მთავარი,სიახლეები

მიტროპოლიტი დიმიტრი ძალადობაზე: დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას ნანობს

10.05.2021
მიტროპოლიტი დიმიტრი ძალადობაზე: დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას ნანობს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ჟურნალისტებმა სასულიერო პირების მხრიდან გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე დაუსვეს კითხვები.

მიტროპოლიტმა, ერთი მხრივ, დაგმო ძალადობა, მეორე მხრივ კი, ჟურნალისტები ე.წ. პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„საერთოდ, ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს,“ – ასე შეაფასა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოს ანტონის თავდასხმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ შეაფასა დავით გარეჯას მონასტერში მომხდარი შემთხვევაც, როდესაც, ჟურნალისტების განცხადებით, გარეჯელი ბერები თავს დაესხნენ მათ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა თქვა, რომ ამას დაჰკრავდა პროვოკაციის ელფერი.

„საერთოდ, რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია თავისთავად ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი დასდევს.

თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები: როდესაც შენ იცი [ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში], რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ აღარ უშვებს, არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია, მოხდეს უსიამოვნება აი, ამ დღეს. გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი [ჰქონდა]“, – თქვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დავით გარეჯში 4 მაისს დაესხნენ. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ინტერვიუს წერდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილთან, რა დროსაც, ჟურნალისტის თქმით, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ. არხის ოპერატორის გადაღებულ კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.

ამ შემთხვევაზე განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ ივერი მელაშვილი და ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა. შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ძალადობას გულისხმობს.

ჟურნალისტებმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე ამბებზეც ჰკითხეს.

„ჭყონდიდში ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. ჩვენი სრული მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს, სინოდის სრული მხარდაჭერა. სხვა რა შეიძლება ითქვას,“ – თქვა კითხვის პასუხად მიტროპოლიტმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: