მთავარი,სიახლეები

„ბაბილონ თაუერის“ 30-მილიონიანი პროექტი ბათუმში შესაძლოა გაიყიდოს

23.11.2018 •
„ბაბილონ თაუერის“ 30-მილიონიანი პროექტი ბათუმში შესაძლოა გაიყიდოს

ბაბილონ თაუერის“ დაწყებული პროექტი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, შესაძლოა გაიყიდოს – ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი კომპანია ერთი თვის ვადაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვერ წარუდგენს საბანკო გარანტიას, რომ აქვს ფული პროექტის დასასრულებლად.

კომპანიისგან, რომელსაც 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს, სამინისტრო 200 000  ლარის საბანკო გარანტიას ითხოვს.

თუ მშენებელი კომპანია „TAM GEO LLC“-ი ასეთ გარანტიას წარადგენს 2018 წლის ბოლომდე, მას მშენებლობის დასასრულებლად ახალ ვადას 2020 წლის ბოლომდე მისცემენ. ხოლო თუ ასეთ გარანტიას ის სამინისტროს ვერ წარუდგენს, მაშინ სამინისტრომ ხელშეკრულების მოშლის პროცედურა უნდა დაიწყოს. კანონში შესული ცვლილებით, სამინისტროს უკვე არა მხოლოდ ამის უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება აქვს.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რას აპირებს 47-სართულიანი „ბაბილონი თაუერის“ მშენებელი კომპანია „TAM GEO LLC“-ი. კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სულ ცოტა სამ კომპანიას სურს პროექტის შესყიდვა. ამ კომპანიებს „ბათუმელები“ ჯერჯერობით არ ასახელებს, რადგან, მათი თქმით, მოლაპარაკების დეტალებს ჯერ ვერ გაასაჯაროებენ.

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი, „TAM GEO LLC“-ს შეუძლია გაყიდოს პროექტი იმავე ვალდებულებებით, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს თავის დროზე აღებული. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მანამდე, ვიდრე ამას გადაწყვეტს, კომპანიის მფლობელმა მთავრობასთან პრობლემები უნდა მოაგვაროს.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ბათუმში, რუსთაველის ქ N30-ში, ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. ამის შემდეგ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

ვადების რამდენჯერმე გადავადების მიუხედავად, კომპანია ერთხელაც არ დაუჯარიმებიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ დარღვევა „შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია“. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრობლემა მხოლოდ შენობის მდგრადობას არ უკავშირდებოდა – მესაკუთრეებმა ქონების გაყოფის მიზნით ჯერ კერძო აუდიტს მიმართეს, შემდეგ კი დავა სასამართლოში გააგრძელეს.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე დავა დასრულებულია, კომპანიის მფლობელებმა დავის შემდეგ წილები შეინარჩუნეს, კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ მთავრობას ვადის გაგრძელება ისევ სთხოვა, მთავრობა კი მისგან საბანკო გარანტიას ელოდება.

„TAM GEO LLC“-ი მიწის ნაკვეთი ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #30-ში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პირდაპირი მიყიდვის წესით, 2012 წელს გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: