ქარტია აჭარის მაუწყებლის დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, „ვინაიდან აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქარტიის წევრი და ხელმომწერია, ქარტიის ინიციატივით შეთანხმდა ტელევიზიის დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა“.

ქარტიის წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელში შეხვედრებს 3 და 4 დეკემბერს გამართავენ.

„აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე. ქარტიის საბჭო მუდმივ კომუნიკაციაშია ტელევიზიის თანამშრომლებთან და აკვირდება მოვლენების განვითარებას“, – აცხადებს ქარტია.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა – ახალი სამშენებლო კოდექსი

ხვალ, 3 დეკემბერს, ახალი სამშენებლო კოდექსი სრულად ამოქმედდება. შესაბამისად, იცვლება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რთულდება. ცვლილების შესახებ ინფორმირებული არიან მშენებლებიც, ამიტომაც ბოლო პერიოდში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში უპრეცედენტოდ ბევრი განაცხადი შევიდა. მაგალითად, გასული კვირის ბოლოს, ორ დღეში, განაცხადების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი ამბობს, მერიის შესაბამისმა სამსახურმა შაბათ-კვირასაც იმუშავა და ყველა განაცხადი განიხილა იმის გამო, „რომ არ ეთქვათ, შეგნებულად დავტოვეთ რაიმე განუხილველად და ჩვენი მიზეზით შეეშალათ ხელი“.

რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კოდექსი? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს მირიან მეტრეველმა უპასუხა.

  • ბატონო მირიან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშენებლობის კოდექსში იცვლება

მთავარი არის ის, რომ უქმდება ე.წ. კ2 კოეფიციენტის კომისია და გაზრდის წესი იცვლება რადიკალურად. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე. თუმცა ამასაც აქვს თავისი შეზღუდვები. მაგალითად ის, რომ დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის  ნაკვეთები გამოვა ერთიანად დასაგეგმარებელი.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ დადგენილი იქნება საბალანსო ერთეულები, თითოეულ კვარტალში რამდენი შეიძლება იყოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. განსაზღვრულია ისიც, ჯამში რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს. მაგალითად, მშენებელს უნდა კვარტალში ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა, გვერდით ვეღარ ააშენებენ, ამიტომაც კვარტალში ყველას თანხმობა დასჭირდება, რაც გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს. თუმცა, ეს მხოლოდ ამ თანხმობითაც არ გადაწყდება. გასათვალისწინებელია ასევე სამეზობლო საზღვრიდან მოშორების რეგულაციები და ასე შემდეგ, ყველაფერი იცვლება.

კვარტალს, როცა აგეგმარებ, კანონიდან გამომდინარე  განაშენიანება უფრო დაბალანსებული იქნება.  გარდა ამისა, როცა განაცხადი შემოვა, მერიამ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, დაინტერესებული მხარე ვინც არის, მან უნდა დააფინანსოს კვლევა და შემდეგ, როდესაც ამ კვლევებს წარმოადგენს, თუ იქნება მისაღები, გადადის საკრებულოში დასამტკიცებლად.

  • თუ კვარტალში ერთი აშენებს და მეორე ვერა, როცა კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე, ამას როგორ არეგულირებს კანონი?

როდესაც დამუშავდება დეტალური გეგმა და დამტკიცდება, ცხადია, იქ კვარტალში მარტო ერთი შენობა ხომ არ იქნება, სიმაღლე დარეგულირდება ყველა შენობასთან დაკავშირებით ბალანსის დაცვით. ერთმა თუ ხუთი სართული ააშენა, მეორეს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი სართულის აშენების უფლება. ორი სართულის აშენებას თუ ემხრობა მიწის  ნაკვეთის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც ორსართულიანი იქნება დადგენილი, პრობლემა აღარ შეიქმნება. თუ ეწინააღმდეგება, თავისთავად ეს გეგმა ვეღარ დამტკიცდება. ანუ კვლევის შემდეგ მცხოვრებლების თანხმობა თუ ვერ მოიტანა, გეგმა არ დამტკიცდება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მირიან მეტრეველი
მირიან მეტრეველი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი
  • კანონი უზრუნველყოფს, რომ კვარტალში რამდენიმე მაღლივი არ გაჩნდეს, რომლებიც ერთმანეთს დაფარავს?

დიახ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს.

  • ღიობის წინ ღიობის, ან ღიობის წინ ყრუ კედლის ამოყვანის საკითხები როგორ არის დარეგულირებული, რაც ბათუმისთვის მწვავე პრობლემაა?

ამ ყველაფერს განსაზღვრავს ერთ-ერთი კანონქვემდებარე დადგენილება, ამის შესახებ კოდექსში დეტალურად არ წერია. შემოდის განაშენიანების ტიპები, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ადგილზე იყოს აუცილებელი, ეს არის მაგალითად ღია განაშენიანება. შენობას თუ ათავსებ მიწის ნაკვეთზე, სამეზობლო შენობები ყველა მხრიდან უნდა იყოს მოშორებული, შეიძლება იყოს ნახევრად ღია განაშენიანება, თუ საზღვარზე ორი მშენებლები ერთმანეთის მიმართ ყრუ კედლებს დადგამენ და მეორე მხარეს გააკეთებენ ღია განაშენიანებას – ცოტა რთული ასახსნელია… ასევე შეიძლება იყოს დახურული ტიპის კვარტალური განაშენიანება, როცა გვერდითა კედლები ერთმანეთზე მიდგმულია, ეს იქნება ჩამწკრივებული შენობები – ანუ სხვადასხვა ტიპის განაშენიანების ცნება შემოდის. ამას აზუსტებს გენგეგმა, მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს ძველი გენგეგმა და ის გაუქმდება, პროექტები შეთანხმდება მხოლოდ კვლევის შედეგად, რაც თავისთავად გამორიცხავს მიშენებებს, ფასადის დახურვას და ასე შემდეგ,

  • უსაფრთხოების საკითხებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რასაც #41- დადგენილება აწესებს, კანონში დამატებით რეგულაციები შემოდის?

კოდექსი უფრო ქალაქმშენებლობით საკითხებს განსაზღვრავს. მშენებლობა, მოცულობა, სიმაღლე, დამტკიცების წესი. გენგეგმის [გრგ-ს ], დეტალური გეგმების დამტკიცების წესს განსაზღვრავს. სხვა დადგენილებები, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ კოდექსის ამოქმედებასთან ერთად ამოქმედდა. ასევე სხვა დადგენილებებიც, რომლებიც დღეს მოქმედ კანონმდებლობას ართულებს. ლიფტების, კიბეების და სახანძრო უსაფრთხოების წესები დარჩა იგივე 41-ე დადგენილების რეგულაციის ქვეშ.

  • რას ამბობს კოდექსი ეზოებთან, გამწვანებასთან და პარკინგთან მიმართებაში?

ეს საკითხებიც დარეგულირდება. მაგალითად, კოდექსი  აუცილებლად ითხოვს საბავშვო მოედნის მოწყობას მრავალბინიანი მშენებლობის დროს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წყალგამტარი ფენით  გაკეთებული და მშენებელი მიწას ვერ დატოვებს მოედნის სახით. გამწვანებული ზოლი უნდა იყოს მინიმუმ ათი პროცენტი, სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა, მაგრამ მინიმუმი ათი პროცენტია.

  • მასალების ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით რას ითვალისწინებს კოდექსი? ხშირად გვესმის, რომ ახალაშენებული სახლების ფასადები მალე გამოდის მწყობრიდან.

მაგ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, დადგენილება 2020 წელს უნდა შევიდეს ძალაში, რომელიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს. ერთ-ერთ დადგენილებაში არის ისიც, რომ განისაზღვროს ფასადის მოპირკეთების მინიმალური ხარისხი.

უკვე დარეგისტრირებულ განაცხადებს ახალი კანონის მიხედვით განიხილავთ, თუ მანამდე მოქმედი რეგულაციებით?

თუ უკვე დამტკიცებულია პირველი ეტაპის დოკუმენტაცია – ეს არის კოეფიციენტები, სადაც განსაზღვრულია სართულიანობა და ასე შემდეგ, თუ არ შეიცვალა რაიმე, პირველ იანვრამდე უნდა იყოს შეთანხმებული პროექტი, თორემ ძალას კარგავს. თუ შეთანხმებულია პროექტი, მას არ ეხება. ასევე არ ეხება დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

 

საია: მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის, ამჟამად დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარის ტელევიზიის ახლმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის, დირექტორის მხრიდან.

„გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის  დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ქართული ნავსადგურებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით. საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო იმპლემენტაცია.

ბოლო, 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება მიიღო. საქართველოს დელეგაციას აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სპეციალური ჯილდო “Excellency Award’’ გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მოწვევითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით აშშ-ში საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე სამუშაო ვიზიტით იყო აშშ-ში მიწვეული. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ტური ფილადელფიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებიც შედიოდნენ, US Coast Guard-ის სათაო ოფისში უმასპინძლეს.

ქართულ პორტებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებზე და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვაზე ისაუბრეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მეთაურთან ადმირალ კარლ შულცთან.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართული ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულზე ქართული ნავსადგურების აუდიტს ველოდებით და ისევე, როგორც გასულ წელს სათანადოდ მომზადებული შევხვდებით. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ადმირალმა კარლ ლ. შულცმა მიიღო ჩვენი მოპატიჟება 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2020),“- განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ორი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა – თამარ იოსელიანი

საქართველომ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელა პოზიციონირება საერთაშორისო საზღვაო სივრცეში, როგორც თანმიმდევრული რეფორმების გამტარებელმა პერსპექტიულმა საზღვაო ქვეყანამ.

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის რიგითი  31-ე სესიას დაესწრო. სესიაზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის საზღვაო ინდუსტრიაში 2020 წელს დაგეგმილი ცვლილებები და გამოწვევები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა საბერძნეთის, კვიპროსის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. დამატებითი შეხვედრები შედგა შვედეთთან და ნორვეგიასთან.

ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები წარმატებული და ნაყოფიერი იყო ქართული მხარისათვის. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობისა და მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე ხელი მოეწერა მემორანმდუმებს ბრაზილიასა და ქუვეითთან.

ეს ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს ახალ ბაზარზე გასვლის და დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ბრაზილიას 766-მდე გემი ჰყავს საერთაშოროსო  ნაოსნობაში. ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია. ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტებია.

უახლოეს მომავალში მეზღვაურთა დოკუმენტების ურთიერთაღიარებაზე შევთანხმდით დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და საუდის არაბეთთან.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ქუვეითისა და საუდის არაბეთის სახელმწიფო გემთმფლობელ კომპანიებთან, რომელთა საკუთრებაშიც არის თანამედორვე სატანკერო ფლოტი. შეხვედრებზე საუბარი ძირითადად ქართველი მეზღვაურების დასაქმებასა და კადეტების წვრთნის პროგრამის ამოქმედებას შეეხებოდა.

მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებითაც. ქვეყნების თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია შესული და რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშველოვანია საქართვლოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვებას საშუალებას მოგვცემს.

შეხვედრა გაიმართა გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეები გერმანული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი განიხილეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კომენტანტთან ადმირალ კარლ ლ. შულცთან გამართული შეხვედრა, სადაც შავ ზღვაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმნით, ამერიკის წარმომადგენლების მხრიდან ქართულ პორტებში საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მაღალი შეფასება მიეცა და ასევე აღგვითქვეს ტექნიკური დახმარება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაც. ამასთან, ადმირალმა კარლ ლ. შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2020) დასწრებაც.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა ფორუმზე მოიწვია  IMO-ს გენერალური მდივანი ბატონი კიტაკ ლიმიც. შეხვედრისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით იჩენენ. მხარეებმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის რიგითი 31-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე.

მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებას ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც უახლოეს მომავალში არსებითად შეცვლის საზღვაო სექტორს საქართველოში.

ხაზგასმით აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და უშიშროება. ამ კონტექსტში მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარედ საქართველოს დახურულ საზღვაო სექტორებში შესვლის უკანონო პრაქტიკას საქართველო განიხილავს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

„ქართველი მეზღვაურები გამბედაობისა და კომპეტენციის სინონიმია“ – სიამაყით აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს დაიცვან მეზღვაურების უსაფრთხოება მსოფლიოში და ერთობლივი ძალებით იმოქმედონ აფრიკის რეგიონში მეკობრეების თავდასხმის საფრთხის აღმოსაფხვრელად.

საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტს, სადაც აღწერილი და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის უკანანო ქმედებები შავი ზღვის ჩრდილოეთში, კერძოდ კი ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომიჯნავე წყლებში, რომელიც ლახავს უკრაინის, როგორც სანაპირო ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობას კომერციული გემებისთვის.

სესიაზე წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერების მიზნით შემუშავებული IMO-ს ასამბლეის რეზოლუციის პროექტი: “Preserving the legacy of World Maritime Day 2019 and achieving a barrier-free working environment for women in the maritime sector”. რეზოლუციის ტექსტის მომზადების სამუშაო ჯგუფში (correspondence group) აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, როგორც დოკუმენტის თანასპონსორი და ორგანიზაციის ფარგლებში ქალი მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორი.

საქართველოს დელეგაცია დასამახსოვრებელი იყო, რადგან ის სრულად ქალებით იყო წარმოდგენილი: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩენს საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერებისათვის საქართველოს მხარდჭერას.

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ  IMO-ში ჩვენი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის თამარ ბერუჩაშვილის დამსახურებით საქართველომ წარმატებით გაართვა თავი IMO-ს 31-ე ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობას.

21 წლის მოსწავლეები – როცა სკოლა ვაუჩერის დაკარგვის გამო „არებზე“ თვალს ხუჭავს

„რამდენიმე თანაკლასელი მყავს, რომლებიც კლასში საერთოდ არ დადიან, ზოგიერთი მათგანი უკვე 21 წლისაა“, – ეს ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მეთორმეტეკლასელმა გვითხრა. მისი თქმით, თავის ყოფილ კლასელებს ბოლო სამი წელია მოსწავლის სტატუსს უნარჩუნებენ. ეს ახალგაზრდები სკოლაში სხვადასხვა მიზეზით არ დადინ, მაგალითად, სამსახურის ან ცუდი აკადემიური მოსწრების გამო „კლასში დატოვეს“ და შემდეგ აღარ გამოჩნდნენ სკოლაში.

მოსწავლემ ასევე მოგვაწოდა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, მისი ინფორმაცია დასტურდება. ჩვენ ამ მტკიცებულებების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ, რადგან ამით იდენტიფიცირდება სკოლაც და მოსწავლეებიც.

მოსწავლემ იცის, რატომ არ რეაგირებს სკოლა მსგავს შემთხვევებზე – თითოეული მოსწავლის უკან სახელმწიფო ვაუჩერით გათვალისწინებული დაფინანსებაა, რომელსაც სკოლა დაკარგავს, თუკი ბავშვს მოსწავლის სტატუსს შეუწყვეტენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დირექტორებისგან მოსწავლეების სისტემურ არყოფნაზე „თვალის დახუჭვის“ სქემა სხვა მცირეკონტინგენტიან სკოლებშიც მუშაობს. ჩვენ არ ვასახელებთ ამ სკოლებს, რადგან პრობლემა სისტემურია. საუბარია სკოლებზე, რომლებიც, ძირითადად, მაღალმთიან დასახლებებშია და იქ მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, სკოლები ამ გზით ცდილობენ დაფინანსების შენარჩუნებას.

დღეს არსებული სისტემით, სკოლის დაფინანსება ვაუჩერზეა დამოკიდებული – ერთ მოსწავლეს სახელმწიფო დაახლოებით 500 ლარს უხდის. ვაუჩერის ოდენობა დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა კრიტერიუმზე და თუკი დირექტორი მოსწავლის სტატუსს არ შეუჩერებს, ეს დაფინანსება სკოლაში დარჩება.

რა მექანიზმი აქვს განათლების სისტემას, რომ მსგავსი სქემით სკოლამ ვერ ისარგებლოს? – „ეს გამორიცხულია. სკოლა ამაზე რომც წავიდეს, მაინც გახმაურდება, ეს ეცოდინებათ მოსწავლეებს, მათ მშობლებს,“ – გვითხრა მადონა გოგიტიძემ, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. თუმცა, მისივე თქმით, თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი რესურსცენტრამდე ვინმემ ამბავი არ მიიტანა.

„ასეთი კონკრეტული მაგალითი არ აღმოგვიჩენია. თუ გვეცოდინება, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ დაახლოებით თვეში ერთხელ ვამოწმებთ სკოლას და ვამოწმებთ ამ კუთხითაც – იწერება თუ არა „არა“, როცა მოსწავლე არ არის კლასში,“ – ამბობს მადონა გოგიტიძე.

„არებს“ რომ პედაგობები ხშირად არ წერენ, ამას ბათუმის რესურსცენტრის დირექტორი, გოჩა დავითაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ამ კუთხით სკოლების ადმინისტრაციებს ხშირად აძლევს შენიშვნას და გაფრთხილებას.

„კანონით არის განსაზღვრული ეს საკითხი: თუკი მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სკოლაში, მას უნდა შეუჩერდეს ან შეუწყდეს მოსწავლის სტატუსი… თუ ამას არღვევს სკოლა, ეს უკვე დანაშაულია.

მიკვირს, როგორ შეიძლება წლობით იყოს კლასში მოსწავლე, რომელიც სკოლაში არ დადის. წლის ბოლოს მოსწავლეს სჭირდება შეფასება. ვინ აკეთებს ამ შეფასებას? მაშინ გამოდის, რომ პედაგოგებიც ჩართული უნდა იყვნენ ამაში,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძეც ფიქრობს, რომ 90-დღიანი პერიოდი რომ გააჭიანუროს სკოლამ, წლის ბოლოს მოსწავლეს სხვადასხვა მასწავლებლისგან დასჭირდება შეფასება, დარღვევას კი ამდენი პედაგოგი ხელს ერთად არ მოაწერს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ სქემის გამორიცხვის უფრო ეფექტური გზა ჟურნალების ელექტრონული სისტემა იქნება, რომელიც ჩვენს სკოლებში არ არსებობს.

წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.

კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი იქნება გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს:
• მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას
• თქვენს რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობისგან
• მოსაზრებას, თუ რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორიას ქართულ ენაზე. https://ncce.ge/ka/blogs

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.

ტექნიკური მოთხოვნები:
სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word ან PDF; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; წერილი შეიძლება იყოს ხელნაწერი.

წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება/ნომერი და კლასი.

მნიშვნელოვანი პირობები:

  • ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი
  • პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება
  • დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება
  • კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

[checklist]

  • პირველი ადგილი: 300 ლარი
  • მეორე ადგილი: 200 ლარი
  • მესამე ადგილი: 100 ლარი
  • ჟიურის რჩეული: 100 ლარი

[/checklist]

მიღებული ნაშრომები სრულად ან ნაწილობრივ განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებით მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019

ნაშრომის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: info@ncce.ge ხელნაწრი წერილის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, გააგზავნოთ დასკანირებული ვერსია და შეინახოთ ორიგინალი.

სათაურის ველში უნდა მიუთითოთ „წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული.

„თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში.

დღეს თოვს ხულოში, კურორტ გოდერძიზეც, თუმცა კურორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ აქ ინტენსიურ თოვას, წინასწარი პროგნოზით, უფრო 21-დან 27 დეკემბრამდე ელიან და სეზონის გახსნაც თოვლის საფარის სიმაღლეზე იქნება დამოკიდებული: „სხვა მხრივ კურორტი სტუმრების მისაღებად მზადაა“.

კურორტ გოდერძის ადმინისტრაცია ამ სეზონზეც გეგმავს სპეციალური ტექნიკის [12-ადგილიანი თოვლმავალის] დაქირავებას, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე ზანკა-გოდერძის უღელტეხილი-უტყუსუბნის მიმართულებით, დამსვენებლების გადასაყვანად დაახლოებით 120 დღის განმავლობაში იმოძრავებს და, სავარაუდოდ, 240 რეისს შეასრულებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი სვანეთში, ზურულდის მთაზე, 2019 წლის 28 დეკემბერს, ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, როგორც სპორტული, ასევე კულტურული აქტივობებით.

ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ღონისძიება იქნება ერთდღიანი და ის საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით იმართება:

[checklist]

  • „საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ზემოხსენებულ პერიოდში გეგმავს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპის ჩატარებას ზურულდის მთაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 80-მდე სპორტსმენი. ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიების ზემოხსენებულ შეჯიბრის დღეს და ადგილას ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში პროფესიონალ მოთხილამურეთა შორის შეჯიბრის შემდეგ, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება შეჯიბრი მოყვარულთა შორისაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩამოსული ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რეგისტრაცია მოხდება წინასწარ და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
  • სეზონის გახსნის კულტურული ღონისძიება დაგეგმილია „ჰაწვალის“ საბაგიროს დასაწყისში არსებულ ხიჟინასთან, ფინიშის ხაზთან, დაიდგმება ადმინისტრაციის არკა, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე, სადაც მთელი შეჯიბრის მსვლელობისას დაუკრავს DJ, გაფორმდება ფერადი ალმებით, საახალწლო აქსესუარებით, განლაგდება ფერადი პუფები, მოეწყობა საკვები სივრცე, ბარი, სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ყავა/ჩაით და გლინტვეინით. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცეცხლის კერები სტუმრების გასათბობად.“

[/checklist]

ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 63 706 ლარია და წინადადებების მიღება 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება.

2 დეკემბერი, 2019 / ფოტოები კურორტ გოდერძიდან:
კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /
კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /
კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 /
კურორტი გოდერძი / 2 დეკემბერი, 2019 / ფოტოები მოგვაწოდა კურორტის ადმინისტრაციამ

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი [კოხტა, მიტარბი, დიდველი], გოდერძი [ხულო], ჰაწვალი და თეთნულდი [მესტია].

რაც შეეხება გომარდულს [შუახევი], აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აქ სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გომარდულის განვითარების ერთგვარი პროექტი სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა.

ამ თემაზე:

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

5 მილიონად განახლებული ქუჩა მოსაცდელების გარეშე – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაში 5-მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საავტომობილო მოძრაობა ორ თვეზე მეტია აღდგენილია. ამ ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების ადგილებზე, არ არის განთავსებული მოსაცდელები. მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის ერთადერთი აგრარული ბაზარიც.

მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსაცდელი კონსტრუქციების მონტაჟი ქალაქის მერიის პრეროგატივაა. უშუალოდ „ავტოტრანსპორტი“ კი გეგმავს მონიშვნებსა და საინფორმაციო, განახლებული დაფების დამონტაჟებას: „დაფები შესაძლოა იანვრამდე განვათავსოთ, თუ ვერ მოხერხდა, მაშინ იანვრის თვეში“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაგეგმილია მოსაცდელი კონსტრუქციების მონტაჟი.

„48 ახალი მოსაცდელი გადანაწილდება ქალაქის მასშტაბით და 2020 წლის თებერვლის ბოლომდე ყველა დამონტაჟდება, მათ შორის მაიაკოვსკის ქუჩაზეც“, – გვითხრეს მერიაში.

მერიის ინფორმაციით, გარდა მაიაკოვსკის ქუჩისა, ახალი მოსაცდელები განთავსდება ასევე კობალაძის, ინასარიძის, კაჩინსკების, შერიფ ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე.

ბათუმის მერიას მოსაცდელების განთავსებაზე ხელშეკრულება კომპანია „ალმა“-სთან აქვს გაფორმებული. მერიის ინფორმაციით, მოსაცდელების მოვლა-პატრონობაზეც ეს კომპანიაა  პასუხისმგებელი. 

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილი მოსაცდელი კონსტრუქციის გარეშე ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე / 28.11.9019 / ფოტო: „ბათუმელები“
მთავარი ფოტო: მუნიციპალური ტრანსპორტის მოლოდინში / ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა / 28.11.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ „ბათუმელები“

 

მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 704 ათასი ლარი დაიხარჯა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ამ თემაზე:

2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

ქართული მანდარინი სინგაპურში და ყატარშიც გაიყიდება – მთავრობა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წელს 55 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.

მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 2 დეკემბერს, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც განაცხადეს, რომ უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი ძირითად საექსპორტო ქვეყნებში – უკრაინაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სლოვენიასა და ყაზახეთში.

მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო ქვეყნებს კიდევ სამი – ლიეტუვა, ყატარი და სინგაპურიც დაემატა.

მანდარინის საშუალო ფასი 60 თეთრია.

„წელს 21 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ამავე თემაზე:

სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი

რისთვის მიჰყავს 10 ათასი სტუდენტი „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“ – ამ შინაარსის შეტყობინება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს სტუდენტური თვითმმართველობიდან. შეტყობინებაში არაა დაკონკრეტებული, ვისი ორგანიზებით იმართება „ღონისძიება“, ვისი დაფინანსებით და რა მოხდება შეხვედრაზე.

სტუდენტური თვითმმართველობის შეტყობინებაში აღნიშნულია ისიც, რომ „საზღვაო აკადემიაც მიდის“, „დაფინანსდება მგზავრობა და კვება“ და კიდევ: „თვითმმართველობა მოაგვარებს არებს“.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საზღვაო აკადემიაში გვითხრეს, რომ ამ ღონისძიების შესახებ ადმინისტრაციასთან არაფერი შეთანხმებულა და მათი ინფორმაციით ღონისძიებაზე გამგზავრების ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობაა.

„მოწვევა“ მიიღეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმაც სტუდენტური თვითმმართველობიდან. „ბათუმელებმა“ სცადა თვითმმართველობებთან დაკავშირება, თუმცა ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარის – დავით ზოიძის ტელეფონის ნომერზე გვითხრეს, რომ „დავითი ახლა ვერ ისაუბრებს და თავად გადმოგვირეკავს“. ამ საუბრის შემდეგ ეს ტელეფონის ნომერი გამორთულია.

რაც შეეხება საზღვაო აკადემიას, აქ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილია. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„ბათუმელები“ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კიდევ ერთ წევრს დაუკავშირდა – მარიამ ხალვაშს, ვისგანაც სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია თბილისში გამგზავრებაზე.

„ჩვენ ახლა გზაში ვართ… ეს არ იქნება აქცია, იქნება ღონისძიება, არ ვიცი, რა ღონისძიება იქნება. შეხვედრა იქნება ორბელიანის ქუჩაზე,“ – გვიპასუხა მარიამ ხალვაშმა. მან არ გვითხრა, ვინ აფინანსებს მგზავრობას ან ვინ არის ამ ღონისძიების ორგანიზატორი.

ბათუმელმა სტუდენტებმა შეტყობინება პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან – ნიკა ცეცხლაძისგანაც მიიღეს. ამ შემთხვევაშიც საუბარია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნაზე და ასევე: „კონცერტს დავესწრებით, ცოტა თბილისს შემოვივლით და წამოვალთ…“ – აღნიშნულია შეტყობინებაში.

იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც სტუდენტები უნდა დაესწრონ, „ქართული ოცნებაა“  – ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

„ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით  – „საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“. ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20.00 საათზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება… სწორედ ამ კვირეულზე დასასწრებად მიემგზავრებიან აჭარის  ორგანიზაციის ახალგაზრდები და სტუდენტები.

კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.

„ახალგაზრდული კვირეული  7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება,“ – მოგვწერეს „ქართული ოცნებიდან“. პარტიის პრესცენტრში ამ დრომდე არ გვიპასუხეს: რამდენს დახარჯავს „ქართული ოცნება“ 10 ათასი სტუდენტის შესაკრებად.

მთავარი ფოტო: ქართული ოცნება – ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/410953/

https://netgazeti.ge/news/410992/

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში ფორუმი – UzInvest 2019 გაიმართა

ინვესტორებისთვის, ბიზნეს, საბანკო, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ლონდონში ფორუმი – UzInvest 2019 გაიმართა. ღონისძიების თემა უზბეკეთში ინვესტიციების შესაძლებლობებს და პერსპექტივებს შეეხებოდა.

ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, ასევე უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას უზბეკეთში საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

თიბისი წელს UzInvest 2019-ის პარტნიორია. ღონისძიებას ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი  გიორგი შაგიძე ესწრებოდა, რომელმაც ფორუმის პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პანელ-დისკუსიის თემა უზბეკეთის ბაზარზე კომერციულ და საცალო საბანკო სექტორს და ამ სექტორის განვითარების შესაძლებლობებს შეეხებოდა, მათ შორის საბანკო სერვისების/პროდუქტების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პანელის განსახილველ თემებს შორის უზბეკეთში კაპიტალის ბაზრების პერსპექტივა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების  არსებობის საჭიროება იყო.

წელს საქართველოში აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. 888 აივ ინფიცირებული აჭარაში ცხოვრობს.

აივ ვირუსის გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა [48 პროცენტი] ჰეტეროსექსუალური კონტაქტისას მოხდა, მეორე ადგილზეა ინექციური ნარკომანია – 38,2 პროცენტი. 0,7 პროცენტში ვირუსის გადაცემის გზა უცნობია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით კლებადია. ბოლო წლებში ყველაზე მეტი, 719 ახალი შემთხვევა 2017 წელს გამოვლინდა.

შიდსის მსოფლიო დღე 1-ელ დეკემბერს მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. საქართველო  კამპანიას უერთდება გზავნილით – „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.

ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი

აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ:

  • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი
  • თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი
  • გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები
  • გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია
  • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით
  • დაგიდგინდათ ტუბერკულოზი
  • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს
  • გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი
  • ხართ სისხლის რეციპიენტი

თუ ფიქრობთ, რომ ერთხელ მაინც გქონდათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარიკსო ფაქტორი, ნუ გადადებთ, მიაკითხეთ შიდსის ცენტრს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 239 80 18.

ორი სიახლე უცხო ენის ტესტში 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის ტესტებში ორი სიახლე იქნება.

პირველი სიახლეა ის, რომ მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

მეორე სიახლე კი მე-6 დავალებას ეხება. კერძოდ, მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

ამავე თემაზე:

ცვლილებები ისტორიასა და მათემატიკაში – ეროვნული გამოცდები 2020

საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა – როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების დასკვნით, 2019-2020 წლის ზამთარში ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმაა:

[checklist]

  • დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7
  • მთაში 0, +2
  • მაღალ მთაში -4, -2
  • აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2
  • მთაში -2, 0
  • მაღალ მთაში -5, -3

[/checklist]

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექის ნორმა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე – 500-700 მმ, მთაში – 300-450 მმ, მაღალ მთაში – 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 70-120 მმ, მთაში – 80-150 მმ, მაღალ მთაში კი – 70-150 მმ -ს შეადგენს.

2019-2020 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

___________

ფოტოზე: თოვლიანი დღე ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თოვლი შუახევისა და ხულოს სოფლებში [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე მაღალმთიან სოფელში თოვლი მოვიდა.

შუახევი, სოფელი შუბანი. მელანო ებრალიძის ფოტო
სოფელი ნაღვარევი, შუახევი. თამუნა ხილაძის ფოტო
სოფელი ნაღვარევი, შუახევი. თამუნა ხილაძის ფოტო
სოფელი ნაღვარევი, შუახევი. თამუნა ხილაძის ფოტო
სოფელი კალოთა, შორენა მამულაძის ფოტო
სოფელი კალოთა, შორენა მამულაძის ფოტო

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის

საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს 6 რეგიონში ბიბლიოთეკებს გახსნის.  ეს არის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში,  სამკითხველო სივრცეები მოეწყობა. უნივერსიტეტის ერთი-ერთი რეგიონული ოფისი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება ბათუმში მდებარეობს. 

სიახლის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა.

 გვიამბეთ უნივერსიტეტის ახალი წამოწყების შესახებ 

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, იყოს პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, 2 წლის წინ საქართველოს 6 რეგიონში ( შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი, გურია-აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ოფისები გავხსენით და ადგილობრივ მოსახლეობას სისტემატიურად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო – შემეცნებით ღონისძიებებს, რაც შეეხება, ბიბლიოთეკებს გადავწყვიტეთ ოფისებს მეტი დატვირთვა, მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო ბენეფიტი მივცეთ, მათ შორის,  რაღა თქმა უნდა, აჭარა-გურიის რეგიონიცაა, რომლის რეგიონული ოფისი ბათუმში მდებარეობს.

ძირითადად რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ვის შეეძლება სარგებლობა ? 

მინდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკების გახსნა ადგილობრივებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას.  ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული წიგნები იქნება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღავნელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში და მათ ბიბლიოთეკებს აჩუქეს თავიანთი საყვარელი წიგნები.  აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ბიბლუსს თანამშრომლობისთვის.

რას გვეტყვით ბათუმის რეგიონულ ოფისზე? რას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას?

როგორც აღვნიშნე, რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, ვცდილობთ, განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

2 წელია აღნიშნული ოფისები, მათ შორის ბათუმის ოფისიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

დაესწრონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებს და სხვ. ამ ხნის განმავ-ლობაში არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ ბათუმში.

მახარებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს აქტივობებში და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ ბიბლიოთეკასაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

როდისთვის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა?

უნივერსიტეტი მუშაობს მთელი დატვირთვით და ვფიქრობ, თებერვლისთვის ექვსივე რეგიონალურ ოფისს ექნება ბიბლიოთეკა, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს დიდი ალბათობით იანვარში გაიხსნება. 

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52 კმ მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის [11:50]  გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდა და ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

ჭაბურღილი, რომლითაც სოფელ ცეცხლაურში, ჭახათისა და ხინოს უბნები სასმელი წყლით მარაგდება, იმ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება. აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ახალ ჭაბურღილს სხვა ადგილზე მოაწყობს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 145 660 ლარია გათვალისწინებული.

„ჭახათისა და ხინოს უბანი ამჟამად სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით მარაგდება არსებული ჭაბურღილით, რომელიც განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელი. სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე ნაგავსაყრელის ტერიტორიის ახლოს მდებარე ჭაბურღილიდან წყლის ამოტუმბვა სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის დაუშვებელია, რის გამოც ჭახათისა და ხინოს უბნისათვის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ვაწყობთ დასახლებასთან ახლოს ჭაბურღილს,“ – აღნიშნულია აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის განმარტებით ბარათში.

სოფელ ცეცხლაურში მოსაწყობი ჭაბურღილის სქემა / ფოტო პროექტიდან

ახალი ჭაბურღილის სიღრმე 100 მეტრი იქნება. ჭაბურღილიდან 60 მეტრში კი, პროექტის მიხედვით, 10,6 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება ფოლადის კონსტრუქციებზე მდგარი 20-ტონიანი ავზი [ცისტერნა]. ჭაბურღილიდან გაყვანილი იქნება პოლიეთილენის მილები; ჭაბურღილი აღიჭურვება ავტომატური მართვის სისტემით.

„ჭახათისა და ხინოს უბნისათვის წყალმომარაგება განხორციელდება სადაწნეო კოშკიდან დ63 PN-10 მმ-იანი მილის დაერთებით დასახლებულ პუნქტში უკვე არსებულ და რეაბილიტირებულ ქსელზე… სამარაგო რეზერვუარში მოეწყობა წყლის დონის განმსაზღვრელი ტუმბოს ტივტივა, რისი მეშვეობითაც დარეგულირდება რეზერვუარში წყლის დონე – გავსების შემთხვევაში ჭაბურღილის ტუმბო გაითიშება. ჭაბურღილის მოწყობისა და საცდელი ამოტუმბვების შემდეგ დადგინდება მისი ზუსტი დებიტი.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ახალი ჭაბურღილის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს შეწყდება. სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2 თვეში უნდა შესრულდეს.


შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ დროულად ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლების განმავლობაში ვალდებულების საკომისიოს იხდიდა.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყარის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაგავსაყარის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

 

 

ვის აღარ შეიწყალებს პრეზიდენტი – ახალი წესი ძალაში შევიდა

2019 წლის 26 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შეწყალების ახალი წესი.

ამ წესის მიხედვით, იმ პირთა შეწყალების საკითხი, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წადგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე, განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ 2014 წელს დამტკიცებული შეწყალების წესის შესაბამისი პუნქტებით დადგენილ პირობებს.

თუმცა არის გამონაკლისი – პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი.

იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას, ახალი წესით.

ამასთან, ამ პირთა მიმართ არ იმოქმედებს ახალი წესით დადგენილი შემდეგი შეზღუდვა: „შეწყალების საქმე საქართველოს პრეზიდენტს ხელახლა წარედგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა შეწყალების ახალი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.“

[red_box]ახალი წესით საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე:[/red_box]

[crosslist]

  • რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;
  • რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
  • რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;
  • რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
  • რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

[/crosslist]

ზემოთ ჩამოთვლილი მსჯავრდებულების შეწყალების საქმეს სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

ახალი წესის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით „იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ, აგრეთვე შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება. მსჯავრდებულის შეწყალების საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ელექტრონულ პროგრამასთან წვდომა აქვთ ადმინისტრაციისა და სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს“. აღნიშნული პუნქტი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

შეწყალების საქმის განსახილველად წარდგენისა და სხვა პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ახალი წესის დამტკიცებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის ბრძანებულება.

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით.

– – –

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაც, რაზედაც გადაწყვეტილება პრეზიდენტს მიღებული არ აქვს. მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით პრეზიდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/403197/

 

საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორად არჩეული კომპანიის მეწილე ოფშორშია რეგისტრირებული

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს შპს KPMG Georgia ჩაატარებს. 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს თავად საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაევალა KPMG Georgia-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ამავე დადგენილებით აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 156 ათასი ლარით განისაზღვრა.

შპს KPMG Georgia თბილისში 2013 წლის თებერვალში დააფუძნა ოფშორში რეგისტრირებულმა შპს KPMG CIS HOLDING LIMITED-მა.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით კი, დღეს, KPMG Georgia-ს წილებს ფლობენ: კლაუს მოლერ ნილსენი [დანია] – 17%, ოლეგ გოშანსკი [უკრაინა] – 17%, სერგეი დემენტიევ [ყაზახეთი] – 17% და KPMG CIS HOLDINGS LIMITED [კვიპროსი] – 49%.

KPMG Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი კახა რუხაძეა, ხოლო გენერალური დირექტორი – ოლეგ გოშანსკი.

საქართველოს ბიუჯეტიდან საპენსიო სააგენტოსთვის 2018 წელს 377 200 ლარი იყო გამოყოფილი საიდანაც ხელფასებისთვის 130 800 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე, 2019 წელს სააგენტოსთვის გამოყოფილია 3 მილიონ 800 ათასი ლარი [აქედან 2 მილიონი ლარი 58 თანამშრომლის ხელფასისთვის];

2020 წლისთვის კი, საპენსიო სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწერილია 5 მილიონი ლარი, საიდანაც სააგენტოში დასაქმებული 75 თანამშრომლის ხელფასისთვის 3 მილიონ 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

ბათუმში წვიმა, აჭარის მთებში კი თოვა – დეკემბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმში, ღამით და დილით ზოგან 17-22მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
  • შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 1-6 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით ზოგან 17-22მ/წმ-ში, წვიმა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი; ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 15-25დმ (4-5 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა + 15 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, სამშაბათს, 3 დეკემბერს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს – 4 და 5 დეკემბერს კი, დაბლობ რაიონებში წვიმა, მთაში კი თოვა.

გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანიას შუახევში 3226 კვ.მ მიწა იჯარით წელიწადში 674 ლარად გადაეცა

შუახევში, გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანია „ალტერ ენერჯის“, ჯამში 3 226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, 4 წლის ვადით გადაეცა. მიწით სარგებლობისთვის კომპანია ყოველწლიურად 674 ლარს გადაიხდის. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები კომპანიას გოგინაური ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სჭირდება.

შპს „ალტერ ენერჯი“ [ALTER ENERGY] 2012 წელს ბათუმში, ფრიდონ ქათამაძისა და გოდერძი ფუტკარაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს, დღეს, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს „ფაუერ ოფ ნეიჩერი“ ფლობს. კომპანიის დირექტორია ზურაბ მერაბიშვილი [რუსეთის ფედერაცია, საქართველო].

ALTER ENERGY-ის წილები ნიდერლანდებში დაფუძნებულმა „ფაუერ ოფ ნეიჩერიმ“ 2016 წელში, 315 ათას აშშ დოლარად შეისყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით „ფაუერ ოფ ნეიჩერის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ ოსტაპიშინია.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობას, ესკოსა [ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი] და „ალტერ ენერჯის“ შორის, შუახევში, მდინარე ტბეთისწყალსა და მდინარე მოდულისწყალზე ოქროპილაურის და გოგინაურის ჰესების მშენებლობაზე, ურთიერთგაგების მემორანდუმი 2012 წლის აგვისტოში გაფორმდა.

2014 წლის თებერვალში „ალტერ ენერჯიმ“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღო თანხმობა აღნიშნული ჰესების „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელზე მიერთების შესახებ. ჰესების მშენებლობაზე ნებართვა კი, გაცემული იქნა 2015 წლის ოქტომბერში.

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაური ჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2019 წლის მაისში გასცა.

ამ თემაზე:

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

მთავარი ფოტო: გოგინაური ჰესის განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა / წყარო: გზშ-ის დოკუმენტი

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორის დაყაჩაღებაზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 2 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს – 1980 წელს დაბადებულ ლ. დ.-ს. ბრალდებულებმა მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის ავტომანქანაში არსებულ, კომპანიის კუთვნილ თანხას – 39413 ლარს. ლ.დ. ავტომანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი, რომლის მეხსიერების ბარათზე დაფიქსირებულია აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

ფაქტების გასაჯაროება და სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სვლაა იმისთვის, რომ მოადგილე ნათია ზოიძე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. გიორგი კოხრეიძე გუშინ ღამით შეხვდა ჟურნალისტებს და, მათ შორის, ნათია ზოიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტებს ახალი დირექტორი პროკურატურას არ მიაწვდის, ამას თავისი სახელი დაერქმევა – შანტაჟი.

ნათია ზოიძის პოზიცია მკაფიო. ის მასთან წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეყრდნობა, სადაც წერია, რომ „მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის მართვა“ მისი უფლებამოსილებაა.

  • ბატონო გიორგი, ცნობილია თქვენი მოადგილის, ნათია ზოიძის პოზიცია – ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თქვენ მას სარედაქციო პოლიტიკისგან სრულად ჩამოშორება მოსთხოვეთ. რას აპირებთ? 

ნათია ზოიძემ უნდა შეასრულოს კანონი. კანონის მიხედვით კი, თავად საინფორმაციო სამსახურის გარდა, არავის აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში. ეს წერია „მაუწყებლის შესახებ“ კანონში. მე, დირექტორს შემიძლია კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირება მოადგილეზე, მაგრამ შეუძლებელია იმ უფლების დელეგირება, რომლის უფლებაც თავად მე არ მაქვს. მე კი არა, ამის უფლება არ აქვს არავის დედამიწის ზურგზე. ნათია კაპანაძეს ასეთი უფლება აქვს დელეგირებული ნათია ზოიძეზე და მისი ეს უფლება არის არაკანონიერი, ეს ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო. მან [ნათია კაპანაძემ] ისეთი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა.

  • კანონში სად წერია კონკრეტულად, რომ სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს დირექტორის მოადგილეს? 

კანონში საინფორმაციო დამოუკიდებლობაზე არის საუბარი. როგორ სად წერია? – არავის არ აქვს ამის უფლება, დირექტორი ვერ მისცემს მას იმის უფლებას, რის უფლებაც თავად არ აქვს. თუ ვერ ხვდებით, გამოდის, არ გინდათ, რომ მიხვდეთ… მოადგილე ნიშნავს იმას, რომ ის არის დირექტორის დამხმარე… გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ, გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება. რა ვქნა, ჟურნალისტები არიან ის კატეგორია, ვისაც ყველაფერი ეპატიება, თუ არ არიან? მე ამ კითხვას დავსვამ მხოლოდ, მეტი არაფერი.

  • ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე იურისტს. მათი აზრით, ეს ხელშეკრულება არ არის კანონსაწინააღმდეგო და მაუწყებლის შესახებ კანონი არ კრძალავს ტელევიზიის ხელმძღვანელის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში მონაწილეობას.

დაწერონ ეს დასკვნები იურისტებმა, ხელი მოაწერონ – გვარი, სახელი და მერე ვიმსჯელოთ… თქვენ ხომ გითხრეს იურისტებმა არაო, მოაწერონ ხელი და მერე ერთად ვიმსჯელოთ საჯაროდ.

  • კანონის ზუსტი ჩანაწერი მიგვითითეთ მაშინ, საიდან გამომდინარეობს, რომ ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება უკანონოა? 

რა გინდათ ახლა? მოაწერონ ხელი იურისტებმა და მერე გავცემ პასუხს, როცა ვნახავ მათ დოკუმენტს. მაგ ჩანაწერს და ყველაფერს დოკუმენტს რომ გავაკეთებ მე, იქ იქნება მითითებული.

  • აპირებთ ნათია ზოიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას? 

მე შევთავაზე ქალბატონ ნათიას, მობრძანდით ჩემთან და დამეხმარეთ, წარვუძღვე ორგანიზაციას. მან ხელები გაასავსავა და თქვა, მე არ შემიძლია ამ საქმიანობას მოვშორდეო. მე ხელშეკრულებას მოვიყვან წესრიგში. ამის უკან თუ თქვენ ვერ ხედავთ ვერაფერს, ამ ტელევიზიაში ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს რომ ლაპარაკობდა ყველა.

  • რა გულისხმობთ კონკრეტულად?

საპირისპირო დასკვნებს რომ ლაპარაკობდნენ, თურმე ყველაფერი ყოფილა ყირამალა. სადღაც რომ ვეძებთ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ვისი ინტერესები ჩანს. ამ ტელევიზიაში შესაძლოა ყველაფერის სათავე გამოჩნდეს, რადგან იყო ჩარევა.

  • ნათია ზოიძე როცა მონაწილეობდა საინფორმაციოს მუშაობაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ფიქრობთ, რომ ეს იყო ჩარევა?

იყო ჩარევა, ეს იყო უკანონო ქმედება. რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი მე არ ვიცი, იმ შენობას არც გავკარებივარ, ვარ რადიოს შენობაში და ვზივარ ჩემთვის.

  • რა იგულისხმეთ, როცა თქვით ყველაფერი ყირამალა იყოო? 

კანონი გვავალდებულებს, რომ უნდა იყოს ასე  და როცა არ არის ასე, იქ შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, მეტი არაფერი. დაირღვა კანონი? ესე იგი, იქ ყველაფერი შესაძლოა უკანონო იყოს. მარტივი ლოგიკაა, ამაზე ალბათ იურისტები გააკეთებენ შესაბამის დასკვნას ძალიან მალე.

  • რის საფუძველზე მიიჩნევთ, რომ ნათია ზოიძე არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“?

მომისმინეთ, ძვირფასო, ეს ყველაფერი არ ხდებოდა უმიზეზოდ, ამ ყველაფერს ჰქონდა რაღაც მიზეზი. ამას ჰქონდა საფუძველი. მაქვს მე ეჭვები და მაჩვენებს დრო, დაკვირვება, ვისთან ჰქონდა, როგორ ჰქონდა კავშირი, მე როდესაც პირადად ვესაუბრე, არ იყო საჭირო ამ ყველაფერის გამოტანა, მე ამას ვამბობ, მაგრამ… იმიტომ არ იყო, რომ მინდოდა მიეღო გადაწყვეტილება და ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფები მე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხედავთ, გამოვა ისეთი სახით, რომ თითქოს  მე, არა ბატონო, მე სერიოზული ეჭვი მაქვს.

  • რაზე გაქვთ ეჭვი კონკრეტულად და რაზე დაყრდნობით?

იქნება  მტკიცებულება და გამოვიტან საჯაროდ. არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით. მე ჰაერზე არ ვლაპარაკობ, მაცალეთ რა ცოტა ხანი, ერთ კვირაში ყველაფერი შეუძლებელია. მე ვიქნები საჯარო და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებ. რა ნაბიჯიც იქნება მზა, ყველაფერის შემსწრე გახდეთ. მე მინდა, რომ მედია იყოს რეალურად თავისუფალი…

  • როდის შემდეგ გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა. როგორც გავიგეთ ნათია ზოიძეს ასევე ედავებით საჯარო ინფორმაციაზე დროულად გაუცემლობას. 

მომისმინეთ, ტელევიზიიდან არის გატანილი ტელევიზიის არქივის ნაწილი ყოველგვარი სასყიდლის გარეშე და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვინ ჩაიდინა, ამას გავარკვევთ. შეიძლება ამის გაყიდვა, მაგრამ გაჩუქება არ არსებობს, თუ გინდა დირექტორი იყო და თუ გინდა მრჩეველთა საბჭო. ამას კანონის ჩანაწერი ამბობს და ეს არ ეხება იმ ნაწილს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი შეიძლება მიიღოს, მაგალითად, მრჩეველთა საბჭოს წევრმა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა ნათია ზოიძე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ის ამბობს, რომ არ იყო გატანილი, მაგრამ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაამოწმებენ ამას, რომ გატანილია, რა მიმართულებით გაიტანეს და ვინ წაიღო.

  • ნათია ზოიძე ასევე ამბობს, რომ თქვენ მას კონკრეტული ფაქტის გასაჯაროებით დაემუქრეთ, თუკი არ ჩამოშორდებოდა სარედაქციო პოლიტიკას…

არა, ასე არ არის: მე კონკრეტულ ფაქტებს გავასაჯაროებ, მე არ ვიქნები ცრუ. მე ვიქნები ყველგან დოკუმენტებით. იქეთ კვირაში ვაპირებ საჯარო აქტივობას და დავანახებ საზოგადოებას ყველაფერს, მაქვს შეხვედრა დანიშნული სახალხო დამცველთან, აინტერესებს რაღაც და პრობლემა არ არის, შეხვდები.

მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრებზე

დღეს აჭარის მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ იცის ვისთან ჰქონდა ნათია ზოიძეს – მაუწყებლის მოადგილეს ბოლო ორი თვის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია. „აი კიდევ ერთი ფაქტი, სატელეფონო კომუნიკაციას უსმენენ. მოისმინონ – ნოდარს [მელაძე – მთავარი არხი], მათეს [კირვალიძე – ტვ პირველი] და ლაფერასთან [გიორგი ლაფერაშვილი – ფორმულა] სინქრონებზე რომ ვმათხოვრობ, ეგაა ალბათ. მაგრამ კაცი მისი პირით ამბობს, რომ ჩემს ტელეფონს უსმენენ“, – დაწერა ნათია ზოიძემ ფეისბუქში გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

აი, რა თქვა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის ეთერში ნათია ზოიძის სატელეფონო ზარებზე: „თბილისში რომ ვიყავი, ძალიან ბევრ ზარს შევესწარი აქედან, ძალიან ბევრს. იქ რომ ვიყავი. და მიკვირდა ეს კომუნიკაცია. არ მინდა ამ ყველაფერს ძიება დავუწყო და ჩავიდე-მეთქი. მოიძიეთ, თხოვეთ ადამიანებს, რომ მოგაწოდონ ბოლო ორი თვის თავიანთი სატელეფონო ზარები. მე არა მაქვს ამაზე წვდომა, არ ვიცი. მე ვიცი, რომ არის მუდმივი კავშირი, მუდმივი კავშირი.

რომ ამოიღებენ თავიანთი ნებით და დავხედავთ, იქ დავინახავთ ალბათ ვისთან არის კავშირი. თვითონ, რა თქმა უნდა [ნათია ზოიძემ].

მე ხომ არა ვარ პოლიცია და გამოძიებას ხომ არ ვაწარმოებთ. თვითონ, მეგობრებმა… მოდი რა, ნდობას სჭირდება გამჭვირვალობა. სამსახურში დარჩება ის, ვინც იმასახურებს ამას, ვინც მოიქცევა, არ დაარღვევს კანონს, იმუშავებს ღირსეულად, ის ყველა იქნება სამსახურში.

მე კიდევ ვამბობ, მე ვთქვი, რომ მე ვსვამ წერტილს, დავიწყოთ ახლიდან, მაგრამ ვიღაცებს რატომღაც არ სურთ დაწყება ახლიდან“.

ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს

ნოემბრის ბოლოს, როცა ზღვის სეზონი უკვე დასრულებულია და პლაჟზე გასარუჯად არავინ იჩქარის, აჭარაში მაინც ცას უყურებენ და ნატრობენ, ნეტავ უქმე დღეებს მზიანი ამინდი დაემთხვასო. მიზეზი ციტრუსის კრეფის სეზონია, ე.წ. „ნარინჯისფერი რთველი“ ან „მანდარინობა“, რომელიც შემოდგომის მიწურულს იმართება, როცა ციტრუსი ყვითლდება, ტკბება და ყველგან მისი სურნელი ტრიალებს.

მანდარინის ბაღი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამ დროს აჭარაში, მანდარინის ბაღში თუ ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ ციტრუსის სუსხიანი, თავმბრუდამხვევი სურნელი, ყვითელი ნაყოფისგან დამძიმებული მწვანე ტოტები, შემოდგომის სუსტი, თბილი მზე სახეზე, მანდარინით სავსე კალათები და ხმა, თუ როგორ ყრიან დაკრეფილ ციტრუსს კალათებსა და ვედროებში.

თუ არ იცით რა არის „ნარინჯისფერი რთველი“ აჭარაში, გირჩევთ, ეს დღეები შეიტანოთ თქვენს კალენდარში, როგორც კიდევ ერთი ტურისტული ღირშესანიშნაობა, რომელიც აჭარის მრავალფეროვნებას გაგაცნობთ.

ციტრუსი აჭარის დაბლობში მოდის, თუმცა ეს პერიოდი ყველაზე გამორჩეულად მაინც ქობულეთის მუნიციპალიტეტში იგრძნობა, სადაც ციტრუსის ყველაზე დიდი ბაღებია გაშენებული. ძველი ქობულეთური გამოთქმაც კი არსებობს – “მანდარინობაზე პატივს გეცემი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ქობულეთელი გლეხებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო მანდარინი იყო, ამ პერიოდში ძლიერდებოდა გლეხი ფინანსურად და შეეძლო სამაგიერო კეთილად გადაეხადა დავალებული ადამიანისთვის. ბევრისთვის ეს დღემდე ასეა.

 

ციტრუსის კრეფა მხოლოდ შრომა არ არის. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ნადიც და იმ ნათესავების სტუმრობაც, რომელთაც მანდარინის ბაღი არ აქვთ, მაგრამ მანდარინის კრეფაში მონაწილეობის მიღება ახალისებთ. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება ამ აქტივობით, საგანგებოდ პოულობენ ოჯახებს, რომელთაც ციტრუსის ბაღი აქვთ და დახმარებას სთავაზობენ. შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ თქვენც, ან კიდევ ეწვიოთ ქობულეთის ან ხელვაჩაურის იმ სოფლებს, სადაც საოჯახო სასტუმროში შეძლებთ გაჩერებას. სოფელში იოლად მიგასწავლიან ოჯახს, რომელსაც შეგიძლიათ რთველში მონაწილეობა შესთავაზოთ. გარწმუნებთ, ციტრუსის კრეფაში დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით.

 

მაშ ასე, ციტრუსის კრეფაში რომ ჩაებათ, დაგჭირდებათ:

[checklist]

  • მაკრატელი, ე.წ. „სეკატორი“
  • მოზრდილი ჭურჭელი დაკრეფილი ციტრუსისათვის
  • მოხერხებული ფეხსაცმელი

[/checklist]

შესაძლოა, ხელთათმანიც დაგჭირდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მალევე წაიძრობთ ხელიდან, რომ მანდარინი უფრო მოხერხებულად გაფცქვნათ და გემო გაუსინჯოთ.

ციტრუსის კრეფა რთული სულაც არ არის, ნაყოფი ყუნწს ზემოთ უნდა მოჭრათ და სულ ეს არის.

მანდარინის ბაღი სოფელ სალიბაურში

მთავარი გამოწვევა ციტრუსის კრეფისას ისაა, რომ ზედმეტად ბევრი მანდარინი არ ჭამოთ. მართალია, C ვიტამინი ორგანიზმს რგებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ზედმეტი არაფერი ვარგა, არადა ცდუნება დიდია, ფიქრობ, რომ აი, ეს მანდარინი, ამ წამს რომ მოწყვიტე ხეს, ნამდვილად ძალიან ტკბილი და წყლიანი იქნება, ის კიდევ უფრო… კი, ნამდვილად ძნელია გაუძლო ცდუნებას.

„ნარინჯისფერ რთველს“ აჭარაში თუნდაც იმიტომ უნდა დაესწროთ, რომ ციტრუსის ბაღები აჭარის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. სხვა დროს უბრალოდ ვერ ნახავთ ამ სურათს: ფერდობზე გაშენებულ ციტრუსის მარადმწვანე ხეებზე ყვითელი ნაყოფი ბრდღვიალებს, ცა ლურჯია, ჰორიზონტზე ზღვა ჩანს… ეს უბრალოდ უნდა ნახოთ, დაიმახსოვროთ პეიზაჟები და ღრმად ჩაისუნთქოთ ციტრუსის სუნით გაჯერებული ჰაერი.

ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ციტრუსის მოყვანას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ეს სუპტროპიკული, მარადმწვანე მცენარე  აჭარაში XX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა, აჭარის დაბლობის კლიმატს იდეალურად მოერგო და მოსახლეობამ მისი გაშენება მასიურად დაიწყო. აჭარაში ნახავთ ციტრუსის ბაღებს, რომელშიც ყოველწლიურად 10-15 ტონა ციტრუსს კრეფენ.

ბათუმური წესით მომზადებული ყავა აჭარაში ყველა დღის განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, „ნარინჯისფერ რთველშიც“ მოგართმევენ. ამ დროს გეჩვენება, რომ ყავასაც კი ციტრუსის სურნელი აქვს.

თუ გაგიმართლათ და თქვენს მასპინძლებს მანდარინის არაყიც აღმოაჩნდათ, არ თქვათ უარი ამ ცეცხლოვან სასმელზე. ერთი ყლუპი მანდარინის არაყი გაგათბობთ, მუშაობის ხალისს გაგიღვივებთ და დღე კიდევ უფრო მხიარულად ჩაივლის.

მერე კი, მოგონება ნოემბრის იმ დღეზე, აჭარაში, ციტრუსის მწვანე ბაღში რომ გაატარეთ, ზამთრის ცივ დღეებს ნარინჯისფერი შუქით გაანათებს.

ხედი მანდარინის ბაღიდან

____________

მთავარ ფოტოზე: ციტრუსის კრეფა. ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე

ნათია ზოიძე თავისი საქმიანობით წარსულში და დღეს არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ჟურნალისტი? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დღეს უმაღლესის საბჭოში მმართველი პარტიის 6 დეპუტატს დავუსვით. დეპუტატებს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი ნათია ზოიძის მიმართ არის თუ არა მუქარა? აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა ნათია ზოიძემ დღეს განაცხადა, რომ მას დირექტორი დაემუქრა, თუ არ ჩამოშორდება არხის სარედაქციო პოლიტიკას, მის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

ლადო მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: წარსული საქმიანობიდან, ობიექტურად რომ ვთქვა, არ მახსენდება ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფილიყოს აფელირებული ნათია ზოიძე. რაც შეეხება ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ არის კრიტიკული, მისი სტატუსებიდან და ასე შემდეგ… გამომდინარე, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება მაინცა და მაინც არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან შეიძლება იყოს ადამიანი ასოცირებული. მე იმის თქმის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ასოცირებული.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბარს – მე, უშუალოდ, არ მომისმენია დირექტორსა და მას შორის რა საუბარი იყო, ამიტომ თავს შევიკავებ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ეს არის მაუწყებლის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი. ჩემი პოზიციაა – მაუწყებელში მიმდინარე  პროცესებში ჩარევისგან დეპუტატებმა თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს მაუწყებელში არსებულ გარემოს დააზიანებს. ვამბობ, რომ ეს არის მაუწყებლის საქმე – დირექტორსა და მოადგილეს შორის გასარკვევი ურთიერთობა. მე არ დავსწრებივარ მათ შორის რა საუბარი შედგა და, შესაბამისად, მუქარა იყო, შანტაჟი… ამას სხვა, სამართლებრივი შეფასება სჭირდება. თუ რომელიმე მხარეს ერთმანეთის მიმართ აქვს პრეტენზიები და ვერ მორიგდებიან, ამისთვის არსებობს მესამე გზა – სასამართლო.

ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:

მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ტელევიზიის საქმეში ჩარევისგან დემონსტრაციულად დისტანცირებას ვაკეთებ ყოველთვის. იმიტომ, რომ ათასი ჭორი და სიბინძურე მესმოდა. ბატონ კოხრეიძის გადაწყვეტილებების რევიზიას… რა ვიცი მე…

ვცდილობ ვიყო კორექტული, რას ნიშანვს ახლა ეს შეკითხვა – თქვენ მეკითხებით, ამან იმას რომ ეს უთხრა, მე ამაზე რას ვფიქრობ? ბოდიში… ნამდვილად დაემუქრა? არასწორია, ინტერპრეტაციების, გამოყენების, მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლევა, რატომ ვაკეთებთ ამას არ მესმის.

ირაკლი ჭეიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:

ნათია ზოიძის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და პიროვნულადაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან ცოტა უხერხული კითხვაა, რადგან ნათია ზოიძის საქმიანობას ვერ შევაფასებ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ჟურნალისტობას. პროფესიონალი ჟურნალისტია, ვინ როგორ ხედავს მის ყოფნას ტელევიზიაში და ვინ როგორ აფასებს, ვის უნდა მასთან მუშაობა, ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია.

დევნა? – მე ვერ შევაფასებ, რა პასუხი გაგცეთ. ვის ხედვებში ჯდება თუ არ ჯდება, ეს ამ ადამიანის გადასაწყვეტია. დირექტორის კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

დათო ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:

მიმაჩნია, რომ დირექტორები და მისი მოადგილეები არ უნდა ერეოდნენ სარედაქციო პოლიტიკაში. სარედაქციო პოლიტიკა არის საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი ჟურნალისტების [გასატარებელი]. კანონში გარკვევით წერია, რომ სარედაქციო პოლიტიკის საქმეებში არ უნდა ერეოდეს დირექტორის მოადგილე – ხელშეკრულება დახიეთ და გადაყარეთ ურნაში. საინფორმაციო სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი – არც კოხრეიძე უნდა ერეოდეს და არც ნათია ზოიძე. თუკი ნიუსრუმში მეგობარი ჰყავს, შეუძლია შეიაროს და ნახოს. ეს [ჩაურევლობა] არის კანონით გათვალისწინებული.

თუ ვიღაცა ამბობს, რომ ვიღაცასთან აფელირებულია, ეს მისი ინტერპრეტირებაა. თუკი ნათია ზოიძესთან დაკავშირებით რამე აქვს, ფაქტი მოაყოლოს, თუ არა და ასე ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად.

რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, ეს ხდება მაშინ, თუკი ჩადენილია სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ესეც კანონით არის გაწერილი. ინფორმაციის გატანა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება? ბეჟან გობაძეს კანონით აკრძალული ინფორმაცია მიაწოდა თუ რა უბედურებაა? არ მესმის. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ეს უაზრობად [მე არც ერთს არ ვამტყუნებ], სისულელედ მიმაჩნია. თუკი ნათია ზოიძემ რაღაც ინფორმაცია გასცა ბეჟან გობაძეზე, მე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, აქედან გამომდინარე ვერც ზეწოლა ვერ იქნება.

მაგრამ თუკი ვინმე ვინმეზე ზეწოლას ცდილობს, ემუქრება და აშანტაჟებს, ეს ცალსახად არის ძალიან ცუდი და ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაული.

კიდევ ერთი – დღეს წავიკითხე, რომ ჟურნალისტი ნათია ზოიძეო… ეს არასწორი მცნებაა. ნათია ამ მომენტში ჟურნალისტი არ არის, ის თანამდებობის პირია.

ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:

მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ნათიას მიმართ მაქვს ღრმა პატივისცემა, ისე როგორც ბევრი ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მედიაში. რასაკვირველია, ნათიას ბიოგრაფია უკავშირდება მთავრობის იმ საქვეუწყებო დეპარტამენტს [საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მოპოვებამდე აჭარის ტელევიზია მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო], რომელშიც ის იყო საინფორმაციოს უფროს, თუმცა მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც ფრაგმენტებით შეფასება არ უყვარს. ნათია მე მახსოვს „ტვ 25“-ში წამყვანად და მისი კრიტიკული დამოკიდებულება ყოფილი ხელისუფლების მიმართ, იგივე „ბათუმელებში“ მუშაობა. მახსოვს, წმინდა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტიდან წამოსვლის შემდეგ, როდესაც რეალურად ვერაფერს ვახერხებდით, მისი საზოგადოებრივი აქტიურობაც, რომელიც  არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

მე არ ვიცი, ვინ, როგორ, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს, არც იმის სურვილი მაქვს, რომ სატელევიზიო კონფლიქტებში შევიდე.

შანტაჟს რაც შეეხება – ამ კონკრეტულ შემთხვევაში [ნათია ზოიძის] განცხადება ჩემთვის იქნება დამაფიქრებელი, მაგრამ ეს ერთადერთი განცხადება ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ მე შევაფასო შანტაჟად ა.შ. მომეცით საშუალება, დაველოდო პროცესის მონაწილე სხვა მხარეების განცხადებებს იმისათვის, რომ ასეთი მკაცრი შეფასება გავაკეთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემთვის არის დამაფიქრებელი, მაგრამ ზუსტად ისე გავყვე ნათია ზოიძეს ამ განცხადებებში, როგორსაც ის თქვენთან ინტერვიუში აკეთებს, მანამ ვიკავებ თავს, სანამ არ მოვისმენ სხვა მხარეების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:

მე, პირადად, ნათიას ვერ დავდებ მიკერძოებულობაში [ბრალს] და კრიტიკა საერთოდ არ მიქმნის არანაირ დისკომფორტს – პირიქით, მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კრიტიკა, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვისაც აქვთ კანონისმიერი ვალდებულებები – საჯარო მოხელეებია თუ ჩვენ, დეპუტატები. მიკერძოებულობას უნდა დასაბუთება და ფაქტები. მე ასეთი ფაქტები არ გამაჩნია. თუ ახლა ვინმე იმას ამბობს, რომ ის იყო ადრე საინფორმაციო სამსახურის უფროსი ტელევიზიაში, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მახსოვს ნათია „გამჭვირვალობაში“, „ბათუმელებშიც“, „იმედზე“ და არ მქონია მე მაგ ტიპის შეფასებები.

როცა დაინიშნა [მე წინამორბედი ვარ მისი], მას შემდეგ კონტაქტი არ მქონია. მაშინ კი ვუსურვე გაცილებით უფრო ეფექტური ყოფილიყო, ვიდრე მე.

რა სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულს გულისხმობდა [ნათია ზოიძე] არ ვიცი. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეფასება არ იქნებოდა სწორი. პირველად გავიგე ეს ამბავი ახლა.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს.

  • ნათია, წუხელ შენ და ასევე მაუწყებლის ჟურნალისტებს შეგხვდათ ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე. ამ შეხვედრის შემდეგ შენ დაწერე, რომრაღაცეების გასაჯაროებით გემუქრებიან“. შეგიძლია გვითხრა, რა მოხდა ამ თათბირზე

წუხანდელ თათბირზეც, ჟურნალისტების თანდასწრებით გაიმეორა ის, რაც მითხრა პირისპირ შეხვედრის დროს – საუბარი ჩემთან დაკავშირებით იმიტომ დაიწყო, რომ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ ჰყავს მხედველობაში, როცა აცხადებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ვინ ახდენს ჩვენზე ზეწოლას და კითხვების დასმით მიიყვანეს იქამდე, რომ ეთქვა – თურმე მე უკანონო საქმიანობას ვეწევი, რომ სარედაქციო საქმიანობა არ არის ჩემი მოვალეობა და უნდა ჩამოვშორდე სარედაქციო პოლიტიკას.

  • თუ არ ჩამოშორდები მაშინ რა მოხდებაო, რა თქვა?

თუ არ ჩამოშორდები, მაშინ შენს პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება ფაქტებიო. რა თქმა უნდა, ჰკითხეს ჟურნალისტებმა თუ რას გულისხმობდა. იქ აღარ დაუკონკრეტებია, რა ფაქტზეა საუბარი, მაგრამ პირისპირ შეხვედრის დროს [რომელიც ჩვენს შორის ამ შეხვედრამდე გაიმართა] მითხრა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მაქვს ჩადენილი. როცა ვკითხე, თუ რა დანაშაულზეა საუბარი, ერთი ფაქტზე მიმითითა: არჩევიდან მეორე დღეს მაუწყებლის მრჩეველის – ბეჟან გობაძის მიერ გამოგზავნილი წერილი ახსენა. მრჩევლად ყოფნის პერიოდში ბეჟან გობაძემ მოითხოვა საკმაოდ მოცულობით ვიდეო არქივი, რომელიც ეთერში იყო გასული. მართალია, მრჩეველს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია იმდენად მოცულობითი იყო, რომ მე მას ვთხოვე დაეწერა ოფიციალური წერილი და ამ წერილის შემდეგ გავცემდით ვიდეო მასალებს.

იცით ქვეყანაში რა პროცესები მიდის, ამიტომაც ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ბუღალტერიაშიც კი არ გადაგვიგზავნია ქრონომეტრაჟი, რომ გადაეხადა დაწესებული მოსაკრებელია. შესაბამისად, ვერ გავეცით მასალა. აი, ამაზე მითხრა, რომ ეს არის სისხლის  სამართლის დანაშაული. მე მას ავუხსენი, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის მოთხოვნის უფლება და ერთადერთი პროცედურა, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია, არის ის, რომ დავაგვიანეთ ინფორმაციის შეგროვება და გაცემა.

ერთი რამის თქმა მინდა, თუ ჩემს წინააღმდეგ აქვთ რამე სამხილი, დროზე მიმართონ პროკურატურას, წინაღმდეგ შემთხვევაში მსგავს საუბარს აღვიქვამ, როგორც შანტაჟს.

  • რას ითხოვს გიორგი კოხრეიძე თავისი მოადგილისგან, ანუ შენგან?

ძირითადად აქვს მოთხოვნა, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოვშორდე. ამის მიზეზად ასახელებს ჩემი ხელშეკრულების შეუსაბამობას არხის დებულებასთან. მთავაზობს, რომ შემინარჩუნებს პოზიციას და ხელფასს, ოღონდ უნდა გადავიდე რადიოში და დავჯდე მის კაბინეტში. ფიქრობს, რომ მე მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და აფელირებული ვარ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, რაზედაც მიიღო მწვავე პასუხი. არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ მე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ვარ, უბრალოდ, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის ტაქტიკა. მე ვამბობ, რომ გიორგი კოხრეიძე არ მოქმედებს მარტო ან თავად ის განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. 

  • ახალ დირექტორს მაუწყებლის საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი დაუპირისპირდა საჯაროდ. ამ ჟურნალისტების მიმართ გამოხატა რაიმე პრეტენზია წუხანდელ შეხვედრაზე?

ჩემს გარდა ძალიან დიდი აგრესია გამოიჩინა კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ კითხვებს სხვა ჟურნალისტებიც უსვამდნენ. აგრესია გამოიჩინა მაია მერკვილაძის მიმართ, ირინა ყურუას და თეონა ბაკურიძის მიმართ. დანარჩენებზე თქვა, რომ ის არის კეთილგანწყობილი და მას შეუძლია მოსმენა. თუმცა არ უთქვამს ამ ადამიანებთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. არ მოსწონს ჩვენი გადაცემები და აქვს პრეტენზიები, რომ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ვეწევით და ამ მიმართულებით რაღაც უნდა შეიცვალოს.

როცა ვეკითხებით, როგორ უნდა შეცვალოს თუ თვითონ არ ჩაერევა, როგორ უნდა მიიღოს უკეთესი რეპორტაჟი, როგორიც მას წარმოუდგენია, პასუხებს ვერ ვიღებთ. საერთოდ არ აინტერესებს რა დასკვნებია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე იძახის – მაგათ რა იციან, 2-პროცენტიანი ნდობა აქვთო.

  • მაუწყებლის თანამშრომლებმა, მინიმუმ 60-მა ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ კოხრეიძის დირექტორად დანიშვნას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს. წუხელ ცალკეული ადამიანების მიმართ გამოჩენილი აგრესია და სხვების მიმართ ლოიალურობა ხომ არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ამ გზით გუნდი გაიხლიჩოს?

მას კი ჰქონდა კონკრეტული პირების მიმართ აგრესია, მაგრამ არაფერი დაუკლიათ დანარჩენებს – ყველა კითხვა დაუსვეს, რისი დასმის აუცილებლობაც იყო კონკრეტულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ამ ანკესზე არავინ არ წამოეგება. ჩემი განწყობა ასეთია. გაცილებით მეტად აქტიურობდნენ სხვები, ვიდრე ეს კონკრეტული პირები.

  • გაითვალისწინებ მის მოთხოვნებს, თუ ტელევიზიასა და შენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აპირებ მუშაობის გაგრძელებას?

ჯერჯერობით მის პირობებს არ ვთანხმდები. ვერ იმუშავებს ის ჩემთან კომფორტულად და მან ეს თქვა. ვფიქრობ, რომ ვმოქმედებ კანონის შესაბამისად, ვარ დამოუკიდებელი და თუ მას აქვს დისკომფორტი ჩემთან დაკავშირებით, თვითონ მიიღოს ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ამონარიდი ნათია ზოიძის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების მე-5 მუხლი: „დასაქმებულის შრომის მოვალეობაში შედის… ა) მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია. ბ) მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის მართვა. დ) შესაბამისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა“.

  • შენ ერთერთი იმ ჟურნალისტთაგანი ხარ, ვინც სრულიად არაპლურალისტურ მედიაგარემოში აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, რომელთან კავშირებსაც ახლა გაბრალებენ. მაინტერესებს თუ გქონდა გამოხმაურება, მაგალითად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისგან, რომლებმაც გიორგი კოხრეიძისგან განსხვავებით შენი წარსული საქმიანობის შესახებ კარგად იციან. დაინტერესდნენ რა ხდება მაუწყებელში. გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევაში მათი როლი ხომ გადამწყვეტი იყო

აქამდე არც ერთს არ დაურეკავს. ერთადერთი დეპუტატი მახსენდება, ოღონდ მას არ დავასახელებ, რომელმაც თქვა, რომ მას ჩემი სჯერა და მირჩია, რომ ჯობია დავრჩე ტელევიზიაში და რომ მისთვის კრიტიკული კითხვების დასმა არ არის პრობლემა. ეს არ იყო ის [დეპუტატი], ვის გამოც მე 2007 წელს ბედიას [დავით ბედია – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომლის ხელმძღვანელობით 8 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტები დაარბიეს და 25-ე არხის სიგნალი გამორთეს] და სპეცრაზმს გადავუდექი. სხვები არ გამომხმაურებიან, არც მოუწერიათ და არაც დაურეკავთ.

ბათუმში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

აჭარის პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცხოველები დაცული ტერიტორიებიდან ფოტოხაფანგში

საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ფოტოხაფანგები ცხოველებს მათ ბუნებრივ გარემოში გვაცნობს. ზოგი ფოტო ისეა გადაღებული, იფიქრებთ, რომ ცხოველი კამერის წინ საგანგებოდ პოზიორობდა.

ეს კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება.

კეთილშობილი ირემი. ფოტოხაფანგი

ეს არხეინად მობაჯბაჯე ცხოველი კი მტირალას ეროვნული პარკის ბინადარია და წაბლის ტყეებში თავს კარგად გრძნობს. მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

დათვი მტირალას ეროვნულ პარკში. ფოტოხაფანგი
მურა დათვი ბელთან ერთად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ფოტოხაფანგი

ეს ნიამორია. ეს ცხოველი საქართველოში ძირითადად თუშეთში და ხევსურეთში გვხვდება. ნიამორი საქართველოში გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ნიამორი თუშეთის ეროვნული პარკიდან. ფოტოხაფანგი

ეს ფოცხვერი კი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორებზე დააფიქსირა ფოტოხაფანგმა. საქართველოში გავრცელებული კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებიდან ეს ცხოველი ყველაზე დიდია. ფოცხვერი ბინადრობს მტირალას ეროვნულ პარკშიც.

ფოცხვერი. ფოტოხაფანგი
ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში. ფოტოხაფანგი

ეს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვია, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. ჯიხვები ჯოგებად ცხოვრობენ, ბალახობის დროს ერთ-ერთი აუცილებლად სადარაჯოზე დგას, დანარჩენები კი მშვიდად ძოვენ. ასევე შეთანხმებულად იქცევიან დასვენების დროსაც.

ეს კი არჩვია, რომელიც ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ცხოვრობს. გასული საუკუნის 90-იან წლებში არჩვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა დიდ და მცირე კავკასიონზე, იგი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსით და მას განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა ესაჭიროება.

არჩი. ფოტოხაფანგი

ეს შველი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ბინადარია.

შველი. ფოტოხაფანგი

ეს ქურციკებია, იგივე ჯეირანი. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 2017 წელს 50-მდე ქურციკი დაფიქსირდა.

ქურციკები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ეს კვერნა კი, გამომეტყველებით – „რა მოქმედებაა“ – ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

კვერნა. ფოტოხაფანგი

„შავი პარასკევი“ ქართულად

ავტორი: გურამ მურვანიძე

მსოფლიოში ყველგან და მათ შორის საქართველოშიც უკვე ყველამ იცის, რომ ყოველ წელს, ნომერის ბოლო პარასკევი „შავია“ [Black Friday]. ამ დღეს ყველა კომპანიას განსაკუთრებული ფასდაკლებით გამოაქვს თავის პროდუქციის გარკვეული ან სრული კატალოგი. ადამიანები ხშირად რიგში ათენებენ. ყველას გვინახავს განსაკუთრებით უცხოეთში, როგორი „წყვეტაა“ სასურველი ნივთისთვის.

საქართველოშიც, კომპანიები მეტ-ნაკლებად ცდილობენ აყვნენ მსოფლიო ტრენდს. ამ დღისთვის მომხმარებელი უმრავ სარეკლამო სმს-ს იღებს, უამრავ რგოლს უყურებს და განსაკუთრებით ელის ფასდაკლების დღეს. თუმცა, როგორც წესი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმედგაცრუებული რჩება. უამრავ პოსტს ნახავთ სოციალურ ქსელში სპეციალურად ამ დღის წინ ფასმაჩვენებლით გაძვირებულ და შემდეგ ვითომ ფასდაკლებულ ნივთზე, 5-10%-მდე ფასდაკლებას და სხვა. თუმცა, მე რაც გადამხდა ამ „შავ პარასკევს“, მგონია, რომ ის საქართველოშიც კი წარმოუდგენელია.

გუშინ ვნახე „სილქნეტის“ სარეკლამო პოსტი, რომ მობილურ ტელეფონებსა და სხვა აქსესუარებზე იქნებოდა 50%-იანი ფასდაკლება. გამოტანილი იყო მოსალოდნელი ნივთებიც და რომ გადავამოწმე ყველას ფასი მართლაც ნახევრდებოდა. დავიჯერე, რომ ბოლო-ბოლო ჩვენს ქვეყანაშიც მოგვიწყობდა სილქნეტი ნამდვილ „შავ პარასკევს“. ფასდაკლებული მოდელები გადავამოწმე, მათ შორის რამდენიმე სასურველი მოვინიშნე და ოფისის გახსნამდე ერთი საათით ადრე კართან ახლოს დავიჭირე რიგი.

ორასამდე ადამიანი მოგროვდა თანდათან.

კარის გახსნისთანავე, როგორც „აქციის წესია“, 10-მდე ადამიანმა გადამიარა თავზე, მაგრამ რიგის ფურცლის აღების შემდეგ, რატომღაც 37-ე აღმოვჩნდი. ამან გამაოცა და არამარტო მე. როგორც შემდეგ ატეხილი ხმაურით გაირკვა, ადამიანების გარკვეულმა რაოდენობა (ვვარაუდობ, რომ ახლობლებმა) ალტერნატიული შესასვლელით ისარგებლეს.

იმას შევეშვათ, რომ ვიღაცეებმა „კარგად“ გათვალეს – განსაკუთრებული სიმრავლე იყო ორსული ქალების, რომლებიც ურიგოდ გატარებას ითხოვდნენ.

რეკლამის მიხედვით, უნდა დაგვხვედროდა 50-ზე მეტი მოდელის ტელეფონი და სხვდასხვა აქსესუარი. სინამდვილეში დაგვხვდა 7 მოდელის ტელეფონი და ისიც, როგორც გვითხრეს, მხოლოდ თითო-თითო ცალი.

აქსესუარების ნაწილი, მაგალითად, ჭკვიანი საათები დაკეტილ მაგიდებში ჰქონდათ მოთავსებული, რომელსაც ვიღაცას აძლევდნენ და ვიღაცას – არა.

რამდენჯერმე იფეთქა უკმაყოფილებამ ჩემი იქ ყოფნის დროს. ერთ-ერთი „აფეთქების“ დროს კი კომპანიის თანამშრომელს მაგიდის ქვემოდან გამოუღეს გადადებული ტელეფონის მოდელები.

სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა, რასაც ვუსურვებდი ამ კომპანიას შეგიძლიათ თავადაც წარმოგიდგინოთ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებს: აი, რატომ?

ეს მარკეტინგული აქცია თავისი არსით, პირველ რიგში, პოზიტივის დაგროვებასთან, ბრენდის დამახსოვრებასთან, უფასო მარკეტინგთან და სამომავლო შოპინგის დიდ მოლოდინთანაა დაკავშირებული და საპირისპირო განწყობებს რატომ აგროვებთ?

თუ გგონიათ რომ მარტო ვარ, გადახედეთ თქვენს სოციალურ გვერდებზე მონიშვნებს, კომენტარებს და დატკბით.

ერთ-ერთი მომხმარებლის ფეისბუკპოსტი

მთავარი ფოტო: შავი პარასკევის რიგი სილქნეტის კარებთან. ამ რიგში ბევრად მეტი ადამიანი იდგა, ვიდრე ფოტოზე ჩანს

ევროპის ყველაზე ბინძური ზღვა – BBC შავი ზღვის შესახებ

„ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვა იქცა სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელად აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან და ბინძურდება ისეთი საშიში ნარჩენებით, რასაც მეცნიერები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ასე იწყებს ბრიტანული BBC რვაწუთნახევრიან ვიდეორეპორტაჟს, რომლის პირველივე კადრებზეც ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს.

შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად BBC-ის კორესპონდენტმა, იონა ფიშერმა იმოგზაურა.

,,ეს ბათუმის მთავარი ნაგავსაყრელია და ამაზრზენად გამოიყურება, ნაგავსაყრელზე ნახავთ ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი, მაგრამ აქაურობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ნაგავსაყრელი შავი ზღვის სანაპიროსგან მხოლოდ 300-400 მეტრის დაშორებითაა. ნაგავსაყრელის ქვეშ, სიღრმეში გადის წყლის მილები. წყალი ამ ნაგავს რეცხავს და ზღვისკენ მიაქვს მდინარის გავლით“, – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი და დასძენს, რომ შავი ზღვა რეგიონის ნაგვის ყუთადაა ქცეული.

შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეებია – დნეპრი, დნესტრი და დუნაი. დუნაი ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალია, დიდ როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვაში, გაივლის 10 სახელმწიფოს ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. ევროკავშირი მილიონობით ევროს ხარჯავს დუნაის წყლის ბიოლოგიური წმენდისთვის, თუმცა 3000 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარის გასასუფთავებლად ეს მაინც არ კმარა.

დნესტრი აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე მიედინება, დნეპრი კი რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტერიტორიას კვეთს შავ ზღვაში მოხვედრამდე.

საქართველოდან სიუჟეტი უკრაინაში ინაცვლებს.

BBC-ის რეპორტაჟში შავი ზღვის მონიტორინგის, იგივე EMBLAS-Plus-ის (Improving Environmental Monitoring in the Black Sea)  წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი ამბობს, რომ შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ევროპის ზღვებს შორის ყველაზე უარესი სიტუაციაა დაბინძურების თვალსაზრისით.

„საგანგაშოა, რომ შავი ზღვის სინჯებმა აჩვენა წყალში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციაც, რაც თითქოს მოულოდნელია ნაპირიდან 400 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ასეა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს მათ არ ეხება და სადღაც შორს, ზღვაშია დაბინძურება, მაგრამ იგივე ქიმიკატებს ვხვდებით შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და ზღვის სხვა არსებებში, რასაც რესტორანში მივირთმევთ“, – ამბობს სლოვაკეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ოსვალდი და შავი ზღვის ქიმიკატებით დაბინძურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„ზღვის ნაგავი აზიანებს არამხოლოდ წყლის ზედაპირს, არამედ მთელ ეკოსისტემას სიღრმეში, ზღვის წყლის შემადგენლობაში ვხვდებით აკრძალული ნარკოტიკების, კოფეინის, სხვადასხვა ფარმაცევტული ნივთიერებისა და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების შემცველობას, პრობლემაა ბაქტერია, რომელიც ამ ანტიბიოტიკების მიმართ ხდება მდგრადი – რეზისტენტული, რის წინაშეც მედიცინა ხდება უძლური, ამას კი შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს“.

ავარია ბათუმში – საავადმყოფოში გადაყვანილია 2 მცირეწლოვანი ბავშვი

ავტოავარია მოხდა დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი – 10 თვის და 1 წლის ბავშვები არიან, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვებს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა მათზე მონიტორინგი გრძელდება.

ასევე, ავარიის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ერთი კაცი გადაიყვანა თავის არეში ჭრილობით კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პროკურატურა კერზაიას საქმეზე სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას ამ საქმეზე.

პროკურატურას მიაჩნია, რომ სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცდება.

„სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე პირის უფლება. საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  განმარტავს, რომ  სრულად გაუგებარია  სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19  დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.

ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძიების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა,“- აცხადებს პროკურატურა.

მათი განცხადებით, პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო  2019 წლის 11 თებერვალს.
„რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად,  გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, ეს მტკიცებულება მოეპოვებინა“.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს იმ ვითარებაში,  როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა აცხადებს, რომ

მან „გამოიჩინა კეთილი ნება“ და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი  თხოვნის გათვალისწინებით. „რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ  საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე“.

საქართველოს პროკურატურა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.
„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე  ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხა ყველა  პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდათ მომხდართან, რასაც  ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო, უკანონო მოპყრობასთან“ და გამოძიება დანაშაულის არარსებობს გამო შეწყდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების  ფარგლებს და „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი  განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას“.

ბათუმში მიუსაფარი ბავშვებისთვის „კრიზისული ცენტრი“ მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ბავშვებისთვის ე.წ. კრიზისული ცენტრი მოეწყობა. საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ოჯახში ძალადობის გამო.

„ბავშვების მდგომარეობას მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეაფასებს. ამ ჯგუფში იმუშავებენ: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი. ეს ჯგუფი დააკავშირებს არასრულწლოვანს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი დღით შეიძლება გაჩერდეს მოზარდი ცენტრში,“ – გვითხრა თიკო აბაშიძემ, ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელმა. ამ ორგანიზაციას აჭარის მთავრობა უზუფრუქტის წესით, 10 წლის ვადით გადასცემს სახელმწიფო ფართობს ცენტრის მოსაწყობად. გადაწყვეტილება დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თიკო აბაშიძის განმარტებით, „კრიზისულ ცენტრს“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება, რაც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთდება. ცენტრის დაფინანსების თანამონაწილე ასევე იქნება სახელმწიფო, რომელიც დაფინანსებას თავშესაფარზე იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მას არასამთავრობო ორგანიზაცია მოაწყობს.

„ჩვენ ხუთი წელია ვითხოვდით ამას… ჩვენს ოფისში, რომელიც აქამდე ნაქირავები გვქონდა, არაერთხელ წაგვიყვანია ქუჩაში დარჩენილი ბავშვები. კრიზისულ ცენტრს ვერ ვხსნიდით, რადგან ფართობი არ გვქონდა,“ – ამბობს თიკო აბაშიძე.

„კრიზისულ ცენტრში“ ერთდროულად 10 მოზარდის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცენტრი მოემსახურება იმ ბავშვებსაც, რომლებიც სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

„ამ დროისთვის ბათუმში ასეთი  56 ბავშვია, თუმცა მონაცემი ყოველდღიურად იცვლება,“ – დასძენს  თიკო აბაშიძე.

მთავარი ფოტო: ბავშვები, რომლებიც ზაფხულში ქუჩაში ათევენ ღამეს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version