სკოლა მშობლების დაგვიანებულ რეაქციებს ასახელებს.
„ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ოპერაცია უშველის ბავშვს და წინააღმდეგია ჟესტური ენის სწავლების. როცა წლები გადის და შედეგი არ არის, შემდეგ უკვე ბავშვის განვითარება დაგვიანებულია“.
თუმცა, რომც იცოდნენ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს საჯარო სკოლებში ჟესტურ ენაზე სწავლა არ შეუძლიათ, რადგან სკოლის სპეცმასწავლებლები ჟესტურ ენას არ ფლობენ და ამას მათ არც სახელმწიფო სტანდარტი ავალდებულებს.
„მე ჩემი ინიციატივით დავიწყე სწავლა და ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლო, რადგან ეს მათ ეხმარება ინფორმაციის გაცვლაში,“- გვეუბნება ლალი ჯაფარიძე.
იგივე მდგომარეობაა 26-ე საჯარო სკოლაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ინკლუზიური სწავლების ჯგუფი ცალკე არსებობს და სმენის დარღვევის მქონე ბავშვები სხვა კლასებშიც სხედან, პედაგოგებს მათთან ჟესტურ ენაზე კომუნიკაცია არ შეუძლიათ.
ჟესტური ენა არც ბავშვებმა და მოზარდებმა იციან. დაგვიანებული განვითარება და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდების მომავალს.
„ამ ბავშვებს შეუძლიათ პროფესიული განათლების მიღება, მაგრამ აქაც ხვდებათ პრობლემა, რადგან თეორიული ნაწილი რომ აითვისონ, ჟესტური ენა უნდა იცოდნენ“, – გვეუბნება ლალი ჯაფარიძე.
ინკლუზიური ჯგუფი ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში
სმენადაქვეითებული ბავშვები და სახელმწიფო პოლიტიკა
საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ორ სპეციალურ სკოლაში, რომლებიც მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში არსებობს, დაახლოებით ათასამდე სმენადაქვეითებული ბავშვი სწავლობს.
განათლების სამინისტრო აღიარებს პრობლემას და ამბობს, რომ საჯარო სკოლებში ეს ბავშვები ვერ ვითარდებიან სათანადოდ, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორებას უახლოეს მომავალში ვერ ხედავს.
განათლების სამინისტრომ მხოლოდ წელს დაიწყო მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს როდის და როგორ უნდა დაიწყოს სმენადაქვეითებული ბავშვების განათლებაში ჩართვა.
„სანამ არ იქნება პოლიტიკის დოკუმენტი და არ გაიწერება პასუხისმგებლობები სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის, სხვანაირად ვერაფერს ვერ ვიზამთ, შედეგი არ იქნება,“- ამბობს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი, ეკა დგებუაძე.
მისი თქმით, საჯარო სკოლებში ჟესტური ენის სწავლება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ქვეყანას არ ჰყავს ჟესტური ენის მცოდნე სპეციალისტები აკადემიური დიპლომით: „ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ გვიჭირს სმენისარმქონე ბავშვების ინტეგრაცია.“
ეკა დგებუაძე ამბობს, რომ სამინისტროს მიზანია, პრიორიტეტული გახადოს ჟესტური ენა და „გამოვზარდოთ სპეციალისტები. გვინდა, სასერტიფიკატო პროგრამები საუნივერსიტეტო დონეზე გავაკეთოთ. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ცნობიერების ამაღლებისა და სმენადაქვეითებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნასაც“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი მზია მელაძე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ სმენისარმქონე მოზარდებს და დაინტერესებულ პირებს ჟესტურ ენას ასწავლის. ის ცდილობს მოიპოვოს ხელისუფლების მხარდაჭერა იმაში, რომ სმენისარმქონე მშობლებისა და მათი შვილებისთვის სპეციალური პროგრამა გააკეთოს. ის ასევე საუბრობს რეგიონებში სპეციალიზებული სკოლების არსებობის აუცილებლობაზე.
საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელის მაია მეტონიძის თქმით, კარგია, რომ სახელმწიფომ ადრეულ ასაკში გამოვლენის მიზნით სკრინინგის პროგრამები დანერგა, თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მითები, რომ „თუკი ბავშვს ჟესტურ ენას ვასწავლით, მას სმენა არ განუვითარდება და მშობლები უარს ამბობენ ჟესტური ენის სწავლაზე, რაც ბუნებრივია არასწორია.“
მაია მეტონიძის აზრით, თუკი სკრინინგით გამოვლინდა სმენის დარღვევა, ჟესტური ენის სწავლება ყველა ბავშვს დაბადებიდან სჭირდება.
მისი თქმით, მშობლებს არ აწვდიან სათანადო ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებები იმის თაობაზე, რომ კოხლეარული იმპლანტის გაკეთების შემთხვევაშიც კი შესაძლოა ბავშვს სმენა არ განუვითარდეს. „ამასობაში გადის დრო და ბავშვი ვერ იძენს იმ აუცილებელ კოგნიტურ უნარებს, რომელიც საჭიროა მისი გონებრივი განვითარებისთვის“.
სახელმწიფო ზუსტ სტატისტიკას არ აწარმოებს
სახელმწიფომ არ იცის, რამდენი სმენადაქვეითებული ბავშვი და მოზარდი ჰყავს ქვეყანაში, რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ კუთხით ზუსტ სტატისტიკას აწარმოებს.
ეს ინფორმაცია მოცემულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ უწყებების დონეზე, თუმცა ზუსტი მონაცემები სმენისარმქონე პირების შესახებ სახელმწიფოს არ აქვს.
ქობულეთი – ბათუმის ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოყირავებული ავტომანქანა აქვს განთავსებული კამპანიის ფარგლებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ომსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.
სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა.
ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.
რა უპირატესობით გამოირჩევა თიბისი დაზღვევა
[checklist]
კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები
ნაკლები გამონაკლისები
თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში
საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში
[/checklist]
მომხმარებელი მიიღებს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრულველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ დ ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები.
ვინ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით
ორგანიზაციებს შეუძლიათ დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც დაუზოგავს მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს.
სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით.„კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ – არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.
რა მომსახურებას შესთავაზებს თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს
[checklist]
24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე 2 41 11 11
ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge
სასწრაფოს გამოძახება
ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით
პროფილაქტიკური კვლევები
გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია
გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება
საზღვარგარეთ მკურნალობა
მედიკამენტების ანაზღაურება
გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება
[/checklist]
ანაზღაურების პირობები
მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოები იგეგმება, რის გამოც ღამით, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში.
გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. „გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ, წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,“ – წერს „ბათუმის წყალი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი “კოკაინი” და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.
კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია.
13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ.
წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების მიხედვით, კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდები განიხილავენ ფილმებს. დისკუსია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანია, მოზარდ კრიტიკოსთა ახალი თაობის აღზრდა და განვითარება.
ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტს – კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ ტრენინგები და მასტერკლასები მსოფლიო დონის რეჟისორებთან, მსახიობებთან და მომღერლებთან გაიარონ.
წელს კონკურსის წესები მცირედით შეიცვალა და გამარჯვებულებს წინა წელს გამარჯვებული მოზარდები ავლენდნენ.
„ჯიფონში ჩასვლის დროს ოჯახებში ვიცხოვრებთ. დაახლოებით 8-10 დღე დავრჩებით, ვუყურებთ ფილმებს და განვიხილავთ. იქნება დაჯილდოებაც სხვადასხვა ნომინაციაში. ბოლოს კი რამდენიმე ცნობილ მსახიობს შევხვდებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ტაბიძე.
„კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა, გასაუბრების პრინციპი საკმაოდ ადვილია, თანატოლების გარემოცვაში ნერვიულობის მიზეზი საერთოდ არ გაქვს და თავს გახსნილად გრძნობ. ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურეთ, რის ირგვლივაც დისკუსია გავმართეთ. გავიმარჯვე და მივიღე დაფინანსება კინოფესტივალზე დასასწრებად“, – გვეუბნება თინათინ დოლიძე.
თინათინ დოლიძე სკოლა „ნიკეში“ სწავლობს, თამარ ტაბიძე კი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია.
მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი თუ – პირიქით.
მეათე საუკუნის საქართველო ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამ საკითხის როგორც თეოლოგიურ, ისე ისტორიულ საფუძველს განმარტავს. მისი თქმით, „წილხვდომილობა“ როგორც ასეთი, თეოლოგიური თვალსაზრისით, არ არსებობს, რადგან „ძველი აღთქმის მიხედვით გამორჩეულმა ებრაელმა ერმა ვერ იცნო განკაცებული ღმერთი ქრისტე. პირიქით, ჯვარს აცვეს ის, რის გამოც მან დაკარგა გამორჩეულობის, პირმშოობის პატივი და ამის შემდეგ, არც ერთი კონკრეტული ეთნოსი, ერი, ქრისტიანობაში გამორჩეული არ არის,“- გვეუბნება ის.
თეოლოგის განმარტებით, ამაზე ყველაზე ნათლად მიანიშნებს სახარებიდან პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ, სადაც საუბარია, რომ „აღარ არის აღარც იუდეველობა, აღარ ელინობა, აღარ ქალი, აღარ კაცი, არამედ ყველანი ერთი ვართ ქრისტეში“. მირიან გამრეკელაშვილის თქმით, შეუძლებელია, ღვთისმშობელი იყოს რომელიმე კონკრეტული ეროვნების, ეთნოსის მფარველი, „რადგან ეს დააკნინებდა ქრისტიანული თეოლოგიის უნივერსალისტურ ხასიათს“.
რაც შეეხება ისტორიულ კონტექსტს, გამრეკელაშვილის თქმით, არსებობს კვლევები, მათ შორის ქართველი მეცნიერების, რომელიც აღწერს იმ პერიოდს, დაახლოებით მე-10 საუკუნეში, როცა ქართველები პირველად შევიდნენ შეხებაში ბერძნულ ქრისტიანულ კულტურასთან.
მირიან გამრეკელაშვილი
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი ქრისტიანული ქვეყნების კლუბი, ეს იყო დაახლოებით ისეთივე გაერთიანება, დღევანდელი ნატო და ევროკავშირი რომ წარმოვიდგინოთ. აქ გაერთიანებული იყო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნები, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა და შემდეგ ჩამოაყალიბეს დაწინაურებულ სახელმწიფოთა ალიანსი. ქვეყანა, რომელიც მიიღებდა ქრისტიანობას ავტომატურად, ამ ქვეყნების თანასწორი წევრი ვერ ხვდებოდა. იგივე „ქართლის ცხოვრებაში“, მირიან მეფე როცა იღებს ქრისტიანობას, ეს არ არის საკმარისი ბიზანტიასთან კავშირის დასამყარებლად. ის აგზავნის ჯარს, ჩრდილოეთ კავკასიაში და ამით ცდილობს თავისი შენატანი გააკეთოს ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში“.
თეოლოგის თქმით, როდესაც ქართველები შევიდნენ ბერძნულ კულტურასთან ახლო მიმოცვლის პროცესში, ბერძნებს პრობლემა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის ქართული ენა, ხატწერა, გალობა და ა.შ იყო კულტურულად სრულიად სხვა და უცხო მოვლენა. „შესაბამისად, ისინი ჩვენ არ გვიღებდნენ როგორც თანასწორს“.
ამას გარდა, ქრისტიანულ ქვეყნებს, როგორც თეოლოგი გვეუბნება, უკვე გააჩნდათ წარმოდგენები საკუთარი რჩეულობის შესახებ და „ასე რომ ვთქვათ, მოციქულები უკვე განაწილებული იყო“. ბერძნები თავიანთ მომაქცევლად მიიჩნევდნენ ანდრიას, დანარჩენები – იაკობს და ა.შ. „როცა ქართველები შევიდნენ ამ კონფლიქტში და აღმოაჩინეს, რომ ბერძნები ქედმაღლურად უყურებდნენ, მათ დაიწყეს შესაბამისი ნარატივების გამომუშავება“.
თეოლოგის თქმით, ქართველებს რცხვენოდათ, რომ ისინი მოაქცია არა რომელიმე მოციქულმა, არამედ ვიღაც უსახელო ტყვე ქალმა და ამ ნარატივს გადააჯაჭვეს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომელიც სავარაუდოდ აიღეს თავად ბერძნებიდანვე.
„წილხვდომილობასთან დაკავშირებით პირველი წყაროები გვხვდება გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში. მე-8 საუკუნეში ავარებმა დაარტყეს ალყა კონსტანტინეპოლს და ქალაქი რომ გადარჩენილიყო, კონსტანტინეპოლის ყველა მცხოვრები ევედრებოდა ღვთისმშობელს გადარჩენას და მაშინ დაიწერა პირველად ღვთისმშობლის მიმართ საგალობელი, სადაც წილხვდომილობაზეა საუბარი. გიორგი მთაწმინდელის ტექსტში არის ერთი პასაჟი, როდესაც გიორგი მთაწმინდელს დაავიწყდება ქართული ენა და მას სიზმარში ესიზმრება ღვთისმშობელი, რომელიც დაუბრუნებს ქართულ ენაზე მეტყველების უნარს და შემდეგ ტექსტში, მამამისი იოანე მთაწმინდელი ეუბნება, რომ ღვთისმშობელს აქვს განსაკუთრებული სიყვარული ქართველთა და ებრალება იგი.
შემდგომ, ასეთი ტიპის ნარატივები არის არსენ ბერის ჩანაწერებში, ასევე ილარიონ ქართველის ცხოვრებაში. განსაკუთრებით დიდი ჯაჭვი კი შეიკრა მე-11-12 საუკუნეებში, როდესაც ნიკოლოზ გულაბერისძემ, სვეტიცხოვლის საკითხავში სცადა გაეშიფრა, თუ რატომ მოევლინა საქართველოს განმანათლებლად წმ. ნინო და არა რომელიმე მოციქული. მის მიერ წამოყენებული სამი არგუმენტიდან, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ რადგან საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხვედრი, ამიტომ გამოარჩია მან ნინო და გამოაგზავნა ქართველთა უხეში და ფიცხი ხასიათის გამო, რადგან ქალი ნაკლებ აგრესიას გამოიწვევდა ქართველ წარმართებში“.
მირიან გამრეკელაშვილის აზრით, ეს თხრობა თავის დროზე იყო ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული, რომელიც ისახავდა ორ მნიშვნელოვან მიზანს – „ეს იყო კულტურის აპოლოგია და ასევე გეოპოლიტიკურ სივრცეში ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში ინტეგრირების ერთ-ერთი ხერხი. იგივე ხერხი იყო, მაგალითად, ქართულ ენაზე აპელირება“.
თეოლოგის თქმით, საბოლოოდ, მივდივართ გარკვეული ტიპის ლეგენდარულ წარმოდგენებამდე, რომლებიც ისტორიულ კონტექსტში იყო ძალიან ქმედითი და ეფექტური, მაგრამ დღეს ამ კონტექსტების გაცოცხლება, მით უმეტეს სახელმწიფო დონეზე აყვანა, ემსახურება ერთადერთ მიზანს – „ხელისუფლება, რომელიც მიჩვეულია რეკლამას, ეკლესიური წარმოდგენების ხარჯზე ცდილობს გაზარდოს საკუთარი პოპულარობა“.
„აქ საინტერესოა შემდეგი საკითხი, ივანიშვილი არის მატერიალისტი, მას ასევე გამოარჩევს ის თვისება, რომ უნდა საქმე ჰქონდეს არა პიროვნული ქარიზმის მქონე ადამიანთან, როგორიცაა, მაგალითად, პატრიარქი, არამედ, სწორედ ამ ტიპის ზოგადი ლეგენდების გამოყენებით დაიწეროს პოლიტიკური ქულები. რატომ დასჭირდა დღეს ეს, არ არის რთული გამოსაცნობი რადგან, ხელისუფლება იმყოფება მწვავე პოლიტიკურ კრიზისში. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება კარგავს ბევრ მნიშვნელოვან აქტივს, იქნება ეს ყარსის თუ ანაკლიის პროექტები; მოსახლეობა არის უკმაყოფილო შიდა ეკონომიკური მდგომარეობით და სწორედ ასეთ კონტექსტში, რელიგიით მანიპულირება არის ერთ-ერთი გამოსავალი“, – ამბობს გამრეკელაშვილი.
თეოლოგის აზრით, რწმენა არის გაცილებით ძნელი მოსაპოვებელი მდგომარეობა, რელიგიურობა კი ხშირად არის გარკვეული ტიპის იდეოლოგიის ერთგულება: „ჩვენი საზოგადოება არ არის მორწმუნე ამ ტერმინის არსობრივი გაგებით, ჩვენი საზოგადოება არის ლოიალური კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტის მიმართ და ის იმეორებს ამ ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ კონცეპტს, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობასთან კავშირში არ არის. სწორედ იმიტომ, რომ ძირითადად ის ბაზირებულია გარკვეული ტიპის მითო-რელიგიურ ლეგენდებზე“.
მირიან გამრეკელაშვილის თქმით, იმ ტექსტებში, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, პარალელურად, არის კარგი მაგალითები, თუ როგორ იაზრებდა იმ დროს ეკლესია სოციალურ პასუხისმგებლობას. „როცა გიორგი მთაწმინდელი ხედავს, რომ მეფე ბაგრატი აგებს ტაძარს, ის ეუბნება, რომ ღვთისთვის ქვებით ნაშენ ტაძარზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანია და მას მიჰყავს 80 ობოლი ბავშვი, რომლებიც ათონის მთაზე ეკლესიის ხარჯებით ცხოვრობენ.
გამრეკელაშვილის თქმით, არც ივანიშვილი დგას ფორმალური ქველმოქმედებისგან შორს, თუმცა ამან მას პოლიტიკური კრიზისი ვერ ააცილა. „ამიტომ 50 ათასი ხატის დარიგება ასრულებს პოლიტიკური ბუკლეტის ფუნქციას. მათი მხრიდან ეს გათვლა არის მასობრივი ეფექტის შექმნაზე და არა თვისობრივად მნიშვნელოვანი საქციელის ჩადენაზე გათვლილი. ეს მეტყველებს, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს დღემდე არ ესმის ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, ამავე დროს, ისინი აზიანებენ ადამიანების რწმენას რადგან ახდენენ პოლიტიკის აღრევას რელიგიურ ნარატივებთან. ამიტომ არის ამ ქვეყანაში ქრისტიანული ფასეულობები ლეგენდებით გადადღაბნილი“.
„წილვეხდრობა“ – როგორც პოლიტიკური მოსყიდვის იარაღი
თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ წილხვდომილობაზე მიღებული დადგენილების დისკრიმინაციულობის გარდა, პრობლემაა მისი მიღების ფორმაც.
თამარ კორძაია
„საკითხი არ გაციებულა, ისე დაამტკიცა პარლამენტმა და ამისთვის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მთავრობამაც, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოყო ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა არჩევნებია და 2020 წელსაც, ეს ნიშნავს, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება კიდევ ერთხელ გარიგდნენ ერთმანეთში. ეს არის მანკიერი ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სასულიერო პირებთან და ისინიც ცდილობენ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე“.
თამარ კორძაიას თქმით, სასულიერო პირები ყოველთვის ცდილობენ დააშანტაჟონ ხელისუფლება საკუთარი მრევლის ხმებით. „წილხვედრობაც“ არის მოსყიდვა ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსი და პირიქით. ეს სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით იმიტომ არის საშიში, რომ მიგვაქანებს სიბნელისკენ და არა ნორმალური ცივილური გადაწყვეტილების მიღებისკენ, როდესაც რეალურად ხდება მოქალაქეთა მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინება“, – ამბობს კორძაია.
პოლიტიკოსის თქმით, არსებითი საკითხების რელიგიური მითებით გადაფარვა არის რუსული პოლიტიკური კლასისთვის დამახასიათებელი და ამაში საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება რუსულს ხელისუფლება.
„ხელისუფლების უსუსურობამ ყველა ზღვარს გადააჭარბა – საპატრიარქოს თითის ქნევის გარეშე ვერცერთ რეფორმას ვერ აკეთებს. რომელი რომლის მსხვერპლია ვერ ვიგებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი კრიტიკულ მომენტში ახერხებენ შეთანხმებას და მოქალაქეების ხარჯზე ორივე ძარცვავს თითოეულ ჩვენგანს“, – აცხადებს თამარ კორძაია.
საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები როგორ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე ევროპულ ალიანსში? – თამარ კორძაიას აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები ცნობიერების, ცივილიზაციის თვალსაზრისით არის საუკუნით უკან დახევა. „ჩვენ ვხედავთ, რომ სოფო კილაძე, მარიამ ჯაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად აამებს საპატრიარქოს. მარიამ ჯაშს თუ მოვუსმენთ, ჩვენ უნდა ვიყოთ სასაცილოები ევროპაში, რადგან ევროპის ნიშა არის გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და გვითხრეს, რომ ჩვენც ამ საკითხებს მივხედოთ.
თანამედროვე სამყარო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მსჯელობს, რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მარიამ ჯაშს, როგორც ჩანს, ეს არ სმენია. როდესაც მის გვერდით მსხდომ კოლეგებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უვრცელებენ, როგორც ჩანს, ამაზე პრობლემა არ აქვს. სამაგიეროდ, სურს დაიცვას კიდევ უფრო ძლიერი, რომ მის ფრთის ქვეშ კარგად იგრძნოს თავი“.
თამარ კორძაიას აზრით, ივანიშვილის მხრიდან ეკლესიების მშენებლობა, შემდეგ მოხატვა თუ ხატების შესყიდვაზე ფულის ხარჯვა, არის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. „ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რადგან ჩვენ შეგვეკითხებიან, თუ რატომ არის 50 ათასი ბავშვი სიღატაკის მიღმა, რატომ შიმშილობს წილხვედრი ერი. ამიტომ, მოქალაქეებმა ამ ყველაფერზე თავიანთი პასუხი ხელისუფლებას არჩევნების დროს უნდა გასცენ“.
განათლების რეფორმა და მოშიმშილე ბავშვები „წილხვედრ“ ქვეყანაში
რისი გაკეთება შეეძლო განათლების სამინისტროს 480 ათას ლარად, რომელიც მას „წილხვდომილობის“ აღსანიშნავ ღონისძიებების ფარგლებში გადასცეს? განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას აზრით, ამ თანხით სამინისტროს შეეძლო „მინიმუმ ახალი პუბლიკაციების მომზადება, თარგმნა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი წახალისების შექმნა, მაგალითად, კონკურსების ჩატარება იმისთვის, რომ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა თავიანთი თავი გამოსცადონ ახალ გარემოში. 500 ათას ლარად შეიძლება ასობით ბავშვის გაშვება საზაფხულო ბანაკებში, ვისაც არ შეუძლია თავად დააფინანსოს წასვლა, უცხოეთში სწავლის დაფინანსება შეიძლება და უამრავი რამ.
სიმონ ჯანაშია
სხვადასხვა ქალაქში შშმ ბავშვებისთვის ინფრასტრუქტურის გაკეთება, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა და სუბსიდირება ვთქვათ რეპეტიტორობის, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს უმაღლესში მოხვედრის შანსებს“, – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.
მისი აზრით, განათლების სისტემაში უამრავი რამეა გასაკეთებელი, „ფული კი იხარჯება წყალში გადაყრილ ნაბიჯებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის ინტერესები, რომელიც თავის თავზე ირგებს სახელმწიფო ბიუჯეტს“.
ჯანაშიას აზრით, მთავრობის მხრიდან ფულის საგანგებო რეჟიმში გამოყოფა, რაიმე მნიშვნელოვან, გადაუდებენ მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ წილხვდომილობის გამოცხადებისას არც ერთი ეს გარემოება არ ყოფილა.
ისიც ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი არ არის ბავშვების სასიკეთოდ გადადგმული, არც მათთვის ვინც შიმშილობს, ვინც სახლში რჩება, რომ პატარა და-ძმას მოუაროს. ბავშვების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა ცურვაზე იაროს, ან სპორტის რომელიმე სახეობაზე. იმის მაგივრად, რომ ამ ბავშვების საჭიროებებზე იხარჯებოდეს ბიუჯეტი, პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებზე იხარჯება“.
რამდენიმე თვეა სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან ხელფასის გაზრდას და მიზერული პირობების შექმნას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ მათ უარი უთხრა ხელფასის გაზრდაზე. ხელისუფლება ეფექტურად ვერ ახორციელებს დაანონსებულ განათლების რეფორმას, „სამაგიეროდ ეკლესია იღებს ქონებას, დაფინანსებას, ერევა განათლების საკითხებში და ითხოვს მას შეუთანხმონ სახელმძღვანელოების გრიფირება და ა.შ. ის მოითხოვს მორჩილებას და აშანტაჟებს სამინისტროს“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, სწორედ მსგავსი შანტაჟების ანარეკლია ის, რომ „ადამიანების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ სკოლებში არ ისწავლება საქართველოს ისტორია თუ „შუშანიკის წამება“, რომ სამინისტრო ებრძვის ქართულ ენას, ღირებულებებს და ა.შ“.
ჯანაშიას აზრით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ დასაქმებულებს არ ჰყოფნით ცოდნა, ან მმართველები მოწყვეტილები არიან რეალობას და ვერ ხედავენ, რომ მათ გარშემო ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.
„ალიანს სიტი“ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ სამშენებლო ღობეს აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლები ღობისთვის საჭირო ბოძების განთავსების მიზნით ფილაქანს ყრიან ტროტუარიდან. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი სამშენებლო ღობის შიდა მხარეს მოექცევა და საკურორტო სეზონზე ტურისტებს მოუწევთ ამ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად შენობის მეორე მხრიდან ისარგებლონ.
მერიაში განმარტეს, რომ კომპანიას ღობის გავლების უფლება აქვს საკუთარ საკადასტრო ნაკვეთზე. რეესტრის მონაცემებით, შენობის მომიჯნავედ, ტროტუარის დიდი ნაწილი მართლაც კომპანიის საკუთრებაში ფიქსირდება.
კითხვაზე, რა მეთოდით აპირებს კომპანია შენობის დემონტაჟს, მერიაში არ გვიპასუხეს და გვირჩიეს ეს ინფორმაცია გამოვითხოვოთ. იგივე კითხვა კომპანიის წარმომადგენელსაც დავუსვით, რომელიც დაგვპირდა, რომ გაარკვევს და გვიპასუხებს. ჯერჯერობით პასუხი ვერც მათგან მივიღეთ.
ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.კ. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, ი.კ.-მ საკუთარ სახლში სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ ცოლს სახეში გაარტყა და თმებში მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოხდა.
“არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში… ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება გვქონდა…” – აცხადებს ბრალდებული.
ა.კ. დაზარალებულ ქალთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მათ საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც ათი წლისაა.
ბრალდებულის ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კონფლიქტს მოწმე არ ჰყავდა.
“გარდა ამისა, ექსპერტიზა არ ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტს,” – გვითხრა ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ.
პროკურორი ზურაბ კონცელიძე კი ამბობს, რომ ბრალდებული აქამდეც გასამართლდა ძალადობრივი დანაშაულის გამო და იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლებაზე ამ მოტივით თქვა უარი.
“თქვენ იმყოფებით პირობითი მსჯავრის ქვეშ… ეს რომ არა, შესაძლებელია ამ მუხლზეც ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლება,” – დასძინა მოსამართლემ.
“ის ამას არ გააკეთებდა, აბსურდია, გთხოვთ, ეს აღნიშნეთ,” – ეს ბრალდებულის ახლობლებმა გვითხრეს პროცესის დასრულების შემდეგ. მათ ვერ გვიპასუხეს კითხვაზე: რატომ მიმართა მაშინ საშველად ქალმა პოლიციას?
ჰაკერებმა შეძლეს დისტანციურად დაემონტაჟებინათ სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებზე პროგრამა, რომელსაც WhatsApp-ის საშუალებით ვიდეოთვალთვალი შეუძლია. ფაქტი ოფიციალურადაა დადასტურებული.
აპლიკაცია WhatsApp -ი ფეისბუქს ეკუთვნის. მისი წარმომადგენლები კიბერთავდასხმას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო WhatsApp-ის მომხმარებელთა „გარკვეულ რაოდენობაზე“ და არა ყველა მომხმარებელზე თავდასხმა.
მოთვალთვალე პროგრამა პარასკევს, 10 მაისს, დაიბლოკა. კიბერთავდასხმის ფაქტების აღმოჩენის შემდეგ WhatsApp-მა თავისი 1,5 მილიარდი მომხმარებელი გააფრთხილა, უსაფრთხოების მიზნით აპლიკაცია განეახლებინათ.
WhatsApp-ზე პირველი თავდასხმა მაისის დასაწყისში შენიშნეს.
დადგინდა, რომ კიბერთავდასხმა ისრაელში მოქმედი საიდუმლო ორგანიზაცია „NSO“-სგან განხორციელდა, რომელმაც ბოროტად ისარგებლა WhatsApp-ით ბრაზილიის არჩევნებზე.
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში WhatsApp-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰაკერული ორგანიზაცია საკუთარი მიზნებისთვის იყენებს მობილური ტელეფონების ოპერაციულ სისტემებს და ეს იყო თავდასხმა, კიბერდავალება, რომელიც კერძო კომპანიის მიერ შესრულდა, კომპანიის, რომელიც სავარაუდოდ, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებთან ჯაშუშური სერვისების უზრუნველყოფით.
ჯერჯერობით უცნობია WhatsApp-ის ზუსტად რამდენი მომხმარებელი გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, თვალთვალის ადრესატები კარგად იყო განსაზღვრული და ჰაკერები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.
როგორც „Amnesty International“- ის წარმომადგენელი ამბობს, საიდუმლო ორგანიზაცია „NSO“-ს თავდასხმების მიზანი ძირითადად გამოკვეთილი პოლიტიკური აქტივისტებისა და ჟურნალისტებისს კონტროლია.
„სწორედ ამიტომ აუცილებელია, ამგვარ ქმედებებზე ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა და შეუძლებელია ეს ორგანიზაცია საიდუმლო ინდუსტრიად დარჩეს,“- აცხადებენ „Amnesty International“-ის წარმომადგენლები.
თელავივის სასამართლო მალე „Amnesty International“-ის პეტიციას განიხილავს, რომლის მოთხოვნაც ისრაელში მოქმედი საიდუმლო ორგანიზაცია „NSO“- სთვის ლიცენზიის შეჩერებაა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს. დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.
აღნიშნულის გამო 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით] და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით [ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით] წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე უწყების ინფორმაციით, „ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, სსიპ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ.
საექსპერტო-სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მათ გამართეს შეხვედრები ვალონია-ბელგიის ტურიზმის კერძო და საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებთან, გაეცნენ ვალონიის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, მათ შორის ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის, რეგიონის ნაკრძალების, ტბებისა და პარკების მართვის თავისებურებებს.
ბელგიაში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს
„ვალონიის (ბელგია) რეგიონი კულტურული და ეკოტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულების ადგილია. იგი ჩვენთვის საუკეთესო მოდელს წარმოადგენს რეგიონში საფეხმავლო, სათავგადასავლო, ველო თუ კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
ვიზიტი საინტერესო გამოდგა არა მხოლოდ ვალონიის ტურისტული პოტენციალის და პრაქტიკული ინფორმაციის გაცნობით, არამედ ბათუმისთვის ძალიან საინტერესო ფაქტის აღმოჩენით. საქმე ეხება ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს, მათ შორის, ძველი ბულვარის ფოტოებს. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი ნობელისტი მწერალი ბათუმში იმყოფებოდა და მის არქივში დღემდე ინახება 1930-იან წლებში გადაღებული უცნობი ფოტოები. ფოტოების საავტორო უფლებების მოპოვებაზე მუშაობა დაწყებულია. ეს ფაქტი ბელგიასთან თანამშრომლობისა და ვალონიის რეგიონთან ერთობლივი პროექტის განხორციელების ძალიან საინტერესო პერსპექტივას წარმოადგენს,“ – ამბობს სოფიო გუჯაბიძე.
შეხვედრა ბელგიაში
აჭარასა და ვალონიას შორის დაწყებული ურთიერთობები სულ მალე ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელებით გაგრძელდება. სსიპ ბათუმის ბულვარი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, აღნიშნულ პროექტებში ჩართვას გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი „ჰეროინი“, 1 800 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 2500 აბზე მეტი „ექსტაზი“, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი „კოკაინი“ და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებას უკავშირდება.
სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, ასევე, ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით, ორგანიზატორს უგზავნიდა.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას ცდილობდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როდესაც ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილური შემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება.
როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ახალი საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. „ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები მათზე მორგებული პირობებით და გადახდის გრაფიკით. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ იმიტომ რომ ვერ ახდენენ მის დადასტურებას დოკუმენტურად, ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. სწორედ მათთვის – ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის, ხელოსნებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, შევქმენით ჩვენი ახალი პროდუქტი“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.
ფინკა ბანკში ასევე, ხელმისაწვდომია ახალი პროდუქტი – საკრედიტოლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება არის შესაძლებელი. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც მომხმარებლისათვის ძალიან მოსახერხებელია: ის ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.
ავტომობილის მფლობელებისთვის ფინკა ბანკი განაგრძობს ავტოსესხისშეთავაზებას. ავტო სესხის აღება შესაძლებელია 30 წუთში. სესხის აღების დროს ავტომობილის შეფასება ხდება რეალური ღირებულების შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის, რაც საერთო ჯამში ამცირებს პროდუქტის ფასს და საინტერესოს ხდის მას მომხმარებლისათვის.
ფინკა ბანკში ამჟამად მიმდინარეობს აგრო სესხების აქციაც, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის სესხების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერზე www.FINCA.ge
ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს რვა საათზე კაცს სცემეს. იგი ექიმებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. დადგენილია ორი სავარაუდო დამნაშავე, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს „უკვდავი პოლკის“ მიერ გამართულ აქციაზე მოსკოვში, ვოლჟსკსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეთა ნაწილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩაერთო მარშში – საბავშვო ეტლ-ტანკებით. ბავშვები მარშში სამხედრო ფორმებით, საბჭოთა სიმბოლიკითა და დროშებით იყვნენ წარმოდგენილები, რაც რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.
2019.წელი, მოსკოვი. 9 მაისი. ფოტო: «Эхо Москвы»
2019.წელი, მოსკოვი. 9 მაისი. ფოტო: «Эхо Москвы»
ბოლო რამდენიმე წელია საბავშვო ეტლ-ტანკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რუსეთში სხვადასხვა სახალხო დღესასწაულზე.
2016 წელი, პიწიგორსკი, წყარო «Аргументы и Факты»პიწიგორსკი, 2018 წელი, წყარო: stv24.tvპიწიგორსკი, 2018 წელი, წყარო: stv24.tv
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.
საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პატარა ზომის საკონტეინერო გემების მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და „FRANCO COMPANIA NAVIERA“ შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი და საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა.
ამასთან, 2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე, უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას.
ვუდი ალენის მემუარების გამოცემაზე ამერიკული გამომცემლობები უარს აცხადებენ. მიზეზი რეჟისორის ძალადობაში დადანაშაულებაა.
ვუდი ალენის შვილობილმა, დილან ფეროუმ, ის სექსუალურ ძალადობაში გასულ წელს დაადანაშაულა.
მომხდარის შემდეგ რეჟისორთან თანამშრომლობა უამრავმა ცნობილმა მსახიობმა შეწყვიტა. Amazon Studios-მა კი უარი თქვა მისი ახალი ფილმის „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ გაქირავებაზე, ამავე სტუდიამ მასთან სამი სხვა ფილმის გადაღებების კონტრაქტიც ჩაშალა.
ამერიკულ მედიაში წერენ, რომ შტატებში ამაო მცდელობის შემდეგ, ვუდი ალენი მემუარების გამოცემას ევროპაში შეეცდება, სადაც მისი რეპუტაცია ისე სავალალოდ არ აღიქმება, როგორც ამერიკაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალენი ახალ ფილმს იღებს ესპანეთში იქაურ კომპანია Mediapro -სთან ერთად, რომელიც ჩართული იყო „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ გადაღებების პროცესშიც.
როგორც 2019 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ვუდი ალენმა ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანა Amazon Studios-ის წინააღმდეგ და გადაღებების ჩაშლით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად სტუდიას კომპენსაცია – 68 მილიონი დოლარი მოსთხოვა.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერის“ გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. მშენებარე ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა.
„ბაბილონ თაუერი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულებით იყიდებოდა.
2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, ახალი შეთანხმება გაფორმდა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება ამ ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა: „კომპანიას დამფუძნებლების მიმართ საკმაო დავალიანება დაუგროვდა. აუქციონზე ქონება, მართალია, იყიდება, თუმცა იმ პირობებით და ვალდებულებებით, რაც 2019 წლის 15 აპრილის შეთანხმების აქტითაა განსაზღვრული. ქონების მყიდველს ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევს.“