მთავარი,სიახლეები

„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

10.03.2020 • 1779
„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით 2 მარტს, ბათუმში, დისკუსია შედგა. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

მალხაზ ჭკადუა, მოდერატორი: შეხვედრა ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი აირჩია ახალდაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ. ჩვენ არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გვჭირდება წელში გამართული აჭარის მაუწყებელი, არამედ, ზოგადად, მაუწყებლის იდეის გამარჯვებისთვის. ჩვენ დავინახეთ რა ვითარებაში, როგორი წნეხის ქვეშ უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა.

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის საგაფიცვო განაცხადში 4 მთავარი პუნქტია გაწერილი. ეს პუნქტებია: სტატუსკვოს აღდგენა – რომ ბათილად იქნეს ცნობილი მრჩეველთა საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატები გაუქმდა; მეორე პუნქტი ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერებას; მესამე – შრომითი უფლებებისა და შრომითი ურთიერთობების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ ადამიანებმა მეტად იგრძნონ თავი დაცულად მაუწყებელში და მეოთხე – სტრატეგიისა და ზოგადად, ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რას აპირებს როგორც მრჩეველთა საბჭო, ისე მენეჯმენტი, მაუწყებლის გაძლიერების თვალსაზრისით.

დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი ძალიან რთულად აწესრიგებს მრჩეველთა საბჭოსა დაკომპლექტების საკითხს და პოლიტიკური მდგენელი ამ საკითხიდან უნდა ჩამოშორდეს. დღეს ვეცდებით არა მხოლოდ მიმდინარე პროცესი შევაფასოთ, არამედ, დავინახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, სამოქალაქო ჯგუფებს, მოქალაქეებს. კონსოლიდაცია ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგი იქნებოდა, რომ დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა, შეხვედრაზე მხოლოდ გია ქარცივაძეს ვხედავ, რომელმაც არ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს.

გიორგი არობელიძე, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე: ის, რაც ხდება დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არ არის მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების საქმე და პრობლემა. გაცილებით ფართოდ უნდა შევხედოთ სურათს. ჩვენ ვეცდებით დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია რა ხდება შიგნით, ვინაიდან ეს საერთო ბრძოლაა.

ვიცით, რომ გრძელვადიანი პროცესის შედეგად მაუწყებელში გვყავს ახალი დირექტორი. განსაკუთრებით ბოლო პროცესების შემდეგ ნათელი გახდა, თუ რა მიზეზითაა ის ტელევიზიაში მოსული. ვიცით, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში გამორჩეული იყო ქართულ მედიასივრცეში იმით, რომ იყო დაბალანსებული, საეთერო დროს ყველა პოლიტიკურ პარტიას უთმობდა. ვიცით ისიც, რომ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ამ ფაქტზე ხაზგასმა.  მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში დღეს არსებობს განცდა, რომ ის მიღწევა, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში და რითიც ვამაყობთ, არის შესანარჩუნებელი.

დღეს ღია შტურმი მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზეა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სტანდარტს ქმნიდა მაუწყებელში. საინფორმაციო სამსახურის პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით, აღარ იკავებენ თანამდებობებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მაუწყებელში არაერთი თანამშრომელია, ვინც არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას, ვინც იბრძვის და აქვს ძალიან თანმიმდევრული სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რასაც ჰქვია სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მე წარმოვადგენ ალტერნატიულ პროფკავშირს,  რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია დაფუძნდა მაუწყებელში. ბუნებრივია, ამ გაერთიანების მოტივი ის კონტექსტია, რაც ხდება მაუწყებელში. ჩვენი მიზანია მინიმუმ იმ სტატუსქვოსთან დაბრუნება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო მაუწყებელში. მეორე მხრივ, ჩვენს მიზნებში არის ის, რომ გრძელვადიან პერიოდში უზრუნველვყოთ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით შრომით ნაწილში, რადგან მენეჯმენტს ამ მიმართულებით აქვს მთელი რიგი პრობლემები.

დისკუსია. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ჩვენ ვიწყებთ კოლექტიურ დავას მაუწყებლის მენეჯმენტთან. კოლექტიური დავა არის პროცესი, როდესაც მაუწყებელში ორგანიზებული ჯგუფი მოითხოვს კონკრეტულ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია შრომით ნაწილთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან. ამ პროცესში ოფიციალურად ერთვება სახელმწიფო. ჩვენ ამ მოთხოვნებს, ერთი მხრივ, მივაწვდით მაუწყებლის მენეჯმენტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ მისი წარმომადგენელი – მედიატორი ჩაერთოს პროცესში. ეს იქნება მედიაციის 21-დღიანი პროცესი, რა დროსაც ორივე მხარე შევეცდებით მოლაპარაკების მაგიდასთან მივაღწიოთ კონსესუსს. თუ ეს მიღწეული არ იქნა, ჩვენ წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება.

ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს ჟურნალისტების გაფიცვა სარედაქციო დამოუკიდებლობის მოთხოვნით.  მგონი, დღეს ყველა ჩვენგანი ვერ აღიქვამს, რა მასშტაბის პროცესის მონაწილე ვართ. არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ჩვენ დღეს, ჩვენი ენთუზიაზმით, გულწრფელობით, თავგანწირვით მართლაც ისტორიას ვწერთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები იქნებიან ტელევიზიის მიღმაც, მათ შორის, ის ხალხი, ვინც დღეს აქ ხართ, რიგითი მოქალაქეები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის იმ პოზიციებზე აღდგენა, რომელიც ეკავათ მათ ცოტა ხნის წინ. ჩვენი აზრით, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდეს. ასევე, მთელი რიგი ცვლილებებით,  ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მაუწყებელში პასუხისმგებელნი არიან სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ჰქონდეთ დამატებითი გარანტიები და ბერკეტები დაცულობისა, რომ ერთპიროვნულად ვერ მოხერხდეს ის, რომ ადამიანები ან სამსახურიდან გაუშვან, ან პოზიციები შეუცვალონ.

უმნიშვნელოვანესი საკითხია შრომის გარანტიების დაცვა და ამ ნაწილში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მინიმალური სადაზღვევო პაკეტის გაზრდა. მთელი რიგი პოზიციებია, რომელიც განსაკუთრებით სპეციფიკურია და დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობის კუთხით. უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ მენეჯმენტს ჰქონდეს ხედვა, საით მიდის მაუწყებელი, როგორია მისი განვითარების სტრატეგია, სად ვიქნებით 3 ან 5 წლის შემდეგ. ასეთი საკითხები წარმოუდგენელია წყდებოდეს კაბინეტში, ვიწრო ჯგუფის მიერ. აქ გასათვალისწინებელია დასაქმებულების ჩართულობა, ვინაიდან ეს მათ ეხებათ.

როგორ შეიძლება ამ პროცესებს დაეხმარონ ადამიანები, რომლებიც მაუწყებლის მიღმა არიან და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას გულშემაკტივრობენ? მე მზა პასუხებით არ ვარ მოსული. არ უნდა მოდუნდეს ინტერესი ამ პროცესის მიმართ, ჩვენ არ უნდა ვიგრძნოთ არც ერთი წუთით, რომ მარტო ვართ დარჩენილი. ეს გაგვაძლიერებს მენეჯმენტთან მოლაპარაკების პროცესში და გაგვაძლიერებს საგაფიცვო რეჟიმშიც, თუ ამ ეტაპზე გადავედით.

მალხაზ ჭკადუა: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მედია, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაღაც ტიპის კონიუნქტურას ემორჩილება. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმხელა ბაზარი, რომ კერძო ტელევიზიები არჩინოს ბიზნესმა, ამიტომაც, ამ ტელევიზიებში ყოველთვის არის პოლიტიკური ფული. ეს იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს და განსაკუთრებით ეს იგრძნობა ახლა, როდესაც დიდი გიგანტები გაერთიანდნენ: „მაესტრო“, „იმედი“, GDS-ი. ცალკე „რუსთავის 2“-ის ამბები როგორ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. დარწმუნებული ვარ, პოლარიზაციის ის ნიშნული, რაც გვქონდა 2012 წელს, უკვე გაზრდილია. ამ დროს, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა დაგიცვათ. ეს მერკანტილური მიზანია, მე საკუთარ თავს ვიცავ ამით, იმიტომ, რომ მინდა ინფორმირებული არჩევანი გავაკეთო. მინდა ის თემები მესმოდეს თქვენი არხიდან, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ექვემდებარება რომელიმე ძალაუფლების წერტილის კონიუნქტურას. ის მართლა ცდილობს შეასრულოს ფუნქცია, რომელიც აკისრია. არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ჯგუფს. ეს ვერ მოახერხა ცენტრალურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თავისი არსებობის ვერცერთ პერიოდში. ის ყოველთვის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო გამოყენებული. ჩვენი ბრძოლა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ბრძოლა.

ირმა ზოიძე: მე გახლავართ ჟურნალისტი. აჭარის ტელევიზიაში ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი, როდესაც ცენზურის მცდელობით აღმოვჩნდით ყველანი გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დირექტორი, ვინც ცდილობდა, რომ ყოფილიყო ცენზორი, გაუშვეს. შეიძლება კონკრეტული პერსონები გაუშვან, მაგრამ იდეას მაინც შეექმნას პრობლემა. სხვა ტიპის გამოცდილება გჭირდებათ, ისევ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. მხოლოდ ის ძალა, რომელიც ძალიან დიდი მუხტია, როგორც ვხედავთ ტელევიზიაში არ იქნება საკმარისი, თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენც გვეხება. ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლებს და არ არის ლაპარაკი იმაზე, ისინი აიღებენ თუ არა ხელფასს. ჩვენ ვკარგავთ ძალიან ბევრს, წინასაარჩევნო პერიოდია. ჩემი აზრით, ჩვენი თანამონაწილეობაც იქნება მნიშვნელოვანი. მაქვს ასევე კითხვა: მედიაციის პროცესში არის თუ არა საკმარისი, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის ჩართვა? თუ საჭირო იქნება საზოგადოებისთვის სანდო ადამიანების ჩართვა ამ მოლაპარაკებებში?

გიორგი არობელიძე: ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ნაწილი პროცედურაა, რომელსაც კანონი ადგენს. მედიაციის პროცესში  სხვა მხარის მონაწილეობა უბრალოდ შეუძლებელია. აქ ერთ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან დასაქმებულები, მეორე მხარეს კი არის დამსაქმებელი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – მედიატორი. ამ ადამიანმა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ორი მხარე რაღაცაზე შეჯერდეს და იპოვონ  გადაკვეთის წერტილები.

მედიაციის პარალელურად ჩვენ გვჭირდება მთელი რიგი აქტივობები ამ კაბინეტს გარეთ, რომლებიც გაზრდის წნეხს დამსაქმებელზე და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დამსაქმებელი წამოვიდეს რაც შეიძლება მეტ დათმობაზე.

ელდარ ხალვაში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: რატომ გახდა საჭირო ალტერნატიული პროფკავშირის შექმნა?

გიორგი არობელიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პროცესების განმავლობაში ეს პროფკავშირი არის ჩუმად. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ რომელიღაც თანამშრომელს ხელშეკრულება შეუცვალეს, ვიღაცას საერთოდ გაუწყვიტეს. ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ის თავისი არსით შეიძლება წარმოადგენდეს ე.წ. „ყვითელ პროფკავშირს“, რომლის მიზანიც იმ განცდის შექმნაა, რომ აქ უბრალოდ პროფკავშირია და მეტი არაფერი. საჭიროდ ჩავთვალეთ ალტერნატიული პროფკავშირი შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა აქტიური და უზრუნველყოფდა დასაქმებულების დაცვას ისე, როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ.

მაია მერკვილაძე: ძალიან დიდი კრიზისია ტელევიზიაში. ახლა საუბარია იმაზე, როგორ გავა ნებისმიერი გადაცემა ეთერში, იმიტომ, რომ კრიზისია როგორც რესურსის, ასევე ნების. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, კონკრეტულ დავალებებსაც დიდი ზეწოლის პირობებში ასრულებენ. ხვალ ვის დაუმიზნებს დირექტორი და ვინ იქნება მსხვერპლი, ყველას ეშინია დარწმუნებული ვარ და ეს არის ბუნებრივი შიში. ყველას  ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მზად იყოს დაკარგოს სამსახური. ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით მოვერევით ამ პროცესს.

დისკუსია. ფოტო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ირაკლი კუპრაძე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: პირველ რიგში, ცალსახა მხარდაჭერას ვუცხადებთ აჭარის ტელევიზიას. მაქვს ორი შეკითხვა. გარდა საგაფიცვო პროცესებისა და ზოგადი აქტივობებისა, როგორ აპირებთ რიგით ბათუმელებთან კომუნიკაციას, გარეთ გამოყვანას და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ამ პროცესში. რა ფორმით, როგორ გჭირდებათ – ეს თქვენგან უნდა ისმოდეს.

გიორგი არობელიძე: ალტერნატიული პროფკავშირი მუშაობს სტრატეგიაზე, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ჩვენი მაყურებლის ჩართულობა. ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არც ერთ კითხვაზე არ მაქვს, აქტიურად მიმდინარეობს ორივე საკითხზე შიდა მსჯელობები.

გია მასალკინი, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“: აჭარის ტელევიზია ობიექტური არ არისო – იძახის ხელისუფლება. ობიექტურობა ძალიან რთული ფენომენია, ეს არის მთავარი პრობლემა ფილოსოფოსების – რა ჩაითვალოს ობიექტურ ინფორმაციად. კანონი რომ არ არის სრულყოფილი და რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე შევთანხმდით. ასეთი კანონი კარგად იმუშავებს შემდგარ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციონალურად ყველაფერი რიგზეა. როგორ უნდა მივიღოთ ბორდი, ამაზე ყველამ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკური კვოტაა. მე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები.

მალზახ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე: საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების საკითხი იყო ის, რომ, პირველ რიგში, თუ ვინმეს უნდა ვესაუბროთ, ისევ თქვენ ხართ, მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული ხართ თქვენს მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ბრძოლის სტრატეგიაში ვინ როგორ იქნება ჩართული, ამასაც განვიხილავთ მომდევნო პერიოდში. უბრალოდ, ჯერ თქვენ უნდა გცოდნოდათ, რას ვდავობთ მაუწყებელში.

ლელა ბჟალავა, ადვოკატი: პირველ რიგში, როგორც რიგითი მოქალაქე ვარ თქვენ გვერდით. ბოლო წლებია აჭარის ტელევიზია ჩემთვის მთავარი არხი გახდა. დღეს მის სარედაქციო პოლიტიკას გადარჩენა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მიკვირს, რომ უნივერსიტეტი ჩუმადაა, სტუდენტებიც უნდა იყვნენ ჩართული. მე თქვენ გვერდით ვარ.

გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ეს არ არის მხოლოდ აჭარის ტელევიზიისა და რეგიონის სიტყვის თავისუფლების ბრძოლა. ჩემი აზრით, ეს გახდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ის, რომ მუშაობის ფორმატში, პოლიტიკურ პარტიებთან საკოორდინაციოდ ვიღაც ადამიანი გამოიყოს, ესეც შესაძლებელია. მაგალითად, აქციას ან რაღაც აქტივობას როცა აკეთებთ, პოლიტიკური პარტიების მისვლა ან არ მისვლა დაგაზიანებთ თუ სასარგებლო იქნება?! შეიძლება ძალიან დიდი სურვილი მქონდეს რაღაც შეხვედრაზე მოსვლის, მაგრამ შეიძლება ეს თქვენთვის იყო დამაზიანებელი, რადგან ვიცით, რომ ხელისუფლების პროპაგანდა ცალკე მუშაობს. ძალიან კარგია საელჩოებთან შეხვედრას თუ გააკეთებთ ინფორმირების თვალსაზრისით.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: იმაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პერიოდულად ხელისუფლების ცვლილების დროს არ დაიწყოს რყევები. ყველა არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ, ვიღებთ რაღაც მონსტრს. კარგი იქნება, თუ ალტერნატიული პროფკავშირი დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა შეიცვალოს კანონში, როგორ უნდა იყოს აწყობილი სისტემა, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროს არ მოხდეს მაუწყებლის ჯიბის ტელევიზიად გადაქცევა.

მალხაზ რეხვიაშვილი: მესმის, თქვენი მოსაზრებები, რომ ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს ძალიან ბევრი რამ აქვს თავზე აღებული, ეს კოლექტიური დავის დოკუმენტიც გულისხმობს ძალიან ბევრ რაღაცაში ჩართვას. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაგვედო მაღალი სტანდარტი. უბრალოდ რაღაცას კი არ ვითხოვთ, ვდებთ კონკრეტული გადაჭრის გზებს. კონკრეტული ცვლილებები, რომელიც იქნება ჩვენ მიერ ინიცირებული კოლექტიური დავის პერიოდში, გულისხმობს სწორედ ისეთი ცვლილებების შეტანას დებულებაში, რომელიც მაღალ ლეგიტიმაციას მოსთხოვს დირექტორს იმისთვის,  რომ კონკრეტული ცვლილებები გაატაროს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებით. ანუ მას თუ მოუნდება, რომ გაუშვას კონკრეტული ჟურნალისტი, პროდიუსერი ან რეჟისორი, სამსახურიდან ასე მარტივად ვერ გაუშვებს. მას დასჭირდება მრჩეველთა საბჭოს ან 2/3 ან სხვა მექანიზმის გამოყენება, რომლის ცვლილებასაც ასევე 2/3 დასჭირდება. დირექტორს ვურთულებთ სარედაქციო პოლიტიკასთან შემხებლობაში  მყოფი ადამიანებისთვის შრომით ხელშეკრულებაში არსებული პირობების შეცვლას. ჩვენს იურისტებთან გავიარეთ საკითხი – სარედაქციო თავისუფლება ჟურნალისტისთვის, როგორც შრომითი უფლება. როგორც აღმოჩნდა, ევროპულ კანონმდებლობაში, ევროპულ სასამართლოს აქვს უკვე პრეცედენტი, როდესაც ეს ურთიერთმიმართება დადგენილია. ჩვენ რომ რაღაცისთვის ვმუშაობთ, ეს რაღაც არის ხალხის ინფორმირება და ამის საშუალება არის სარედაქციო დამოუკიდებლობა, თუ ამას გამომართმევ, მიზღუდავ შრომას.

ქვეყნდება შემოკლებით. იხილეთ დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი:

________________

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: