მთავარი,სიახლეები

გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?

02.02.2022 • 3631
გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?

როცა მოქალაქეები პოლიციელებს ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, მტკიცებულებების გარეშე საქმის გამოძიება ძალიან ჭირს. ხშირ შემთხვევაში დაზარალებულებს დაზიანებები საერთოდ არ ეტყობათ და მხოლოდ სიტყვებით უწევთ სიმართლის მტკიცება.

“მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ”, – ჰყვება ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებზე ერთ-ერთი დაზარალებული.

ვიდეო ამ ვითარებას რადიკალურად ცვლის. ამის ნათელი მაგალითი სულ ახლახან, თბილისის მეტროში პოლიციელის მხრიდან მოზარდის ცემის ამსახველი ვიდეო გახდა, რომლის გავრცელების შედეგადაც ორი პოლიციელი დააკავეს.

პოლიციელების მხრიდან არაკანონიერი ქმედების ამსახველი ვიდეოს გადაღება არ მარტო მტკიცებულებად, არამედ საპრევენციო მექანიზმადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. როდის და სად შეგვიძლია პოლიციელთან კომუნიკაციის ფოტო-ვიდეო გადაღება და რა შეზღუდვები არსებობს ამ მხრივ, კითხვებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი პასუხობს.

  • გიორგი, რა სივრცეებში გვაქვს პოლიციელის გადაღების უფლება? 

ზოგადად ფოტო-ვიდეო გადაღება, დასაშვებია და ნებადართულია ღია სივრცეში და ამ  უფლების რეალიზაციის პროცესში პირს არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა ან თანხმობა.

  • როგორ განვსაზღვროთ, რა არის საჯარო სივრცე?

საჯარო სივრცის, უფრო კონკრეტულად – ადგილის, ზუსტ განსაზღვრებას ვერ ვნახავთ, მაგრამ სამართლებრივი მიზნებისთვის არსებობს მისი გაგების მარტივი განსაზღვრება, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ; კერძოდ, სივრცე, რომელიც არ არის კერძო საკუთრების ნაწილი, არ არის სახელმწიფო სპეციალური კონტროლს ქვეშ, შეგვიძლია მას ვუწოდოთ საჯარო – საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი სივრცე. ქუჩა, სკვერი, პარკი, ზღვის სანაპირო, … სადაც ადამიანების გადაადგილება ხდება თავისუფალ რეჟიმში, სავალდებულო ქცევის წესის დადგენის გარეშე და მათგან ნებართვა იმაზე, გადავიღოთ ისინი თუ არა – არ გვჭირდება. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სივრცეში ფოტო/ვიდეო გადაღება არ გულისხმობს ვიდეოთვალთვალის უფლების გამოყენებას. ვიდეოთვალთვალი გარკვეულ სამართლებრივ რეგულაციას ექვემდებარება, რისი დაცვაც საჭიროა.

საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანის მხრიდან გამოყენებული უფლება ვიდეო ან ფოტო გადაღებისა, მაინც მოითხოვს ქცევის წესს პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად, მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია გადავიღოთ საჯარო სივრცეში პირის ტელეფონში არსებული პირადი მიწერ–მოწერა და ა.შ.

  • როცა პოლიციელი გვესაუბრება და ვხედავთ/ვგრძნობთ, რომ არის საფრთხე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდეს რაიმე გადაცდომას, ან ცინიკურია პოლიციელი, შეურაცხყოფას გვაყენებს, შეგვიძლია მობილური ამოვიღოთ და დავიწყოთ გადაღება?

პოლიციელთან ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს უფლება გვაქვს გადავიღოთ პროცესი და ამ დროს არ გვჭირდება პოლიციელის მხრიდან თანხმობა. ამიტომ არ არის აუცილებელი იყოს რაიმე საფრთხე ან არსებობდეს კანონის დარღვევის წინაპირობები.

ხოლო თუ იმ ადგილას იმყოფებით, სადაც ფოტო–ვიდეო გადაღება არ არის დაშვებული, მაგრამ პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას, ცხადია, ამ დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მიმართულია დანაშაულის გამოვლენისკენ, ამიტომ, ფოტო–ვიდეო გადაღება დანაშაულის მხილების მიზნით ყველა პირს აქვს.

გიორგი ხიმშიაშვილი

  • როცა ქუჩაში სხვას ესაუბრება პოლიცია და აქაც ვხედავთ, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს შეურაცხყოფას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, შეგვიძლია გადავიღოთ?

როგორც აღვნიშნეთ, თუ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელი მე მესაუბრება თუ ნებისმიერ სხვა პირს. ფოტო–ვიდეო გადაღების უფლება გვაქვს ნებისმიერ ვითარებაში და ამას არ სჭირდება რაიმე ფორმალური განაწესი.

მაგრამ პოლიციელის და სხვა მოქალაქის კომუნიკაციის გადაღებისას, ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ვალდებულება და გვმართებს თავშეკავება, რომ ამ გადაღების დროს არ მოვახდინოთ პერსონალური ინფორმაციის მიღება და გავრცელება.

  • უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, სად არ გვაქვს პოლიციელის გადაღების უფლება?

ზოგადად თუ ვიმყოფებით სპეციალური დაცვის მქონე ტერიტორიაზე [მაგ. ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრულია ამკრძალავი ლენტით] ან დაწესებულებაში, კერძო საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

როდესაც ვართ კერძო სივრცეში, ცხადია კერძო სივრცე პრივატული გარემოა და ეს გვიკრძალავს ინდივიდუალურად თვითშემოქმედების შესაძლებლობას. მაგრამ თუ ეს სივრცე ინდივიდუალური [ანუ საკუთარი] კერძო საკუთრებაა – შეგვიძლია გადაღების უფლება ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ, იქნება ეს მოძრავი [ავტომობილი] თუ უძრავი [სივრცე, შენობა] კერძო საკუთრება. აქ არავის ნებართვა არ გვჭირდება.

თუმცა, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე და საჯარო ინტერესი გაცილებით მაღალია ამ კანონის დარღვევის გამოვლენა-პრევენციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქ გადაღების ლეგიტიმური უფლება გვაქვს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს კანონიერების საკითხი. თუმცა, კიდევ ერთხელ, ასეთ დროს უფრო ფაქიზად უნდა გამოვიყენოთ ეს მონიჭებული უფლება.

  • პოლიციის განყოფილებაში გადაღების უფლება გვაქვს?

პოლიციის განყოფილებაში, როგორც წესი გადაღება შეზღუდულია. მაგრამ თუ ჩვენ ვხედავთ რომ ადგილი აქვს პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედებას ან ირღვევა ჩვენი პირადი უფლებები,  რა თქმა უნდა,  ამ დროს გადაღება ვერცერთ შემთხვევაში აკრძალულ ქმედებად ვერ განიხილება, რადგან დასაცავი სიკეთე გაცილებით მაღალია და შესაბამისად გადაღება აუცილებელი ღონისძიება ხდება. გადაღება, რომელიც საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ამხელს და ავლენს პოლიციელთა უკანონო ქმედებებსა და გადაცდომებს, გამართლებული აქტია.

  • რა ვქნათ, თუ პოლიცია გვეუბნება, რომ საჯარო სივრცეშიც კი არ გადავიღოთ ეს პროცესი?

საჯარო სივრცეში პოლიციელთან საუბრის დროს გადაღებისას – ნებისმიერი მითითება პოლიციელის მხრიდან, რომ თქვენ არ გაქვთ გადაღების უფლება, ან შეწყვიტეთ გადაღება – აბსოლუტურად უკანონოა და შეგვიძლია ამას არ დავემორჩილოთ, ვინაიდან ეს არ არის კანონისმიერი მოთხოვნა. Როდესაც მოქალაქეს აქვს გააზრებული მისი კონსტიტუციური უფლებების ნაწილი, პოლიციელის მითითება, კონსტიტუციური უფლების ნაწილს  უკანონოდ ზღუდავს, არ შეიძლება გაზიარებული იქნას და ეს არ ჩაეთვლება მოქალაქეს პოლიციელის კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად.

  • მტკიცებულებად რამდენად გამოდგება სასამართლოში ასეთი ვიდეო ჩანაწერი?

ნებისმიერი მტკიცებულების ამოღებას და სასამართლოში წარდგენას აქვს თავისი ფორმალური წესი. ადვოკატებს ხშირად გამოგვიყენებია სისხლის თუ ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე ფოტო თუ ვიდეო მასალები, მათ შორის ჟურნალისტების მიერ გადაღებული, ან საჯაროდ გავრცელებული კადრები და ფოტო თუ ვიდეო სახით არსებულ მტკიცებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია საქმისთვის.

  • რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ ვიდეო წაგვაშლევინონ და რამდენად მიზანშეწონილია ასეთ დროს ლაივ-ვიდეოს გაშვება?

ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ჩანაწერი/ინფორმაცია წაუშალა პოლიციელმა მოქალაქეს და შემდეგ, რა თქმა უნდა, რთული იყო იმის მტკიცება, რომ ეს პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო.

ყოფილა შემთხვევები, როცა მოქალაქეს ჩაუწერია პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედება, საუბარი, მითითება და პოლიციელს მოტყუებით გამოურთმევია მისთვის ტელეფონი და წაუშლია ინფორმაცია ან ამ გაწევ-გამოწევაში სპეციალურად დაუზიანებია ტელეფონი, რომ იქიდან გარკვეული ინფორმაციის ამოღება შეუძლებელი გამხდარიყო.

მაგრამ პირდაპირი ეთერის, ე.წ. „ლაივ გადაღების“ დროს შემაკავებელი ფაქტორი არის ის, რომ ვიდეო მასალა იმ მომენტში პირდაპირ ვრცელდება ინტერნეტში, რისი წაშლის ან მასზე ზემოქმედების საშუალებაც პოლიციელს არ აქვს. ამიტომ ეს უფრო მეტი პრევენციული ხასიათის მატარებელია. სწორედ ამიტომ სოციალურმა ქსელებმა და იმ ტექნიკურმა შესაძლებლობამ, რომ “ლაივ” ფორმატში  მოხდეს ტრანსლირება მიმდინარე მოვლენების, ხელი შეუწყო ერთი მხრივ უკანონო ქმედებების პრევენციას, მეორე მხრივ – მოპოვებული ინფორმაციის განადგურებისგან დაცვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: