იანვრიდან დღემდე 60 ნარკორეალიზატორია პასუხისგებაში მიცემული – შსს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი „ჰეროინი“, 1 800 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 2500 აბზე მეტი „ექსტაზი“, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი „კოკაინი“ და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებას უკავშირდება.

სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, ასევე, ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით, ორგანიზატორს უგზავნიდა.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას ცდილობდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როდესაც ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com