მთავარი,სიახლეები

3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

10.03.2020 • 2978
3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს მოსაზრება გავა იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ამაზე საუბრები გვქონდა გუნდში“, – ასე წარმოუდგენია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, შემდეგი მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება. ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა და კოლეგებთან ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია.

„ისე არ გამოვიდეს, თითქოს ასე მინდა და კოლეგების აზრი არ მაინტერესებს“, – ამბობს დავით გაბაიძე, რომელსაც ვკითხეთ, კიდევ რა ვარიანტების განხილვას აპირებს კოლეგებთან.

  • ბატონო დავით, გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის შერეული საარჩევნო სისტემის ახლებურ გადანაწილებაზე – 120/30-ზე შეთანხმების შემდეგ, რას აპირებს უმაღლესი საბჭო, რა ვარიანტებს განიხილავთ?

თავის დროზე გახსოვთ, როდესაც ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში, მე ვიყავი ინიციატორი, რომ ეს საკითხი უმაღლეს საბჭოში კენჭისყრაზე არ დაგვეყენებინა, რადგან პროექტის ჩავარდნის მეორე დღიდანვე დაიწყო კონსულტაციები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის იმაზე, იყო თუ არა გამოსავალი. შესაბამისად, კენჭისყრაზე საკითხის არგატანის მიზეზიც ეს იყო ჩემი მხრიდან. მინდოდა ყველა შესაძლო განვითარებისთვის დამეტოვებინა ღია კარები. რომ გამეტანა, დიდი ალბათობით ჩავარდებოდა ჩვენთანაც იმის გამო, რომ თანხვედრაში უნდა ყოფილიყო კანონმდებლობა.

მე, ზოგადად, შერეული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ პოლიტიკური კონსესუსის გამო, სახალხო განხილვებიც ჩავატარე და ის, რომ მე რაღაც საკითხზე მაქვს ჩემი შეხედულება, მგონი ამის უფლება მაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ზოგადად, ხდება რაღაც კონსესუსის საფუძველი.

  • თქვენ თავად დაიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რატომ არ დააყენეთ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა… 

გახსოვთ, რა გახდა საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის საფუძველი აჭარაში – 8 პარტია შემოვიდა ინიციატივით, რომ ცენტრში იცვლება საარჩევნო სისტემა, ჩვენც ვართ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი და ამიტომ ჩვენც უნდა შევცვალოთო. ანუ მიზეზი ის კი არ იყო, რომ ცუდია ან კარგია არსებული სისტემა… იქ რომ ჩავარდა, საფუძველი აღარ ჰქონდა ამის. შემდგომში, ცენტრში რაიმე კონსესუსის შემთხვევაში, აქ ვეღარ ვასწრებდით, რადგან ხელახლა უნდა განგვეხილა უმაღლეს საბჭოში. ამას ემატება ისიც, რომ აქ რომ დავამთავრებდით განხილვას, შემდეგ პარლამენტს უნდა განეხილა ეს ცვლილებები და დაემტკიცებინა. რომ გაგვეტანა და ჩავარდნილიყო… აჭარა უკვე ვეღარ მოასწრებდა ამას. ახლა შემოტრიალდა თემა და რაღაც საკითხზე კონსესუსი შედგა.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენი მაჟორიტარი ეყოლება 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს?

დღეს უკვე მოვლენების ბევრი მიმართულებით განვითარების საშუალება გვაქვს, შეგვიძლია ჩვენც სამ მაჟორიტარზე ჩამოვიდეთ, თუ შევთანხმდებით გადავიდეთ პროპორციულზე, თუ შევთანხმდებით დავტოვოთ არსებული სისტემა, იყოს ბუნებრივი ბარიერი, თუ შევთანხმდებით იყოს 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც ახლა არის დადგენილი. ეს უნდა გახდეს ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ასევე ჩვენი ოპონენტების განხილვის საგანი. მანამდე, ცხადია, კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი ვარ და გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. ზუსტად ვიცი, რომ შევჯერდებით ფორმატზე, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. ვიცნობ ყველა მოთხოვნას, ვიცი, რა არის ჩვენი პოზიცია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პრობლემები არ გვექნება.

  • თქვენ, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რას სთავაზობთ კოლეგებს?

მე მომწონს შერეული სისტემა აჭარისთვის, თუნდაც იგივე გადათვლით, რაზეც შეთანხმდნენ ცენტრში, თუნდაც არსებული სისტემით. ახლა გვყავს ექვსი მაჟორიტარი, ჩამოვა სამზე, მაგრამ გამსხვილდება ოლქები და მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. მე დაყოფა ასე წარმომიდგენია და დიდი ალბათობით ეს მოსაზრება გავა, რადგან მეტ-ნაკლებად ამაზე საუბრები გვქონდა გუნდში – აქაც და იქაც. დიდი ალბათობით მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი, ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება.

მეორე ვარიანტია, რომ ქობულეთი-ხელვაჩაური გაერთიანდეს ერთ ოლქად, ბათუმი და მაღალმთიანი კი დარჩეს ცალ-ცალკე, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი დაყოფა: ქობულეთსა და ხელვაჩაურს საერთო მაჟორიტარი ვერ ეყოლება, ძალიან გაუჭირდება ჩიქუნეთიდან ხინომდე ერთმა კაცმა იმუშაოს. ვფიქრობ, ეს არ არის ოპტიმალური, თუმცა ვფიქრობ, ეს არაფერს ნიშნავს. აქაც უსკომ უნდა განსაზღვროს ეს საზღვრები. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი შედგება, მთავარია, რომ ძირითად საკითხზე – 120/30-ზე შეთანხმება შედგა და არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ აღარ უნდა დადგეს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არის ჩემთვის მთავარი, ვის რა მოგვწონს, მეორეხარისხოვანია.

ერთსაც დავამატებდი – პარლამენტი წავიდა იქითკენ, რომ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირებულიყო, ჩვენ ისედაც შემცირებული გვყავს მაჟორიტარები. პარლამენტში 50/50 იყო, ჩვენთან კი – მესამედზე ნაკლები.

აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში დიდ გართულებებს. თუმცა მე ჩემი ვალდებულებები მაქვს და კოლეგების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მინდა დაველაპარაკო აუცილებლად ოპოზიციურ პარტიებსაც, რადგან იქაც არ არის ერთგვაროვნება, ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციული უნდა იყოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული დაყოფა არის მისაღები მათთვის.

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: