უცხოეთიდან შემოტანილი 5 700 ცალი ყვავილი გაანადგურეს – გამოვლინდა მავნე ორგანიზმი 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი.

„კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ  დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis გამოვლინდა,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.

ეს მწერი [Frankliniella occidentalis] მრავალი კულტურული მცენარის მავნებელია.

 

მთავარი ფოტო: შემოსავლების სამსახური

აჭარაში „სინოფარმი“ ხულოსა და შუახევშიც სრულად დაჯავშნილია

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაჯავშნილია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა.

booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისათვის [13:30 სთ] „სინოფარმის“ მხოლოდ ერთი დოზაა დარჩენილი ხულოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 12 მაისს იხსნება დამატებით ორი კაბინეტი ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში და ორიც – ქობულეთში, სადაც „სინოფრამით“ აცრა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ კაბინეტებშიც ადგილები უკვე დაჯავშნილია.

„იმ კვირაში აჭარაში კიდევ დაემატება აცრის კაბინეტები, რა რაოდენობის ვაქცინა იქნება აჭარაში ხელმისაწვდომი, ამაზე მიდის მოლაპარაკება,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

11 მაისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე სულ აიცრა 6032 პირი. მათ შორის „ფაიზერით“ – 3174 ადამიანი, „ასტრაზენეკათი“ –  1771 და „სინოფარმით“ – 1087.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო.

 

პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი, ვისი მამაც „ტროიკამ“ დახვრიტა

ეს ცაში აჭრილი პატარა ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია. ფოტოზე ალბათ 12, 13 წლისა თუ იქნება. მოგვიანებით გოგო, როცა 27 წლის გახდება, შორეული ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს. ამის შემდეგაც ტანმოვარჯიშის პროფესიულ ცხოვრებაში უამრავი გამარჯვება იქნება.

მედეა (მზია) ჯუღელი/ ფოტო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ზემოთ ხსენებულ წელს გამართული ჰელსინკის მე-15 ოლიმპიადა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ შედგა ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიური დებიუტი. ოლიმპიადაში 69 ქვეყნის 4925 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის 17 სხვადასხვა სახეობაში  ეჯიბრებოდნენ.

ეს იყო პირველი ოლიმპიადა, სადაც ქართველი სპორტსმენები გაემგზავრნენ. ჰელსინკში ერთი სახალისო ამბავი მომხდარა. საბჭოთა დელეგაცია შეშფოთებულა, როცა გაირკვა, რომ კაპილას ოლიმპიურ სოფელში ,,კაპიტალისტი სპორტსმენების“ გვერდით უნდა დაბინავებულიყვნენ და უარი განუცხადებიათ ჰელსინკისგან შეთავაზებულ სამყოფელზე.

მედეა ჯუღელი (დგას, მარჯვნიდან მეორე) სხვა ტანმოვარჯიშეებთან ერთად/ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

წასულან ქართველი სპორტსმენებიც საბჭოთა დელეგაციის სხვა სპორტსმენებთან ერთად და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ერთად ჰელსინკის სტუდქალაქში დაბინავებულან.

ჰელსინკის იმდროინდელ ოლიმპიადაზე მედეა ჯუღელის მსგავსად ქართველი სპორტსმენებისგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ასევე ძალოსანი რაფიელ ჩიმიშკიანიც. სულ კი ფინეთის ოლიმპიადაზე საქართველოდან 12 სპორტსმენი წასულა.

მედეა (მზია) ჯუღელი ტურნირზე/ფოტო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

მედეა ჯუღელი 1925 წელს დაიბადა ქუთაისში. ტანვარჯიშზე ბავშვობიდანვე დადიოდა და პირველი წარმატება ჯერ კიდევ 14 წლისამ მოიპოვა, როცა მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე ორძელსა და რგოლებში გაიმარჯვა. შემდეგ თბილისში გააგრძელა ვარჯიში.

ბევრი წარმატებული ტურნირის შემდეგ მედეა ჯუღელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს, სწორედ ამის შემდეგ მიემგზავრება ის ჰელსინკის ოლიმპიადაზე.

მას სხვა უამრავი ტიტულიც აქვს.

  • გახდა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი 1951 წელს ბჯენით ხტომაში;
  • სსრკ-ს შვიდგზის ჩემპიონია სხვადასხვა წლებში ბჯენით ხტომაში, მათ შორის 1952 წელს; ბჯენით ხტომასა და რგოლებით ხტომაში გახდა ერთდროულად სსრკ-ს ჩემპიონი;
  • 1946 წელს მედეა ჯუღელი სსრკ-ს სპორტის ოსტატი გახდა, 1952 წელს დამსახურებული ოსტატი.
  • 1952 წელს იყო სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი მრავალჭიდში და ა.შ.

ის 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 1971 წელს,  უკვე სსრკ-ს  დამსახურებული მწვრთნელია. თავდაპირველად პატარა სპორტსმენების გუნდს ჩაუდგა სათავეში, შემდეგ საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა.

სპორტსმენი ქალის ცხოვრება მხოლოდ გამარჯვებებისა და წარმატებისგან არ შედგებოდა. მედეას მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა.

ჯერ კიდევ 1938 წელს, როცა მედეა 13 წლის იყო, „ჩეკას“ უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჯუღელების სახლიდან მედეას მამა, ნიკოლოზი წაიყვანეს. ოჯახს ეგონა, რომ ეს გაუგებრობა იყო და ნიკოლოზს ადრე თუ გვიან დააბრუნებდნენ სახლში, მაგრამ მედეას მამა მას შემდეგ აღარასდროს უნახავს.

მამის დაპატიმრებიდან სულ რამდენიმე დღეში „ჩეკამ“ ისევ მიაკითხა ჯუღელებს. ახლა უკვე მედეას დედის წასაყვანად.

გოგო ქუთაისში სრულიად მარტო დარჩა. ის მეზობელმა, სონია დარაბეგოვამ შეიფარა და აიმედებდა, რომ მისი მშობლები აუცილებლად დაბრუნდებოდნენ, თუმცა ამაოდ.

იყო კიდევ ერთი ადამიანი, მედეას ფიზკულტურის მასწავლებელი შალვა ბოსტაშვილი, რომელსაც სურდა უდედმამოდ დარჩენილი გოგო შეეფარებინა, მაგრამ იმ დროს ეს საკმაოდ რთული იყო. ემუქრებოდნენ, რომ ტროცკისტის შვილის მფარველობისთვის დაპატიმრებას ვერ ასცდებოდა. სწორედ შალვა ბოსტაშვილმა შენიშნა პირველად მედეას გამორჩეული სპორტული უნარები. სანამ მედეა სპორტულ ტანვარჯიშზე შევიდოდა, ჯირითობდა მამასთან მოსული პაციენტების ცხენებით, უყვარდა ცურვა. ფიზკულტურის მასწავლებლის წყალობით ის გურჯაანის სპორტულ დარბაზში აღმოჩნდა.

მეზობელთან შეფარებული გოგო შემდეგ თბილისში გადაიყვანეს საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან. სწორედ აქედან იწყება მისი წარმატებები, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას.

მედეა (მზია) ჯუღელი/ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

გადასახლებიდან 8 წლის შემდეგ მედეამ დედის, თამარ ღამბაშიძის ნახვა შეძლო ვოლგოგრადის ოლქის ბანაკში. ,,ტროცკისტების შვილის“ დამღა პირველ ქართველ ოლიმპიელ ქალს მუდამ თან სდევდა. იყო შემთხვევა, როცა ტურნირზე გამგზავრების წინ გაუფრთხილებლად ამოიღეს, როგორც „ხალხის მტრის“ შვილი.

დედა გადასახლებიდან 1948 წელს დაბრუნდა, მაგრამ რეაბილიტირებულის სტატუსი მას არ ჰქონია. ხელახალი გადასახლების მუდმივი შიშის გამო თამარ ღამბაშიძე საცხოვრებლად თიანეთის მიყრუებულ სოფელში გადავიდა.

მედეა ჯუღელმა მოგვიანებით გაარკვია, რომ მამა, ნიკოლოზ ჯუღელი დაპატიმრებისთანავე, 1938 წელს დახვრიტეს.

მედეა ჯუღელი გარდაიცვალა 2016 წელს, 89 წლის ასაკში.

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ აცრაზე ტელეფონით

დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ინტერნეტით აცრაზე რეგისტრაციას, შეუძლიათ სატელეფონო ზარის საშუალებით დარეგისტრირება.

„იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ.

აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

11 მაისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი, ჯამში ჩატარდა 67 136 აცრა.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, თუმცა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში, რადგან დიდ ქალაქებში ვაქცინაცია, ძირითადად, დაჯავშნილია.

არაერთ კლინიკაში ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომლითაც 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ცრიან.

ონლაინ კორორნავირუსის ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge.

დაიბეგრებით, თუ ტყეში მოცვს, მაყვალს, მარწყვს კომერციული მიზნით შეაგროვებთ – ახალი წესი

ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ.

„ტყის ანუ სახელმწიფო რესურსის გამოყენება კომერციული სარგებლობისთვის უკვე კანონითაა დაშვებული. აქამდე, ვისაც კომერციული მიზნით სჭირდებოდა ამ რესურსის შეგროვება, დაფასოება, ეტიკეტირება, გაყიდვა, ექსპორტი, შესაბამის საბუთს ვერ იღებდა, იმიტომ, რომ ეს კანონით არ იყო დაშვებული. დღეიდან მათ ამის საშუალება ექნებათ – ანუ, შეუძლიათ აიღონ ნებართვა სატყეო სამსახურიდან და კონკრეტულ ფართობზე, კონკრეტული წესების დაცვით, მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე მოიპოვონ ეს რესურსი. ლეგალური საბუთი ექნებათ, რომ კანონიერად მოიპოვეს ეს რესურსი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ კარლო ამირგულაშვილმა, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მოქალაქის მიერ პირადი მოხმარებისთვის ამ რესურსის შეგროვებას, ეს აქამდეც დაშვებული იყო და ასევე დარჩება.

„შეიძლება მაყვალი ან მარწყვი ადამიანმა შეაგროვა პირადი მოხმარებისთვის, მაგრამ, ვთქვათ, ბაზარშიც, ბაზრობაზეც წაიღო გასაყიდად. ტყის კოდექსი ამას არ არეგულირებს და არც დაარეგულირებს. თუმცა მაღაზიაში ვერ გაყიდის – აქ ჩაკეტილი იყო და არის, იმიტომ, რომ საბუთი სჭირდება მაღაზიას, რომ იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

ახალი „ტყის კოდექსი“ ძალაში შევიდა 2021 წლის იანვრიდან, თუმცა არ მოქმედებდა, ვინაიდან არ არსებობდა ტყითსარგებლობის წესი. ეს წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს მიიღო და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ტყის კოდექსით დაშვებულია ტყით საერთო სარგებლობა, რაც გულისხმობს „პირადი მოხმარების მიზნით ტყეში [გარდა კერძო საკუთრების ტყისა] ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

ამასთან, თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს:

  • ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;
  • ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

შეზღუდვაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო“.

კოდექსის მიხედვით, „ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გარემოს აზიანებს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს“.

2021 წლის 18 მარტიდან გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონით დაევალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით „უზრუნველყოს მოსახლეობისთვის ტყისა და ტყის რესურსების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.“

ტყის კოდექსით, მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის.

ამ თემაზე:

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კვლავ ძალაში რჩება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა.

დღეს, 11 მაისს, ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

კერძოდ:

აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებები.

კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარი, იურიდიული პირი – 10 ათასი ლარი.

საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, 4-12 მაისამდე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. სკოლებში სასწავლო პროცესი 30 აპრილის შემდეგ შეწყვეტილია.

სწავლის შეწყვეტამდე აჭარაში 13 სკოლა დაიხურა კოვიდის გამოვლენის გამო, მასწავლებელთა ინფიცირების მაჩვენებელი კი ქვეყნის მასშტაბით, 0.1 პროცენტი იყო.

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან იხსნება უქმე დღეებში დაწესებული დამატებითი შეზღუდვები, განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებები.

ამის შესახებ დღეს, 11 მაისს, განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 324 256 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 336 ადამიანი.

10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.35%.

 

 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია იწარმოებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას. სკოლამ ორი დღის ვადაში უნდა დაუდასტუროს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება.

„ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას,“  – ნათქვამია სამინისტროს მიერ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით,  მომდევნო 3 დღეს – 13, 14, 15 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1788 ახალი შემთხვევა

11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 4 336 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 16 215 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარაში – 127, იმერეთში – 178, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 131, კახეთში – 79, მცხეთა-მთიანეთში –  73, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.35%.

 

აჭარაში კოვიდის 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 11 მაისი

11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 127  ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 441 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 282 ადამიანი იმყოფება.

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშულებების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა,“ – აცხადებს შს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 ადამიანი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338  კოლოფი, ხოლო თბილისში,  1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში ასევე ამოიღეს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული  სატრანსპორტო საშუალებები,“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან  8 წლამდე.

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

მთავრობამ დღეს, 10 მაისს, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი წესი თანხვედრაშია ტყის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის.

ახალი წესი სოციალური ჭრის გარდა სხვა ბევრ საკითხს არეგულირებს და მისი ამოქმედების შემდეგ, „ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ. სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი)“.

„მოსახლეობას 2023 წლამდე, შეუძლია ისევე დაამზადოს ან შეიძინოს შეშა, როგორც აქამდე ხდებოდა. 1 კუბ/მ შეშისთვის ბილეთის და მოსაკრებლის ფასი ნარჩუნდება და კვლავ 6 ლარი იქნება. თუმცა, მოსახლეობას შეეძლება როგორც თავად დაამზადოს, ასევე 2023 წლამდეც ექნება შესაძლებლობა, შეშა „საქმიან ეზოშიც“ შეიძინოს“, – გვითხრეს სამინისტროში.

„ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილია სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები – ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება. ამ წესის მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში“, – აცხადებენ სამინისტროში.

2023 წლიდან, ტყეში სამასალე თუ საშეშე მერქნის მოჭრა, ტყის კოდექსით, მხოლოდ ტყის მართვის სამსახურების პრეროგატივა იქნება. თუმცა, „განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე“.

„ტყითსარგებლობის წესი“ საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.


შენიშვნა: ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა:

რამდენი შეშა ეკუთვნის ოჯახს და რა ფასი დაადგინა მთავრობამ – ტყით სარგებლობის წესი ამოქმედდა

გასაყიდი მიწის ნაკვეთები ზღვასთან მშენებლობის პირობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაქვში, ზღვასთან ახლოს შენობას [021.90კვ.მ.] და 6036 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონი ლარია, ბიჯი – 250 000 ლარი.

ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ნარგავებია. მიუხედავად ამისა, სამინისტრო მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის.

გასაყიდი ნაკვეთი ჩაქვში – #2 საჯარო სკოლასთან ახლოს

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი უნდა წარუდგინოს.

სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, ესკიზი უნდა ასახავდეს დაგეგმილი პროექტის ხედს 4 მხრიდან, საპროექტო ობიექტის გაბარიტებს, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით.

მყიდველმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის დასმის გეგმა. სამინისტროს მოთხოვნაა, რომ პროექტის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არაუმეტეს 20 მეტრით განისაზღვროს.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 13 მაისს უნდა დასრულდეს.

ამ ნაკვეთთან ახლოს აჭარის მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ყიდის შენობასთან ერთად. კერძოდ, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩაზე [#2] მთავრობამ პირობიან აუქციონზე გაიტანა 1255,7 კვ.მეტრი შენობა და 10 230 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ  300 000 ლარია, ხოლო ბიჯი – 30000 ლარი.

ორი ნაკვეთი ჩაქვში, რომლებსაც მთავრობა აუქციონის წესით ყიდის

მთავარი პირობა მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებასთან ერთად ამ შემთხვევაშიც მშენებლობაა. მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში სამინისტროს დაგეგმილი პროექტის ესკიზი უნდა წარუდგინოს, იდენტური პირობებით, როგორც წინა შემთხვევაში.

რითი სჯიან კაცებს, რომლებიც ცოლებს სცემენ

„…სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ე. ბ. სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს, რის გამოც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას…“ – ვკითხულობთ განაჩენში, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2021 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიღო.

ანალოგიური ტექსტი კიდევ რამდენიმე განაჩენში გვხდება, სადაც ინიციალებია შეცვლილი და ძალადობის ფორმა, მაგალითად, როცა ცოლს გინების ნაცვლად სცემა ან პერიოდულად სხვადასხვა ფორმით ძალადობდა.

ე.ბ.-ს რომელიც ქალზე იმიტომ ძალადობდა, რომ ის ქალია, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებული 6 თვეს ციხეში გაატარებს, დარჩენილი 6 თვე კი, ჩაეთვლება პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2021 წელს იანვრიდან მარტის ჩათვლით ოჯახში ძალადობის მუხლით 21 საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ. აქედან 5 საქმეზე პროკურატურას გამოკვეთილი ჰქონდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, ანუ როცა ქალს იმიტომ სცემეს, რომ ის ქალია. პროკურატურის მიერ გამოკვეთილი ეს მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა, ხუთივე შემთხვევაში სასამართლომ დაადასტურა.

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთ საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა – 2 წლის ვადით, რაც პირობით ჩაუთვალა 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ოჯახში ძალადობის კიდევ სამი შემთხვევა, სადაც გენდერული შეუწყნარებლობის მოტივიც დადგინდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. მოსამართლემ ორ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცებს თითო-თითო წლით, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით, ხოლო ერთ შემთხვევაში მსჯავრდებულს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.

შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ? – NCDC-ის განმარტება

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, ყველაზე ხშირად ადამიანები ვაქცინაციის შემდეგ კითხულობენ – როდის შემიძლია დავლიო?

აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ? – ცენტრის განმარტებით, ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ  ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული.

გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს“, – ამბობს NCDC-ი.

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია – “ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება.

შემდეგი სესია 13 მაისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება და მას ნიდერლანდების ლიდერი კომერციული ბანკის, ABN Amro-ს მონაცემთა მეცნიერი, ვიოლეტა მიშევა გაუძღვება. სესიის თემა ამჯერად მანქანური დასწავლის (ML) მოდელების ქცევის ახსნის მეთოდებს შეეხება და ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„მანქანური დასწავლის და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ქცევის ახსნა უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით კი მაღალრისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: საფინანსო, ჯანდაცვის, დაზღვევის და სხვა სექტორები. ჩემს მოხსენებაში ვისაუბრებ ფინანსურ სექტორში გამოყენებული ML მოდელების ქცევის ახსნაზე, განვიხილავ სხვადასხვა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს და პრაქტიკულ მაგალითებს“, – ვიოლეტა მიშევა, მონაცემთა მეცნიერი.

სესიის ბოლოს დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო კითხვებზე მიიღოს პასუხები.

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ – https://www.surveymonkey.com/r/XKN3YQW_ML, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.

TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

ზღვით სავსე დილა გუმბათი რეზიდენსში

სანაპიროს ულამაზესი ხედები, ევკალიპტის ტყეები, სუფთა და მშვიდი ზღვა –  გუმბათი რეზიდენსის ახალ პროექტში მყუდრო და მშვიდი ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

12-სართულიანი აპარტოტელის სტილის კომპლექსი ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და აერთიანებს 103 სხვადასხვა ზომის აპარტამენტს. ყველა აპარტამენტიდან იშლება პანორამული ხედები ზღვაზე.

კომპლექსს აქვს 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

კომპლექსი მოიცავს: ღია აუზს, სპა, ფიტნესცენტრებს, ლაუნჯს, დახურულ რესტორანს ტერასით, ღია კინოთეატრსა და სამორინეს.

აპარტამენტები ბარდება ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი.

შეიძინე აპარტამენტი გუმბათი რეზიდენსში და იპოვე შენი ჰარმონია ზღვით სავსე დილის თითოეულ წუთში!

ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა!


საკონტაქტო ინფორმაცია: 557 500 500; 555 100 100
ელექტრონული ფოსტა: welcome@gumbatigroup.ge
გაყიდვების ოფისი: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N1

ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ საგამოძიებო საქმეების ნახევარი აჭარაზე მოდის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი გახსნა. ეს სამსახური იძიებს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს. სახელმწიფო ინსპექტორი ასევე სწავლობს პერსონალური მონაცემების დარღვევებს, თუმცა ბათუმის ოფისი ამ მიმართულებით არ იმუშავებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

დღემდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში ჰქონდა ოფისი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 5 გამომძიებლის რესურსით 8 რეგიონს ფარავდა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა თითქმის ნახევარი სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ეხებოდა, დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს მუდმივად უწევდათ აღნიშნულ რეგიონში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება.

„ცხადია ამ გამოწვევამ დღის წესრიგში დამატებითი ოფისის საჭიროება დააყენა. ბათუმის ოფისი აჭარის და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ ძალადობრივ, სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს. აღნიშნული ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სამსახურის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საგამოძიებო და  საპროცესო მოქმედებების დაუყონებლივ ჩატარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამსახური კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,“-  აღნიშნა დღეს, 10 მაისს, ოფისის გახსნის დროს გიორგი გამეზარდაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ.

სახელმწიფო ინსპექტორის აჭარის სამმართველოს ოფისი ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის 54-ში იქნება. უწყების ინფორმაციით, ოფისში გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.

„…მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო. ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 5 აპრილს გამოძიება დაიწყო „სირცხვილიას“ ოფისში პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე. ინსპექტორი უკვე ერთ წელზე მეტია იძიებს ბათუმში კომენდანტის საათის დროს მოქალაქის ცემის საქმეს, თუმცა შედეგზე ამ დრომდე გამოძიება არ გასულა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბათუმის ოფისის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარი დაიხარჯა.

დოქის დამზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დოქის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს: საღვინე ჭურჭელი  დოქის დამზადების ტრადიცია“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 29 აპრილის ბრძანებაში.

ბრძანება 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ბრძანებაში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

სააგენტომ ცოტა ხნით ადრე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ასევე „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“:

ვაზის დაბრუნება

 

შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 10 მაისს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. 

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 64 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734  ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან], განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე].

ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის შემოვლითი გზა უნდა გაგრძელდეს სარფამდე [თურქეთის საზღვრამდე], რისთვისაც იგეგმება ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე, ასევე დაგეგმილია გვირაბების მშენებლობაც.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ „ბათუმელების“ სტატიაში:

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

მიტროპოლიტი დიმიტრი ძალადობაზე: დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას ნანობს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ჟურნალისტებმა სასულიერო პირების მხრიდან გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე დაუსვეს კითხვები.

მიტროპოლიტმა, ერთი მხრივ, დაგმო ძალადობა, მეორე მხრივ კი, ჟურნალისტები ე.წ. პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„საერთოდ, ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს,“ – ასე შეაფასა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოს ანტონის თავდასხმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ შეაფასა დავით გარეჯას მონასტერში მომხდარი შემთხვევაც, როდესაც, ჟურნალისტების განცხადებით, გარეჯელი ბერები თავს დაესხნენ მათ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თქვა, რომ ამას დაჰკრავდა პროვოკაციის ელფერი.

„საერთოდ, რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია თავისთავად ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი დასდევს.

თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები: როდესაც შენ იცი [ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში], რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ აღარ უშვებს, არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია, მოხდეს უსიამოვნება აი, ამ დღეს. გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი [ჰქონდა]“, – თქვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დავით გარეჯში 4 მაისს დაესხნენ. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ინტერვიუს წერდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილთან, რა დროსაც, ჟურნალისტის თქმით, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ. არხის ოპერატორის გადაღებულ კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.

ამ შემთხვევაზე განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ ივერი მელაშვილი და ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა. შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ძალადობას გულისხმობს.

ჟურნალისტებმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე ამბებზეც ჰკითხეს.

„ჭყონდიდში ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. ჩვენი სრული მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს, სინოდის სრული მხარდაჭერა. სხვა რა შეიძლება ითქვას,“ – თქვა კითხვის პასუხად მიტროპოლიტმა.

ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა – მიტროპოლიტი დიმიტრი

დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

„როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას უცნაური სიკვდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად, აღარ არის,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის შემდეგ.

მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს პანდემიაში.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.

 

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია

ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა გაიზარდა.

10 მაისის მდგომარეობით, ამჟამად სამშობიარო სახლში  კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 დღეში ექვსი პაციენტით გაიზარდა მაჩვენებელი.

სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ორსულებს მკურნალობა სიმპტომების მიხედვით უტარდებათ.

დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, პარალელურად იზრდება ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულთა რიცხვიც.

დღევანდელი მდგომარეობით სულ აცრილია 5576 ადამიანი „ფაიზერით“, 3084 „ასტრაზენეკათი“ და 1732 ადამიანი – „სინოფარმით“.

 

მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.

დადასტურდა 549 ახალი შემთხვევა, 24 პაციენტი გარდაიცვალა | 10 მაისი

10 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ბოლო მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4481 ადამიანი. 

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსზე სულ აიცრა 62 447 ადამიანი. 

_____________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა ბათუმში

დღეს, 10 მაისს, აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 9 პაციენტი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 136 პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკაში 448 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი – 716.

კოვიდსასტუმროში იმყოფება 305 ადამიანი.

მაისის თოვლი ხულოში

აჭარის მთაში გათოვდა. ფოტოები, რომლებიც თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა, ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაშია გადაღებული.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში სამშაბათიდან, 11 მაისიდან, გამოიდარებს.

დღეს, 10 მაისს, აჭარის მთაში 5-10 გრადუსი სითბოა, ღამით: 0-5 გრადუსი. სანაპირო და შიდამთიან  რაიონებში ღამით: 5-10 გრადუსი, დღისით: 12-17 გრადუსი სითბო.

თოვლი სოფელ ზვედა თხილვანაში, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
თოვლი სოფელ ზვედა თხილვანაში, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
თოვლი სოფელ ზვედა თხილვანაში, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო
თოვლი სოფელ ზვედა თხილვანაში, თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

 

რეაბილიტირებული პეტრას ციხე [ფოტო]

პეტრას ციხე, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა, ვიზიტორებისთვის კვლავ დაკეტილია. განახლებული კომპლექსის გახსნა 18 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ 18 მაისამდე გადაწიეს. თუმცა ეს თარიღიც სათუოა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პეტრას ციხის გახსნის თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება, ბილეთის ფასი კი – 1-დან 5 ლარამდე. არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია ვიზიტორებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა.

ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

პეტრას ციხე / 8.05.2021
პეტრას ციხე / ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი / 8.05.2021
პეტრას ციხე / 8.05.2021
პეტრას ციხე / ყოფილი ლიმონარიუმის ტერასებზე ასასვლელი ადაპტირებული ლიფტი / 8.05.2021
ვიზიტორთა ცენტრი, პეტრას ციხე / 8.05.2021
პეტრას ციხე, ხედი ვიზიტორთა ცენტრიდან / 8.05.2021
ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობაში, პეტრას ციხე / 8.05.2021
ყოფილი ლიმონარიუმის ტერასა, რომელზეც სამუზეუმო სივრცეა მოწყობილი / პეტრას ციხე / 8.05.2021
ყოფილი ლიმონარიუმის ტერასა, რომელზეც სამუზეუმო სივრცეებია მოწყობილი [ფერად ჯიხურებში -ტერასის ბოლოს] / პეტრას ციხე / 8.05.2021
ზღვისა და ქობულეთის ხედი პეტრას ციხის გალავნიდან / 8.05.2021
ზღვაზე გადასახედი / პეტრას ციხე / 8.05.2021
ადაპტირებული ლიფტები ყოფილი ლიმონარიუმის ტერასებზე / პეტრას ციხე / 8.05.2021
ავტოპარკინგი პეტრას ციხის მიმდებარედ / 8.05.2021
ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ზღვის ნაპირას აღმართულ ორ ბორცვზე, პეტრას აკროპოლისისგან დღეს შემორჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობების [კარიბჭეებით და კოშკებით], სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესიის, ადრებიზანტიური და ოსმალური პერიოდის აბანოებისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები და შესაბამისი ეპოქების არქეოლოგიური არტეფაქტები.
სპეციალისტთა მტკიცებით, ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არეალი არ შემოიფარგლება ციხის ტერიტორიით, არამედ მოიცავს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას [ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საავტომობილო გზის გასწვრივ, გამოვლენილია ციხისძირის უძველესი ნამოსახლარი, რომელიც შეიცავს კულტურულ ფენებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. /ფოტო: პეტრას ციხე / 8.05.2021
პეტრას ციხეზე ვიზიტორების სიმრავლეა, თუმცა რეაბილიტირებული კომპლექსი მათთვის ჯერ გახსნილი არ არის / 8.05.2021

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღებას იწყებს – საჭიროა 200 ხელმოწერა

აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვას იწყებს. „სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეთა არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა აქვს წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოქალაქეებს პეტიციის წარდგენა ამ ეტაპზე მხოლოდ წერილობით შეუძლიათ. რაც შეეხება პეტიციის ელექტრონულად წარდგენას, რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელექტრონული პეტიციის ფორმა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში უნდა განსაზღვროს.

პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:

  • „შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;
  • არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;
  • შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა“.

 

[toggle title=”პეტიციის წარდგენის წესსა და შესაბამის პროცედურებზე დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

პეტიციის წარდგენის წესსა და შესაბამის პროცედურებზე დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. რეგლამენტის  140-1 მუხლი მთლიანად აღნიშნულ საკითხებს ეთმობა:
პეტიცია
1. პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.
2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.
3. პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:
ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;
ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;
გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.
4. პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
5. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
6. უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით.
საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
10. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.
თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
11. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას.
12. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.

[/toggle]

პეტიციის მიღება-განხილვის საკითხი აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში 2020 წლის 25 დეკემბერს შეიტანა:

როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას

ბათუმში „სინოფარმის“ ვაქცინით საზღვაო ჰოსპიტალშიც აცრიან

მას შემდეგ, რაც საზღვაო ჰოსპიტალშიც დაუშვეს „სინოფარმით“ აცრა, ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბათუმში დარეგისტრირდნენ. ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე.

ბათუმისთვის განკუთვნილი ჩინური „სინოფარმის“ ყველა დოზა 6 მაისის მდგომარეობით დაჯავშნილი იყო. მას შემდეგ, რაც ბათუმში ვაქცინა დაამატეს საზღვაო ჰოსპიტალში [მელიქიშვილის ქუჩა 102ბ], ისევ გახდა შესაძლებელი ადგილების დაჯავშნა. საზღვაო ჰოსპიტალში 2 ამცრელი კაბინეტი იმუშავებს. ჰოსპიტალში აცრები 12 მაისს დაიწყება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება.

სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

„სინოფარმზე” რეგისტრირებულთა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაცია არ ჰქონდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია უკვე მიანიჭა:

ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

 

ბათუმში სამშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიდამთიან  რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა ,ხილვადობა ღამით და დილით 4-10 კმ, დღისით კარგი, ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 13-18დმ(4ბალი), დღისით 7-12დმ(2-3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 3 დღეს – 11, 12 და 13 მაისს ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია   უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი | 9 მაისი

9 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოში მკურნალობს 499 პაციენტი, მძიმე პაციენტია – 86, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 8, კლინიკურ-სასტუმროებში – 348.

აჭარაში საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება – 1 946.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში კოვიდის 1 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 18 პაციენტი

 

კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 18 პაციენტი

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 მაისის დილის მდგომარეობით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში კოვიდის 1 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 710 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  321 919-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 281 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 108, ქვემო ქართლში – 82, შიდა ქართლში – 24, გურიაში – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 83, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში –  25, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, მათგან: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 514, აჭარაში – 499, იმერეთში – 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში – 479, აჭარაში – 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 8, იმერეთში – 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 – თბილისში, 348 – აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 757 პირი, აჭარაში – 1 946, იმერეთში – 1 157.

წითელი ჯვარი საქართველოს „სინოფარმის“ 100 000 დოზას გადასცემს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ამ ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში:

წითელი ჯვარი საქართველოს “სინოფარმის” 100 000 დოზას გადასცემს – ჯანდაცვის სამინისტრო

Exit mobile version