მთავარი,სიახლეები

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

09.10.2021 • 27174
ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა.

რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად  საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 120 კვ – მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

დღეს დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ: „სახლი ზანზარებდა“.

„ბათუმელებს“ კომპეტენტურმა პირმა პირად საუბარში განუცხადა ასევე, რომ მისი ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. მან გვითხრა ასევე, რომ კორპუსი ე.წ. სინკარული ტიპისაა და არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

კორპუსი ზუსტად 26 მაისის ქუჩაზე #13-ში მდებარეობდა, ერთი მხრიდან მემედ აბაშიძის ქუჩისა და მეორე მხრიდან კლდიაშვილის ქუჩების კვეთის შუაში. ამ სახლის შიდა ეზოს მხარეს შესვლა მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან შეიძლება.

საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებით, მოქალაქე ზაურ ბუდატოვი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, ეს ცვლილება კი სარდაფის და ბინის გაერთიანებას გულისხმობდა. წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად რეესტრმა დღეს ჩაწერა:

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

განაცხადში, წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალში წერია ისიც, რომ წარდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი.

რეესტრის ინფორმაციით, ბათუმში 26 მაისის #13 -ში მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის მოქალაქემ წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის კრების ოქმი, ასევე სართულის გეგმა.

წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.

საბოლოოდ, როგორც რეესტრი განმარტავს: „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

___

მთავარი ფოტო: კორპუსი დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: