აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საბჭოს პეტიციით მიმართონ. რეგლამენტით, „პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს“.
ახალი ცვლილებით, „პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.“
რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება 2021 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელექტრონული პეტიციის ფორმა, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში უნდა განსაზღვროს.
პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:
- „შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;
- არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;
- შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა“.
პეტიციის განაცხადის წარდგენისა და განხილვის შესახებ დეტალურად იხილეთ აქ:
რეგლამენტის მიხედვით:
„პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული.
1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
- მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
- პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
- მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
პეტიციის შესწავლისა და განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას.
პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.“.
აღნიშნული ცვლილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში 2020 წლის 25 დეკემბერს შეიტანა.
ამავე დღეს უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი წლის გაახანგრძლივა საბჭოს შენობის ადაპტირების საკითხი.
ამ დრომდე, რეგლამენტით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლეს საბჭოს, 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა მოეცდინა ადმინისტრაციული შენობის შესაბამისი საჭიროებებით აღჭურვა“. უმაღლესმა საბჭომ ეს თარიღი ამჯერად 2022 წლის იანვრამდე გადაავადა.
უმაღლესი საბჭოს ორსართულიანი შენობის მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული. მეორე სართულზე კი, სადაც სამუშაო კაბინეტებთან ერთად სხდომათა დარბაზია განთავსებული, არ არის ადაპტირებული.