მთავარი,სიახლეები

რა ხდება ბათუმის ღამის თავშესაფარსა და მუნიციპალურ სასადილოებში – COVID-19

11.03.2020 • 1967
რა ხდება ბათუმის ღამის თავშესაფარსა და მუნიციპალურ სასადილოებში – COVID-19

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ასლან გელაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოები და ღამის თავშესაფარი კორონავირუსის საფრთხის გამო არ დაიხურება.

„დეზინფექცია ჩავატარეთ სამი დღის წინ, შეტანილი გვაქვს სპეციალური სითხეები ყველა სასადილოში, ერთია ხელის სპეციალური სითხე და მეორე – ჭურჭლისთვის. ასევე მუშავდება მაგიდები,“, – ამბობს ასლან გელაძე.

მისი თქმით, სააგენტოს სანიტარული ექიმიც ჰყავს, რომელიც პროცესს უწევს მონიტორინგს. „სასადილოებს სველი წესით ყოველ დღე ვამუშავებთ, დღესაც შევიტანთ ხსნარებს. რაც შეეხება ტანსაცმელსა და პირბადეებს, სასადილოებში მომუშავე პერსონალს სპეციალური ტანსაცმელი აქვს, თუმცა პირბადეებზე რეკომენდაცია არ გვქონია. დამცავი ხელთათმანები გვაქვს და საკვების დამუშავების დროსაც ვიყენებთ“, – ამბობს გელაძე.

მუნიციპალური სასადილო ბათუმში
ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარს, ასლან გელაძის თქმით, სანიტარულ-ჰიგიენური რეკომენდაციები აქაც ვრცელდება: „თავშესაფარში პრობლემაა ის, რომ ადამიანი მხოლოდ ღამით მოდის და დილით გარეთაა. ამიტომ, ვისაც არ სურს გარეთ გასვლა დილით, შეიძლება მოგვიწიოს შინაგანაწესის დარღვევა და მივცეთ თავშესაფარში დარჩენის უფლებაც.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, ღამის თავშესაფარში მყოფ პირებისთვის თუ არის ცნობილი, როგორ უნდა დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ასლან გელაძე ამბობს, რომ თავშესაფარს ორი მენეჯერი ჰყავს და ისინი აცნობენ ბინადრებს ამ მითითებებს: „ექთნებიც გვყავს ადგილზე, რომლებიც ინფორმირებულნი არიან და ის, რაც ამ ეტაპისთვის შესაძლებელია, ყველაფერს ითვალისწინებენ“.

ამ დროისთვის ღამის თავშესაფარში 43 ადამიანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: