მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს

15.05.2019 • 3398
რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მიუნხენში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იქნა, დარბაზს სიცილი „გამოსძალა“, როცა მესამედ იკითხა – „ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?“ ეს იყო ასე, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცენ ამ სიტყვებს, სააკაშვილი ამას გულისხმობდა და ამაზე გაიცინა დარბაზმა. საერთოდ ასე ხდება, ბრიყვს მიუნხენის დარბაზში დასვამ თუ ვენის – ბრიყვი ბრიყვია. არსებობს ასეთი გამოსვლები, წინადადებაც კი, რომელიც სრულად აჩენს ადამიანის ყველა „ფასეულობას“ და ეს ასეთი გამოსვლა იყო. ამ დღეს ჩვენ ვნახეთ დეკვალიფიკაციის პროცესის ალბათ ერთ დიდი ეტაპის დასასრული. სინამდვილეში სააკაშვილმა მეტი თქვა საკუთარ თავზე, ვიდრე სხვაზე. ზუსტად მსგავსი ასოციაციები ახასიათებთ  უკულტურო ადამიანებს, მათი გზა გადის სხვათა დამცირების მცდელობაზე.

ეს მაშინ არის განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი, როცა ამას ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს, როცა ნათელი ხდება, როგორ უყურებდა იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ყველა გაგებით უმნიშვნელოვანეს კუთხეს.

ჩემი ეს მოსაზრება არ ისახავს მიზნად მის მომხრეებს რაიმე ახალი ვუთხრა, ეს უსარგებლო შრომა იქნება. ჩემი მიზანია ხულოს ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ერთადერთი განცდა და ემოცია, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ, არის სიამაყის განცდა მათი წინაპრების გამო, რომელთაც ილიას და ექვთიმეს დარი საქმეები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული საუკუნეების მანძილზე. ადამიანთა კულტურის ყველაზე ნათელი გამოვლინება მათი ენაა, რა ენით მეტყველებენ, როგორც შინაარსობრივად, ასევე რამდენად ჰუმანურია ეს ენა სხვათა მიმართ, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა ყველაზე მაღალი კულტურის მანიშნებელია და ამაში ხულოელები ბევრად წინ არიან სხვებზე.

სააკაშვილმა ვერ დააკავშირა ხელოვნება და ხულო, მაგრამ ვერ დააკავშირა საკუთარ „ღირებულებათა“ სისტემაში, იმიტომ, რომ ხულოს კულტურა მისთვის შორსაა. მისთვის, ზოგადად, მთის კულტურაა შორს, უფრო სწორად ყველაფერი შორსაა, რაც მის მსახურებას არ გულისხმობს.

სააკაშვილისგან შორსაა აბუსერისძე ტბელი,  ვაჟა-ფშაველა, არც ალექსანდრე ყაზბეგის ფარაშია მისი ადგილი. ის სხვა ტიპის „კაცია“, მას აქვს ემოცია, რომელიც საზრდოობს არა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, არამედ ასეთი დევიზით – „სხვის მომხრეს აქვს სუნი“. ეს განცხადება იყო ფსკერი – ამაზე ქვემოთ არაფერია, ამაზე ქვემოთ მხოლოდ სიტყვების ავტორია.

ბევრი სიკეთის მიუხედავად, სოციალურმა ქსელმა თავისი როლი შეიტანა იმაში, რომ ადამიანები ერთმანეთს ქვებს ესვრიან, მძიმე ქვებს და გამეტებით, ის სინამდვილეში არაფრით არ არის „ჩაქოლვაზე“ ნაკლები, უფრო მეტია, უფრო საჯაროა. თუმცა აქვს უდიდესი პოზიტიური მხარე, აზრის გამოხატვის ასპარეზი, რომელიც არის პრაქტიკულად თანამედროვე ტექნოლოგიების პალიტრაში უალტერნატივო და აუცილებელი, თუმცა გარკვეული წესების დაცვით, წესებისა, სადაც ადამიანის უფლებების და ღირსების ხარჯზე არაფერი არ უნდა ხდებოდეს.

სოციალურ ქსელში მოასპარეზეთა რეაქცია ზემოაღნიშნულ თემაზე, სადაც ერთად იყო ყველაფერი, ადამიანის ღირსების შელახვა, მთელი კუთხის შეურაცხყოფა, რეაქცია ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონეთა მხრიდან იყო ნეიტრალური, ან იუმორით გაჯერებული. სინამდვილეში ხალხი, რომელიც მზად არის „მსუბუქი მოუწესრიგებლობის“ გამო  გამოთქვას აზრი როგორც „ექსპერტმა“, ასეთ მნიშნელოვან თემას ადამიანის უფლებათა ჭრილში არ განიხილავს. ამ დროს ეს იყო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური ლიდერის და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან და ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს საკითხს.

დასაწყისში აღვნიშნე, რომ ჩემი მოსაზრება ახალგაზრდებისთვის იწერება, რომელთა პირველი რეაქცია არის გაბრაზება. ეს ბუნებრივია, მაგრამ მარტივი ინსტიქტია, ასეთ განცხადებებს არ ექნება ადგილი ან კრიტიკულად შემცირდება, თუ სერიოზულად  არ ავყვებით, მაგალითად, ისეთ მოსაზრებებს, როგორებიცაა ქალაქს და სოფელს შორის უპირატესობის მინიჭება ქალაქის სასარგებლოდ, თუ ქალაქები, მუნიციპალიტეტები და უბნები ჩვენს აზროვნებაშიც არ დაიყოფა პრიორიტეტულობის მიხედვით, თუ არ მოგვეწონება აღდგომის დღესასწაულზე დაცლილი ქალაქები (იუმორს არ ვგულისხმობ, თუმცა მასშიც დიდია სნობიზმის წილი). ყველაფერი რაც ყოფს, ყველაფერი რაც დისკრიმინაციულია, ყველაფერი რაც სათავეშია მრუდე, არ შეიძლება შედეგით იყოს კეთილი.

სააკაშვილის ამ განცხადებას უკვე აქვს პოლიტიკური ფასი და ეს ფაქტია – დამარცხდება ყველა, ვინც მარტო დარჩება საკუთარ სურვილებთან, ვნებებთან, ვისაც არ ექნება თვითშეზღუდვის მექანიზმები, ვინც ბოლომდე აიშვებს, პიროვნება იქნება თუ სახელმწიფო, შედეგი იქნება ერთი, იგი დამარცხდება.

რაც შეეხება ხელოვნებას, მეცნიერებას და კულტურას კონკრეტულად ხულოში. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, სხალთა-ხიხაძირის ხეობის მკვიდრმა ტბელ აბუსერისძემ 1223 წელს შეადგინა ასტრონომიული კალენდარული, ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი. მკითხველი ალბათ იფიქრებს, სად განცხადების ავტორი და სად ასტრონომიაო და მართალიც იქნება, თუმცა ეს ის საუკუნეებია, რელიგიური განსხვავებულობის გამო, შუაგულ ევროპაში იქვე ახლოს, სადაც სააკაშვილმა ხულოს სამხატვრო გალერეა დაუწუნა, ხალხს სიკვდილით სჯიდნენ.

კულტურით, შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, სტუმართმასპინძლობით არავისზე ნაკლები ხალხი არ ვართ. ერთი კი გვეშლება აშკარად, კაცს პრეზიდენტად ავირჩევთ და ხანდახან ისეთს, შენი სახლის ზრღურბლს რომ გადააბიჯებს, ნამასპინძლევი და გამომძღარი, მერე შიგნით რომ შემოგვაფურთხებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: