მთავარი,სიახლეები

„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით

11.03.2020 • 9131
„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით

„გეფას“ დირექტორმა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა. მის წერილს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს: 

„მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი, 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).

ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ, აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იმავე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს, თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.

მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

მეორე დილას იმავე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებული არიან და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

3 მარტს გავიგე, რომ ჩემს მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.

4 მარტს, საღამოს, ჩემს მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.

ყოვედღიურად რამდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეგანმა არც იცის, რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ,ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი, რომ მეტი წინდახედულობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.

დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალი და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები, ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობსა და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მე კი მინდა ყველა ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო, რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“.

_____________________

წყარო: ინტერპრესნიუსი 

_____________

სტატიაში გამოყენებული ფოტო იმიტირებულია. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: