ბათუმში 27 საჯარო სკოლიდან 19 დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარაში 35 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, დღეს 4 თებერვალს სრულად დისტანციურად სწავლობს ბათუმის 19 სკოლა, ქობულეთში – 4 საჯარო სკოლა.

ასევე, ხელვაჩაურში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 2 სკოლა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სულ 27 საჯარო და 17 კერძო სკოლაა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

დადასტურდა კოვიდის 22 263 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო 7 დღის – 27,87%.

დღეის მონაცემებით კოვიდკლინიკებში 5 808 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე.

 

ამოიღეს ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.

„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“.

საწარმო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სააგენტოს ცნობით, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.

კოვიდით ყველაზე მეტი მედმუშაკი აჭარაში დაიღუპა – კვლევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უახლესი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიისას, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით 143 მედმუშაკი გარდაიცვალა, აქედან ლეტალობის ყველაზე მეტი – 59 შემთხვევა აჭარის რეგიონზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი – 29, შემდეგ კი იმერეთში – 18.

COVID-19-ით განპირობებული სიკვდილის შემთხვევები და ლეტალობა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალში რეგიონების მიხედვით

პანდემიის პერიოდში COVID-19-ით სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 143, რაც 0.4 პროცენტს შეადგენს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან.

გარდაცვლილთა შორის 38.5 პროცენტი კაცი იყო, 61.5 პროცენტი – ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 69 პროცენტს შეადგენდა.

NCDC-ს ცნობით, რისკის ჯგუფების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის ლეტალური შემთხვევების 68.5 პროცენტი დაფიქსირდა სტაციონარების სამედიცინო პერსონალის ან ცხელების, კოვიდ ან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილებების თანამშრომელთა შორის.

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის კოვიდ19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი/პროცენტი იმერეთში, თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.

 

კოვიდით გარდაიცვალა 10 532 აუცრელი და 385 აცრილი პირი – NCDC-ის 9 თვის მონაცემები

2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა  ვაქცინირებული – 385 , ხოლო აუცრელი 10 532 ადამიანი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: „სულ 15 მარტი – 31 დეკემბრის პერიოდში ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 151 070) დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 385 შემთხვევა, იგივე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 10 532 შემთხვევა“.

დროის ამ პერიოდში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულთა შორის ლეტალობა 0.52%-ის ტოლია – ვკითხულობთ ანგარიშში.

შეფასებისას ვაქცინირებულის კოვიდით სიკვდილის შემთხვევად განისაზღვრა ნებისმიერი ლეტალური გამოსავალი, სადაც სიკვდილის პირველ მიზეზად სამედიცინო დასკვნაში COVID-19 ფიქსირდება და იმავდროულად ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინის სულ მცირე 2 დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდის ანალიზის თანახმად, არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტი იყო ვაქცინირებულ პირებთან შედარებით.

„ვაქცინირებულ პირებში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 86.94 პროცენტით ამცირებს ინფიცირების რისკს, ერთი ბუსტერ დოზა კი ამ მაჩვენებელს 99.66 პროცენტამდე ზრდის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არსებული მონაცემების საფუძველზე ასკვნის, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა 94.14%-ით ამცირებს ინტენსიური და კრიტიკული მოვლის სააჭიროებას არავაქცინირებულ პოპულაციასთან შედარებით. 1 ბუსტერ დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99.79-ია.

 

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ბილიკები, ამფითეატრი და ღია მანეჟები მოეწყობა 

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს.

ღორჯომის ხეობაში დაგეგმილია ამფითეატრის, ღია მანეჟის, თავლისა და საცხენოსნო ბილიკების მოწყობა, ასევე ადმინისტრაციული შენობის აშენება.

პროექტს სააგენტო მაქსიმუმ 55 ათას ლარად ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა.

„შერჩეული უნდა იქნეს სამი სავარაუდო ლოკაცია და შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე დასაპროექტებელი არეალი უნდა გადანაწილდეს შემდეგი ფუნქციონალური სივრცეებით: ღია მანეჟი, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი; ამფითეატრი, რომელიც ვიზიტორებს დაკვირვების საშუალებას მისცემს; ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც მომსახურების გაწევის საშუალება იქნება და ბილიკები, სადაც ღია სივრცეში გასეირნების საშუალება ექნებათ. თუმცა, კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფაქტორებით, შესაძლებელია მოთხოვნილ ინფრასტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შეტანაც“, – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი,  პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 2022 წლის 15 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს.

სატენდერო განაცხადის მიხედვით:

„ღორჯომის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ადათშემონახული, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია. დღეს მხოლოდ ღორჯომის ხეობაშია შემორჩენილი ცხენის ყოლის ტრადიცია. სწორედ ეს უნიკალური და ყველა ხეობისგან გამორჩეული მახასიათებელი თვისება ამ კონკრეტულ მიმართულებას განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენს, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. თუმცა ხეობაში ცხენის ყოლა, მისი მოვლა-პატრონობა ჯერჯერობით ნაკლებად აღიქმება სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ძალად. სწორედ ამიტომ, საცხენოსნო ტურიზმი, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტი, არა მხოლოდ ეკონომიური განვითარების წინაპირობა იქნება, არამედ მისი ტრადიციისა და ისტორიის გაცოცხლების საფუძველიც.

ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები. იდეალური ლოკაციებია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად.

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში 18 სოფელი შედის და 1470 მოსახლეს მოიცავს. ეს სოფლებია: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძიები, მეხალაშვილები, ადაძეები, გორგაძეები, მინთაძეები, ღორჯომი, ახალი უბანი, ტუნაძეები, ქურდული, ლაბაიძეები, მერჩხეთი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, ჭახაური, დავლაძეები, ცეცხლაძეები.

ღორჯომის ხეობაში აგრეთვე არის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის თემები. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროს დასახლებული ხეობა, სადაც მიგრაცია არ არის და განსაკუთრებით ახალგაზრდები ხეობას არ ტოვებენ.

დღეისათვის კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი და საშუალოდ მათი რაოდენობაა 100-150. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების (მათ შორის სერტიფიცირებული მოჯირითე) მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ღორჯომის ხეობაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, რომლის ერთ-ერთი უნიკალური მიმართულებაა საცხენოსნო ტურიზმი, რომელიც ითვალისწინებს ბუნების, არსებული ლანდშაფტის, ხეობების, ალპური ზონების და გარდამავალი მარშრუტების დალაშქვრას და სხვადასხვა სპორტული აქტივობის ორგანიზებას, რაც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და ეკონომიურ კეთილდღეობას მოუტანს ადგილობრივებს“.

საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით უნდა განხორციელდეს:

პროექტირება შემდეგი ინფრასტრუქტურის:

  • გარემოსთან ადაპტირებული და სტანდარტების შესაბამისი ღია მანეჟი (1 ჰექტარზე შესაძლებელია ერთი დიდი, ან ორი მანეჟის დაპროექტება);
  • დახურული თავლა დერეფნის მოდელით (200-300 კვ.მ);
  • ამფითეატრი და ადმინისტრაციული ცენტრი (100-100კვ.მ);
  • წრიული საცხენოსნო ბილიკები.

სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება; ხარჯთაღრიცხვისა და სამშენებლო კონსტრუქციის ექსპერტიზა; პროექტის 3D ვერსია;

ამავე თემაზე:

ღორჯომი – ცხენოსნებისა და ალპური პეიზაჟების ხეობა აჭარაში

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მერიაში

2021 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე ხელვაჩაურის მერიიდან 18 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

ხელვაჩაურის მერიიდან გაუშვეს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე.

ხელვაჩაურის მერიიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად „პირადი განცხადებაა“ მითითებული.

ასევე შეიცვალა ხელშეკრულებით დასაქმებული მერის წარმომადგენლები თხილნარში, აჭარისწყალში, ახალშენში, მაჭახლისპირში, კირნათში, აგარასა და ყოროლისწყალში. მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ხელვაჩაურის მერია „კანონის შესაბამისად ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებს“.

12 თანამშრომელი გაათავისუფლეს ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებიდან.

როგორც „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის პრესსამსახურში უთხრეს, ეს თანამშრომლები ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილი, იმის გამო რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მათთან შრომითი ურთიერთობა დამთავრდა.

„ბათუმელები“ გასულ კვირას წერდა რომ მერიიდან გაათავისუფლეს ან სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს ყველა ააიპი სამსახურის ხელმძღვანელი. მაგალითად, სასაფლაოების დირექტორი მევლუდ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე და სასპორტო სკოლის დირექტორი გენადი ჩხაიძე.

საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ხელმძღვანელი ფარნაოზ თედორაძე  ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორად გადაიყვანეს, ხოლო ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატო შერვაშიძე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გახდა.

28 იანვარს აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის თანახმად ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა.

„ბათუმელების“ მოკვლეული ინფორმაციით, ამ 64 ადამიანიდან 13 ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში მუშაობდა. სასპორტო სკოლის დირექტორის, ფარნაოზ თედორაძის განმარტებით, იმის გამო რომ სასპორტო სკოლაში დაბალი ხელფასებია თანამშრომლები ერთდროულად ორ-ორ პოზიციაზე მუშაობდნენ.

„ორ შტატზე მუშაობდა ერთი ადამიანი, თითო შტატზე დავტოვე და იმიტომაა 13 ადამიანი გათავისუფლებული. მაგალითად, სანტექნიკიც იყო და კოორდინატორიც. ვერ ასრულებდა სათანადოდ ვერც სანტექნიკის საქმეს და ვერც კოორდინატორისას. უბრალოდ ხელფასებია დაბალი. ეს ადამიანები სასპორტო სკოლიდან არ წასულან, უბრალოდ თითო შტატზე დარჩნენ. დაბალია ძალიან ხელფასები სასპორტო სკოლაში. 250-400 ლარია საშუალო ხელფასი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფარნაოზ თედორაძემ.

მისივე თქმით გაზაფხულიდან იგეგმება ხელფასების მომატება.

პროკურატურამ კაცი ძალით გადაიყვანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ის საკონსტიტუციოში ჩივის

კაცი, რომელიც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე იძულებით გადაიყვანეს, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დღეს, 3 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან დარსალიას სარჩელი არსებითად განიხილა. თუკი სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ კუთხით არსებული წესების შეცვლა მოუწევს.

მოქალაქე ლევან დარსალია იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესზე პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ბრალდებულის სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იძულებით გადაყვანა, თანაც 20 დღემდე ვადით. სადავოა კონკრეტულად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას იძულებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებაზე მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს.

სადავოა ისიც, რომ ბრალდებულს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ აქვს.

ლევან დარსალიას ოჯახში ძალადობის ჩადენას ორჯერ ედავებოდა გამოძიება. ორივე შემთხვევაში ლევან დარსალია ფსიქიკურ ექსპერტიზაზე იძულებით გადაუყვანიათ პროკურორის მოთხოვნით და შემდეგ უკვე სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ მოსარჩელეს შერაცხადობის პრობლემა არ აქვს.

გარდა ამისა, ლევან დარსალია 2018 წელს ოჯახში ძალადობის საქმეზე სრულად გამართლდა, 2019 წელს კი, ადვოკატ ზურაბ ჯანაშიას თქმით, ნაწილობრივ გამართლდა და მას პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

შემთხვევა, რომლის შემდეგაც ლევან დარსალიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, 2019 წლის აგვისტოში იწყება – ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან დარსალია აღკვეთი ღონისძიების სახით დააპატიმრეს სასამართლოს დარბაზში.

იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს პროკურორმა უთხრა, რომ ბრალდებულ ლევან დარსალიას სავარაუდოდ შერაცხადობის პრობლემა აქვს და ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში უნდა გადაიყვანონ 20 დღით.

პროკურორს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა შეურაცხადი კაცი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროს. პროკურორს საკუთარი შუამდგომლობისთვის „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის  ცენტრიდან“ ამოღებული სამედიცინო ისტორიაც დაურთავს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზურაბ ჯანაშია. – „ლევანს ჰქონდა 5 თუ 6 წლის წინ მიმართული სტაციონარისთვის და იყო აღრიცხვაზე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ იძულებით შემოწმებაზე გადამიყვანონ დღეს, თუკი ბრალს წარმიდგენენ?“

მსგავს შუამდგომლობებს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც – პროკურორის მიმართვიდან 2 დღეში მოსამართლემ ლევან დარსალიას 20 დღემდე ვადით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების ნებართვა გასცა.

„განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ – ამ სიტყვებით სრულდებოდა მოსამართლის განჩინება.

„ბრალდებულის მწვავე განცდების საფუძველი იყო ოჯახური ძალადობის წინა ბრალდების საქმეზე, სტაციონარში იძულებით გატარებული დღეები, რა დროსაც მას უწევდა იმ არაადექვატური ქცევების და ხმების მოსმენა, რასაც გამოსცემდნენ ფსიქიატრიულ მკურნალობას/გამოკვლევას დაქვემდებარებული ადამიანები. აქვე აღვნიშნავთ, რომ წინა ბრალდების საქმეზე იგი გამართლდა, ხოლო სტაციონარული გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის თანახმად, იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და არანებაყოფლობით იძულებით მკურნალობას არ საჭიროებდა,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

ლევან დარსალია ფსიქიატრიულ დეპარტამენტში 8 დღე გააჩერეს.

„…იძულებით, არანებაყოფლობით და მისთვის მწვავედ მიუღებელ თავისუფლების შეზღუდვის ქვეშ იმყოფებოდა 8 დღე. თავად დასკვნის თანახმად, ლევან დარსალიას კვლავ არ დაუდგინდა შეურაცხადობა და მიეთითა, რომ იგი იძულებით, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“.

კიდევ ერთი ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან: „ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით“. კანონი ამ დროს არ ითვალისწინებს ბრალდებულის, ან მისი ადვოკატის შესაძლებლობას, პოზიცია გამოთქვას პროკურორის შუამდგომლობაზე, წარადგინოს საწინააღმდეგო, კრიტიკული მოსაზრებები, თუ მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად ადვოკატი არის შუამდგომლობის ავტორი.

ადვოკატი ზურად ჯანაშია მიიჩნევს, რომ საუკეთესო და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გამოსავალი იქნება, თუ სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მსგავს შემთხვევას, ანუ ბრალდებულს აქვს საშუალება წარადგინოს მტკიცებულებები, ამტკიცოს საპირისპირო და თუკი ამაში სასამართლოს ვერ დაარწმუნებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„გასაგებია, რომ პროკურორს შესაძლოა ჰქონდეს ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს შერაცხადობის პრობლემა. ცხადია, სტაციონარული შემოწმებაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება… ასევე უმთავრესია, არსებობდეს გასაჩივრების შესაძლებლობა“, – გვითხრა ზურაბ ჯანაშიამ.

ჯერ უცნობია, როდის მიიღებს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო.

ბათუმში შარტავას ქუჩა დაიტბორა – „ორბის“ მშენებლობაზე ტრაქტორმა წყლის მილი დააზიანა

ბათუმში, შარტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა. კომპანია „ორბის“ მშენებლობაზე ტრაქტორმა წყლის მილი დააზიანა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, კომპანია თავად აღადგენს დაზიანებულ მილს. „ბათუმის წყალში“ ასევე განმარტეს, რომ წყლის მილის დაზიანება რამდენიმე უბანში წყალმომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება წყალმომარაგება ღამის 12 საათამდე.

„ავარიული დაზიანების გამო, 19:30-დან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: შ. ხიმშიაშვილის ქუჩის #9-9ა-11-11ა, ინასარიძის ქუჩის #2-4-4ა-6-10. ფიროსმანის ქუჩის #14-16-18 და „ორბის“ საცხოვრებელ კორპუსში შ. ხიმშიაშვილის ქუჩის #7,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლი“ პრესცენტრიდან.

 

თუ კოვიდის შემდეგ სუნთქვა ისევ გიჭირთ – ჯანმოს რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელების პერიოდში ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთ სერიოზულ სიმპტომად მიიჩნევა. თუ სუნთქვასთან დაკავშირებული სიძნელე აღგენიშნებათ  მინიმალური აქტივობის ფონზე ან მოსვენებულ მდგომარეობაში, რომელიც არ უმჯობესდება სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად, უნდა დაუკავშირდით ექიმს.

სუნთქვის გაძნელება, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში გვხვდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის მიერ გამოცემულ სპეციალურ სახელმძღვანელოშია განხილული.

სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ კოვიდით დაინფიცირების შემდეგ, ხშირია ქოშინის განვითარება:

„ავადობის პერიოდში ძალების დაკარგვამ და ფიზიკური ფორმის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის გაძნელებამ შეიძლება გაგიჩინოთ შფოთვა, რამაც შეიძლება გააძლიეროს ქოშინი. სიმშვიდის შენარჩუნებასა და სუნთქვის გაძნელებასთან გამკლავების საუკეთესო გზის მოძებნაში ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ“.

ვარჯიშისას ან კიბეებზე ასვლის დროს, ქოშინის განვითარება ნორმალურია, მაგრამ მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს დატვირთვის მოხსნიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ქოშინი/ სუნთქვის გაძნელება უნდა გაუმჯობესდეს ეტაპობრივად ორგანიზმის გაჯანსაღების/გამოჯანმრთელების და ფიზიკური დატვირთვის გაზრდის პარალელურად.

პოზიციები და ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებული პროცესის მართვაში:

სუნთქვის ტექნიკები:

 

„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან

„ფული წლების წინ გადავიხადეთ, მაგრამ ბინები არ აშენდა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას სთხოვენ აუქციონზე გაიტანონ წლების განმავლობაში გაჩერებული, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები და ბინა მესაკუთრეებმა მიიღონ.

„პრეცედენტი რადგან არსებობს, ამიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები აქ. ამ ინვესტორებმა ვერ შეასრულეს მერიასთან და ამ ადამიანებთან აღებული ვალდებულებები. 200-მდე ასეთი მესაკუთრეა მინიმუმ… აქციაზე მხოლოდ სამი სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული მოვიდნენ დღეს,“ – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა. ის სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს აქციის ორგანიზებაში დაეხმარა.

„წარმოიდგინეთ, 14 წლის წინ გადავიხადე ფული, რომ ჩემი ბინა მქონოდა, მშენებლობა უკვე 10 წელია გაჩერებულია…,მშენებელი გაიქცა, რა ვქნათ, ვის მივმართოთ?“ – ამბობს თამარ ხოზრევანიძე, რომელსაც საცხოვრებელი ბინა ჭავჭავაძის 113-ში უნდა მიეღო.

„გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოიძიეს… ჩვენი მოთხოვნაა, მერიამ გადაიბაროს ბინა და გაყიდოს, კომპანია აღარ არსებობს, ვერავის ნახავ,“ – ამბობს სულიკო ცეცხლაძე.

მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე არ დაწყებულა სასამართლო დავაც, რადგან კომპანიებს, რომლებსაც ისინი ედავებიან, საწესდებო კაპიტალი არ ჰქონდათ, ხოლო რაც აშენდა, დაყადაღებულია.

„მერიამ არ უნდა გასცეს ნებართვა იმ კომპანიაზე, რომელსაც საწესდებო კაპიტალი არ აქვს… მოქალაქეს საიდან უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია წინასწარ, შეძლებს თუ ვერა კონკრეტული კომპანია პირობის შესრულებას? ეს კი არა, კომპანიამ, მაგალითად, ანგისის ქუჩაზე ვერ შეასრულა პირობა, დაარღვია ნებართვის პირობები და მეორე ნებართვაც მისცა მერიამ,“ – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

„მე შევედი, მაგალითად, ანგისის ქუჩაზე დაუმთავრებელ კორპუსში საცხოვრებლად,“ – ამბობს მერაბ კოჩალიძე. – „ბინაში იცხოვრება უკვე, მოვაწყვეთ, მაგრამ შუქს არ გვირთავენ, გაზი არაა, კომპანიას რაც ჰქონდა, იმ ელექტროსადენეით ვსარგებლობთ დროებით, მაგრამ სუსტი ხაზია, გათბობასაც ვერ ჩართავ, ვიყინებით… ჩვენ 2019 წელს უნდა ჩაგვბარებოდა ბინა. მშენებლობა გაჩერებულია,“ – გვითხრა მან.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიასთან

აქციის მონაწილეების თქმით, გამოუძიებელია თაღლითური სქემაც. „50 ბინაა სულ და 150 მესაკუთრე იმდენჯერ გადაყიდეს,“ – ეს ნანა ლომთათიძემ აღნიშნა აქციის მონაწილეებთან გასაუბრების დროს.

ბათუმის მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიის აპარატის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მათ მოთხოვნებს ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს უშუალოდ მოისმენს. დაზარალებული მოქალაქეების თქმით, მათ დაპირება არაერთხელ მიუღიათ, თუმცა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრა არ ჰქონიათ.

მდინარე, რომელმაც 13 თვის წინ უმაღლესი საბჭოს მძღოლი გაიტაცა, დღემდე არ გაუწმენდიათ – აქცია

„გაუწმენდავი მდინარე საფრთხეს გვიქმნის, ვიტბორებით,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს, კოლექტიური განცხადებით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს 8 სოფელში ცხოვრობენ და მდინარის ქვიშა-ღორღისგან გაწმენდას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, გაუწმენდავი მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, იტბორება სახლები, იხოცება პირუტყვი.

დატბორილი სახლი სოფელ ვაშალომიძეებში

„ჩვენ ახლა ვართ იმ ადგილას, სადაც ჯოჭოს ტრაგედიის დროს, ადიდებულმა მდინარემ მანქანიანად წაიღო მალხაზ ჯაფარიძე, ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მან საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „აუცილებელია გაწმენდითი სამუშაოები“.

მდინარე მეჯინისწყლის გაწმენდის მოთხოვნით სოფელ ვაშალომიძეებში შეიკრიბნენ

„აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების მიერ მდინარე მეჯინისწყლის და მისი შენაკადების კალაპოტების გასწორხაზოვნება, გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო შემდგომში დასახლებული უბნის მთელ პერიმეტრზე მდინარის ორივე სანაპიროზე სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ განხორციელდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები,“ – წერია გეოლოგიურ დასკვნაში.

მიშა ბოლქვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში ხელვაჩაურის ბიუჯეტში ნაშთის სახით მორჩა 3 მილიონ ლარზე მეტი.

„კეთილი ნება იყო საჭირო, ეს პრობლემა წლებია დგას… ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტიც კი, ამ მდინარის გაწმენდაზე ამ დრომდე არ მოუმზადებიათ,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძემ.

რატომ ვერ გაიწმინდა ამ დრომდე მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი და რას პასუხობს ხელვაჩაურის მერია მოსახლეობის მოთხოვნას ამჯერად? – ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ გვიპასუხა, რომ შეხვედრაზეა, ვერ დაგველაპარაკება და პრესსამსახურიდან მოგვაწვდიან ინფორმაციას.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნულ საკითხზე შემოსული განცხადებების გაცნობის შემდგომ ხდება შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა, გარემოს დაცვის სამმართველკოს, ინფრასტრუქტურისა თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული საკითხების მოგვარება,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრიდან.

რატომ გაიგო ახლა ხელვაჩაურის მერიამ ამ პრობლემის შესახებ ახლა, როცა დაახლოებით 13 თვის წინ ამ მდინარემ კაცი გაიტაცა და პერიოდულად იტბორება სახლები? – ხელვაჩაურის მერიაში დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.

10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად

ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული.

ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად კი, მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაგვამისამართეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში დღეს, 3 თებერვალს მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ცალკე ბათუმის პროექტის ღირებულება 10 მილიონ 600 ათასი ლარია.“

პროექტის ფარგლებში ბათუმში, ჟიულის შარტავს გამზირზე მდებარე ხეივნის [გმირთა ხეივნის და მისი გაგრძელების – ფიროსმანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე] რეაბილიტაციაა დაწყებული.

ამ ეტაპზე შარტავას გამზირზე ხეივნებში სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ძირითადად, არსებული ბეტონის საფარის აყრა და ახლის დაგება მიმდინარეობს.

შარტავას გამზირი ბათუმში / ხეივანში მოხსნილი ბეტონის საფარი [ზემოთ] და არსებული ბეტონის საფარი [ქვემოთ], რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა შეცვალონ / 3.02.2022
რატომ გახდა აუცილებელი ამ საფარის შეცვლა, რომელსაც ერთი შეხედვით სარეაბილიტაციო არაფერი სჭირდა? – ამ კითხვაზე პასუხად კომპანიაში გვითხრეს, რომ „ახალი ბეტონის საფარი კეთდება თანამედროვე მასალებით, არსებულს ექსპლუატაციის ვადაც გასული ჰქონდა და მოძველებული იყო“.

ჟიული შარტავას გამზირი ბათუმში / ხეივანი რეაბილიტაციის პროცესში / ხელახლა დაგებული ბეტონის საფარი / 2.02.2022

პროგრამის ფარგლებში აჭარაში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გასული წლის დეკემბერში წერილობით გამოითხოვა, პასუხი კი ფონდიდან 2022 წლის 2 თებერვალს მივიღეთ.

ფონდიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია:

„საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეაბილიტაციისთვის შერჩეულია ურბანული განახლების პროექტები, კერძოდ:

  • ბათუმში მწვანე კორიდორის მოწყობა გმირთა ხეივანში [შარტავას გამზირი];
  • ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა [მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე];
  • დაბა ხულოში მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია;
  • დაბა ქედის ცენტრალური ტერიტორიის [ცენტრის] მოწესრიგება.

აღნიშნულ პროექტებზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „საბა კონსტრაქშენ“-თან და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 20 000 000 ლარი“.

ფონდიდან ასევე მოვითხოვეთ სამუშაოების დასრულების ვადები თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით [თითოეული ეტაპის დასრულების ვადის მითითებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში].

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის ივნისი“, – მოგვწერეს ფონდიდან.

ჟიული შარტავას გამზირი ბათუმში / ხეივანი რეაბილიტაციის პროცესში

ფონდის ინფორმაციით: „რაც შეეხება ხელვაჩაურსა და შუახევს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და აღნიშნულ ორ მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული გრანტის ფარგლებში [„განახლებული რეგიონები“-ის პროგრამა], აღნიშნული მუნიციპალიტეტებში ხორციელდება:

  • შუახევის კულტურის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია,
  • ასევე ხელვაჩაურის სკვერის, ახალგაზრდული ცენტრისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.“

კონკრეტულად რა თანხა გადაეცა ამ ორ მუნიციპალიტეტს, ფონდიდან არ მოგვწერეს.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 15 ლოტზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება შეადგენს 300 000 000 ლარს“, – მოგვწერეს ფონდიდან.

სახელმწიფო პროგრამის — “განახლებული რეგიონები” — შესახებ პრემიერ-მინისტრმა 2021 წლის 26 აპრილს განაცხადა. მთავრობის წევრთა მაშინდელი ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი 4-წლიანია და ამ პერიოდში 500 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

გმირთა ხეივანი ბათუმში, რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ[რენდერი]:
გმირთა ხეივანი 2019 წელი / 9 აპრილის მემორიალის მოწყობის სამუშაოების დროს
გმირთა ხეივანი /2022 წელი, 2 თებერვალი / სამუშაოები „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში / რენდერის მიხედვით, შარტავას ქუჩაზე გამწვანებასთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდებიც აშენდება. ხიდი ასევე ერთმანეთთან დააკავშირებს ხეივნის სხვადასხვა ნაწილს. ამ ხიდების საშუალებით კი, ქვეითებს ავტომანქანების სავალი ნაწილის გადაკვეთა აღარ მოუწევთ. ხიდების საშუალებით, გმირთა ხეივნიდან ქვეითად გადახვალთ ასევე არდაგანის ტბასთან ისე, რომ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების სავალ ნაწილზე აღარ გაივლით.
გმირთა ხეივანი / რენდერი / დაახლოებით ასეთი იქნება ხეივანი „განახლებული რეგიონების“ პროექტის დასრულების შემდეგ

ვრცლად:

როგორი იქნება გმირთა ხეივანი ბათუმში

ხელვაჩაურის ყოფილი მერი აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად დაასაქმეს

ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების სამინისტროში მრჩევლად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

„სამინისტრო ახორციელებს უმაღლესი განათლების მიმართულებით პროგრამებს. ბატონ ჯუმბერს აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით და გამოვიყენეთ მისი რესურსი. უმაღლესი განათლების სფეროში მინისტრის მრჩეველი იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიქმნა მრჩევლის შტატი ხელვაჩაურის ყოფილი მერისათვის სპეციალურად, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ეს შტატი არსებობდა განათლების სამინისტროში, მაგრამ თავისუფალი იყო.

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის სახელს არაერთი პრობლემური საკითხი უკავშირდება.

ახლახანს გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობას სწავლობდა 2019-2020 წლებში. აუდიტის თანახმად ჯუმბერ ვარდმანიძის მერობის დროს, მუნიციპალიტეტში ათობით დარღვევაა გამოვლენილი.

აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში, მაშინ, როცა ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იყო, მუნიციპალიტეტს ჰქონდა ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები, ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვაში კონკურენციის შეზღუდვა, შრომის ანაზღაურება ხდებოდა ხარვეზებით და დასაბუთების გარეშე ანაზღაურებდნენ ხარჯებს.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

პანდემიაში ექიმი და ექთანი ქალების დატვირთვა გაორმაგდა სამსახურსა და სახლში – კვლევა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, რომელშიც შეფასებულია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

სახალხო დამცველის ცნობით, კვლევამ გამოკვეთა, რომ პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ:

„გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები.

ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;

პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ;

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე“.

კვლევის ფარგლებში, სატელეფონო წესით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 90 ქალი გამოიკითხა, ექთნები და ექიმები.

სახალხო დამცველის კვლევაში მოცემულია რეკომენდაციებიც. მათ შორის:

უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ინფორმირების ამაღლება სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასზე რეაგირების მექანიზმებთან
დაკავშირებით. სამედიცინო დაწესებულებაში ამგვარი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის პირობებში, შემუშავდეს იგი და დასაქმებულ პირებს მიეწოდოთ მის შესახებ ინფორმაცია. უზრუნველყოფილ იქნას კონფიდენციალური შეტყობინების განთავსების შესაძლებლობა სექსუალური შევიწროების ფაქტებისთვის;

უზრუნველყოფილ იქნას ფსიქოლოგის სერვისზე წვდომა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის;

ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უშუალოდ მომუშავე ქალები, ოჯახსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებში სამიზნე ჯგუფად განისაზღვრონ;

გატარდეს ცნობიერების/ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებები მოსახლეობაში კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის შესამცირებლად;

სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოთხოვნებში გაიწეროს საშხაპეებისა და მოსასვენებელი ოთახების გამართვის საკითხი;

განისაზღვროს ერთი ექთნისა და ერთი ექიმის ზრუნვის ქვეშ ერთდროულად მყოფი პაციენტების მაქსიმალური ოდენობა ყველა სამედიცინო განყოფილებისთვის ცალ-ცალკე.

 

ბოსტნეული, ზეთი და ყველი ისევ გაძვირდა – ინფლაციის მაჩვენებლები

2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით; ხილსა და ყურძენზე – 7.4 პროცენტით; მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.1 პროცენტით; რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 3.2 პროცენტით; ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე – 1.4 პროცენტით; თევზეული – 1.2 პროცენტით; ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 1.1 პროცენტით გაძვირდა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ცნობით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 23.3 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები – 20.5 პროცენტი
  • ზეთი და ცხიმი – 19.6 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 18.3 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.2 პროცენტი
  • თევზეული – 16.6 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი – 14.4 პროცენტი
  • ხილი და ყურძენი – 13.7 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.9 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.8 პროცენტი

ასევე, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებით, ჯგუფში –  საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – დაფიქსირდა ფასების 44.8-პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 68 პროცენტით
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 58 პროცენტით [საქსტატი განმარტავს, რომ 2022 წლის იანვარში კომუნალური ტარიფები შედარებულია 2021 წლის იანვრის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც იწვევს ზრდის შედარებით მაღალ მაჩვენებელს].

ასევე, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. საქსტატის ცნობით, ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 23.3 პროცენტით.

თიბისის და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება

თიბისისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნა.

ელექტრონული კომერციის აკადემია არის საგანმანათლებლო ინიციატივა პროფესიული მოდამზადების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ელექტრონული კომერციის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმების მსურველთათვის.

ელექტრონული კომერციის აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ელექტრონული კომერციის დანერგვასა და განვითარებას კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრების მიწოდების უზრუნველყოფის მეშვეობით.

აკადემია ითვალისწინებს 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის. პროგრამა მოიცავს 14-კვირიან სასწავლო ციკლს, რომელიც განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. თითო სასწავლო ციკლის ფარგლებში 25 სტუდენტი, მათ შორის, 5 სტუდენტი – ახალგაზრდები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, თეორიული და პრაქტიკული მენტორობის პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ.

პირველი კურსის დაწყების თარიღია 2022 წლის მარტი; მარტი-ივნისის პერიოდში განხორციელდება აკადემიის სასწავლო პროგრამის პილოტირება და მოხდება მისი ადაპტირება მიღებული უკუკავშირის შესაბამისად.

პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც მიიღებენ ელექტრონული კომერციის ასოციაციის სტატეგიული მენეჯერის კვალიფიკაციას, შეძლებენ კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით, ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინს, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელ.კომერციის აკადემიისათვის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და რაც მთავარია, ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. ელექტრონული კომერციის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აკადემია წარმოდგენილი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში სასწავლო, ისე ონლაინ სასწავლო მოდულებით.

ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება ელ.კომერციის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულები როგორც ელ.კომერციის აკადემიის, ისე სხვა მესამე მხარეთა მიერ.

აკადემიაში სწავლის მსურველები, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: https://ecomacademy.ge/

აჭარაში კოვიდის 2 334 ახალი შემთხვევაა

3 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა.

გასულ 24 საათში საქართველოში 77 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა კორონავირუსზე.

„დონეცკთან ახლოს დღემდე არ წყდება სროლები“ – მოქალაქე უკრაინაში ვითარებაზე

ანა კნიაზევა უკრაინაში, დრუჟკოვში ცხოვრობს. ეს ქალაქი დონეცკის ოლქს ეკუთვნის. დონეცკის ნაწილი, დონეერსკი, ახლა რუსეთის მიერ კონტროლდება, დრუჟკოვი კი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილი დონეცკის ადმინისტრაციული ერთეულია.

როგორც ანა კნიაზევა გვიყვება დონეცკთან ახლოს 2014 წლიდან დღემდე არ წყდება სროლები და მოსახლეობას მუდმივი დაძაბულობის ქვეშ უწევს ცხოვრება.

  • ანა კნიაზევა, უკრაინის მოქალაქე ქალაქ დრუჟკოვიდან: 

ხანდახან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, ასე ვცდილობ თავი ავარიდო სტრესს. მხოლოდ ოფიციალურ პირებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთმობა ეთერები, ჩვეულებრივი ხალხის, მოქალაქეების მდგომარეობა ნაკლებად ჩანს ჩვენს მედიაში. მაქვს შეგრძნება, რომ დიდად არავის ვაინტერესებთ მოქალაქეები, გამიკვირდა, რომ დამირეკეთ და მთხოვეთ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე მესაუბრა.

ხალხი ძალიან დაღლილია ომით, ჩვენ 2014 წლიდან მოყოლებული ომში ვართ. აქ ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ. დონეცკთან სროლები დღემდე არ წყდება, როგორც უკრაინული ნაწილის, ასევე დონეერსკის მხრიდან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მოგვარდება და ეს მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, მოსახლეობამ ჩემს ქალაქში, დრუჟკოვში, არ იცის რა უნდა ქნას, სად უნდა წავიდეს, რას უნდა შეაფაროს თავი.

თავშესაფრების აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობდნენ 2014 წლიდან, მაგრამ სინამდვილეში დღემდე არ იციან ჩვენს ქალაქში ადამიანებმა ამ თავშესაფრების არსებობის და ადგილმდებარეობის შესახებ. არც ვიცით არის თუ არა აქ საერთოდ რამე თავშესაფარი.

ომმა ხალხი ერთმანეთისგან გათიშა. დედაჩემი რუსეთში მუშაობს და უკრაინაში ვეღარ ჩამოდის თავსუფლად, დიდი ხანია აღარ მინახავს, სტუმრადაც ვეღარ გადმოდიან ჩვენი ახლობლები ჩვენთან გაყოფილი დონეცკის მეორე ნაწილიდან. უახლოესი ადამიანები გაგვთიშა ომმა.

ძალიან მინდა ხალხის მდგომარეობაზე გითხრათ. ბევრად უარესად ვცხოვრობთ ახლა, ვიდრე 2014 წლამდე ვცხოვრობდით. მცირე ბიზნესის შემოსავალმა საგრძნობლად იკლო, მძიმე სოციალური ფონია. მე დეკორატიული სანთლების ონლაინმაღაზიას ვმართავ, თავად ვამზადებ და ინსტაგრამით ვყიდი, ვმუშაობ სახლიდან.

ერთმანეთის მიყოლებით იხურება საწარმოები და, შესაბამისად, უქმდება სამუშაო ადგილები, ბევრი სამსახურდაკარგული რჩება შემოსავლის გარეშე. ბევრი ახალგაზრდა ტოვებს უკრაინას და აღარ ბრუნდებიან, მშობლების აქ ყოფნაც ვერ აკავებს უკრაინაში ახალგაზრდებს. ვეღარ ხედავენ აქ ნათელ მომავალს.

კომუნალური გადასახადები 4-5-ჯერ გაძვირდა, ხელფასი კი იგივეა. როცა კომუნალურებს ვიხდით, სრულად საკვების ფული არ გრჩება, საკვებს თუ ყიდულობ, როგორც გჭირდება ისე – კომუნალურებისთვის აღარ გყოფნის. ჩემს ქმარს მცირე ბიზნესი აქვს უკრაინაში, ამით ვცხოვრობთ.

2014 წლის შემდეგ უკრაინას არაერთი ქვეყანა ეხმარებოდა გრანტებით ომისშემდგომი კრიზისის დასაძლევად, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ რესურსი ძირითადად ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა.

სასაცილო დღეში ვართ, ბაბუაჩემს 5 გრივნათ გაუზარდეს პენსია მაშინ, როცა პური ღირს 25 გრივნა, წარმოგიდგენიათ? ბაბუაჩემის პენსია 3000 გრივნაა, ბებიაჩემის 2500 – ეს დაახლოებით 65, 70 დოლარია. ამით უნდა გადაიხადონ კომუნალურები, იყიდონ საკვები პროდუქტი და წამლები, ხომ წარმოუდგენელია?

უკრაინელ ჩინოვნიკებს აქვთ კარგი ხელფასი, დიდი ბიზნესები. ცხადია, მათზეც იმოქმედა ალბათ ომმა, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე.

ანექსირებულ ყირიმშიც არაერთი ჩემი ახლობელი დარჩა. მკაცრი სანქციებია დაწესებული თუ „საზღვარს“ გადაკვეთ. ვერც ჩვენ გადავდივართ მათთან, ვერც ისინი გადმოდიან ჩვენთან.

დიდი პრობლემაა ყირიმში შეღწევა. დონეცკსა და ლუგანსკშიც აჯანყდნენ, მაგრამ ის არ გამოვიდა, რასაც ელოდნენ, მიმოსვლა თუ გართულდებოდა რუსების მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე არავინ ელოდა. როგორც აქამდე არ ჰქონდათ ხმის ამოღების უფლება, ახლაც ასე უუფლებოდ დარჩნენ.

ლუგანსკის, დონეცკის და ყირიმის მცხოვრებლებმა, ვინც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩა, ვფიქრობ გააცნობიერეს, რაც მოხდა და დრო რომ უკან დავაბრუნოთ ამას არ დაუშვებდნენ.

მე ყირიმს ისევ ჩვენსას ვუწოდებ, მშვენიერს და განუმეორებელს. ბოლოს იქ ყირიმში 2013 წელს ვიყავი მეუღლესთან ერთად, ეს დაუვიწყარი ნახევარკუნძულია.

ვფიქრობ, ნეტა ოდესმე შევძლებ შვილს ვანახო ეს მშვენიერება? შეძლებს ჩემი შვილიც ისუნთქოს იქაური სუფთა ჰაერი და გაიგოს იქაური სუფთა წლის გემო? არ ვიცი.

მრავალი წელია ჩვენთან მშვიდობა აღარ ყოფილა, დავიღალეთ ამ დაძაბულობით. რა სჭირდება რიგით მოქალაქეს? მშვიდობა და ხვალინდელი დღის იმედი, შვილების ნათელი მომავლის რწმენა, მაგრამ უკრაინის ახლანდელი მდგომარეობა ამ ყველაფერსაც ეჭვქვეშ აყენებს.

დადასტურდა კოვიდის 23 664 ახალი შემთხვევა | 3 თებერვალი

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 804 შემთხვევა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ხოლო ბოლო 7 დღის – 27,36%.

 

12 მიგრანტი საზღვართან გაიყინა – თურქეთი საბერძნეთს ადანაშაულებს

თურქეთის ხელისუფლებამ 12 მიგრანტის ცხედარი იპოვა საბერძნეთი-თურქეთის საზღვართან. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 22 მიგრანტისგან შემდგარ ჯგუფში, 12 ადამიანი დაიღუპა. მან ბერძენი მესაზღვრეები დაადანაშაულა მიგრანტებისთვის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჩამორთმევაში, თუმცა საბერძნეთი უარყოფს ამ ბრალდებას და „ცრუ პროპაგანდას“ უწოდებს. არსებული ინფორმაციით, მიგრანტები თურქეთიდან წასვლას ცდილობდნენ საბერძნეთში, თუმცა ისინი უკან დააბრუნეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაასახელა დაღუპული მიგრანტების ეროვნება.

ამჟამად თურქეთში დაახლოებით 4 მილიონი სირიელი და დაახლოებით 300 000 ავღანელი ლტოლვილია.

2016 წლის მარტში ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან, შეეჩერებინა ლტოლვილთა ნაკადი და ქვეყანას სირიელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან ომს გაურბიან, მილიარდობით ევროს სანაცვლოდ მიეღო.

საბერძნეთი არის ერთ-ერთი მთავარი გზა ემიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გასაღწევად.

______________

ფოტოზე: მიგრანტები თურქეთი-საბერძნეთის საზღვართან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SEDAT SUNA

რა წესი მოქმედებს თურქეთიდან საქართველოში წამლების შემოტანაზე

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წამლების გაიაფების პირობას დებს, მკაცრდება თურქეთიდან წამლის შემოტანის კონტროლი.

კერძოდ, სარფის საბაჟოზე მოქალაქეებს, რომლებსაც მედიკამენტები პირადი მოხმარებისათვის გადმოაქვს, მებაჟეები აფრთხილებენ, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წამლები აღარ შემოიტანონ.

„ბათუმელები“ თავად გახდა ერთ-ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მივმართეთ და ვთხოვეთ დაზუსტება, ხომ არ შეცვლილა რამე თურქეთიდან წამლების შემოტანის წესში. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლზე მიგვითითა.

ამ მუხლის თანახმად, „იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის“.

უშუალოდ ჩვენს მიერ მითითებულ ფაქტზე კი შემდეგი განმარტება მოგვცეს: „შესაძლოა, საბაჟო გამშვები პუნქტი – სარფის მებაჟე-ოფიცრის მიერ, მითითებული იქნა ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული შემთხვევები“.

ცნობისათვის, აქამდე მოქალაქეებს შეუფერხებლად შემოჰქონდათ მედიკამენტები თურქეთიდან. შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, არანაირი ახალი წესი არ ამოქმედებულა და წამლის შემოტანა ისევ ისე ხდება, როგორც მანამდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანების თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე შემოიტანოს არაუმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვის მედიკამენტი.

თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა შეიძლება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, 2014 წლიდან ბრძანება არ შეცვლილა. თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანაზე ვრცელდება იგივე წესი. რაც შეეხება ღირებულებას, ზღვრული ნორმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

81 წლის ხევსური ქალი, რომელიც შუახევის ანსამბლში მღერის

81 წლის მაყვალა ბუჩუკური ბოლო 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ფესვებში“ მღერის.

მაყვალა ხევსურეთიდანაა, იგი თითქმის 40 წელია ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა მღეროდა სხვადასხვა ანსამბლში და საყვარელ საქმეს ახლაც აგრძელებს.

„ყოველ ორშაბათს გვაქვს რეპეტიციები და დავდივარ შუახევში. მაგრამ ახლა ოპერაცია გავიკეთე და რამდენიმე თვეა ვისვენებ“ – გვითხრა მან.

ამბობს, რომ ძალიან უყვარს შუახევი და ხულო, რადგან მთები ხევსურეთს ახსენებს, ამიტომაც ცდილობს ხშირად წავიდეს ბეშუმში, ჩირუხზე და გომის მთაზე. „რაღაც საერთო ნამდვილად აქვთ ხევსურებსა და აჭარლებს“ – ამბობს მაყვალა ბუჩუკური.

ბათუმში შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი ძაღლი და თუთიყუში ჰყავს.

„თუთიყუში შვილიშვილმა მაჩუქა, გაერთობიო. ასეც არის, ველაპარაკები ხოლმე. ყოველდღე ჭამა, ტელევიზორი, კომპიუტერი და ასე გადის დრო“, – ამბობს მაყვალა.

თავს ხევსურად მოიხსენიებს, თუმცა მისი ოჯახი ხევსურეთიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში საცხოვრებლად მის დაბადებამდე გადავიდა. ქალი იხსენებს, რომ ბავშვობაში მამას, ხევსურეთში, დღესასწაულებზე დაჰყავდა და ხევსურეთთან კავშირს ყოველთვის გრძნობდა.

3 წლის იყო, როცა თავის სოფელში ბავშვები შეკრიბა და სიმღერა დაიწყო.

„მე გუნდის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩემი სახლის წინ პატარა მოედანი იყო, იქ ვიკრიბებოდით ხოლმე და ვმღეროდით. მე ფანდურზე ვუკრავდი. ჩვენს წარმოდგენაში დედაჩემიც მონაწილეობდა, ის გიტარაზე უკრავდა. იკრიბებოდნენ მეზობლის ქალები, ბავშვები, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ერთ ამბავი გვქონდა. ძალიან კარგი ბავშვობა მაქვს გატარებული ბულაჩაურში“ – იხსენებს მაყვალა.

სკოლის დასრულების შემდეგ მაყვალა საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და სწავლა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძო საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით.

ახსოვს ის დღე, როცა მომავალი ქმარი გაიცნო. ეს თბილისში იყო, ოპერის წინ.

„მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ოპერის წინ გავიცანით. მე და ოთარი ოპერის წინ, გაჩერებაზე, ერთმანეთს ხშირად ვხედავდით ხოლმე. მას მოვეწონე თურმე და ერთ დღეს უკან გამომყვა. მე პლეხანოვზე, კულტურის სახლში, სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ვმღეროდი. როცა შენობაში შევედი, ოთარს კარისკაცისთვის უკითხავს ჩემს შესახებ, ასე გაიგო ჩემი სახელი გვარი. შემდეგ გავიცანით ერთმანეთი. მოტყუებით მომიყვანა ცოლად, “ – გვიამბობს მაყვალა.

წყვილი ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი – ბათუმში, თუმცა მაყვალას ქმარი ძირითადად თბილისში მუშაობდა, იგი 12 წლის წინ გარდაიცვალა.

მაყვალა უკვე დიდი ხანია შუახევის ანსამბლ „ფესვებში“ მღერის. იხსენებს, რომ როცა პირველად ავიდა შუახევში, დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, რადგან ლამაზი იყო ყველაფერი, რაც იქ ნახა.

გვიამბობს, რომ ადრე ხშირად ირჩევდნენ თამადად და გული წყდება, რომ ახლა ვეღარ ახერხებს:

„ახლა ვეღარ ვქეიფობ, გული მწყდება, რომ როგორც ადრე იყო ისე აღარ არის. ძალიან მიყვარს გართობა და იუმორი, ჩემი ხუმრობები გამორჩეულად უყვარდა ხალხს“.

ბოლოს მშობლიურ სოფელში 2008 წელს იყო. „შედარებაც არაა იმასთან, რაც ადრე იყოო“ – დანანებით ამბობს.

„ბავშვობა სადაც გატარებული გაქვს, იმ ადგილს სხვანაირი სიხარული მოაქვს. ჩემი კლასელები აღარ არიან ცოცხლები… ბულაჩაურში ახალგაზრდები ნაკლებად მცნობენ. ძალიან შეცვლილია იქ ყველაფერი.

ჩემი ახალგაზრდობა მენატრება, 82 წლის 15 აგვისტოს ვხდები. მინდა, რომ ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლო, ჩემი შვილიშვილის შვილის ხელში აყვანას მოვესწრო და მერე მოხდეს, რაც მოსახდენია. ჩემი წინაპრები დიდხანს ცოცხლობდნენ, ბიძაჩემი 113 წლის გარდაიცვალა, იმედი მაქვს მეც ასე გამიმართლებს“ – ამბობს მაყვალა.

ბათუმში შუალედურ არჩევნებზე „ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება

ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე იქნება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ეს მაჟორიტარული ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო. ის არჩევნებიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ და საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაზე“ დარჩენას სთხოვდნენ.

აუდიო ჩანაწერში, რომელიც ენმ-იმ გაავრცელა ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს სთხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო  ვერაფერს ამბობს, რა ეტაპზეა, ან რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება.

უცნობია, დადებს თუ არა გამოძიება შედეგს 2 აპრილამდე, როცა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში სხვას აირჩევს.

„ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა 2009 წლიდან, მანამდე ამავე სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

რამაზ ჯინჭარაძის კონკურენტი ენმ-დან სავარაუდოდ ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იქნება.

რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“

„ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პენსია არ მიმეღო“ – შშმ პირმა სახელმწიფოს დავა მოუგო

50 წლის შორენა ფხალაძემ სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო. შორენა ფხალაძეს სმენის დაქვეითება აღენიშნება ბავშვობიდან, თუმცა მას აქამდე არ ჰქონდა შშმ პირის სტატუსი.

როგორც შორენა „ბათუმელებთან“ ამბობს, ის წლების განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ის, რომ შშმ პირის სტატუსი ეკუთვნოდა, ამის შესახებ მხოლოდ 2019 წელს შემთხვევით, ახლობლისგან გაიგო.

„კომისიას წარვუდგინე ყველა დოკუმენტაცია, თუმცა მითხრეს, რომ პენსია არ მეკუთვნოდა, რადგან მოითხოვდნენ ბავშვობაში ჩატარებული კვლევების დამადასტურებელ საბუთს.

კანონის მიხედვით, 5 წლის შემდეგ სამედიცინო დოკუმენტაცია ნადგურდება. შესაბამისად, ამ დოკუმენტაციას მე ვერ წარვადგენდი. მათ არ ჰქონდათ აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. ამიტომ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ დახმარებით, დავიწყე სამართლებრივი ბრძოლა სასამართლოში.

„შორენამ ბრძოლა სასამართლოში განაგრძო და უჩივლა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმის გამო, რომ მას რეალურად ეკუთვნოდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია, ვინაიდან მართლაც ჰქონდა ბავშვობიდან სმენის პრობლემა.

სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში შორენამ მოიპოვა გენეტიკური კვლევის შედეგიც, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შორენას სასარგებლოდ მიიღო. მოსამართლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა შორენას გადაუხადოს სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა. ასევე, სასამართლომ სააგენტოს დაავალა განვლილი პერიოდისთვის მისაღები თანხის კომპენსაცია, კერძოდ, 2020 წლის პირველი მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განკუთვნილი თანხის გადახდა. საქმეზე მოსამართლე დავით წერეთელმა იმსჯელა“, – წერს PHR, რომელიც შორენას უფლებებს იცავდა სასამართლოში.

სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ თუ მოქალაქე კანონით განსაზღვრულ ერთ დოკუმენტს არ წარმოადგენდა, მას არ უნდა მისცემოდა საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება.

PHR საქმეში სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ჩაერთო შორენას უფლებების დასაცავად. მოსარჩელესთან ერთად, PHR-ი ამტკიცებდა, რომ მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ქვეყანაში დოკუმენტების შენახვის სისტემა და მათი წარდგენის შესაძლებლობა გამართული არ არის.

სწორედ იმიტომ, რომ შორენამ შშმ სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულება, ისევე როგორც, სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაინტერესდა ალტერნატიული დოკუმენტების გამოკვლევით, შორენა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა და იქ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. რაც მან წარმატებით განახორციელა და სხვა შშმ პირებს სამართლებრივი ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ანახა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი.

„მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ანალოგი, რომ ადამიანების ასეთი დიფერენცირება და დისკრიმინაცია ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ თუ 18 წლამდე არ გაქვს სმენის პრობლემა და შემდეგ შეგემთხვა ეს, მაშინ არ გეკუთვნის შშმ პირის სტატუსი და პენსია. მხოლოდ საქართველოშია ეს მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ახლახან ვიყავი ესპანეთში და მითხრეს, რომ შშმ პირის სტატუსი თუ მქონდა, უფასოდ შემეძლო შევსულიყავი მუზეუმებში, სხვადასხვა ობიექტზე მესარგებლა ფასდაკლებებით და ასე შემდეგ. აქ ჩემს ქვეყანაში კი სოციალური მომსახურების სააგენტომ ასი ლარის გამო მიჩივლა, არ გეკუთვნისო. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს პენსია არ მიმეღო“, – ამბობს შორენა ფხაკაძე.

როგორ გასცემენ სტიპენდიებს ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლისთვის – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლის დაფინანსება 2014 წლიდან დაიწყო. აქედან დღემდე, ცენტრმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა საზღვარგარეთ. 2019 წლის ჩათვლით, პროგრამის ბიუჯეტი 33 456 451 ლარი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც 2014-2019 წლებს მოიცავს. აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც  ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.

2014-2019 წლებში დაფინანსების მიღების მიზნით ცენტრს 3 448 პირმა მიმართა, დაფინანსება კი 640-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროგრამის მიზანია, სტუდენტები დაბრუნდნენ ქვეყანაში და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული ცოდნის რეალიზების მიზნით.

  • სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები და დაუსაქმებელი სტიპენდიატები

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მონიტორინგის ჯგუფმა გააანალიზა 2020 წლის პირველი 6 თვის ინფორმაცია ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებლის შესახებ. შეირჩა ცენტრის მიერ დაფინანსებული 288 ბენეფიციარი, რომლებსაც სწავლა ჰქონდა დასრულებული და აუდიტის პერიოდში უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებული. როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში 101 მათგანს (35%), არც ერთ თვეში არ მიუღია შემოსავალი ხელფასის ან მომსახურების ანაზღაურების სახით.

101 ბენეფიციარიდან 31 პირი 2014-2015 წლების პროგრამის მონაწილეა, მათ დასაქმების ვალდებულებას სახელმწიფო იღებდა, თუმცა სახელმწიფომ ეს ვალდებულება არ შეასრულა. ამ სტუდენტების უცხოეთში სწავლა 2 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა.

33 ბენეფიციარის შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადები. აუდიტის შეფასებით, ეს აფერხებს ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების პროცესს და ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას განუსაზღვრელი დროით გადაავადონ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება.

21 ბენეფიციარზე სახელმწიფოს ანაზღაურებული აქვს 1 795 387 ლარი, „ხოლო 12 ბენეფიციარზე მიმართული ფინანსური რესურსის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ისინი ერთობლივი პროგრამების მონაწილეები არიან და ყველა ბენეფიციარის თანხა ირიცხება ერთიანად“.

აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის 21 ბენეფიციარიდან, რომელთაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში 3-წლიანი დაყოვნების ვალდებულება და მათზე დახარჯულია 1 065 872 ლარი, მხოლოდ 8 ბენეფიციარის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, 4 ბენეფიციარის მიერ დარღვევის ფაქტი ცენტრს აქვს დაფიქსირებული, თუმცა სასამართლოში სარჩელი არ არის შეტანილი.

2015-2016 წლების ბენეფიციარებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლით დასაქმდებოდნენ საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში. ცენტრმა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული 134 ბენეფიციარიდან დასაქმება მხოლოდ 13 ბენეფიციარს შესთავაზა.

აუდიტის შეფასებით, 2018-2020 წლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარებს ბიუჯეტში 523 675 ლარი უნდა დაებრუნებინათ. დაბრუნდა 271 328 ლარი (52%).

სასტიპენდიო პროგრამებიდან ყველაზე მეტი განაცხადი ყოველ წელს გაკეთებულია სამაგისტრო პროგრამებზე. შესაბამისად, დაფინანსებულთა უმეტესი ნაწილიც ამ საფეხურზეა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები არ არის დეტალური. იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას. „შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები“, – ამბობს აუდიტი.

ამავე დასკვნის მიხედვით, ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის – აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას. ეს ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.

  • კომისიის წევრების მიერ კონკურსანტების შეფასება  

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მაგალითად ერთი და იმავე უნივერსიტეტის დიპლომი სხვადასხვა აპლიკანტის შემთხვევაში განსხვავებული ქულებით არის შეფასებული.

მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების ბაკალავრის დიპლომი კომისიის „B წევრმა“, სხვადასხვა კონკურსანტის შემთხვევაში შეაფასა განსხვავებულად – 2 და 8 ქულებით. კონკურსანტი, რომელსაც მიენიჭა 2 ქულა, აღნიშნულ კრიტერიუმში კომისიის დანარჩენმა 6-მა წევრმა შეაფასა საშუალო ქულით – 8,3. არც ერთ სხვა წევრს არ შეუფასებია კონკურსანტი 8-ზე ნაკლები ქულით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი კომისიის A წევრს შეფასებული აქვს 0 და 10 ქულებით. ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც ამ წევრის მიერ შეფასდა 0 ქულით, მე-3 ეტაპზე გადასასვლელად საჭირო გამსვლელ ქულამდე დააკლდა მხოლოდ 0,1 ქულა. იგი კომისიის დანარჩენმა ექვსმა წევრმა შეაფასა საშუალო – 6,5 ქულით, ხოლო ის აპლიკანტი, რომელიც კომისიის A წევრმა შეაფასა 10 ქულით, კომისიის სხვა წევრების მიერ შეფასდა, საშუალოდ – 6 ქულით. აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსანტს თანაბარი GPA ჰქონდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომი, კომისიის A წევრს ერთი კონკურსანტისთვის შეფასებული აქვს 0 ქულით და იგივე დიპლომი 3 კონკურსანტისთვის – 10-10 ქულით.

პირველ კონკურსანტს უარი ეთქვა, ხოლო 3-დან ერთი დაფინანსდა, 2 კონკურსანტი კი მოხვდა დასაფინანსებელთა სარეზერვო სიაში.

კომისიის წევრების მხრიდან გაურკვევლად არის შეფასებები გაკეთებული გამოცდილების კრიტერიუმში. კერძოდ:

19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ერთ-ერთი სამინისტროს სამმართველოს უფროსი კომისიის B წევრმა შეაფასა 5 ქულით. ეს ნიშნავს, რომ კონკურსანტი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს საშუალო დონეზე, მაშინ, როცა 8 ქულა (აღნიშნული კომისიის წევრ B-ს უმაღლესი შეფასება გამოცდილების კრიტერიუმში) მინიჭებული აქვს 3-წლიანი გამოცდილების მქონე კონკურსანტისთვის, რომელიც დასაქმებული იყო სტაჟიორად. პირველ კონკურსანტს 1,6 ქულა დააკლდა მე-3 ეტაპზე გადასასვლელად.

კომისიის A წევრს 5 ქულით ჰყავს შეფასებული 8-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯერი, რომელსაც აღნიშნულ კრიტერიუმში კომისიის სხვა ექვსმა წევრმა მიანიჭა საშუალო 8,7. ხოლო 10 ქულით ჰყავს შეფასებული 6-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც 1,6 ქულით გადასცდა ბარიერს და გადავიდა მე-3 ეტაპზე.

„ცენტრის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ დავასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გასაუბრების ოქმი არაინფორმაციულია და არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის პერიოდისთვის ცენტრს გასაუბრებასთან დაკავშირებით 4 სასამართლო საქმეზე ჰქონდა დავა. ცენტრში არსებული პრაქტიკა არ იძლევა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ამცირებს პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას“, – წერს აუდიტი.

დასკვნის მიხედვით, ცენტრში არ არის გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები, არ არის დასაბუთებული თუ რას ეფუძნება თითოეულ პროგრამაში მოწვეული კომისიის შემადგენლობა, რა პერიოდულობით უნდა იცვლებოდნენ წევრები კომისიაში და ერთდროულად რამდენი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიაში შეიძლება მონაწილეობდეს კომისიის თითოეული წევრი.

ასევე არ არის განსაზღვრული, რა კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს საკონკურსო კომისიის წევრი და რა პროფესიის წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული კომისია კონკრეტული სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით.

  • უცხო ქვეყანაში სტუდენტის საცხოვრებელი ხარჯების მინიმალური ზღვარის განსაზღვრა

აუდიტი წერს, რომ 2016 წლიდან მოცემული ზღვრული ოდენობა უცვლელია და არ არის გათვალისწინებული მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის ცვლილება.

„მაგალითად, 2014 წელს აშშ-ში საცხოვრებელი თანხა კონკრეტულ ბენეფიციარებზე განისაზღვრა $14,000-ით, ხოლო 2016 წლიდან ზღვრული ოდენობა $12,000-ია.

გარდა ამისა, ზღვრული ნორმების ოდენობა ერთი და იგივეა 10 სხვადასხვა ქვეყნისთვის. ობიექტის განმარტებით, საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის სისტემატიზებული და დოკუმენტირებული“, – წერს სახელმწიფო აუდიტი.

აღნიშნული დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებს იზიარებს განათლების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრს 2021 წლის 8 აგვისტოს გაგზავნილ წერილში სთხოვს, რომ 90 დღის ვადაში წარმოადგინოს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში.

განათლების საერთაშორისო ცენტრიდან „ბათუმელებს“ წერილობით აცნობეს, რომ შენიშვნებზე მუშაობა ცენტრს უკვე დაწყებული აქვს.

რაც შეეხება სტუდენტების საქართველოში დაბრუნების ვალდებულებას, ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამიდან საქართველოში დაბრუნების და 3 წლით დარჩენის ვალდებულება აქვთ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ხოლო ზოგიერთ პარტნიორულ პროგრამაში, მაგალითად, უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებს ეს ვალდებულება არ აქვთ.

„მათი მცირე ნაწილი (5-დან 11%-მდე), ითხოვს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლებას, რასაც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კომისია“, – მოგვწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრიდან.

გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?

როცა მოქალაქეები პოლიციელებს ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, მტკიცებულებების გარეშე საქმის გამოძიება ძალიან ჭირს. ხშირ შემთხვევაში დაზარალებულებს დაზიანებები საერთოდ არ ეტყობათ და მხოლოდ სიტყვებით უწევთ სიმართლის მტკიცება.

“მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ”, – ჰყვება ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებზე ერთ-ერთი დაზარალებული.

ვიდეო ამ ვითარებას რადიკალურად ცვლის. ამის ნათელი მაგალითი სულ ახლახან, თბილისის მეტროში პოლიციელის მხრიდან მოზარდის ცემის ამსახველი ვიდეო გახდა, რომლის გავრცელების შედეგადაც ორი პოლიციელი დააკავეს.

პოლიციელების მხრიდან არაკანონიერი ქმედების ამსახველი ვიდეოს გადაღება არ მარტო მტკიცებულებად, არამედ საპრევენციო მექანიზმადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. როდის და სად შეგვიძლია პოლიციელთან კომუნიკაციის ფოტო-ვიდეო გადაღება და რა შეზღუდვები არსებობს ამ მხრივ, კითხვებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი პასუხობს.

  • გიორგი, რა სივრცეებში გვაქვს პოლიციელის გადაღების უფლება? 

ზოგადად ფოტო-ვიდეო გადაღება, დასაშვებია და ნებადართულია ღია სივრცეში და ამ  უფლების რეალიზაციის პროცესში პირს არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა ან თანხმობა.

  • როგორ განვსაზღვროთ, რა არის საჯარო სივრცე?

საჯარო სივრცის, უფრო კონკრეტულად – ადგილის, ზუსტ განსაზღვრებას ვერ ვნახავთ, მაგრამ სამართლებრივი მიზნებისთვის არსებობს მისი გაგების მარტივი განსაზღვრება, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ; კერძოდ, სივრცე, რომელიც არ არის კერძო საკუთრების ნაწილი, არ არის სახელმწიფო სპეციალური კონტროლს ქვეშ, შეგვიძლია მას ვუწოდოთ საჯარო – საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი სივრცე. ქუჩა, სკვერი, პარკი, ზღვის სანაპირო, … სადაც ადამიანების გადაადგილება ხდება თავისუფალ რეჟიმში, სავალდებულო ქცევის წესის დადგენის გარეშე და მათგან ნებართვა იმაზე, გადავიღოთ ისინი თუ არა – არ გვჭირდება. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სივრცეში ფოტო/ვიდეო გადაღება არ გულისხმობს ვიდეოთვალთვალის უფლების გამოყენებას. ვიდეოთვალთვალი გარკვეულ სამართლებრივ რეგულაციას ექვემდებარება, რისი დაცვაც საჭიროა.

საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანის მხრიდან გამოყენებული უფლება ვიდეო ან ფოტო გადაღებისა, მაინც მოითხოვს ქცევის წესს პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად, მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია გადავიღოთ საჯარო სივრცეში პირის ტელეფონში არსებული პირადი მიწერ–მოწერა და ა.შ.

  • როცა პოლიციელი გვესაუბრება და ვხედავთ/ვგრძნობთ, რომ არის საფრთხე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდეს რაიმე გადაცდომას, ან ცინიკურია პოლიციელი, შეურაცხყოფას გვაყენებს, შეგვიძლია მობილური ამოვიღოთ და დავიწყოთ გადაღება?

პოლიციელთან ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს უფლება გვაქვს გადავიღოთ პროცესი და ამ დროს არ გვჭირდება პოლიციელის მხრიდან თანხმობა. ამიტომ არ არის აუცილებელი იყოს რაიმე საფრთხე ან არსებობდეს კანონის დარღვევის წინაპირობები.

ხოლო თუ იმ ადგილას იმყოფებით, სადაც ფოტო–ვიდეო გადაღება არ არის დაშვებული, მაგრამ პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას, ცხადია, ამ დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მიმართულია დანაშაულის გამოვლენისკენ, ამიტომ, ფოტო–ვიდეო გადაღება დანაშაულის მხილების მიზნით ყველა პირს აქვს.

გიორგი ხიმშიაშვილი
  • როცა ქუჩაში სხვას ესაუბრება პოლიცია და აქაც ვხედავთ, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს შეურაცხყოფას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, შეგვიძლია გადავიღოთ?

როგორც აღვნიშნეთ, თუ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელი მე მესაუბრება თუ ნებისმიერ სხვა პირს. ფოტო–ვიდეო გადაღების უფლება გვაქვს ნებისმიერ ვითარებაში და ამას არ სჭირდება რაიმე ფორმალური განაწესი.

მაგრამ პოლიციელის და სხვა მოქალაქის კომუნიკაციის გადაღებისას, ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ვალდებულება და გვმართებს თავშეკავება, რომ ამ გადაღების დროს არ მოვახდინოთ პერსონალური ინფორმაციის მიღება და გავრცელება.

  • უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, სად არ გვაქვს პოლიციელის გადაღების უფლება?

ზოგადად თუ ვიმყოფებით სპეციალური დაცვის მქონე ტერიტორიაზე [მაგ. ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრულია ამკრძალავი ლენტით] ან დაწესებულებაში, კერძო საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

როდესაც ვართ კერძო სივრცეში, ცხადია კერძო სივრცე პრივატული გარემოა და ეს გვიკრძალავს ინდივიდუალურად თვითშემოქმედების შესაძლებლობას. მაგრამ თუ ეს სივრცე ინდივიდუალური [ანუ საკუთარი] კერძო საკუთრებაა – შეგვიძლია გადაღების უფლება ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ, იქნება ეს მოძრავი [ავტომობილი] თუ უძრავი [სივრცე, შენობა] კერძო საკუთრება. აქ არავის ნებართვა არ გვჭირდება.

თუმცა, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე და საჯარო ინტერესი გაცილებით მაღალია ამ კანონის დარღვევის გამოვლენა-პრევენციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქ გადაღების ლეგიტიმური უფლება გვაქვს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს კანონიერების საკითხი. თუმცა, კიდევ ერთხელ, ასეთ დროს უფრო ფაქიზად უნდა გამოვიყენოთ ეს მონიჭებული უფლება.

  • პოლიციის განყოფილებაში გადაღების უფლება გვაქვს?

პოლიციის განყოფილებაში, როგორც წესი გადაღება შეზღუდულია. მაგრამ თუ ჩვენ ვხედავთ რომ ადგილი აქვს პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედებას ან ირღვევა ჩვენი პირადი უფლებები,  რა თქმა უნდა,  ამ დროს გადაღება ვერცერთ შემთხვევაში აკრძალულ ქმედებად ვერ განიხილება, რადგან დასაცავი სიკეთე გაცილებით მაღალია და შესაბამისად გადაღება აუცილებელი ღონისძიება ხდება. გადაღება, რომელიც საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ამხელს და ავლენს პოლიციელთა უკანონო ქმედებებსა და გადაცდომებს, გამართლებული აქტია.

  • რა ვქნათ, თუ პოლიცია გვეუბნება, რომ საჯარო სივრცეშიც კი არ გადავიღოთ ეს პროცესი?

საჯარო სივრცეში პოლიციელთან საუბრის დროს გადაღებისას – ნებისმიერი მითითება პოლიციელის მხრიდან, რომ თქვენ არ გაქვთ გადაღების უფლება, ან შეწყვიტეთ გადაღება – აბსოლუტურად უკანონოა და შეგვიძლია ამას არ დავემორჩილოთ, ვინაიდან ეს არ არის კანონისმიერი მოთხოვნა. Როდესაც მოქალაქეს აქვს გააზრებული მისი კონსტიტუციური უფლებების ნაწილი, პოლიციელის მითითება, კონსტიტუციური უფლების ნაწილს  უკანონოდ ზღუდავს, არ შეიძლება გაზიარებული იქნას და ეს არ ჩაეთვლება მოქალაქეს პოლიციელის კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად.

  • მტკიცებულებად რამდენად გამოდგება სასამართლოში ასეთი ვიდეო ჩანაწერი?

ნებისმიერი მტკიცებულების ამოღებას და სასამართლოში წარდგენას აქვს თავისი ფორმალური წესი. ადვოკატებს ხშირად გამოგვიყენებია სისხლის თუ ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე ფოტო თუ ვიდეო მასალები, მათ შორის ჟურნალისტების მიერ გადაღებული, ან საჯაროდ გავრცელებული კადრები და ფოტო თუ ვიდეო სახით არსებულ მტკიცებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია საქმისთვის.

  • რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ ვიდეო წაგვაშლევინონ და რამდენად მიზანშეწონილია ასეთ დროს ლაივ-ვიდეოს გაშვება?

ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ჩანაწერი/ინფორმაცია წაუშალა პოლიციელმა მოქალაქეს და შემდეგ, რა თქმა უნდა, რთული იყო იმის მტკიცება, რომ ეს პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო.

ყოფილა შემთხვევები, როცა მოქალაქეს ჩაუწერია პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედება, საუბარი, მითითება და პოლიციელს მოტყუებით გამოურთმევია მისთვის ტელეფონი და წაუშლია ინფორმაცია ან ამ გაწევ-გამოწევაში სპეციალურად დაუზიანებია ტელეფონი, რომ იქიდან გარკვეული ინფორმაციის ამოღება შეუძლებელი გამხდარიყო.

მაგრამ პირდაპირი ეთერის, ე.წ. „ლაივ გადაღების“ დროს შემაკავებელი ფაქტორი არის ის, რომ ვიდეო მასალა იმ მომენტში პირდაპირ ვრცელდება ინტერნეტში, რისი წაშლის ან მასზე ზემოქმედების საშუალებაც პოლიციელს არ აქვს. ამიტომ ეს უფრო მეტი პრევენციული ხასიათის მატარებელია. სწორედ ამიტომ სოციალურმა ქსელებმა და იმ ტექნიკურმა შესაძლებლობამ, რომ “ლაივ” ფორმატში  მოხდეს ტრანსლირება მიმდინარე მოვლენების, ხელი შეუწყო ერთი მხრივ უკანონო ქმედებების პრევენციას, მეორე მხრივ – მოპოვებული ინფორმაციის განადგურებისგან დაცვას.

რა გამოიძიეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – 2 თვეში ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“

როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ვერაფერს ამბობს, რა ეტაპზეა, ან რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება. უცნობია, დადებს თუ არა გამოძიება შედეგს 2 აპრილამდე, როცა ბათუმი საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში სხვას აირჩევს.

„ფაქტია, ეს გადამწყვეტი არჩევნებია ბათუმში, გამოძიება პასუხს არ გვაძლევს და არც მაქვს იმედი,“ – ამბობს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრია.

ის ადასტურებს, რომ ჯერ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატი არ შეურჩევია, თუმცა განიხილება მათე ფუტკარაძის კანდიდატურა. მათე გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციამ თავდაპირველად უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა,

გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17.

„ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ ნუგზარ ფუტკარაძესაც, სავარაუდოდ, იმ აუდიო ჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.

თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

სამართალდამცველებს გამოძიება არ დაუწყიათ ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ. გამოძიება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების დღეს, 18 ნოემბერს დაიწყო „სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობის“ მუხლით.

უცნობია, შეიცვალა თუ არა საქმეზე კვალიფიკაცია. ფაქტობრივად, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროკურატურას ბრალი ვინმესთვის ჯერ არ წარუდგენია.

„ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე, ასევე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში მირდატ ქამადაძე.

კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამ საქმეზე?

„დაზარალებული სტატუსიც არ გვაქვს, არაფერი ვიცი… რამდენიმე დღის წინ შევხვდი პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ თუ ვერ იძიებს საქმეს, იქნებ გადასცეს ზემდგომს. ვუხსნიდი, რომ ეს მკვლელობის საქმეა რეალურად.

ჩანაწერის მიხედვით, ცხადად ჩანს ქრთამის მიცემა. ადგილზე მიტანილიც კი აქვთ ის თანხა. ჩემი ძმის ხმა ისმის, მე მაგ ფულს ხელს არ მოვკიდებ, ნულები რომც მიამატოთო. ასე არაფერს გამოიძიებენ.

გამოიძიებენ კი არა, საკრებულოს წევრებს შეხვედრა გვინდოდა მერთან აუდიტის დასკვნაზე, სადაც კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი და პოლიციამ გამოგვაძევა. ეს, ბუნებრივია, არჩილ ჩიქოვანის დავალებით ხდება, თორემ პოლიციელებს თვალებიდანაც ეტყობა, რომ ამის გაკეთება არ სურთ,“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და.

„ამასობაში ბადრი ბაკურიძე, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძეს დავით რიჟვაძის დავალებით 100 ათას დოლარს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია,“ – ამბობდა მირდატ ქამადაძე 27 ნოემბერს.

ნაზი ფუტკარაძე წყაროებს ვერ ასახელებს, მაგრამ გვიყვება, რომ მისი ინფორმაციით, ბადრი ბაკურიძე ისევ საქართველოშია და ისიც გამოჰკითხეს სამართალდამცველებმა ვაჟა თაბაგიძესთან ერთად, რომელიც სკანდალურ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს.

„დაბრუნდა, ალბათ, რადგან მისცეს გარანტია, რომ არ დაიჭერდნენ… როგორ დაიჭერენ, როცა დავით რიჟვაძეა პირდაპირ საქმეში?

გავიგე ასევე, რომ ამუშავებენ ვერსიას, თითქოს მანამდეც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ნუგზარს, მაგრამ ფაქტია, ის დადიოდა მოსახლეობაში, გიმარჯვა კიდეც. ზეწოლის შემდეგ შეერყა მას ჯანმრთელობა. არ გაიყიდა ეს კაცი და ამომრჩეველმაც ახლა მინდა ეს გაიაზროს, რომ არ უნდა გაიყიდოს, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით,“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.

მოგების რა შანსი აქვს ახლა ოპოზიციას? – ესეც ვკითხეთ ბათუმის საკრებულოს წევრს.

„ჩემმა ძმამ მოიგო დაახლოებით 200 ხმით არჩევნები ამ ოლქში… იყო, ბუნებრივია, ნუგზარის ფაქტორი, მაგრამ ენდობიან პარტიასაც. მთავარია, ხალხმა ირწმუნოს, რომ მომავალი მის ხელშია. როგორმე უნდა ეშველოს პარალიზებულ საკრებულოს და ქალაქს,“ – გვითხრა ნაზი ფუტკარაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის მე-4 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ამ ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები 2 აპრილს.

რა ეტაპზეა „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ. სამუშაო დღის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია. პროკურატურის პრესცენტრში კი ადასტურებენ, რომ საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებენ, მაგრამ ვერაფერს გვეტყვიან.

___

მთავარი ფოტო: ნუგზარ ფუტკარაძე

მეტეოროლოგებმა ელვის მეგანათებაზე 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირეს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციას [მმო] ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური კომიტეტმა სამშაბათს, 1 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია ორი, რეკორდულად დიდი ელვის შესახებ, რომელთაგან პირველი აშშ-ში 2020 წლის 29 აპრილს, მეორე კი ასევე 2020 წლის 18 ივნისს, არგენტინაში წარმოიქმნა/განვითარდა.

მმო-ს ცნობით, აშშ-ი დაფიქსირებულმა ყველაზე გრძელმა ერთჯერადმა გაელვებამ, დაფარა 768 (± 8 კმ ) კილომეტრის სიგრძის ჰორიზონტალური მანძილი. ეს უდრის ლონდონსა და გერმანიის ქალაქ ჰამბურგს შორის მანძილს და ის, წინა რეკორდს 60 კმ-ით აჭარბებს.

მეორე რეკორდული ელვა იყო ყველაზე დიდი ხანგრძლივობის და იგი ურუგვაის და ჩრდილოეთ არგენტინის თავზე, 2020 წლის 18 ივნისს, 17,102 (± 0,002) წამი გაგრძელდა.

“შტორმების დროს ელვის ნათება გადის მხოლოდ რამდენიმე მილს. მეგანათება შეიძლება გავრცელდეს ასობით მილზე! მეგანათების ოფიციალური განმარტება არის ნებისმიერი ჰორიზონტალური ელვა, რომელიც გადის 62 მილზე (100 კილომეტრზე)”, – განმარტავს მმო-ს ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის მომხსენებელი რენდალ ჩერვენი CNN-თან საუბრისას.

„სავარაუდოდ, არსებობს კიდევ უფრო ძლიერი ექსტრემალური მოვლენები და ჩვენ შევძლებთ მათ დავაკვირდეთ, როდესაც ტექნოლოგია გაუმჯობესდება“, – თქვა პროფესორმა რენდალ ჩერვენიმ, მმო-ს მთავარმა მომხსენებელმა ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების საკითხებში.

“ელვა უკიდურესად საშიში მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი სიცოცხლე მიაქვს.
აღმოჩენები გამოკვეთენ ელვასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც ელექტრიფიცირულ ღრუბლებს უკავშირდება. ამ ღრუბლებს შეუძლიათ ელვის გადატანა განსაკუთრებულად დიდ მანძილებზე”, – ამბობს მმო-ს ხელმძღვანელი პეტერი ტაალასი.

ელვის გამოსახულება შეერთებული შტატების სამხრეთში, სადაც ნაჩვენებია გეოსტაციონარული ელვისებური რუკის მეშვეობით დაფიქსირებული ყველაზე გრძელი ჰორიზონტალური გაელვება [NOAA – აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია]

ელვის სპეციალისტმა და მმო-ს კომიტეტის წევრმა, რონ ჰოლემ, სანახაობრივი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ თქვა, რომ „ეს უკიდურესად დიდი და ხანგრძლივი ელვისებური მოვლენები განვითარდა არა იზოლირებულად/დამოუკიდებლად, არამედ მოხდა აქტიური ჭექა-ქუხილის დროს. ნებისმიერ დროს, როცა ჭექა-ქუხილი ისმის, დროა თავი შეაფაროთ უსაფრთხო ადგილს“.

“ელვისგან უსაფრთხო ადგილად ითვლება კაპიტალური ნაგებობები, რომლებშიც არის ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკა – და არა ისეთი მოწყობილობები/კონსტრუქციები, როგორიც გვხვდება პლაჟზე ან ავტობუსის გაჩერებებზე.

ასევე, ელვისგან სრულად უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევა სრულად დახურული სატრანსპორტო საშუალება მეტალის სახურავით და არა მაგალითად მოტოციკლი”, – ამბობს რონ ჰოლე.

თუ სანდო მეტეოროლოგიური მონაცემებით, ელვა წარმოიქმნა 10 კმ-ის რადიუსში, ექსპერტების რეკომენდაციით სასურველია თავი შეაფაროთ უსაფრთხო ნაგებობას ან სატრანსპორტო საშუალებას.

„მანქანის გაჩერებას ვცდილობთ კედელთან შეჯახებით“ – ინტერვიუ ექიმთან პანდემიის მართვაზე

„შემოდგომისთვის ამოვისუნთქებთ“ – ეს მოლოდინი აქვს ექიმს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ კალოიანს კოვიდსიტუაცაზე საქართველოში. ექიმი საშემოდგომოდ მედიკამენტს ელის და თავად ვირუსის ლოგიკას, როცა პიკის შემდეგ დაღმასვლა იწყება გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდის და ტრაგიკული შემთხვევების პარალელურად.

„ეს შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, როგორ შეიძლება ვცდილობდეთ მანქანის გაჩერებას კედელთან შეჯახებით, თანაც ისე, რომ ღვედს არ ვიკეთებთ,“ – ამბობს ვახტანგ კალაოიანი. ექიმის აზრით, საქართველოში თავად ხელისუფლებაა ანტივაქსერი.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, როგორ აისახება „მწვანე პასპორტის“ გაუქმება სიტუაციაზე, როცა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 26 ათასს გასცდა, ხოლო ვაქცინირებული არის მოსახლეობის მხოლოდ 42 პროცენტი? 

„მწვანე პასპორტი“ თავიდანვე იყო არაეფექტური და კარგად აჩვენა ხელისუფლების ანტივაქსერული განწყობა. ეს იყო გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის თავისი შინაარსიდან გამომდინარე, როცა, მაგალითად, კოვიდის გადატანის გამო შეიძლებოდა მიგეღო „მწვანე პასპორტი“ და ასე შემდეგ.

ჩანს იცის, რომ ამ ჩარევით ვერ გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან არაეფექტური ინტერვენცია. გაუქმებიდანაც არ ველი რამე მნიშვნელოვან პრობლემას.

  • მწვანე პასპორტის“ გაუქმება არ წაახალისებს ანტივაქსერულ განწყობას? 

ანტივაქსერულ განწყობებზე, პირველ რიგში, მოქმედებს ხელისუფლების წახალისება და საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ფაქტობრივად არ ატარებენ, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შეხვედრებს, რასაც სისტემური ხასიათი არ აქვს. „მწვანე პასპორტებს“ კი, როგორც შემოღებით, ასევე მისი გაუქმებით, ვერ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა.

  • როგორ აისახება ეს ელექტრონულ სისტემაზე – როგორც ცნობილია, „მწვანე პასპორტი“ ისევ გვჭირდება, თუკი სხვა ქვეყნებში მივდივართ.

ეს იყო კომიკური ვითარება „მწვანე პასპორტის“ შემოღების დროსაც, როცა გვქონდა ორი პასპორტი, ერთი საგარეო, მეორე – საშინაო. საგარეო პასპორტი ძალაში რჩება ისევ. არ მგონია, რომ ამ მხრივ რამე პრობლემა შეიქმნას.

შიდა რეგულაციები ძირითადად გააუქმეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მიაღწიეს ვაქცინაციის მაღალ დონეს. ჩვენთან კი, ხელისუფლება მოქმედებს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულის მოსაგებად. ამ დროს კი, უკვე კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

  • ვისი გული მოიგო ხელისუფლებამ? თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდა მთავრობას „მწვანე პასპორტის“ გაუქმება?

ხელისუფლებას იდეოლოგიური და სულიერი სიახლოვე აქვს აგრესიულ, ანტივაქსერულ ჯგუფებთან. შესაბამისად, მათთვის იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. აქ არ უნდა ავურიოთ მოქალაქეები, როცა მათ რეალური კითხვები აქვთ ვაქცინაციასთან დააკავშირებით. ისინი იმსახურებენ კითხვებზე პასუხის მიღებას.

ვგულისხმობ აგრესიული ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებასთან საკმაოდ ახლოს არიან, აქვთ ახლო პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ ჯგუფებისთვის იყო ეს გადაწყვეტილება [„მწვანე პასპორტის“ გაუქმება] მიღებული. საქართველოს ხელისუფლება იდეოლოგიოურად არის ანტივაქსერი. გვახსოვს ხომ გამონათქვამებიც, რომ ვაქცინა პანაცეა არ არის და ასე შემდეგ.

  • როცა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, რა დატვირთვა აქვს ამ დროს ტესტირებას? 

ტესტირებას ყოველთვის აქვს აზრი და ინფიცირების დროულ გამოვლენას, რაც გადარჩენის ძირითადი საშუალებაა. რაც უნდა დიდი რაოდენობა იყოს ინფიცირების, მასობრივი გამოვლენა უნდა იყოს მიზანი. მაგალითად, ვენაში, სადაც ასევე ინიფიცირების მაღალი მაჩვენებელია, დღეში კეთდება 300 ათასი ტესტი, ჩვენ ვაკეთებთ 60 – 70 ათას ტესტს დღეში ქვეყანაში… მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სამჯერ მეტი ტესტი კეთდებოდეს ქვეყანაში, რომ რეალურად ყველა მოქალაქემ იცოდეს, სჭირს თუ არა მას კოვიდი.

ეს და შემდეგი კვირა იქნება ძალიან სახიფათო, რადგან ის ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, ახლა უმძიმდებათ მდგომარეობა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის გამართული მუშაობა, მათ უნდა ჰყავდეთ საკმრისი რაოდენობის პერსონალი, რომელიც შეძლებს თითოეული მოქალაქისთვის ყურადღების მიქცევას.

  • ორი კვირის შემდეგ რატომ გაქვთ მაჩვენებლების კლების მოლოდინი? 

ორი კვირის შემდეგ დაიწყება ნელ-ნელა კლება, რადგან ეს არის ვირუსის გავრცელების ლოგიკა. იმ ქვეყნებშიც, სადაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რამდენიმე კვირის შემდეგ მაჩვენებელი მიდის ქვემოთ. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება თებერვლის მეორე ნახევარი საქართველოში. რთულია პროგნოზის გაკეთება, სანამდე შეიძლება ჩამოვიდეს ინფიცირების მაჩვენებელი.

  • რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პოლიტიკამ, როცა რეგულაციები ფაქტობრივად არ გვაქვს, დაავადების გავრცელების მაჩვენებელი მზარდია? 

სამწუხაროდ, ჩვენ ბოლომდე წავედით ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად. ინფექციის იმუნიტეტის ჩამოყალიბება შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, როგორ შეიძლება ვცდილოდებთ მანქანის გაჩერებას კედელთან შეჯახებით, თანაც ისე, რომ ღვედს არ ვიკეთებთ. მანქანა როცა კედელს შეეჯახება, არსებობს რისკი, რომ 10 მძღოლიდან 6 გადარჩეს, 4 კი მძიმედ დაზიანდება, შესაძლოა, მოკვდეს კიდეც.

ასე ვართ ჩვენც – ვინც გადარჩება, გადარჩება.

ეს მიდგომა გვაქვს ჩვენ პანდემიის მართვაშიც. ამ  პოლიტიკით ჩვენ გვეყოლება 20 ათასამდე გარდაცვლილი პანდემიის მძიმე ტალღის დაკლებამდე. ფრთხილი ოპტიმიზმი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შემოდგომისთვის შედარებით ამოვისუნთქებთ. იმუშავებს ბუნებრივი იმუნიტეტი, პლიუს ვაქცინაცია და მედიკამენტი. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი უკვე იღებს ყველა საჭირო აკრედიტაციას და ლიცენზიას, ის გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე და ჩვენ ოდესღაც შვძლებთ, ალბათ, რომ ეს მედიკამენტი მივიღოთ.

  • ვაქცინაციის ტემპის მატების რესურსს ხედავთ, რადგან მიიჩნევთ, რომ ყველა ანტივაქსერი არ არის, ვინც ვაქცინირებული არ არის.  

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25 პროცენტი მზადაა გაიკეთოს ვაქცინა. გამოდის, ხელისუფლებას ვერ მიაქვს ამ ადამიანებამდე სათანადო ინფორმაცია. მე, სამწუხაროდ, არ ველოდები ამ საინფორმაციო პოლიტიკის მნიშვნელოვან გარღვევას.

4 თებერვალს გაავდრდება, მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე – შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი და ძლიერი ქარი.

სააგენტოს ცნობით, ავდარი საქართველოში 6 თებერვლამდე გასტანს.

„მოსალოდნელი მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – აცხადებს სააგენტო.

200 ლარს მიიღებს 50 და მეტი წლის პირი, ვინც თებერვალში აიცრება პირველი დოზით 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 200 ლარს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად [პირველი დოზით] აიცრება. 200 ლარს მიიღებენ ამ ასაკის ის მოქალაქეებიც, რომლებიც 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე აიცრა პირველი დოზით.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში აიცრება თუ გამსვლელი ბრიგადის მეშვეობით:

„50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან  2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების –-200 (ორასი) ლარის მიმღები“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

იგივე ასაკის მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ ასევე, თუ ბუსტერს, ანუ ვაქცინის მე-3 დოზას გაიკეთებენ.

ამავე თემაზე:

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

როდის განათდება ბათუმის ჩაბნელებული ქუჩები – სია, რომელიც მერიამ მოგვაწოდა

ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი.

31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა იმ 15 ქუჩის ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ნაწილობრივ არის განათებული.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმელებმა“ ზუსტად 23 ქუჩის მცხოვრებლებისგან მიიღო ანალოგიური შეტყობინება, რომ მათ ქუჩაზეც გამორთულია გარეგანათება.

„ბათუმელებმა“ მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება მერიაში სცადა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ვთხოვეთ მოეწოდებინა განრიგი, რომელ ქუჩაზე როდის იგეგმება გარეგანათების აღდგენა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე აჭარგანათებაზე აღსადგენად გადაცემული აქვს შემდეგი მისამართები:

  1. პ. მელიქიშვილის და აკად. კომახიძის ქუჩების კვეთა.
  2. ფრიდონ ხალვაშის ქუჩა.
  3. 9 მარტის ქუჩა.
  4. პუშკინის ქუჩა.
  5. ბესიკის ქუჩის შესახვევი
  6. ფრ. ხალვაშის მე-3 შესახვევი.
  7. ქეთევან წამებულის ქუჩა.
  8. პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი.
  9. ე. თაყაიშვილის ქუჩა –
  10. ანგისის ქუჩა.
  11. აღმაშენებლის ქუჩა.
  12. პ. მელიქიშვილის ქუჩის 97-98.
  13. სვიშევსკის ქუჩა.
  14. კახაბრის მე-6 შესახვევი.
  15. გენ. აბაშიძის ქ. N36-38

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაურკვეველია, რა გრაფიკით იგეგმება ქუჩების განათება.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში 60-მდე ლოკაციაზე გამოიცვალა დაზიანებული განათებები და მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს.

[toggle title=”აქ ნახეთ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებული ქუჩების ჩამონათვალი, რომლებზეც ბოლო დღეებში ჩართეს გარეგანათებები”]

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მონაცემებით, აჭარგანათებამ წელს უკვე აღადგინა გარეგანათება შემდეგ მისამართებზე:

  1. ბაგრატიონის ქუჩა მელიქიშვილიდან ერისთავის ქუჩამდე მონაკვეთი.
  2. ლუკა ასათიანი სრულად აღდგენილია.
  3. ვაჟა-ფშაველა სადაც აღსადგენი იყო.
  4. ფაღავას ქუჩაზე ავარიული ბოძის დემონტაჟი განხორციელდა.
  5. აღმაშენებლის 5-7-9-11 ის ეზოები.
  6. ლეონიძის ქუჩა სრულად აღდგენილია.
  7. ლერმონტოვის 1/9 ეზო.
  8. კომახიძის ქუჩა , მელიქიშვილიდან მახარაძემდე.
  9. გორგასალი 141-ის ეზო.
  10. ს. ხიმშიაშვილი სრულად აღდგენილია.
  11. თაყაიშვილი სრულად აღდგენილია.
  12. ლერმონტოვი დასაწყისიდან გორგასლის ქუჩამდე.
  13. ორბელიანის ქუჩა.
  14. გ. აბაშიძის N3 ეზო.
  15. შინდისის სკვერი.
  16. კომახიძის ბოლო.
  17. ევდემოზ დიასამიძის ქუჩა.
  18. ოსტროვის მე2 შესახვევი.
  19. ვაჟა-ფშაველა ბრწყინვალეს კვეთა.
  20. დიდგორის ქუჩა.
  21. ბესიკის შესახვევი.
  22. თამარ მეფის გამზირი.
  23. შავშეთის ქუჩა.
  24. გოგოლიშვილის ქუჩა.
  25. შ. ხიმშიაშვილზე გამოიცვალა 13 ნათურა.
  26. კაჩინსკებზე 9 ცალი ნათურა შეიცვალა.
  27. ანწუხელიძეზე გამოიცვალა 8 ცალი ნათურა.
  28. ა. წერეთლის ქუჩა.
  29. თამარ მეფის გზატკეცილზე 8 ცალი ნათურა.
  30. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 22 ცალი ნათურა შეიცვალა.
  31. მეფე მირიანის ქუჩა.
  32. კანანელის ქუჩა.
  33. გონიოს ქუჩა
  34. მელიქიშვილის ქუჩა პუშკინიდან ბოლომდე.
  35. მელიქიშვილის ჩიხი.
  36. მელიქიშვილის მეორე შესახვევი.
  37. ბესიკის ქუჩა სრულად.
  38. ბესიკის შესახვევი.
  39. პუშკინის ქუჩა მელიქიშვილიდან შავშეთამდე.
  40. ტბეთის ქუჩა.
  41. მარკოზ აჭარელის ქუჩა.
  42. ბ.ნ.ზ სახლი N2ის მიმდებარედ.
  43. ლერმონტოვის 107 ჟ ეზო
  44. ლერმონტოვის ქუჩა სრულად.
  45. ჯავახიშვილის სკვერი.
  46. ჯავახიშვილის ქუჩა ბაგრატიონიდან – ორბელიანამდე.
  47. გ. აბაშიძე სრულად.
  48. ფრიდონ ხალვაშის მე3 ჩიხი.
  49. კახაბრის ქუჩა.

[/toggle]

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისამართები და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ სად გამოიცვალა განათება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 60 ლოკაციიდან ქუჩა ყველგან მთლიანად იყო გამორთული.

აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება 15 განათების ბოძიდან ვთქვათ ორზე არ ენთოს ნათურა, სადღაც შესაძლოა ჩამრთველი იყოს ამოვარდნილი და იმის გასწორება ხდება და ასე შემდეგ“, – ამბობს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი, აკაკი ბერიძე.

მისი თქმით, დაზიანებული განათებების აღდგენაზე ბიუჯეტიდან ასევე დაიხარჯება 500 ათას ლარზე მეტი, ტენდერის დასრულების შემდეგ კი ახალი განათებები დამონტაჟდება.

აჭარაში 32 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 32 სკოლა.

ბათუმში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 18 სკოლა, ქედაში – 5, ხელვაჩაურსა და ქობულეთში –  4-4 სკოლა, ხულოში კი – ერთი.

დღევანდელი,  2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26 320 შემთხვევა.

როდის მიიღებენ ბათუმის საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პერსონალს ხელფასები 10 პროცენტით, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაეზრდებათ: „აღმზრდელის ხელფასი 800 ლარამდე იქნება“,  –  სავარაუდოდ დარიცხვის გარეშე. მან განგვიმარტა ასევე, რომ გასული წლის სექტემბერში აღმზრდელების ხელფასი 16, 5 პროცენტით გაიზარდა.

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთიანების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 2 მილიონ 800 000 ლარით გაიზარდა, ამ ნამატიდან მილიონ-ნახევარი ლარი შრომის ანაზღაურებაში აისახა.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ განგვიმარტა, 10 პროცენტით იზრდება არა მხოლოდ აღმზრდელების, არამედ მთლიანად ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული 1 375 პირის ხელფასი.

„დაანონსებულია 10-პროცენტიანი ზრდა, რომლის ასიგნებებიც უკვე გათვალისწინებულია დამტკიცებულ ბიუჯეტში“, – განმარტავს ნატარიძე.

რატომ არ გაიზრდება ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული პირების ხელფასები იანვრიდან, ისე როგორც მერიის ან საკრებულოს თანამშრომლების  ხელფასები?- ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ „ეს იყო არასრული სასწავლო თვე და შეიძლება ეს მივიჩნიოთ ერთ-ერთ გარემოებად“.

ნატარიძის განმარტებით, ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულების ხელფასების გაზრდას საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდება, რადგან ეს თანხა უკვე ასახულია დამტკიცებულ ბიუჯეტში, გაზრდილ თანამდებობრივ სარგოებს მერი დაამტკიცებს თავისი ბრძანებით.

ხელფასების ზრდას ბაღების აღმზრდელები 2019 წლიდან ელიან, მათ ანაზღაურების გაზრდას  ყოფილი პრემიერი დაჰპირდა, თუმცა ლოდინი დიდ ხანს მოუწიათ.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულის ინფორმაციით, ორწლიანი ლოდინის შემდეგ გაზრდილი ხელფასი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სექტემბერში აიღეს.

გასული წლის სექტემბრიდან აღმზრდელის ხელფასი [ხელზე ასაღები თანხა] –  542 ლარია, აღმზრდელის თანაშემწე – 510, მუსიკის მასწავლებელი – 505, ექთანი 400, მზარეული კი 500 ლარს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარიცხვის გარეშე მათი ხელფასი საშუალოდ 686 – 718 – ლარამდეა,  საპენსიო ფონდში ჩასარიცხი თანხის გათვალისწინებით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ხელფასი 3000 ლარამდეა.

აჭარაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებშია 778 პაციენტი, მათგან მძიმეა 139 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პირი.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებშია 599 ადამიანია.

დღეს, 2 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Exit mobile version