მთავარი,სიახლეები

RAYON – ახალგაზრდების სათქმელი მარნეულიდან

10.03.2020 • 2547
RAYON – ახალგაზრდების სათქმელი მარნეულიდან

„რაიონი“ სამოყვარულო კამერით გადაღებული 24-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებია ნაჩვენები. ფილმს სამი თვის განმავლობაში იღებდნენ ახალგაზრდები ნათხოვარი კამერით და მოყვარული მსახიობებით. ფილმის შემქმნელებიც და მსახიობებიც მარნეულში ცხოვრობენ, მაგრამ სტუდენტები არიან – თბილისში სწავლობენ.

ფილმი 23 წლის სტუდენტმა, ელმარ ხალილოვმა გადაიღო  თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. სცენარის ავტორი და რეჟისორიც ელმარ ხალილოვია.

„რაიონი“ არის მცდელობა, აჩვენოს ახალგაზრდა თაობის სოციალური ყოფა და განსხვავებული გზები, რომელსაც ერთ ოჯახში გაზრდილი ორი ძმა ირჩევს. სიუჟეტის მიხედვით, ბიჭების მამა თურქეთში სამუშაოდაა წასული. ბებია კი ბაზარში ვაჭრობით ირჩენს თავს. ძმების ცხოვრება განსხვავებულია – ერთი სწავლას ირჩევს, მეორე ქუჩას. თუმცა გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, პასუხისმგებლიან ადამიანს არ უტოვებს პირადი არჩევანის ფუფუნებას.

„მე მარნეულში გავიზარდე. ახლა თბილისში ვსწავლობ. როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ქალაქში ვბრუნდებოდით და ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით ჩვენი სხვა თანატოლების შესახებ, რომლებმაც ცხოვრების სხვა გზა აირჩიეს – ქუჩა, კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობა, ნარკომანია. ვლაპარაკობდით იმ პრობლემებზე, რომელიც მარნეულშია. მე გული მტკივა მათი ასეთი ცხოვრების გამო და ერთ დღეს ვთქვით, მოდი ამაზე ფილმი გადავიღოთ, რომ მივცეთ ამ ადამიანებს პოზიტიური მესიჯი.

ფილმში სამი ძირითადი პრობლემაა წინ წამოწეული – ნარკომანია, აზარტული თამაშები და კრიმინალური ცხოვრება ახალგაზრდებში. მე არჩევანი თვითონ მივეცი ხალხს, რომ თავად აირჩიონ, რომელი პრობლემა ეხება მათ. ეს ფილმი არის როგორც სარკე, რომელშიც მინდა ჩაიხედოს ახალგაზრდა ადამიანმა. გვინდა, რომ დაფიქრდნენ, რასაც აკეთებენ რამდენად სწორია ან არასწორია ის,“ –  უყვება ელმარ ხალილოვი „ბათუმელებს“.

ის, რაზეც ფილმში ლაპარაკობთ მარნეულის ყოველდღიურობა? – ვკითხეთ ელმარს.

„ვერ ვიტყვი, რომ მარნეული ასეთია, მაგრამ მარნეული ასეთიც არის. ასე ვთქვათ ეს არის მარნეულის ანდერგრაუნდი. მარნეულის სხვა სახეა. ყველამ იცის ეს ამბავი მარნეულში. ეს რეალობაა და ეს მარნეულში ხდება. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ყველა არ ცხოვრობს მარნეულში ამ ცხოვრებით. არიან სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც სხვა გზას ირჩევენ,“ – ამბობს ელმარ ხალილოვი.

ელმარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. იცის აზერბაიჯანული, სკოლა რუსულად დაამთავრა, ახლა ინგლისურ ენაზე იღებს განათლებას. საუბრობს ქართულად, თუმცა გამართულად ვერ.

„ენა არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს. ეს არ არის ჩვენი პრობლემა. მე ესე ვფიქრობ. საქართველოში განათლება იმ დონეზე არაა, რომ ქართული ენა ჩვენ კარგად ვისწავლოთ. ჩვენ აქ კომპაქტურად ვცხოვრობთ. ქართული ენის სწავლება კი სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, იქ უფრო ადვილად ვისწავლიდი იმ ქვეყნის ენას, ამაში დარწმუნებული ვარ. საკუთარი მაგალითით ვამბობ – შვიდი თვე ვცხოვრობდი იტალიაში, იქ უფრო ადვილად ვისწავლე იტალიური, ვიდრე აქ ქართული, სადაც 20 წელია ვცხოვრობ, ვსწავლობ და მაინც ვერ ვსაუბრობ გამართულად ქართულად,“ – ამბობს ელმარი.

ის ფიქრობს, რომ ენობრივი და სხვა ბარიერების გამო, საქართველო კარგ, განათლებულ და დიდი რესურსის ადამიანებს კარგავს.

„განათლება ვიცით რომ პრობლემაა, ის რომ ქართული ენა არ ვიცით. განათლების სისტემაში არის პრობლემა. ამის გარდა აქ შესაძლებლობა არაა, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და ამ ქვეყნისთვის გამოიყენონ. მაგალითად, ჩვენ ფუტძალის  გუნდი გვინდოდა მარნეულში ჩამოგვეყალიბებინა. იმისათვის, რომ ალტერნატივა ჰქონოდა კრიმინალს და ნარკომანიას. ახალგაზრდები სპორტით დაინტერესებულიყვნენ. შევხვდით ფედერაციას თბილისში, დაინტერესებული ახალგაზრდებიც ვიპოვეთ, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტი ვერ დავაინტერესეთ და არ გამოვიდა,“ – ამბობს ელმარ ხალილოვი.

ელმარის თქმით, მარნეულში ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც აქვს ცოდნა, მაგრამ მწირი რესურსების  გამო, ვერ აკეთებს იმას, რაც უნდათ.

„ისეთი შესაძლებლობები არ გვაქვს მარნეულელ ახალგაზრდებს, რა შესაძლებლობებიც თუნდაც თბილისშია. მაგალითად, ყველა ვერ დავდივართ სპორტზე. ვერ ვიღებთ კარგ განათლებას. ვერ ვერთვებით სხვადასხვა აქტივობაში. სხვადასხვა მიზეზები აქვს ამას,“ –  ამბობს ელმარი.

ფილმის გადაღებაც ყოველგვარი რესურსის გარეშე, საკუთარი ენთუზიაზმის და მეგობრების დახმარებით შეძლო.

ფილმის გადაღება თვეობით გაიწელა. რადგან არ ჰქონდათ კამერა, მიკროფონი და საერთოდ არაფერი, რაც ფილმის გადაღებისთვის იყო საჭირო.

„ერთი მეგობარი მყავს, აფხაზი გოგოა, მან გვათხოვა კამერა. პერიოდულად სჭირდებოდა და ვუბრუნებდით. მეორე მეგობარმა მონტაჟი იცის, სხვას მსახიობობა შეეძლო და ასე გადავიღეთ. ფილმში სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებსაც არანაირი მსახიობური გამოცდილება არ ჰქონდათ. თან სტუდენტები არიან, ყველანი თბილისში სწავლობენ. ხან კამერა არ გვქონდა, ხან მსახიობები არ იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით ამ ფილმის დასრულება,“ –  ამბობს ელმარ ხალილოვი.

მთავარ ფოტოზე: ფილმის რეჟისორი ელმარ ხალილოვი და ოპერატორი ქამალ მუსტაფაზადე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: