ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურატურაში ზაზა მეტონიძემ შეცვალა

დღეიდან [11 მარტი] აჭარის არ პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. მის ნაცვლად ზაზა მეტონიძე დანიშნეს, რომელიც ბოლო დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო.

სამცხე-ჯავახეთში ზაზა მეტონიძე 2019 წლის 14 მარტიდან მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას ნათია სონღულაშვილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვა ცვლილებებიც განახორციელა:

  • თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დანიშნეს;
  • სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე,
  • ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე.

ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურორად 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

ზაზა მეტონიძე აქამდეც მუშაობდა ბათუმში – 2007 წელს ბათუმის რაიონული პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომელი იყო, 2008 წელს მუშაობდა ბათუმის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად; 2009-2013 წლებში ბათუმის რაიონულ პროკურორად დანიშნეს. 2013-2014 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილედ, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ეკავა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობა.

პირველ აპრილამდე ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა გადაიდო – კორონავირუსის პრევენცია

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 მარტს აღარ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ბაღებში სწავლის განახლება პირველ აპრილამდე გადაიდო.

გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა კერძო ბაღებზეც.

ბათუმის ბაღების ადმინისტრაციების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები: „დამუშავდა როგორც შენობა, ასევე ინვენტარი და სათამაშოები“.

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აქამდეც შეჩერებული იყო – არდადეგები ნაცვლად 9 მარტისა, 2 მარტიდან დაიწყო. საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი 16 მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა კორონავირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი ისევ გადაიდო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობა პირველ აპრილამდე შეჩერდება სკოლებშიც.

სკოლებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საქართველოს მთავრობის ცნობით, საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ის 23 შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში.

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8 000 ლარია. მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან დოქტორის, ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ბაზაში https://gmus.rustaveli.org.ge.

ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსის გამარჯვებული 31 მარტს – პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე გამოვლინდება.

ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5 მარტს ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში, დააფიქსირა მეორე ჯგუფსმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის განმეორებითი ფაქტი.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და რომელიც გაიცემა რეცეპტით.

ამით დაირღვა ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია 1000 ლარი ჯარიმა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

„ოცნების ქალაქში“ დეზინფექცია ტარდება

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ დასახლებაში დეზინფექციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ატარებენ.

დეზინფექცია ოცნების ქალაქში / 11.03.2020 / ფოტო: რომან გუნდაძე

„დაგეგმილია მთლიანი ტერიტორიის დეზინფექცია. ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, რომლებითაც წყლის რეზერვუარები და ჭურჭელიც ირეცხება, ასე, რომ ეს არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთიერება. დეზინფექცია ტარდება შესხურების მეთოდით. სახლების [ძირითადად სახელურების, კედლების] დამუშავება ხდება გარედან. შიგნით სახლებში არ შევდივართ, იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში დეზინფექციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში არ უნდა შევიდეს ადამიანი,“ – გვითხრეს „სანდასუფთავებაში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დეზინფექცია ჰიგიენის დაცვის და ზოგადი პროფილაქტიკის მიზნით ტარდება.

ამ თემაზე:

„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში

კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის პერსპექტივა – გარდიანი

ბრიტანული გამოცემა გარდიანის ინფორმაციით ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ გადაწყვიტა გაზარდოს ექსპერიმენტული პრეპარატის წარმოება, რომელიც ერთ-ერთ პრეპარატად გამოიყენება კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის პირველმა კლინიკურმა კვლევამ უნდა აჩვენოს რა გავლენა ექნება მას Covid-19-ზე, კვლევის შედეგი აპრილის ბოლოს უნდა გამოვლინდეს.

პრეპარატი კომპანია  გილეარ საიანსმა (Gilead Sciences) დაამზადა, ამავე კომპანიას ეკუთვნის  ცე ჰეპატიტის სამკურნალო ყველაზე ფართოდ გავრცელებული მედიკამენტი  – “სოვალდი”.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პირობებში  გამოყენებული იქნა 300 სხვადასხვა პრეპარატი და ექსპერიმენტული მეთოდი, რომელთა შორისაც ბევრი სპეციალისტი ებოლას საწინააღმდეგოდ შექმნილ რემდესივირს გამოყოფს, როგორც ჯერჯერობით ყველაზე საიმედო პრეპარატს ჩვენებების მიხედვით.

ვირუსოლოგი ტიმოთი შიჰანი, რომელიც პრეპარატს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში სწავლობდა, გარდიანის ცნობით ამბობს, რომ თერაპიის თვალსაზრისით მედიკამენტს შეუძლია მძიმე სიტუაცია შეუმსუბუქოს პაციენტს და პროფილაქტიკური ფუნქციაც აქვს საავადმყოფოში მომუშავე პირებისთვის, თუმცა მისივე თქმით პრეპარატის ვირუსზე გავლენის სრული სურათი ექსპერიმენტის ბოლომდე დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

კლინიკური კვლევების დასრულებამდე აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში ამჯერად რემდესივირს Covid-19 ის მძიმე შემთხვევის მქონე პაციენტებთან იყენებენ.

პირველი ამერიკელი პაციენტი, რომელიც რემდისივირით მკურნალობის კურსის შემდეგ გამოჯანმრთელდა 35 წლის მამაკაცია ვაშინგტონიდან, მაგრამ საჭიროა ექსპერიმენტული მედიკამენტის კვლევის დასრულება, რომ გაირკვეს ხსნის თუ არა პრეპარატი რთულ სიმპტომებს და ამცირებს თუ არა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დევიდ ჰო ამბობს, რომ რემდესივირი, შესაძლოა ახალი კორონავირუსული ინფექციის ყვეელაზე პერსპექტიულ მედიკამენტად განვიხილოთ.

პრეპარატი რამდენიმე კვლევაშია შეფასებული, პირველი ორი კვლევა მათგან თებერვალში, ჩინეთში მყოფი პაციენტების მიხედვითაა შედგენილი, მეორე კი ამერიკას ეხება. პრეპარატის ორი ახალი ექსპერიმენტი უნდა დაიწყოს მიმდინარე თვეში აზიასა და იმ ქვეყნებში, სადაც Covid-19-ით დაავადებული ბევრი პაციენტია.

რემდესივირი ხელს უშლის ვირუსის ორგანიზმში გავრცელებას, პრეპარატით მკურნალობდნენ სხვა კორონავირუსულ ინფექციებსაც როგორებიც სარსა და მერსია, ამ შემთხვევებში ის განსაკუთრებით ეფექტური იყო სომპტომების საწყის ეტაპზე მიღების დროს. პრეპარატმა მრავალმხრივი შედეგი აჩვენა ასევე კორონავირუსული ინფექციების სხვა ფართო სპექტრზეც, რომლებიც იწვევენ გაციებას და აინფიცირებენ ღორებსა და ღამურებს.

__________

შენიშვნა: სტატიის სათაური შეცვლილია. თავდაპირველად ერქვა „კორონავირუსის ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა – გარდიანი“. პრეპარატი „რემდესივირი“ მართალია, „გარდიანის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით ყველაზე საიმედო პრეპარატად მიიჩნევა კორონავირუსის მკურნალობისას, მაგრამ კვლევების პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა და ცალსახად დადებითი ჩვენებებზე საიბარი ნაადრევია.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/432443/

ბილეთების ნახევარი გაყიდულია: 14 მარტი, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება რაგბიში 

14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

11 მარტის მდგომარეობით, მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვის რეკომენდაცია გაცემული არ არის.

„ეს არის ევროპის ჩემპიონატი და რაგბი ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იქედან არანაირი მითითება არ გვაქვს. თუკი იქნება რამე მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს  რაგბის კავშირის პრესსამსახურში.

TKT.ge-ს ვებგვერდის მიხედვით [13:30], მატჩზე დასასწრებად ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია. “ბათუმელები” TKT.ge-ს დაუკავშირდა გაყიდული ბილეთების ზუსტი რაოდენობის დასადგენად, სადაც გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ მოგვაწვდიან.

კორონავირუსის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნების ტევადობა 27 ათასია.

რა ხდება ბათუმის ღამის თავშესაფარსა და მუნიციპალურ სასადილოებში – COVID-19

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ასლან გელაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოები და ღამის თავშესაფარი კორონავირუსის საფრთხის გამო არ დაიხურება.

„დეზინფექცია ჩავატარეთ სამი დღის წინ, შეტანილი გვაქვს სპეციალური სითხეები ყველა სასადილოში, ერთია ხელის სპეციალური სითხე და მეორე – ჭურჭლისთვის. ასევე მუშავდება მაგიდები,“, – ამბობს ასლან გელაძე.

მისი თქმით, სააგენტოს სანიტარული ექიმიც ჰყავს, რომელიც პროცესს უწევს მონიტორინგს. „სასადილოებს სველი წესით ყოველ დღე ვამუშავებთ, დღესაც შევიტანთ ხსნარებს. რაც შეეხება ტანსაცმელსა და პირბადეებს, სასადილოებში მომუშავე პერსონალს სპეციალური ტანსაცმელი აქვს, თუმცა პირბადეებზე რეკომენდაცია არ გვქონია. დამცავი ხელთათმანები გვაქვს და საკვების დამუშავების დროსაც ვიყენებთ“, – ამბობს გელაძე.

მუნიციპალური სასადილო ბათუმში
ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარს, ასლან გელაძის თქმით, სანიტარულ-ჰიგიენური რეკომენდაციები აქაც ვრცელდება: „თავშესაფარში პრობლემაა ის, რომ ადამიანი მხოლოდ ღამით მოდის და დილით გარეთაა. ამიტომ, ვისაც არ სურს გარეთ გასვლა დილით, შეიძლება მოგვიწიოს შინაგანაწესის დარღვევა და მივცეთ თავშესაფარში დარჩენის უფლებაც.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, ღამის თავშესაფარში მყოფ პირებისთვის თუ არის ცნობილი, როგორ უნდა დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ასლან გელაძე ამბობს, რომ თავშესაფარს ორი მენეჯერი ჰყავს და ისინი აცნობენ ბინადრებს ამ მითითებებს: „ექთნებიც გვყავს ადგილზე, რომლებიც ინფორმირებულნი არიან და ის, რაც ამ ეტაპისთვის შესაძლებელია, ყველაფერს ითვალისწინებენ“.

ამ დროისთვის ღამის თავშესაფარში 43 ადამიანია.

ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები – სურსათის სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი მომხმარებელია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. სააგენტოს ცნობით, რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით. 

[checklist]

  • გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
  • სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
  • ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
  • ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.

[/checklist]

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

___________

ფოტო: pexels

ყოფილი ცოლის მკვლელს 20 წელი მიუსაჯეს

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ი.დ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 11 ოქტომბერს მოხდა – ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

„…ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ.-მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგად ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურა ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებოდა. სასამართლომ ამ მუხლშიც დამნაშავედ მიიჩნია ბრალდებული.

ხულოს სოფელ მეკეიძეებში მეწყერი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში გუშინ მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან მისასვლელი ალტერნატიული გზა არსებობს. ამ წუთებში ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებს.

მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გადაადგილება არ შეზღუდულა. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, რამდენიმე საათში გზის გაწმენდის სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის გატანა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

„დაახლოებით 35-50 პროცენტით არის გაუქმებული ჯავშნები… თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა 80 პროცენტამდეც ავიდეს,“ – გვითხრეს სასტუმრო „ეიფორიას“ ჯავშნების განყოფილებაში. ეს არაა ერთადერთი სასტუმრო ბათუმში, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო ჯავშნები გააუქმეს და თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში გაუშვეს.

სასტუმრო „ეიფორიაში“ განმარტავენ, რომ ისინი, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებზე არიან ორიენტირებული, ხოლო ამ ქვეყნიდან ბათუმში ფრენების გაუქმება ჯავშნებზე ავტომატურად აისახა. ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა 29 მარტამდე გაუქმდა. ამ დროისთვის უცნობია, განახლდება თუ არა ფრენა.

სასტუმრო „ეიფორიას“ ადმინისტრაციაში ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ნაწილის უფასო შვებულებაში გაშვებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

რამდენი თანამშრომელი გაუშვეს უფასო შვებულებაში? – გვითხრეს, რომ კითხვას ადამიანური რესურსების განყოფილებამ უნდა გასცეს პასუხი, თუმცა ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

ჯავშნების გაუქმება დაგვიდასტურეს სხვა სასტუმროებშიც, თუმცა თანამშრომლების უფასო შვებულებაში გაშვებასა ან შემცირებაზე გვითხრეს, რომ „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“.

რამდენიმე დიდ სასტუმროში ჯავშნების შემცირებაზეც არაფერი გვითხრეს. მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონის“ მენეჯმენტმა არც ჯავშნების შემცირებაზე მოგვაწოდა ინფორმაცია და არც თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰილტონში“ თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში უკვე გაუშვეს.

თანამშრომლების უფასო შვებულებაში გაშვება არც „შერატონში“ დაგვიდასტურეს. აქ მოკლედ მხოლოდ ეს გვიპასუხეს: „ჯავშნების რაოდენობა მარტში ზოგადად შემცირდა“.

„ჯავშნების რაოდენობა 60 პროცენტით შემცირდა მარტის და აპრილის მონაცემებით… ჯერჯერობით თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება,“ – გვიპასუხეს სასტუმრო „დივანში“.

ჯავშნების დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირებას ადასტურებენ სასტუმრო „რედისონში“. აქაც გვითხრეს, რომ თანამშრომლების შემცირებაზე, ან უფასო შვებულებაში გაშვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა  ფაქტების დამახინჯება“ – გამოხმაურება

ნათია სვანიძე, გამოხმაურება სტატიაზე: 

მინდა განცხადება გავაკეთო 2020 წლის 25 თებერვალს  „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩემი ინიციატივით წამოწყებულ პროექტს „გახდი მეურვე“.  სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სრულიად  სამართლიანი  და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაც გამოიწვია ჩემმა უნებლიე სიტყვათწყობამ. კერძოდ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილის  განათლების დაფინანსებაში ვიგულისხმე მხოლოდ ინგლისური ენის ნაწილში სწავლის დაფინანსება. ინტერვიუს დროს,  ასევე, უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა  ფაქტების დამახინჯება და არასწორად აღიქმება საერთო აზრი,  კერძოდ იმ ნაწილში, სადაც  მამის  მნიშვნელოვანი წვლილის, ძალისხმევისა  და მზრუნველობის უგულველყოფა ხდება ბავშვის მიმართ, რის გამოც ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ნიკუშასა და მის ოჯახს.  აქვე, მსურს აღვნიშნო, რომ ბავშვს ჰყავს არაჩვეულებრივი მამა, რომელიც დაბადებიდან დღემდე ზრუნავს და არაფერს აკლებს მას.

არ მინდა, ინტერვიუს მსვლელობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემდაუნებურად დაშვებული ზემოაღნშნული შეცდომის გამო განათლების სფეროში არსებულ ასეთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივაზე, რომლის წამოწყებასაც  მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზანი აქვს საზოგადოების თუნდაც ერთ წარმომადგენელსაც კი, უარყოფითი შთაბეჭდილება შეექმნას.

_________

ფოტოზე: ნათია სვანიძე 

ჯარიმა 100 ლარია, თუმცა მერია გადაჭედილი „მარშუტკის“ მძღოლებს ვერ აჯარიმებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც გუშინ, 10 მარტს,  მგზავრთა გადაჭარბებული ნაკადის გადაყვანის გამო გააფრთხილეს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ისევ აფრთხილებენ და ვერ აჯარიმებენ – ინსპექციას ჯერ არ აქვს ამ პროცედურისთვის საჭირო ოქმები. სანებართვო პირობების დარღვევა  100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ინსპექციაში გვითხრეს, რომ დაჯარიმებისათვის საჭირო ოქმების ფორმები ბათუმის საკრებულომ გასულ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა: „ ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი და როგორც კი შევა ძალაში, შემდეგ იქნება საჯარიმო სანქციებიც“.  საკრებულოს სხდომა 25 თებერვალს გაიმართა.

მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებში, ძირითადად  ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში ფიქსირდება.

ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. WHO-ს რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური წესები და გარკვეული დისტანცია დაიცვან.

იმ ქვეყნებში კი, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, ადამიანები ერიდებიან საქალაქო ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 23 ადამიანს  დაუდასტურდა.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საჯარიმო ქვითრებისა და სხვადასხვა ოქმის შესაძენად ისპექცია  29 710 ლარს დახარჯავს.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, ტყე იწვის

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოში, ტყე იწვის, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯოჭოში მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ღია კერები უკვე ლოკალიზებულია ქობულეთში, ოზურგეთში, ჩხოროწყუში, ონსა და ხონში.

ფოტო: შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

 

ბათუმის აეროპორტში ფრენები ორი მიმართულებით გაუქმდა – COVID – 19

„ფრენები მხოლოდ ორი მიმართულებით გაუქმდა. სხვა მიმართულებით მგზავრთა კლება ან ფრენების შემცირება არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციაში.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მარტის პირველი რიცხვებიდან, ბათუმის აეროპორტში ისრაელიდან და ირანიდან აღარ ჩამოდიან მგზავრები. ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულება ფრენები შეჩერებულია მარტის ბოლომდე.

„შემდეგ გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ირანის შემთხვევაში კი უცნობია, აღდგება თუ არა ფრენები,“ – აღნიშნეს აეროპორტის ადმინისტრაციაში.

ბათუმის აეროპორტში ავიარეისები ამ ეტაპზე სრულდება მხოლოდ სამი მიმართულებით – თურქეთი, ბელორუსი და უკრაინა.

10 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 23-მდე გაიზარდა.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა აგვისტომდე არ იმუშავებს

სამგზავრო ბაგირგზა „ხულო-თაგოს“ საწევი ბაგირის შეცვლისა და თანმხლები სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 124 724 ლარია.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, თუ სატენდერო პროცედურები დროში არ გაიწელა, საბაგირო გზა აგვისტოში უნდა ამუშავდეს.

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი 2 წელია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

[highlight color=”red”] ტენდერის ტექნიკური პირობიდან:[/highlight] „ბაგირის სიგრძე: არანაკლებ 3600 მეტრი, დიამეტრი 19,5მმ, წნულების რაოდენობა 6 ცალი… ბაგირის გაგლეჯვის მიმართ მედეგობა უნდა იყოს არანაკლებ 246კნ.

საქონლის მოწოდებისას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასალის (რომლისაგანაც დამზადდება ქუროს გულანა) შესაბამისობის სერტიფიკატი ან სერტიფიცირებული ორგანიზაციის გაცემული ლაბორატორიული გამოცდის ცნობა, რომ ნაკეთობა ნამდვილად დამზადებულია ფოლადი 50 ან ფოლადი 45-საგან. ქუროს გულანაზე ამოტვიფრული უნდა იყოს იმ ფოლადის ნომერი (მარკა), რომლისაგანაც იქნება დამზადებული. კომპლექტში უნდა მოყვებოდეს სოლები, რომელიც დამზადებული (გამოჩარხული) უნდა იყოს ფოლადი 3-საგან. ქუროს გულანა და სოლი დამზადებული უნდა იყოს სათანადო დოკუმენტების მიხედვით, შედგენილი ნახაზების მიხედვით.

თანმდევი სერვისი მოიცავს გამწევი ბაგირის, არსებულის დემონტაჟს, ახლის მონტაჟს და საბოლოო ჩამაგრების ქუროების ჩასხმას (ჩამაგრებას). ასევე ბაგირის შეცვლის შემდეგ მიმწოდებელმა/ქვეკონტრაქტორმა უნდა ჩაატაროს სტატიკური და დინამიური გამოცდა, რაც დადასტურდება შესაბამისი აქტით. უნდა ჩატარდეს საწევი ბაგირის ქუროების რემონტი- აღდგენა. შეიცვალოს 8 ერთეული პოლიურეთანის მასალისაგან დამზადებული ვაგონის გორგოლაჭების ამონაგები. ბაგირის თანმხლები დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული.

ხულო-თაგოს საბაგირო 2020 წლის იანვრიდან არ მუშაობს. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევთ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

ამ თემაზე:

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

 

„მივიღეთ 100 ტესტი“ – კორონავირუსზე კვლევას დღეიდან ბათუმშიც ჩაატარებენ

კორონავირუსზე ანალიზი დღეიდან ბათუმშიც იქნება შესაძლებელი, ტესტები უკვე მიღებულია – ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ნინო გუგუშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე რეგიონში 100 ტესტი მიიღეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტესტების მიღება არ შეფეხდება.

კორონავირუსზე ტესტის პასუხი 3 საათში ხდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით (11 მარტი 11:30 საათი), საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 დადასტურებული შემთხვევაა.

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ტექნიკური სამუშაოების გამო 23:00 საათიდან 12 მარტის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • ვახტანგ გორგასლის ქუჩას
  • გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთს
  • გრიბოედოვის ქუჩას ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით

„გეფას“ დირექტორმა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა. მის წერილს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს: 

„მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი, 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).

ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ, აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იმავე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს, თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.

მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

მეორე დილას იმავე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებული არიან და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

3 მარტს გავიგე, რომ ჩემს მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.

4 მარტს, საღამოს, ჩემს მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.

ყოვედღიურად რამდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეგანმა არც იცის, რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ,ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი, რომ მეტი წინდახედულობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.

დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალი და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები, ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობსა და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მე კი მინდა ყველა ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო, რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“.

_____________________

წყარო: ინტერპრესნიუსი 

_____________

სტატიაში გამოყენებული ფოტო იმიტირებულია. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი,  ნადინ დორისი, პირველი პოლიტიკოსია ბრიტანეთში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს მინისტრის ყველა შესაძლო კონტაქტს დაავადების გავრცელების შესაძლო ფაქტების პრევენციისთვის, როგორც თავად ნადინ დორისი აცხადებს, ის საკუთარ 84 წლის დედაზე ნერვიულობს, რომელიც მასთან ერთად იყო ხშირად და ხველებაც დაეწყო, ახლა კი საჭირო გამოკვლევებს გადის.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დიაგნოზით 6 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის ბოლო მსხვერპლი ქვეყანაში 80 წლის პაციენტი იყო, რომელიც უოტფორდის კლინიკაში გარდაიცვალა.

იანვარ-თებერვალში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია. 

ამასთან – ბოლო წლების მანძილზე,  2019 წელს, პირველად დაფიქსირდა ტვირთბრუნვის ზრდა და წინა წელთან შედარებით  9%-ით მოიმატა.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

“მინდა სამწუხარო ინფორმაცია გაგაცნოთ. მოქალაქის ტესტმა, რომელზეც არსებობდა ეჭვი რომ შეიძლებოდა კორონა ვირუსი ჰქონოდა, დადებითი პასუხი გვიჩვენა. ეს არის ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში,” –  განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ 10 მარტს, გვიან ღამით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თურქეთში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩავიდა და ის რამდენიმე დღის მანძილზე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ფაჰრეთინ ქოჯამ განმარტა რომ ვირუსით ინფიცირებულის ოჯახის წევრები, იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, დროებით თავი შეიკავონ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისგან. ხოლო ისინი, ვინც თურქეთში ბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.

კორონავირუსით 168 პირი გარდაიცვალა – ბოლო 24 საათის მონაცემები იტალიიდან

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 463-დან 631-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში COVID 19-ით 168 ადამიანი გარდაიცვალა. 529 ადამიანს კი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უახლესი მონაცემების შესახებ იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” აქვეყნებს.

10 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 10 149 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოცემა აქვეყნებს გარდაცვლილთა ასაკობრივ მონაცემებს. რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა შორის 2% 50-59 წლის ასაკის ადამიანები არიან, 8 % 60-69 წლის ასაკის, 32 % 70-79 წლის, 45 % 80-90 წლის და 14 % 90 წელზე უფრო მეტის.

ქვეყანა ოფიციალურად წითელ ზონადაა გამოცხადებული, აკრძალულია როგორც შესვლა, ისე გამოსვლა.  გაუქმდა ავიარეისები. მაქსიმალურად შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. 3 აპრილამდე დაკეტილია სკოლები და უნივერსიტეტები.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 15-დან 23-მდე გაიზარდა, ანუ დადასტურდა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა – ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზეა აღნიშნული.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 126 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 46. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

RAYON – ახალგაზრდების სათქმელი მარნეულიდან

„რაიონი“ სამოყვარულო კამერით გადაღებული 24-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებია ნაჩვენები. ფილმს სამი თვის განმავლობაში იღებდნენ ახალგაზრდები ნათხოვარი კამერით და მოყვარული მსახიობებით. ფილმის შემქმნელებიც და მსახიობებიც მარნეულში ცხოვრობენ, მაგრამ სტუდენტები არიან – თბილისში სწავლობენ.

ფილმი 23 წლის სტუდენტმა, ელმარ ხალილოვმა გადაიღო  თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. სცენარის ავტორი და რეჟისორიც ელმარ ხალილოვია.

„რაიონი“ არის მცდელობა, აჩვენოს ახალგაზრდა თაობის სოციალური ყოფა და განსხვავებული გზები, რომელსაც ერთ ოჯახში გაზრდილი ორი ძმა ირჩევს. სიუჟეტის მიხედვით, ბიჭების მამა თურქეთში სამუშაოდაა წასული. ბებია კი ბაზარში ვაჭრობით ირჩენს თავს. ძმების ცხოვრება განსხვავებულია – ერთი სწავლას ირჩევს, მეორე ქუჩას. თუმცა გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, პასუხისმგებლიან ადამიანს არ უტოვებს პირადი არჩევანის ფუფუნებას.

„მე მარნეულში გავიზარდე. ახლა თბილისში ვსწავლობ. როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ქალაქში ვბრუნდებოდით და ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით ჩვენი სხვა თანატოლების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების სხვა გზა აირჩიეს – ქუჩა, კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობა, ნარკომანია. ვლაპარაკობდით იმ პრობლემებზე, რომელიც მარნეულშია. მე გული მტკივა მათი ასეთი ცხოვრების გამო და ერთ დღეს ვთქვით, მოდი ამაზე ფილმი გადავიღოთ, რომ მივცეთ ამ ადამიანებს პოზიტიური მესიჯი.

ფილმში სამი ძირითადი პრობლემაა წინ წამოწეული – ნარკომანია, აზარტული თამაშები და კრიმინალური ცხოვრება ახალგაზრდებში. მე არჩევანი თვითონ მივეცი ხალხს, რომ თავად აირჩიონ, რომელი პრობლემა ეხება მათ. ეს ფილმი არის როგორც სარკე, რომელშიც მინდა ჩაიხედოს ახალგაზრდა ადამიანმა. გვინდა, რომ დაფიქრდნენ, რასაც აკეთებენ რამდენად სწორია ან არასწორია ის,“ –  უყვება ელმარ ხალილოვი „ბათუმელებს“.

Rayon | რაიონი Film

ის, რაზეც ფილმში ლაპარაკობთ მარნეულის ყოველდღიურობა? – ვკითხეთ ელმარს.

„ვერ ვიტყვი, რომ მარნეული ასეთია, მაგრამ მარნეული ასეთიც არის. ასე ვთქვათ ეს არის მარნეულის ანდერგრაუნდი. მარნეულის სხვა სახეა. ყველამ იცის ეს ამბავი მარნეულში. ეს რეალობაა და ეს მარნეულში ხდება. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ყველა არ ცხოვრობს მარნეულში ამ ცხოვრებით. არიან სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც სხვა გზას ირჩევენ,“ – ამბობს ელმარ ხალილოვი.

ელმარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. იცის აზერბაიჯანული, სკოლა რუსულად დაამთავრა, ახლა ინგლისურ ენაზე იღებს განათლებას. საუბრობს ქართულად, თუმცა გამართულად ვერ.

„ენა არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს. ეს არ არის ჩვენი პრობლემა. მე ესე ვფიქრობ. საქართველოში განათლება იმ დონეზე არაა, რომ ქართული ენა ჩვენ კარგად ვისწავლოთ. ჩვენ აქ კომპაქტურად ვცხოვრობთ. ქართული ენის სწავლება კი სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, იქ უფრო ადვილად ვისწავლიდი იმ ქვეყნის ენას, ამაში დარწმუნებული ვარ. საკუთარი მაგალითით ვამბობ – შვიდი თვე ვცხოვრობდი იტალიაში, იქ უფრო ადვილად ვისწავლე იტალიური, ვიდრე აქ ქართული, სადაც 20 წელია ვცხოვრობ, ვსწავლობ და მაინც ვერ ვსაუბრობ გამართულად ქართულად,“ – ამბობს ელმარი.

ის ფიქრობს, რომ ენობრივი და სხვა ბარიერების გამო, საქართველო კარგ, განათლებულ და დიდი რესურსის ადამიანებს კარგავს.

„განათლება ვიცით რომ პრობლემაა, ის რომ ქართული ენა არ ვიცით. განათლების სისტემაში არის პრობლემა. ამის გარდა აქ შესაძლებლობა არაა, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და ამ ქვეყნისთვის გამოიყენონ. მაგალითად, ჩვენ ფუტძალის  გუნდი გვინდოდა მარნეულში ჩამოგვეყალიბებინა. იმისათვის, რომ ალტერნატივა ჰქონოდა კრიმინალს და ნარკომანიას. ახალგაზრდები სპორტით დაინტერესებულიყვნენ. შევხვდით ფედერაციას თბილისში, დაინტერესებული ახალგაზრდებიც ვიპოვეთ, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტი ვერ დავაინტერესეთ და არ გამოვიდა,“ – ამბობს ელმარ ხალილოვი.

ელმარის თქმით, მარნეულში ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც აქვს ცოდნა, მაგრამ მწირი რესურსების  გამო, ვერ აკეთებს იმას, რაც უნდათ.

„ისეთი შესაძლებლობები არ გვაქვს მარნეულელ ახალგაზრდებს, რა შესაძლებლობებიც თუნდაც თბილისშია. მაგალითად, ყველა ვერ დავდივართ სპორტზე. ვერ ვიღებთ კარგ განათლებას. ვერ ვერთვებით სხვადასხვა აქტივობაში. სხვადასხვა მიზეზები აქვს ამას,“ –  ამბობს ელმარი.

ფილმის გადაღებაც ყოველგვარი რესურსის გარეშე, საკუთარი ენთუზიაზმის და მეგობრების დახმარებით შეძლო.

ფილმის გადაღება თვეობით გაიწელა. რადგან არ ჰქონდათ კამერა, მიკროფონი და საერთოდ არაფერი, რაც ფილმის გადაღებისთვის იყო საჭირო.

„ერთი მეგობარი მყავს, აფხაზი გოგოა, მან გვათხოვა კამერა. პერიოდულად სჭირდებოდა და ვუბრუნებდით. მეორე მეგობარმა მონტაჟი იცის, სხვას მსახიობობა შეეძლო და ასე გადავიღეთ. ფილმში სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებსაც არანაირი მსახიობური გამოცდილება არ ჰქონდათ. თან სტუდენტები არიან, ყველანი თბილისში სწავლობენ. ხან კამერა არ გვქონდა, ხან მსახიობები არ იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით ამ ფილმის დასრულება,“ –  ამბობს ელმარ ხალილოვი.

მთავარ ფოტოზე: ფილმის რეჟისორი ელმარ ხალილოვი და ოპერატორი ქამალ მუსტაფაზადე

ქობელეთში, ისპანის ჭაობში ხანძარია – ცეცხლი ისლს მოედო

ქობულეთში, ისპანის ჭაობში ხანძარს მეხანძრეთა 4 ჯგუფი ებრძვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ცეცხლი ისლს წაეკიდა.

„ამ დროისთვის  ცეცხლს აქრობენ, რა ფართობზეა ხანძარი, ლოკალიზების შემდეგ გვეცოდინება“ – გვითხრეს პრესსამსხურში.

_______________

ფოტოზე: ხანძარი ტყეში. ფოტო: es.gov.ge

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები ბათუმში დაბრუნდნენ [ფოტო]

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც 20 თებერვალს გვინეის ყურიდან გაიტაცეს მეკობრეებმა, უკვე ბათუმში არიან. მეზღვაურები ლიბიიდან დღეს, 10 მარტს, ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

მეზღვაურებმა ტყვეობაში 15 დღე გაატარეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურებმა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სრული სამედიცინო შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურები გაიარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო მეზღვაურების მიმართ არ გაცემულა თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

“არათუ საკარანტინო, არამედ თვითიზოლაციასაც არ ექვემდებარებიან ეს ადამიანები, რადგან არ იყვნენ რისკჯგუფის ქვეყანაში,” – უთხრეს “ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდნენ.

მეზღვაურებს აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

 

მეზღვაურებს აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად და გამოავლინა კრიზის მართვის მაღალი უნარები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა გათავისუფლების პროცესი. კომპანიის წარმომადგენლებმა თავად ჩამოიყვანეს მეზღვაურები საქართველოში.

დავების საბჭო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავის მხარეებს მიმართავს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან – გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს პორტალზე.

10 მარტის მონაცემებით, დავების საბჭოში განხილვის პროცესშია 28 საქმე. ამ საქმეების მიხედვით, კერძო კომპანიები აჭარაში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციებსაც უჩივიან.

ეს ორგანიზაციებია: აჭარის გზების დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, „ბათუმის წყალი“, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“.

გახშირებული ხანძარი საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია – მინისტრი

„კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძარია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც” – თქვა ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

2020 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა და ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა.

„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგი გახშირებული ხანძრებია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ტყეებში ხანძრების რისკი განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს,” – თქვა ლევან დავითაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც საქართველოში ბოლო დროს მომრავლებულ ტყის ხანძარს უკავშირდება  – მოქალაქეების დაუდევრობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, წუხელ, გვიან ღამით, მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ დიდი ალბათობით ამ ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. მან მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს: „ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით ნუ მოახდენენ თავიანთი სავარგულების გადაწვას, რადგან ეს იწვევს ძალიან სავალალო შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ტყის ხანძართან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 150-მდე მეტყევე სპეციალისტი და დაახლოებით 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.

ადამიანთა დაუდევრობის შედეგად გამოწვეული ტყის ხანძრის შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 200-მდე ლარია.

 

3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს მოსაზრება გავა იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ამაზე საუბრები გვქონდა გუნდში“, – ასე წარმოუდგენია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, შემდეგი მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება. ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა და კოლეგებთან ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია.

„ისე არ გამოვიდეს, თითქოს ასე მინდა და კოლეგების აზრი არ მაინტერესებს“, – ამბობს დავით გაბაიძე, რომელსაც ვკითხეთ, კიდევ რა ვარიანტების განხილვას აპირებს კოლეგებთან.

  • ბატონო დავით, გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის შერეული საარჩევნო სისტემის ახლებურ გადანაწილებაზე – 120/30-ზე შეთანხმების შემდეგ, რას აპირებს უმაღლესი საბჭო, რა ვარიანტებს განიხილავთ?

თავის დროზე გახსოვთ, როდესაც ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში, მე ვიყავი ინიციატორი, რომ ეს საკითხი უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაზე არ დაგვეყენებინა, რადგან პროექტის ჩავარდნის მეორე დღიდანვე დაიწყო კონსულტაციები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის იმაზე, იყო თუ არა გამოსავალი. შესაბამისად, კენჭისყრაზე საკითხის არგატანის მიზეზიც ეს იყო ჩემი მხრიდან. მინდოდა ყველა შესაძლო განვითარებისთვის დამეტოვებინა ღია კარები. რომ გამეტანა, დიდი ალბათობით ჩავარდებოდა ჩვენთანაც იმის გამო, რომ თანხვედრაში უნდა ყოფილიყო კანონმდებლობა.

მე, ზოგადად, შერეული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ პოლიტიკური კონსესუსის გამო, სახალხო განხილვებიც ჩავატარე და ის, რომ მე რაღაც საკითხზე მაქვს ჩემი შეხედულება, მგონი ამის უფლება მაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ზოგადად, ხდება რაღაც კონსესუსის საფუძველი.

  • თქვენ თავად დაიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რატომ არ დააყენეთ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა… 

გახსოვთ, რა გახდა საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის საფუძველი აჭარაში – 8 პარტია შემოვიდა ინიციატივით, რომ ცენტრში იცვლება საარჩევნო სისტემა, ჩვენც ვართ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და ამიტომ ჩვენც უნდა შევცვალოთო. ანუ მიზეზი ის კი არ იყო, რომ ცუდია ან კარგია არსებული სისტემა… იქ რომ ჩავარდა, საფუძველი აღარ ჰქონდა ამის. შემდგომში, ცენტრში რაიმე კონსესუსის შემთხვევაში, აქ ვეღარ ვასწრებდით, რადგან ხელახლა უნდა განგვეხილა უმაღლეს საბჭოში. ამას ემატება ისიც, რომ აქ რომ დავამთავრებდით განხილვას, შემდეგ პარლამენტს უნდა განეხილა ეს ცვლილებები და დაემტკიცებინა. რომ გაგვეტანა და ჩავარდნილიყო… აჭარა უკვე ვეღარ მოასწრებდა ამას. ახლა შემოტრიალდა თემა და რაღაც საკითხზე კონსესუსი შედგა.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენი მაჟორიტარი ეყოლება 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს?

დღეს უკვე მოვლენების ბევრი მიმართულებით განვითარების საშუალება გვაქვს, შეგვიძლია ჩვენც სამ მაჟორიტარზე ჩამოვიდეთ, თუ შევთანხმდებით გადავიდეთ პროპორციულზე, თუ შევთანხმდებით დავტოვოთ არსებული სისტემა, იყოს ბუნებრივი ბარიერი, თუ შევთანხმდებით იყოს 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც ახლა არის დადგენილი. ეს უნდა გახდეს ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ასევე ჩვენი ოპონენტების განხილვის საგანი. მანამდე, ცხადია, კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი ვარ და გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. ზუსტად ვიცი, რომ შევჯერდებით ფორმატზე, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. ვიცნობ ყველა მოთხოვნას, ვიცი, რა არის ჩვენი პოზიცია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პრობლემები არ გვექნება.

  • თქვენ, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რას სთავაზობთ კოლეგებს?

მე მომწონს შერეული სისტემა აჭარისთვის, თუნდაც იგივე გადათვლით, რაზეც შეთანხმდნენ ცენტრში, თუნდაც არსებული სისტემით. ახლა გვყავს ექვსი მაჟორიტარი, ჩამოვა სამზე, მაგრამ გამსხვილდება ოლქები და მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. მე დაყოფა ასე წარმომიდგენია და დიდი ალბათობით ეს მოსაზრება გავა, რადგან მეტ-ნაკლებად ამაზე საუბრები გვქონდა გუნდში – აქაც და იქაც. დიდი ალბათობით მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი, ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება.

მეორე ვარიანტია, რომ ქობულეთი-ხელვაჩაური გაერთიანდეს ერთ ოლქად, ბათუმი და მაღალმთიანი კი დარჩეს ცალ-ცალკე, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი დაყოფა: ქობულეთსა და ხელვაჩაურს საერთო მაჟორიტარი ვერ ეყოლება, ძალიან გაუჭირდება ჩიქუნეთიდან ხინომდე ერთმა კაცმა იმუშაოს. ვფიქრობ, ეს არ არის ოპტიმალური, თუმცა ვფიქრობ, ეს არაფერს ნიშნავს. აქაც უსკომ უნდა განსაზღვროს ეს საზღვრები. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი შედგება, მთავარია, რომ ძირითად საკითხზე – 120/30-ზე შეთანხმება შედგა და არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ აღარ უნდა დადგეს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არის ჩემთვის მთავარი, ვის რა მოგვწონს, მეორეხარისხოვანია.

ერთსაც დავამატებდი – პარლამენტი წავიდა იქითკენ, რომ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირებულიყო, ჩვენ ისედაც შემცირებული გვყავს მაჟორიტარები. პარლამენტში 50/50 იყო, ჩვენთან კი – მესამედზე ნაკლები.

აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში დიდ გართულებებს. თუმცა მე ჩემი ვალდებულებები მაქვს და კოლეგების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მინდა დაველაპარაკო აუცილებლად ოპოზიციურ პარტიებსაც, რადგან იქაც არ არის ერთგვაროვნება, ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციული უნდა იყოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული დაყოფა არის მისაღები მათთვის.

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება

მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად

მეხიკოში მილიონობით ქალმა მიიღო მონაწილება ერთდღიან გაფიცვაში, რომლითაც მათ გააპროტესტეს გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით.

პროტესტმა სახელით – „დღე ჩვენ გარეშე” აჩვენა მექსიკელ ხალხს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა ქალების გარეშე. ორშაბათს, 9 მარტს, ქალებმა უარი თქვეს სამსახურსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე. მხოლოდ რამდენიმე ქალს თუ მოკრავდით თვალს საჯარო ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სავაჭრო სივრცეებში.

მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 ქალს კლავენ, პოლიცია ამჯერად ფემიციდის 700 შემთხვევას იძიებს.

პროტესტის ნიშნად დაიხურა სკოლები, სტუდენტმა გოგონებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს სასწავლო პროცესს.

ცარიელი სამუშაო მაგიდა. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/José Méndez (es-ES)

„ასე გამოიყურება საზოგადოება ქალების გარეშე,” – უთხრა  ახალი ამბების სააგენტო Agence France-Presse-ს  ხორხე ლუნამ, ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელმა, სადაც სამუშაოდ იმ დღეს მხოლოდ მამაკაცები გამოცხადდნენ.

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/SASHENKA GUTIERREZ

პროტესტს ის ქალებიც შეუერთდნენ, რომლებმაც გაფიცვას მუშაობა არჩიეს. ისინი სოლიდარობის ნიშნად ატარებდნენ იასამნისფერ ლენტებსა და ტანსაცმელს მთელი დღის განმავლობაში. ამასთანავე, რამდენიმე გამოცემამ ჟურნალ-გაზეთებში ცარიელი იასამნისფერი გვერდები დაბეჭდა იმ ადგილას, სადაც სხვა დღეებში ქალი ავტორების სვეტები იბეჭდებოდა.

გაფიცვა მოჰყვა საპროტესტო მსვლელობას, რომელმაც მეხიკოს ქუჩები კვირას, 8 მარტს მოიცვა. ქუჩაში ამ დღეს 80 000-მდე მომიტინგე გამოვიდა, რა დროსაც შეტაკებებს ჰქონდა ადგილი პოლიციასთან.

დემონსტრაცია მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ ბენზინის ბომბები ისროლა, რაზეც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. აქციაზე 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/SASHENKA GUTIERREZ

მექსიკაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისთვის  უმოქმედებაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს. მექსიკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ მედია “მანიპულირებს” საკითხით. თუმცა მოგვიანებით მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფო თვალს ადევნებს აღნიშულ პრობლემას.

____________________________

წყარო: BBC

მთავარი ფოტო: ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/SASHENKA GUTIERREZ

ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – პროტესტი მექსიკაში

აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები დღეს ბათუმში ბრუნდებიან

20 თებერვალს, გვინეის ყურეში ნავთობტანკერ  ALPINE PENELOPE-დან გატაცებული 4 ქართველი მეზღვაური საქართველოში დღეს, 10 მარტს ბრუნდება. მეზღვაურები, რომლებმაც ტყვეობაში 15 დღე გაატარეს, ტყვეობიდან 6 მარტს გამოიხსნეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად და გამოავლინა კრიზის მართვის მაღალი უნარები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა გათავისუფლების პროცესი. კომპანიის წარმომადგენლები თავად ჩამოიყვანენ მეზღვაურებს საქართველოში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურებმა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სრული სამედიცინო შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურები გაიარეს.

ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან.

ამავე თემაზე:

გატაცებულია 10 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

შეამოწმე, როგორ იცნობ ოლიმპოელ ღმერთებს [ქვიზი]

ბერძნულ მითოლოგიაში ჰერა რომ ეჭვიანი ქალღმერთია, დიონისე თრობის ღვთაებაა და პანს კუდი და ჩლიქები აქვს, ყველას გვახსოვს. შეავსე ტესტი და გაიხსენე მეტი დიდ ოლიმპოელ ღმერთებზე, რომლებიც, სიმართლე უნდა ითქვას, ხშირად სულაც არ იქცევიან ღმერთებივით, ეჭვიანობენ, ბრაზდებიან, ეგოისტობენ და ერთმანეთს ხანდახან ოლიმპოდანაც კი ისვრიან.

„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით 2 მარტს, ბათუმში, დისკუსია შედგა. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

მალხაზ ჭკადუა, მოდერატორი: შეხვედრა ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი აირჩია ახალდაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ. ჩვენ არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გვჭირდება წელში გამართული აჭარის მაუწყებელი, არამედ, ზოგადად, მაუწყებლის იდეის გამარჯვებისთვის. ჩვენ დავინახეთ რა ვითარებაში, როგორი წნეხის ქვეშ უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა.

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის საგაფიცვო განაცხადში 4 მთავარი პუნქტია გაწერილი. ეს პუნქტებია: სტატუსკვოს აღდგენა – რომ ბათილად იქნეს ცნობილი მრჩეველთა საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატები გაუქმდა; მეორე პუნქტი ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერებას; მესამე – შრომითი უფლებებისა და შრომითი ურთიერთობების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ ადამიანებმა მეტად იგრძნონ თავი დაცულად მაუწყებელში და მეოთხე – სტრატეგიისა და ზოგადად, ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რას აპირებს როგორც მრჩეველთა საბჭო, ისე მენეჯმენტი, მაუწყებლის გაძლიერების თვალსაზრისით.

დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი ძალიან რთულად აწესრიგებს მრჩეველთა საბჭოსა დაკომპლექტების საკითხს და პოლიტიკური მდგენელი ამ საკითხიდან უნდა ჩამოშორდეს. დღეს ვეცდებით არა მხოლოდ მიმდინარე პროცესი შევაფასოთ, არამედ, დავინახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, სამოქალაქო ჯგუფებს, მოქალაქეებს. კონსოლიდაცია ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგი იქნებოდა, რომ დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა, შეხვედრაზე მხოლოდ გია ქარცივაძეს ვხედავ, რომელმაც არ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს.

გიორგი არობელიძე, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე: ის, რაც ხდება დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არ არის მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების საქმე და პრობლემა. გაცილებით ფართოდ უნდა შევხედოთ სურათს. ჩვენ ვეცდებით დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია რა ხდება შიგნით, ვინაიდან ეს საერთო ბრძოლაა.

ვიცით, რომ გრძელვადიანი პროცესის შედეგად მაუწყებელში გვყავს ახალი დირექტორი. განსაკუთრებით ბოლო პროცესების შემდეგ ნათელი გახდა, თუ რა მიზეზითაა ის ტელევიზიაში მოსული. ვიცით, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში გამორჩეული იყო ქართულ მედიასივრცეში იმით, რომ იყო დაბალანსებული, საეთერო დროს ყველა პოლიტიკურ პარტიას უთმობდა. ვიცით ისიც, რომ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ამ ფაქტზე ხაზგასმა.  მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში დღეს არსებობს განცდა, რომ ის მიღწევა, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში და რითიც ვამაყობთ, არის შესანარჩუნებელი.

