მთავარი,სიახლეები

რეესტრის განმარტება ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ფართობების გაერთიანებაზე

09.10.2021 • 1818
რეესტრის განმარტება ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ფართობების გაერთიანებაზე

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო“ –  ამ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

განმარტება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში კონკრეტული ფართობის გაერთიანების შესახებ განაცხადს და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას უკავშირდება.  ამ  კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდაგოვმა  2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნიეს, რომ ინფორმაცია ფართობების გაერთიანების მოთხოვნასა და შესაბამისი განაცხადის დახარვეზების შესახებ საზოგადოების ერთმა ნაწილმა არასწორად გაიგო და რეესტრი მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოდ მიიჩნია.

მშენებლობის ნებართვის გაცემა ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ მერიას შეუძლია, შესაბამისად, სააგენტო განმარტავს, რომ  ვერ გასცემდა  მშენებლობის  ნებართვას 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ამიტომაც მიმდინარე განაცხადზე წარმოება წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ზაურ ბუდაგოვმა და  ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

„განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“ – აცხადებს სააგენტო.

გუშინ, რვა ოქტომბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განმარტა, რომ მერიას 26 მაისის #13-ში სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გაცემული არ ჰქონდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: