მთავარი,სიახლეები

როცა ჯანმრთელობის ცნობას ფორმალურად გასცემენ – რას აპროტესტებენ ბსუ-ს სტუდენტები 

09.11.2019 • 2646
როცა ჯანმრთელობის ცნობას ფორმალურად გასცემენ – რას აპროტესტებენ ბსუ-ს სტუდენტები 

„ჯანმრთელობის ცნობა ისე მომცეს, რომ საერთოდ არაფერი შეუმოწმებიათ, არც უკითხავთ, როგორ ვარ,“ – ამბობს სტუდენტი ბექა ბერიძე. მან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ცნობა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ, 8 ნოემბერს მიიღო. მან გასაუბრება ფარულად ჩაიწერა კიდეც, საიდანაც ირკვევა, რომ ექიმი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ სვამს. ჩვენ არ ვასახელებთ ამ კლინიკას, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ბევრ სხვა კლინიკაში ხდება, თუმცა ამ კუთხით მომუშავე ყველა კლინიკის გადამოწმება, თუნდაც აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის ვერ მოვახერხეთ.

ჯანმრთელობის ცნობა რომ ფორმალურად გაიცემა, ადასტურებენ ბექას თანაკურსელებიც. ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის სპეციალობაზე სწავლობენ. ერთ-ერთი საგნის – „დემოკრატია და საზოგადოება“ გავლის დროს სტუდენტებს სამოქალაქო ცნობიერებაზე ორიენტირებული აქტივობის განხორციელება მოსთხოვეს. სტუდენტების ამ ჯგუფმა კი, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის ზოგადი ცნობების ფორმალურად გაცემის გაპროტესტება გადაწყვიტა. ისინი ესაუბრნენ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის შეუმოწმებლად აქვთ აღებული ცნობები, ან საერთოდ – კლინიკაში მიუსვლელად.

სტუდენტმა ბექა ბერიძემ ექიმთან საკუთარი ვიზიტი იმ კლინიკაში ჩაწერა, სადაც სტუდენტების ინფორმაციით, ჯანმრთელობის ცნობის გაცემა „ყველაზე იაფად და სწრაფად“ ხდება.

„მივედი ჩვეულებრივად რეგისტრატურაში და გამომართვეს ცნობის საფასური – 15 ლარი, იქვე მომცეს ცარიელი ანკეტა, რომელიც ექიმს უნდა შეევსო,“ – გვიყვება ბექა ბერიძე. – „შემდეგ შევედი ექიმთან, რომელმაც ცარიელი ანკეტა, იქვე სტანდარტულად შევსებულ ანკეტაში გამიცვალა. ანკეტაში წერია, რომ ჯანმრთელი ვარ და აღწერილია მოკლე, ზოგადი დახასიათება. ამ ექიმმა მხოლოდ პირადობის მოწმობა მომთხოვა, მონაცემები წინასწარ შევსებულ ანკეტაში გადაიტანა და მხოლოდ ის მკითხა, რისთვის მჭირდებოდა ცნობა“.

ბექა ბერიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მომენტზე: „ამ ცნობის მიხედვით, ექიმი, რომელმაც შემამოწმა, ჩემი ოჯახის ექიმია, მაგრამ ის ჩემი ექიმი ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე ზედა აჭყვაში ვცხოვრობ, ცნობა კი, ბათუმში ავიღე. ესეც კანონის დარღვევაა“.

ჯანმრთელობის ცნობა რამდენიმე თვის წინ დასჭირდა სტუდენტ ლია ბერიძესაც, ვიდრე იგი მართვის მოწმობას აიღებდა.

„მეც გასინჯვის გარეშე მომცეს ცნობა, არც მხედველობა შეუმოწმებიათ, არც ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც წესით სავალდებულოა… ეს არის განსაკუთრებული საფრთხე – მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები ისე, რომ ამას არავინ ამოწმებს,“ – გვითხრა ლია ბერიძემ.

სტუდენტი დავით დავითაძე კი თვლის, რომ, პირველ რიგში, საზოგადოების აზრი უნდა შეიცვალოს.

„ადამიანები უკვე შეეჩვიენ იმას, რომ ეს მოწმობა ფორმალურად გაიცემა… ჩვენ ვეღარ ვაცნობიერებთ საფრთხეს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ვერ ვიაზრებთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის შეუმოწმებლობის გამო შესაძლოა სხვისი ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ვიმსხვერპლოთ. ანალოგიურად გაიცემა ცნობები მათთვის, მაგალითად, ვინც იარაღის ტარებას უფლებას ითხოვს,“ – უთხრა დავით დავითაძემ „ბათუმელებს“.

სტუდენტებმა ამ თემაზე მუშაობის დროს ბათუმში იპოვეს ადამიანებიც, რომლებიც ჯანმრთელობის ცნობას კლინიკაში მიუსვლელადაც იღებენ.

„ჩვენთან ასეა, ერთი თანამშრომელი შეაგროვებს პასპორტებს, თანხას, მიდის კლინიკაში და მოაქვს ცნობები. ჩვენი სამსახური 6 თვეში ერთხელ გვთხოვს ჯანმრთელობის ცნობას,“ – ამბობს ნათია ბ., რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. მისი თქმით, იგი ჯანმრთელობის ცნობას წლების წინ ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იღებდა, სადაც რეალურად ამოწმებდნენ, თუმცა შემდეგ მომსახურება 10 ლარიდან 30 ლარამდე გაძვირდა და მზარეულებს იმ კლინიკაში გადაუწყვეტიათ ცნობის აღება, სადაც იაფი ტარიფი შეინარჩუნეს.

„ბათუმელები“ იმ კლინიკის დირექტორს დაუკავშირდა, სადაც სტუდენტმა ბექა ბერიძემ გუშინ, 8 ნოემბერს აიღო ჯანმრთელობის ცნობა შემოწმების გარეშე.

„გამორიცხულია, როგორ შეიძლება მაგის ფორმალურად გაცემა… ოთხი ექიმი ამოწმებს, თვალზეც მოწმდება, თუკი პაციენტი იტყვის, რომ პრობლემა აქვს,“ – გვითხრა კლინიკის დირექტორმა. მას ვუთხარით, რომ კონკრეტული ადამიანებისგან გვაქვს ინფორმაცია და მტკიცებულებაც არსებობს, რაც ადასტურებს ცნობების ფორმალურად გაცემას.

„ტელეფონზე სალაპარაკოდ არ მცალია. მოდით ჩემთან, მანახეთ ჩანაწერი და შემდეგ ვისაუბროთ…“ – დაგვემშვიდობა კლინიკის დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: