მთავარი,სიახლეები

ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის კონგრესში მხარი დაუჭირეს

19.12.2019
ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის კონგრესში მხარი დაუჭირეს

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. ამერიკის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლას ედავებიან. კონგრესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვეტილება იმპიჩმენტზე სენატმა უნდა მიიღოს.

იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა უკრაინას გამოყოფილი სამხედრო დახმარების თანხის გადაცემა გაუჭიანურა. პრეზიდენტის საიმპიჩმენტო გამოძიება 24 სექტემბერს დაიწყო.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტს მხარი, პირველი ბრალდების საფუძველზე, 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 197. მეორე ბრალდების გამო კი, იმპიჩმენტის მომხრე 229 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგი – 198. კონგრესში უმრავლესობა „დემოკრატებს“ აქვთ.

სენატში ორი-მესამედის მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ. სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ. ამერიკულ მედიაში ელიან, რომ სენატი ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. სენატში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, როდის განიხილავენ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს.

ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს [1868 წელი] და ბილ კლინტონს [1998 წელი], თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა. იმპიჩმენტის პროცედურამდე თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი [1974 წელი].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: