ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები და ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „გახარია წადი“, „გადადექი“ – ეს შეძახილები ისმის მსვლელობისას.
„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ოლიგარქმა გაიგონოს იმ ახალგაზრდების ხმა, რომელსაც შეუძლია გადაიბაროს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. ჩვენ ვამბობთ – „არა ოლიგარქიას“. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობამ უნდა აიღოს ხელში ქვეყნის მართვა, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინის მონები“, – აცხადებენ მსვლელობის მონაწილეები.
„ჩვენ გავამზადეთ ბანერი, სადაც გამოსახულია ბიძინას სიმბოლო ხე და გახარიას სიმბოლო, – ამოთხრილი თვალი“, – ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ადამია.
აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პოლიციას, რადგან მათი განცხადებით, მსვლელობის პროცესში მათ შეფერხება არ ჰქონიათ.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის აქციებს და მოვითხოვთ გადადგეს გიორგი გახარია და სასწრაფოდ გაათავისუფლონ აქციაზე დაჭერილი ახალგაზრდები“, – ამბობს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ანრი გუბაევი.
აქცია ივანიშვილის რეზიდენციის წინ, ამ წუთებშიც გრძელდება.
მთავარი ფოტო: კადრი აქციის მონაწილის ლაშა ადამიასFB-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.
_______________________________________________________________
რა მოხდა?
საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.