დღეს ღია შტურმი მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზეა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სტანდარტს ქმნიდა მაუწყებელში. საინფორმაციო სამსახურის პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით, აღარ იკავებენ თანამდებობებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მაუწყებელში არაერთი თანამშრომელია, ვინც არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას, ვინც იბრძვის და აქვს ძალიან თანმიმდევრული სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რასაც ჰქვია სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მე წარმოვადგენ ალტერნატიულ პროფკავშირს,  რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია დაფუძნდა მაუწყებელში. ბუნებრივია, ამ გაერთიანების მოტივი ის კონტექსტია, რაც ხდება მაუწყებელში. ჩვენი მიზანია მინიმუმ იმ სტატუსქვოსთან დაბრუნება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო მაუწყებელში. მეორე მხრივ, ჩვენს მიზნებში არის ის, რომ გრძელვადიან პერიოდში უზრუნველვყოთ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით შრომით ნაწილში, რადგან მენეჯმენტს ამ მიმართულებით აქვს მთელი რიგი პრობლემები.

დისკუსია. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ჩვენ ვიწყებთ კოლექტიურ დავას მაუწყებლის მენეჯმენტთან. კოლექტიური დავა არის პროცესი, როდესაც მაუწყებელში ორგანიზებული ჯგუფი მოითხოვს კონკრეტულ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია შრომით ნაწილთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან. ამ პროცესში ოფიციალურად ერთვება სახელმწიფო. ჩვენ ამ მოთხოვნებს, ერთი მხრივ, მივაწვდით მაუწყებლის მენეჯმენტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ მისი წარმომადგენელი – მედიატორი ჩაერთოს პროცესში. ეს იქნება მედიაციის 21-დღიანი პროცესი, რა დროსაც ორივე მხარე შევეცდებით მოლაპარაკების მაგიდასთან მივაღწიოთ კონსესუსს. თუ ეს მიღწეული არ იქნა, ჩვენ წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება.

ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს ჟურნალისტების გაფიცვა სარედაქციო დამოუკიდებლობის მოთხოვნით.  მგონი, დღეს ყველა ჩვენგანი ვერ აღიქვამს, რა მასშტაბის პროცესის მონაწილე ვართ. არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ჩვენ დღეს, ჩვენი ენთუზიაზმით, გულწრფელობით, თავგანწირვით მართლაც ისტორიას ვწერთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები იქნებიან ტელევიზიის მიღმაც, მათ შორის, ის ხალხი, ვინც დღეს აქ ხართ, რიგითი მოქალაქეები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის იმ პოზიციებზე აღდგენა, რომელიც ეკავათ მათ ცოტა ხნის წინ. ჩვენი აზრით, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდეს. ასევე, მთელი რიგი ცვლილებებით,  ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მაუწყებელში პასუხისმგებელნი არიან სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ჰქონდეთ დამატებითი გარანტიები და ბერკეტები დაცულობისა, რომ ერთპიროვნულად ვერ მოხერხდეს ის, რომ ადამიანები ან სამსახურიდან გაუშვან, ან პოზიციები შეუცვალონ.

უმნიშვნელოვანესი საკითხია შრომის გარანტიების დაცვა და ამ ნაწილში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მინიმალური სადაზღვევო პაკეტის გაზრდა. მთელი რიგი პოზიციებია, რომელიც განსაკუთრებით სპეციფიკურია და დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობის კუთხით. უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ მენეჯმენტს ჰქონდეს ხედვა, საით მიდის მაუწყებელი, როგორია მისი განვითარების სტრატეგია, სად ვიქნებით 3 ან 5 წლის შემდეგ. ასეთი საკითხები წარმოუდგენელია წყდებოდეს კაბინეტში, ვიწრო ჯგუფის მიერ. აქ გასათვალისწინებელია დასაქმებულების ჩართულობა, ვინაიდან ეს მათ ეხებათ.

როგორ შეიძლება ამ პროცესებს დაეხმარონ ადამიანები, რომლებიც მაუწყებლის მიღმა არიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას გულშემაკტივრობენ? მე მზა პასუხებით არ ვარ მოსული. არ უნდა მოდუნდეს ინტერესი ამ პროცესის მიმართ, ჩვენ არ უნდა ვიგრძნოთ არც ერთი წუთით, რომ მარტო ვართ დარჩენილი. ეს გაგვაძლიერებს მენეჯმენტთან მოლაპარაკების პროცესში და გაგვაძლიერებს საგაფიცვო რეჟიმშიც, თუ ამ ეტაპზე გადავედით.

მალხაზ ჭკადუა: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მედია, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაღაც ტიპის კონიუნქტურას ემორჩილება. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმხელა ბაზარი, რომ კერძო ტელევიზიები არჩინოს ბიზნესმა, ამიტომაც, ამ ტელევიზიებში ყოველთვის არის პოლიტიკური ფული. ეს იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს და განსაკუთრებით ეს იგრძნობა ახლა, როდესაც დიდი გიგანტები გაერთიანდნენ: „მაესტრო“, „იმედი“, GDS-ი. ცალკე „რუსთავის 2“-ის ამბები როგორ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. დარწმუნებული ვარ, პოლარიზაციის ის ნიშნული, რაც გვქონდა 2012 წელს, უკვე გაზრდილია. ამ დროს, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა დაგიცვათ. ეს მერკანტილური მიზანია, მე საკუთარ თავს ვიცავ ამით, იმიტომ, რომ მინდა ინფორმირებული არჩევანი გავაკეთო. მინდა ის თემები მესმოდეს თქვენი არხიდან, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ექვემდებარება რომელიმე ძალაუფლების წერტილის კონიუნქტურას. ის მართლა ცდილობს შეასრულოს ფუნქცია, რომელიც აკისრია. არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ჯგუფს. ეს ვერ მოახერხა ცენტრალურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თავისი არსებობის ვერცერთ პერიოდში. ის ყოველთვის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო გამოყენებული. ჩვენი ბრძოლა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ბრძოლა.

ირმა ზოიძე: მე გახლავართ ჟურნალისტი. აჭარის ტელევიზიაში ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი, როდესაც ცენზურის მცდელობით აღმოვჩნდით ყველანი გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დირექტორი, ვინც ცდილობდა, რომ ყოფილიყო ცენზორი, გაუშვეს. შეიძლება კონკრეტული პერსონები გაუშვან, მაგრამ იდეას მაინც შეექმნას პრობლემა. სხვა ტიპის გამოცდილება გჭირდებათ, ისევ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. მხოლოდ ის ძალა, რომელიც ძალიან დიდი მუხტია, როგორც ვხედავთ ტელევიზიაში არ იქნება საკმარისი, თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენც გვეხება. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლებს და არ არის ლაპარაკი იმაზე, ისინი აიღებენ თუ არა ხელფასს. ჩვენ ვკარგავთ ძალიან ბევრს, წინასაარჩევნო პერიოდია. ჩემი აზრით, ჩვენი თანამონაწილეობაც იქნება მნიშვნელოვანი. მაქვს ასევე კითხვა: მედიაციის პროცესში არის თუ არა საკმარისი, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის ჩართვა? თუ საჭირო იქნება საზოგადოებისთვის სანდო ადამიანების ჩართვა ამ მოლაპარაკებებში?

გიორგი არობელიძე: ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ნაწილი პროცედურაა, რომელსაც კანონი ადგენს. მედიაციის პროცესში  სხვა მხარის მონაწილეობა უბრალოდ შეუძლებელია. აქ ერთ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან დასაქმებულები, მეორე მხარეს კი არის დამსაქმებელი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – მედიატორი. ამ ადამიანმა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ორი მხარე რაღაცაზე შეჯერდეს და იპოვონ  გადაკვეთის წერტილები.

მედიაციის პარალელურად ჩვენ გვჭირდება მთელი რიგი აქტივობები ამ კაბინეტს გარეთ, რომლებიც გაზრდის წნეხს დამსაქმებელზე და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დამსაქმებელი წამოვიდეს რაც შეიძლება მეტ დათმობაზე.

ელდარ ხალვაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: რატომ გახდა საჭირო ალტერნატიული პროფკავშირის შექმნა?

გიორგი არობელიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პროცესების განმავლობაში ეს პროფკავშირი არის ჩუმად. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ რომელიღაც თანამშრომელს ხელშეკრულება შეუცვალეს, ვიღაცას საერთოდ გაუწყვიტეს. ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ის თავისი არსით შეიძლება წარმოადგენდეს ე.წ. „ყვითელ პროფკავშირს“, რომლის მიზანიც იმ განცდის შექმნაა, რომ აქ უბრალოდ პროფკავშირია და მეტი არაფერი. საჭიროდ ჩავთვალეთ ალტერნატიული პროფკავშირი შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა აქტიური და უზრუნველყოფდა დასაქმებულების დაცვას ისე, როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ.

მაია მერკვილაძე: ძალიან დიდი კრიზისია ტელევიზიაში. ახლა საუბარია იმაზე, როგორ გავა ნებისმიერი გადაცემა ეთერში, იმიტომ, რომ კრიზისია როგორც რესურსის, ასევე ნების. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, კონკრეტულ დავალებებსაც დიდი ზეწოლის პირობებში ასრულებენ. ხვალ ვის დაუმიზნებს დირექტორი და ვინ იქნება მსხვერპლი, ყველას ეშინია დარწმუნებული ვარ და ეს არის ბუნებრივი შიში. ყველას  ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მზად იყოს დაკარგოს სამსახური. ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით მოვერევით ამ პროცესს.

დისკუსია. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ირაკლი კუპრაძე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: პირველ რიგში, ცალსახა მხარდაჭერას ვუცხადებთ აჭარის ტელევიზიას. მაქვს ორი შეკითხვა. გარდა საგაფიცვო პროცესებისა და ზოგადი აქტივობებისა, როგორ აპირებთ რიგით ბათუმელებთან კომუნიკაციას, გარეთ გამოყვანას და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ამ პროცესში. რა ფორმით, როგორ გჭირდებათ – ეს თქვენგან უნდა ისმოდეს.

გიორგი არობელიძე: ალტერნატიული პროფკავშირი მუშაობს სტრატეგიაზე, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ჩვენი მაყურებლის ჩართულობა. ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არც ერთ კითხვაზე არ მაქვს, აქტიურად მიმდინარეობს ორივე საკითხზე შიდა მსჯელობები.

გია მასალკინი, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: აჭარის ტელევიზია ობიექტური არ არისო – იძახის ხელისუფლება. ობიექტურობა ძალიან რთული ფენომენია, ეს არის მთავარი პრობლემა ფილოსოფოსების – რა ჩაითვალოს ობიექტურ ინფორმაციად. კანონი რომ არ არის სრულყოფილი და რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე შევთანხმდით. ასეთი კანონი კარგად იმუშავებს შემდგარ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციონალურად ყველაფერი რიგზეა. როგორ უნდა მივიღოთ ბორდი, ამაზე ყველამ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკური კვოტაა. მე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები.

მალზახ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე: საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების საკითხი იყო ის, რომ, პირველ რიგში, თუ ვინმეს უნდა ვესაუბროთ, ისევ თქვენ ხართ, მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული ხართ თქვენს მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ბრძოლის სტრატეგიაში ვინ როგორ იქნება ჩართული, ამასაც განვიხილავთ მომდევნო პერიოდში. უბრალოდ, ჯერ თქვენ უნდა გცოდნოდათ, რას ვდავობთ მაუწყებელში.

ლელა ბჟალავა, ადვოკატი: პირველ რიგში, როგორც რიგითი მოქალაქე ვარ თქვენ გვერდით. ბოლო წლებია აჭარის ტელევიზია ჩემთვის მთავარი არხი გახდა. დღეს მის სარედაქციო პოლიტიკას გადარჩენა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მიკვირს, რომ უნივერსიტეტი ჩუმადაა, სტუდენტებიც უნდა იყვნენ ჩართული. მე თქვენ გვერდით ვარ.

გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ეს არ არის მხოლოდ აჭარის ტელევიზიისა და რეგიონის სიტყვის თავისუფლების ბრძოლა. ჩემი აზრით, ეს გახდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ის, რომ მუშაობის ფორმატში, პოლიტიკურ პარტიებთან საკოორდინაციოდ ვიღაც ადამიანი გამოიყოს, ესეც შესაძლებელია. მაგალითად, აქციას ან რაღაც აქტივობას როცა აკეთებთ, პოლიტიკური პარტიების მისვლა ან არ მისვლა დაგაზიანებთ თუ სასარგებლო იქნება?! შეიძლება ძალიან დიდი სურვილი მქონდეს რაღაც შეხვედრაზე მოსვლის, მაგრამ შეიძლება ეს თქვენთვის იყო დამაზიანებელი, რადგან ვიცით, რომ ხელისუფლების პროპაგანდა ცალკე მუშაობს. ძალიან კარგია საელჩოებთან შეხვედრას თუ გააკეთებთ ინფორმირების თვალსაზრისით.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: იმაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პერიოდულად ხელისუფლების ცვლილების დროს არ დაიწყოს რყევები. ყველა არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ, ვიღებთ რაღაც მონსტრს. კარგი იქნება, თუ ალტერნატიული პროფკავშირი დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა შეიცვალოს კანონში, როგორ უნდა იყოს აწყობილი სისტემა, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროს არ მოხდეს მაუწყებლის ჯიბის ტელევიზიად გადაქცევა.

მალხაზ რეხვიაშვილი: მესმის, თქვენი მოსაზრებები, რომ ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს ძალიან ბევრი რამ აქვს თავზე აღებული, ეს კოლექტიური დავის დოკუმენტიც გულისხმობს ძალიან ბევრ რაღაცაში ჩართვას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაგვედო მაღალი სტანდარტი. უბრალოდ რაღაცას კი არ ვითხოვთ, ვდებთ კონკრეტული გადაჭრის გზებს. კონკრეტული ცვლილებები, რომელიც იქნება ჩვენ მიერ ინიცირებული კოლექტიური დავის პერიოდში, გულისხმობს სწორედ ისეთი ცვლილებების შეტანას დებულებაში, რომელიც მაღალ ლეგიტიმაციას მოსთხოვს დირექტორს იმისთვის,  რომ კონკრეტული ცვლილებები გაატაროს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებით. ანუ მას თუ მოუნდება, რომ გაუშვას კონკრეტული ჟურნალისტი, პროდიუსერი ან რეჟისორი, სამსახურიდან ასე მარტივად ვერ გაუშვებს. მას დასჭირდება მრჩეველთა საბჭოს ან 2/3 ან სხვა მექანიზმის გამოყენება, რომლის ცვლილებასაც ასევე 2/3 დასჭირდება. დირექტორს ვურთულებთ სარედაქციო პოლიტიკასთან შემხებლობაში  მყოფი ადამიანებისთვის შრომით ხელშეკრულებაში არსებული პირობების შეცვლას. ჩვენს იურისტებთან გავიარეთ საკითხი – სარედაქციო თავისუფლება ჟურნალისტისთვის, როგორც შრომითი უფლება. როგორც აღმოჩნდა, ევროპულ კანონმდებლობაში, ევროპულ სასამართლოს აქვს უკვე პრეცედენტი, როდესაც ეს ურთიერთმიმართება დადგენილია. ჩვენ რომ რაღაცისთვის ვმუშაობთ, ეს რაღაც არის ხალხის ინფორმირება და ამის საშუალება არის სარედაქციო დამოუკიდებლობა, თუ ამას გამომართმევ, მიზღუდავ შრომას.

ქვეყნდება შემოკლებით. იხილეთ დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი:

________________

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

Exit mobile version