რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი

ყველაფერი, რაც რძისა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანიდან შემოსული ე.წ. შეკუმშული რძის ლაბორატორიული შესწავლა დაიწყო. სააგენტოს განმარტებით, ნიმუში შემოწმდება სხვადასხვა, მათ შორის, მცენარეული ცხიმის შემცველობასა და სანიტარულ მაჩვენებელზე.

ამ საკითხზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, სიტუაციის გამწვავება კი ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია. პოსტში ირანული რძის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული.

ზოგადად, საქართველოში რძის ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ბაზრის 50%-ზე მეტი მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქციას უკავია. მეტ-ნაკლებად საეჭვოა საღი რძის ხარისხიც. მონდომების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ხარისხიანი და უვნებელი რძისა თუ რძის პროდუქტების შეძენას, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ არის.

აგროჰაბი
აგროჰაბი

რძის პროდუქტების ბაზარი

რძის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიაა. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია, თუმცა ჭარბობს მშრალი რძით დამზადებული პროდუქტები, ასევე, აქტიურია სახამებლის გამოყენება სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ამ სახამებლის წარმომავლობა. აღასანიშნავია რძეში  ანტიბიოტიკები, რომლებიც უძლებს ყველნაირ თერმულ დამუშავებას და სრული რაოდენობით გადადის პროდუქტებში, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სასარგებლო ჯანმრთელი ადამიანისთვის.

საქართველოში ბოლოს შემოღებული რეგულაციების შედეგად, ბაზარზე პროდუქცია კლასიფიცირდება,  კერძოდ, მცენარეული ცხიმით დამზადებულ ნაწარმზე ყველისა და არაჟნის ნაცვლად აწერენ – არაჟნისმაგვარი და ყველისმაგვარი, რის მიხედვითაც აკეთებს არჩევანს მომხარებელი პროდუქციის შეძენისას.

მნიშვნელოვანია ასევე  ცხოველური ცხიმებიც, რომლებიც განსხვავდება ხარისხის მიხედვით – მათი ხარისხის განმსაზღვრელი არის ემულგატორები.

საქართველოს ბაზარზე ასევე აქტიურია იმერული ყველი, რომელიც მზადდება აღდგენილი რძით ან მცენარეული ცხიმით, რომლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ პროდუქციას მომხმარებელი მუდმივად ჰყავს, მწარმოებლები, რომლებიც მუშაობენ საღ რძეზე, უჭირთ კონკურენციის გაწევა ასეთ იაფფასიან პროდუქციასთან.

ფერმერობა და საღი რძე

ფერმერობის განვითარება საქართველოში დაახლოებით 5 წლის წინ გააქტიურდა. მანამდე რძის მიმწოდებლები იყვნენ უშუალოდ გლეხები, რომლებიც მიმღებ პუნქტებზე აბარებდნენ საღ რძეს. ადგილზე არსებობდა რძის  მიმღები პუნქტები, რომლებიც აღჭურვილი იყო მიკროლაბორატორიებით,  სადაც შესაძლებელი იყო რძის ქიმიური ანალიზის გაკეთება. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, საქრთველოში არსებული  რძის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. კერძოდ, პროდუქტი დაბინძურებული იყო მასტიტით, დაბალი იყო რძის  თერმომდგრადობა. ყველაზე პრობლემური კი იყო ანტიბიოტიკებით დატვირთული რძე. საბოლოო ჯამში ვიღებდით არასტაბილურ, უხარისხო რძეს.

„ფერმერობა მომხიბვლელი გახდა 2016 წლიდან, როდესაც ბაზარზე გაჩნდა ხარისხიანი რძის არსებობის აუცილებლობა. სწორედ ამ პერიოდისთვის დაიწყო აგროჰაბმა ფუნქციონირება კონკრეტული მოთხოვნით –  რძის მიღება დაიწყო ფერმერებისგან. ფერმებთან თავიდანვე დიდი იყო ჩვენი მოთხოვნა და სტანდარტები, რაც ყოველდღიურად ხარისხიანი  პროდუქციის წარმოებაში გამოიხატებოდა.

საზოგადოებამ მალევე დააფასა აგროჰაბის საღი რძის ხარისხიანი ნაწარმი, ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფერმერების რძეზეც. დღესდღეობით აგროჰაბი უკვე ყოველდღიურად ამუშავებს 12000 -15000 ლიტრ რძეს. რა თქმა უნდა, დღესაც ხდება გლეხისგან შეგროვებული რძის რეალიზაცია და მისი ფასი განსხვავებულია და მერყეობს 30-40 თეთრით. მიუხედავად ამისა, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს ურჩევნიათ  გადაიხადონ მაღალი ფასი ხარისხიან ნედლეულში და მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია. აგროჰაბის რძის პროდუქტები კი დღემდე ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს,“ – განმარტავს თამარ ფრუიძე, „აგროჰაბის“ დირექტორის მოადგილე წარმოების მიმართულებით.

რძის ფხვნილი ანუ მშრალი რძე

რძის 88% არის წყალი, 12 % კი მშრალი ნივთიერება. ნედლი რძის  აორთქლების შედეგად  მიიღება ეგრეთ წოდებული მშრალი რძე (რძის ფხვნილი). ცალსახად იმის  თქმა, რომ რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქცია დაბალი ხარისხის ან უსარგებლოა,  არ შეიძლება, მაგრამ ნედლი და მშრალი რძით დამზადებულ პროდუქტს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ყველაზე საყურადღებო კი არის ის, რომ ნედლი რძისგან ორგანიზმი კარგად ითვისებს კალციუმს, მშრალი რძისგან კი, კალციუმის ათვისების უნარი საგრძნობლად შემცირებულია.

მშრალი რძის ხარისხს განსაზღვრავს ნედლი რძე, რომლისგანაც ის მიიღება. რეალურად, ანტიბიოტიკებითა და მასტიტით დაბიძნურებულ უხარისხო ნედლ რძეს, რაც ქართულ ბაზარზე ჭარბადაა, ხარისხიანი რძის ფხვნილი სჯობს.

ირანული რძე

პროდუქტს, რომელიც ირანიდან შემოდის, შეკუმშულ რძეს უწოდებენ. მასაც, რძის ფხვნილის მსგავსად, ტენი აქვს გამოცლილი, თუმცა არა მთლიანად. ზემოთ აღნიშნული პროდუქტი შესწავლილი არ არის, თუმცა ასეთი სახის რძე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას ვერ განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია ქართულ რძეში არსებული მიკრობთა შტამები, რომლებიც უნიკალურია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე საქართველოში ნედლი რძისა და რძის ფხვნილის ფასიც გაზრდილია და სწორედ ამიტომ გააქტიურდა შედარებით დაბალფასიანი შეკუმშული რძის იმპორტი.

ანტიბიოტიკი რძეში

ანტიბიოტიკი რძეში ორი გზით ხვდება. ძირითადი წყარო არის პრეპარატები, რომლებსაც მკურნალობის დროს და გეგმიურად უკეთებენ პირუტყვს. ანტიბიოტიკი რძეში დაახლოებით ერთი კვირის ლაქტაციის პერიოდით რჩება. ამ დროის განმავლობაში მისი შერევა საერთო რძეში დაუშვებელია. გლეხს ასეთი რძის კონტროლი საკმაოდ უჭირს, ფერმებისგან განსხვავებით. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რძის ნაწარმი ისეთი მწარმოებლისგან შეიძინოთ, რომელიც რძეს ფერმისგან იღებს.

მჟავიანობა და ვადასთან დაკავშირებული სიმჟავე

რძე არის ბაქტერიების, ტექნიკურად დადებით მიკრობების მატარებელი, რომლებიც სტერილიზაციის (თერმული დამუშავების) შემდეგ ხდება  სუფთა სხვადასხვა პროდუქტის საწარმოებლად. სწორედ ეს ბაქტერიები განაპირობებენ მათ მჟავიანობას. ზოგადად, რძის პროდუქტების შენახვისათვის იდეალური ტემპერატურა არის 5 გრადუსი (+-2), რის საფუძველზეც ადგილი აქვს ბაქტერიების აქტიურობის შებოჭვას.  ამ პროდუქციის ოთახის პირობებში დაყოვნება მცირე დროითაც კი, ბაქტერიების რაოდენობრივ გაზრდას იწვევს, ამ დროს იმატებს მჟავიანობა, რაც ნამდვილად არ მიიჩნევა პროდუქციის ხარვეზად. ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან მაღალ ტემპერატურაზე, ასევე პროდუქციაში ბოლო ვადაში. შესაბამისად, ბოლო ვადის პროდუქტებს შედარებით მეტი მჟავიანობა აქვთ.

რძის პროდუქტების ვადა

რძის პროდუქტები მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ მწარმოებლები ხშირად ვარგისიანობის ვადას კონსერვანტებითა და დანამატებით ზრდიან, რაც კარგი ნამდვილად არ არის. „აგროჰაბის“ რძის პროდუქტებიც ამ მიმართულებითაც გამორჩეულია და მომხმარებელს სთავაზობს საღ პროდუქციას კონსერვანტების გარეშე, ნაკლები ვადით.

ყველი

ზოგადად, საქართველოში ყველის ქარხნული დამუშავების ტრადიცია არ არსებობდა და ოჯახებში მას რძის თერმული დამუშავების გარეშე აკეთებდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზმი ამ ყველაფერს მიჩვეულია, თუმცა რეალურად ასეთი წესით დამზადებული ყველი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის ბევრ ნაწლავურ ჩხირს შეიცავს. ყველი აუცილებლად უნდა გაკეთდეს პასტერიზებული რძისგან და ის უსაფრთხო იქნება როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველის შეძენის დროს შეიძინოთ პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა

ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

შს მინისტრმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.

ფოტო: შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძესაც შეხვდა. მინისტრმა მას შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა.

ფოტო: შს სამინისტრო

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები  – ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა მოქალაქეების დახმარებით დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად ოთარ თავართქილაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გ.ჭ. „სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის“ მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ამ სამსახურის ადვოკატმა ირაკლი პირველმა უთხრა.

„შევხვდი და მითხრა, რომ სურს აიყვანოს სხვა, კერძო ადვოკატი. ავუხსენი, რომ ვიდრე აიყვანს სხვა ადვოკატს, მე ვიქნები მისი ადვოკატი… ჯერ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ჯერ უცნობია მისი პოზიცია ამ შემთხვევაზეც,“ – გვითხრა ირაკლი პირველმა. მისივე თქმით, ბრალდებულს არ უთქვამს მასზე განხორციელებული რაიმე სახის ზეწოლის, ან ძალადობის შესახებ.

ბრალდებული გ.ჭ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბრალის წარდგენის შემდეგ დღეს, ან ხვალ გაიმართება. გ.ჭ.-ს  გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს

ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია.

აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის ნაკვეთთან შესასვლელი. აღნიშნული ვალდებულება დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მარცხნივ ყვითელი ფერით მონიშნულია ნაკვეთი, რომელსაც მერია აუქციონზე ყიდის. ფოტო აუქციონიდან.

ნაკვეთები და არსებული შენობები, რომლებიც გასაყიდად გამოტანილი მიწის მომიჯნავედაა, კერძო კომპანიების საკუთრებაშია. ეს კომპანიებია – „ტერმინალი 99“ და „ტუნაძე და კომპანია“.

ამ ნაკვეთებზე კი, შპს „ტერმინალი 99“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლო პირობების შესათანხმებლად ბათუმის მერიასა და კმდს-ს ზონალურ საბჭოს მიმართა. ტერიტორია ძეგლის – ბალეტის სკოლის შენობის, დაცვის არეალშია.

გასაყიდი მიწის ნაკვეთის მდებარეობას და პირობას თუ გავითვალისწინებთ, მას, დიდი ალბათობით, ისევ „ტერმინალი 99“ თუ იყიდის.

პროექტი სამ საკადასტრო ერთეულზე, ჯამში, 6279 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალური საბჭოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, თქვეს, რომ დაგეგმილი შენობის უმაღლესი ნიშნული 107 მეტრია, თუმცა ამავე სხდომაზე წარდგენილ რენდერზე წერია, რომ შენობის სიმაღლე 132,70 მეტრი იქნება.

ამ თემაზე:

6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან

მთავარი ფოტო: შემოსაზღვრული საპროექტო ტერიტორია, სადაც ცათამბჯენი უნდა ააშენონ/ ფოტო: ზონალურ საბჭოში წარდგენილი დოკუმენტიდან

მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის

მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ  მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე ჰქონდა ნაკაწრები და დაზიანებები. მამუკა ა.-მ ასევე უთხრა გამომძიებლებს, რომ სამივე კაცმა ოთახები დაიარა და გაჩხრიკა:„ისინი მარიხუანას ეძებდნენ და რაც შეხვდათ, ყველაფერი დაამტვრიეს“.

დაზარალებულის თქმით, იგი ბრალდებულებმა დააყაჩაღეს კიდეც – წაართვეს ყელსაბამი, ფული, სამი ტელეფონი, სიგარეტი და მარიხუანა.

„წარდგენილ ბრალდებაში სამივე ბრალდებული უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას – დაზარალებულად ცნობილი პირის ჩვენებას. ბრალდებულები ამბობენ, რომ ეს პირი ცნობილი ბარიგაა და გადაუხადეს 150 ლარი, მაგრამ გადააგდო  ესენი,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი მტკიცებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

დაცვით სიტყვაში ადვოკატი დაზარალებულის ნათესავზე აკეთებს აქცენტს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ თქვა, რომ ინციდენტი მხოლოდ მარიხუანის გამო მოხდა და ეს ყაჩაღური თავდასხმა არ ყოფილა.

დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, დარჩა თუ არა თითის ანაბეჭდები სადმე, თუკი ბრალდებულები მარიხუანას ეძებდნენ და ოთახებში ნივთებს ამსხვრევდნენ.

„არც დამტვრეული რომელიმე ნივთი ამოუღია გამოძიებას,“ – დასძენს ადვოკატი.

შემთხვევევის შემდეგ დაკავებულ ორ პირს სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს მარიხუანა ამოუღეს, მესამე პირს – სისხლიანი დანა ავტომანქანიდან. პროკურატურამ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც დანაზე შემორჩენილი სისხლი დაზარალებულ მამუკა ა.-ს ეკუთვნის.

„სისხლიანი დანა ბრალდებულებს არ ეკუთვნით და იგი პოლიციის მიერ არის შექმნილი,“ – მიიჩნევს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი ვერსიით, მხარეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, შეგინების შემდეგ კი, დაზარალებულმა ერთ-ერთ ბრალდებულს დაარტყა  კიდეც და ეს უკანასკნელი თავს იცავდა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებს დანა ამ კონფლიქტში საერთოდ არ გამოუყენებიათ და დანაზე დაზარალებული კაცის სისხლი პოლიციელებმა მოათავსეს. ადვოკატი აქცენტს აკეთებს ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც: „ბრალდებულთა გენეტიკური კვლები არ აღმოჩენილა რომელიმე კვლევის ობიექტზე, მათ შორის, დანაზე“.

„ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ დააკონკრეტა, რომ ყურის არეში დაზიანება განვითარებულია მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი, მკვრივი საგნის შედეგად. ჩემ შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ასეთი დაზიანება შესაძლებელია დარჩენილიყო მაგიდის კიდეზე, ფანჯრის რაფაზე ან მსგავს მკვეთრად გამოხატულ ნივთებზე თავის დარტყმით,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

სხეულის დაზიანებას ან ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბრალდებულებს არ ედავება. ბრალდებულებს ედავებიან ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას, თუმცა უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს ნარკოტიკული ნივთიერების ან მისი ანალოგის მისაკუთრება, გამოძალვის მუხლი, რომელიც ჩადენილია „სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“. ეს მუხლი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორ გამოიყურება სკამები ბათუმის სტადიონზე [ფოტო]

შპს „სტადიონი“ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟებული სკამების ფოტოებს აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ფოტო: შპს სტადიონი
ფოტო: შპს სტადიონი

ქალს, რომელმაც საბერძნეთში შვილი ნაგავში გაადააგდო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

24 წლის ახალგაზრდა ქალს საქართველოდან, რომელმაც საკუთარი ჩვილი ნაგავში გადააგდო საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პროკურატურამ ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის.

„იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გამუდმებით ტირის და ნანობს, რაც ჩაიდინა,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქალი ნანობს თავის საქციელს, ამბობს, რომ ბავშვი გადააგდო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფმა, სასოწარკვეთილმა, რადგან არავინ ჰყავდა, ვინც ბავშვის გაზრდაში დაეხმარებოდა.

ბერძნული მედია ახალგაზრდა ქალის ციტატას აქვეყნებს: „მინდა დავიბრუნო ჩემი შვილი, ეს იყო წამიერი შეცდომა.“

ტელეკომპანია „ალფამ“ ჩაწერა ახალგაზრდა ქალის დედაც საქართველოდან, რომელიც ამბობს, რომ მომავალ კვირას აპირებს ჩასვლას საბერძნეთში და მისთვის უცნობია, რა მოხდა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი თან არ მქონდა რომ დამერეკა, რომ წავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, შემეშინდა რომ ურნაში ნაგვის პარკებს ჩაყრიდნენ და ბავშვი დაიღუპებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქალს გამვლელები დაეხმარნენ, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვის დედა იმავე დღეს დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მან ქალაქ კალამატაში იმშობიარა ბავშვის გადაგდებამდე რამდენიმე დღის წინ.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 18 დეკემბერს შემოვლა დააგვიანდათ დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ქალაქიდან ნაგავი გააქვთ. ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ, მანქანის ხმაურში კი დასუფთავების თანამშრომლები ვერ გაიგებდნენ ბავშვის ხმას.

__________

ფოტოზე: ნაგვის ურნის ჭა, რომელშიც ჩვილი ბავშვი ქაღალდის ჩანთაში იპოვეს. ფოტო: messinialive.gr 

 

 

44 125 ლარი მომღერლებისა და წამყვანების ჰონორარისთვის – საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

ბათუმის კულტურის ცენტრი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სოლოშემსრულებლებთან და წამყვანებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს გააფორმებს და მათ ჰონორარის სახით ჯამში 44 125 ლარს გადაუხდის. ამ თანხაში შედის ცეცხლოვანი შოუს გამართვაც.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი 271 950 ლარით. ტენდერში გაიმარჯვა ა[ა]იპ ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა, რომელთანაც ხელშეკრულება 227 700 ლარზე გაფორმდა.

„არსებული ტენდერიდან დარჩა ეკონომია 44 250 ლარი. ღონისძიების მრავალფეროვნების მიზნით გადაწყდა, რომ საახალწლო ღონისძიებებს დაემატოს ადგილობრივი სოლოშემსრულებლების კონცერტი და ცეცხლოვანი შოუ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმდა ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილ კომისიასთან,“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

განაცხადის მიხედვით კონცერტები 2019 წლის 25 დეკემბერს და 2020 წლის 2 იანვარს გაიმართება. 25 დეკემბერს გაიმართება ცეცხლოვანი შოუც.

რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, 44 125 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდება:

წყარო: ბათუმის მერიაში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი

როგორც უკვე ცნობილია, 2020 წელს მთავარი საახალწლო კონცერტი ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ გაიმართება. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის. მთავარი კონცერტის სცენა ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება, ხოლო მთავარი ნაძვის ხე ბულვარის კოლონადებთან მრგვალ შადრევანზე დადგეს.

საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასა თუ ქალაქის გაფორმებაში ჩართულნი არიან ქალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურები, ბათუმის ბულვარი და სხვა ორგანიზაციები. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ჯამში, ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან, მიმდინარე წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში

 

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ბრალდებულის ძმას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დ.ჭ.-ს სასამართლომ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

დ.ჭ. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს ღამით დააკავეს ადმინისტრაციული წესით, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე დანით დაჭრეს.

გამოძიებამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დ.ჭ.-ს ძმა – გ.ჭ. დააკავა. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ გამართულა. შემთხვევის ადგილზე მყოფი დ.ჭ. კი, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს.

დაჭრილი პოლიციელი დღეს, 20 დეკემბერს, უკვე გონზე მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა

„დადებითი დინამიკა გვაქვს, გონზე მოვიდა და უკვე კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელზე. ყელში დანით დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორი, მალხაზ ხალვაში ვარაუდობს, რომ ხვალ პოლიციელი რეანიმაციას დატოვებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბრალდებულის ძმაც, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მასწავლებლობის 7 882-მა მსურველმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

შემოდგომაზე ჩატარებული მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 175 მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, აქედან 7 882-მა პირმა ვერ დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია, ზღვარი მხოლოდ 2 293-მა პირმა გადალახა. შედეგები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

საგნობრივ კომპეტენციას პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი პირები ზაფხულის ტესტირებაზეც ადასტურებდნენ. ზაფხულში ჩატარებული გამოცდის შედეგების მიხედვით, საგნობრივი კომპეტენცია 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა ვერ დაადასტურა.

შემოდგომის საგნობრივ გამოცდაზე ჯამში 26 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასამდე საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომის გამოცდიდან ორი პედაგოგი  დამხმარე მასალის (შპარგალკის) და მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო მოხსნეს.

პედაგოგების პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრირებული პედაგოგების 20 პროცენტი არ გამოცხადდა, საგნობრივ გამოცდაზე კი – 25 პროცენტი.

____________

ფოტო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდიდან

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს

შს სამინსიტროს ინფორმაციით, 19 დეკემბერს ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა.

კადრებში, რომლებიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად.

_________

ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 0-3 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22, 23 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

ბათუმში, ზღვასთან, 26 ათას კვ/მ-ს დააბეტონებენ კარბამიდის ღია საწყობის ასაშენებლად

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს.

ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში  წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 ცალი ხის პალეტი.

პარალელურად ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალი შენდება. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.

„სასაწყობო მეურნეობაში შემოტანილი ტვირთები გამიზნულია შემდგომში [მათ შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო] გადაზიდვებისთვის“, – აღნიშნულია შპს „კარგო პარსელის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობაში გაგზავნილ სკრინინგის ანგარიშში.

ამ ანგარიშის მიხედვით, შპს „კარგო პარსელის“ პასუხისმგებლობაში შედის ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობა და ამ მეურნეობის ტერიტორიაზე ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება და ამავე ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე დატვირთა. შესაბამისად, სკრინინგის ანგარიში განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნული საქმიანობის დროს გარემოს სხვადასხვა შემადგენელზე მოსალოდნელ [შესაძლო] ზემოქმედებას და შესაბამის ეკოლოგიურ ასპექტებს“.

პროექტის მიხედვით, ტვირთების დასაწყობებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დაბეტონებული საფარის საერთო ფართობი 26 600 კვ/მ-ია. ტერიტორიის დასაბეტონებლად გამოყენებული იქნება ქარხნულად დამზადებული ბეტონი, რომელიც ბეტონმზიდი მანქანებით იქნება შეტანილი; გამწვანებას 5 000 კვ/მ დაეთმობა; მანქანა-მექანიზმების დგომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ფართობი კი – 3 000 კვ/მ იქნება; დანარჩენი ტერიტორია მანქანა-მექანიზმების მანევრირებისთვის იქნება გამოყენებული.

33 500 კვ/მ ტერიტორია, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „კარგო პარსელმა“ „ბათუმის ნავთობტერმინალისგან“ 2019 წლის სექტემბერში იყიდა. ეს არის „ყოფილი საწარმოო უბნის – ნავთისა და ბენზინის გადატვირთვის სადგურის (ნავთის უბნის) ტერიტორია – არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“.

ბათუმში, თევზის ბაზრის მიდებარედ, 3149 კვადრატულ მეტრი ტერიტორიის, რომელიც „კარგო პარსელის“ კუთვნილ ტერიტორიას ესაზღვრება, იჯარის წესით გასხვისებას ბათუმის მერია აუქციონზე გეგმავდა. საიჯარო ფასის განსაზღვრაზე 2019 წლის 28 ნოემბერს საკრებულომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა მერიის წარდგენილ წინადადებას – წლიური გადასახადის სახით 72 000 ლარის დადგენის თაობაზე.

მერიაში არ გვითხრეს, ითხოვს თუ არა ამ ტერიტორიას „კარგო პარსელი“.  თუმცა მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანას მერია აღარ აპირებს.

ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის [სკრინინგის ანგარიშის] მიხედვით, მეურნეობის გარე ღობიდან მინიმალური დაცილება, მდინარე ბარცხანას მეორე ნაპირზე არსებულ, იოსებ ნონეშვილის ქუჩის [დოკუმენტში არასწორადაა მთითებული ვაჟა-ფშაველას ქუჩა-ავტ.] საცხოვრებელ ზონამდე, შეადგენს 70 მეტრს, ხოლო ბაქრაძის ქუჩის საცხოვრებელ ზონამდე – 150 მეტრს.

„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ 2019 წლის აგვისტოში დაიწყო საწარმოო უბნის – „ბენზინების და ნავთის მიღების და გადატვირთვის სადგურის“ ტერიტორიაზე არსებული ძველი, ამორტიზირებული 6 ცალი რეზერვუარის და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. სასაწყობო მეურნეობის მოწყობის მიზნით კი,  „კარგო პარსელი“ სამუშაოებს დაიწყებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ სადემონტაჟო სამუშაოების დამთავრების და დემონტირებული და კონსტრუქციების [რეზერვუარების, სატუმბო სადგურების კონსტრუქციების, ტუმბოების, სარკინიზო ესტაკადის რკინიგზის ვაკისის ზემოთ არსებული კონსტრუქციების, ტექნოლოგიური მილსადენების, ურდულების, ჯართის და სამშენებლო ნარჩენების] ტერიტორიიდან გატანის შემდეგ.

ტერიტორია, სადაც ღია სასაწყობო მეურნეობა უნდა მოეწყოს / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„კარგო პარსელი“ სკრინინგის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სასაწყობო მეურნეობის მოწყობის მიზნით, განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს:

„მოაშანდაკებს და ბეტონის ფენით დაფარავს მთელ ტერიტორიას; გაითვალისწინებს, რომ ტერიტორიის ქანობი მიმართული იყოს სალექარისკენ; რკინიგზის ჩიხების გასწვრივ მოაწყობს „,Zennebogen“-ის მარკის მობილური ამწეს სავალ ბილიკებს; ტერიტორიაზე გამოყოფს სექტორებს ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის, ფოლადის ნაკეთობების [არმატურა, მილები და ა.შ] და მასალის დროებით დასასაწყობებლად…

მოაწყობს წვიმის წყლების შეგროვების ცალკე სისტემას, რომელიც მიუერთდება არსებულ საწარმოო კანალიზაციის სისტემას, რათა მოხდეს მანქანა-მექანიზმების დგომის დროს ავარიული დაღვრილი ზეთების მორეცხვა და ორგანიზებულად გაყვანა არსებულ სალექარ-ნავთობდამჭერში, რომელიც, თავის მხრივ, მიერთებულია ბათუმის ნავთობტერმინალის გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემაზე;

აქედან დრენაჟით შეგროვებული გრუნტის წყლები და ორგანიზებულად შეგროვებული წვიმის და საწარმოო ჩამდინარე წყლები გადაიტუმბება ბათუმის ნავთობტერმინალის ცენტრალურ ნავთობდამჭერში;

შეუცვლის ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკრის ადგილმდებარეობას, რათა უფრო ადვილი და მოსახერხებელი იყოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების შესვლა და გადაადგილება საზღვაო ნავსადგურისკენ…

მასალებისა და ნივთიერებების დასაწყობების ადგილებში განათავსებს ხანძარქრობის პირველად საშუალებებს“.

ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის მიღების, დასაწყობების და საწყობიდან გატანის ტექნოლოგიური ციკლები [სკრინინგის ანგარიშიდან]:

„კარბამიდი სასაწყობო მეურნეობაში „გონდოლას“ ტიპის სარკინიგზო ვაგონებით შემოვა. ჯერ ერთ ჩიხში – 12 ვაგონი, შემდეგ, მე-2 ჩიხში, ასევე 12 ვაგონი. სარკინიგზო ჩიხებში ერთდროულად შეიძლება ჩამოიტვირთოს 24 ვაგონი. ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის ჩამოტვირთვა შესრულდება„Zennebogen”-ის მარკის მობილური ამწეს გამოყენებით. ჩამოტვირთული ბიგ-ბეგები სარკინიგზო ჩიხების ორივე მხარეს დროებით დალაგდება სპეციალურ ხის საფენებზე.

ამის შემდეგ, ვაგონცისტერნებიდან ჩამოტვირთული კარბამიდიანი ბიგ-ბეგები ელექტროკარის, სატვირთო მანქანების და მობილური ამწეს გამოყენებით გადატანილი და დასაწყობებული იქნება ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაზე. ბიგ-ბეგები დალაგდება შტაბელებად, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

შტაბელის ქვემოთ ბიგ-ბეგების შიგთავსის წვიმის წყლებისგან დასაცავად, წინასწარ დალაგდება ევროსტანდარტის სპეციალური ხის საფენები. სასაწყობო ტერიტორიის 1 კვადრატულ მეტრზე დატვირთვა 4-5 ტონა (1 ბიგ-ბეგის წონა – 1 ტონაა). შტაბელებად ტვირთის დალაგების შემდეგ, ბიგ-ბეგებს მთლიანად (შტაბელის მთელ ფართობზე) გადაეფარება წყალგაუმტარი ქსოვილი წვიმისგან და მზისგან დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ ბიგ-ბეგები, იგივე რბილი კონტეინერები გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვებისთვის. ეს არის სპეციალური ტარა, რომელიც შეიქმნა გრანულირებული, ფხვნილოვანი და სხვა სახის ნივთიერებების გადაზიდვებისთვის. ბიგ-ბეგის მასალის სტრუქტურას ორმაგი დაცვა გააჩნია: პლასტიკის ორმაგ კედლიანი მასალა + წყალგაუმტარი პოლიეთილენის აპკი პლასტიკის ორ ფენას შორის.

ბიგ-ბეგების გამოყენების უპირატესობაა მისი შემდეგი თვისებები: ჰერმეტიულობა; მდგრადობა ტემპერატურის ცვალობადობის და სხვადასხვა სახის ტვირთის მიმართ; ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიები; სიიაფე; ბიგ-ბეგის ტომრების გადამუშავების და უტილიზაციის შესაძლებლობა. ბიგ-ბეგების ტომრები ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში.

გრანულირებული კარბამიდის დასაწყობება ბიგ-ბეგების საშუალებით გაცილებით მოსახერხებელია, ნაკლებად შრომატევადია, იძლევა მექანიზაციის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას და უსაფრთხოა, ტვირთი დაცულია ნესტის ზემოქმედებისგან და წყლით დაზიანებისგან; ხელს უწყობს კარბამიდის თვისებების შენარჩუნებას, იცავს ტვირთს დაზიანებისგან, ხელს უწყობს გადატვირთვის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სწორი მენეჯმენტის პირობებში, ფაქტიურად გამორიცხავს გარემოს დაბინძურების რისკებს.

ბიგ-ბეგების გამოყენებით კარბამიდის ტრანსპორტირება ღია „გონდოლას“ ტიპის ვაგონებით, ბევრად მოსახერხებელი და უსაფრთხოა სხვა ტარით ტრანსპორტირებასთან შედარებით.

ამასთან, ღია სასაწყობო მეურნეობაში დროებით განთავსების დროს, კარბამიდის ბიგ-ბეგების შტაბელები უნდა გადაიფაროს წყალგაუმტარი ბრეზერნტით ან მუქი ფერის სხვა მსგავსი წყალგაუმტარი ქსოვილით, რათა ბიგ-ბეგის ტომრის გარე ქსოვილი დაცული იყოს გარემოს ტემპერატურული, ულტრაიისფერი სხივების და წვიმის ზემოქმედებისაგან.

შტაბელები უნდა დალაგდეს ხის სპეციალურ საფენებზე. ბიგ-ბეგების შტაბელირება უნდა მოხდეს მჭიდროდ, ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებით. მე-2 იარუსის ტომრები უნდა განთავსდეს ისე, რომ ღიად დარჩეს ქვედა ტომრის სიგანის ნახევარი. შტაბელებს შორის მანძილი უნდა იყოს საკმარისი ტვირთამწე მექანიზმების თავისუფლად გადაადგილებისათვის…

სასაწყობო მეურნეობაში უნდა დამაგრდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.“

ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი [სკრინინგის ანგარიში] სხვა დეტალურ ინფორმაციებსაც შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ამ ანგარიშზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს თუ არა გზშ-ს მომზადებას, ანუ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას.

შპს „კარგო პარსელი“ 2019 წლის ივნისში დაარეგისტრირა იოსებ პატარაიამ. ამავე წლის აგვისტოს ამონაწერით კი კომპანიის 66.7% წილს იოსებ პატარაია ფლობს, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა, წილის 33.3%-ის მფლობელი კი მამუკა დალაქიშვილია.

პარალელურად ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შენდება კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.

ბათუმის პორტში მშენებარე კარბამიდის ტერმინალსა და ასაშენებელ ღია საწყობს შორის დაშორება დაახლოებით 1 კილომეტრია

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა.

ამ თემაზე:

როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

მთავარი ფოტო: ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის დასაწყობება შტაბელებად / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

გაერთიანებული ოპოციზია კვირას ბათუმში აქციას გამართავს

კვირას, 22 დეკემბერს, 14 საათზე, ოპოციზია ბათუმში აქციას აანონსებს.

აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკთან გეგმავენ შეკრებას და მსვლელობას ვარდების სკვერის მიმართულებით, თუმცა, ენმ-ს ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ შეკრების ადგილებსა და მსვლელობის მარშრუტებს ჯერ კიდევ აზუსტებენ.

ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის გაშლას რომ  აპირებდა რეგიონებში, ამის შესახებ დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. პირველი აქცია უკვე გაიმართა ქუთაისში, 6 დეკემბერს.

_________

ფოტოზე: აქცია ქუთაისში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

აჭარის მაუწყებლის ახალმა მრჩეველთა საბჭომ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა. გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. ხუთივე მრჩევლისთვის მომავალი წლიდან 26 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს.

„ჯამში, ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიონ 600 ათასი ლარით, აქედან 26 ათასი ლარი დაემატება მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურებას,“ – ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი. ის ერთადერთი აღმოჩნდა საბჭოს წევრებს შორის, ვინც დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხა. თამარ წილოსანმა ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენი ლარით გაეზრდება ჰონორარი მრჩეველთა საბჭოს თითოეულ წევრს.

თამარ წილოსანი განმარტავს, რომ ბიუჯეტით განსაზღვრულია სახელფასო ფონდი და ეს ფული სხვა მიზნით ვერ დაიხარჯებოდა. „აუდიტმა დაწერა შეფასება, რომ ეს არის კანონით დაცული მუხლი“, – დასძენს მრჩეველთა საბჭოს წევრი „ბათუმელებთან“.

რატომ არ მიმართა ეს ფული მრჩეველთა საბჭომ აჭარის მაუწყებლის სხვა საჭიროებისთვის, მაგალითად, თანამშრომლების ჰონორარების გასაზრდელად?

„ტელევიზიის თანამშრომლებს რამდენჯერმე გაეზარდათ ხელფასი, ახლაც ემატებათ 20 – 25 პროცენტით…“ – გვიპასუხა თამარ წილოსანმა. მას შევახსენეთ, რომ, მაგალითად, ტელევიზიის ჟურნალისტის ხელფასი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ბორდის წევრის ხელფასი იყო აქამდე.

„პასუხისმგებლობაც სხვაა… იმისთვის, რომ ბორდი იყოს დამოუკიდებელი, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ბორდი,“ – აღნიშნავს თამარ წილოსანი.

ჰონორარები მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამაც გაზარდა – 2019 წლის 11 ივლისს. მაშინ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით.

მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, საბჭომ თავიდან იმსჯელა ამ საკითხზე და ხელფასები შეიმცირა. შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს წევრების ჰონორარები იგივე დარჩა: საბჭოს თავმჯდომარე – 2 900 ლარი, მოადგილე – 2 700 ლარი, ხოლო წევრი – 2 625 ლარი.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ „ბათუმელები“ დაუკავშირდა მრჩეველთა საბჭოს იურისტს იმის გასარკვევად, კონკრეტულად ვის რამდენით გაეზარდა ჰონორარი. მან ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრა და დასძინა: „დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ნახეთ“.

ვებგვერდზე დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.

„ბათუმელების“ გამოთვლით, რომელიც ჰონორარებისთვის დამატებულ თანხას ეფუძნება, მომატების შემდეგ თავმჯდომარის ჰონორარი დაახლოებით 3 400 ლარი გახდა, ხოლო მრჩევლების – დაახლოებით 3 150 ლარი.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილია, წევრები არიან: სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი. მეხუთე წევრი ბორდს ჯერჯერობით არ ჰყავს.

შენიშვნა: ამ დროისთვის [20:00] „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 3450 ლარი იქნება, მოადგილის- 3400, ხოლო მრჩევლის – 3350 ლარი. 

ლიბიის ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე საქართველოში დაბრუნდნენ.  მეზღვაურებს თბილისში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, მოგვიანებით კი მეზღვაურები ცერემონიების სასახლეში ადვოკატთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს და იმ ელჩებს შეხვდნენ, ვინც მათ გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო, თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა.

დაკავებულებს ბრალად დიდი ოდენობით ნავთობის უკანონო გადაზიდვა ედებოდათ. დაკავებული სამი მეზღვაურიდან ერთი, ნუკრი ხოხბა, 2018 წლის მარტში გაათავისუფლეს.

ლიბიის სასამართლომ ქართველ კაპიტანს, გენადი კომახიძესა და მის თანაშემწეს რომან კაკალაძეს 2019 წლის აპრილში 6-თვიანი პატიმრობა და 1 810 017 მილიონი ლიბიური დინარის [1 289 114 USD] გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე: 

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

 

სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი

ბათუმის ენერგომომარაგებისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ააშენებს. პროექტში „ენერგო-პრო“ დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“, ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო უბანს.

ხელვაჩაურიდან ახალ ბულვარამდე ასაშენებელი ახალი ხაზის სიგრძე ჯამში 10 კილომეტრი იქნება. აქედან 7 კმ – საჰაერო, ხოლო 3 კმ – მიწისქვეშა.

პროექტის თანახმად იგეგმება ქვესადგური „ბათუმი 220“-დან [ხელვაჩაური] მდინარე ჭოროხის გასწვრივ ახალი 110 კვ ძაბვის ეგხ „ჭარნალის“ მოწყობა, რომელიც გაგრძელდება ქვესადგურ „ბათუმი 4“-მდე [ახალ ბულვართან].

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პირველი 12 საყრდენი განთავსდება ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი – 13-დან 32-ე საყრდენამდე, ასევე მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი, ქალაქ ბათუმის  ტერიტორიაზე.

საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ], ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე წარადგინა სკოპინგის ანგარიში. სკოპინგი, ეს არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს; სკოპინგის ანგარიში კი წინასწარი დოკუმენტია, რომელიც ამ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მოამზადა და რომლის საფუძველზე სამინისტრომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა.

„აჭარის მთავრობისგან მიღებული წერილის თანახმად, „ახალი სამრეწველო ზონის“ მთელ პერიმეტრზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ანძები, რის გამოც ნაკვეთები ხვდება მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში, რაც სამრეწველო ზონის პროექტის და ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ასეთ ზონებში იკრძალება ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება, ხოლო ამ ზონების საერთო ტერიტორიიდან გამოყოფა „ახალი სამრეწველო ზონის“ ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთების განკარგვას არარენტაბელურს ხდის… „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აჭარის მთავრობის წერილის საფუძველზე განხორციელდა ტერიტორიის გამოკვლევა და მთავრობასთან შეთანხმებით დაიგეგმა არსებული 35 კვ ძაბვის ეგხ „ჭარნალის“ სანაცვლოდ – ქვესადგური „ბათუმი 220“-დან მდ. ჭოროხის გასწვრივ ახალი 110 კვ ძაბვის ეგხ-ს მოწყობა, რომელიც გაგრძელდება ქვ/ს „ბათუმი 4“- მდე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ახალი ხაზი, ერთი მხრივ, ელექტროენერგიას მიაწვდის ახალსოფლის, გონიოს და სარფის დასახლებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის იქნება ქალაქ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი ალტერნატიული კვების წყარო. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც „ახალი სამრეწველო ზონის“ სწორად დაგეგმვა, ასევე ალტერნატიული კვების წყაროს არსებობა, პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემოზე მიყენებული ზემოქმედების შედეგად მოსალოდნელი უარყოფითი მხარეები. შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობის განუხორციელებლობა [ანუ უმოქმედობის ალტერნატივა] არამიზანშეწონილია“.

ახალი ხაზი, რომელიც ხელვაჩაურიდან ახალ ბულვარამდე უნდა აშენდეს [აღნიშნულია წითელი ფერით] / წყარო: სკოპინგის ანგარიში
ახალი ხაზი [საჰაერო ტრასა, ანძებით] პროექტის მიხედვით, მიუყვება მდინარე ჭოროხს, გადაკვეთს ბათუმი-სარფის მაგისტრალს და გაივლის ნაგავსაყარის ტერიტორიას [აქ 6 ანძა მოეწყობა]. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ბათუმის წყლის“ (გამწმენდი ნაგებობა) ტერიტორიის პერიმეტრის სამხრეთ დასავლეთ კიდეზე არსებული მისასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება ანძა, სადაც მოეწყობა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზიდან საკაბელო ხაზზე გადაერთება და ამ წერტილიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე დაგეგმილია მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.

საპროექტო მიწისქვეშა/საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის ასფალტიანი გზის ქვეშ გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიისა და მოასფალტებული გზის გასწვრივ, ქ. ბათუმის მიმართულებით. შემდეგ ეგხ-ს ტრასის საკაბელო სექცია გაივლის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, გადაკვეთს ადლიის ქუჩას და გაუყვება ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას ბათუმის მიმართულებით. ლეხ და მარია კაჩინსკების და ზღვისპირის ქუჩების გადაკვეთასთან მიწისქვეშა ეგხ იყოფა ორ ხაზად. ერთი ხაზი გაივლის ზღვისპირის ქუჩაზე, შემდეგ გრძელდება მარჯვენა მხარეს, გრიგოლ ლორთქიფანიძის №53-ში მდებარე „ციტრო გრუპის“ გავლით ქვესადგურამდე; მეორე განშტოება კი გრძელდება ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე,  დაახლოებით 350 მეტრის შემდეგ უხვევს მარჯვენა მხარეს გრიგოლ ლორთქიფანიძის №53-ში მდებარე „ციტრო გრუპის“ მიმართულებით, სადაც ხდება მიწისქვეშ ეგხ-ების  გაერთხაზიანება და დაახლოებით 140 მეტრში უერთდება ქვესადგურ „ბათუმი 4“-ს.

„ახალი ეგხ-ის ტრასა არ გაივლის კერძო მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და არ გადაკვეთს შენობა-ნაგებობებს, აგრეთვე კერძო მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ ეგხ-ს სამშენებლო სამუშაოები, ისევე, როგორც შემდგომი ექსპლუატაცია გადაუჭრელ დამაბრკოლებელ გარემოებებთან ან პრობლემებთან არ იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნულია „ენერგო-პროს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ერთ-ერთი ანძიდან დაახლოებით 150 მეტრში მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელიდან [ძველი ხიდი – ავტ.] ხდება დაკვირვება გადამფრენ ფრინველებზე [„ბერდ ვოჩინგი“], თუმცა, ანძის ფუნდამენტისა და მონტაჟის სამუშაოების მცირე პერიოდიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედება არ იქნება ხელის შემშლელი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის, რასაც ფიქსირებული სეზონური ხასიათი გააჩნია. ამ ნაწილში სამუშაოების ჩატარება შეიძლება ორგანიზებული იქნას არა „ბერდ ვოჩინგის“ სეზონზე“.

ფრინველებზე დაკვირვების ადგილი ჭოროხის ძველ ხიდზე და საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზი [წითელი ფერი] / წყარო: სკოპინგის ანგარიში

სკოპინგის ანგარიშიდან

[checklist]

  • „გადამცემი ხაზის ტრასის ზონაში ბუნებრივი ლანდშაფტი პრაქტიკულად არ გვხვდება, ხოლო არსებული ლანდშაფტის ვიზუალური მახასიათებლები არ შეიცავს რამდენადმე ღირებულ (როგორც ეკოლოგიური, ასევე ესთეტიური თვალსაზრისით) რაიმე კომპონენტს, ამდენად მის მახასიათებლებზე რაიმე სახის ნეგატიური ზემოქმედება მშენებლობის ეტაპზე პრაქტიკულად გამორიცხულია“.
  • „ხაზის საჰაერო სექციის გასწვრივ ადგილი ექნება გრძელვადიან პერმანენტულ ზემოქმედებას არსებული ლანდშაფტის ვიზუალურ მახასიათებლებზე (საყრდენი ანძებისა და ელექტროსადენების არსებობის გამო), თუმცა საეჭვოა ამ კონსტრუქციების არსებობამ გააუარესოს არსებული მდგომარეობა“.
  • „ჭოროხის ხეობის გასწვრივ საპროექტო ტრასა გადის ანთროპოგენურად საფუძვლიანად სახეცვლილ ტერიტორიებს, რომლებიც აქ არსებული შემაშფოთებელი ფაქტორებიდან გამომდინარე (24-საათიან რეჟიმში მომუშავე საწარმოები, ხმაური, ქალაქის ინფრასტრუქტურის ელემენტები და სხვა) ნაკლებ მიმზიდველია ფრინველთა დასვენებისათვის და გამოუსადეგარია, როგორც რაიმე სახეობის ბინადრობის, კვების ან გამრავლების ადგილი“.
  • „რაც შეეხება ეგხ-ების მიერ ელექტროშოკისაგან გამოწვეულ ზემოქმედებას ფრინველებზე – ზოგადად ცნობილია, რომ ეგხ-ის ყველაზე უფრო ორნითოციდულ ტიპს წარმოადგენენ 35 და ნაკლები კილოვოლტიანი ხაზები, თუ მათ არ გააჩნიათ კოჭებისა და სადენების სპეციალური იზოლირება საყრდენ ბოძებთან. 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები ამ მხრივ გაცილებით უსაფრთხოა. რა თქმა უნდა რჩება მექანიკური შეჯახების რისკი, თუმცა როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ხშირ შემთხვევაში ამგვარი შეჯახება არ უკავშირდება ფრინველის ლეტალურ დაზიანებას“.
  • „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასევე დეტალურად იქნება ასახული ცხოველთა სამყაროზე პროექტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო ზემოქმედება და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები“.

[/checklist]

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის სიგანე 30 მეტრს არ აღემატება და „ძირითადად გადის მდ. ჭოროხის მოქმედების ზონაში, ჭალის პირველ ტერასაზე, რომელიც ნაპირის დარეგულირებამდე ხასიათდებოდა სანაპირო კონტურის გარკვეული ფლუქტუაციებით (მოზვინვით ან წარეცხვით). არქეოლოგიის ექსპერტის აზრით, ამგვარი ტიპის ტერიტორიები, როგორც წესი, სტერილურია არქეოლოგიური მასალის (არტეფქტების) არსებობის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, იგეგმება გათხრების გარეშე ტრასის გავლა არქეოლოგთან ერთად, რათა დაიდოს სრულფასოვანი დასკვნა ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის არსებობის პროგნოზთან დაკავშირებით. კულტურულ მემკვიდრეობასა და არქეოლოგიურ ძეგლებზე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში“.

– – –

ბათუმში ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე დაერთება. პრობლემის მოსაგვარებლად „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია, რომელსაც მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა. მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო ამ ხაზის რეაბილიტაცია, თუმცა როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაახლოებით 3 თვის წინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, სამომავლოდ მოსალოდნელია ბათუმში მოხმარების კიდევ უფრო ზრდა და მხოლოდ „ერგე-1“-ის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის ქალაქის ენერგომომარაგებისთვის.

„კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭარნალი110“-ის პროექტირების სამუშაოები. ხაზის მშენებლობას უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ხაზის მშენებლობისთვის და ბათუმში გამანაწილებელი ქსელის გამართვის სამუშაოებისთვის საჭირო იქნება, სავარაუდოდ, 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“, – გვითხრეს მაშინ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ამ თემაზე:

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზრდას ითხოვს

 

„არავინ მყავს, ვინც დამეხმარებოდა“ – რას ამბობს დედა, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გუშინ, 18 დეკემბერს, საბერძნეთში, კალამატაში საკუთარი ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო, ამბობს, რომ ამ მოქმედების მიზეზი მისი უკიდურესი სასოწარკვეთა იყო.

„სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა, მარტო ვარ“, – განაცხადა ქალმა, რომელიც, ბერძნული მედიის ცნობით, წარმოშობით საქართველოდანაა. იგი პოლიციამ იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. დაახლოებით დილის ექვს საათზე ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი თან არ მქონდა რომ დამერეკა, რომ წავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, შემეშინდა რომ ურნაში ნაგვის პარკებს ჩაყრიდნენ და ბავშვი დაიღუპებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქალს გამვლელები დაეხმარნენ, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 18 დეკემბერს შემოვლა დააგვიანდათ დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ქალაქიდან ნაგავი გააქვთ. ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ, მანქანის ხმაურში კი დასუფთავების თანამშრომლები ვერ გაიგებდნენ ბავშვის ხმას.

___________________

ფოტოზე: ნაგვის ურნის ჭა, რომელშიც ჩვილი ბავშვი ქაღალდის ჩანთაში იპოვეს. ფოტო: messinialive.gr 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადვოკატები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებმა ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის,  რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ადვოკატები დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
——————————————————–
13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა

„რეანიმაციულ განყოფილებაშია, ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა დადებითი ტენდენცია გვაქვს,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ბათუმში დაჭრილ პოლიციელზე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი გადმოდის მანქანიდან და მას მოქალაქე დანით ჭრის. მეწყვილე გაქცეულ პირს აკავებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად.

ბათუმში იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს

ბათუმში იუსტიციის სახლში დღეს, 19 სეკემბერს, დილიდან მუშაობა შეფერხებულია. მოქალაქეები ვერ იღებენ სხვადასხვა სერვისს. როგორც იუსტიციის სახლში „ბათუმელებს“ უთხრეს, პრობლემა შეიქმნა რიგითობის ბილეთების გაცემის სისტემაში და ინტერნეტის მიწოდებაში.

„რიგითობის პრობლემა ამ დროისთვის [11:25 სთ.] აღმოიფხვრა, ველოდებით ინტერნეტის მიწოდების აღდგენას,“ – გვითხრეს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე.

იუსტიციაში ვერ ამბობენ, კონკრეტულად როდის მოგვარდება პრობლემა.

საჯარო ლექცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

„ერთად ვიბრძოლოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“- თემაზე შეხვედრა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი წევრებმა სტუდენტებს ის საფრთხეები გააცნეს, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებებიც.

ლევან ვარადაშვილი, ბნსუ-ს სტუდენტი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, ვნახეთ სასარგებლო პრეზენტაცია. მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ევროპულ გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერულ ძალადობას. მსგავსი ტიპის შეხვედრებს სტუდენტები მივესალმებით“

ფრანკ პიტერ ჯენსენი, ევროკავშირის მონიტორინის მისიის ადამიანთა უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფის წევრი:„გენდერული კუთხით ძალადობა, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით. 16 დღიანი კამპანია, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრით დავასრულეთ. ხშირ შემთხვევებში ახალგაზრდებს უჭირთ მსგავს პრობლემებზე საუბარი, თუმცა ჩვენი კომუნიკაცია შედგა. ამ კამპანიის შედეგები, სტუდენტების მოსაზრებები, შემაჯამებელი დასკვნები საბოლოოდ ევროკავშირის მისიის ცენტრალურ ოფისში გაიგზავნება, რაც რეკომენდაციების დაწერისას იქნება გათვალისწინებული“.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის  მიზანი ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის კონგრესში მხარი დაუჭირეს

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. ამერიკის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლას ედავებიან. კონგრესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვეტილება იმპიჩმენტზე სენატმა უნდა მიიღოს.

იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა უკრაინას გამოყოფილი სამხედრო დახმარების თანხის გადაცემა გაუჭიანურა. პრეზიდენტის საიმპიჩმენტო გამოძიება 24 სექტემბერს დაიწყო.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტს მხარი, პირველი ბრალდების საფუძველზე, 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 197. მეორე ბრალდების გამო კი, იმპიჩმენტის მომხრე 229 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგი – 198. კონგრესში უმრავლესობა „დემოკრატებს“ აქვთ.

სენატში ორი-მესამედის მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ. სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ. ამერიკულ მედიაში ელიან, რომ სენატი ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. სენატში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, როდის განიხილავენ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს.

ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს [1868 წელი] და ბილ კლინტონს [1998 წელი], თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა. იმპიჩმენტის პროცედურამდე თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი [1974 წელი].

წიწვოვანი ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი ზიანის დროს, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.

„წიწვოვანების კანონიერად მოსაპოვებლად, რამდენიმე გზა არსებობს. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში (მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების სააგენტოს“ სანერგეში), პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო,“ – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას „კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“.

„მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე

ავტორი: საშკა კალმახელიძე

დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო..
მე-2 დღეა იმ ბიჭის მეტზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობ. ალბათ იმიტომ, რომ მგონია სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა. რა პრესი გაიარა. სად გატეხეს. როგორ მიუდგნენ. რა აგრძნობინეს.

ამ ამბავზე არასდროს არც დამიწერია, არც მილაპარაკია, არც ვინმესთან შემიმჩნევია, გრძნობები ამომილაგებია და საერთოდ თუ რაიმე ფსიქოლოგიური მექანიზმი არსებობს, ყველას გამოყენებას ვცდილობ რომ დავივიწყო. ხანდახან გამომდის, ხანდახან არა.

ეს არის ამბავი რომელიც იციან დედაჩემმა, ჩემმა 4-მა ძმაკაცმა, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა და მე.
იმიტომ რომ სირცხვილია.. იმიტომ რომ საშიშია.. იმიტომ რომ ვერაფერს დავამტკიცებ და ხმამაღლა საუბარი მხოლოდ მე მომიტანს დამატებით პრობლემებს.. იმიტომ რომ იმიტომ რომ იმიტომ… იმიტომ რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს გაჩუმდეს სისტემის წინაშე. მაგრამ როდესაც 15 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან ხტება და თავს იკლავს, ამის იქით აღარაფერი არსებობს. აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

მოვყვები. შეიძლება საფრთხეში ვიგდებ თავს, მაგრამ მაინც მოვყვები.
ეს ამბავი 2017 წლის 27 იანვარს მოხდა. მე მიყვარს კლუბური ცხოვრება და ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ექსტაზი და MDMA. რომლებზე დამოკიდებულიც არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მოვიხმარდი მაქსიმუმ 2-3 თვეში ერთხელ და მერე დიდი ხნით ვისვენებდი. ყოველთვის როცა ერთ აბ ექსტაზს ვყლაპავ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს, ყოველთვის როცა ნახევარ ლიტრ სოფლის ორნახად ჭაჭას ვსვამ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამისთვის 2, 5 და 8 წლით არ უნდა მიჭერდეს. მაგრამ ეს ამ სტატუსის თემა არ არის. ეს იქ, ყველასგან მივიწყებულ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკასთან, დაშლილ “თეთრ ხმაურთან”, კანაფით ამოწურულ “გირჩთან” და იმ კაცთან დაგვაბრუნებს, ბოდიშით რომ იწყებს, ცრუ დაპირებებით აგრძელებს, გულანთებულ მომიტინგეებს შლის და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის მერე, საკუთარ გადაფურთხებულს უკან ლოკავს, არავითარ საკონმდებლო ცვლილებებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკს შესაცვლელად არ ატარებს და ისევ ამ ჭაობში გვტოვებს.
ეს სტატუსი სხვა თემაზეა. ჩემს წილ, პატარა მხილებაზე, ამ დიდი, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. სისტემის, რომელიც როდესაც ყველასგან იზოლირებულ სივრცეში მოგიხელთებს, ბეტონის გასაბრტყელებელი მანქანასავით გადაგივლის. ბოლომდე გაგწურავს და გაგტეხავს.
2017 წლის 27 იანვარს, თუ არ ვცდები პარასკევი დღე იყო და დიდხნიანი პაუზის მერე, ერთ-ერთი კლუბის ერთ-ერთი ივენთზე წასვლას ვაპირებდით მეგობრები. ძალიან ხანგრძლივი და პროცედურულად დატვირთული მცდელობის შემდეგ, სადღაც დედისტრაკში ავიღეთ MDMA, რომ კლუბში წავსულიყავით, გვეცეკვა, ცოტა ხნით სტრესებს დავმშვიდობებოდით და სასიამოვნო ღამე გაგვეტარებინა.

გამოვბრუნდით საბურთალოზე, რომ ივენთს დავლოდებოდით. დოლიძის ქუჩაზე მეგობრის სახლში ავდიოდით ორნი. მანქანა დავაპარკინგე და გადმოვედი, ჩემი მეგობარი შევიდა სადარბაზოში, მე ტელეფონი დამრჩა მანქანაში და როგორც კი უკან გამოვბრუნდი, ელვის სიჩქარით გამიჩერდა შკოდა, იქიდან 4 ტიპი გადმოხტა, ქურთუკის ზუსტად იმ ჯიბეში ჩამიყო ხელი რომელშიც MDMA მედო და მანქანაში ჩამტენა. “ჩაშვებული ვიყავი”.

დაბულინგება, დაცინვა და გაღადავება, რა თქმა უნდა, მანქანაშივე დაიწყო. ოთხივე ტიპი მეღადავება, დამცინის და რაც ყველაზე უცნაურია, ჩემი მეგობრის სახელს მეძახის. ვერაფერს ვაკავშირებ ერთმანეთთან, შეპასუხების არც ძალა მაქვს, არც სურვილი და ვზივარ ჩემთვის ჩუმად.
მარტო ერთხელ ვუპასუხე ძალიან ჩუმად, არ მქვია ეგ, ალექსანდრე მქვია-მეთქი.
ჰააა გაები …-ო – კიდე ერთხელ მომმართეს ჩემი მეგობრის სახელით.
არ მქვია …, ალექსანდრე მქვია-მეთქი.

იქვე ტელევიზიის გვერდით შენობასთან გააჩერეს შკოდა და ისე ძლიერად ხელჩავლებული გადმომიყვანეს მანქანიდან, გეგონება ჰალკივით მოვიქნევდი ოთხივე ტიპს ჰაერში, მერე უსეინ ბოლტივით გავიქცეოდი იქიდან და ბოლოს კოპერფილდივით გავქრებოდი.
შენობაში როცა შევედით, ქერა, ცისფერთვალება, დაბალმა ტიპმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამათი უფროსი იყო, ჯიბიდან საფულე ამომიღო და რომ ნახა მართლა ალექსანდრე ვიყავი, დანარჩენებს უთხრა, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, სხვა არიო.

მერე დიდხანს თათბირობდნენ რაღაცას.

შევედით პატარა ოთახში, სადაც როგორც ვხვდები არ არის კამერები და შესაბამისად, უკვე სხვა დონეზე შლიან ფრთებს მენტები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი რომ მცემეს. მაგრამ ისე მაკაჩავეს, ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში გამატარეს, ისე ყველა მხრიდან მძიძგნიდნენ, რომ ამას გულწრფელად მერჩივნა, ვინმეს უბრალოდ გათიშვამდე ვეცემე.

ბოლო დიალოგი, რომლის მერეც ერთის გარდა ყველა გავიდა ოთახიდან, ასეთი იყო:
შენ რო არ გვჭირდები ხო ხვდები? გააკეთე რასაც გეუბნებიან. გგონია მაგით ბლატნოი ბიჭი გახდები?- მკითხეს დამცინავი ღიმილით.
არა, არ მგონია-მეთქი.

ხოდა გაიგე რო რასაც ჩვენ გეუბნებით, ეგ ბოზობა კიარა თანამშრომლობააო. მაგ ბიჭს დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, უშენოდაც დავიჭერთ (ეს სიტყვა სხვათაშორის მართლა აასრულეს) და შენ კიდე გეტყობა წესიერი ბიჭი ხარ, საერთოდ არასდროს არაფერში არ ხარ შემჩნეული, ხოდა ეხლა გაქვს შანსი, თავი გადაირჩინო. თუ ყველაფერს ისე იზამ როგორც გეტყვით, დღესვე უკვე გარეთ იქნები. რატო იმწარებ ცხოვრებასო?

ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი ყველაზე დიდ პროვოკაციაზეც, ყველაზე დიდ დამცირებაზეც, არაფერი მეპასუხა. ამათთან იქ მცირედი შეპასუხებაც მხოლოდ ჩემზე იმოქმედებდა ცუდად. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი იმის გაკეთებას რასაც ხან მთავაზობდნენ და ხან უბრალოდ არ გაკეთების შემთხვევაში, მემუქრებოდნენ. მემუქრებოდნენ ძალიან ცუდად.

უცბად ოთახში შედარებით მსუქანი ტიპი შემოვიდა და აი ცხოვრებაში რო არავის არ ვუცნივარ სილკ ტვ-დან, მაინცდამაინც ამან მიცნო. ესა ბიჭო, ის არ არი ფუტბოლები რო მიყავსო? მერე მეორეს წამოარტყა და ჰაჰაჰა, ტელევიზიონშიკები შენი ბედიაო.
ამანაც შეიფერა ეს ხუმრობა და ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ მსახიობზე მკითხა, ეგ ხო იცი ვინ არიო?

არ ვიცი, რატო უნდა ვიცოდე-მეთქი.
აი ზუსტად 3-4 დღის წინ, როგორც შენ მიზიხარ ეხლა თვალწინ, შენზე უფრო ჩაჯმული სახით, წინ მეჯდა და ეგრე არ ამბობდა არაფერსო. ხოდა ნერვები მომეშალა და გავაფუჭეო. აი ლიჩნად მე გავაფუჭეო. ხოდა სუსტი ნერვები მაქვს და როგორც გეუბნები ისე თუ არ მოიქცევი და ეგრე ჩუმად იჯდები, ეხლაც ნერვები მომეშლება და შენც გაგაფუჭებო. აი ლიჩნად მე გაგაფუჭებ შენო. ამის მერე ყვირილი დაიწყო, იცი რამდენი ჩამოიტანაო? იცი რამდენი ჩამოიტანაო? შე თესლო, შენ გამო მაგდენს ვინ ჩამოიტანს, გახეხინებენ და გახეხინებენო.

კიდე ცოტა ხანი სიჩუმე იყო და მერე ინიციატივა ისევ იმ დაბალმა, ქერა, ცისფერთვალება მასტმა აიღო, რომელმაც ისეთი რამე გააკეთა, რომ მაგის სახე ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
დავაი აბა ეხლა მარტო დამტოვეთ ამ კაცთანო.

ესენიც ცხვრებივით ადგნენ და გალაგდნენ ერთ ტემპში.
ვსხედვართ მე და ეს ტიპი და მეუბნება მოდი, ახლოს მომიჯექიო. ვხვდები რო კარგი არაფერი აქვს ჩაფიქრებული. მოდი, მოდი ნუ გეშინიაო.

ვუჯდები პირისპირ და უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და თან ირონიულად იცინის, ხან ერთ თვალს ხუჭავს, ხან მეორეს, ვითომ კარგად რო დამიმიზნოს და იარაღს სახის წინ მიტრიალებს.
ეხლა, მშვიდ გონებაზე და ადეკვატური აზროვნებისას, ვხვდები რომ ის იქ მსროლელი, რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ როცა სახეზე იარაღს გადებენ, ამდენი ადეკვატური ფიქრის თავი ნამდვილად არ გაქვთ. დამიჯერეთ ძალიან, ძალიან ცუდი გრძნობა იყო.
იცი ეს რა არისო?

თოფია, რა უნდა იყოს-მეთქი.
ეს ცეცხლსასროლი იარაღიაო.
მერე-მეთქი?
მერე ეს შენი გადარჩენის უკანასკნელი შანსიაო.
აქ უკვე ძალიან მაგრად დავიბენი და საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი.

შენი მეგობრის ჩაშვებას არ აპირებ და მე მაგას არც გთხოვო. მაგრამ თუ შეძლებ და გაიხსენებ ვინმეს, ვისაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ გაუფორმებელი, აი მაგ შენს ერთ გაკუება MDMA-ს ეგრევე უნიტაზში ჩავრეცხავ და საერთოდ დავივიწყებ რომ გნახეო.

ცხოვრებაში არასდროს იარაღი არ მქონია, არც მაქვს და არც ვაპირებ რომ მქონდეს-მეთქი. არც ჩემს სამეგობროში აქვს არავის და საერთოდ რატო იფიქრე რომ ამ ყველაფრის საკითხად შესაბამისი ადამიანი ვარ-მეთქი?

მე რაც შენგან მჭირდება უკვე იცი, თუ არადა ერთი და ორი შენნაირი არ გამისროკავსო. რო იცოდე დრო ცოტა გაქვსო და აბოიმიდან ტყვიების ამოლაგება დაიწყო, მერე ისევ ჩაალაგა, მერე ისევ ამოალაგა, მერე ისევ ჩაალაგა. თან მიყურებდა და იღიმოდა. მიდი, მიდი, იფიქრე, შენი ბოლო შანსიაო.

საშინელი გრძნობა და საშინელი მომენტი იყო, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჯანდაბა მინდოდა აქ, რა შუაში ვიყავი ამ ხალხთან, ამ იარაღთან, ამ დაღრეჭილ მენტთან, ათასჯერ მაინც დავხუჭე თვალი, მაგრამ როცა ვახელდი, ყოველთვის მაინც იქ ვიყავი.

უცბად გარედან რაღაც ხმაური შემოვიდა და ჩოჩქოლი ატყდა. ეს ტიპიც გარეთ გავარდა თავისი იარაღით და ცოტა ხანი მარტო დავრჩი. ვიღაც ახალი ტიპი მოიყვანეს და მალევე ყველა იმაზე გადაერთო. მე ამ ოთახიდან გამიყვანეს და გარეთ დამსვეს. მომიჩინეს ახალი ტიპი, მაღალი, მელოტი, სვანური გვარით. თუ არ ვცდები მუკბანიანი. შეიძლება კონკრეტულად გვარი მეშლება, მაგრამ ნამდვილად რაღაც მსგავსი სვანური გვარი ჰქონდა. ერთადერთი პოლიციელი მთელი იმ ღამის პერიოდში, რომელიც წესიერად მომექცა, ზრდილობიანად მელაპარაკებოდა და ნარკოლოგიურში გადაყვანისას, დაჟე XL მიყიდა.

პატარა გამოლაპარაკების მერე მითხრა, მეწყვილე არ მყავს თორე უკვე წაგიყვანდი, არ მინდა გაგაწვალოო.
რას ნიშნავს მეწყვილე არ გყავს-მეთქი?

კანონით არ მაქვს უფლება მარტომ წაგიყვანო, მინიმუმ ორნი მაინც უნდა ვიყოთო.
მერე ალბათ ნახევარი საათი მაინც ვისხედით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, სანამ ვიღაც ტიპები ჩემ საბუთებს აგვარებდნენ.

ვსო, გიშვებთ ნარკოლოგიურში, მაგრამ ეხლა ბოლო პროცედურაო. მითხრა კიდე ერთმა მენტმა, რომელიც მანამდე ჩემს დაკითხვაში პასიურად მონაწილეობდა. ამ ტიპს ყველა “კალა”-ს ეძახდა.
რა პროცედურა-მეთქი?
გამომყევიო.

ცალკე ოთახში გამიყვანა, სადაც ისევ არავითარი კამერები არ იყო.
გაიხადეო.
გაიხადეზე ეგრევე ციხის კადრები, ეს ბოროტი მენტები, ბედუკაძე, პატიმრების დაბულინგება და მილიონი საშინელება გამახსენდა.
არ გავიხდი-მეთქი.

ნუ გეშინია, უბრალოდ მარტივი პროცედურაა, მალე გაგიშვებო.
ძალიან ძნელია იქ ვინმეს ენდო. წელს ზემოთ გავიხადე და დავდექი. შემომხედა, მერე ზურგზეც შემომხედა და ეხლა ქვემოთაც გაიხადეო. ვახ მეთქი ერთი თქვენიცთქო და ნასკები და შარვალიც გავიხადე და დავრჩი ტრუსიკში. მიდი, მიდი, ნუ გერიდება ეგეცო..

საბურთალოს პოლიციის შენობის, რომელიღაც უკამერო ოთახში ვდგავარ ბოლომდე შიშველი და ვიღაც მენტი ღიმილით მიყურებს. საშინლად დამამცირებელი შეგრძნებაა. არის ეგეთი გენიალური რეჟისორი ბარი ლევინსონი. რომლის ფილმ “sleepers”-იდანაც, ზუსტად იმ მომენტში, ერთი სცენა გამახსენდა და ლამის ცრემლებამდე მივედი, ყელში რაღაც ძალიან დიდი გამეჭედა. “ჯოჯოხეთის სამზარეულოში” გაზრდილი ბიჭები, ჰოთ-დოგის დასამზადებელ მანქანას იპარავენ, რომელიც მეტროს ამოსასვლელთან კიბეზე უგორდებათ და შემთხვევით კაცს კლავენ. ამის გამო ოთხივენი ვილკინსონის არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში ხვდებიან. პირველივე დღეს ბადრაგი შონ ნოუკსი, რომლის როლსაც კევინ ბეიკონი ასრულებს, ერთ-ერთის საკანში შეიხედება და ბიჭს უბრძანებს გაიხადოს, მერე კიდე გაიხადოს და ბოლოს სულ შიშველი დარჩეს. დიდხნიანი სიჩუმის მერე, როცა ბიჭი იკითხავს “ეხლა რა ქნას”, ბადრაგი დამცინავად პასუხობს: “ეხლა ჩაიცვი” და მიდის.

აი ეს კადრი მქონდა თავში, მაგრამ ყველაფერს ვიზამდი და ამ ტიპს ჩემს სისუსტეს არ დავანახებდი. თუკი რამე ძალა მქონდა მოვიკრიბე და ზიზღნარევი ხმით, პირველად გავრისკე იმ ღამეს. “კიდე დიდხანს უნდა უყურო-მეთქი?”

მეგონა ნერვები მოეშლებოდა და დამარტყამდა. მაგრამ გაეცინა და მითხრა, თუ ადასტურებ რომ აქ ყოფნის პერიოდში არავითარი ფიზიკური დაზიანება არ მიგიღია, აი აქ მომიწერე ხელიო.
მაგას გახდის გარეშეც დაგიდასტურებდი-მეთქი.
პროცედურაა ასეთიო.
ჩაცმა დავიწყე.

შენ კიდე ზედაპირულად დაგათვალიერეთ, თორე კანონით ეხლა შენს ანუსში შეხედვის უფლებაც გვაქვსო და ისე ბედნიერად გაიღიმა, თითქოს რაღაც ძალიან სასიამოვნოს უფლება ჰქონდა.
უკვე ვამთავრებდი ჩაცმას, როცა მკითხა, ტანზე ეგ რა იეროგლიფებიაო?
ბუშიდო-მეთქი.
რას ნიშნავსო?

ზოგადად ძალიან მიყვარს როცა ამ კითხვას მისვამენ. ვიწყებ სამურაის მორალურ კოდექსზე ხანგრძლივ საუბარს, მერე იაპონურ პოეზიაზე გადავდივარ, ტანკებს და ჰაიკუებს ვკითხულობ, მამაჩემის იაპონიის ამბებს ვყვები, ვხსნი ვაბი-საბი რა არის და რატომ უნდა ვეძებოთ სილამაზე, ცხოვრების არასრულყოფილებაში, თუ ძააან გადამეკეტა საკურას ყვავილობის ფოტოებსაც ვიღებ ტელეფონიდან… მაგრამ ტიპთან რომელმაც რამდენიმე წამის წინ, უბედნიერესი სახით მითხრა, რომ ჩემს ანუსში შეხედვის უფლება აქვს, სამურაის მორალურ კოდექსზე საუბარი, ერთობ არაადეკვატურ ქმედებად მივიჩნიე.

გამოვედით და დამაბრუნეს ამ სვან ტიპთან, რომელმაც როგორც იქნა იპოვა მეწყვილე ვინმე ლევანი და უკვე შეგვეძლო ნარკოლოგიურისკენ დაძვრა, ჩემი შარდის შესამოწმებლად.
ამ დროს გამახსენდა, რომ ჰოლივუდური ფილმები ნანახი მაქვს და ერთი ზარის უფლება ხო მაქვს-მეთქი? სახლში დამარეკინეთ გავაგებინო, რა, როგორ, რანაირად-მეთქი.
აუ ეგ როგორ დაგვავიწყდაო. კაი, მოდი აი ჩემი ტელეფონიდან დარეკე, თორე შენი ხო დავლუქეთო.
ჩემი უსაშინლესი მეხსიერების გამო უახლოესი ადამიანების ნომრებიც კი არ ვიცი ზეპირად. ჩემი ტელეფონი თუ არ ვნახე, ისე ვერავის ნომერს ვერ გეტყვით-მეთქი.

კაი მოიცადეო. პარკის გახსნა და ჩემი დალუქული ტელეფონის ამოღება დაიწყეს.
მოიცადეთ, ხელი ხო მოვაწერეთ რომ ტელეფონი დაილუქა და პარკის გახსნის და მისი ამოღების უფლება კანონით არ გაქვთ-მეთქი?
ამაზე გასკდნენ სიცილით.

სახლში დავრეკე, მაგრამ ძალიან გვიანი იყო და არ უპასუხიათ. სახლში ეს ამბავი დილით გაიგეს..
ყველაფერი უკვე მზად იყო ჩვენს წასასვლელად, სანამ მეწყვილე ლევანი მანქანის გასაღების მოსატანად იყო გასული, ბოლო წუთებს ვითვლიდი განყოფილებაში. იმ უკამერო ოთახიდან ისეთმა ხმებმა დაიწყო გამოსვლა, რომ სავარაუდოდ ვიღაცას ცემდნენ.
ამ ხმებზე, ჩემს გვერდით კომპიუტერთან მჯდომმა გოგომ უხერხულად გამიღიმა.
ესე ყოველთვის გესმით ეს ხმები და არაფერს აკეთებთ-მეთქი?
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ხომ არ ვცემთო.
კი მაგრამ როგორ შეგიძლიათ ესე წყნარად ყოველდღე აქ იჯდეთ, როცა იცით რომ გვერდით ოთახში ვიღაცას ცემით კლავენ. ნაკლები თანამონაწილე გგონიათ საკუთარი თავი-მეთქი?
კაი, კაი ბევრს ნუ ლაპარაკობ, აგერ გასაღები და წავედითო. – ჩაერთო დიალოგში ლევანი.
სვანმა გასაღებს დახედა და ლევანს შესჩივლა, შეჩემისა შკოდას გასაღები არ იყო, კიდე ნოტეთი უნდა წავიდეთო?
ნოუტით-მეთქი.
რაო?
არაფერი-მეთქი.

გამოვედით. ლევანს ბორკილები ჰქონდა გამზადებული, მაგრამ სვანმა არ გაუკეთოო და ისე ჩამსვეს უკან. ლევანი გვერდით მომიჯდა და ვითომ ჯიგრულად ჩემი დავერბოვკება დაიწყო იმაზე, რომ იქ მოფსმაზე უარი არ მეთქვა და 12 საათი არ მეყურყუტებინა ესენი ტყუილად.
ხო ხედავ, ხელი არავის დაურტყამს შენთვის, არ გვიცემიხარ, ჯიგრულად გექცევით, ხოდა მოდი შენც ჯიგრულად გვიპასუხე და რო მივალთ, ულაპარაკოდ მოფსი. მერე შენთვისვე იქნება საპროცესოს გაფორმებისას უკეთესი. დამიჯერეო.
და რატო არ მცემეთ-მეთქი?
ბიჭო ჩვენ ყველას კი არ ვცემთ. ვინც საცემი და დედამოტყნულია, იმას ვცემთ. ვინც არ არის, არ ვცემთო.

და ვინ წყვეტს ტიპი საცემი და დედამოტყნულია თუ არა-მეთქი?
ლევანს მთელი ოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მოეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ მიპასუხა:
მე!

წამიყვანეს ორთაჭალაში. ნარკოლოგიურში შევდივართ და საშინელი სურათია. ბორკილებით გადაბმული ტიპები, განრისხებული მყვირალა მენტები, ჩასისხლიანებული ნაცემი როჟები. მიძლიერდება და მიძლიერდება განცდა, რომ სადღაც ამოუცნობ სივრცეში ვარ, სივრცეში რომელსაც აშკარად არ მივეკუთვნები და ეს თამაში არაა. ეს რეალობაა. საშინელი რეალობა.
აქ ძალიან დიდი რიგია, დიღომში დარეკეო – ეუბნება სვანი ლევანს.
დიდი ბჭობის მერე გადაწყვიტეს, რომ ორთაჭალიდან დიღომში წამიყვანონ და იქ მომაფსმევინონ. ფეხები მეკეცება, ისე მეძინება ცუდად ვარ, ერთი სული მაქვს ყველაფერი მალე მორჩეს და მოშარდვაზეც ულაპარაკოდ თანახმა ვარ. დიღმის ნარკოლოგიურში შედარებით ნაკლები ხალხი იყო, მაგრამ მოცდა მაინც მოგვიწია. აი აქ, შევხვდი მენტს, რომელიც ალბათ ამათი საზომითაც კი ყველაზე დეგრადირებული, გულისამრევი, ადამიანობადაკარგული და ყველაფერი უარყოფითი ერთად იყო. ვიღაც ტიპი ყავდა მოყვანილი, რომელიც სავარაუდოდ მშენებლობაზე მუშაობდა. მთელი შარვალი და ფეხსაცმელები, საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. ზუსტად ვიცი რომ პლანს ეწეოდნენ, ოპერატიული ინფორმაცია მაქვსო. სხვები გაიქცნენ, მარა ეს მოვათრიე ქეჩოთი და კი იბრალებს შეკავება მაქვს, შეკავება მაქვს, მაგრამ მაინც მოვაფსმევინებო. – კმაყოფილი სახით მოუყვა ჩემს მენტებს. დიდი ხანი ვიჯექი მოსაცდელში და ბოლოს ჩემი რიგიც მოვიდა. შემიყვანა სვანმა ტუალეტში და ბოდიში, მაგრამ უნდა გიყურო, წესია ეგეთიო. ისე რაღაცნაირად უხერხულად მითხრა და აშკარად სხვა მენტებისგან განსხვავებით, თვითონაც არ უსწორდებოდა ამ იდიოტობებს რომ მიკეთებდა, რომ საერთოდ ვერ გავბრაზდი და ვერ გავღიზიანდი მასზე. მოვშარდე და იქვე ძალიან საქმიანი სახით მჯდომ ექიმს, ჩემი სინჯარაში ჩასხმული შარდი გამოვუტანე. კიდევ უფრო საქმიანი სახით რაღაც ჯოხი ჩაყო ამ სინჯარაში.

სუფთაა. მაგრამ მარიხუანას ხაზი ძალიან მკრთალად მაინც ანათებს, ასე 1 თვის წინ ექნება მოწეული. ნიჩივო, მაინც გავუფორმოთ და ზემოდან ადმინისტრაციული სასამართლო და 500-ლარიანიც მოუწევსო. – გამოაცხადა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახით.
სიტუაციის, ამ ტიპის, ჩემი მდგომარეობის, ჩვენი ქვეყნის და ყველაფრის აბსურდულობაზე, ერთდროულად მეცინებოდა უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად მქონდა სასაცილოდ საქმე. გამოვდივარ და იმ მენტს, ეს მუშა კიდე სკამთან უზის. გასვლამდე მოსაცდელში დაჯდომა კიდევ მომიწია რამდენიმე წუთით და ეს დიალოგი მესმის სიტყვა-სიტყვით. “მოფსი, მოფსი. თორე ხო იცი რო დღეს თუ არა ხვალ უარესს დაგმართებ. 500-ლარიანი ჯარიმა კიარა, გაგსროკავ ვაბშე. თან ძალიან ცუდად. ეგ ბეჭედი რო გიკეთია, ცოლი გყავს არა? შენ რო წლებით სროკზე შეგსვამ და ლიანდაგი გექნება წინ, შენნაირ ყლეს ვინ დაელოდება? სანამ შენ იქ კედლებს უყურებ, ხან ერთი მოტყნავს შენ ცოლს, ხან მეორე მიცემს პირში და ხან მესამე დაათავებს სახეზე. მოფსი-მეთქი მითქვამს მე, სანამ დროა.”

სიჩუმეა. ეს მუშა ოლიმპიური სიმშვიდით ზის და მაღლაც არ წევს თავს.
“ჰაა, რატო არ მირტყამ ბიჭო? გაგდის შენ ცოლზე ეგეთები?”
ამ დროს ჩემი სვანი მენტი გამოდის ბოლო ფორმალობებიდან და გავყავარ, მანქანაში მსვამს და დიღმის კაპეზესკენ ვიძრებით. გული ამოვარდნაზე მაქვს, ჩემ თავზე საერთოდ აღარ მეფიქრება და ვუყვები იქ გაგონილ დიალოგს ჩემს მენტებს.
არაფერს ამბობენ. მერე ლევანი მიტრიალდება და მეუბნება “შენ იცი როგორ გაგიმართლა საბურთალოს პოლიციამ რომ დაგიჭირა? ვარკეთილში, სამგორში ან სადმე იქით რო დაგმართნოდა ეს, იცი რას გიზამდნენ?”
რას მიზამდნენ-მეთქი.

ამოგაგდებდნენ ხერხემლიდან და გირტყამდნენ ჩაჯმამდე. სანამ იმ ჩვენებას არ დაწერდი რომელიც საჭირო იქნებოდა. ჩვენთან კიდე კარგად ექცევიან ხალხსო.
აი შიდა-მენტური ურბანული სნობიზმი მაკლდა სრული ბედნირებისთვის.
მივედით კაპეზეზე. ფილმებში როა რაღაც დებილობას რომ გაჭერინებენ ხელში და სიმაღლის საზომთან გიღებენ ფოტოს, ეგ გამიკეთეს. ვითომ მთელი ამ აბსურდული ისტორიის სტრესი და სევდა არ მეყოფოდა, სიმაღლეშიც უფრო დაბალი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა. ჩემს მენტებთან გამომშვიდობების დრო დადგა და სვანი რაღაცნაირად ბოდიშის მოხდით დამემშვიდობა. გულწფერლად ვიგრძენი რომ ერთადერთი ადამიანი იყო მთელ ამ ისტორიაში, რომელსაც არ უსწორდებოდა რომ ესე მოქცევა უწევდა ჩემთან. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, საუკეთესო დახასიათებას დაგიწერო. გამეცინა და დავემშვიდობე.

გადამაბარეს კაპეზეს ბადრაგს და საკანში შეყვანამდე, მიდი ეხლა ფეხსაცმლიდან შნუროკები გაიძრეო.
რა შნუროკები გავიძრო, რა შუაშია-მეთქი?
თავი რო არ ჩამოიხრჩოო.
ვახ ჩემი კარგი…
უკვე თენდება, ვკვდები ისე მეძინება და ისე ცუდად ვარ. დასტრესილი, გაუბედურებული. მინდა რომ დავიძინო, გავიღვიძო და ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს. გავიძრე შნუროკები, შევედი საკანში და პირველივე დიალოგისას უკვე იქ მყოფ პატიმართან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან გამანადგურებელ სივრცეში შევაბიჯე.
გაუმარჯოს ბრატო.
გაუმარჯოს-მეთქი.
თუ იცი რომელი საათიაო?
6-მეთქი.
დილის თუ საღამოსიო?…
არ უხუმრია. მართლა აინტერესებდა…

სიტყვაც აღარ მითქვამს, დაახლოებით 15 წუთი ჩუმად ვიჯექი და მივხვდი, რომ აი ამ 15 წუთში გავტყდი. დუხზე დავვარდი. განყოფილებაში ტურების ხროვაში მოხვედრილ მებრძოლად გრძნობ თავს, თავის დაცვის ინსტიქი გერთვება, ხან ვინ საიდან გეცემა, ხან ვინ საიდან და ხოდზე ხარ, რომ ყველა მოიგერიო, თავი დაიცვა, მარტო დარჩენილ მებრძოლად გრძნობ თავს. მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია. აქ კიდე მარტო რჩები შენ თავთან, ყველას ფეხებზე კიდიხარ. ხარ პატიმარი ნომერი X, რომელზეც X გრამის წიწიბურაა გამოყოფილი. შეჭამ, შეჭამ. არ შეჭამ და მოგსტყვნია პატრონი. არავის ჭირდები, არავის აინტერესებ. იწყებ ფიქრს და აი მანდ გენძრევა.
იქვე დადებული უთხელესი, გაბუნტყლული პლედი ავიღე და მართალია შიდა მაიკაში, როლინგში, ზედაში და პალტოში ჩაცმულსაც მაკანკალებდა ისე ციოდა იქ, მაგრამ ეგრევე დავიძინე.
გაღვიძებისას მივხვდი, რომ უკვე იმ ტიპივით ვიყავი, ამ ოთახში შემოსვლისას რომ მელაპარაკა. წარმოდგენა არ მაქვს 8 საათი მეძინა, 2 საათი თუ 15 წუთი. შუქი და განათება იქ სულ ერთნაირია. ბადრაგმა შემოყო თავი და კალმახელიძე რომელიაო?
მე ვარ-მეთქი.
კარებიდან იმდენი ლობიანი მომაწოდა, მივხვდი კაჭახა და შათირა იქნებოდნენ. ხო, კიდე რაღაც გაუბედურებული ქართული ლიმონათი.
ბადრაგს ნახევრად ხუმრობით ვკითხე, რა იყო კოკა-კოლა დაენანათ-მეთქი?
კოკა-კოლა შავია და არ შეიძლება. მარტო გამჭირვალე სითხის შემოგზავნის უფლებას ვაძლევთო.
კაი, ბაზარი არაა-მეთქი.

პირი ვერ დავაკარე ვერაფერს და იქვე მყოფ 2 ტიპს გავუზიარე ჩემი საჭმელი. რამდენიმე საათის მერე კარებში ისევ შემოყო თავი ბადრაგმა: “კალმახელიძე, ადვოკატიაო.”
ჩავიცვი ჩემი შნუროკებგაცლილი ფეხსაცმელები და გავყევი ბადრაგს ადვოკატთან.
მაგარ შარში ხარო.
გისმენ-მეთქი.

მოკლედ, ყლეურად არის ეს კანონი და არავითარი გარჩევა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის არ არის. ბარიგა ხარ ტრაილერით, თუ პირადი მოხმარებისთვის მიდიხარ კლუბში მაგას შენ სასამართლოზე არავინ შეგეკითხება. კანონით, 0-ს მერე, 0.01-ც დიდი ოდენობაა, 1 გრამის მერე კიდე განსაკუთრებით დიდიო.
ანუ-მეთქი?
ანუ ეხლა შენი MDMA ლაბორატორიაშია, თუ 1 გრამზე ნაკლები იქნება 5-დან 8 წლამდე მუხლი გიდგება, თუ 1 გრამზე მეტი, 8-დან 20 წლამდეო.
კანკალმა ამიტანა. 5 წელი.. 8 წელი.. ხო ხვდებით ეს რამხელა დროა? რატო? რისი გულისთვის უნდა გაუკეთო შენ მოქალაქეებს ეს. თან ერთი და ორი კიარა, ათასობით ადამიანი იხდის პირადი მოხმარების გამო ასეთ მკაცრ სასჯელს.
კარგი მიდი, რაღაცას მოვიფიქრებ და ხვალ შემოვალო. – დამემშვიდობა ადვოკატი და მეც სრულიად განადგურებული კამერისკენ წამიყვანა ბადრაგმა.
ჰააა ზემოთ გყავს ვინმეო?
რა ზემოთ-მეთქი?
აბა მალხაზას შენთან რა უნდაო?
ვერ გავიგე, რას მეუბნები-მეთქი.
ეს ტიპი მალხაზ ველიჯანაშვილი იცი რა კამანდის ადვოკატია? ახალაიები, მერაბიშვილი, მილიონერი ბიზნესმენები, ვინმე კიტი თუ ზის, ყველასთან ეს მუშაობს, შენნაირ მელკი ყლეობებზე მალხაზა არ დადისო.

ვერ გავიგე ან ამ ბადრაგს რა უნდოდა, ან ეს მალხაზი ვინ გამომიგზავნა, ან ჩემი 8 წლით დაჭერა რატოა მელკი ყლეობა. კამერაში შევბრუნდი.
მალევე ახალი ბიჭი შემოაგდეს. აცრემლიანებული თვალები ჰქონდა, მაგიდასთან მომიჯდა. მე, კაჭახას და შათირას შემოგზავნილი ლობიანი და ის იდიოტური ლიმონათი შევთავაზე.
მომიყარეს, მომიყარეს. დედის სულს ვფიცავარ, მართლა მომიყარეს. – მარტო ამ ფრაზას ამბობდა პერიოდულად.
რას ნიშნავს მოგიყარესო? კითხა მეორე ტიპმა.
პლანით დამიჭირეს. მაგაზე ახალი კანონით ვერ დამიჭერდნენ, მარტო ადმინისტრაციულიაო და ამიტომ ზემოდან ბიო ქონდათ და ის მოაყარესო. ეგრე უკვე სისხლის სამართალია და გამსროკავენო. – თან ცრემლები ასკდებოდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა.
ყველა დიალოგი უფრო და უფრო მსტრესავდა. ამიტომ დავწექი და ვეცადე ხვალინდელ დღემდე და მალხაზთან შეხვედრამდე, უბრალოდ ჩუმად ვყოფილიყავი. თან გონებაში ისტერიულად ვითვლიდი. 20 წელი რამდენი დღეა.. 8 წელი რამდენი დღეა.. 5 წელი რამდენი დღეა..
ძალიან დიდი დროის მერე, ხვალინდელი დღეც დადგა და ისევ დამიძახეს ადვოკატთან შესახვედრად.
მალხაზს რაღაც ფურცლები ეჭირა და ძალიან საქმიანად დაიწყო საუბარი. “გილოცავ, ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა და პირველი კარგი ამბავი მაქვსო. 0 მთელი 11 მეათასედი გრამი იყო შე საცოდავო შენი MDMA და 8-დან 20-წლამდე ვეღარ დაგიჭერენო.”
ანუ-მეთქი?

ანუ ეხლა 5-დან 8-წლამდე დაგიჭერენო.

ვახ, რა კარგი ამბავი გქონია-მეთქი…

გამომძიებელში გაგიმართლა, ვიცი ეგ ტიპი, არაა სხვებივით გამწარებული და იმაზე გადართული რო ოღონდ ვინმე გასროკოს და გაამწაროსო. წეღან ველაპარაკე, რაღაც კარგ ამბებშია და გადასარევ ხასიათზე იყო, საპროცესოზე უეჭველი წამოვა. ეხლა საკითხავი ისაა, 3 წელი მოგიწევს, 2 წელი თუუუ …
თუ რა? თუ დარბაზიდან გამიშვებენ? ეგეც შეიძლება? გეხვეწები მითხარი-მეთქი.
პირობითი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ხნით მოგიწევს. ფულის გადახდაც. აი დარბაზიდან გაშვებას ვერ დაგპირდები, 2-3 წელს ალბათ მაინც მოგცემს. მაგრამ მე ყველაფერს ვეცდები. ხვალაც თუ ესე კარგ ხასიათზე იქნა და ჯიგრულად მელაპარაკა, ყველაფერი შეიძლებაო.
შენ მართლა ახალაიას და მერაბიშვილის ადვოკატი ხარ-მეთქი?
კიო.
მერე ტიპებმა რეები აკეთეს და ჯარისკაცებისთვის აჯიმანიების კეთების მეტი ვერაფერი დაამტკიცებინე და ჩემ 0 მთელ 11 მეათასედზე და ამ აბსურდზე, ნუ დააჭერინებ ამათ ჩემ თავს-მეთქი.
კაი, ეგ შენი საქმე არააო. მოკლედ ვნახოთ, ვერაფერს დაგპირდები. მეჩქარება ეხლა და აბა ხვალამდე, ხვალ სასამართლოა და ილოცე რომ ყველაფერი კარგად იყოსო.

უკან როცა დავბრუნდი, საკანში აღარავინ იყო, მარტო დავრჩი. მალხაზის ნახვიდან სასამართლოზე შეყვანამდე დრო, ყველაზე გრძელი 24 საათი იყო ჩემ ცხოვრებაში. ბიპოლარული აშლილობის ზღვარზე მივედი. ხან დიდი ხანი ვიწექი გათიშული და ვერ ვდგებოდი, ხან დიდი ხანი უბრალოდ წინ და უკან დავდიოდი, ვერ ვჩერდებოდი. ჩემი ადვოკატის სიტყვებზე მეფიქრებოდა. “ილოცე”. რატომღაც ყოველთვის ირონიულად ვუდგებოდი იმ საკითხს, ციხეში პატიმრები უცბად რწმენაში რომ გადავარდებიან ხოლმე და ფსალმუნების კეთებას იწყებენ. მაგრამ აქ მარტო დარჩენილი, საკანში დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ შენ გჭირდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ სადღაც რაღაც არსებობს, რომელიც ამ უსამართლობას მარტოს არ შეგატოვებს. დაგიცავს.
როგორც იქნა გათენდა, მომაკითხეს მენტებმა და მალხაზმა. ვუყურებ და სანამ მეტყვის რა მელის, ყველა კომბინაცია დამირბის თავში. რამდენი ხნით უნდა ჩავჯდე? 2 წელი? 8 წელი? 5 წელი? გამიშვებენ?

მალხაზმა დაიწყო: მოკლედ ეგეთი ამბავია. 5 წელს მოგცემენ. ოღონდ პირობითს. გასვლით სასამართლოდან გახვალ, ზემოდან კიდე 5000-ს გადახდა მოგიწევსო.
სასამართლო ეს იყო სრული ფორმალობა. მეც, ჩემი ძმაკაცებიც, ადვოკატიც, მენტებიც, მოსამართლეც, ყველანი ვხვდებოდით რამდენად დიდ აბსურდში ვიღებდით მონაწილეობას. მაგრამ სადღაც, საკუთარ კომფორტის ზონაში შეყუჟულ ადამიანებს, იქიდან გამოსვლა, ინიციატივის აღება, ცვლილებების დაწყება ეზარებათ, ეშინიათ, არ უნდათ, ვერ ბედავენ.

20-მდე ფორმალური კითხვის მერე, რომელზეც კი და არა უნდა მეპასუხა, უკვე გარეთ ვიყავი და ვსუნთქავდი იმას, რასაც ჯერ კიდევ წინა დღით ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდხანს ვერ ჩავისუნთქავდი. თავისუფლების ჰაერს.

ეს თავისუფლება არ იყო სრულყოფილი და შემდეგი წელიწადზე მეტი, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. კვირაში ერთხელ მიწევდა სიარული პრობაციაზე, სადაც ჩასაფრებული მენტები პრობაციონერებს იტაცებენ და ნარკოლოგიურში მოსაფსმელად მიყავთ. წამართვეს მართვის მოწმობა, ამიკრძალეს ქვეყნიდან გასვლა. ძალიან ძალიან შევიცვალე იმ პერიოდში. მქონდა ძლიერი დეპრესია. სულ შიში რომ სადღაც ვიღაც დამხვდებოდა, რამეს ჩამიდებდნენ და მერე მე პირობითიანს აღარავინ აღარაფერს დამიჯერებდა. ძალიან დიდი ხნით გამომკეტავდნენ. ჩავჯექი სახლში, წამოვედი სამსახურიდან, დავშორდი შეყვარებულს, აღარ დავდიოდი უნივერსიტეტში, სულ მეგონა რომ მისმენდნენ, მითვალთვალებდნენ.. ერთადერთი ვისთანაც დავდიოდი იყვნენ ფსიქოლოგები, რომლებიც რეალურად ვერც ვერაფერს მშველიდნენ. ვეთამაშებოდი სუიციდურ აზრებს და სისტემასთან ამ დაჯახების მერე, ძალიან, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ისევ იმ ადეკვატურ სულიერ მდგომარეობაში დავბრუნებულიყავი, რომელშიც ეხლა ვარ. მაგრამ ყოველთვის როცა დემურ სტურუას, ლუკა სირაძის და სისტემის სხვა მსხვერპლების ახალ-ახალ ისტორიებს ვგებულობ, ჭრილობები თავიდან იხსნებიან და მაშინდელი გრძნობები ჩემთან ბრუნდებიან ხოლმე.
ხო, პრინციპში სულ ეს იყო რისი თქმაც ამდენი ხანი მინდოდა, მაგრამ რაღაცეების შიშით, ვიღაცეების გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ჩემი წილი “მხილება” ამ დანაშაულებრივი სისტემისადმი, არასდროს ყოფილა საჯარო.

არ ვიცი ეხლა საფრთხეში ჩავიგდე თუ არა თავი, მაგრამ სტატუსს სპეციალურად ვწერ Public-ზე, გაზიარების ფუნქციით. რადგან მგონია, რომ თუ უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა ამ ამბავზე, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. და თუ ვინმე სისტემის წარმომადგენელს ამ სტატუსის მერე ჩემზე შურისძიების სურვილი გაუჩნდება, ამას ვეღარ იზამს. ან თუ იზამს, გეცოდინებათ რატომაც.

წყარო: FB-პოსტი

___

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები – მთავარი

ტელეკომპანია მთავარი წუხელ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციის დაჭრის კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს თუ როგორ აკავებს დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე პირს, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა.

ყელის არეში დაჭრილ პოლიციელს წუხელ გვიან ღამით ჩაუტარეს ოპერაცია. „ოპერაცია დასრულდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა.

„ოპერაცია დასრულდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში დღეს, 18 დეკემბერს, მიაყენეს. ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა.

____________

ფოტოზე: შემთხვევის ადგილი. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე 

ამავე თემაზე: 

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

 

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

18 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა.

დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა” – მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით და დუმილით გააპროტესტეს 15 წლის მოზარდის დაღუპვა.

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში,” – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა  11 დეკემბერს სცადა, ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობის ეზოში შეპარვას და სკოლის კედლებზე წარწერების დატოვებას ედავებოდა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

_____

სუიციდი არ არის გამოსავალი! 

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკე: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ჰონორარების გაზრდის საკითხზე იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭო 19 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ სხდომაზე ჰონორარების გაზრდის საკითხს განიხილავს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის განსაზღვრის საკითხის განხილვა” სხდომის დღის წესრიგში მეოთხე საკითხადაა ჩასმული.

“ბათუმელებმა” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს ჰკითხა, მიიღებს თუ არა საბჭო წევრებისთვის ჰონორარების გაზრდის გადაწყვეტილებას.

“მე ეჭვი მაქვს, რომ ამ სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, იმიტომ, რომ წინა სხდომაზეც იყო შეტანილი ეს საკითხი და განხილვა არ მომხდარა,” –  ამბობს გიგა ჩხარტიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება მიმდინარე წლის ივლისში გაიზარდა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, საბჭომ თავიდან იმსჯელა და ხელფასები შეიმცირა.

„არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი“ – სოლიდარობა და პროტესტი ბათუმში

„ეს არის სოლიდარობაც და პროტესტიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო ბერიძემ, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა, დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე. აქციის წევრები უნივერსიტეტთან პლაკატებით მივიდნენ, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც და მოსწავლეებიც.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა ქვეყანაში და არ მინდა ასეთი დღეები გვითენდებოდეს. მთავარი სათქმელი აქ მაქვს“ – გვითხრა სოფიომ და პლაკატი გვაჩვენა წარწერით – „ჩემი და შენი შვილებისთვის“.

აქცია ბათუმში

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, „ალტერნატივას“ წევრები, სტუდენტები და მოსწავლეები.

„დამნაშავედ ვგრძნობთ თავს ახალგაზრდობა იმიტომ, რომ ვერ დავიცავით  ლუკა. უნდა დაინგრეს მკვლელი სისტემა და აუცილებლად შევცვლით ახალგაზრდები ამ სისხლიან სისტემას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიგა ნაგერვაძემ, საზღვაო აკადემიის სტუდენტმა. იგი ამბობს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ლუკა არ არის სისტემის პირველი მსხვერპლი. „რაფალიანცის საქმე, დათო სალარიძე, მაჩალიკაშვილი… ესენი არიან ამ სისტემის მსხვეპლები,“  – ამბობს გიგა.

ქეთი ბოლქვაძე გონიოს 30-ე სკოლის მოსწავლეა. აქციაზე გამოვიდა, რადგან, მისივე თქმით, მიუღებელია ის, რაც მოხდა:

„არ შეიძლება სახელწიფო და კონკრეტულად პოლიცია ძალადობდეს 15 წლის მოზარდზე, რომელსაც ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებულიყო. ვგმობთ ამას და აქ ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ, მომავალი ვართ ჩვენ და ჩვენ შევცვლით ამ სისტემას, ამის მჯერა,“ – ამბობს ქეთი. იგი ამბობს, რომ დღეს სკოლაში, მეგობრებთან, მთავარი განხილვის თემა სწორედ ლუკას გარდაცვალება იყო.

„ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი, არავინ იცის“ – გვითხრა კიდევ ერთმა მოსწავლემ, ილია თაყაიშვილმა.

აქციას ესწრებოდა მეთორმეტეკლასელი თამთა ფერსელიძეც. მან გვითხრა, რომ იურიდიულზე აპირებს სწავლას და მისთვის ეს საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აქ ვართ იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს უსამართლობა. პოლიცია არ უნდა ზემოქმედებდეს 15 წლის ბავშვზე იმ დონეზე, რომ მიიყვანოს სიკვდილამდე. ოჯახებში გაჩნდა შიში. მართლა არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი და ერთმანეთი უნდა დავიცვათ,“ – ამბობს თამთა.

დღეს, საღამოს რვა საათზე, ევროპის მოედანზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

წარწერა უნივერსიტეტთან

 

ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

„პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები?… გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს პროტესტი“ – ამ და სხვა დარღვევებს „ლუკა სირაძის საქმეში“ ეკა ბესელია ხედავს. როცა იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მიიღო იმ გზავნილით, რომ კოდექსი არასრულწლოვნების დაცვის გარანტი იქნებოდა, მათ შორის, მაშინ, როცა ბავშვი მოწმეა და მას საგამოძიებო ორგანოში იბარებენ.

რა პირობებში უნდა გამოიკითხოს ან დაიკითხოს არასრულწლოვანი და რა ჩანს არასრულწლოვანთა კოდექსთან მიმართებით „ლუკა სირაძის“ საქმეში? – „ბათუმელებმა“ ეკა ბესელიას ინტერვიუ  ჩაწერა.

  • ქალბატონო ეკა, დღეს, როცა გამოძიებაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ლუკა სირაძე გარდაცვლილია და ამ საქმეზე გამომძიებელია დაკავებული, რა შეგიძლიათ თქვათ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც მიიღეთ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად? 

ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა. როგორც კი ობიექტური და არა მიკერძოებული გამოძიება გაარკვევს, თუ რა მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფერში, უნდა მოხდეს ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობა იმ პირების, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ბავშვის სიცოცხლის ასე ტრაგიკულად დასრულებაში. მე შემიძლია გითხრათ, რა წერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რა არის სტანდარტი, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და შემდეგ პროცესის მონაწილეებმა უნდა შეაფასონ, იყო თუ არა დაცული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ძალადობრივ ქმედებასთან არასრულწლოვნის მიმართ, რადგან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ როცა მივიღეთ, მთავარი, რისთვისაც მივიღეთ, იყო ის, რომ არასრულწლოვნის მიმართ უნდა იყოს დადგენილი გამონაკლისი, განსაკუთრებული წესები, მაგალითად, მისი მოწმის სახით გამოკითხვის, ან დაკითხვის დრო უნდა იყოს დღის საათები და არ შეიძლება არასრულწლოვანი დაიკითხოს 22 საათიდან დილის რვა საათამდე პერიოდში, ასევე არ შეიძლება დაიკითხოს მარტო, მას უნდა ესწრებოდეს კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგი. არასრულწლოვნისთვის იურიდიული დახმარებაც უნდა იყოს უფასო, როცა ბავშვს ეს სჭირდება და არ შეუძლია ჰყავდეს დაქირავებული ადვოკატი. ეს ყველაფერი ჩავწერეთ თავის დროზე იმისთვის, რომ არსებობდეს მაქსიმალური გარანტიები.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

გამოძიებამ ასევე უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობა, მისი ასაკი, გარემო, წარსული, პირობები, რაშიც იზრდება და ასე უნდა მიმდინარეობდეს მისი გამოკითხვა ან დაკითხვა.

  • ამ კოდექსის მიღების შემდეგ, როგორც ვიცით, გადამზადდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობენ ახლა. თქვენი ინფორმაციით, რა შეცვალა ამ გადამზადებამ? 

მე არ მგონია, რომ ყველა ის გამომძიებელი ან პროკურორი, ვინც ფორმალურად გაიარა რაიმე ტრენინგი, მისაშვები იყოს ბავშვებთან, ამას სხვა ტიპის მუშაობა და ანალიზი სჭირდება, გამოცდილება. ამ გამომძიებელსაც, რომელიც ლუკა სირაძესთან მუშაობდა,  აქვს ალბათ სერტიფიკატი, მაგრამ მის წარსულს რომ გადავხედოთ, სერტიფიკატი უშველის? ნიკა გოგუაძე რასაც ყვება დღეს ამ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით, ესაა მნიშვნელოვანი – ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იყო არაადამიანური მოპყრობა და წამება ნიკა გოგუაძის მიმართ და ეს გამომძიებელი ისევ სისტემაში მუშაობს.

  • თქვენ საუბრობთ 2011 წელს მომხდარ ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციაზე“, რომლის დროსაც ნიკა გოგუაძე დააკავეს. ევროსასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დააფიქსირა კანონდარღვევები ამ საქმეში. „ლუკა სირაძის საქმეშიც“ და 2011 წლის შემთხვევაშიც გამომძიებელი იყო მარიანა ჩოლოიანი. თქვენ ფიქრობთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ გამომძიებელს საგამოძიებო ორგანოში აღარ უნდა ემუშავა? 

რა თქმა უნდა, აქამდე უნდა მომხდარიყო რეაგირება ამაზე. ჩვენ ნიკა გოგუაძე თავის დროზე პოლიტპატიმართა სიაში შევიყვანეთ ზუსტად იმიტომ, რომ არ იყო არანაირი გარანტიები მიუკერძოებელი მართლმსაჯულების. წარმოიდგინეთ, რომ ამ საქმეში მონაწილე გამომძიებელი არის ლუკას საქმეშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არ მუშაობს არც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით შესაბამისი სტრუქტურები.

იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები რას აკეთებდნენ, როცა ეს გადაწყვეტილებები მიიღო ევროსასამართლომ, წაიკითხეს მაინც? რა დაადგინა სასამართლომ, ვინ იყვნენ გამომძიებლები, დარჩნენ თუ არა ისინი ისევ სისტემაში? დღეს ლაპარაკობენ დაზეპირებული ფრაზებით. საერთოდ ვერ ერკვეოდა ვერც ოხანაშვილი და ვერც კილაძე, რა იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. მათ უნდოდათ, რომ კომიტეტი ყოფილიყო წამყვანი ამ პროცესში და ამაზე იყვნენ გადართულები.

  • რის გაკეთება შეეძლო პარლამენტს სამართლებრივად? თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, როცა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვინმე სისტემიდან გაეშვათ? 

2013 წლიდან ყოველ წელს სპეციალური დადგენილება გამოგვქონდა და მე, პირადად, ვმუშაობდი ამ დადგენილებებზე. მაშინ რეკომენდაციებს ვაძლევდით ძალოვან უწყებებს, რომ ყველა საქმე, რომელიც იყო ძალადობრივი, გამოეძიებინათ და კოჰაბიტაციის ნაცვლად, უნდა მომხდარიყო სისტემური ცვლილება. ჩემს დროს არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული [ნიკა გოგუაძის დაკავება]. ყველაზე გახმაურებული საქმე იყო „სანდრო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და მაშინ ჩვენ ბევრი ცვლილება შევიტანეთ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, შევცვალეთ ეს სიმახინჯე. ერთ-ერთი ბოლო საქმე კი იყო „ნიკა გოგუაძის საქმე“, რომლის ანალიზი არც ერთ უწყებას არ მოუხდენია.

ძალოვან უწყებებს რომ გაეწმინდათ საკუთარი სისტემა მოძალადეებისგან, დღეს ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის სისტემური პრობლემის გამოძახილი, როცა ხელისუფლებამ გადმოიბარა ძველი სისტემა და ვერ მოახერხა ამ უწყების შიგნით დაეწყო სისტემური ცვლილებები.

  • რატომ ვერ მოახერხა – აწყობს ხელისუფლებას ეს სისტემა, რესურსი არ ჰყოფნის, თუ მგრძნობელობა? 

მგრძნობელობა არ აქვთ საკმარისი. რესურსი არსებობს, მაგრამ თავის დროზე არ იყო საკმარისი პრინციპულობა უწყებების ხელმძღვანელი პირების მხრიდან, რომ მათ ბოლომდე მოეხდინათ შიგნით ეს სისტემური ცვლილებები. ეს საქართველოა, არ დაილია ამ ქვეყანაში ახლობელი, ნათესავი და პატრონი. ეს ფაქტორები, როგორც ჩანს, არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამართლიანობა. ამ ყველაფრის შედეგია ის ტრაგედია, რაც ახლა გვაქვს.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ცნობილია ლუკა სირაძის საგამოძიებო ორგანოში დაკითხვასთან დაკავშირებით. რა პრობლემები ჩანს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გათვალისწინებით? 

საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ რაც ჩანს, არის რამდენიმე გამომძიებლის პრობლემა. საინტერესოა, რატომ დაიბარეს ბავშვი საერთოდ დაკითხვაზე? რა აუცილებლობა იყო საგამოძიებო ორგანოში ამ ბავშვების გადაყვანის, როცა კედელზე რაღაც ნახატებს ეხებოდა საქმე? ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომლის გამოც არასრულწლოვანი შეიძლება წაიყვანო გამომძიებლებთან. ჯერ ეს არის გამოსარკვევი, რამდენად რელევანტური იყო გამომძიებელთან ბავშვის მიყვანა.

  • თქვენი აზრით, რა უნდა ექნა გამოძიებას? 

პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები? იქნებ ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა მხოლოდ და მშობელს შეეძლო ფინანსური ჯარიმით ამის გამოსწორება, თუ რამე ზიანი მიადგა სკოლას. მე ვფიქრობ, რომ გამომძიებელთან ბავშვის მიყვანა ამ საქმეზე არ იყო სწორი, გამოძიების ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავ ამ დროს. გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ამ ბავშვს ეს პროტესტი.

  • პრემიერი გახარია ამბობს, რომ ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯებაო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

სამწუხაროდ, ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო და სიკვდილს ებრძოდა, ვისმენდით კომენტარებს, არაფერიც არ მოხდაო. როცა გარდაიცვალა და საზოგადოება ფეხზე დადგა, მერე დააკავეს გამომძიებელი. სახელმწიფო ინსპექტორისთვის [ინსპექტორი იძიებს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს] უმძიმესი გამოცდაა ეს საქმე. თავის დროზე ჩვენ ვაპროტესტებდით იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეული არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ეს უნდა ყოფილიყო გარე პირი, რომ ამ სამსახურს ჰქონოდა მიუკერძოებლობის გრძნობა. ახლა არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ინსპექტორი ლონდა თოლორაია შსს-დან გადმოვიდა ამ  თანამდებობაზე. მე არ მინდა, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დიდი გამოწვევები აქვს ამ სამსახურს.

ეს საქმე უდიდეს გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე, რადგან იგი წარსულის დაუმთავრებლობის გამოძახილია. მგონია, რომ ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში.

____

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკე: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, დედა, რომელმაც ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქალი, რომელმაც, ბერძნული მედიის ცნობით, ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის ჩვილი, საკუთარი შვილი გადააგდო.

შემთხვევა კალამატაში დღეს, 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც დილით ნაგავს ყრიდა. მან ნაგვის ბუნკერში, ჩანთაში ახალშობილი იპოვა და პოლიციას აცნობა.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან დღეს ქალაქში დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ნაგავი გააქვთ, შემოვლა დააგვიანდათ. დასუფთავების თანამშრომლები ნაგვის გატანისას, მანქანის ხმაურში ვერ გაიგებდნენ ბავშვის ხმას. კალამატაში ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ.

 

პოლონეთში, ინდუსტრიულ ფორუმს აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაესწრნენ

2019 წლის 12-14 დეკემბერს, პოლონეთის  რესპუბლიკის ქალაქ კარპაჩში, გაიმართა მე-4 ინდუსტრიული ფორუმი. პანელში „კულტურული ინდუსტრიის როლი რეგიონის განვითარებაში“ მოხსენება თემაზე „არაფორმარული დუალური განათლების როლი წარმოების განვითარებაში“ წარადგინა შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“ -ს დირექტორმა, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების ქალაქ ბათუმის დელეგატმა ლეილა გოგიტიძემ;

ლეილა გოგიტიძე და ასლან ლორთქიფანიძე
ლეილა გოგიტიძე და ასლან ლორთქიფანიძე

მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთდა აჭარის რეგიონში მომუშავე როგორც კერძო ისე სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების ფორმალური და არაფორმალური დუალური განათლების როლზე  ეკონომიკის განვითარებაში;

ლეილა გოგიტიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კულტურული ინდუსტრიის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ეფექტური ლოჯისტიკური ბიზნეს საქმიანობა, რომლის მაგალითადაც მოიყვანა კომპანია „ MSZ GEORGIA” -ს  მუშაობა;

„ MSZ GEORGIA”

სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მომუშავე კომპანია „ MSZ GEORGIA” აჭარის რეგიონში პორველი ლოჯისტიკური  ბიზნეს სუბიექტია, რომელმაც კოლეჯ „გოლდენ სიი“-სთან პარტნიორობით არაფორმალური დუალური განათლების განხორციელების პროცესი დაიწყო შესაბამის სპეციალობებში და შესაბამისად, გადამზადებული კადრები დასაქმდებიან კომპანიაში;

 

პანელში „როგორ გავზარდოთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა“ მოხსენება თემაზე „აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი“ წარადგინა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძემ. მან მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გააკეთა გონიოს, გომარდულისა და გოდერძის საინვესტიციო მიმზიდველობაზე;

ფორუმის მიზანი იყო ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი თვითმართველობების და საექსპერტო ჯგუფების  წარმომადგენლები;

ფორუმის ფარგლებში პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ სტანისლავ რაზნიევსკმა და საქართველოს საპატიო კონსულმა ქალაქ ვროცლავში ვოიჩეხ ვრუბელმა ხელი მოეწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს;

მემორანდუმის ხელმოწერის პროცესს ესწრებოდენ: პოლონეთის რესპუბლიკის ქვედა სილეზიის მარშალი ცეზარ ფშიბილსკი, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პოლონეთის რესბუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე „გოლდენ სიი“-ს დირექტორი ლეილა გოგიტიძე, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსი“-ის დირექტორი გიორგი გოგიტიძე.

 

 

#ბოდიშილუკა – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციაზე შეიკრიბნენ.

აქცია ერთდროულად იყო სოლიდარობის და საპროტესტო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ დღეს ქუჩაში დადგნენ იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს და რომ “სისტემა უნდა დაინგრეს”.

“ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”, “მშიშარაა, ვინც ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერია”, “სისტემა კლავს” – ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატები ჰქონდათ მოქალაქეებს.
უნივერსიტეტიდან აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის სამმართველოსკენ დაიძრნენ მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით.

დღესვე, საღამოს რვა საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილია მორიგი საპროტესტო აქცია.

ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
საპროტესტო სტენსილები ქუჩაში ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

______

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკე: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

Exit mobile version