მთავარი,სიახლეები

ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე

05.04.2021
ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“.

ამის შესახებ „ბათუმელებს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრიდან აცნობეს.

„სირცხვილიას“ ოფისში პოლიციელები შაბათს ღამით მას შემდეგ შევიდნენ, როცა აქტივისტებმა საპროტესტო აქციით კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქტივისტების თქმით, პოლიციელებს არ განუმარტავთ, რის საფუძველზე შევიდნენ „სირცხვილიას“ ოფისში ან რის გამო დააკავეს და სცემეს ადამიანებს.

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში გამოძიება იწყება. გამოძიება დაიწყო, მაგალითად, ბათუმში კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე. ეს 2020 წლის 4 აპრილის ამბავია. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია.

რაც შეეხება „სირცხვილიას“ აქტივისტებს, მათ ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. გადაწყვეტილებას დღეს, 5 აპრილს, მიიღებს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: