მთავარი,სიახლეები

აქციის ბათუმელი მონაწილე: ექიმები რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ

25.06.2019 • 2505
აქციის ბათუმელი მონაწილე: ექიმები რეზინის ტყვიას ჩემი ორგანიზმიდან დღემდე ვერ იღებენ

„ექიმები მეუბნებიან, რომ თუ ახლა ტყვიას ამომიღებენ, შესაძლოა, ანთებითი პროცესი გააქტიურდეს, ქსოვილი ძალიან დაზიანებული და დასუსტებულია, 11 მმ-ით არის ტყვია შესული ხელში,“ – გვიყვება ბათუმელი გიორგი თებიძე. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 20 ივნისის ღამეს მას რეზინის ხუთი ტყვია მოხვდა სხეულზე. გიორგი ტყვიით სხეულში სამსახურში დადის – ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში და დღევანდელ აქციაზეც აპირებს მისვლას. „ახლა თუ საზოგადოებამ დათმო, ეს უფრო ცუდი იქნება, ვიდრე იმის მიღწევა, რასაც დღემდე მივაღწიეთო“, – ირწმუნება იგი.

გიორგი თებიძე პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს:

„…ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა ძიძგილაობა ატყდა. ჩვენ უკან დავიხიეთ, რუსთაველის თეატრისკენ, მაგრამ მალე უკან მოვბრუნდით, პარლამენტთან, იქ უკვე ეყარა ხალხი… მაგათ გამოყვანას ვცდილობდით. მე ორის გამოყვანა შევძელი და ისევ ატყდა ტყვიების სროლა. იქვე რამდენიმე სპეცრაზმელის ფარი ეგდო და ავიღე, რადგან პირდაპირ გვესროდნენ.

ერთ მომენტში მარტო დავრჩი. ფარი მქონდა აფარებული, მაგრამ ფეხში მესროლეს, ბოტასზე მომხვდა, როგორც კი ხელი გამოვყე, ხელში მესროლეს ეს რეზინის მრგვალი ტყვია. ის მეორე რომ მომხვედროდა, დათვების ტყვია, ალბათ დავკარგავდი ხელს საერთოდ. ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს მელოდნენ, როდის გამომიჩნდებოდა ხელი, ან ფეხი, რომ ესროლათ… წამოვიდა ხელიდან სისხლი და გახეთქვის ხმა გავიგე. მერე აღარ ვიცი, როგორ მომხდა დანარჩენი ტყვიები მუცელში, მხარში…

უკან დავიხიე, გონება არ დამიკარგავს. ველოდი, როდის მომიწევდა რიგი სასწრაფოს მანქანაში. იმდენი იყო დაშავებული, ექიმები ვერ აუდიოდნენ. მერე გავაჩერე სასწრაფოს მანქანა და წამიყვანეს.

ღამის სამის ნახევარი იქნებოდა, მე-9 საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს. ტყვიები ამომიღეს, მაგრამ ხელში ვერა. ექიმმა ჩემი ხელის რენტგენის სურათს უცებ დახედა, ამას მე ვერ მოვკიდებ ხელსო და შემდეგიო, დაიყვირა.

კურიოზული ის იყო, რომ არავინ გეკითხება, გჭირდება თუ არა პალატა, არავის სცალია… დილის რვაზე მითხრეს, რომ 243 ლარი უნდა გადამეხადა. სადაზღვევო კომპანია „იმედი L“- ში დავრეკე. ცხელი ხაზის ოპერატორმა მითხრა, რომ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში მონაწილე ადამიანებს ოპერაციებს არ უფინანსებდნენ… მალევე სადაზღვეოს მენეჯერმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ყველაფერი გარკვეულია.

მე მეორე დღესვე მივედი აქციაზე. არ მქონია განცდა, რომ რაღაც დამაკლდა. ჩემი 100 გრამი სისხლი არაფერია. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ თუ საზოგადოება უკან დაიხევს და მინისტრს ვერ გადააყენებს, იგივე სიტუაცია დატრიალდება, რაც იყო 7 ნოემბერს – მაშინაც ხომ ვანო მერაბიშვილმა არ დათმო პოზიცია. მერე ეს ხელისუფლებაც გაიზიარებს იგივე ბედს, რაც წინამ, მაგრამ ჩვენთვის არ იქნება ეს კარგი. ვფიქრობ, რომ უფრო პერმანენტული აქციები უნდა იყოს და მკაცრი – საზოგადოება. გახარია არის რუსული ყაიდის ჩინოვნიკი, რომელიც თავისას აწვება, რამდენიც არ უნდა უყვირო. რაღაც მოსაფიქრებელია. ორგანიზტორებს არ უნდათ პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა სამოქალქო საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს თავისას, მაგრამ პოლიტიკურმა ძალებმა კი არ უნდა გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ – პირიქით.

ახლა ჩვენ ხელისუფლება აქეთ გვიტევს პირდაპირ თუ ირიბად, ცდილობენ ჩვენს მარგინალებად წარმოჩენას, რომ თითქოს ყურსაკიდიანი ტიპები დგანან მხოლოდ. ცდილობენ, რომ ჩაახშონ როგორმე ამ აქციის სულისკვეთება… ახლა საპატრიარქოც არაფერს ამბობს და ეს დუმილი ნიშნავს, რომ მთელი საპატრიარქო გაყიდულია ივანიშვილის ფულზე, იმ მილიონებზე, რასაც ისინი იღებენ შავად თუ თეთრად.

მიკვირს, როცა ჩემი ბათუმი თავისი მოწოდების სიმაღლეზე არაა. მახსოვს, როგორი აქციები იყო 11-12 მარტის მოვლენების დროს. ახლა კი, როცა რუსი დაგვასვეს თავზე, ბათუმი ძალიან მშვიდად, წყნარად და მოზომილად, ხმაურის გარეშე აპროტესტებს ამას…“ – გვიამბო გიორგი თებიძემ.

 

გიორგი თებიძეს სხეულიდან რეზინის ტყვიები ამოუღეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: