მთავარი,სიახლეები

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

11.03.2020
ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

„დაახლოებით 35-50 პროცენტით არის გაუქმებული ჯავშნები… თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა 80 პროცენტამდეც ავიდეს,“ – გვითხრეს სასტუმრო „ეიფორიას“ ჯავშნების განყოფილებაში. ეს არაა ერთადერთი სასტუმრო ბათუმში, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო ჯავშნები გააუქმეს და თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში გაუშვეს.

სასტუმრო „ეიფორიაში“ განმარტავენ, რომ ისინი, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებზე არიან ორიენტირებული, ხოლო ამ ქვეყნიდან ბათუმში ფრენების გაუქმება ჯავშნებზე ავტომატურად აისახა. ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა 29 მარტამდე გაუქმდა. ამ დროისთვის უცნობია, განახლდება თუ არა ფრენა.

სასტუმრო „ეიფორიას“ ადმინისტრაციაში ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ნაწილის უფასო შვებულებაში გაშვებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

რამდენი თანამშრომელი გაუშვეს უფასო შვებულებაში? – გვითხრეს, რომ კითხვას ადამიანური რესურსების განყოფილებამ უნდა გასცეს პასუხი, თუმცა ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

ჯავშნების გაუქმება დაგვიდასტურეს სხვა სასტუმროებშიც, თუმცა თანამშრომლების უფასო შვებულებაში გაშვებასა ან შემცირებაზე გვითხრეს, რომ „ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“.

რამდენიმე დიდ სასტუმროში ჯავშნების შემცირებაზეც არაფერი გვითხრეს. მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონის“ მენეჯმენტმა არც ჯავშნების შემცირებაზე მოგვაწოდა ინფორმაცია და არც თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰილტონში“ თანამშრომლების ნაწილი უფასო შვებულებაში უკვე გაუშვეს.

თანამშრომლების უფასო შვებულებაში გაშვება არც „შერატონში“ დაგვიდასტურეს. აქ მოკლედ მხოლოდ ეს გვიპასუხეს: „ჯავშნების რაოდენობა მარტში ზოგადად შემცირდა“.

„ჯავშნების რაოდენობა 60 პროცენტით შემცირდა მარტის და აპრილის მონაცემებით… ჯერჯერობით თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება,“ – გვიპასუხეს სასტუმრო „დივანში“.

ჯავშნების დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირებას ადასტურებენ სასტუმრო „რედისონში“. აქაც გვითხრეს, რომ თანამშრომლების შემცირებაზე, ან უფასო შვებულებაში გაშვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: