რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია

რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო.

ნახევარფინალში ზოიძე ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდება.
___________
 ფოტო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ქობულეთის მერია კერძო ყანებში სადარაჯო ფარდულებს მოაწყობს

ქობულეთის სოფლებში, მუხაესტატესა და წყავროკაში, კერძო საყანე ფართობებში სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 521 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტმა სადარაჯო ფარდულების მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„სადარაჯო ფარდულების მოსაწყობად თანხა ბიუჯეტში მოსახლეობის მომართვის საფუძველზე გამოიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირია მოსავლის მოპარვის მცდელობა, ამიტომ გადაწყდა, რომ ფარდულებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო შემდგომ საყანე ფართობების დაცვას ალბათ თავად მოსახლეობა უზრუნველყოფს“ – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 18 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება. თუ ამჯერად ტენდერი შედგება, გამარჯვებულმა სადარაჯო ფარდულები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა მოაწყოს.

 

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ვგეგმავთ გამაგრებას,“ – გვითხრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე წურწუმიამ სოფელ სალიბაურში მოსახლეობის პროტესტის პასუხად.

საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმთან ახლოს, სალიბაურში 14-მა ოჯახმა შეაჩერა.

მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, აწუხებთ მტვერი და ხმაური.

მოსახლეობამ ავტობანის წინ კარვები ჩადგა, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, დილის 6 საათზე პოლიციამ დაშალა. სალიბაურელები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობა ვერ განახლდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოსახლეობის განცხადების საპირისპიროდ, გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნები უკვე არსებობს, სადაც ცალსახად წერია, რომ ბზარები ავტობანის მშენებლობას არ გამოუწვევია.

„დასკვნების მიხედვით, ეს ბზარები გამოიწვია კორპუსზე უკანონო მიშენებებმა, რომელიც განხორციელდა 90-იან წლებში სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით. ეს ბზარები არ არის გამოწვეული შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტიდან.

მიუხედავად ამისა, დეპარტამენტმა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ორგანომ დაუკვეთა შესაბამისი გამაგრებითი პროექტის მომზადება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე წურწუმიამ. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნები გასული წლის სექტემბერში მომზადდა.

გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვუთხარით, რომ მოსახლეობას ექსპერტიზის დასკვნა არ აქვს, ხოლო ზუსტად ერთი თვის წინ ჩავწერეთ ინტერვიუ ამავე დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსთან, მიხეილ უჯმაჯურიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ავტობანთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

„ალბათ თქვენი კითხვა იყო ბუნდოვანი,“ – გვიპასუხა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. მან უარი გვითხრა ექსპერტიზის დასკვნების დღესვე გაცნობაზე და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიგვითითა. სალომე წურწუმიამ დასძინა ისიც, რომ პერსონალური მონაცემების გამო, უცნობია, მოგვაწვდიან თუ არა ექსპერტიზის დასკვნებს.

რატომ დააფინანსებს გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის ხარჯზე კორპუსის გამაგრებას, თუკი დადგინდა, რომ ზიანი ავტობანის მშენებლობას არ გამოუწვევია?

„თქვენც რომ იყოთ პასუხისმგებლობიანი ორგანო, დაგეგმავდით შესაბამის ღონისძიებებს,“ – გვიპასუხა სალომე წურწუმიამ და ხაზი გაუსვა, რომ რეალურად ადამიანები მართლაც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ კორპუსში.

ავტობანთან ახლოს, კერძო სახლში ცხოვრობს მზიური ზოსიძე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნა აქვს, სადაც წერია, რომ საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრობს, თუმცა ექსპერტი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს, უკავშირდება თუ არა ეს ბზარები კონკრეტულად ავტობანის მშენებლობას.

მზიური ზოსიძესთან დაკავშირებით, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ შესაბამისი ნიშნულები თუ არ განთავსდება სახლზე, ვერ დადასტურდება, ბზარები ავტობანის მშენებლობამ გამოიწვია თუ არა.

„ის არ გვიშვებს სახლში… ეს ბზარები დაფიქსირდა სახლში 2019 წელს, ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე,“ – დასძინა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

მოქალაქის თქმით კი, ავტობანის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, სახლს კი, ბზარები 2019 წელს გაუჩნდა.

ამ ნაწილშიც განსხვავებულია ერთი საჯარო უწყების ორი წარმომადგენლის პოზიცია – თუ უფროსის მოადგილე ამბობს, რომ სამუშაოების დაწყებამდე შეისწავლეს მზიური ზოსიძის სახლი ტექნიკურად, ამავე უწყების წარმომადგენელმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ „ბათუმელებთან“ ერთი თვის წინ აღნიშნა, რომ „მანამდე ამის საჭიროება არ იყო“.

კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსიც ავტობანიდან დაახლოებით 30 მეტრშია. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მზიური ზოსიძეს აქვს, წერია:

საცხოვრებელი შენობები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საავტომობილო გზებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა“, – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

გზების დეპარტამენტში სამხარაულის ექსპერტიზის პოზიციას არ იზიარებენ.

„დაცულია ყველა ტექნიკური სტანდარტი“ – ირწმუნება გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სალომე წურწუმია, მისი თქმით, დისტანცია 100 მეტრი კი არა, 25 მეტრი უნდა იყოს, თუმცა მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც დისტანცია განისაზღვრება.

მოქალაქეებს სასამართლო დავის შესაძლებლობა აქვთ.

„მე სახელმწიფოს არაფერს ვთხოვ, ჩემი კერძო საკუთრება მენგრევა და ზიანი მათგან არის მოყენებული. ამას რატომ არ ითვალისწინებენ. თუ სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, სასამართლოში საიდან იქნება?“ – კითხულობს მზიური ზოსიძე.

ამ თემაზე:

„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი

წიგნს გადაჰყავხარ სხვა სამყაროში და შთაგონებას გიღვივებს, რის შედეგადაც თავად ხდები შემოქმედი

ავტორი: თათია კეკელია, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი

______

წიგნის მნიშვნელობის შესახებ მრავალგვარი ხედვა არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ წიგნების კითხვა განათლებულობის დონეს ამაღლებს, ზოგი ცხოვრებისეულ სიბრძნეს ეძებს მათში, ზოგისთვის მხოლოდ გართობის საშუალებაა, ზოგსაც ერთგვარი პროტესტი უჩნდება წიგნებით თავის მოტანის „სნობიზმისადმი“ და აცხადებს, რომ წიგნები ვერც ჭკუას გვასწავლის და, მით უმეტეს, ვერც ცხოვრებას.

მკითხველთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამეცნიერო წიგნებს აღიარებენ და მხატვრულს ამრეზით უყურებენ და ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ.

ვერავინ მოგვცემს ზოგად ფორმულას იმის შესახებ, თუ რომელი და რამდენი წიგნის წაკითხვაა ოპტიმალური. ადამიანებმა შეიძლება იკამათონ წიგნების მნიშვნელობაზე, მაგრამ უმრავლესობამ მაინც იცის, ან გრძნობს – თუნდაც გაუაზრებლად, – რომ წიგნები უნდა არსებობდეს, იქმნებოდეს და მათზე წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს, რადგან „საჭიროა“. ეს საჭიროება სცდება შემეცნებით-ისტორიულ და ჰუმანიტარულ-კვლევით მიზნებს და მას ნათლად დასაბუთება სჭირდება.

მართალია, შეიძლება ცხოვრების გზამკვლევად ყოველთვის არ გამოდგეს წიგნი (და ეს არც არის მისი დანიშნულება), მაგრამ იგი აუცილებლად რთავს მკითხველს აზროვნების ვარჯიშში. წიგნს, მეცნიერულს თუ არამეცნიერულს, გადავყავართ „იდეათა სამყაროში“ და გვაჩვენებს „გონებით საწვდომ“ საგნებს. აზროვნებას იწვევს ფიქციაც, წარმოსახვის უნარზე აგებული ამბავი. წარმოსახვის უნარი ხომ რეალურად სწორედ იდეებს სწვდება და მათი გადათამაშებით ქმნის ახალ სამყაროებს. ამიტომ ფიქციის წასაკითხად ჩვენ სწორედ იდეათა სამყაროში გადასვლა გვჭირდება, რაც აზროვნებას მოითხოვს.

წიგნის მთავარ დანიშნულებად ალბათ სწორედ წარმოსახვის უნარი და მისი გავარჯიშება უნდა მივიჩნიოთ. წიგნი ყოველთვის რაციონალურ-მეცნიერული გათვლებით არ იწერება და მაშინაც კი, როცა ასეა, თეორიების წარმოჩენას და მკითხველამდე მოტანას სწორედ წარმოსახვის უნარი სჭირდება. მათი აღქმაც უფრო ადვილია, როდესაც მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს თეორიის იმპლიკაციები. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი წიგნი წარმოსახვის უნარის ნაყოფია და მკითხველსაც უაქტიურებს მას. სწორედ ამის გამო ხდება წიგნი გართობისა და სიამოვნების წყარო: მას გადაჰყავხარ სხვა სამყაროში და შთაგონებას გიღვივებს, რის შედეგადაც თავად ხდები შემოქმედი.

პარადოქსია, მაგრამ ადამიანს თავისი სოციალური ცხოველობის (საზოგადოების) შენარჩუნებასა და განვითარებაში ისეთი ეული აქტივობა ეხმარება, როგორიც წიგნის კითხვაა. თუ მართალია, რომ ჰომო საპიენსის განვითარების პირობა სწორედ წარმოსახვის უნარი გახდა და მისგან წარმოქმნილი მეტყველება აბსტრაქტული საგნების შესახებ (და არა კონკრეტული, პრაგმატული აზროვნება, რომლითაც ჰომო ნეანდერტალები უფრო გამოირჩეოდნენ), მაშინ წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. წარმოსახვის უნარის წყალობით ადამიანმა თავისი სახეობის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობების ერთად ცხოვრება გახადა შესაძლებელი. ჩვენც, როგორც საზოგადოებას, გვჭირდება მუდმივი განახლება და კონსოლიდაცია, რისთვისაც აუცილებელია ახალი წიგნები.

მაღალმთიანი აჭარის 60-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის წიგნებით მომარაგება, განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში, ღირსეული ინიციატივაა და ძალიან მიხარია, რომ მასში ჩართვის შესაძლებლობა მაქვს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ხვალ ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იასპარეზებენ

3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოდან 7 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის არიან რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე, რომლებიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოდიან.

ორივე სპორტსმენი მერვედფინალში იჭიდავებს.

რამაზ ზოიძე შეხვდება კუბელ მოჭიდავეს, იზმაელ ბორეროს, რომელიც 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია.

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ლიცენზია 18 მარტს უნგრეთში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა, იგი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია, არის 5-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და U23-ბს შორის, უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონი.

ლაშა გობაძე კი უზბეკ სპორტსმენს, რუსტამ ასაკალოვს შეხვდება.

გობაძე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია 82 კგ წონით კატეგორიაში, იგი ბათუმის  სასპორტო სკოლის აღზრდილია.


_________________________________

ფოტოზე: რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე. ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა

ავტორი: ნათია სირაბიძე

ვაქცინის შიში ყველას აქვს. მეც მეშინოდა. თავში მიტრიალებდა “ანაფილაქსური შოკი”, მნიშვნელობა ბოლომდე არც ვიცოდი, მაგრამ სულ მეფიქრებოდა, ვაითუ უკურეაქცია მომცეს, ვაითუ სრულად ვერ მიშველეს? პატარამ რომ იტიროს და ვერ დაამშვიდონ? რა ეშველება ჩემ ოჯახს უჩემოდ…

შიშები მქონდა ყოველჯერზე – როცა18 წლის შვილის ვაქცინირებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა მეუღლე აიცრა, თუ მამას ვაცილებდი აცრის გასაკეთებლად.

არადა ამ ვაქცინას პანდემიის დაწყების დღიდან ველოდით. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა თაობათა გადარჩენის ერთადერთი შანსი, მაგრამ დღეს, როცა ხელმისაწვდომია, გვეშინია.

რატომ გვაქვს შიში? ალბათ იმიტომ, რომ ათას სისულელეს ვკითხულობთ, ათას დეზინფორმაციას ვეცნობით. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ექიმი ანტივაქსერია; ალბათ იმიტომ, რომ რელიგიური ფანატიკოსები მოგონილ შიშს გვინერგავენ. ალბათ იმიტომაც, რომ ვაქცინირებული ახალგაზრდა ექთნის სიკვდილი ლამის პირდაპირ ეთერში ვნახეთ.

არადა არც კი გვახსენდება, რომ დაბადებიდან 2-3 დღეში ჩვენ შვილებს არანაკლებ ძლიერ ვაქცინებს ვუკეთებთ. თითოეულს სულ მცირე 17 აცრა გვაქვს გაკეთებული ბავშვობაში და თითქმის არც ერთზე დავფიქრებულვართ, მაღალი სიცხის და ნანემსარის გაწითლების გარდა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა. არავის დავუშინებივართ, რომ პოლიომიელიტის ვაქცინამ შეიძლება მხედველობა წაგვართვას, ტვინის უჯრედები დააზიანოს ან საერთოდ გაგვისტუმროს საიქიოს, რადგან მსგავსი უკუჩვენების შანსი მილიონში ერთია, ისიც თუ ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს ადამიანს.

არ გვახსოვს, რომ 60-იან წლებში მხოლოდ ამერიკაში 12.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა წითურას ინფექციით. რომ არა ვაქცინები, დღეს მსოფლიო მოსახლეობა განახევრებული იქნებოდა. რომ არა ვაქცინები ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი, წითელა, შეიწირავდა მილიონობით ადამიანს.

და მაინც თანამედროვე აზროვნების ადამიანებს კოვიდ ვაქცინის გვეშინია, რადგან მრავლისმეტყველად გადმოგვხედავენ ხოლმე ახლობელ-მეგობრები: “ვაქცინა ხომ იცი რა არის?”… გვეუბნებიან, რომ ვაქცინირებისას სხეულში შეჰყავთ თავად ინფექცია და გამოდის, რომ საკუთარი ნებით აინფიცირებ თავს.

რეალურად კი თუ გადახედავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქციებს, ნახავთ, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს, მათი კონცეფცია უფრო “საგანმანათლებლოა”. ეს ვაქცინები “ასწავლიან” ორგანიზმს, რომელ ინფექციას უნდა ებრძოლოს და როგორ. მათი წყალობით ჩვენი იმუნური სისტემა შეიარაღდება ცოდნით და სწრაფად ახდენს რეაგირებას (ალბათ როდესაც ფანატიკოსები მითოსურ “დაჩიპვაზე” საუბრობენ, ამ ვაქცინის ინოვაციურობას და “ჭკუას”  გულისხმობენ).

თანაც ეს ჭკვიანი  ვაქცინები უსაფრთხოა როგორც მეძუძური, ასევე ფეხმძიმე ქალებისთვის. ფეხმძიმეების დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ადამიანების, ამიტომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ პფაიზერით და მოდერნათი ვაქცინაცია რეკომენდებულია როგორც ფეხმძიმე, ასევე მეძუძური დედებისთვის. მასობრივად კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ვაქცინირებული დედების რძე გამოიკვლიეს და ნახეს, რომ რძეში ვაქცინის უჯრედები არ გადასულა. შესაბამისად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მიგვითითებს, რომ ვაქცინირება უსაფრთხოა.

ინფიცირების შემთხვევაშიც, ბუნებრივ კვებაზე მყოფი შვილის დაინფიცირების შანსი 30%-ია. მაგრამ ექსპერტების აზრით, ბუნებრივი კვება იმდენად ზრდის ბავშვის იმუნიტეტს, რომ კოვიდ ინფექციის დროსაც არ უნდა შეწყდეს. ამიტომაც ვაქცინირებით დედა იცავს საკუთარ თავს და შვილსაც.

რა გამოდის, რომ ახალი ვაქცინა სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინებზე გაუმჯობესებული ვარიანტია და მაინც გვეშინია?

მოკლედ, ამ ცოდნით და გამოცდილი ექიმების რეკომენდაციებით შეიარაღებულმა დავძლიე შიში, დავტოვე ბუნებრივ კვებაზე მყოფი 2 თვის მძინარე ბავშვი სახლში და წავედი ასაცრელად. ისეთი კლინიკა შევარჩიე, სადაც საჭიოების შემთხვევაში გადაუდებელ დახმარებასაც გამიწევდნენ. რიგები მოწესრიგებული იყო და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია.

ჩემი ინფორმაცია ექიმმაც დამიდასტურა, ჯერჯერობით მხოლოდ პფაიზერის  ვაქცინება დაიშვებოდა მეძუძურებისთვის. ორჯერ გადავამოწმე – ნამდვილად ხომ პფაიზერს მიკეთებთ-მეთქი. საყოველთაო უნდობლობის გამო, მეც გამკრა ეჭვმა – ამერიკის მთავრობის საჩუქარია, მაგრამ ჩამოტანის შემდეგ ხომ არ შეცვალეს-მეთქი.

ჩხვლეტას მიჩვეული ვარ, მაგრამ გონებაში გამჯდარი შიში მოსაცდელში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. წიგნი წავიღე, ისეთი, რომ კარგად “ჩავეთრიე” და სხვა არაფერზე მეფიქრა, მაგრამ არ იმუშავა. ყოველ ორ წუთში საათზე ვიყურებოდი ან მეუღლეს ვეკითხებოდი ბავშვზე. 30 წუთის შემდეგ, როგორც კი მე და სამედიცინო პერსონალი დავრწმუნდით – არ მქონდა უკურეაქცია, სახლში გამოვფრინდი სიხარულით.

10-12 საათის შემდეგ დამეწყო მხრის ტკივილი. საკმაოდ მტკივნეული იყო და ნანემსარიდან ფართო რადიუსში ვრცელდებოდა. ხელის მაღლა წამოწევაც არ შემეძლო. პატარა სულ მარჯვენა მკლავზე მეწვინა. გამახსენდა, რომ ჩემ შვილს მეორე დოზაზე ჰქონდა მსგავსი რეაქცია, მაშინაც ძალიან განვიცადე. მაგრამ ვიცოდი, რომ ამ ვაქცინის უკუჩვენება ყველაზე ხშირად მხარის ტკივილია. თან დავმშვიდდი – მართლაც პფაიზერი გამიკეთებია. 24 საათში ტკივილიც გაქრა და შიშიც.

ახლა მეორე ვაქცინას ველოდები, თუ საჭირო იქნება, ბუსტერსაც გავიკეთებ. ასე მე დავიცავ საკუთარ თავს, ჩემ ოჯახს და ჩემ შვილებს. დავიცავ გარშემომყოფებს ვირუსის გავრცელებისგან. და მე ვინ ვარ? რატომ კითხულობთ ახლა ამ ჩანაწერს? IBM (2020) კვლევის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს უფრო ენდობიან და გადაწყვეტილებებს მათი მსგავსი ადამიანების რეკომენდაციის შესაბამისად იღებენ, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა საჯაროდ და კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ თუ შვილები გვიყვარს, უნდა ავიცრათ.

გერმანელ მუსიკოსზე ძალადობაში ბრალდებული ხელწერილით გამოუშვეს

გერმანელ მუსიკოსზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ ხელწერილის დადება შეუფარდა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვიულმა მიიღო დღეს, 2 აგვისტოს.

ბრალდებულისთვის პროკურატურა 5 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ  ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს.

პროკურატურამ ლ.ჭ.-ს ბრალი დღეს, 2 აგვისტოს წარუდგინა.

საელჩოს განცხადება თურქეთში, ხანძრის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს და თურქეთში, მუღლასა და ანტალიის რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს.

„თურქეთის რესპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:

ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“ – აცხადებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

თურქეთში მეხუთე დღეა ებრძვიან ხანძრის კერებს. ბოლო ცნობებით დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია და ევაკუირებულია ასობით პირი.

_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს

ბათუმში ივლისიდან ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. მას ბათუმში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა – დავით კეკენაძე 1994-2001 წლებში მაშინდელ აჭარის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. შემდეგი ორი წელი კი, იგი აჭარის პროკურორი იყო.

2002 წლიდან დავით კეკენაძე ისევ მოსამართლეა ამჯერად საჩხერის სასამართლოში, 2003 წლიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეა, 2006 წლიდან კი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა.

2010 წლიდან დავით კეკენაძე სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა, 2013 – 2015 წლებში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, ხოლო 2016 წლიდან ორი წლის განმავლობაში იყო საჩხერის მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

2019 წლის ივნისიდან ნოემბრამდე დაკისრებული ჰქონდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და იმავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

2019-2021 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშის და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, მდინარე ჩაქვისწყალზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 807 ათას 951 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.

ხიდის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა, სამუშაოების დაწყების შესახებ გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

პირობის მიხედვით, მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები ამ დავალების მიღებამდე დაიწყოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ აიკრძალება, თუმცა „მოძრაობა შეიზღუდება ნაწილობრივ ამ პროექტის განხორციელებისას“.

„ხიდის რეაბილიტაცია ითვალისწინებს არსებული დეფექტების აღმოფხვრას, კერძოდ, უნდა განხორციელდეს: სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ახალი ტროტუარის ბლოკებისა და მოაჯირების მონტაჟით; ხიდზე წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის საწრეტი მილებითა და თუჯის ხუფებით; მალის ნაშენის კოჭებს შორის დაზიანებული გამონოლითების ნაკერების რეაბილიტაცია; სანაპირო ბურჯებზე ახალი ტროტუარების მოწყობა და შუალედი ბურჯების რიგელების ზედაპირის შელესვა; სანაპირო ბურჯების წინ საძირკვლების გამორეცხვისაგან დამცავი მოქნილი ლეიბის მოწყობა“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

დოკუმენტების მიხედვით, არსებული ხიდი აშენებულია 1958 წელს.

ამასთან, „მცდელობის მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული სახიდე გადასასვლელის საარქივო საპროექტო დოკუმენტაციის მოძიება ვერ მოხერხდა [ხიდის საპროექტო, გრაფიკული მასალები ეროვნულ არქივში არ გვხვდება]… სარეაბილიტაციო ხიდი თითქმის მართობულად კვეთს მდ. ჩაქვისწყალს. ხიდის სიმაღლე [მანძილი სავალი ნაწილის ნიშნულიდან დაბალი წყლის დონემდე] შეადგენს 9.95 მეტრს.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.

„ნუ წახვალ ქორწილში, სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია!“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ აგვისტოს ფეისბუქზე მოსახლეობას ნიღბის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და აცრისკენ მოუწოდა.

„სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია! ნუ გამართავ ქორწილს! ნუ წახვალ ქორწილში! ატარე ნიღაბი! დაიცავი დისტანცია! აიცერი! ასე რთულია ეს ყველაფერი?“ – წერია ჯანდაცვის მინისტრის პოსტში.

„ბათუმელებმა“ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება სთხოვა.

  • გუშინდელი პოსტით სოციალურ ქსელში აცრის, დისტანციის დაცვისა და ქორწილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეთ საზოგადოებას.

ეს იყო ძალიან ზოგადი მოწოდება მოქალაქეების, მოსახლეობისთვის, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია  გვქონდეს სტაბილური, აუცილებელია დავიცვათ გონივრული  შეზღუდვები, რაც დღესდღეობით გვაქვს, კერძოდ: დახურულ სივრცეში სავალდებულოა ნიღბის მოხმარება, აუცილებელია სოციალური დისტანცია და თავყრილობების მინიმუმამდე დაყვანა. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია, მით უფრო, რომ უკვე არსებობს არჩევანის შესაძლებლობა.

  • გაქვთ თუ არა კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან, ვისაც ევალება გაკონტროლდეს ქორწილების, ქელეხების ჩატარების აკრძალვა, მასობრივი შეკრებების აკრძალვა.  რამდენად ეფექტურია მონიტორინგი, დარღვევებზე რამდენად რეაგირებს შესაბამისი უწყება?

მარეგულირებელ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესდღეობით კონტროლის ადმინისტრირება უფრო მკაცრია და ამას შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები ახორციელებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საკომუნიკაციო უფლებამოსილება და ჩვენ მოსახლეობის ცნობიერებაზე ვმუშაობთ, ვაკეთებთ განცხადებებს მოქალაქეების საყურადღებოდ, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდსიტუაციის მომდევნო დამძიმება.

  • რამდენი საწოლია მობილიზებული ამჯერად აჭარაში, რამდენია თავისუფალი, ზოგადად, როგორ უმკლავდება სამედიცინო რესურსი არსებულ ეპიდსიტუაციას?

დღევანდელი სამედიცინო რესურსი საჭიროებებს უმკლავდება, 706 საწოლია მობილიზებული და  120 საწოლი თავისუფალია დღევანდელი მდგომარეობით.

მომდევნო პერიოდში მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაბამისი გეგმა, რომელსაც ათანხმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. მინდა ვთქვა, რომ არსებობს შესაბამისი მზაობა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც.

ყველა კლინიკას აქვს ასევე საკმარისი რაოდენობის სასუნთქი აპარატი. აბსოლუტურად ყველა კლინიკას.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღარ კონტროლდება პირბადის ტარება, დახურულ სივრცეებშიც მოქალაქეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული პირბადის ტარება, ნაკლებად გვესმის, რომ ვინმე დაეჯარიმებინოთ ქორწილებისა და ქელეხების გადახდისთვისაც…

წესებისა და შეზღუდვების დაცვის პასუხისმგებლობები თანაბრად უნდა გაინაწილოს სახელმწიფომ და თითოეულმა მოქალაქემ, ეს ვერ იქნება მხოლოდ მაკონტროლებლის პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სოციალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალური სერიოზულობით მოვეკიდოთ ყველა წესის დაცვის აუცილებლობას.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ზაფხულის დასაწყისში შეზღუდვების მოხსნამ შექმნა სწორედ მზარდი რაოდენობა კოვიდშემთხვევებისა?

დღეს რა შეზღუდვებიც მოქმედებს, ადეკვატურია მოცემული ეპიდვითარებისა, ეს გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება.

  • ზოგადად, როგორ შეაფასებდით ეპიდვითარებას იმ პირობებში, როცა დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში თითქმის 400-ია, რეგიონის კოვიდკლინიკებში კი 715 ადამიანი მკურნალობს?

ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ერთ დონეზე ვდგავართ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება მომავალში, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევასა და პასუხისმგებლობაზე, წესების დაცვაზე.

ვიმეორებ, რომ არსებობს შესაძლებლობა აცრისა, არსებობს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მზაობა და ვართ ვალდებულები მივმართოთ ამ დაწესებულებებს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

ვიცით, რომ ყველა ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და კოვიდით გარდაცვალებისგან. შესაძლებელია  დაინფიცირდეს სრულად აცრილიც, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ამ დროს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. აქ გასათვალისწინებელია თანმხლები დაავადებებიც. არ გვაქვს ინფორმაცია, რომ აცრილი დაინფიცირდა და მძიმედ გადაიტანა კოვიდი ან ლეტალურად დასრულდა აცრის შემდეგ ვინმეს შემთხვევა, ასეთი მაგალითები არ გვაქვს.

გერმანელ მუსიკოსზე ძალადობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ 30 ივლისს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლ.ჭ-ს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ  ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ „სფეროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, იძალადა ჰ.ვ.მ.-ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ჰ.ვ.მ.-მ გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება,“ – წერს პროკურატურა.

ლ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 2 აგვისტოს გამოქვენდა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

გამოცდის შედეგის ნახვა აბიტურიენტებს შეუძლიათ აქ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ნაშრომის სკანირებული ასლები და ყოველ კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაცნობა შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან [მაგთი, ჯეოსელი] საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს ნომერზე: 93333 [ამ დროს ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ მომსახურების საფასური – 50 თეთრი].

მოქმედებს ცხელი ხაზიც: (032) 2473333

__

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია.

„ლიტერადან“ 92 წიგნი მოიხსნა, კონკურსის ჩატარება შეუძლებელია – მწერალთა სახლი

„მწერალთა სახლი“ ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ლიტერაზე“ საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან 92 წიგნი მოხსნილია, რაც კონკურსის ჩატარებას შეუძლებელს ხდის.

„წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა.

შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები.

მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც.

საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა,“ – წერს „მწერალთა სახლი“.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონებში.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 2-3 გრადუსით მოიმატებს.

სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, 6-7 აგვისტოს ბათუმში +25-36 გრადუსი იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა  კი +35, +37 გრადუსამდე იქნება.

„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი

„გვითხრეს, თუ საჭიროა გადაგივლითო, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ,“ – ამბობს სალიბაურში მცხოვრები მზიური ზოსიძე. მას და მშენებარე ავტობანთან მცხოვრებ კიდევ 14 ოჯახს დღეს დილით პროტესტის ნიშნად დადგმული კარვები აღებული დახვდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმის შემოგარენში, სალიბაურში, ავტობანიდან დაახლოებით 25 – 30 მეტრში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა პროტესტის ნიშნად კარვები დაახლოებით ორი თვის წინ გაშალა. ამ ადამიანებმა ავტობანის მშენებლობა შეაჩერეს. მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, აწუხებთ მტვერი, ხმაური…

აქ აინტერესებთ, „მთავრობაში სიმართლის მოყვარული ერთი ადამიანი როგორ შეიძლება არ არსებობდეს, ვინც მათ მხარეს დადგება“. სამი წელია სამართალი ვერსად ვიპოვეთო, – აცხადებენ საცხოვრებელი სახლების დაკარგვის შიშით დათრგუნული ადამიანები.

„ჩემს აივანზე შემოდის პირდაპირ ავტობანი, ეს შეიძლება? 23 მეტრი არაა დაცილება ავტობანსა და ჩემს აივანს შორის. თუ ეს ნორმალურია და ესაა კანონი, გვითხრან ეს. თუ ესაა მათი პასუხი, ჩემს აივანზე დასხდნენ და ვნახავ, როგორ მოეწონებათ,“ – ამბობს შოთა ტაკიძე. მას, ისევე როგორც სხვა ოჯახებს, ამ დრომდე არ აქვთ ექსპერტიზის პასუხი კითხვაზე: გამოიწვია თუ არა ამ სახლის კედლებზე ბზარები ავტობანის მშენებლობამ?

„გზების დეპარტამენტი ამბობს, დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებსო, მაგრამ როდემდე? 2018 წელს დაიწყო ავტობანის მშენებლობა და თითქმის სრულდება. მათ რაც სჭირდებათ, იმას უცებ აკეთებენ,“ – სახელმწიფოს აღარ ენდობა მერი ტაკიძეც.

ექსპერტიზის დასკვნა აქვს, მაგალითად, მზიური ზოსიძეს, თუმცა ამას არც ამ ოჯახის შემთხვევაში შეუცვლია რამე. ექსპერტმა მიიჩნია, რომ სახლში, სადაც მზიური ზოსიძე ცხოვრობს, ცხოვრება საფრთხის შემცველია. ექსპერტმა ვერ დაადგინა ზუსტი მიზეზი: რამ გააჩინა საფრთხე.

„გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ახლა გავზომავთ, ნიშნულებს დავაყენებთო, მაგრამ ახლა რაღა უნდა გაზომონ?“ – უკვირს მზიური ზოსიძეს. მან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე გზების დეპარტამენტს უარი უთხრა.

მზიური ზოსიძე ამბობს, რომ სახლი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეამოწმეს, მათ შორის, ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე, თუმცა ეს დოკუმენტებში არ ასახეს. მზიურის სახლი ავტობანიდან დაახლოებით 30 მეტრითაა დაშორებული.

მნიშვნელოვანია, რომ მზიური ზოსიძის შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო წერს: „საცხოვრებელი შენობები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საავტომობილო გზებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა“.

„დისტანცია უნდა იყოს 25 მეტრი. არ ვიცი, რატომ დაწერა ეს ექსპერტმა, ექსპერტს ჰკითხეთ,“ – გვითხრა 2 ივლისს საქართველოს გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ. საბოლოოდ, „ბათუმელებს“ ვერც ერთმა უწყებამ ვერ წარმოუდგინა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ავტობანსა და საცხოვრებელ სახლს შორის დისტანცია განისაზღვრება.

2 ივლისს გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ უწყება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან. გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები სალიბაურში დღესაც იყვნენ.

„მას შემდეგ მოვიდნენ, როცა კარვები პოლიციელებმა დაშალეს. გვითხრეს, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ, ზემოდან არის დავალება და კანონით განსაზღვრულ ზომებს მივმართავთო. მე მაინტერესებს, სამართლი თუ არის სადმე? ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, მანქანაც მოიყვანეს და მორეცხეს, მანამდე არავინ გამოჩენილა. ახლა თქვენ წახვალთ და აქ მძიმე ტექნიკა მოვა,“ – ეს მოლოდინი აქვს შოთა ტაკიძეს.

„სამი წელია ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და ყურადღებას არავინ გვაქცევს… სასამართლოს რომ მივმართოთ, რა აზრი აქვს? თუ სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, სასამართლოში საიდან იქნება?“ – კითხულობს მზიური ზოსიძე.

„მე სახელმწიფოს არაფერს ვთხოვ, ჩემი კერძო საკუთრება მენგრევა და ზიანი მათგან არის მოყენებული. ამას რატომ არ ითვალისწინებენ?“ – კითხულობს მზიური ზოსიძე, თუმცა მას ამ კითხვაზე ჯერ პასუხს არავინ სცემს.

ავტობანის მშენებლობა სალიბაურში

ღარიბაშვილი წელს მესამედ ამბობს, რომ წამლები ძალიან ძვირი ღირს

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოში მედიკამენტების გაზრდილ ფასზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე.

„ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია.

მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში.

ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ.

არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის წამლების გაზრდილ ფასზე აკეთებს განცხადებას და პირობას დებს, რომ ამ საკითხით „უმოკლეს ვადაში“ დაინტერესდება. წამლების ფასზე ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალშიც ისაუბრა და 2021 წლის ივნისშიც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები.

საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია პერიოდულად საუბრობს ფარმაცევტულ ბაზარზე გაზრდილი ფასების შესახებ, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა სიტუაციის შესაცვლელად.

_____________

საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასის გამო წლებია აჭარიდან არაერთი მოქალაქე თურქეთში გადადის, რომ იაფად შეიძინოს საჭირო წამლები. „ბათუმელები“ ჯერ კიდევ წინა წლებში წერდა ქართულ და თურქულ სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასთა სხვაობაზე. მაშინ ფასთა ასეთი დიდი სხვაობა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძილაძემ, ასე ახსნა: „თურქეთს საქართველოსგან განსხვავებული რეგულირების მოდელი და ხარჯების შეკავების განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკა აქვს“.

 

 

თურქეთის 35 პროვინციაში ხანძარია | ფოტო

თურქეთის რესპუბლიკის 35 პროვინციაში  ტყის ხანძრის 129 კერაა. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 122 ხანძრის კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ცეცხლთან ბრძოლა კვლავ გრძელდება.

უკვე მეხუთე დღეა თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ევაკუირებულია ასობით ადამიანი, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს ათასამდე სახანძრო მანქანა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს მიერ გადაღებულ ფოტომასალას.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

აჭარაში კოვიდის 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 715 ადამიანი მკურნალობს, 112  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 7 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონში თვითიზოლაციაშია 4315 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კოვიდზე აცრა ბინადრობის არმქონე უცხოელებსაც შეუძლიათ – NCDC

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ შემდეგ პირებს:

[checklist]

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე
  • სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს
  • N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა

[/checklist]

საქართველოში მყოფ ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ

  • თბილისი – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა
  • ბათუმი – რესპუბლიკური საავადმყოფო
  • ქუთაისი – ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი.

 

დადასტურდა კოვიდის 1655 ახალი შემთხვევა | 2 აგვისტო

2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელია 7,68 პროცენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულია 30 943 ადამიანი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სრულად აცრილია 161 542 ადამიანი, ერთი დოზით – 345 238.

 

ორი ბიბლიოთეკის ამბავი | გიგა ზედანია

ავტორი: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
__

ჩემს ცხოვრებაში ორმა ბიბლიოთეკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ეს  იყო მაშინ, როცა იდგა საუკეთესო დროებაც და ყველაზე უარესი დროებაც. ამიტომაც სიამოვნებით ვერთვები ინიციატივაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის ბიბლიოთეკების წიგნებით – ანუ, როგორც ბიბლიოთეკარები ამბობენ, წიგნადი ფონდით – შევსებაა.

დავიწყოთ აღიარებით: პირველი, რასაც ვაკეთებ ოთახში შესვლისას – ვუახლოვდები წიგნების თაროებს, თუ იქ ისინი არის. ბიბლიოთეკა  მასპინძლის შეფასების უმოკლესი გზაა – მაგრამ  ბიბლიოფილს საშუალება მიზნად ექცევა და, საბოლოო ჯამში, ის ადამიანი კი არ აინტერესებს, რომელიც წიგნებს ფლობს, არამედ თავად წიგნები. ნაცნობი წიგნებისათვის თვალის შევლებაც კი სიამოვნებაა, არაფერი რომ ვთქვათ იმ აღელვებაზე, რომელსაც უცნობი ტექსტები იწვევენ.

ჰოდა, უკვე წლებია, ქართული კერძო ბიბლიოთეკების გადათვალიერებისას ერთი უცნაურობა მხვდება თვალში – ქართველი წიგნის მკითხველი – ან, უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, წიგნის მყიდველი – წიგნად მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას მიიჩნევს. თაროები სავსეა კამიუს, მაქს ფრიშის თუ რომელიმე მესამეხარისხოვანი ჰოლანდიელი მწერლის რომანებით. მაგრამ მათ გვერდზე თითქმის არასოდეს დევს ის, რასაც ინგლისურად ჰქვია nonfiction, ხოლო ქართულად იმაზე კარგი შესატყვისი ვერ მომიძებნია, ვიდრე „არამხატვრული ლიტერატურა“. ნონფიქშენი მოიცავს ყველა წიგნს, რომელიც არაა გამონაგონის თხრობასთან კავშირში. ისტორია, ბიოგრაფია, მეცნიერება თუ ფილოსოფია – ეს ყოველივე ნონფიქშენია. ქართველი მკითხველი ამ ჟანრს ნაკლებად ეტანება, რადგან ბოლო დრომდე ქართული გამომცემლობები მას ყურადღებას ასევე ნაკლებად აქცევდნენ აქცევდნენ.

ეს იმ ტენდენციის გამოვლინებაა, რასაც ბოვარიზმი ეწოდება. ფლობერის „მადამ ბოვარი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში, რადგან მან მოგვცა მექანიზმის აღწერა, თუ როგორ მუშაობს ლიტერატურისა და კულტურის დიდი ნაწილი – რომანტიკული ილუზიით რეალობის ჩანაცვლების გზით. ემა ბოვარი წაკითხული წიგნების მსხვერპლია, მხატვრული რომანტიკული ლიტერატურისა, რომლის მიბაძვასაც ცხოვრებაში ცდილობს. დღეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეეცდება, ჯეიმს ბონდივით ან თრინითივით „ქულ“ იყოს, კიმ კარდაშიანივით „იკონური“ ან კიდევ უელბეკის გმირივით ცინიკური, სინამდვილეში ემა ბოვარის საქმეს აგრძელებს ისე, რომ შეიძლება ფლობერის შესახებ გაგებულიც კი არ ჰქონდეს.

რა ზღუდავს მხატვრული ლიტერატურის ამ ბოვარიზმს? არა რეალობა. არამედ, პირველ რიგში, სხვა ჟანრის წიგნები.

ჩემს ბიოგრაფიას მოგიყვანთ მაგალითად. ოჯახური ბიბლიოთეკა, რომლის წიაღშიც ვიზრდებოდი, სტანდარტული საბჭოთა ბიბლიოთეკა იყო – ქართული, რუსული და ევრო-ამერიკულ მხატვრული ლიტერატურის სერიებით. ცამეტ წლამდე ცოტა არ იყოს მორჩილად, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი იმას, რაც  კლასიკად მიიჩნეოდა – სერვანტესი, პო, დიკენსი, დოსტოევსკი. შემდეგ ამ დროს მოხდა გარდატეხა – აღმოვაჩინე სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი. ამ აღმოჩენას და მასთან დაკავშირებულ სიამოვნებას სწორედაც საბავშვო ბიბლიოთეკას ვუმადლი ფალიაშვილის ქუჩაზე. აქ, 90-იანების დასაწყისში, კედელზე აყუდებული ერთადერთი კარადის თაროებზე მოთავსებულიყვნენ სტანისლავ ლემი, სტრუგაცკები, ჰარი ჰარისონი და კლიფორდ საიმაკი. ის, რაც ლიტერატურული თვალსაზრისით იყო რეგრესი, ამავდროულად აღმოჩნდა უბედნიერესი ორი წელი ლიტერატურაში დანთქმისა; თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს ვიყავი ბოვარიზმის ღირსეული წარმომადგენელი. სამოქალაქო ომის უსაშინლესი დღეები, მაგალითად, ლე გუინის რომანის კითხვამ გადამატანინა. „ცოტა ძაან“ სიმბოლურად მომეჩვენა, როცა 2000-იანებში ამ ბიბლიოთეკის ადგილას კაცის ტანსაცემლის მაღაზია ვნახე ვაკურ-ფრანგული სახელწოდებით Bibliotheque. დღეს ტექსტუალობის ეს კვალიც წაშლილია.

ოღონდ არც ფანტასტიკურ ლიტერატურაზე გავჩერებულვარ და არც – საბავშვო ბიბლიოთეკაზე. არარსებული სამყაროს შესახებ გამონაგონის კითხვამ მიბიძგა ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის მიმართულებებით. ნიცშე, ფროიდი, სარტრი, ლევი-სტროსი – ეს იყო ახალი აღმოჩენები. და აქ შემოვიდა მეორე ბიბლიოთეკა ჩემს ცხოვრებაში – აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩვენი ცოდნა სინამდვილეში მედიიდან მოდის და ამ მედიებს შორის ყველაზე ხარისხიანი – წიგნია. სწორედ აქ მივხვდი, რომ ბიბლიოთეკა სამყაროს აღწერა კი არ არის, არამედ – პარალელური სამყარო, სადაც შეუძლებელ გადაკვეთებს აქვს ადგილი: შუა საუკუნეების ჩინური ლიტერატურა აქ ხვდება პირველი საუკუნეების ქრისტიანულ თეოლოგიას, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის პარიზის დაგეგმარების ისტორია იკვეთება ევოლუციის თეორიის სამეცნიერო რევოლუციასთან.

ყოველივემ ამან კი მიმახვედრა, რომ მხატვრული ლიტერატურაც სხვანაირი მჭირდებოდა. შებინდებისას მეტროს ამოსასვლელში ნაყიდ ნაბოკოვის ადრეულ რომანს ჩავუჯექი და თავიდან ვისწავლე კითხვა – უფრო ნელა, დაკვირვებით და სულ სხვა ტიპის სიამოვნებით. ასე გავხდი ზრდასრული მკითხველი. საყმაწვილო საი-ფაიდან მოდერნისტულ ლიტერატურაზე გადასვლაში  სწორედ „ნონფიქშენის“ წაკითხვა დამეხმარა.

ზოგადად, ბიბლიოთეკებში გამიმართლა – სხადასხვა დროს ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაწყებული ბუდაპეშტის ყველა აკადემიური ბიბლიოთეკის გავლით ვოლფენბიუტელის საუკეთესო კოლექციები. დღეს ამ ბრწყინვალე საჯარო ბიბლიოთეკებზე სევდას ჩემი ოდნავ ექსცენტრიული, მაგრამ დიდი პირადი ბიბლიოთეკა მიქარვებს.  ოღონდ პირველი ორი, ფალიაშვილის ქუჩის საბავშვო და აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოგონებებს ვერაფერი შეედრება.

ფანტასტიკის კითხვამ კი მაინც გაამართლა. მათ შორის, იმუნიტეტის გამომუშავების საქმეში – ვინც ჯერ ფრენკ ჰერბერტი წაიკითხა, შეუძლებელია მერე „ვარსკვლავური ომების“ ნამდვილი ფანი გახდეს, ხოლო ვინც როჯერ ზელაზნის „ემბერის ქრონიკებს“ თხუთმეტი წლისა გაეცნო, მასზე ოცდათხუტმეტი წლის ასაკში ჯორჯ მარტინის მიხედვით გადაღებული „სატახტოთა თამაში“ წარუშლელ შთაბეჭდილებას ვეღარ მოახდენს (ეს გადაჭარბება არაა – ჯორჯ მარტინი  ზელაზნის ნახევრადოფიციალური მიმდევარია, ხოლო ჯორჯ ლუკასი ურცხვად და უკომპლექსოდ პარავდა ჰერბერტს კოსმოსური ოპერის ელემენტებს).

ვიცი, რომ დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. ინფორმაციის წყარო უკვე ნაბეჭდი წიგნი კი არა, ინტერნეტია; ახალი თაობა აუდივიზუალურ მედიებს ბევრად უფრო ეტანება, ვიდრე ნაწერსა და ნაბეჭდს. მაგრამ, ჯერ ერთი, ინტერნეტში საუკეთესო ჯერ კიდევ ისაა, რაც მანამდე დაუბეჭდავთ, ხოლო ტექსტუალობის სრულ ჩანაცვლებამდე, მადლობა ღმერთს, ძალიან შორს ვართ. ამას ვამბობ, მათ შორის, როგორც მამა, რომელიც ცდილობს, სკოლის ასაკის ქალიშვილისთვის წიგნის, როგორც სრულიად განსაკუთრებული კულტურული ობიექტის, მნიშვნელობა ცხადი იყოს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ უკანასკნელ ხანებში დაიწყო ნონ-ფიქშენის ჟანრის აღმავლობა. ზოგი გამომცემლობა გლობალურად აღიარებული ბესტსელერების თარგმანებს აქვეყნებს, ზოგიც – ახალ, ქართულ, არამხატვრულ წიგნებს ბეჭდავს. ილიას უნივერსიტეტის გამომცელობასაც ბევრი აქვს გაკეთებული ამ კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავდი მცირე წიგნების ახალ სერიას „ილიაუნის გზამკვლევი“, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო წიგნი დაიბეჭდა და დაიბეჭდება. მათ შორისაა სერგო რატიანის წიგნი ილიას ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის შესახებ. მიხარია, რომ სწორედ სერგო რატიანი იყო პირველი, ვინც წინამდებარე პროექტში მომიპატიჟა.

თავად ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა კი აჭარის ბიბლიოთეკების მომარაგების საქმეში თავის წვლილს იმით შეიტანს, რომ ყველა გამოცემული წიგნის ეგზემპლარს საჩუქრად გაუგზავნის მათ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ძეგლის რეაბილიტაცია ისევ იგეგმება – ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 172 400 ლარია გამოყოფილი. ამ სახლის რეაბილიტაცია გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეწყდა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სახლი ბათუმში / 26 მაისის ქუჩა N19

2020 წლის ბიუჯეტში ამ სახლის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელთან შედარებით ოდნავ მეტი, 177 715 ლარი იყო გათვალისწინებული. ხელშეკრულება კი „იუკონი და კომპანიასთან“ 175 938 ლარზე 2020 წლის 2 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულება იმავე წლის 13 აპრილს, პანდემიის გამო შეწყდა. მაშინ ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა.

ამ თემაზე:

170 000 ლარი საუკუნის წინ აშენებული სახლისთვის ბათუმში

კობალაძის ქუჩის შესაკეთებლად ტენდერია გამოცხადებული

ბათუმში წელს კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. ამ ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა.

კობალაძის ქუჩა ბათუმში აკვაპარკთან [შ.ხიმშიაშვილის ქუჩა] იწყება და „ვოქსამდე“ [აღმაშენებლის წრიულამდე] გრძელდება. ქუჩის სიგრძე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია.

ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 1 807 491 ლარით აქვს გამოცხადებული.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სამუშაო 2021-2022 წლებში უნდა ჩატარდეს.

კონკრეტულად:

2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით ვადაში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:

  • კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციისა და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა
  • ფრ. ხალვაშის მე-4 ჩიხის კეთილმოწყობა
  •  ჩაქვის ქუჩის კეთილმოწყობა
  • აჭარული სახლის მიმდებარედ, ხიდის სარეგულაციო კედლების გამაგრება [ე.წ. არდაგანის ტბის წყლის ერთსა და იმავე ნიშნულზე შენარჩუნებისათვის ზღვის დონის დამჭერი ბარიერის მოწყობა]

2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით ვადაში კი, უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაო:

  • თამარ მეფის გამზირი N47-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა

ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;

ამასთან, „საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 11 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება.

აღმაშენებლის და ბაგრატიონის კვეთა ბათუმში / ფოტო ტენდერიდან
უსაფრთხოების კუნძულები აღმაშენებლის და ბაგრატიონის კვეთაში /ბათუმი/ ფოტო პროექტიდან
მთავარი ფოტო: კობალაძის ქუჩა ბათუმში / ფოტო ტენდერიდან

 

ავარია ქობულეთში – ერთმანეთს 2 ავტომანქანა შეეჯახა

დღეს, 1-ელ აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

ავარია ქობულეთში / 1.07.2021

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ბიუჯეტიდან 4 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვისწყლის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 15 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტოს დასრულდება.

ადგილი [ყვითელი ფერით] სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს
ტერიტორია, სადაც ბაღი უნდა აშენდეს, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეზღვაურის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ფართობი 4 825 კვადრატული მეტრია.

ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა.

 

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი აგვისტოს 21 საათიდან 2 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 3 და 4 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

აჭარაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – პირველი აგვისტო

1-ლი აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის კლინიკებში დღევანდელი მონაცემებით 661 პირი პკურნალობს. აქედან 109 მძიმე პაციენტია.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 პირი. 

აჭარის კოვიდსასტუმროებში იმყოფება 659 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 138 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით:

საქართველოში კოვიდით 33 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 654 ახალი შემთხვევა

 

საქართველოში კოვიდით 33 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 654 ახალი შემთხვევა

პირველი აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 654 პირს დაუდასტურდა; ამავე პერიოდში გარდაიცვალა 33 პაციენტი.

stopcov.ge-ის 1-ლი აგვისტოს მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 422 188, ბოლო 24 საათში – 2 654
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 384 712, ბოლო 24 საათში – 1 319
  • მათ შორის გარდაცვლილი სულ – 5 853, ბოლო 24 საათში – 33

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17708, PCR ტესტით – 14098

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 7,57%-ია.

  • სულ აცრილია – 495 381, დღიურად აცრილია – 13 792
  • კარანტინის რეჟიმშია – 49
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 881
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 2038 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარაში – 443, იმერეთში – 322, ქვემო ქართლში – 111, შიდა ქართლში – 95, გურიაში – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 163, კახეთში – 157, მცხეთა-მთიანეთში –51, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

 

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული 31 წლის ავსტრალიელი ქალი შანე ბრუკი, გარდაცვლილი იპოვეს. ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

დაკარგული ქალის მეგობრები ამბობდნენ, რომ შანე ბრუკი ამერიკაში მეგობარს ელაპარაკებოდა, როცა მას თავს დაესხნენ.

ახლობლების ინფორმაციით შანე ბრუკი გაუჩინარებამდე მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. ის თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში  მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა.

დაკარგულ ქალს ეძებდნენ მეგობრები, ასევე პოლიცია.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობა ბათუმში გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის მშენებლობის პირობით 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიაზე [დაბა ხელვაჩაური] გამწვანებულ მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნაკვეთის ფართობი 473 კვ,მეტრია.

აუქციონის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა ამ ტერიტორიისთვის დაშვებული ფუნქციის მატარებელი შენობა [გარდა საცხოვრებელი სახლების ან აპარტამენტებისა] არანაკლებ 36 თვეში უნდა აამოქმედოს. ასევე უნდა აიღოს არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება.

ქონების საწყისი ფასი 166 000 ლარია. აუქციონის პიროაბის მიხედვით, მყიდველს ამ თანხის ერთიანად გადახდა არ მოუწევს. 2021 წლის დეკემბრამდე მას შეუძლია დაფიქსირებული თანხის მხოლოდ 25%- გადაიხადოს. დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა კი 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა შეძლოს.

გარდა ამისა, მყიდველმა  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარუდგინოს სამინისტროს 10 000  ლარზე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ყვითლად მონიშნულია გასაყიდი ტერიტორია, მონიშნულის შუაში არსებული შენობა კი სპს „დუმბაძეს“ ეკუთვნის

სამინისტრო ასევე წერს, რომ გასაყიდი ქონება დაკავებულია მესამე პირის მიერ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ქონების ნაწილზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები და დაბალი ძაბვის გადამცემი ელექტრო ბოძი. ასევე არის შენობა, რომელშიც ფუნქციონირებს მაღაზია და სალონი.

აუქციონი 11 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერია აუქციონის წესით რამდენიმე ნაკვეთის ასევე ყიდის. საზღვაო ნავსადგურთან ახლოს, გოგებაშვილის #84-ში მდებარე 13 540 კვ.მეტრის გარდა, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს სვიშევსკის ქუჩაზე მდებარე 1 152 კვ.მეტრი ნაკვეთი გზის პირას. შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, მერია ამ ქონებას პირობიან აუქციონზე გაიტანს და საწყისი ფასი 160 000 იქნება.

პირობის თანახმად, საპრივატიზებო საფასური გადახდა შესაძლებელია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში.

მონიშნულია სვიშევსკის ქუჩაზე გასაყიდი მიწის ნაკვეთი

„შუამთობა“ აღარ გაიმართება – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პირველ აგვისტოს დაგეგმილი შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აღარ გაიმართება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება!“- წერს რიჟვაძე.

ხულოში, კურორტ ბეშუმში, ტრადიციული სახალხო ზეიმი – შუამთობა პირველ აგვისტოს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, შუამთობა არც გასულ წელს ჩატარებულა.

29 ივლისს ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა გოგი ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ ღონისძიებები ღია ცის ქვეშ  იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული იქნებოდა ყველა რეკომენდაცია და რეგულაცია.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ხულოს მერიას 45 875 ლარი ჰქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. დადებითობის მაჩვენებელი 7 პროცენტს აღემატება. დღეს, 31 ივლისს, აჭარაში კორონავირუსი 517 პირს დაუდასტურდა.

რატომ ითიშება თამარის დასახლებაში ღამის საათებში დენი

„ბათუმელებს“ მოქალაქე ლევან ყურშუბაძე დაუკავშირდა, რომელიც გვწერს, რომ თითქმის ერთი კვირაა, რაც ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში რამდენიმე საათით ელექტროენერგია ითიშება, მიზეზი კი მათთვის უცნობია.

„დილის 04:00 სათიდან 08:00 საათამდე არ მოგვეწოდება დენი, ენერგოკომპანია კი დენის გათიშვის მიზეზს არ გვეუბნება.

დენის გათიშვის გამო ამავე უბანში არსებული პოლიციის განყოფილება  გენერატორს რთავს, რომელიც ძალიან ხმაურიანია და მოსახლეობას ძილის საშუალებას არ გვაძლევს,“-გვწერს მოქალაქე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო პრო-ჯორჯიას“, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ დასახლებაში ელექტროენერგია ნამდვილად ითიშება, თუმცა ეს არ არის მათი მიზეზით გამოწვეული.

„შუქის გათიშვა უკავშირდება ავტობანის მშენებლობას. გარკვეული ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს გვთხოვენ, რომ ელექტროენერგია გამოვრთოთ. როგორც გვითხრეს, ტექნიკური სამუშაოები 3 აგვისტომდე გაგრძელდება და წესით, ამის შემდეგ ელექტროენერგია დასახლებას აღარ შეეზღუდება,“ – გვითხრეს კომპანიაში.

27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

საქართველოში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში.  ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.   ჯამში კორონავირისს 5 820 ადამიანი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარდა 41 965 ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი 7.62 პროცენტამდეა გაზრდილი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც:

5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 105, იმერეთში -255.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 – თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა აჭარაში

31 ივლისის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ოთხი პაციენტი, კლინიკა 40-მა პაციენტმა დატოვა.

კლინიკაში მკურნალობს 573 ადამიანი, კოვიდსასტუმროში 730, ხოლო ონლაინკლინიკაში 1542 პირი იმყოფება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით აჭარაში სულ 53 360 ადამიანია ვაქცინირებული.

30 ივლისის მდგომარეობით კი კოვიდზე 2 303 ადამიანი აიცრა.

აქედან:

ფაიზერი-1098

ასტრაზენეკა-160

სინოვაკი-34

სინოფარმი-1011

ინვესტორის ინტერესი თუ რაიმე სხვა – ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის გენგეგმა შეცვალა

ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების გეგმა [გენგეგმა] დააკორექტირა, გადაწყვეტილების მიზეზად კი მთავრობის ადმინისტრაციის შენიშვნები დაასახელა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, როდესაც მან ამ საკითხის გარშემო კითხვები დასვა, უპასუხეს, რომ რამდენიმე მილიონიანი ინვესტორი გამოჩნდა.

„მითხრეს, შენ რა, წინააღმდეგი ხარ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდოსო?“ – გვითხრა საკრებულოს წევრმა მერაბ ცინცაბაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მილიონებიან ინვესტორზე განმარტებით ბარათში არაფერი წერია. თუმცა საგულისხმოა, რომ ცვლილება ბუკნარის ტერიტორიის ნაწილს შეეხო.

„დაზუსტდა ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების დაგეგმარების არეალი და მოიცვა სოფელ ბუკნარის გარკვეული ნაწილი, რომელიც ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის საავტომობილო გზას აღმოსავლეთით ბუკნარის რკინიგზის სადგურიდან საჯარო სკოლამდე.“

საგულისხმო ისიც, რომ 2019 წელს დამტკიცებულ დოკუმენტზე შენიშვნები მთავრობის ადმინისტრაციამ 2021 წელს გაუგზავნა არა ქობულეთის მერიას, არამედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

კითხვებს აჩენს ისიც, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი შენიშვნები წერილობითი სახით, საკრებულოსთვის გადაგზავნილ პროექტს თან არ ახლავს, წესით უნდა ახლდეს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2021 წლის 20 ივლისს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს წერილობით აცნობა, რომ ჩაქვი-ციხისძირის გენგემა დასაკორექტირებელია. მისი დაკორექტირებული ვარიანტიც მიაწოდა და იქვე მიუთითა, ეს ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეო:

 

 

21 ივლის ქობულეთის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ნათია ბასილაშვილმა მერს, მირიან ქათამაძეს წერილობითი მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ ჩაქვი-ციხისძირის გენგეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2021 წლის 12 ივლისის წერილში მითითებული შენიშვნების შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

კითხვებს აჩენს კიდევ ერთი ფაქტორი – ის, რომ ქობულეთის მერიას განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებები საჯაროდ არ განუხილია და ის არც ვებგვერდზე აუტვირთიათ,  დაინტერესებული პირი პროექტს რომ გასცნობოდა. როგორც საკრებულოს წევრებმა გვითხრეს, ისინი მხოლოდ კომისიაში განხილვაზე იყვნენ მიწვეულები და ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია.

                                                      ცვლილების მიხედვით

დაზუსტდა ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების დაგეგმარების არეალი და მოიცვა სოფელ ბუკნარის გარკვეული ნაწილი, რომელიც ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი საავტომობილო გზას აღმოსავლეთით ბუკნარის რკინიგზის სადგურიდან  საჯარო სკოლამდე ტერიტორიას. აქ საუბარია ზღვისპირა ზოლზე და, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლოა ინვესტორს აინტერესებდეს. არის თუ არა ეს ასე, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით:

ნაკვეთებში, სადაც დაშვებულია მაღლივი კორპუსის განთავსება, მისი ძირითადი მოცულობის – განაშენიანების ფართი არ უნდა აღემატებოდეს შენობის დაშვებული განაშენიანების ფართის 30%-ს.

კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ფარგლებში, არსებული საცხოვრებელი სახლის განვითარება ფუნქციის შეუცვლელად დასაშვებია, მხოლოდ შენობის არსებული გაბარიტების ფარგლებში, არაუმეტეს 20%  ნამატით. ასევე განისაზღვრა თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის დასაშვებ მინიმალურზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთებში განაშენიანების პარამეტრები.

ამ საკითხებზე განმარტებისთვის დღეს ქობულეთის საკრებულოს რამდენიმე წევრს დავუკავშირდით, როგორც ოპოზიციაში, ასევე „ოცნების“ უმრავლესობაში. სხვადასხვა „საპატიო“ მიზეზის გამო მათგან განმარტება ვერ მივიღეთ.

Exit mobile version