მთავარი,სიახლეები

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს

16.05.2019
„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს

„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფციის ფარგლებში, ბათუმში 250 მოსწავლეზე გათვლილი ე.წ. „კომაროვის სკოლა“ და 100 ბენეფიციარისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. ასევე მოეწყობა ხელოვნების სკოლა, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას [ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები], პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონასა და ავტოსადგომს.

პროექტის პრეზენტაცია 2019 წლის 17 მაისსაა დაგეგმილი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის წერილის მიხედვით, „ღონისძიების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 87 000 ლარს, რომელზეც მოწვეულნი არიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.“

ინგა შამილიშვილი თავის კოლეგას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს, ამავე წერილით სთხოვს, უზრუნველყოს „სათანადო ღონისძიებების გატარება, აღნიშნული პრეზენტაციის მაღალორგანიზებულად განხორციელების მიზნით“.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტის პრეზენტაციის ღონისძიების ჩატარება ითხოვა 2019 წლის 15 მაისის. პროექტის პრეზენტაცია დაგეგმილია 2019 წლის 17 მაისს, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომსახურების შესყიდვის დაგეგმვა წინასწარ ვერ განხორციელდებოდა“ – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ღონისძიების დაფინანსებას ტენდერის გარეშე გეგმავს.

შესაბამის მომსახურებაში შედის „სცენის გადახურვა, პოდიუმის მშენებლობა/შეფუთვა, მოცულობითი ბანერი, ხმის აპარატურა, დიზელ-გენერატორი, სკამები, ტენტი, სტუმრების მიღება, ბიო ტუალეტის მონტაჟი/დემონტაჟი, ტრანსპორტირება/ადმინისტრაციული ხარჯი, სატელევიზიო ვიდეოგადაღება“.

სამინისტრო, იშველიებს რა დროის სიმცირეს, აცხადებს, რომ „შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია“.

„ტექნოლოგიური ქალაქის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია კი აჭარის მთავრობის თავმჯდომერემ, თორნიკე რიჟვაძემ, პირველად 2019 წლის 29 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი განცხადებით, ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი [რომელიც „კომაროვის სკოლასაც“ მოიცავს] თამარის დასახლებაში [ე.წ. ბნზ-ს ტერიტორიაზე] შვიდ ჰექტარზე გაშენდება. ადგილი უკვე გამოყოფილია.

ამ თემაზე:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: