2:2 – “დინამო” ბათუმისა და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში,  ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შეხვდა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი გოლი პირველ ტაიმში მატჩის მერვე წუთზე გავიდა და მისი ავტორი „ტორპედოს“ ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე იყო. მეთოთხმეტე წუთზე მოედანზე მაყურებელი შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეფერხდა.

პირველი გოლიდან მალევე, მე-18 წუთზე, მანჯავაძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მსაჯმა “ტორპედოს” კარში პენალტი დანიშნა. ჯოვინო ფლამარიონმა შანსი გამოიყენა და ანგარიში 1:1 გახდა. მატჩის 30-ე წუთზე „ტორპედოს“ კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, ამჯერად გაბრიელ რამოსის ავტორობით. “დინამო” ბათუმი დაწინაურდა და პირველი ტაიმი 2:1 ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში გეგეჭკორის გოლით „ტორპედოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. 2:2  – მატჩის დასასრულს ტაბლოზე სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა. ბათუმის  „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მეოცე ტურის მატჩის შედეგების მიხედვით “დინამო” ბათუმს 39 ქულა აქვს  და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

მომდევნო თამაში ცხრილის მიხედვით 3 ივლისს გაიმართება, “დინამო” ბათუმი თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

გონიოს რესტორნებში ფალსიფიცირებულ არაყსა და ვისკის ასხამდნენ და ყიდდნენ – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტები და ასევე, ყალბი აქციზური მარკები გამოავლინეს.

„კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაფე-რესტორან სტამბულისა“ და კაფე-რესტორან „ილდიზში“ დათვალიერების პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ  აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის – სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელის [ჯამში 185 ბოთლი] აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ახდენდნენ. ასევე, გადამხდელს, ორივე ობიექტში, იჯარით აღებული რესტორნის კონკრეტული ოთახები ფალსიფიცირებული არყისა და ვისკის ჩამოსასხმელად ჰქონდა მოწყობილი. ამავე ოთახში, ჯამში 410 ცალი, ყალბი აქციზური მარკები იქნა აღმოჩენილი, რომლებიც გადაღებული იყო ფერადი ქსეროქსის აპარატით და გამოიყენებოდა ფალსიფიცირებულ სპირტიან სასმელებზე დასაკრავად.

ასევე „კაფე-რესტორანი სტამბულის“ დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ [1 146 ბოთლი] შესაბამისი მარკირების გარეშე. ფაქტზე შედგენილ იქნა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოვლენილი სამართალდარღვევები, ქვემდებარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით.

„იმავე დღეს, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ინდივიდუალური მეწარმე ნაგიჰან ქოიუნის კუთვნილ რესტორანში, მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ შესაბამისი მარკირების გარეშე აღმოაჩინეს. საქმეზე შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, შპს ,,მერჯანის“ კუთვნილი ღამის კლუბის დათვალიერების პროცედურის შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის – სპირტიანი სასმელის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. საქმეზე შედგენილია შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს

დღეს, 25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხიხაძირის ხეობაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე კაცი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა  შუადღისას სოფელ ხიხაძირის ცენტრში, სავაჭრო ობიექტის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი და მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

„დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში.

ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, განათლების დაბალი მაჩვენებელი, პროფესიული უნარჩვევების დეფიციტი და ა.შ.

დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს სწორედ დასაქმებით რეაბილიტაციაში ეხმარებიან ტრენინგ-სემინარებით, გადამზადების კურსებითა და მატერიალური თანადგომით – უკვე გამართული მცირე ბიზნესის გასაძლიერებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ კვლევაში, რომელიც  კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს, საჭიროებები ეხება, გამოიკითხა 291 მსჯავრდებული – ყოფილი მსჯავრდებული,  პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებული.

რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპოდენტთა 41.2%-ს საშუალო განათლება აქვს. 13.8%-მა პროფესიული სასწავლებელი/კოლეჯი დაამთავრა, ხოლო – 13.1% ბაკალავრიატის კურსდამთავრებულია. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა 10.8%-მა, ხოლო – 10%-ს არასრული საშუალო განათლება აქვს მიღებული. სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები განათლების დონის კუთხით არ გამოკვეთილა.

დიაგრამა ,,სიდას” კვლევიდან: დასაქმების ბაზრისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული შესაძლებლობები და საჭიროებები

გასამართლებამდე, ზრდასრულ რესპონდენტთა 69% არსად სწავლობდა. სკოლაში განათლებას იღებდა 7%, პროფესიულ სასწავლებელში პროფესიას ეუფლებოდა 8%, ხოლო 16% უმაღლეს სასწავლებელში იღებდა განათლებას.

დიაგრამა ,,სიდას” კვლევიდან: დასაქმების ბაზრისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული შესაძლებლობები და საჭიროებები

ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად არ ან ვერ იღებენ განათლებას, მიზეზად ნასამართლობას, ახალი პროფესიის ათვისებისადმი დაბალ ინტერესსა და სასწავლებლის პერსონალისა და სტუდენტების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას ასახელებენ.

კითხვაზე, თუ მოგეცემათ განათლების მიღების შესაძლებლობა ახალი პროფესიის დაუფლების ან არსებულში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რა ტიპის სწავლებაში მიიღებდით მონაწილეობას, 48,7%-მა უპასუხა, რომ ისურვებდა ხანმოკლე პროფესიული კურსების გავლას 6 თვემდე ვადით, 42.9%-ისათვის ასევე სასურველია მოკლევადიანი ტრენინგები, რომელთა ხანგრძლივობა 1-2 კვირაა. გამოკვეთილ კურსთა შორის ყველასათვის წამყვანია საოფისე პროგრამები.

დიაგრამა ,,სიდას” კვლევიდან: დასაქმების ბაზრისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული შესაძლებლობები და საჭიროებები

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ პატიმართაგან არავის მიუმართავს განათლების სამინისტროსთვის სწავლის გაგრძელების თაობაზე. მათგან 93,9%-ს საკუთარი სურვილით არ განუხორციელებია მიმართვა, 6,1% კი მიუთითებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი შესაძლებლობის არსებობის შესახებ.

სიდამ კვლევა 2017 წლის ბოლოს ჩაატარა. ეს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო კვლევა ყოფილი პატიმრების განათლების დასადგენად.

დემოკრატიის ინსტიტუტი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საჭიროებებს ინდივიდუალურად შეისწავლის და პერიოდულ კურსებს სთავაზობს დასაქმების ხელშესაწყობად ბენეფიციარებს.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

აქციის ბათუმელი მონაწილე: ექიმები რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ

„ექიმები მეუბნებიან, რომ თუ ახლა ტყვიას ამომიღებენ, შესაძლოა, ანთებითი პროცესი გააქტიურდეს, ქსოვილი ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია, 11 მმ-ით არის ტყვია შესული ხელში,“ – გვიყვება ბათუმელი გიორგი თებიძე. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 20 ივნისის ღამეს მას რეზინის ხუთი ტყვია მოხვდა სხეულზე. გიორგი ტყვიით სხეულში სამსახურში დადის – ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და დღევანდელ აქციაზეც აპირებს მისვლას. „ახლა თუ საზოგადოებამ დათმო, ეს უფრო ცუდი იქნება, ვიდრე იმის მიღწევა, რასაც დღემდე მივაღწიეთო“, – ირწმუნება იგი.

გიორგი თებიძე პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს:

„…ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა ძიძგილაობა ატყდა. ჩვენ უკან დავიხიეთ, რუსთაველის თეატრისკენ, მაგრამ მალე უკან მოვბრუნდით, პარლამენტთან, იქ უკვე ეყარა ხალხი… მაგათ გამოყვანას ვცდილობდით. მე ორის გამოყვანა შევძელი და ისევ ატყდა ტყვიების სროლა. იქვე რამდენიმე სპეცრაზმელის ფარი ეგდო და ავიღე, რადგან პირდაპირ გვესროდნენ.

ერთ მომენტში მარტო დავრჩი. ფარი მქონდა აფარებული, მაგრამ ფეხში მესროლეს, ბოტასზე მომხვდა, როგორც კი ხელი გამოვყე, ხელში მესროლეს ეს რეზინის მრგვალი ტყვია. ის მეორე რომ მომხვედროდა, დათვების ტყვია, ალბათ დავკარგავდი ხელს საერთოდ. ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს მელოდნენ, როდის გამომიჩნდებოდა ხელი, ან ფეხი, რომ ესროლათ… წამოვიდა ხელიდან სისხლი და გახეთქვის ხმა გავიგე. მერე აღარ ვიცი, როგორ მომხდა დანარჩენი ტყვიები მუცელში, მხარში…

უკან დავიხიე, გონება არ დამიკარგავს. ველოდი, როდის მომიწევდა რიგი სასწრაფოს მანქანაში. იმდენი იყო დაშავებული, ექიმები ვერ აუდიოდნენ. მერე გავაჩერე სასწრაფოს მანქანა და წამიყვანეს.

ღამის სამის ნახევარი იქნებოდა, მე-9 საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს. ტყვიები ამომიღეს, მაგრამ ხელში ვერა. ექიმმა ჩემი ხელის რენტგენის სურათს უცებ დახედა, ამას მე ვერ მოვკიდებ ხელსო და შემდეგიო, დაიყვირა.

კურიოზული ის იყო, რომ არავინ გეკითხება, გჭირდება თუ არა პალატა, არავის სცალია… დილის რვაზე მითხრეს, რომ 243 ლარი უნდა გადამეხადა. სადაზღვევო კომპანია „იმედი L“- ში დავრეკე. ცხელი ხაზის ოპერატორმა მითხრა, რომ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილე ადამიანებს ოპერაციებს არ უფინანსებდნენ… მალევე სადაზღვეოს მენეჯერმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ყველაფერი გარკვეულია.

მე მეორე დღესვე მივედი აქციაზე. არ მქონია განცდა, რომ რაღაც დამაკლდა. ჩემი 100 გრამი სისხლი არაფერია. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ თუ საზოგადოება უკან დაიხევს და მინისტრს ვერ გადააყენებს, იგივე სიტუაცია დატრიალდება, რაც იყო 7 ნოემბერს – მაშინაც ხომ ვანო მერაბიშვილმა არ დათმო პოზიცია. მერე ეს ხელისუფლებაც გაიზიარებს იგივე ბედს, რაც წინამ, მაგრამ ჩვენთვის არ იქნება ეს კარგი. ვფიქრობ, რომ უფრო პერმანენტული აქციები უნდა იყოს და მკაცრი – საზოგადოება. გახარია არის რუსული ყაიდის ჩინოვნიკი, რომელიც თავისას აწვება, რამდენიც არ უნდა უყვირო. რაღაც მოსაფიქრებელია. ორგანიზტორებს არ უნდათ პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა სამოქალქო საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს თავისას, მაგრამ პოლიტიკურმა ძალებმა კი არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ – პირიქით.

ახლა ჩვენ ხელისუფლება აქეთ გვიტევს პირდაპირ თუ ირიბად, ცდილობენ ჩვენს მარგინალებად წარმოჩენას, რომ თითქოს ყურსაკიდიანი ტიპები დგანან მხოლოდ. ცდილობენ, რომ ჩაახშონ როგორმე ამ აქციის სულისკვეთება… ახლა საპატრიარქოც არაფერს ამბობს და ეს დუმილი ნიშნავს, რომ მთელი საპატრიარქო გაყიდულია ივანიშვილის ფულზე, იმ მილიონებზე, რასაც ისინი იღებენ შავად თუ თეთრად.

მიკვირს, როცა ჩემი ბათუმი თავისი მოწოდების სიმაღლეზე არაა. მახსოვს, როგორი აქციები იყო 11-12 მარტის მოვლენების დროს. ახლა კი, როცა რუსი დაგვასვეს თავზე, ბათუმი ძალიან მშვიდად, წყნარად და მოზომილად, ხმაურის გარეშე აპროტესტებს ამას…“ – გვიამბო გიორგი თებიძემ.

 

გიორგი თებიძეს სხეულიდან რეზინის ტყვიები ამოუღეს

 

„ალტერნატივა“ და ენმ-ი შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები და ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „გახარია წადი“, „გადადექი“ – ეს შეძახილები ისმის მსვლელობისას.

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ოლიგარქმა გაიგონოს იმ ახალგაზრდების ხმა, რომელსაც შეუძლია გადაიბაროს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. ჩვენ ვამბობთ – „არა ოლიგარქიას“. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობამ უნდა აიღოს ხელში ქვეყნის მართვა, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინის მონები“, – აცხადებენ მსვლელობის მონაწილეები.

„ჩვენ გავამზადეთ ბანერი, სადაც გამოსახულია ბიძინას სიმბოლო ხე და გახარიას სიმბოლო, – ამოთხრილი თვალი“, – ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ადამია.

აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პოლიციას, რადგან მათი განცხადებით, მსვლელობის პროცესში მათ შეფერხება არ ჰქონიათ.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის აქციებს და მოვითხოვთ გადადგეს გიორგი გახარია და სასწრაფოდ გაათავისუფლონ აქციაზე დაჭერილი ახალგაზრდები“, – ამბობს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ანრი გუბაევი.

აქცია ივანიშვილის რეზიდენციის წინ, ამ წუთებშიც გრძელდება.

მთავარი ფოტო: კადრი აქციის მონაწილის ლაშა ადამიასFB-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.

_______________________________________________________________

რა მოხდა?

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან

ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და „სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები დღესვე გავლენ ადგილზე, გაერკვევიან სიტუაციაში“ და ამის შემდეგ ექნებათ „კანონის შესაბამისი რეაგირება“.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე, ერთ-ერთმა დასაქმებულმა უთხრა, აქ „ორბის“ დაკვეთით მიწის სინჯებს იღებენ, „300 მეტრზე ჩადიან. დღეს არ მუშაობენ. აჭარის ეკონომიკის სამინისტროდანაც იყვნენ მოსულები“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოგვიანებით გვითხრეს, რომ საკითხს „დღეს შევისწავლიან და დეტალებზე ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდიან“.

ინფორმაციის გადამოწმება კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმში“ ვცადეთ. კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს მობილურით ვერ დავუკავშირდით, კომპანიის კიდევ ერთ ნომერზე „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს. „ორბი ჯგუფის“ ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე კი გვითხრეს, რომ ჩვენს შეკითხვებს გადასცემენ მარკეტინგის სამსახურს და თუ დაინტერესდებიან კომენტარისთვის თავად დაგვირეკავდნენ. კომპანიიდან არავინ შეგვეხმიანა.

„ეს ტერიტორია ჩვენს სარგებლობაში არ არის, თუმცა მოვიკითხე და მითხრეს, რომ რაღაც კვლევები ტარდება, თუმცა, რომელი კომპანია ან ორგანიზაცია მუშაობს ვერ გეტყვით. აქეთ „ორბი“ მუშაობს, ფიროსმანის ქუჩის მეორე მხარეს სხვა კომპანია და რომელი ატარებს ამ კვლევას – ეს, სიმართლე გითხრათ, არც მიკითხავს მათთვის“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ირმა ნიჟარაძემ, სასპორტო სკოლის დირექტორმა.

მეორე კომპანია, რომელმაც ტერიტორია შემოსაზღვრა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში [სპორსკოლის მოპირდაპირედ] არის „ჯეო დეველოპმენტი“, რომლის 100% წილის მფლობელი „ორბი ჯგუფი ბათუმია“. ერთი თვის წინ „ჯეო დეველოპმენტის“ დირექტორადაც ირაკლი კვერღელიძე დაინიშნა.

ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მდებარე 3769 კვ/მ მიწის ნაკვეთი „ჯეო დეველოპმენტმა“ 2016 წელს პირობიან აუქციონზე შეიძინა. ამ ნაკვეთზე „ჯეო დეველოპმენტმა“ [ფაქტობრივად „ორბი ჯგუფი ბათუმმა“] უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა [სასტუმრო], ამ ნაგებობაში  არანაკლებ 2 000 კვ.მ ფართობზე სამინისტროსთან შეთანხმებით მოაწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი, რესტორანი; გასართობი ცენტრ(ებ)ი; ასევე არანაკლებ ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან: ღამის კლუბი, კაზინო, ბილიარდ კლუბი, სპორტული კაფე.

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საკადასტრო ნაკვეთად იყო დაყოფილი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი ცოტა ხნის წინ ეს ნაკვეთები ერთ საკადასტრო კოდის ქვეშ გააერთიანა. მთლიანი ნაკვეთი, რომელზეც ბათუმის სასპორტო სკოლის შენობაც დგას, 13 540 კვ/მ-ია.

„რაც შეეხება სასპორტო სკოლას, მისი პრივატიზება არ იგეგმება“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

გეოლოგიური სამუშაოები ბათუმის სასპორტო სკოლასთან ფიროსმანის ქუჩაზე / 25.06.2019
გეოლოგიური სამუშაოები ბათუმის სასპორტო სკოლასთან ფიროსმანის ქუჩაზე / 25.06.2019
გეოლოგიური სამუშაოები ბათუმის სასპორტო სკოლასთან ფიროსმანის ქუჩაზე / 25.06.2019
„ორბის“ მშენებარე კომპლექსი და ბათუმის სასპორტო სკოლა [მარჯვნივ] ფიროსმანის ქუჩაზე/ 25.06.2019

ოჯახში ექვსი წევრიც რომ გყავდეს, ამ საქმით ყველას მიხედავ – ხეზე კვეთის ოსტატი

ზუგდიდში, საკუთარ სახლში სახელოსნო აქვს მოწყობილი და ხეზე მუშაობს – ზაფხულობით სუფთა ჰაერზე კვეთს ხეზე. უამრავი შეკვეთა აქვს და ამბობს, რომ გარდა დეკორატიული ნაკეთობებისა, პრაქტიკული საჭიროების ნივთებსაც ამზადებს: ავეჯს, თაროებს და ა.შ. თუმცა ყველაზე ძალიან ხატების კვეთა მოსწონს: დეტალები უამრავ ორნამენტსა და ხაზს ითხოვს, რასაც ბევრი შრომა და ფანტაზია სჭირდება – სწორედ ეს მოსწონს.

დავით სოსელიას თქმით, მას 72 ეკლესიის აღსავლის კარზე, დიდ ჯვრებსა და ხატებზე უმუშავია. გვეუბნება, რომ ზუგდიდში ,,ხუროთმოძღვარსაც“ კი ეძახიან.

53 წლის ყოფილი პატიმარი შვებას ხეზე კვეთაში პოულობს, ეს საქმე მისთვის შემოსავლის მთავარი და საიმედო წყაროა.

,,პირველად ხის და ვერცხლის ნაკეთობის დამზადების პროცესი ვნახე და გავოგნდი, ისე მომეწონა შედეგი, ხეზე კვეთა მას შემდეგ ვისწავლე. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს ნამუშევარზე ფიქრი, ორნამენტების გამოყვანა, ბოლოს კი – შედეგის ნახვა. მე რომ მიყვარს ეს საქმე, ალბათ მაგიტომაც მოსწონს ყველას, რასაც და როგორც ვაკეთებ, ხეზე კვეთის საუკეთესო ოსტატი ვარ! ასე ვფიქრობ და რატომ დავმალო. მყავს და, მეუღლე და 13 წლის შვილი, ოჯახის ექვსი წევრიც რომ გყავდეს, ამ საქმით ყველას მიხედავ“, – ამბობს 53 წლის დავით სოსელია.

ხეზე კვეთა საპატიმროში ისწავლა, როცა ხელობას ალღო აუღო და დაოსტატდა, მოსწავლეებიც აიყვანა ციხეში და საქმე სხვებსაც ასწავლა.

დავითს ხეზე კვეთისთვის აუცილებელი ხელსაწყო – დანადგარების შეძენაში ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა, რისთვისაც მან სამეგრელოში მოქმედ ფონდ ,,თანაზიარს“ მიმართა. ფონდი ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციაა, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ კი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო პროექტს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსი ტურისტები შევინარჩუნოთ

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვას მოჰყვა საქართველოში. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეოდა, რის შემდეგაც „ბათუმელები“ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სასტუმრო „ბესთ ვერტერნ პრემიერის“ წარმომადგენელი, თეონა ზოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მათი სასტუმრო ძირითადად ევროპელ ტურისტებზე მუშაობს, ასევე არაბეთსა და მეზობელ ქვეყნებზე, რუსი ტურისტების წილი კი მხოლოდ 15 პროცენტია.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, ბუნებრივია, რუსმა ტურისტებმა დაიწყეს ჯავშნების გაუქმება. თუმცა, ვფიქრობთ, სამომავლოდ როცა დარწმუნდებიან, რომ საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყნაა, სიტუაცია გამოსწორდება.

ჩვენ გვთხოვეს რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა, რომ დაგვეფინანსებინა ტურისტების ტრანსფერი, რადგან რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მათ მგზავრობა უძვირდებათ. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით და ხელისუფლებას ვთხოვეთ, რომ ტრანსფერი თვითონ დააფინანსოს“, – გვეუბნება თეონა ზოიძე. მისი თქმით, რუსი ტურისტების მიღება სასტუმროსთვის გადამწყვეტი არ არის, „არც ისეთი კატასტროფაა ჩვენთვის, როგორც ამას ხატავენ ხოლმე, თუმცა, თუ იქნება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, კარგი იქნება“, – გვითხრა მან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ტუროპერატორი „კაპიტალ ჯორჯია თრეველის“ წარმომადგენელი, ზეინაბ კონცელიძე  ამბობს, რომ მისი სააგენტო სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობს, 55-60% კი რუს ტურისტებზე მოდის.

„ნახევარმილიონი დოლარის ჯავშანი გაგვიუქმდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ვთხოვეთ სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც, რომ იმუშაონ საქართველოს იმიჯზე, როგორც უსაფრთხო ქვეყანაზე და ნამდვილად არის საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო. ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებსაც მივწერეთ რუსეთში ოფიციალურად, მცირე კომპანიები ამზადებენ სარეკლმაო რგოლებს და ავრცელებენ, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ზეინაბ კონცელიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარა ტურის  წარმომადგენელს ირაკლი თავართქილაძესაც, რომელიც ამბობს, რომ დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის ჯავშანი გაუუქმდა 1-ელი ივლისიდან. თუმცა, მისივე თქმით, არის ტურისტების კატეგორია, ვინც აკრძალვის მიუხედავად მაინც ჩამოდის საქართველოში.

„ემბარგოს შემდეგ ჩამოვიდა 30-კაციანი ჯგუფი რუსეთიდან. არის ნაწილი, ვინც რუსული დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშაა, თუმცა ვფიქრობ, ეს კატეგორიაც შემცირდება“, – ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ იმუშავებენ იმისთვის, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა გაუმარტივდეთ. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ გვყავდეს უფრო მეტი ტურისტი ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან, მაგრამ ახლა სწრაფად რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი და ამის პერსპექტივას ჩვენ ვხედავთ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რუსი ტურისტებისთვის ჩამოსვლის გამარტივებაში იგულისხმება თუ რა მათთვის ტრანსფერის დაფინანსება და უღირს თუ არა ამ თანხის გადახდა საქართველოს ბიუჯეტს, ნათია თურნავა გვპასუხობს: „ეს წინადადება არ არის ჩვენგან წამოსული, ამას გვთხოვს ტურისტული ბიზნესი და ჩვენ არ შეგვიძლია ეს მოთხოვნა უგულვებელვყოთ. გვიღირს თუ არა, ჩვენ ამას აუცილებლად დავთვლით“.

კითხვაზე –  იყო თუ არა საუბარი ბიზნესთან იმაზე, რომ უფრო მეტად იმუშაონ ევროპის ან სხვა ქვენების ბაზარზე, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი ამ მხრივ არ არის სანდო პარტნიორი, თურნავა ამბობს: „ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა მიმართულებით იმუშავებს. რუსი ტურისტი საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ეს არის 25 პროცენტი ჩვენი ბაზრის და ეს არის ბიზნესის არჩევანი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს, ტურისტი ირჩევს საქართველოს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა“.

„რუსეთი არ მიჯნავს ბიზნესსა და პოლიტიკას“ – ამ რეპლიკაზე ნათია თურნავა ისევ იმეორებს, რომ „სამაგიეროდ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რადგან განსხვავებულები ვართ. ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტიც შევინარჩუნოთ“.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები პუტინის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ პუტინის ბრძანებამ რუსეთიდან ფრენების აკრძალვაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ტურისტული სექტორი, თუმცა ეს არ არის მოულოდნელი, რადგან რუსეთი წლებია აჩვენებს, რომ ის არ არის სანდო პარტნიორი.

„ამიტომ სახელმწიფოსაც და კერძო სექტორსაც უნდა ჰქონდეს ალტერნატიული სტრატეგია. მიდგომა უნდა იყოს ერთობლივი და კერძო სექტორმაც თავისი ნაბიჯები უნდა გადადგას. თუკი სასტუმროს ნომერი პირობითად ღირს 200 დოლარი და ტურისტს ტრანსფერი სჭირდება ტრაპზონიდან, ამის ღირებულება უნდა გამოაკლოს და ამით სასტუმროს ბევრი არ მოაკლდება. სახელმწიფოსაც შეუძლია უფრო აგრესიულ მარკეტინგში ჩადოს თანხა და იგივე ავიარეისების  სუბსიდირების კუთხითაც. თუკი კარგად გათვლილი ნაბიჯები გადაიდგმება, მოკლევადიან კრიზისს რაღაც დონეზე დაარეგულირებს“, – გვეუბნება ელიზიანი.

მისი თქმით, რუსი ტურისტების ჩამოსვლა მთლიანად არ შეწყვეტილა და „ვინც პუტინის რეჟიმის გავლენის ქვეშ არ არიან, მაინც ჩამოვლენ და დაისვენებენ“.

________________________________________________________________

რა მოხდა?

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება“.

„პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

 

მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს

„მანქანით ევროპის მოედნიდან გამიყვანეს. კახა მიქელაძემ მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი,” – აცხადებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე. იგი 21 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით ორი პირია დაკავებული, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა მიქელაძე.

ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ კონფლიქტი „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ალეკოს თქმით, კახა მიქელაძემ საპროტესტო აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს თავისი პოსტით შეურაცხყოფა მიაყენა.

“აქციაზე ვიყავი, როცა კახასგან მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ საუბარი სურდა… მანქანაში მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი, რაც არც ვიცოდი რა იყო, გავაპროტესტე და ვაიძულე, მანქანა კაფე “კონტესთან” გაეჩერებინათ. ამ დროს მძღოლმა გამოიყენა ხანჯალი და თავის, ასევე ხელის არეში მომაყენა დაზიანებები. მძღოლის ვინაობა არ ვიცი. კახა მიქელაძე ისე მეხებოდა, ფიზიკურად…”- ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მერიის ყოფილი თანამშრომლის თქმით, ის ქუჩაში დატოვეს და პირველადი დახმარება კაფეს თანამშრომლებმა გაუწიეს. შემდეგ დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუყვანიათ.

“არ ვიცი, რა უნდოდათ, არ უთქვამთ… შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ჩემს აქტივობას ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ,”- დასძენს ალეკო თევზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გუშინ, 24 ივნისს, 2 პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს.

200 ათასი ტურისტი ისრაელიდან – ისრაელის სახლის ხელმძღვანელის პროგნოზი

საქართველოში ისრაელის სახლის ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ამბობს, რომ წელს ისრაელიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და 200 ათასს მიაღწევს.

„2018 წელს 150 ათასი ტურისტი ჩამოვიდა ისრაელიდან. ჩვენ გვჯერა, რომ წელს იქნება 200 ათასი. 200 ათასი ტურისტი უდრის 200 მილიონ დოლარს – ეს არის შემოსავალი მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოს ბიუჯეტში. ეს არის ჩვენი წვლილი ეროვნული მიზნებისთვის ტურიზმის განვითარებაში,“ – ამბობს იციკ მოშე „ბათუმელებთან“.

მას აქვე მცირე სტატისტიკა მოჰყავს, რაზე დაყრდნობითაც აკეთებს პროგნოზს.

„ბოლო წლებში არის ტენდენცია, რომ 30-50%-მდე იზრდება ისრაელიდან შემოსული ტურისტის რაოდენობა. თუნდაც, 2019 წლის  პირველი კვარტალის მონაცემები რომ ავიღოთ, ისრაელიდან იყო ყველაზე დიდი ზრდა. ჩვენ ვუერთდებით ეროვნულ შემართებას ტურიზმის განვითარების მხრივ,“ – ამბობს იციკ მოშე.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის თქმით, ისინი ევროსაბჭოს აკრედიტებულ ორგანიზაციებს წარუდგენენ ებრაული მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტს საქართველოში; 2019 წლის ბოლომდე 2 საერთაშორისო ფორუმს გადმოიტანენ თბილისში, ხოლო 2020 წელს ბიზნესფორუმს ტურიზმსა და ტურიზმის ინდუსტრიას მიუძღვნიან.

„იმის გარდა, რომ ჩვენ ისრაელიდან ვუკეთებთ პრომოუშენს ტურიზმს საქართველოში, შევიმუშავეთ სულ ახალი მარშრუტები. ეს არის ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი, რომელიც ევროსაბჭოსთან ერთად შევქმენით. ვმუშაობთ საქართველოში კულტურის სამინისტროსთან ერთად. მომავალ კვირას მივემგზავრებით ბარსელონაში იმისათვის, რომ შევხვდეთ ევროპის ორგანიზაციებს, რომლებიც არიან აკრედიტებული ევროსაბჭოში და გავაცნოთ ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი. ეს არის ძალიან საინტერესო არამხოლოდ ისრაელის ებრაელებისთვის, არამედ ევროპიდან ჩამოსული ებრაელებისთვის. ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით – ევროპა, ისრაელი, ბიზნესფორუმი, საერთაშორისო ფორუმები – გავაძლიეროთ მსოფლიო ებრაელობიდან ტურიზმი საქართველოში. ჩვენ გვჯერა,  ერთობლივი მუშაობით შეიძლება მომავალ წელს 300 ათასი ტურისტიც შემოვიდეს,“ – ამბობს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აკრძალა რუსეთიდან საქართველოში ავიარეისები. ექსპერტები და სახელმწიფო სტრუქტურებიც აცხადებენ, რომ ეს აკრძალვა რუსეთიდან ტურისტების ნაკადს შეამცირებს.

რა ისმის სატელეფონო ჩანაწერში – „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის დაკავებულის საქმე

„ეს არის აბსურდი, რომ ადამიანი მუხიანიდან ღამით ფეხით მიდიოდა პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილებით“, – ამბობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. ის 21 ივნისს დაკავებული გიორგი წიქარიძის ინტერესებს იცავს. პროკურატურა აცხადებს, რომ წიქარაძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

ბენზინით სავსე 12 ბოთლი, ნაჭრები და სატელეფონო ჩანაწერი – ესაა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებული კაცის საქმეში მთავარი მტკიცებულებები. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბენზინიანი ბოთლები დაკავებულს მოპედით გადაადგილებისთვის სჭირდებოდა. ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერიდან კი ისმის, რომ ბრალდებულს პარლამენტის შენობასთან 21 ივნისის დილას „მოლოტოვის“ გამზადებული კოქტეილები უნდა მიეტანა. პროკურატურის მტკიცებით, სატელეფონო საუბარი ღამის ორის-ნახევარზე ბრალდებულსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – გოჩა კოკაიას შორის შედგა.

„ჩანაწერში ისმის, რომ თითქოს ბრალდებული სთავაზობს კოკაიას კოქტეილების პარლამენტთან მიტანას შუაღამეზე, თითქოს ამბობს, რომ მზადაა შუაღამეზე ფეხით მიიტანოს ეს, ის კი პასუხობს, რომ ღამით არაა საჭირო და დილით უნდა მიიტანოს… გოჩა კოკაია, როცა მოწმის სახით დაკითხეს, თქვა, რომ არ იცნობს საერთოდ გიორგი წიქარიძეს, მაგრამ ეს საუბარი თვითონ ჩაიწერა. საინტერესოა, რატომ ჩაიწერა სატელეფონო საუბარი გოჩა კოკაიამ, თუკი იგი გიორგის საერთოდ არ იცნობდა?“ – კითხულობს ადვოკატი მარიკა ჯანიკაშვილი. მისი დაცვის ქვეშ მყოფის მტკიცებით, ეს სატელეფონო საუბარი საერთოდ არ ყოფილა და იგი საპროტესტო აქციის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეტროთი შინ დაბრუნდა.

ადვოკატს ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, როგორ დაადგინა ექსპერტიზამ ამ სატელეფონო ჩანაწერში მოსაუბრე პირების ხმების ავთენტურობა, თუ სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. „ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი“, – გვითხრა მარიკა ჯანიკაშვილმა.

გოჩა კოკაია დაკავებული არ არის. ბრალდებულ გიორგი წიქარიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ იგი დანაშაულის დაფარვისთვის უნდა დაეკავებინათ.

„არ ვიცი, რატომ არ დააკავეს… პროკურატურა ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულება არ აქვს. ეს სატელეფონო ჩანაწერი ამოიღეს გოჩა კოკიას ჩხრეკის დროს მისი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას,“ – დასძენს მარიკა ჯანიკაშვილი.

გიორგი წიქარიძე ამ ეტაპზე ერთადერთია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების  შემდეგ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებული გამოძიების შემდეგ, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. გიორგი წიქარაძეს ბრალი თავდაპირველად 236-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს. რამდენიმე დღეში გიორგი წიქარიძეს ბრალი დაუმძიმეს – მას ახლა გამოძიება აფეთქების მცდელობას ედავება.

აფეთქების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ასეა განმარტებული: „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით“.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი წიქარიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ის არის პენსიონერი, ჰყავს 4 შვილი და ამ დრომდე არანაირი შეხება სამართალდამცველებთან არ ჰქონია, მას სამართალდარღვევაც კი არ აქვს… მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ეს მისი არჩევანის თავისუფლებაა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის,“ – აღნიშნავს მარიკა ჯანიკაშვილი.

„ბათუმელები“ ცდილობს, თავად გოჩა კოკაიასაც დაუკავშირდეს.


20 ივნისის მოვლენების შემდეგ პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით 305 ადამიანი დააკავა. წვრილმანი ხულიგნობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის მუხლებით სასამართლომ დაკავებულების ნაწილს რამდენიმე დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ნაწილი კი დააჯარიმა.

69 დაკავებულის საქმეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვიტა სასამართლომ სამართალწარმოება, 4 პირს შენიშვნა მისცეს, 8 – დააჯარიმეს, 18 – ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვეს. დანარჩენი 34 დაკავებულის საქმე კი, ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს. ისინი სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს და მათ შემთხვევებს სასამართლო ორი თვის ვადაში გადაწყვეტს.

 

 

 

შპს სტადიონის ახალ უფროსად ჯაბა სურმანიძე დანიშნეს, მისი ხელფასიც 6250 ლარი იქნება

შპს „სტადიონს“ ისევ ახალი, რიგით მეშვიდე ხელმძღვანელი ჰყავს. ყოფილმა დირექტორმა ლევან ლომთაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე მაღალი ხელფასი დაუნიშნეს, ორგანიზაციაში მხოლოდ ორი თვე დაჰყო. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, თუმცა არ ისაუბრა მიზეზებზე.

ახალი დირექტორი ჯაბა სურმანიძეა. აქამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ბრძანებაში, რომლითაც მან ლევან ლომთაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ჯაბა სურმანიძე დანიშნა, ნათქვამია, რომ ლომთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამავე ბრძანების მიხედვით, ჯაბა სურმანიძეს შეუნარჩუნდება ხელფასი 6250 ლარის ოდენობით. ამ თანამდებობაზე ხელფასი ლევან ლომთაძის დანიშვნის შემდეგ გააორმაგეს.

შპს „სტადიონი“ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციაა,  რეგიონის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ის 72 მილიონ 300 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, ხოლო 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ამ კომპანიისთვის 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

შპს „სტადიონი“ ბათუმში იმ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება [ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სპორტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ყინულის სასახლე, ამას დაემატება ძალოსნობის ბაზა ჩაქვში].

 

მხოლოდ 1 მილიონი – აჭარის მოგება კუთვნილი 35 საწარმოდან [აუდიტი გეგმის დასაბუთებას ითხოვს]

ნათია თურნავა რუსეთიდან ფრენების აკრძალვაზე: ეს იყო სერიოზული შოკი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილავენ იმ გამოწვევას, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის პრეზიდენტის აკრძალვას რუსეთიდან ფრენებთან დაკავშირებით.

როგორც  ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ტურისტული სექტორი გამოწვევის წინაშე დგას.

„მე არ ვეცდები, რომ შევალამაზო. ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო სერიოზული შოკი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლო ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას.

ბიზნესის მოთხოვნა არის ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრადიციული ბაზრები და მათ შორის რუსი ტურისტები შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა გეგმები აქვს მთავრობას, მინისტრი პასუხობს:

„პირველ რიგში უნდა გავამტკიცოთ ჩვენი იმიჯი, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილის. მეორე უკვე კონკრეტული ფინანსური, ლოჯისტიკური, ორგანიზაციული საკითხებია, როდესაც შევხვდებით ყველა სეგმენტს, მერე ვიქნები მზად უფრო დეტალებზე საუბრისთვის“.

ეკონომიკის მინისტრს ასევე ჰკითხეს, ლარის კურსთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, კურსის  სტაბილურობა შენარჩუნდება.

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობთ, მოკლევადიან რყევაზეა საუბარი.

რაც შეეხება ტურიზმის გამოწვევას, ჯერ კიდევ ახალია და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. არ მგონია, რომ იქამდე მიგვიყვანოს, ამ გამოწვევამ რამე სერიოზული პრობლემა შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო.

მაგალითისთვის, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 150 ათასი ამომრჩეველი მიიღებს და ყველა ხმა ნამდვილი იქნება, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას 1 მანდატის მოსაპოვებლად დასჭირდება მინიმუმ 7 143 ხმა.

პროპორციულ არჩევნებში ნულოვანი ბარიერის არსებობის დროს, იმის გამოსათვლელად, თუ რამდენ მანდატს მიიღებს პარტია, რომელმაც გარკვეული ხმები მოაგროვა, ფორმულა ასეთია: მიღებული ხმების რაოდენობა გაიყოფა ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაზე და გამრავლდება მანდატების [უმაღლეს საბჭოში ადგილების] რაოდენობაზე, ანუ ჩვენს შემთხვევაში 21-ზე.

ანუ, პარტია, რომელმაც ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, მოაგროვა 7143 ხმა, მიიღებს ერთ მანდატს: 7 143 / 150 000 X 21 = 1,00002. ამ მაგალითის შემთხვევაში, თუ პარტია მოაგროვებს 7 142 ხმას, ის მანდატის გარეშე დარჩება.

რაც შეეხება ნაშთს [ამ შემთხვევაში 0,00002], სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის თქმით, ეს კანონში უნდა გაიწეროს, როგორ დაუმრგვალდება პარტიას ან როგორ გადანაწილდება. ანუ, კანონით უნდა დადგინდეს, თუ დათვლის რა სისტემა იქნება არჩეული.

ამ თემაზე: რამდენი ხმა დასჭირდება პარტიას ერთი მანდატისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები რომ პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, ამის შესახებ 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

რა სისტემით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის. ჩატარდება თუ არა ის მხოლოდ პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით, ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესატანი იქნება ცვლილება აჭარის კონსტიტუციაში, საბოლოოდ კი ამ ყველაფერს დასჭირდება საქართველოს პარლამენტის თანხმობა,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებაზე აჭარაში კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. მოქმედი კანონმდებლობით არჩევნები ტარდება პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 6 მაჟორიტარული წესით აირჩევა. უმაღლესი საბჭოს მომავალი არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს.

 

რას ამბობენ ბათუმში ჩამოსული ტურისტები ფრენების აკრძალვის შემდეგ

8 ივლისიდან პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ავიარეისები აკრძალა. გუშინ, 24 ივნისს, ბათუმის აეროპორტში ტურისტები ეკატერინბურგიდან, როსტოვიდან და მოსკოვიდან ჩამოფრინდნენ.

ბათუმის აეროპორტში ტურისტები პუტინის მიერ დაწესებულ აკრძალვაზე საუბრობენ,  კამერის ჩართვამდე რუსი ტურისტების უმრავლესობა კითხულობს, აჩვენებენ თუ არა ჩვენს ჩანაწერს რუსეთში.

შანი ვაისმანი თელავივიდან ჩამოფრინდა, თავად რუსეთის მოქალაქე არ არის, მაგრამ, ტურისტულ შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს: „რატომ უნდა ამიკრძალონ მშვიდობიან ქვეყანაში სტუმრობა? ეს არადემოკრატიული ნაბიჯია, დემოკრატიის ნასახიც კი არ არის ამაში. რუსეთის მოქალაქე რომ ვიყო, ძალიან გავღიზიანდებოდი“, – ამბობს ტურისტი.

შეზღუდვას არ მიესალმება რუსეთიდან ჩამოსული ჩვენ მიერ გამოკითხული არც ერთი ტურისტი ბათუმის აეროპორტში, თუმცა ისინი ძირითადად მიიჩნევენ, რომ ,,უბრალო ხალხს“ პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მთავრობებმა უნდა დაალაგონ, ,,ეს მათი საქმე არაა“.

ვლადიმერ შინკორენკო და მისი მეგობრები ბათუმიდან რუსეთში მიემგზავრებიან. ვლადიმერი წელს მეხუთედაა საქართველოში. მას მიაჩნია, რომ რუსეთი და საქართველო მოძმე ერები არიან და ,,წვრილმანებმა“ ,,უბრალო ადამიანებს“ შორის ურთიერთობა არ უნდა დაძაბოს.

,,გვიყვარს აქ ჩამოსვლა, იმედია, ჩვენი და თქვენი ხელისუფლება კომპრომისზე წავა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები არ უნდა ზარალდებოდნენ. ვისურვებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას,“  – ამბობს ტურისტი.

„მართალია, აგვიკრძალეს აქ ჩამოსვლა, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია ამისთვის და მაინც ჩამოვფრინდით, პირველად ვართ აქ, ჩამოსვლა მეგობრებმა გვირჩიეს. ამბობენ მეგობრული და ლამაზი ქვეყანააო. რუსებს კარგად ექცევიან, კარგი სამზარეულოა და ბუნებაც ლამაზია, ამიტომაც ჩამოვედით,“ – ამბობს ლილიანა პეტერბურგიდან, რომელიც 24 ივნისს ჩამოფრინდა ბათუმში მეგობართან ერთად. ის ფიქრობს, რომ ტურისტები, ვისაც საქართველოში დასვენება სურს, სხვა გზით ჩამოვლენ. იმავეს ფიქრობს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვიც, რომელიც რუსეთში დღეს ბრუნდება საქართველოში დასვენების შემდეგ:

,,არ ვიცი, ადამიანის უფლებებს არღვევს თუ არა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა, ვერ ვერკვევი კანონებში. მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის მსურველი არასაჰაერო გზასაც გამოძებნის ლარსის გავლით მაგალითად. მივემგზავრებით, მაგრამ იმედია, ფრენების აკრძალვა გაუქმდება და მომავალ წელსაც შევძლებთ დაბრუნებას,“ – ამბობს სერგეი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოში მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღნიშვნა გადაიდო, ნახეთ როგორ აღინიშნებოდა წინა წლებში [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დღისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება გადადო.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა დღედ 2011 წელს გამოაცხადა. წელს მეორე შემთხვევაა, როცა ეს დღე ბათუმში საზეიმოდ არ აღინიშნება. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არ აღუნიშნავთ არც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ნახეთ, როგორ აღნიშნავდნენ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გასულ წლებში.

მეზღვაურთა დღე 2012
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში

მეზღვაურთა დღე 2013 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე 2017 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე 2018 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე 2018 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან და საპროექტო-ტექნიკურ პირობებთან, აგრეთვე, სამშენებლო კომპანიასთან შემსყიდველის მიერ გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა განახორციელოს ასევე საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.  სამინისტროს ზედამხედველმა ეტაპობრივად უნდა წარუდგინოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმები, მათთან დაკავშირებული სამუშაოთა აქტები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, დასრულებული ხელშეკრულებების ფარგლებში უნდა გააჩნდეს ფოლადის წნევაზე გათვლილი მილსადენების ან/და ლითონკონსტრუქციების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმი-ხიჭაურის მილსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც 2017 წელს. ეს მილსადენი, რომლის მშენებლობისთვის 25 768 251 ლარი დაიხარჯა, უკვე აშენებულია.

——–

ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.

რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიცირებას, ამ დროისთვის დასახლებული პუნქტების დაქსელვის პროექტირებაზეც არ არის მუშაობა დაწყებული.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის გაზსადენი სოფელ წონიარისთან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ამერიკელი დიპლომატი საქართველოში დასვენებაზე

ამერიკის საელჩოს ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის პოსტს, სადაც ის თავის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს  საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

„საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან.

საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს”, – წერს ერინ ჯარეტი, ამერიკელი დიპლომატი.

ერინ ჯარეტ

რა მოხდა? – მოვლენათა ქრონოლოგია მოკლედ

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ორი ადამიანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, აქედან 121-ს პატიმრობა შეუფარდეს. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მთავარი ფოტო: ამერიკის საელჩოს FB-გვერდიდან

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთში დასვენება გადაიფიქრეს – ანტისაოკუპაციო კამპანია

სალომე შაშიაშვილი მათ შორისაა, ვინც წელს დასვენებას საზღვარგარეთ გეგმავდა და გადაიფიქრა. ამის შესახებ მან ფეისბუქში #Spend your summer in GEORGIA“ – დაწერა,  როგორც თვითონ წერს, თურქეთში აპირებდა დასვენებას, მაგრამ  დაგეგმილი მარშრუტის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ფეისბუქში“ დაიწყო საქართველოს კურორტების მხარდამჭერი კამპანია ჰეშთეგით #დაისვენესაქართველოში, #იმოგზაურესაქართველოში, #წამომთაში, #Spend your summer in GEORGIA და სხვა.

კამპანია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ტურისტებს მოუწოდა, არ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოდან დუმის დეპუტატი გავრილოვი გააძევეს, ხოლო პარლამენტის წინ დაიწყეს აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ.

სალომემ გადაწყვიტა ორკვირიანი შვებულების ერთი კვირა სვანეთში, ერთი კი აჭარაში გაატაროს. ჯგუფში მას გადაწყვეტილება მოუწონეს, ბევრმა კი დაწერა, რომ თავადაც ასე მოიქცევა.

სალომე ფარმაცევტია. მისი თქმით, გასულ წელს იტალიაში დაისვენა, წელს კი შვილებთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში გეგმავდა წასვლას. ის ამბობს ასევე, რომ წელს მას საქართველოში დასვენებისთვის გაცილებით მეტი თანხა დასჭირდება, ვიდრე გასულ წელს იტალიაში და წელს თურქეთში დაეხარჯებოდა სავარაუდოდ.

„იმ ფასად საქართველოში ვერ დაისვენებ, ეს მართლაც დასაფიქრებელია, მაგრამ მხარდაჭერისთვის და ოკუპაციის გასაპროტესტებლად წელს ასე გადავწყვიტე, იგივე გადაწყვეტილება მიიღეს იმ მეგობრებმაც, რომლებსაც ამის შესახებ ჯგუფში არ დაუწერიათ“, – ამბობს სალომე. მისი თქმით, წელს ის თურქეთში მინიმუმ 3000 ლარის დახარჯვას გეგმავდა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო გიორგი ქარელმაც. ის წელს დასვენების ადგილად თურქეთის რომელიმე ქალაქს ან პრაღას განიხილავდა. თბილისში დაწყებული ანტიოკუპაციური პროტესტისა და პუტინის ბრძანების შემდეგ კი, რომლითაც ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, ხოლო ტურისტებს მოუწოდა საქართველოში არ ჩავიდნენ, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. გიორგი სვანეთში და თუშეთში მოგზაურობას გეგმავს, რისთვისაც 1000 ლარი აქვს გათვალისწინებული:

„მომეწონა ხალხის ერთიანობა და ამიტომაც გადავწყვიტე.  კარგია, რომ ამ ფორმით ვაგონებთ ხმას ევროპის ქვეყნებს, რომ მათ შეავსონ ის დანაკლისი, რაც რუსი ტურისტების არ ჩამოსვლით იქნება გამოწვეული. “

გიორგი ინგლისურ ენას ასწავლის. ის პერიოდულად ქმნის ჯგუფებს ლაშქრობაში წასასვლელად, ეს მისი გატაცებაა. გიორგიც მათ შორისაა, ვინც მოუწოდებს ტურისტულ სექტორს, რომ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ევროპის ქვეყნებიდან, ფასები დაარეგულირონ: „ბევრჯერ მქონია მათთან შეხება და ვიცი, რომ ტურისტიც განსაზღვრული თანხით ჩამოდის, ეძებს ჰოსტელს ნორმალურ ფასად, თუ ვერ პოულობს კარავს შლის, რადგან  ჩვენთან ძალიან ძვირია მომსახურება“.

გიორგი გეგმავს, ასევე, რომ ევროპიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველოს კურორტებს პოპულარიზაცია თავადაც გაუწიოს.

გიორგი ქარელი

ელენა ლიჩელი გერმანიაში იმყოფება, ის თურქეთში გეგმავდა დასვენებას და ორი კვირით სასტუმროც ჰქონდა დაჯავშნილი, მაგრამ ქვეყნის გასაძლიერებლად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად ჯავშანი გააუქმა და საქართველოში დაგეგმა ჩამოსვლა:

„საქართველოში ჩამოსვლა გადავწვიტე, ისეთი კადრები ვნახეთ, რაც არ შეიძლება აპატიო არავის. ძალიან იაფად – 700 ევროდ მქონდა დაჯავშნილი ორი კვირა თურქეთში ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოში კი ბილეთებიც ძვირია და სასტუმროებიც. იმის გამოც ვშიშობ, ამ სიტუაციით არ ისარგებლონ და კიდევ უფრო არ გააძვირონ ყველაფერი. მე თბილისიდან ვარ და იქ ჩასვლა ჩემთვის დასვენება არ არის, ზღვაზე კი ძალიან ძვირია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩამოვალ თუნდაც ორივე კვირა თბილისში გავატარო.“

ელენა ლიჩელი

ფეისბუქის ჯგუფში #Spend your summer in GEORGIA  ბევრმა უცხოელმაც დაპოსტა.

„I will return next summer to beautiful Georgia“ – ბარბარა დოდსონი ტექსასიდან წერს, რომ  ზაფხულს საქართველოში გაატარებს, ის საქართველოს კურორტების მხარდაჭერის მიზნით დაწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.  ბარბარას, რომელმაც მხარდაჭერის მიზნით დასვენების ადგილად წელს საქართველო აირჩია, 35 კომენტარი დაუწერეს, სადაც მადლობას ეუბნებიან მხარდაჭერისთვის და ურჩევენ სად ჯობია დასვენება. გარდა ამისა, მას რამდენიმე კომპანიამ, კაფემ და სხვადასხვა ტიპის ტურისტულმა ობიექტმა ფასდაკლებით მასპინძლობაც შესთავაზა.

ბარბარას მსგავსად  მხარდაჭერის მიზნით ზაფხულის საქართველოში გატარების გადაწყვეტილების შესახებ  დაწერეს ასევე ესტონეთის, იტალიის, ავსტრიის, ჰოლანდიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა თუ ტუროპერატორებმა. დაპოსტეს იმათაც, ვინც საქართველოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, დაწერეს შთაბეჭდილებებზე და სხვებს ურჩიეს საქართველოში დასვენება.

ჯგუფში #Spend your summer in GEORGIA – თითქმის ყოველ ერ წუთში ახალი პოსტი ქვეყნდება, სადაც ადამიანები გამოდიან სხვადასხვა ინიციატივით ტურიზმის სექტორის დასახმარებლად, სთავაზობენ უფასო მომსახურებებს სხვადასხვა მიმართულებით, ტოვებენ საკონტაქტო ინფორმაციას იმისთვის, რომ შეთავაზების მიღების შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ მათთან დაკავშირება.

„ჩვენი ვალია დავუდგეთ ქვეყანას გვერდში, როცა ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება“, – წერს მიხელ გოგიჩაიშვილი და მათ ვისაც აქვთ უძრავი ან მოძრავი ქონება და სჭირდებათ ფოტოების გადაღება ტურისტების მოზიდვის მიზნით, უფასოდ მომსახურებას სთავაზობს.

ინიციატორები ცდილობენ საქართველოს კურორტები ევროპის ქვეყნებში გახადონ პოპულარული და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს სწორედ ამაში სთავაზობენ დახმარებას.

2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 600 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ევროპაში უვიზო რეჟიმით.

 

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაჭრის შესახებ თავად ალექსანდრე თევზაძეც ადასტურებს.

ალექსანდრე თევზაძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ცივი იარაღით არის დაჭრილი. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კონფლიქტის მიზეზს და დამჭრელის ვინაობას არ ასახელებს.

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. დღეს ვერაფერს გეტყვით, უნდა ჩამოვყალიბდე და ხვალ გავაკეთებ ვრცელ განმარტებას,“ – გვითხრა ალექსანდრე თევზაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამ საქმეზე დღეს, 24 ივნისს, 2 პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს.

 

 

 

 

 

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ბრენდირებული უნიფორმები გადაეცათ

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ. დღეიდან, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის, ტექნიკურ ჯგუფისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მუშაობას ახალი ბრენდირებული უნიფორმებით აგრძელებენ.

აღნიშნული უნიფორმები კორპორატიულ ბრენდ-ფერშია გაადაწყვეტილი და მასზე ბათუმის ბულვარის ახალი ლოგოტიპია გამოსახული. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე გათვლილი კომფორტული უნიფორმა გათვალისწინებულია როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი ამინდებისთვის. ბათუმის ბულვარმა სახელმწიფო შესყიდვა სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების შესაძენად მიმდინარე წლის 29 მარტს გამოაცხადა.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.
ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე და მდგრადი საღებავისგან შემდგარი ქსოვილისგან დამზადებული. აღნიშნული პირობებით ჩატარებული ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმების სრული კომპლექტი 80 მუშა-პერსონალს გადაეცა. თითოეულ მათგანში 15 დასახელების სპეცტანსაცმელი და სამუშაო აქსესუარი შედის. კერძოდ: ხელთათმანი, აირწინაღი, სახის დამცავი ბადე, შარვალი, კომბინეზონი, ჟილეტი, საწვიმარი ლაბადა, მაისური, ქუდი, საზაფხულო სპეც ტანსაცმელი, გრძელმკლავიანი პერანგი, სპეც ფეხსაცმელი.

 ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

ბათუმის ბულვარმა სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების შეძენისათვის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან შპს „GIOX“-თან გააფორმა და 32 439-ლარი გადაიხადა.

 ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

„ბათუმის ბულვარს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ როგორც თითოეული თანამშრომლის სათანადო სამუშაო პირობებზე, ჩაცმულობასა და კომფორტზე, ისე ბათუმის ბულვარის იმიჯის ამაღლებასა და პოპულარიზაციაზე “- აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.
 ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ.

რას ამბობენ საკრუიზო გემზე დასაქმების მსურველები გასაუბრებაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკრუიზო გემებზე დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი დაიწყო. გასაუბრებას „ქოლუმბია შიფმენეჯმენტის“ წარმომადგენლები პირადად ატარებენ. გასაუბრება ბათუმში გაგრძელდება ხვალ, 25 ივნისსაც, შემდეგ კანდიდატებს კი სკაიპით გაესაუბრებიან. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა 20-მდე ადამიანთან მოახერხა გასაუბრება.

გასაუბრებაზე მისული კონკურსანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთა უმრავლესობას განაცხადი ბარმენის ან მიმტანის პოზიციაზე აქვს  შეტანილი.

„ჩემი ოცნება ზღვაზე წასვლა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ სასტუმროში ვმუშაობ მიმტანად. თუ ამარჩევენ, ოცნებას ავიხდენ, თან ზღვაზე ვიქნები და თან ვიმუშავებ,“ – ამბობს იოანე ჯაფარიძე, ერთ-ერთი კონკურსანტი.

ანნა ჯაში საზღვაო აკადემიის სტუდენტია. გასაუბრების წინ ყველაზე მეტს ნერვიულობდა.

„საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ. მიმტანის პოზიციაზე შემოვიტანე განაცხადი. ძალიან მინდა, რომ ამარჩიონ და გემზე წავიდე,“ – ამბობს ანნა.

გემზე ბარმენად მუშაობა სურს ზურაბ დევდარიანს.

„ოთხწლიანი გამოცდილება მაქვს ბარმენად მუშაობის. ცურვა მიყვარს, წყალი და მოგზაურობა. თუ ამარჩევენ ძალიან გამიხარდება, რადგან შევძლებ თან ვიმუშაო და თან ვიმოგზაურო,“ – ამბობს ზურაბი.

კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრების პროცესი

საკრუიზო გემზე პირველ ეტაპზე 50 ადამიანი უნდა დასაქმდეს, მათგან 20 აუცილებლად გოგო უნდა იყოს. გოგოებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გადაამზადებს.

რაც შეეხება დანარჩენ 30 კანდიდატს, გადამზადების კურსები მათ თავიანთი სახსრებით უნდა გაიარონ. ორკვირიანი ტრენინგ კურსის გავლა, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს, დაახლოებით 600-700 ლარი ჯდება.

„ქართველებს ეძლევათ მაქსიმალური დასაქმების საშუალება მომსახურების სფეროში საკრუიზო გემებზე, ღირსეული ანაზღაურებით, ღირსეული დასაქმების პირობით, სოციალური გარანტიებით, ყველაზე მაღალი შრომის უფლებების სტანდარტით, დასაქმების და სამუშაოს თვალსაზრისით ოთხ და ხუთვარკსვლავიან გემებზე. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში შეიქმნას სოციალურად უზრუნველყოფილი საშუალო ფენა, რომელიც ასე ვთქვათ მომსახურების სფეროში პროფესიონალურ დონეზე იქნება დასაქმებული. ძირითადად ვინ წამოვა ამ ვაკანსიებზე? ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული გამოცდილი პერსონალი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინგლისურის ცოდნაც. ეს ადამიანები თუ წამოვლენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში წავლენ, ეს აქ ადგილზე გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს,“ – ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, მომდევნო ორი წლის მანძილზე  საქართველოს 1000 მოქალაქეს საკუთარ გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე 50 ადამიანის დასაქმება საკრუიზო გემებზე  იგეგმება. დასაქმებულთა ხელფასი 800-დან 1200 ევრომდე იქნება. დასაქმებულები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და კვებით.

„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანულ კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით გააჩნია 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოსშრომის უსაფრთხოების შესახებკანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3 კვირიანი ტრენინგი გაიარეს.  კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების  მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე – უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის – IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს.

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა, კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება. რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს   მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.

 

 

რუსი კალათბურთელები ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე აღარ ჩამოვლენ

ხვალ, 25 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო ტურნირი „ბლექ სი ქაფი“ გაიხსნება, რომელშიც რუსულ გუნდს, „ლეგიონს“ უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გუნდმა აჭარის საკალათბურთო ფედერაციას შეატყობინა, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ტურნირი ხვალ იწყება, ზეგ უკვე თამაში ჰქონდათ. მოგვწერეს, რომ ვერ ჩამოდიან. სუფთა სპორტული ხასიათის წერილი იყო, რომ რაღაც პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ ჩამოსვლასო და ბოდიში მოგვიხადეს. მათ თვითონ გამოთქვეს სურვილი თავის დროზე ტურნირში მონაწილეობის, ჩვენ ყველას ვიღებთ, ეს კალათბურთია,“ – გვითხრა გოდერძი კორძაიამ, აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საკალათბურთო ტურნირი ბათუმში 25-30 ივნისს გაიმართება. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს ისრაელიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვადან და საქართველოდან. რუსული გუნდის ჩამოუსვლელობით ტურნირის მიმდინარეობას პრობლემა არ შეექმნება, გიორგი კორძაიას თქმით, ტურნირში ზაზა ფაჩულიას აკადემია მიიღებს მონაწილეობას.

ბათუმის ექსპერიმენტულმა თეატრმა უნგრეთში ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო

უნგრეთში ქალაქ ვაშვარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის ექსპერიმენტულმა თეატრმა, რომლის სახელწოდებაა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ – ფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში დასი უნგრელი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „მელოტი მომღერალი ქალი“ [ეჟენ იონესკოს პიესა]. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჩხაიძე.

ვაშვარის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეათე წელია იმართება  უნგრეთის კულტურისა დახელოვნების ცენტრის ორგანიზებით.

პეტიცია რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით

რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით „სამოქალაქო მოძრაობამ“ პეტიცია მოამზადა. პეტიციის მოთხოვნაა პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბოს და „პოლიციის შესახებ“ კანონში  შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციის დაშლა აიკრძალება.

„პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია, როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

რით უნდა ჩანაცვლდეს რეზინის ტყვია, თუკი დემონსტრანტი კანონს არღვევს და პოლიცია მის შეჩერებას ცდილობს?

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულად იმ რეზინის ტყვიების აკრძალვას, რაც გამოიყენეს 20 ივნისის ღამეს. რეზინის ტყვიები შესაძლოა გამოიყენოს პოლიციამ, მაგრამ ექსპერტები უნდა შეთანხმდნენ მისი დარტყმის ძალისა და მონაცემების შესახებ. იმას, რაც 20 ივნისს გამოიყენეს, შეეძლო მოეკლა ადამიანი,“ – გვიყვება პაატა გიგაური, „სამოქალაქო მოძრაობის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი.

პაატა გიგაურის თქმით, რეზინის ტყვია, რაც 20 ივნისს გამოიყენეს, ძირითადად ცხოველების შესაჩერებლად იყენებენ, როცა ისინი მიწის ნაკვეთებში აღწევენ და მათი მოკვლა არ სურთ.

„ამას იყენებენ რამდენიმე ქვეყანაში დემონსტრაციებზეც, მაგრამ ეს არ უნდა ისროლო 10 მეტრის რადიუსში, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა, გადამზადება… ყველაზე მძლავრი რაც იყო, ის ჰქონდათ ნაყიდი,“ – დასძენს პაატა გიგაური.

ამ დროისთვის [17:00] პეტიციას 4366 ადამიანი უჭერს მხარს. მსურველებს პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლიათ აქ.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

 

 

19 წლის მაკო გომურს სოლიდარობის ნიშნად საავადმყოფოსთან დახვდნენ

დღეს, 24 ივნისს, „ნიუ ჰოსპიტალი“ დატოვა მაკო გომურმა, 19 წლის გოგონამ, რომელმაც 20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა. ქალთა უფლებადამცველები და მოქალაქეები მაკო გომურს სოლიდარობის ნიშნად კლინიკასთან დახვდნენ.

„ნარკოზიდან რომ გამოვედი, დამხვდა უამრავი შეტყობინება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის, რადგან რა ძალაც ახლა მე გამაჩნია, სწორედ ამ ადამიანებისგან. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების წინააღმდეგ და რაღაცების მისაღწევად, მხოლოდ ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, რისთვისაც იქ ვიყავით.

იყო ტკივილით გათენებული ღამეები, მაგრამ ახლა კარგად ვარ. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როცა ტყვია მომხვდა და როცა შეიარაღებული ძალა მოდიოდა ჩვენსკენ. ეს იყო ალბათ ყველაზე მძიმე კადრი ჩემს ცხოვრებაში“ – ამბობს მაკო.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად, თვალი მაკო გომურის გარდა კიდევ ერთმა ადამიანმა დაკარგა. რამდენიმე დაშავებულს კი ექიმებმა დაზიანებული თვალი შეუნარჩუნეს. დარბევის შედეგად სულ 240 მოქალაქე დაშავდა, ორი ადამიანი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება კლინიკებში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტისა და დაშავებული ადამიანების სოლიდარობის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს კამპანია „ნუ მაბრმავებ“, „რუსეთი ოკუპანტია“, – რის ნიშნადაც აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ თვალახვეულები იდგნენ. სოლიდარობის კამპანიას უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ფოტოზე: მაკო გომური. კადრი On ge-ეს ვიდეოდან.

________________________________________________________________________________

რა მოხდა? 

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.
თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

ბათუმში საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს

საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესების, ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის (Academic Advisory Committee – AAC) რიგით მესამე შეხვედრა დღეს სასტუმრო რედისონში გაიმართა.

შეხვედრას საზღვაო სასწავლებლებთან ერთად საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის „Columbia shipmanagement Ltd“, „Queensway Navigation“, „Oceangold Tankers Inc“, „Product Shipping & Trading S.A.“ უცხოელი წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები: IMO-ს ელჩი, კაპიტანი თომა მიქელაძე და უფროსი მექანიკოსი, პროფესორი კახაბერ ხინთიბიძეც დაესწრნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო სასწავლებლების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია გასული შეხვედრიდან დღემდე განხორციელებული ცვლილებებისა და და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

კომიტეტის წევრები მიესალმნენ სააგენტოს ინიციატივას საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის საბაკალავრო პროგრამაში შეყვანილი საწვრთნელი კურსების აღიარებისა და დამატებითი კურსების გავლის გარეშე შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების გაცემის თაობაზე. ერთხმად იქნა მოწონებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მეზღვაურების კომპეტენციის შეფასების ახალი კონცეფცია. გაკეთდა მეზღვაურების პორტალის პრეზენტაცია georgianseafarers.ge – საიტის მეშვეობით ქართველი მეზღვაურები შეძლებენ უშუალო კონტექტის დამყარებას გემთმფლობელებთან დასაქმების მიზნით.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და კომიტეტის წევრებმა საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განვიხილოთ არსებული გამოწვევები და ასევე გავაცნოთ საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი სიახლეები საზღვაო განათლებისა და დასაქმებით კუთხით. მისასალმებელია, რომ კომიტეტის წევრთა შემადგენლობა წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს გვესწრება ქართველი მეზღვაურების დამსაქმებელი კომპანიების უცხოელი წარმომადგენლებიც, რომელთა რეკომენდაციები და აზრის გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცახდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა 2016 წელს და სააგენტოს, საზღვაო სასწავლო დაწესებულებების, საწვრთნელი ცენტრებისა და ქართველი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ლიეტუვის ელჩი ტურისტებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი ამ ზაფხულში ყველას საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

„მოგიწოდებთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერისკენ. წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით თქვენი თავგადასავლებისთვის შესანიშნავი გარემო გელოდებათ“, – წერს ელჩი ტვიტერზე.

ელჩმა ტექსტთან ერთად რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც თბილისის, ბათუმის, მესტიის ხედები და ქართული სამზარეულოა ასახული.

გიედრიუს პუოჯუნასი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2015 წლიდან.

სალიბაურში წყლის მაგისტრალის ბათუმის ქსელზე დაერთების პროცესი დასრულდა

სოფელ ქვედა სალიბაურში წყლის მაგისტრალის ქ. ბათუმის ქსელზე დაერთების პროცესი დასრულდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოეწყო წყლის ავზი, მაგისტრალი, და სატუმბი სადგური. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 74 733 ლარი გამოიყო.

ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ალსოფი“.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყალი მიეწოდება სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებ 30 ოჯახს.

 

ბათუმში ფემინისტური ფესტივალი „სოლიდარობა“ გაიმართება

5-7 ივლისს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ბათუმში რიგით მესამე ფემინისტურ ფესტივალს გამართავს. ფესტივალის წლევანდელი თემა სოლიდარობაა. ფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ თემას უკავშირდება.

ფესტივალი 5 ივლისს, 15:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ინტერაქციული პანელით გაიხსნება, სადაც მომხსენებლები სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

17:00 საათიდან ფესტივალი ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლებს, სადაც სამივე დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი: ფემინისტური ქვიზები – ინტელექტუალური თამაში იმ ქალებისა თუ მოვლენების შესახებ, რომლებზეც მეტი უნდა ვიცოდეთ; FEMx – რომელიც  TEDx-ის ინსპირაციით შექმნილი შესაძლებლობაა ადგილობრივი ქალებისთვის, მოკლედ გაუზიარონ ინფორმაცია აუდიტორიას საკუთარი ცხოვრების, წარმატებისა და გამოცდილების შესახებ; ცოცხალი ბიბლიოთეკა – სხვადასხვა შეხედულებებისა და თაობის წარმომადგენელი ფემინისტები ცალ-ცალკე მაგიდებთან შეხვდებიან, გაესაუბრებიან და უპასუხებენ დაინტერესებულ სტუმართა შეკითხვებს.

მეორე დღის ბოლოს მოეწყობა ფემინისტური ტური – მსურველები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის დაახლოებით ათამდე ადგილს ეწვევიან და გიდისგან ადგილზევე შეიტყობენ, თუ რატომ არის ესა თუ ის ადგილი მნიშნელოვანი, განსაკუთრებით ფემინისტებისთვის.

ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხით ქალების ურთიერთმხარდაჭერის აუცილებლობასა და საჭიროებებზეც. მოგვიანებით ჩატარდება ციფრული უსაფრთხოების ვორკშოპი, სადაც დამსწრეები თეორიულად და პრაქტიკულად ისწავლიან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი პირადი მონაცემები და უსაფრთხოება ინტერნეტში.

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნის “sHERos – ქალები აგვისტოს ომიდან” და კვლევის ქალები ქართულ პრესაში“ პრეზენტაცია.

ფემინისტური ფესტივალი ქალთა ფონდმა საქართველოში პირველად 2017 წელს ქუთაისში ჩაატარა, ხოლო გასულ წელს თემით „ჩაგვრა და პრივილეგია“ თელავში გაიმართა.

რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება – გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს.

[checklist]

  • არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთი ბიულეტენით 

[/checklist]

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, ირჩევს პარტიას და აღარ ირჩევს კონკრეტულ პირებს [ მაჟორიტარებს] მაჟორიტარული უბნების მიხედვით.

ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

პროპორციული საარჩევნო სისტემები  განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი ან  როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის,  ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს ქვეყანა, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.

[checklist]

  • რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის განულება 

[/checklist]

საარჩევნო ბარიერი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული რაოდენობა, [არჩევნების ან კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობიდან] რომელიც პარტიას აძლევს მანდატების გადანაწილების შესაძლებლობას.

ბარიერის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში უმეტესწილად ვერ ხვდებიან დაბალრეიტინგული, სუსტი პარტიები. რიგ შემთხვევებში ბარიერს იმითაც ამართლებენ, რომ ასეთი პარტიები საკანონმდებლო ორგანოში „ამინდს“ ვერ შექმნიან და შეიძლება მათ პრობლემები შეუქმნან არა მხოლოდ უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მთავრობის შექმნას და სხვა საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებასაც.

მაღალი  ბარიერის შემთხვევაში კი, შესაძლოა ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა მათ მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე  ნაკლები აღმოჩნდეს და არჩეულ ორგანოში მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მით უმეტეს, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმები გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება.

იმ ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა ჩამოყალიბებულია და არჩევნებში ძირითადად ორი ან სამი ძლიერი პარტია მონაწილეობს, ბარიერი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამომრჩეველთა წარმომადგენლობაზე. გარდამავალი ქვეყნებისათვის კი სასურველად მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ბარიერის სიდიდე 3-5%-ს არ აღემატებოდეს.

ამ შემთხვევაში „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ბარიერს დაწევს ნულამდე, რითაც ხელს შეუწყობს პარლამენტის 2020 წელს მრავალპალპარტიული საკანონმებლო ორგანოს არჩევას.

გამოცხადებული ნულოვანი ბარიერი არ ნიშნავს, რომ პარლამენტში მოხვდება ყველა, ვინც ხმას მიიღებს. საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია, შესაბამისად, დაითვლება რამდენი ამომრჩევლის ხმა სჭირდება ერთი ადგილის მოპოვებას.

[checklist]

  • ამომრჩეველთა ხმების დათვლის მეთოდები

[/checklist]

პროპორციული სისტემის  გამოყენებისას ძირითადი სირთულეა ამომრჩეველთა ხმების დათვლა. განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის პროპორციული განაწილების შედეგად საარჩევნო სუბიექტების „გამოუყენებელი ხმებისა“ და გაუნაწილებელი მანდატების დათვლა, ამიტომაც ზუსტ პროპორციებთან მისაახლოებლად  სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს. საერთაშორისო პრაქტიკაში  დეპუტატთა მანდატების განაწილების  ორი ძირითადი, კვოტირების და გამყოფთა მეთოდი გამოიყენება.

კვოტირების მეთოდით დათვლისას თითოეული პარტია ადგილებს იღებს საარჩევნო კვოტის მიხედვით. ეს ორსაფეხურიანი პროცესია. მანდატების განაწილება ორ ეტაპად ხორციელდება. ჯერ განისაზღვრება საარჩევნო კვოტა – ერთი კანდიდატის ასარჩევად საჭირო ხმათა ყველაზე მცირე რაოდენობა, შემდეგ თითოეული პარტიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა იყოფა კვოტაზე და  განისაზღვრება მიღებულ მანდატთა ოდენობა. შედეგად მანდატების უმეტესობა განაწილდება, მაგრამ ყოველთვის რჩება ნაშთი – გაუნაწილებელი [„მორჩენილი“] ადგილები და „გამოუყენებელი“ ხმები. ეს ადგილები დამატებითი წესის მიხედვით ნაწილდება.

საარჩევნო ოლქის ფორმირების ორი მეთოდი არსებობს: უფრო გავრცელებულია, როდესაც საარჩევნო ოლქის საზღვრები ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებს ემთხვევა და მეორე –  უფრო იშვიათი [ძირითადად იყენებენ პრეზიდენტის არჩევისას], როცა მთელი ქვეყნის ტერიტორია ერთ საარჩევნო ოლქს წარმოადგენს.

პროპორციული არჩევნებისას ე.წ. ხისტი სიები გამოიყენება. ასეთი სიების გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიულ სიას მთლიანობაში. ბიულეტენში უთითებენ მხოლოდ პარტიების დასახელებებს, ემბლემებს, ზოგჯერ კი – მთავარი  კანდიდატების გარკვეულ რაოდენობას.

ხისტი სიების პრინციპით კანდიდატები სიაში განლაგებულნი არიან არა ანბანური თანამიმდევრობით, არამედ პარტიაში მათი მდგომარეობის [„წონის“] მიხედვით. ამომრჩევლები ხმას აძლევენ სიას და არ გამოხატავენ დამოკიდებულებას ცალკეული კანდიდატის მიმართ. შესაბამისად, მანდატები გაიცემა სიაში კანდიდატის ადგილის მიხედვით. ხისტი სიების პროპორციული სისტემა გამოიყენება ესპანეთში, პორტუგალიაში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

[checklist]

  • სად იყენებენ პროპორციულ სისტემას 

[/checklist]

პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად 50‐ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში მოქმედებს. ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პრორპორციულად.

ამ დრომდე საქართველოში მოქმედი სისტემით პარტიები წარადგენდნენ, ერთი მხრივ, 150 კაციან პარტიულ სიას და ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თითოეულ ოლქში. საპარლამენტო არჩევნები როგორც პროპციული, ასევე მაჟორიტარული წესით ტარდებოდა, [ ე.წ. შერეული წესი] რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან, 77 პარტიული სიით იყო არჩეული, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით.

შედეგად, 77 მანდატი ნაწილდებოდა პარტიებზე მათ მიერ პარტიული სიით მიღებული ხმების პროპორციულად, 73 ოლქი კი თითო მაჟორიტარს ირჩევდა.  მაჟორიტარობის კანდიდატს  გამარჯვებისთვის უნდა მიეღო  ხმების 50%-ზე მეტი პირველ ტურში.

—–

ნულოვანი ბარიერით ჩატარებული პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ერთი ადგილის] მისაღებად, ნამდვილი [დათვლილი] ბიულეტენების საერთო რაოდენობის 0,7% მაინც დასჭირდება.

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

რამდენიმე წუთის წინ მწერალთა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ლიტერატურული პრემია, – „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო.

„მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში,“-ნათქვამია განცხადებაში.

„ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპის, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა. ფონდის დირექტორად 20 ივნისს ირმა რატიანი დანიშნეს.

ფონდის საქმიანობის საგანია ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ექიმი ამბობს, რომ ქუჩაში თავდამსხმელებმა მძიმედ დააზიანეს, გამოძიება კი არავის აკავებს

„მას შემდეგ, რაც ეს პირები ამოვიცანი, ერთი თვე გავიდა. გამოძიება არავის აკავებს. გამომძიებელმა მითხრა, რომ შვებულებაში გავიდა და ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს…“ – გვიყვება ექიმი, კლინიკა „მედცენტრის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბახტაძე. მას 20 მაისს, დღის 2 საათზე, კლინიკის წინ მდებარე სკოლის ეზოში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„შესვენებაზე გამოვედი, რაღაც სასწრაფო საქმე მქონდა. სკოლის ეზოში ჩვენი კლინიკის პარკინგია, მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გაუმართავი მეჩვენა. გადმოვედი და დავიწყე დათვალიერება. ამ დროს მომეპარა უკნიდან ორი ადამიანი და ფიზიკურად იძალადეს ჩემზე. მათ საერთოდ არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ… არ უთქვამთ, რა უნდოდათ ჩემგან, არც დამმუქრებიან, არც შეუგინებიათ… მე კლინიკაში გადამიყვანეს იქვე, მძიმე დაზიანებები მქონდა,“ – ამბობს ზვიად ბახტაძე.

იმავე დღეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ამ შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველები. თავდამსხმელები გამოჩნდნენ სკოლის ეზოში დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო კამერაშიც. ექიმი გვიყვება, რომ ის ინციდენტიდან მალევე დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში ამოცნობაზე.

„მე ისინი ამოვიცანი… მოჭიდავეები არიან, იქ ვნახე ორი შეშინებული ახალგაზრდა. ეჭვი მაქვს, რომ ისინი ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ… ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული, მაგრამ არ უთქვამს მოტივი, რატომ გააკეთა ეს. მეორემ საერთოდ უარყო ყველაფერი, თუმცა ამ პირველმა უთხრა გამომძიებელს, რომ მეორე ბიჭი თურმე ჩვენ გვაშველებდა,“ – აღნიშნა ზვიად ბახტაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

ამოცნობისა და გამოკითხვის შემდეგ ბრალი გამოძიებას არავისთვის წარუდგენია. ექიმი ამბობს, რომ ის პერიოდულად ტელეფონით უკავშირდება ამ საქმის გამომძიებელს ზვიად მკერვალიშვილს, თუმცა ბოლო 10 დღის განმავლობაში მას არც გამომძიებელი პასუხობს. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს ბათუმის სამი კლინიკის ექიმებმა წერილითაც მიმართეს, გამოძიების დროული და ეფექტური დასრულების მოთხოვნით.

„ეჭვი მაქვს, რომ გამოძიება შესაძლოა ხელს აფარებდეს დამნაშავეს, ამას აკეთებს სამმართველო… კარგი იქნება, თუ ეს ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდება,“ – მიიჩნევს ზვიად ბახტაძე.

ექიმმა ზვიად ბახტაძემ ამ დრომდე არ იცის, რის გამო დაესხნენ თავს ქუჩაში. იგი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი მის საექიმო საქმიანობას უკავშირდებოდეს – ზვიად ბახტაძე 2000 წლიდან ექიმია. ზვიადს აქვს ვერსიაც, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა მისი მამის სამშენებლო ბიზნესს უკავშირდებოდეს. ზვიადი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რა კონფლიქტიც უნდა ჰქონოდა წარსულში, ეს ვერ გაამართლებს ქუჩაში დახვედრას და ადამიანის ცემას.

„ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ… ნათელი უნდა გახადოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მსგავსი ტიპის ქმედება ისჯება, რომ არსებობს სამედიცინო რეგულირება, პოლიცია და სასამართლო. ამ მაგალითმა უნდა აჩვენოს ქვეყანას, რომ ადამიანი, მნიშვნელობა არა აქვს, მეეზოვეა თუ კოსმონავტი, უფლება აქვს, ქუჩაში გადაადგილდებოდეს შიშის გარეშე“, – გვითხრა ზვიად ბახტაძემ.

„დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან ექიმის ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით.

 

რატომ ვერ ელევა ივანიშვილი მინისტრ გახარიას?

„გახარიას თუ გაუშვებენ, გამოვა, რომ შეცდომა აღიარეს 20 და 21 ივნისის პროცესებზე. მათ ამ შეცდომის აღიარება არ სურთ, რადგან ამ აღიარებით ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგებიან. სხვა ამბავია კობახიძის გაშვება – კობახიძის გაშვებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ გავრილოვის პარლამენტში შეშვება იყო შეცდომა,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

რატომ არ გადადგა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია? – დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემდეგ ჟურნალისტების ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს ბიძინა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ, კახა კალაძემ კი თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სხდომის შემდეგ ივანიშვილმა 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნები დააანონსა, რაც ასევე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

„პროპორციული არჩევნები კარგია, მაგრამ ნულოვანი ბარიერი არის სატყუარა. ამ რაღაც კანფეტებით სურთ გახარიას გადადგომის მოთხოვნის გადაფარვა. გახარია არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმ პროცესზე, რაც თბილისში მოხდა და ეს მოთხოვნა გაგრძელდება,“ – ამბობს ანა დოლიძე. მას მოლოდინი აქვს, რომ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის დატოვება აუცილებლად მოუწევს, რადგან ლეგიტიმაცია არ ექნება.

„სამწუხაროა, რომ მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით,“ – გვითხრა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა. იგი იხსენებს, რომ აქამდე არაერთხელ იყო დასმული პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა მრგვალი მაგიდის გარშემო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ლევან ცუცქირიძის აზრით, „ოცნებამ“ ტაქტიკური სვლა არჩია და გახარიაზე მეტად საარჩევნო სისტემა „გაიმეტა“.

„არ ვიცი, რატომ ვერ ელევიან გახარიას, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს ლოიალობასთან, რომ აი, ეს ჩემი კაცია და თუ მას დავთმობ, სუსტი გამოვჩნდები. იმის შემდეგ, რაც მოხდა თბილისში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ თვითინტერესში უნდა იყოს. მინისტრი, რომლის ხელშიც ასეთი უბედურება მოხდა, უნდა გადადგეს. არა მგონია, რომ პროტესტი დასრულდეს მხოლოდ ისე, რომ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს… მას მოუწევს ამის გაკეთება. შესაძლოა, არის კიდეც უკვე ეს გადაწყვეტილება, ჯერ არაფერი დამთავრებულა,“ – აღნიშნავს ლევან ცუცქირიძე.

იმავე საკითხზე დავით  უსუფაშვილი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადასახედიდან 20 ივნისის მოვლენები გახარიას რეიტინგზე ცუდად არ ასახულა.

რატომ სწორად არ იქცევა ივანიშვილი, ამას მეკითხებით? – მე ხუთი წელია ვლაპარაკობ, რომ არ იქცევა ივანიშვილი სწორად არც ამ და არც სხვა საკითხში… ვერ ელევა, იმიტომ, რომ გახარია არის დასაყრდენი ფიგურა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს პოლიციის უფროსი და თან ორი-სამი წინადადება გადააბას ერთმანეთს და ისაუბროს… ივანიშვილს უნდა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ძალოვნები მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას სურს ძალოვნები, რომლებიც მისი ნების შემსრულებლები იქნებიან. გახარია მისი გადმოსახედიდან არის ერთგული და კომპეტენტური,“- გვითხრა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე:

კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი

 

Exit mobile version