Batumelebi | „მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე „მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე – Batumelebi
RU | GE  

„მგონია, სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა“ – მოქალაქე ლუკა სირაძეზე

ავტორი: საშკა კალმახელიძე

დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო..
მე-2 დღეა იმ ბიჭის მეტზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობ. ალბათ იმიტომ, რომ მგონია სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა. რა პრესი გაიარა. სად გატეხეს. როგორ მიუდგნენ. რა აგრძნობინეს.

ამ ამბავზე არასდროს არც დამიწერია, არც მილაპარაკია, არც ვინმესთან შემიმჩნევია, გრძნობები ამომილაგებია და საერთოდ თუ რაიმე ფსიქოლოგიური მექანიზმი არსებობს, ყველას გამოყენებას ვცდილობ რომ დავივიწყო. ხანდახან გამომდის, ხანდახან არა.

ეს არის ამბავი რომელიც იციან დედაჩემმა, ჩემმა 4-მა ძმაკაცმა, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა და მე.
იმიტომ რომ სირცხვილია.. იმიტომ რომ საშიშია.. იმიტომ რომ ვერაფერს დავამტკიცებ და ხმამაღლა საუბარი მხოლოდ მე მომიტანს დამატებით პრობლემებს.. იმიტომ რომ იმიტომ რომ იმიტომ… იმიტომ რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს გაჩუმდეს სისტემის წინაშე. მაგრამ როდესაც 15 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან ხტება და თავს იკლავს, ამის იქით აღარაფერი არსებობს. აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

მოვყვები. შეიძლება საფრთხეში ვიგდებ თავს, მაგრამ მაინც მოვყვები.
ეს ამბავი 2017 წლის 27 იანვარს მოხდა. მე მიყვარს კლუბური ცხოვრება და ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ექსტაზი და MDMA. რომლებზე დამოკიდებულიც არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მოვიხმარდი მაქსიმუმ 2-3 თვეში ერთხელ და მერე დიდი ხნით ვისვენებდი. ყოველთვის როცა ერთ აბ ექსტაზს ვყლაპავ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს, ყოველთვის როცა ნახევარ ლიტრ სოფლის ორნახად ჭაჭას ვსვამ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამისთვის 2, 5 და 8 წლით არ უნდა მიჭერდეს. მაგრამ ეს ამ სტატუსის თემა არ არის. ეს იქ, ყველასგან მივიწყებულ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკასთან, დაშლილ “თეთრ ხმაურთან”, კანაფით ამოწურულ “გირჩთან” და იმ კაცთან დაგვაბრუნებს, ბოდიშით რომ იწყებს, ცრუ დაპირებებით აგრძელებს, გულანთებულ მომიტინგეებს შლის და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის მერე, საკუთარ გადაფურთხებულს უკან ლოკავს, არავითარ საკონმდებლო ცვლილებებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკს შესაცვლელად არ ატარებს და ისევ ამ ჭაობში გვტოვებს.
ეს სტატუსი სხვა თემაზეა. ჩემს წილ, პატარა მხილებაზე, ამ დიდი, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. სისტემის, რომელიც როდესაც ყველასგან იზოლირებულ სივრცეში მოგიხელთებს, ბეტონის გასაბრტყელებელი მანქანასავით გადაგივლის. ბოლომდე გაგწურავს და გაგტეხავს.
2017 წლის 27 იანვარს, თუ არ ვცდები პარასკევი დღე იყო და დიდხნიანი პაუზის მერე, ერთ-ერთი კლუბის ერთ-ერთი ივენთზე წასვლას ვაპირებდით მეგობრები. ძალიან ხანგრძლივი და პროცედურულად დატვირთული მცდელობის შემდეგ, სადღაც დედისტრაკში ავიღეთ MDMA, რომ კლუბში წავსულიყავით, გვეცეკვა, ცოტა ხნით სტრესებს დავმშვიდობებოდით და სასიამოვნო ღამე გაგვეტარებინა.

გამოვბრუნდით საბურთალოზე, რომ ივენთს დავლოდებოდით. დოლიძის ქუჩაზე მეგობრის სახლში ავდიოდით ორნი. მანქანა დავაპარკინგე და გადმოვედი, ჩემი მეგობარი შევიდა სადარბაზოში, მე ტელეფონი დამრჩა მანქანაში და როგორც კი უკან გამოვბრუნდი, ელვის სიჩქარით გამიჩერდა შკოდა, იქიდან 4 ტიპი გადმოხტა, ქურთუკის ზუსტად იმ ჯიბეში ჩამიყო ხელი რომელშიც MDMA მედო და მანქანაში ჩამტენა. “ჩაშვებული ვიყავი”.

დაბულინგება, დაცინვა და გაღადავება, რა თქმა უნდა, მანქანაშივე დაიწყო. ოთხივე ტიპი მეღადავება, დამცინის და რაც ყველაზე უცნაურია, ჩემი მეგობრის სახელს მეძახის. ვერაფერს ვაკავშირებ ერთმანეთთან, შეპასუხების არც ძალა მაქვს, არც სურვილი და ვზივარ ჩემთვის ჩუმად.
მარტო ერთხელ ვუპასუხე ძალიან ჩუმად, არ მქვია ეგ, ალექსანდრე მქვია-მეთქი.
ჰააა გაები …-ო – კიდე ერთხელ მომმართეს ჩემი მეგობრის სახელით.
არ მქვია …, ალექსანდრე მქვია-მეთქი.

იქვე ტელევიზიის გვერდით შენობასთან გააჩერეს შკოდა და ისე ძლიერად ხელჩავლებული გადმომიყვანეს მანქანიდან, გეგონება ჰალკივით მოვიქნევდი ოთხივე ტიპს ჰაერში, მერე უსეინ ბოლტივით გავიქცეოდი იქიდან და ბოლოს კოპერფილდივით გავქრებოდი.
შენობაში როცა შევედით, ქერა, ცისფერთვალება, დაბალმა ტიპმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამათი უფროსი იყო, ჯიბიდან საფულე ამომიღო და რომ ნახა მართლა ალექსანდრე ვიყავი, დანარჩენებს უთხრა, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, სხვა არიო.

მერე დიდხანს თათბირობდნენ რაღაცას.

შევედით პატარა ოთახში, სადაც როგორც ვხვდები არ არის კამერები და შესაბამისად, უკვე სხვა დონეზე შლიან ფრთებს მენტები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი რომ მცემეს. მაგრამ ისე მაკაჩავეს, ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში გამატარეს, ისე ყველა მხრიდან მძიძგნიდნენ, რომ ამას გულწრფელად მერჩივნა, ვინმეს უბრალოდ გათიშვამდე ვეცემე.

ბოლო დიალოგი, რომლის მერეც ერთის გარდა ყველა გავიდა ოთახიდან, ასეთი იყო:
შენ რო არ გვჭირდები ხო ხვდები? გააკეთე რასაც გეუბნებიან. გგონია მაგით ბლატნოი ბიჭი გახდები?- მკითხეს დამცინავი ღიმილით.
არა, არ მგონია-მეთქი.

ხოდა გაიგე რო რასაც ჩვენ გეუბნებით, ეგ ბოზობა კიარა თანამშრომლობააო. მაგ ბიჭს დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, უშენოდაც დავიჭერთ (ეს სიტყვა სხვათაშორის მართლა აასრულეს) და შენ კიდე გეტყობა წესიერი ბიჭი ხარ, საერთოდ არასდროს არაფერში არ ხარ შემჩნეული, ხოდა ეხლა გაქვს შანსი, თავი გადაირჩინო. თუ ყველაფერს ისე იზამ როგორც გეტყვით, დღესვე უკვე გარეთ იქნები. რატო იმწარებ ცხოვრებასო?

ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი ყველაზე დიდ პროვოკაციაზეც, ყველაზე დიდ დამცირებაზეც, არაფერი მეპასუხა. ამათთან იქ მცირედი შეპასუხებაც მხოლოდ ჩემზე იმოქმედებდა ცუდად. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი იმის გაკეთებას რასაც ხან მთავაზობდნენ და ხან უბრალოდ არ გაკეთების შემთხვევაში, მემუქრებოდნენ. მემუქრებოდნენ ძალიან ცუდად.

უცბად ოთახში შედარებით მსუქანი ტიპი შემოვიდა და აი ცხოვრებაში რო არავის არ ვუცნივარ სილკ ტვ-დან, მაინცდამაინც ამან მიცნო. ესა ბიჭო, ის არ არი ფუტბოლები რო მიყავსო? მერე მეორეს წამოარტყა და ჰაჰაჰა, ტელევიზიონშიკები შენი ბედიაო.
ამანაც შეიფერა ეს ხუმრობა და ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ მსახიობზე მკითხა, ეგ ხო იცი ვინ არიო?

არ ვიცი, რატო უნდა ვიცოდე-მეთქი.
აი ზუსტად 3-4 დღის წინ, როგორც შენ მიზიხარ ეხლა თვალწინ, შენზე უფრო ჩაჯმული სახით, წინ მეჯდა და ეგრე არ ამბობდა არაფერსო. ხოდა ნერვები მომეშალა და გავაფუჭეო. აი ლიჩნად მე გავაფუჭეო. ხოდა სუსტი ნერვები მაქვს და როგორც გეუბნები ისე თუ არ მოიქცევი და ეგრე ჩუმად იჯდები, ეხლაც ნერვები მომეშლება და შენც გაგაფუჭებო. აი ლიჩნად მე გაგაფუჭებ შენო. ამის მერე ყვირილი დაიწყო, იცი რამდენი ჩამოიტანაო? იცი რამდენი ჩამოიტანაო? შე თესლო, შენ გამო მაგდენს ვინ ჩამოიტანს, გახეხინებენ და გახეხინებენო.

კიდე ცოტა ხანი სიჩუმე იყო და მერე ინიციატივა ისევ იმ დაბალმა, ქერა, ცისფერთვალება მასტმა აიღო, რომელმაც ისეთი რამე გააკეთა, რომ მაგის სახე ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
დავაი აბა ეხლა მარტო დამტოვეთ ამ კაცთანო.

ესენიც ცხვრებივით ადგნენ და გალაგდნენ ერთ ტემპში.
ვსხედვართ მე და ეს ტიპი და მეუბნება მოდი, ახლოს მომიჯექიო. ვხვდები რო კარგი არაფერი აქვს ჩაფიქრებული. მოდი, მოდი ნუ გეშინიაო.

ვუჯდები პირისპირ და უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და თან ირონიულად იცინის, ხან ერთ თვალს ხუჭავს, ხან მეორეს, ვითომ კარგად რო დამიმიზნოს და იარაღს სახის წინ მიტრიალებს.
ეხლა, მშვიდ გონებაზე და ადეკვატური აზროვნებისას, ვხვდები რომ ის იქ მსროლელი, რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ როცა სახეზე იარაღს გადებენ, ამდენი ადეკვატური ფიქრის თავი ნამდვილად არ გაქვთ. დამიჯერეთ ძალიან, ძალიან ცუდი გრძნობა იყო.
იცი ეს რა არისო?

თოფია, რა უნდა იყოს-მეთქი.
ეს ცეცხლსასროლი იარაღიაო.
მერე-მეთქი?
მერე ეს შენი გადარჩენის უკანასკნელი შანსიაო.
აქ უკვე ძალიან მაგრად დავიბენი და საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი.

შენი მეგობრის ჩაშვებას არ აპირებ და მე მაგას არც გთხოვო. მაგრამ თუ შეძლებ და გაიხსენებ ვინმეს, ვისაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ გაუფორმებელი, აი მაგ შენს ერთ გაკუება MDMA-ს ეგრევე უნიტაზში ჩავრეცხავ და საერთოდ დავივიწყებ რომ გნახეო.

ცხოვრებაში არასდროს იარაღი არ მქონია, არც მაქვს და არც ვაპირებ რომ მქონდეს-მეთქი. არც ჩემს სამეგობროში აქვს არავის და საერთოდ რატო იფიქრე რომ ამ ყველაფრის საკითხად შესაბამისი ადამიანი ვარ-მეთქი?

მე რაც შენგან მჭირდება უკვე იცი, თუ არადა ერთი და ორი შენნაირი არ გამისროკავსო. რო იცოდე დრო ცოტა გაქვსო და აბოიმიდან ტყვიების ამოლაგება დაიწყო, მერე ისევ ჩაალაგა, მერე ისევ ამოალაგა, მერე ისევ ჩაალაგა. თან მიყურებდა და იღიმოდა. მიდი, მიდი, იფიქრე, შენი ბოლო შანსიაო.

საშინელი გრძნობა და საშინელი მომენტი იყო, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჯანდაბა მინდოდა აქ, რა შუაში ვიყავი ამ ხალხთან, ამ იარაღთან, ამ დაღრეჭილ მენტთან, ათასჯერ მაინც დავხუჭე თვალი, მაგრამ როცა ვახელდი, ყოველთვის მაინც იქ ვიყავი.

უცბად გარედან რაღაც ხმაური შემოვიდა და ჩოჩქოლი ატყდა. ეს ტიპიც გარეთ გავარდა თავისი იარაღით და ცოტა ხანი მარტო დავრჩი. ვიღაც ახალი ტიპი მოიყვანეს და მალევე ყველა იმაზე გადაერთო. მე ამ ოთახიდან გამიყვანეს და გარეთ დამსვეს. მომიჩინეს ახალი ტიპი, მაღალი, მელოტი, სვანური გვარით. თუ არ ვცდები მუკბანიანი. შეიძლება კონკრეტულად გვარი მეშლება, მაგრამ ნამდვილად რაღაც მსგავსი სვანური გვარი ჰქონდა. ერთადერთი პოლიციელი მთელი იმ ღამის პერიოდში, რომელიც წესიერად მომექცა, ზრდილობიანად მელაპარაკებოდა და ნარკოლოგიურში გადაყვანისას, დაჟე XL მიყიდა.

პატარა გამოლაპარაკების მერე მითხრა, მეწყვილე არ მყავს თორე უკვე წაგიყვანდი, არ მინდა გაგაწვალოო.
რას ნიშნავს მეწყვილე არ გყავს-მეთქი?

კანონით არ მაქვს უფლება მარტომ წაგიყვანო, მინიმუმ ორნი მაინც უნდა ვიყოთო.
მერე ალბათ ნახევარი საათი მაინც ვისხედით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, სანამ ვიღაც ტიპები ჩემ საბუთებს აგვარებდნენ.

ვსო, გიშვებთ ნარკოლოგიურში, მაგრამ ეხლა ბოლო პროცედურაო. მითხრა კიდე ერთმა მენტმა, რომელიც მანამდე ჩემს დაკითხვაში პასიურად მონაწილეობდა. ამ ტიპს ყველა “კალა”-ს ეძახდა.
რა პროცედურა-მეთქი?
გამომყევიო.

ცალკე ოთახში გამიყვანა, სადაც ისევ არავითარი კამერები არ იყო.
გაიხადეო.
გაიხადეზე ეგრევე ციხის კადრები, ეს ბოროტი მენტები, ბედუკაძე, პატიმრების დაბულინგება და მილიონი საშინელება გამახსენდა.
არ გავიხდი-მეთქი.

ნუ გეშინია, უბრალოდ მარტივი პროცედურაა, მალე გაგიშვებო.
ძალიან ძნელია იქ ვინმეს ენდო. წელს ზემოთ გავიხადე და დავდექი. შემომხედა, მერე ზურგზეც შემომხედა და ეხლა ქვემოთაც გაიხადეო. ვახ მეთქი ერთი თქვენიცთქო და ნასკები და შარვალიც გავიხადე და დავრჩი ტრუსიკში. მიდი, მიდი, ნუ გერიდება ეგეცო..

საბურთალოს პოლიციის შენობის, რომელიღაც უკამერო ოთახში ვდგავარ ბოლომდე შიშველი და ვიღაც მენტი ღიმილით მიყურებს. საშინლად დამამცირებელი შეგრძნებაა. არის ეგეთი გენიალური რეჟისორი ბარი ლევინსონი. რომლის ფილმ “sleepers”-იდანაც, ზუსტად იმ მომენტში, ერთი სცენა გამახსენდა და ლამის ცრემლებამდე მივედი, ყელში რაღაც ძალიან დიდი გამეჭედა. “ჯოჯოხეთის სამზარეულოში” გაზრდილი ბიჭები, ჰოთ-დოგის დასამზადებელ მანქანას იპარავენ, რომელიც მეტროს ამოსასვლელთან კიბეზე უგორდებათ და შემთხვევით კაცს კლავენ. ამის გამო ოთხივენი ვილკინსონის არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში ხვდებიან. პირველივე დღეს ბადრაგი შონ ნოუკსი, რომლის როლსაც კევინ ბეიკონი ასრულებს, ერთ-ერთის საკანში შეიხედება და ბიჭს უბრძანებს გაიხადოს, მერე კიდე გაიხადოს და ბოლოს სულ შიშველი დარჩეს. დიდხნიანი სიჩუმის მერე, როცა ბიჭი იკითხავს “ეხლა რა ქნას”, ბადრაგი დამცინავად პასუხობს: “ეხლა ჩაიცვი” და მიდის.

აი ეს კადრი მქონდა თავში, მაგრამ ყველაფერს ვიზამდი და ამ ტიპს ჩემს სისუსტეს არ დავანახებდი. თუკი რამე ძალა მქონდა მოვიკრიბე და ზიზღნარევი ხმით, პირველად გავრისკე იმ ღამეს. “კიდე დიდხანს უნდა უყურო-მეთქი?”

მეგონა ნერვები მოეშლებოდა და დამარტყამდა. მაგრამ გაეცინა და მითხრა, თუ ადასტურებ რომ აქ ყოფნის პერიოდში არავითარი ფიზიკური დაზიანება არ მიგიღია, აი აქ მომიწერე ხელიო.
მაგას გახდის გარეშეც დაგიდასტურებდი-მეთქი.
პროცედურაა ასეთიო.
ჩაცმა დავიწყე.

შენ კიდე ზედაპირულად დაგათვალიერეთ, თორე კანონით ეხლა შენს ანუსში შეხედვის უფლებაც გვაქვსო და ისე ბედნიერად გაიღიმა, თითქოს რაღაც ძალიან სასიამოვნოს უფლება ჰქონდა.
უკვე ვამთავრებდი ჩაცმას, როცა მკითხა, ტანზე ეგ რა იეროგლიფებიაო?
ბუშიდო-მეთქი.
რას ნიშნავსო?

ზოგადად ძალიან მიყვარს როცა ამ კითხვას მისვამენ. ვიწყებ სამურაის მორალურ კოდექსზე ხანგრძლივ საუბარს, მერე იაპონურ პოეზიაზე გადავდივარ, ტანკებს და ჰაიკუებს ვკითხულობ, მამაჩემის იაპონიის ამბებს ვყვები, ვხსნი ვაბი-საბი რა არის და რატომ უნდა ვეძებოთ სილამაზე, ცხოვრების არასრულყოფილებაში, თუ ძააან გადამეკეტა საკურას ყვავილობის ფოტოებსაც ვიღებ ტელეფონიდან… მაგრამ ტიპთან რომელმაც რამდენიმე წამის წინ, უბედნიერესი სახით მითხრა, რომ ჩემს ანუსში შეხედვის უფლება აქვს, სამურაის მორალურ კოდექსზე საუბარი, ერთობ არაადეკვატურ ქმედებად მივიჩნიე.

გამოვედით და დამაბრუნეს ამ სვან ტიპთან, რომელმაც როგორც იქნა იპოვა მეწყვილე ვინმე ლევანი და უკვე შეგვეძლო ნარკოლოგიურისკენ დაძვრა, ჩემი შარდის შესამოწმებლად.
ამ დროს გამახსენდა, რომ ჰოლივუდური ფილმები ნანახი მაქვს და ერთი ზარის უფლება ხო მაქვს-მეთქი? სახლში დამარეკინეთ გავაგებინო, რა, როგორ, რანაირად-მეთქი.
აუ ეგ როგორ დაგვავიწყდაო. კაი, მოდი აი ჩემი ტელეფონიდან დარეკე, თორე შენი ხო დავლუქეთო.
ჩემი უსაშინლესი მეხსიერების გამო უახლოესი ადამიანების ნომრებიც კი არ ვიცი ზეპირად. ჩემი ტელეფონი თუ არ ვნახე, ისე ვერავის ნომერს ვერ გეტყვით-მეთქი.

კაი მოიცადეო. პარკის გახსნა და ჩემი დალუქული ტელეფონის ამოღება დაიწყეს.
მოიცადეთ, ხელი ხო მოვაწერეთ რომ ტელეფონი დაილუქა და პარკის გახსნის და მისი ამოღების უფლება კანონით არ გაქვთ-მეთქი?
ამაზე გასკდნენ სიცილით.

სახლში დავრეკე, მაგრამ ძალიან გვიანი იყო და არ უპასუხიათ. სახლში ეს ამბავი დილით გაიგეს..
ყველაფერი უკვე მზად იყო ჩვენს წასასვლელად, სანამ მეწყვილე ლევანი მანქანის გასაღების მოსატანად იყო გასული, ბოლო წუთებს ვითვლიდი განყოფილებაში. იმ უკამერო ოთახიდან ისეთმა ხმებმა დაიწყო გამოსვლა, რომ სავარაუდოდ ვიღაცას ცემდნენ.
ამ ხმებზე, ჩემს გვერდით კომპიუტერთან მჯდომმა გოგომ უხერხულად გამიღიმა.
ესე ყოველთვის გესმით ეს ხმები და არაფერს აკეთებთ-მეთქი?
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ხომ არ ვცემთო.
კი მაგრამ როგორ შეგიძლიათ ესე წყნარად ყოველდღე აქ იჯდეთ, როცა იცით რომ გვერდით ოთახში ვიღაცას ცემით კლავენ. ნაკლები თანამონაწილე გგონიათ საკუთარი თავი-მეთქი?
კაი, კაი ბევრს ნუ ლაპარაკობ, აგერ გასაღები და წავედითო. – ჩაერთო დიალოგში ლევანი.
სვანმა გასაღებს დახედა და ლევანს შესჩივლა, შეჩემისა შკოდას გასაღები არ იყო, კიდე ნოტეთი უნდა წავიდეთო?
ნოუტით-მეთქი.
რაო?
არაფერი-მეთქი.

გამოვედით. ლევანს ბორკილები ჰქონდა გამზადებული, მაგრამ სვანმა არ გაუკეთოო და ისე ჩამსვეს უკან. ლევანი გვერდით მომიჯდა და ვითომ ჯიგრულად ჩემი დავერბოვკება დაიწყო იმაზე, რომ იქ მოფსმაზე უარი არ მეთქვა და 12 საათი არ მეყურყუტებინა ესენი ტყუილად.
ხო ხედავ, ხელი არავის დაურტყამს შენთვის, არ გვიცემიხარ, ჯიგრულად გექცევით, ხოდა მოდი შენც ჯიგრულად გვიპასუხე და რო მივალთ, ულაპარაკოდ მოფსი. მერე შენთვისვე იქნება საპროცესოს გაფორმებისას უკეთესი. დამიჯერეო.
და რატო არ მცემეთ-მეთქი?
ბიჭო ჩვენ ყველას კი არ ვცემთ. ვინც საცემი და დედამოტყნულია, იმას ვცემთ. ვინც არ არის, არ ვცემთო.

და ვინ წყვეტს ტიპი საცემი და დედამოტყნულია თუ არა-მეთქი?
ლევანს მთელი ოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მოეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ მიპასუხა:
მე!

წამიყვანეს ორთაჭალაში. ნარკოლოგიურში შევდივართ და საშინელი სურათია. ბორკილებით გადაბმული ტიპები, განრისხებული მყვირალა მენტები, ჩასისხლიანებული ნაცემი როჟები. მიძლიერდება და მიძლიერდება განცდა, რომ სადღაც ამოუცნობ სივრცეში ვარ, სივრცეში რომელსაც აშკარად არ მივეკუთვნები და ეს თამაში არაა. ეს რეალობაა. საშინელი რეალობა.
აქ ძალიან დიდი რიგია, დიღომში დარეკეო – ეუბნება სვანი ლევანს.
დიდი ბჭობის მერე გადაწყვიტეს, რომ ორთაჭალიდან დიღომში წამიყვანონ და იქ მომაფსმევინონ. ფეხები მეკეცება, ისე მეძინება ცუდად ვარ, ერთი სული მაქვს ყველაფერი მალე მორჩეს და მოშარდვაზეც ულაპარაკოდ თანახმა ვარ. დიღმის ნარკოლოგიურში შედარებით ნაკლები ხალხი იყო, მაგრამ მოცდა მაინც მოგვიწია. აი აქ, შევხვდი მენტს, რომელიც ალბათ ამათი საზომითაც კი ყველაზე დეგრადირებული, გულისამრევი, ადამიანობადაკარგული და ყველაფერი უარყოფითი ერთად იყო. ვიღაც ტიპი ყავდა მოყვანილი, რომელიც სავარაუდოდ მშენებლობაზე მუშაობდა. მთელი შარვალი და ფეხსაცმელები, საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. ზუსტად ვიცი რომ პლანს ეწეოდნენ, ოპერატიული ინფორმაცია მაქვსო. სხვები გაიქცნენ, მარა ეს მოვათრიე ქეჩოთი და კი იბრალებს შეკავება მაქვს, შეკავება მაქვს, მაგრამ მაინც მოვაფსმევინებო. – კმაყოფილი სახით მოუყვა ჩემს მენტებს. დიდი ხანი ვიჯექი მოსაცდელში და ბოლოს ჩემი რიგიც მოვიდა. შემიყვანა სვანმა ტუალეტში და ბოდიში, მაგრამ უნდა გიყურო, წესია ეგეთიო. ისე რაღაცნაირად უხერხულად მითხრა და აშკარად სხვა მენტებისგან განსხვავებით, თვითონაც არ უსწორდებოდა ამ იდიოტობებს რომ მიკეთებდა, რომ საერთოდ ვერ გავბრაზდი და ვერ გავღიზიანდი მასზე. მოვშარდე და იქვე ძალიან საქმიანი სახით მჯდომ ექიმს, ჩემი სინჯარაში ჩასხმული შარდი გამოვუტანე. კიდევ უფრო საქმიანი სახით რაღაც ჯოხი ჩაყო ამ სინჯარაში.

სუფთაა. მაგრამ მარიხუანას ხაზი ძალიან მკრთალად მაინც ანათებს, ასე 1 თვის წინ ექნება მოწეული. ნიჩივო, მაინც გავუფორმოთ და ზემოდან ადმინისტრაციული სასამართლო და 500-ლარიანიც მოუწევსო. – გამოაცხადა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახით.
სიტუაციის, ამ ტიპის, ჩემი მდგომარეობის, ჩვენი ქვეყნის და ყველაფრის აბსურდულობაზე, ერთდროულად მეცინებოდა უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად მქონდა სასაცილოდ საქმე. გამოვდივარ და იმ მენტს, ეს მუშა კიდე სკამთან უზის. გასვლამდე მოსაცდელში დაჯდომა კიდევ მომიწია რამდენიმე წუთით და ეს დიალოგი მესმის სიტყვა-სიტყვით. “მოფსი, მოფსი. თორე ხო იცი რო დღეს თუ არა ხვალ უარესს დაგმართებ. 500-ლარიანი ჯარიმა კიარა, გაგსროკავ ვაბშე. თან ძალიან ცუდად. ეგ ბეჭედი რო გიკეთია, ცოლი გყავს არა? შენ რო წლებით სროკზე შეგსვამ და ლიანდაგი გექნება წინ, შენნაირ ყლეს ვინ დაელოდება? სანამ შენ იქ კედლებს უყურებ, ხან ერთი მოტყნავს შენ ცოლს, ხან მეორე მიცემს პირში და ხან მესამე დაათავებს სახეზე. მოფსი-მეთქი მითქვამს მე, სანამ დროა.”

სიჩუმეა. ეს მუშა ოლიმპიური სიმშვიდით ზის და მაღლაც არ წევს თავს.
“ჰაა, რატო არ მირტყამ ბიჭო? გაგდის შენ ცოლზე ეგეთები?”
ამ დროს ჩემი სვანი მენტი გამოდის ბოლო ფორმალობებიდან და გავყავარ, მანქანაში მსვამს და დიღმის კაპეზესკენ ვიძრებით. გული ამოვარდნაზე მაქვს, ჩემ თავზე საერთოდ აღარ მეფიქრება და ვუყვები იქ გაგონილ დიალოგს ჩემს მენტებს.
არაფერს ამბობენ. მერე ლევანი მიტრიალდება და მეუბნება “შენ იცი როგორ გაგიმართლა საბურთალოს პოლიციამ რომ დაგიჭირა? ვარკეთილში, სამგორში ან სადმე იქით რო დაგმართნოდა ეს, იცი რას გიზამდნენ?”
რას მიზამდნენ-მეთქი.

ამოგაგდებდნენ ხერხემლიდან და გირტყამდნენ ჩაჯმამდე. სანამ იმ ჩვენებას არ დაწერდი რომელიც საჭირო იქნებოდა. ჩვენთან კიდე კარგად ექცევიან ხალხსო.
აი შიდა-მენტური ურბანული სნობიზმი მაკლდა სრული ბედნირებისთვის.
მივედით კაპეზეზე. ფილმებში როა რაღაც დებილობას რომ გაჭერინებენ ხელში და სიმაღლის საზომთან გიღებენ ფოტოს, ეგ გამიკეთეს. ვითომ მთელი ამ აბსურდული ისტორიის სტრესი და სევდა არ მეყოფოდა, სიმაღლეშიც უფრო დაბალი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა. ჩემს მენტებთან გამომშვიდობების დრო დადგა და სვანი რაღაცნაირად ბოდიშის მოხდით დამემშვიდობა. გულწფერლად ვიგრძენი რომ ერთადერთი ადამიანი იყო მთელ ამ ისტორიაში, რომელსაც არ უსწორდებოდა რომ ესე მოქცევა უწევდა ჩემთან. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, საუკეთესო დახასიათებას დაგიწერო. გამეცინა და დავემშვიდობე.

გადამაბარეს კაპეზეს ბადრაგს და საკანში შეყვანამდე, მიდი ეხლა ფეხსაცმლიდან შნუროკები გაიძრეო.
რა შნუროკები გავიძრო, რა შუაშია-მეთქი?
თავი რო არ ჩამოიხრჩოო.
ვახ ჩემი კარგი…
უკვე თენდება, ვკვდები ისე მეძინება და ისე ცუდად ვარ. დასტრესილი, გაუბედურებული. მინდა რომ დავიძინო, გავიღვიძო და ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს. გავიძრე შნუროკები, შევედი საკანში და პირველივე დიალოგისას უკვე იქ მყოფ პატიმართან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან გამანადგურებელ სივრცეში შევაბიჯე.
გაუმარჯოს ბრატო.
გაუმარჯოს-მეთქი.
თუ იცი რომელი საათიაო?
6-მეთქი.
დილის თუ საღამოსიო?…
არ უხუმრია. მართლა აინტერესებდა…

სიტყვაც აღარ მითქვამს, დაახლოებით 15 წუთი ჩუმად ვიჯექი და მივხვდი, რომ აი ამ 15 წუთში გავტყდი. დუხზე დავვარდი. განყოფილებაში ტურების ხროვაში მოხვედრილ მებრძოლად გრძნობ თავს, თავის დაცვის ინსტიქი გერთვება, ხან ვინ საიდან გეცემა, ხან ვინ საიდან და ხოდზე ხარ, რომ ყველა მოიგერიო, თავი დაიცვა, მარტო დარჩენილ მებრძოლად გრძნობ თავს. მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია. აქ კიდე მარტო რჩები შენ თავთან, ყველას ფეხებზე კიდიხარ. ხარ პატიმარი ნომერი X, რომელზეც X გრამის წიწიბურაა გამოყოფილი. შეჭამ, შეჭამ. არ შეჭამ და მოგსტყვნია პატრონი. არავის ჭირდები, არავის აინტერესებ. იწყებ ფიქრს და აი მანდ გენძრევა.
იქვე დადებული უთხელესი, გაბუნტყლული პლედი ავიღე და მართალია შიდა მაიკაში, როლინგში, ზედაში და პალტოში ჩაცმულსაც მაკანკალებდა ისე ციოდა იქ, მაგრამ ეგრევე დავიძინე.
გაღვიძებისას მივხვდი, რომ უკვე იმ ტიპივით ვიყავი, ამ ოთახში შემოსვლისას რომ მელაპარაკა. წარმოდგენა არ მაქვს 8 საათი მეძინა, 2 საათი თუ 15 წუთი. შუქი და განათება იქ სულ ერთნაირია. ბადრაგმა შემოყო თავი და კალმახელიძე რომელიაო?
მე ვარ-მეთქი.
კარებიდან იმდენი ლობიანი მომაწოდა, მივხვდი კაჭახა და შათირა იქნებოდნენ. ხო, კიდე რაღაც გაუბედურებული ქართული ლიმონათი.
ბადრაგს ნახევრად ხუმრობით ვკითხე, რა იყო კოკა-კოლა დაენანათ-მეთქი?
კოკა-კოლა შავია და არ შეიძლება. მარტო გამჭირვალე სითხის შემოგზავნის უფლებას ვაძლევთო.
კაი, ბაზარი არაა-მეთქი.

პირი ვერ დავაკარე ვერაფერს და იქვე მყოფ 2 ტიპს გავუზიარე ჩემი საჭმელი. რამდენიმე საათის მერე კარებში ისევ შემოყო თავი ბადრაგმა: “კალმახელიძე, ადვოკატიაო.”
ჩავიცვი ჩემი შნუროკებგაცლილი ფეხსაცმელები და გავყევი ბადრაგს ადვოკატთან.
მაგარ შარში ხარო.
გისმენ-მეთქი.

მოკლედ, ყლეურად არის ეს კანონი და არავითარი გარჩევა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის არ არის. ბარიგა ხარ ტრაილერით, თუ პირადი მოხმარებისთვის მიდიხარ კლუბში მაგას შენ სასამართლოზე არავინ შეგეკითხება. კანონით, 0-ს მერე, 0.01-ც დიდი ოდენობაა, 1 გრამის მერე კიდე განსაკუთრებით დიდიო.
ანუ-მეთქი?
ანუ ეხლა შენი MDMA ლაბორატორიაშია, თუ 1 გრამზე ნაკლები იქნება 5-დან 8 წლამდე მუხლი გიდგება, თუ 1 გრამზე მეტი, 8-დან 20 წლამდეო.
კანკალმა ამიტანა. 5 წელი.. 8 წელი.. ხო ხვდებით ეს რამხელა დროა? რატო? რისი გულისთვის უნდა გაუკეთო შენ მოქალაქეებს ეს. თან ერთი და ორი კიარა, ათასობით ადამიანი იხდის პირადი მოხმარების გამო ასეთ მკაცრ სასჯელს.
კარგი მიდი, რაღაცას მოვიფიქრებ და ხვალ შემოვალო. – დამემშვიდობა ადვოკატი და მეც სრულიად განადგურებული კამერისკენ წამიყვანა ბადრაგმა.
ჰააა ზემოთ გყავს ვინმეო?
რა ზემოთ-მეთქი?
აბა მალხაზას შენთან რა უნდაო?
ვერ გავიგე, რას მეუბნები-მეთქი.
ეს ტიპი მალხაზ ველიჯანაშვილი იცი რა კამანდის ადვოკატია? ახალაიები, მერაბიშვილი, მილიონერი ბიზნესმენები, ვინმე კიტი თუ ზის, ყველასთან ეს მუშაობს, შენნაირ მელკი ყლეობებზე მალხაზა არ დადისო.

ვერ გავიგე ან ამ ბადრაგს რა უნდოდა, ან ეს მალხაზი ვინ გამომიგზავნა, ან ჩემი 8 წლით დაჭერა რატოა მელკი ყლეობა. კამერაში შევბრუნდი.
მალევე ახალი ბიჭი შემოაგდეს. აცრემლიანებული თვალები ჰქონდა, მაგიდასთან მომიჯდა. მე, კაჭახას და შათირას შემოგზავნილი ლობიანი და ის იდიოტური ლიმონათი შევთავაზე.
მომიყარეს, მომიყარეს. დედის სულს ვფიცავარ, მართლა მომიყარეს. – მარტო ამ ფრაზას ამბობდა პერიოდულად.
რას ნიშნავს მოგიყარესო? კითხა მეორე ტიპმა.
პლანით დამიჭირეს. მაგაზე ახალი კანონით ვერ დამიჭერდნენ, მარტო ადმინისტრაციულიაო და ამიტომ ზემოდან ბიო ქონდათ და ის მოაყარესო. ეგრე უკვე სისხლის სამართალია და გამსროკავენო. – თან ცრემლები ასკდებოდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა.
ყველა დიალოგი უფრო და უფრო მსტრესავდა. ამიტომ დავწექი და ვეცადე ხვალინდელ დღემდე და მალხაზთან შეხვედრამდე, უბრალოდ ჩუმად ვყოფილიყავი. თან გონებაში ისტერიულად ვითვლიდი. 20 წელი რამდენი დღეა.. 8 წელი რამდენი დღეა.. 5 წელი რამდენი დღეა..
ძალიან დიდი დროის მერე, ხვალინდელი დღეც დადგა და ისევ დამიძახეს ადვოკატთან შესახვედრად.
მალხაზს რაღაც ფურცლები ეჭირა და ძალიან საქმიანად დაიწყო საუბარი. “გილოცავ, ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა და პირველი კარგი ამბავი მაქვსო. 0 მთელი 11 მეათასედი გრამი იყო შე საცოდავო შენი MDMA და 8-დან 20-წლამდე ვეღარ დაგიჭერენო.”
ანუ-მეთქი?

ანუ ეხლა 5-დან 8-წლამდე დაგიჭერენო.

ვახ, რა კარგი ამბავი გქონია-მეთქი…

გამომძიებელში გაგიმართლა, ვიცი ეგ ტიპი, არაა სხვებივით გამწარებული და იმაზე გადართული რო ოღონდ ვინმე გასროკოს და გაამწაროსო. წეღან ველაპარაკე, რაღაც კარგ ამბებშია და გადასარევ ხასიათზე იყო, საპროცესოზე უეჭველი წამოვა. ეხლა საკითხავი ისაა, 3 წელი მოგიწევს, 2 წელი თუუუ …
თუ რა? თუ დარბაზიდან გამიშვებენ? ეგეც შეიძლება? გეხვეწები მითხარი-მეთქი.
პირობითი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ხნით მოგიწევს. ფულის გადახდაც. აი დარბაზიდან გაშვებას ვერ დაგპირდები, 2-3 წელს ალბათ მაინც მოგცემს. მაგრამ მე ყველაფერს ვეცდები. ხვალაც თუ ესე კარგ ხასიათზე იქნა და ჯიგრულად მელაპარაკა, ყველაფერი შეიძლებაო.
შენ მართლა ახალაიას და მერაბიშვილის ადვოკატი ხარ-მეთქი?
კიო.
მერე ტიპებმა რეები აკეთეს და ჯარისკაცებისთვის აჯიმანიების კეთების მეტი ვერაფერი დაამტკიცებინე და ჩემ 0 მთელ 11 მეათასედზე და ამ აბსურდზე, ნუ დააჭერინებ ამათ ჩემ თავს-მეთქი.
კაი, ეგ შენი საქმე არააო. მოკლედ ვნახოთ, ვერაფერს დაგპირდები. მეჩქარება ეხლა და აბა ხვალამდე, ხვალ სასამართლოა და ილოცე რომ ყველაფერი კარგად იყოსო.

უკან როცა დავბრუნდი, საკანში აღარავინ იყო, მარტო დავრჩი. მალხაზის ნახვიდან სასამართლოზე შეყვანამდე დრო, ყველაზე გრძელი 24 საათი იყო ჩემ ცხოვრებაში. ბიპოლარული აშლილობის ზღვარზე მივედი. ხან დიდი ხანი ვიწექი გათიშული და ვერ ვდგებოდი, ხან დიდი ხანი უბრალოდ წინ და უკან დავდიოდი, ვერ ვჩერდებოდი. ჩემი ადვოკატის სიტყვებზე მეფიქრებოდა. “ილოცე”. რატომღაც ყოველთვის ირონიულად ვუდგებოდი იმ საკითხს, ციხეში პატიმრები უცბად რწმენაში რომ გადავარდებიან ხოლმე და ფსალმუნების კეთებას იწყებენ. მაგრამ აქ მარტო დარჩენილი, საკანში დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ შენ გჭირდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ სადღაც რაღაც არსებობს, რომელიც ამ უსამართლობას მარტოს არ შეგატოვებს. დაგიცავს.
როგორც იქნა გათენდა, მომაკითხეს მენტებმა და მალხაზმა. ვუყურებ და სანამ მეტყვის რა მელის, ყველა კომბინაცია დამირბის თავში. რამდენი ხნით უნდა ჩავჯდე? 2 წელი? 8 წელი? 5 წელი? გამიშვებენ?

მალხაზმა დაიწყო: მოკლედ ეგეთი ამბავია. 5 წელს მოგცემენ. ოღონდ პირობითს. გასვლით სასამართლოდან გახვალ, ზემოდან კიდე 5000-ს გადახდა მოგიწევსო.
სასამართლო ეს იყო სრული ფორმალობა. მეც, ჩემი ძმაკაცებიც, ადვოკატიც, მენტებიც, მოსამართლეც, ყველანი ვხვდებოდით რამდენად დიდ აბსურდში ვიღებდით მონაწილეობას. მაგრამ სადღაც, საკუთარ კომფორტის ზონაში შეყუჟულ ადამიანებს, იქიდან გამოსვლა, ინიციატივის აღება, ცვლილებების დაწყება ეზარებათ, ეშინიათ, არ უნდათ, ვერ ბედავენ.

20-მდე ფორმალური კითხვის მერე, რომელზეც კი და არა უნდა მეპასუხა, უკვე გარეთ ვიყავი და ვსუნთქავდი იმას, რასაც ჯერ კიდევ წინა დღით ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდხანს ვერ ჩავისუნთქავდი. თავისუფლების ჰაერს.

ეს თავისუფლება არ იყო სრულყოფილი და შემდეგი წელიწადზე მეტი, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. კვირაში ერთხელ მიწევდა სიარული პრობაციაზე, სადაც ჩასაფრებული მენტები პრობაციონერებს იტაცებენ და ნარკოლოგიურში მოსაფსმელად მიყავთ. წამართვეს მართვის მოწმობა, ამიკრძალეს ქვეყნიდან გასვლა. ძალიან ძალიან შევიცვალე იმ პერიოდში. მქონდა ძლიერი დეპრესია. სულ შიში რომ სადღაც ვიღაც დამხვდებოდა, რამეს ჩამიდებდნენ და მერე მე პირობითიანს აღარავინ აღარაფერს დამიჯერებდა. ძალიან დიდი ხნით გამომკეტავდნენ. ჩავჯექი სახლში, წამოვედი სამსახურიდან, დავშორდი შეყვარებულს, აღარ დავდიოდი უნივერსიტეტში, სულ მეგონა რომ მისმენდნენ, მითვალთვალებდნენ.. ერთადერთი ვისთანაც დავდიოდი იყვნენ ფსიქოლოგები, რომლებიც რეალურად ვერც ვერაფერს მშველიდნენ. ვეთამაშებოდი სუიციდურ აზრებს და სისტემასთან ამ დაჯახების მერე, ძალიან, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ისევ იმ ადეკვატურ სულიერ მდგომარეობაში დავბრუნებულიყავი, რომელშიც ეხლა ვარ. მაგრამ ყოველთვის როცა დემურ სტურუას, ლუკა სირაძის და სისტემის სხვა მსხვერპლების ახალ-ახალ ისტორიებს ვგებულობ, ჭრილობები თავიდან იხსნებიან და მაშინდელი გრძნობები ჩემთან ბრუნდებიან ხოლმე.
ხო, პრინციპში სულ ეს იყო რისი თქმაც ამდენი ხანი მინდოდა, მაგრამ რაღაცეების შიშით, ვიღაცეების გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ჩემი წილი “მხილება” ამ დანაშაულებრივი სისტემისადმი, არასდროს ყოფილა საჯარო.

არ ვიცი ეხლა საფრთხეში ჩავიგდე თუ არა თავი, მაგრამ სტატუსს სპეციალურად ვწერ Public-ზე, გაზიარების ფუნქციით. რადგან მგონია, რომ თუ უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა ამ ამბავზე, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. და თუ ვინმე სისტემის წარმომადგენელს ამ სტატუსის მერე ჩემზე შურისძიების სურვილი გაუჩნდება, ამას ვეღარ იზამს. ან თუ იზამს, გეცოდინებათ რატომაც.

წყარო: FB-პოსტი

___

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.