მთავარი,სიახლეები

ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ საგამოძიებო საქმეების ნახევარი აჭარაზე მოდის

10.05.2021
ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ საგამოძიებო საქმეების ნახევარი აჭარაზე მოდის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი გახსნა. ეს სამსახური იძიებს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს. სახელმწიფო ინსპექტორი ასევე სწავლობს პერსონალური მონაცემების დარღვევებს, თუმცა ბათუმის ოფისი ამ მიმართულებით არ იმუშავებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

დღემდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში ჰქონდა ოფისი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 5 გამომძიებლის რესურსით 8 რეგიონს ფარავდა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა თითქმის ნახევარი სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ეხებოდა, დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს მუდმივად უწევდათ აღნიშნულ რეგიონში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება.

„ცხადია ამ გამოწვევამ დღის წესრიგში დამატებითი ოფისის საჭიროება დააყენა. ბათუმის ოფისი აჭარის და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ ძალადობრივ, სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს. აღნიშნული ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სამსახურის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საგამოძიებო და  საპროცესო მოქმედებების დაუყონებლივ ჩატარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამსახური კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,“-  აღნიშნა დღეს, 10 მაისს, ოფისის გახსნის დროს გიორგი გამეზარდაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ.

სახელმწიფო ინსპექტორის აჭარის სამმართველოს ოფისი ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის 54-ში იქნება. უწყების ინფორმაციით, ოფისში გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.

„…მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო. ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 5 აპრილს გამოძიება დაიწყო „სირცხვილიას“ ოფისში პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე. ინსპექტორი უკვე ერთ წელზე მეტია იძიებს ბათუმში კომენდანტის საათის დროს მოქალაქის ცემის საქმეს, თუმცა შედეგზე ამ დრომდე გამოძიება არ გასულა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბათუმის ოფისის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: