შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს


შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 168 985 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას; ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან და საპროექტო-ტექნიკურ პირობებთან, აგრეთვე, სამშენებლო კომპანიასთან შემსყიდველის მიერ გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა განახორციელოს ასევე საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.  სამინისტროს ზედამხედველმა ეტაპობრივად უნდა წარუდგინოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმები, მათთან დაკავშირებული სამუშაოთა აქტები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, დასრულებული ხელშეკრულებების ფარგლებში უნდა გააჩნდეს ფოლადის წნევაზე გათვლილი მილსადენების ან/და ლითონკონსტრუქციების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გამოცდილება, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმი-ხიჭაურის მილსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც 2017 წელს. ეს მილსადენი, რომლის მშენებლობისთვის 25 768 251 ლარი დაიხარჯა, უკვე აშენებულია.

——–

ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.

რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიცირებას, ამ დროისთვის დასახლებული პუნქტების დაქსელვის პროექტირებაზეც არ არის მუშაობა დაწყებული.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ქედის გაზსადენი სოფელ წონიარისთან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com