8 ივლისიდან პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ავიარეისები აკრძალა. გუშინ, 24 ივნისს, ბათუმის აეროპორტში ტურისტები ეკატერინბურგიდან, როსტოვიდან და მოსკოვიდან ჩამოფრინდნენ.
ბათუმის აეროპორტში ტურისტები პუტინის მიერ დაწესებულ აკრძალვაზე საუბრობენ, კამერის ჩართვამდე რუსი ტურისტების უმრავლესობა კითხულობს, აჩვენებენ თუ არა ჩვენს ჩანაწერს რუსეთში.
შანი ვაისმანი თელავივიდან ჩამოფრინდა, თავად რუსეთის მოქალაქე არ არის, მაგრამ, ტურისტულ შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს: „რატომ უნდა ამიკრძალონ მშვიდობიან ქვეყანაში სტუმრობა? ეს არადემოკრატიული ნაბიჯია, დემოკრატიის ნასახიც კი არ არის ამაში. რუსეთის მოქალაქე რომ ვიყო, ძალიან გავღიზიანდებოდი“, – ამბობს ტურისტი.
შეზღუდვას არ მიესალმება რუსეთიდან ჩამოსული ჩვენ მიერ გამოკითხული არც ერთი ტურისტი ბათუმის აეროპორტში, თუმცა ისინი ძირითადად მიიჩნევენ, რომ ,,უბრალო ხალხს“ პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მთავრობებმა უნდა დაალაგონ, ,,ეს მათი საქმე არაა“.
ვლადიმერ შინკორენკო და მისი მეგობრები ბათუმიდან რუსეთში მიემგზავრებიან. ვლადიმერი წელს მეხუთედაა საქართველოში. მას მიაჩნია, რომ რუსეთი და საქართველო მოძმე ერები არიან და ,,წვრილმანებმა“ ,,უბრალო ადამიანებს“ შორის ურთიერთობა არ უნდა დაძაბოს.
,,გვიყვარს აქ ჩამოსვლა, იმედია, ჩვენი და თქვენი ხელისუფლება კომპრომისზე წავა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები არ უნდა ზარალდებოდნენ. ვისურვებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას,“ – ამბობს ტურისტი.
„მართალია, აგვიკრძალეს აქ ჩამოსვლა, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია ამისთვის და მაინც ჩამოვფრინდით, პირველად ვართ აქ, ჩამოსვლა მეგობრებმა გვირჩიეს. ამბობენ მეგობრული და ლამაზი ქვეყანააო. რუსებს კარგად ექცევიან, კარგი სამზარეულოა და ბუნებაც ლამაზია, ამიტომაც ჩამოვედით,“ – ამბობს ლილიანა პეტერბურგიდან, რომელიც 24 ივნისს ჩამოფრინდა ბათუმში მეგობართან ერთად. ის ფიქრობს, რომ ტურისტები, ვისაც საქართველოში დასვენება სურს, სხვა გზით ჩამოვლენ. იმავეს ფიქრობს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვიც, რომელიც რუსეთში დღეს ბრუნდება საქართველოში დასვენების შემდეგ:
,,არ ვიცი, ადამიანის უფლებებს არღვევს თუ არა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა, ვერ ვერკვევი კანონებში. მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის მსურველი არასაჰაერო გზასაც გამოძებნის ლარსის გავლით მაგალითად. მივემგზავრებით, მაგრამ იმედია, ფრენების აკრძალვა გაუქმდება და მომავალ წელსაც შევძლებთ დაბრუნებას,“ – ამბობს სერგეი.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/354614785220713/UzpfSTEwMDAwMDg2MzY5NzI0NjoyNDMwNDkzNjMwMzIyNzM2/
ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები მას შემდეგ აკრძალა, რაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოში მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.