ხვალ, 25 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო ტურნირი „ბლექ სი ქაფი“ გაიხსნება, რომელშიც რუსულ გუნდს, „ლეგიონს“ უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გუნდმა აჭარის საკალათბურთო ფედერაციას შეატყობინა, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ტურნირი ხვალ იწყება, ზეგ უკვე თამაში ჰქონდათ. მოგვწერეს, რომ ვერ ჩამოდიან. სუფთა სპორტული ხასიათის წერილი იყო, რომ რაღაც პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ ჩამოსვლასო და ბოდიში მოგვიხადეს. მათ თვითონ გამოთქვეს სურვილი თავის დროზე ტურნირში მონაწილეობის, ჩვენ ყველას ვიღებთ, ეს კალათბურთია,“ – გვითხრა გოდერძი კორძაიამ, აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
საკალათბურთო ტურნირი ბათუმში 25-30 ივნისს გაიმართება. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს ისრაელიდან, ბელარუსიდან, ლიეტუვადან და საქართველოდან. რუსული გუნდის ჩამოუსვლელობით ტურნირის მიმდინარეობას პრობლემა არ შეექმნება, გიორგი კორძაიას თქმით, ტურნირში ზაზა ფაჩულიას აკადემია მიიღებს მონაწილეობას.