განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ გასცემენ სტიპენდიებს ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლისთვის – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

02.02.2022 • 1696
როგორ გასცემენ სტიპენდიებს ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლისთვის – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლის დაფინანსება 2014 წლიდან დაიწყო. აქედან დღემდე, ცენტრმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა საზღვარგარეთ. 2019 წლის ჩათვლით, პროგრამის ბიუჯეტი 33 456 451 ლარი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც 2014-2019 წლებს მოიცავს. აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც  ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.

2014-2019 წლებში დაფინანსების მიღების მიზნით ცენტრს 3 448 პირმა მიმართა, დაფინანსება კი 640-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროგრამის მიზანია, სტუდენტები დაბრუნდნენ ქვეყანაში და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული ცოდნის რეალიზების მიზნით.

  • სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები და დაუსაქმებელი სტიპენდიატები

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მონიტორინგის ჯგუფმა გააანალიზა 2020 წლის პირველი 6 თვის ინფორმაცია ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებლის შესახებ. შეირჩა ცენტრის მიერ დაფინანსებული 288 ბენეფიციარი, რომლებსაც სწავლა ჰქონდა დასრულებული და აუდიტის პერიოდში უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებული. როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში 101 მათგანს (35%), არც ერთ თვეში არ მიუღია შემოსავალი ხელფასის ან მომსახურების ანაზღაურების სახით.

101 ბენეფიციარიდან 31 პირი 2014-2015 წლების პროგრამის მონაწილეა, მათ დასაქმების ვალდებულებას სახელმწიფო იღებდა, თუმცა სახელმწიფომ ეს ვალდებულება არ შეასრულა. ამ სტუდენტების უცხოეთში სწავლა 2 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა.

33 ბენეფიციარის შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადები. აუდიტის შეფასებით, ეს აფერხებს ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების პროცესს და ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას განუსაზღვრელი დროით გადაავადონ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება.

21 ბენეფიციარზე სახელმწიფოს ანაზღაურებული აქვს 1 795 387 ლარი, „ხოლო 12 ბენეფიციარზე მიმართული ფინანსური რესურსის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ისინი ერთობლივი პროგრამების მონაწილეები არიან და ყველა ბენეფიციარის თანხა ირიცხება ერთიანად“.

აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის 21 ბენეფიციარიდან, რომელთაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში 3-წლიანი დაყოვნების ვალდებულება და მათზე დახარჯულია 1 065 872 ლარი, მხოლოდ 8 ბენეფიციარის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, 4 ბენეფიციარის მიერ დარღვევის ფაქტი ცენტრს აქვს დაფიქსირებული, თუმცა სასამართლოში სარჩელი არ არის შეტანილი.

2015-2016 წლების ბენეფიციარებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლით დასაქმდებოდნენ საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დაწესებულებაში. ცენტრმა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული 134 ბენეფიციარიდან დასაქმება მხოლოდ 13 ბენეფიციარს შესთავაზა.

აუდიტის შეფასებით, 2018-2020 წლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარებს ბიუჯეტში 523 675 ლარი უნდა დაებრუნებინათ. დაბრუნდა 271 328 ლარი (52%).

სასტიპენდიო პროგრამებიდან ყველაზე მეტი განაცხადი ყოველ წელს გაკეთებულია სამაგისტრო პროგრამებზე. შესაბამისად, დაფინანსებულთა უმეტესი ნაწილიც ამ საფეხურზეა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები არ არის დეტალური. იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას. „შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები“, – ამბობს აუდიტი.

ამავე დასკვნის მიხედვით, ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის – აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას. ეს ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.

  • კომისიის წევრების მიერ კონკურსანტების შეფასება  

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მაგალითად ერთი და იმავე უნივერსიტეტის დიპლომი სხვადასხვა აპლიკანტის შემთხვევაში განსხვავებული ქულებით არის შეფასებული.

მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების ბაკალავრის დიპლომი კომისიის „B წევრმა“, სხვადასხვა კონკურსანტის შემთხვევაში შეაფასა განსხვავებულად – 2 და 8 ქულებით. კონკურსანტი, რომელსაც მიენიჭა 2 ქულა, აღნიშნულ კრიტერიუმში კომისიის დანარჩენმა 6-მა წევრმა შეაფასა საშუალო ქულით – 8,3. არც ერთ სხვა წევრს არ შეუფასებია კონკურსანტი 8-ზე ნაკლები ქულით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი კომისიის A წევრს შეფასებული აქვს 0 და 10 ქულებით. ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც ამ წევრის მიერ შეფასდა 0 ქულით, მე-3 ეტაპზე გადასასვლელად საჭირო გამსვლელ ქულამდე დააკლდა მხოლოდ 0,1 ქულა. იგი კომისიის დანარჩენმა ექვსმა წევრმა შეაფასა საშუალო – 6,5 ქულით, ხოლო ის აპლიკანტი, რომელიც კომისიის A წევრმა შეაფასა 10 ქულით, კომისიის სხვა წევრების მიერ შეფასდა, საშუალოდ – 6 ქულით. აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსანტს თანაბარი GPA ჰქონდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომი, კომისიის A წევრს ერთი კონკურსანტისთვის შეფასებული აქვს 0 ქულით და იგივე დიპლომი 3 კონკურსანტისთვის – 10-10 ქულით.

პირველ კონკურსანტს უარი ეთქვა, ხოლო 3-დან ერთი დაფინანსდა, 2 კონკურსანტი კი მოხვდა დასაფინანსებელთა სარეზერვო სიაში.

კომისიის წევრების მხრიდან გაურკვევლად არის შეფასებები გაკეთებული გამოცდილების კრიტერიუმში. კერძოდ:

19-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ერთ-ერთი სამინისტროს სამმართველოს უფროსი კომისიის B წევრმა შეაფასა 5 ქულით. ეს ნიშნავს, რომ კონკურსანტი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს საშუალო დონეზე, მაშინ, როცა 8 ქულა (აღნიშნული კომისიის წევრ B-ს უმაღლესი შეფასება გამოცდილების კრიტერიუმში) მინიჭებული აქვს 3-წლიანი გამოცდილების მქონე კონკურსანტისთვის, რომელიც დასაქმებული იყო სტაჟიორად. პირველ კონკურსანტს 1,6 ქულა დააკლდა მე-3 ეტაპზე გადასასვლელად.

კომისიის A წევრს 5 ქულით ჰყავს შეფასებული 8-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯერი, რომელსაც აღნიშნულ კრიტერიუმში კომისიის სხვა ექვსმა წევრმა მიანიჭა საშუალო 8,7. ხოლო 10 ქულით ჰყავს შეფასებული 6-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც 1,6 ქულით გადასცდა ბარიერს და გადავიდა მე-3 ეტაპზე.

„ცენტრის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ დავასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გასაუბრების ოქმი არაინფორმაციულია და არ იძლევა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის პერიოდისთვის ცენტრს გასაუბრებასთან დაკავშირებით 4 სასამართლო საქმეზე ჰქონდა დავა. ცენტრში არსებული პრაქტიკა არ იძლევა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ამცირებს პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას“, – წერს აუდიტი.

დასკვნის მიხედვით, ცენტრში არ არის გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები, არ არის დასაბუთებული თუ რას ეფუძნება თითოეულ პროგრამაში მოწვეული კომისიის შემადგენლობა, რა პერიოდულობით უნდა იცვლებოდნენ წევრები კომისიაში და ერთდროულად რამდენი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიაში შეიძლება მონაწილეობდეს კომისიის თითოეული წევრი.

ასევე არ არის განსაზღვრული, რა კვალიფიკაციას უნდა ფლობდეს საკონკურსო კომისიის წევრი და რა პროფესიის წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული კომისია კონკრეტული სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით.

  • უცხო ქვეყანაში სტუდენტის საცხოვრებელი ხარჯების მინიმალური ზღვარის განსაზღვრა

აუდიტი წერს, რომ 2016 წლიდან მოცემული ზღვრული ოდენობა უცვლელია და არ არის გათვალისწინებული მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის ცვლილება.

„მაგალითად, 2014 წელს აშშ-ში საცხოვრებელი თანხა კონკრეტულ ბენეფიციარებზე განისაზღვრა $14,000-ით, ხოლო 2016 წლიდან ზღვრული ოდენობა $12,000-ია.

გარდა ამისა, ზღვრული ნორმების ოდენობა ერთი და იგივეა 10 სხვადასხვა ქვეყნისთვის. ობიექტის განმარტებით, საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის სისტემატიზებული და დოკუმენტირებული“, – წერს სახელმწიფო აუდიტი.

აღნიშნული დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებს იზიარებს განათლების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრს 2021 წლის 8 აგვისტოს გაგზავნილ წერილში სთხოვს, რომ 90 დღის ვადაში წარმოადგინოს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში.

განათლების საერთაშორისო ცენტრიდან „ბათუმელებს“ წერილობით აცნობეს, რომ შენიშვნებზე მუშაობა ცენტრს უკვე დაწყებული აქვს.

რაც შეეხება სტუდენტების საქართველოში დაბრუნების ვალდებულებას, ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამიდან საქართველოში დაბრუნების და 3 წლით დარჩენის ვალდებულება აქვთ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ხოლო ზოგიერთ პარტნიორულ პროგრამაში, მაგალითად, უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებს ეს ვალდებულება არ აქვთ.

„მათი მცირე ნაწილი (5-დან 11%-მდე), ითხოვს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლებას, რასაც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კომისია“, – მოგვწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: