რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში.

„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვერ დაბრუნდნენ უკან ომის გამო, მათ უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ეუთოს თუ გაეროს ფორმატში, ყველგან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.

ყველა დონეზე, ყველა საჭირო ფორმატში, გვქონდა ჩვენ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ“, – ამბობს ღარიბაშვილი. ის ქართულ ოპოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ოპოზიციას უკრაინის ომი ახარებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოხვატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გამოვცადეთ 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ — მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წევრები საქაღთველოდან გაიქცნენ.

ჩვენ გვახსოვს, როგორ მოიქცა მაშინ ჩვენი მთავარსარდალი და როგორ აჩვენა მსოფლიოს მხდალი სახე, ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. მაშინ იომა ჩვენმა გმირულმა ჯარმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და შემდეგ დაბრუნდნენ. და დღეს მტერი გვიკიჟინებს, რომ თურმე ჩავერთოთ ომში და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში.

ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგად აქვთ გააზრებული რისკები, რაც არსებობს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ არ არის.

სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, გავაკეთებთ იმას, რაც არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერებს, მიუხედავად ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

___

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა  არაფრის მომცემი არ არის“. მან ასევე თქვა, რომ „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“.

ამის პარალელურად თბილისში გაიმართა მრავალათასიანი აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისის აქციის ფოტო გამოაქვეყნა ტვიტერის პირად გვერდზე და დაწერა: „არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

25 გარდაცვლილი და კოვიდის 2465 ახალი შემთხვევა – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2465 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4595 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროშია – 417.

ამ დროისთვის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 605 472 , ბოლო 24 საათში – 2 465
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 504 161 , ბოლო 24 საათში – 12 840
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 163 , ბოლო 24 საათში – 25
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 138, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 910, PCR ტესტით – 6 228
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 17,44%, ბოლო 14 დღის – 26,54%, ბოლო 7 დღის – 22,06%
  • სულ აცრილია – 2 816 627, დღიურად აცრილია – 387
  • კარანტინის რეჟიმში – 4
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 595
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 417

 

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს.

სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.

„საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. ბორანს უფასოდ მოემსახურა სალოცმანო კომპანია „ფოთი პაილოტიც“.

სახელმწიფო გადასახდელებთან ერთად გემი გათავისუფლდა სალოცმანო მომსახურების საფასურისგანაც,“- აცხადებს სააგენტო.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

_________________________

მთავარი ფოტო: ფოთის ნავსადგური/„ბათუმელების“ არქივიდან

უკრაინის სოლიდარობის აქციები ბერლინში, რომში, ლისაბონში, ტოკიოსა და სხვა ქალაქებში

დღეს, 27 თებერვალს, მსოფლიოს დიდ ქალაქებში მრავალათასიანი აქციები გაიმართა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად.

ლონდონი, ტრაფალგარის მოედანი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/VICKIE FLORES
რომში ათასობით ადამიანი გამოვიდა სოლიდარობის აქციაზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MASSIMO PERCOSSI
მილანში უკრაინაზე თავდასხმა არმანის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენების წინ გააპროტესტეს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MOURAD BALTI TOUATI
ამსტერდამი, ნიდერლანდელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RAMON VAN FLYMEN
სოლიდარობის აქცია პარიზში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON
ბერლინში 100 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA
ბრიუსელი, ბელგია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MOURAD BALTI TOUATISTEPHANIE LECOCQ
კოპენჰაგენი, დანია. სოლიდარობის აქცია რუსეთის საელჩოს წინ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/THOMAS SJOERUP
შვედეთი, მალმო. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA
ლისაბონი, პორტგალია, აქცია რუსეთის საელჩოსთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MIGUEL A. LOPES
აქცია ნიუ იორკში, აშშ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE
ტოკიო, იაპონია. 26 თებერვალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი 3300 დოლარამდე გაიზრდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი გაიზრდება და  თვეში 100 000 გრივნა იქნება, რაც დაახლოებით 3 352 დოლარია.

„არა იმიტომ, რომ მადლობა მოვისმინოთ, არამედ მათ იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი ძალიან მადლიერია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან არა ფულისთვის, არამედ ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ სახელმწიფომ მათ გადაუხდის შესაბამისად.

ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, განაცხადა ვიდეომიმართვაში.

 

ბათუმელი ექთანი მთავრობას: გვსურს, უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფი 

ავტორი: ლუკა კურტანიძე, ბიოლოგი, ექთანი

მინდა გამოვეხმაურო ომს უკრაინაში და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას.

საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ჩვენი, მედპერსონალის ინიციატივა და დაგვეხმაროთ ჩვენი სურვილის განხორციელებაში.

ჩვენი სურვილია [მე ამ სურვილებში მარტო არ ვარ] ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მედპერსონალის მოხალისეთა ჯგუფი. ეს ჯგუფი საქართველოს მოქალაქეების სახელით დასახმარებლად წავა უკრაინაში. ჩვენ ვეცდებით პირველად დახმარება მაინც აღმოუჩინოთ უკრაინის მოქალაქეებს – დაშავებულებსა თუ დაჭრილებს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მედპერსონალი, გარკვეული ნაწილი მზად ვართ ამ ინიციატივის განსახორციელებლად. ამისთვის გვჭირდება სახელმწიფო დახმარება.

უკრაინელები ყოველთვის იყო ჩვენი მოძმე ერი. ისინი გამუდმებით ჩვენ გვერდით იდგნენ, როცა ჩვენ გვიჭირდა. ამიტომ ვის როგორც, რა პროფესიითაც შეგვეძლება მათი დახმარება, უკან არ უნდა დავიხიოთ.

___

მე-4 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.

ევროკავშირი რუსეთისთვის ცას ხურავს, ვერ იფრენენ ოლიგარქების თვითმფრინავებიც

ევროკავშირი გეგმავს საჰაერო სივრცე შეუზღუდოს თვითმფრინავებს, რომლებიც ეკუთვნის რუსეთს, რეგისტრირებულია რუსეთში ან კონტროლდება რუსეთიდან.

ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას.

მათ შორის, შეზღუდვა ეხება ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც.

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს ტვიტერზე.

_________________

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მეოთხე დღეა უკრაინელები ქვეყნის დასაცავად იბრძვიან.

თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა დღეს, 27 თებერვალს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას ჰკითხეს, რა არის უკრაინის გეგმები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის „სტრატეგიული თავდაცვით ძალებს უბრძანა გადასულიყვნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე“?

კულებას თქმით, ამ შემთხვევაში მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს არ გაგვტეხს“:

„შენიშნავდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ბრძანება გასცა ორი დელეგაციის შეხვედრის მზაობაზე განცხადებიდან ძალიან მალევე.

ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებას, ამ ბრძანებას, როგორც მცდელობას აწიონ ფსონები და გაზარდონ წნეხი, უკრაინულ დელეგაციაზე. მაგრამ ჩვენ არ მოვექცევით ამ წნეხში. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ მივალთ იქ, რომ მოვისმინოთ, რა აქვს რუსეთს სათქმელი და ვეტყვით, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე.

ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ომი და მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ომის სრული შეწყვეტა.

თუ პუტინის ბრძანება – მზადყოფნაში მოიყვანოს თავისი ბირთვული იარაღი – იქნება ამ ბირთვული იარაღის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების პირდაპირი მუქარა, მაშინ მე მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი – ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს“.

უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება იმართება. კითხვაზე, რა იქნება შეთანხმების პირობები, რასაც უკრაინა დასთანხმდება, კულებამ განაცხადა:

„პირველ რიგში, არ მიუდგეთ მოლაპარაკებებს იმ მიდგომით, თუ რაზე დასათანხმებლადაა უკრაინა მზად. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც ომი დაიწყო, რუსეთს არ აინტერესებდა არანაირი საუბარი. მას შემდეგ, რაც მათ განიცადეს დანაკარგები და მიხვდნენ, რომ გეგმები ჩაეშალათ, რუსეთმა დაიწყო საუბარი ულტიმატუმის ენით – ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ უკრაინასთან სასაუბროდ წინასწარი პირობებით, რაც საუბრის დაწყებამდე უნდა შესრულებულიყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის დანაკარგები გაიზარდა, რაც რუსულმა არმიამ ერთმანეთის მიყოლებით განიცადა მარცხი მარცხზე, მოთხოვნები, წინასწარი პირობები, ულტიმატუმები რუსეთის მხრიდან გვერდზე გადაიდო. ახლა მათ გადმოგვცეს გზავნილი, რომ მხოლოდ საუბარი სურთ.

ვფიქრობ, ფაქტი, რომ რუსეთი მზადაა საუბარზე წინასწარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე, უკრაინისადმი ნებისმიერი მოთხოვნების გარეშე, უკრაინისთვის უკვე გამარჯვებაა.

მეორე, ჩვენ როგორც ვთქვი, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ყველანაირ მხარდაჭერას, რაც ახლახან მივიღეთ საფრანგეთიდან თუ სხვა პარტნიორებისგან, მაგრამ ეს ჩვენ ვართ, ვინც იბრძვის, ეს ჩვენი ხალხია, ვინც კვდება, ეს ჩვენი სახლებია, რომლებსაც ანგრევენ.

დღეს ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში ჩართვასთან, როგორც არასდროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს დღეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჩრდილოეთი ფლანგი, მინიმუმამდე დავიყვანოთ იქიდან მომავალი საფრთხე, ამიტომ ჩვენ დავთანხმდით დელეგაციის გაგზავნაზე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შერჩეულ შეხვედრის ადგილზე.

ჩვენ არ წავალთ გომენში, ბელარუსის ქალაქში, რომელიც გამოყენებულია, როგორც რუსეთის სამხედრო ბაზა. ჩვენ შევხვდებით საზღვარზე. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვისმინოთ, რისი თქმა სურს რუსეთს. მივდივართ იქ ყოველგვარი წინასწარი ლაპარაკის, ამ საუბრის შესაძლო შედეგებზე ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. მივდივართ მოსასმენად და მისთვის, რომ ვუთხრათ, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ ომსა და რუსეთის მოქმედებებზე.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დაარწმუნა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ბელარუსის არც ერთი შეიარაღებული ძალა არ იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის მიღწევა და ვიმედოვნებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო სიტყვას შეასრულებს.

ამ მოლაპარაკების დასრულებამდე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის თავდაუზოგავად დაცვას, გავაგრძელებთ რუსულის ძალების დამარცხებას, თუ ისინი ეცდებიან გააგრძელონ თავდასხმითი ოპერაციები, გავაგრძელებთ მათ დამარცხებას ტერიტორიებზე, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშაა, ჩვენ არ შევჩერდებით მანამ, სანამ არ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას მთლიანად.

არაფერია ცუდი საუბარში და თუ ამ საუბრის შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, ეს მისასალმებელია. მაგრამ ჩვენ არ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა ძალიან გასაგებად ვთქვა, ჩვენ არ ჩავბარდებით, ჩვენ არ გამოვაცხადებთ კაპიტულაციას, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არც ერთ გოჯს“.

„ტელეგრამის“ მფლობელი რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა

Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი ამბობს, რომ შესაძლოა დაიწყოს „ტელეგრამზე“ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა. ამის შესახებ დუროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„ტელეგრამის არხები სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის წყარო. ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობა, შევამოწმოთ ყველა არხი მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე.

მოვუწოდებ მომხმარებლებს რუსეთიდან და უკრაინიდან, ეჭვი შეიტანონ ნებისმიერ მონაცემზე, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება Telegram-ში.

ჩვენ არ გვინდა, რომ ტელეგრამი გამოიყენებოდეს კონფლიქტების გამწვავებისა და ეთნიკური სიძულვილის გამწვავების იარაღად.

სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში განვიხილავთ კონფლიქტის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩართულ ქვეყნებში Telegram-ის არხების ფუნქციონირების ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვას“ – დაწერა დუროვმა.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე მან „ტელეგრამზე“ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა გადაიფიქრა, რადგან „ტელეგრამის“ ბევრმა მომხმარებელმა მიმართა თხოვნით, ეს არ გაეკეთებინა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ აღარ განვიხილოთ ასეთი ზომები. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადაამოწმოთ და არ დაიჯეროთ ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება ტელეგრამზე ამ რთულ დროს“ – წერს დუროვი.

დუროვი Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელია. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, მისი ქონება 17,2 მილიარდი დოლარია.

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.

პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ.

„სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ.

თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს არის ბოროტების იმპერიის ბრძოლა ცივილური სამყაროს წინააღმდეგ.

სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურ ქსელებში, კომენტარებში, სხვადასხვა ჯგუფში თუ აქციებზე გამოხატავს უკრაინისადმი სოლიდარობას.   ახალგაზრდების ძალა იზრდება და ჩანს, რომ აქ ქვეყანაში რუსეთს და რუსულ ნარატივს არ აქვს მომავალი.

მჯერა, რომ ამ ომში თავისუფლებისთვის მებრძოლი დაუღალავი, უკრაინელი  ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ბოროტების იმპერია“, – ამბობს არჩილ ბერიძე, ბსუ-ს ეკონომიკის მაგისტრატი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„სოლიდარობა უკრაინას“ – სტუდენტების აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
„სოლიდარობა უკრაინას“ – სტუდენტების აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

სტუდენტები 16 საათზე ევროპის მოედანზე გამართულ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ, სადაც შეკრებილნი იყვნენ ბათუმში მცხოვრები უკრაინელი და ბელარუსის მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აქციას ევროპის მოედანზე შეუერთდნენ ბათუმელი ბაიკერებიც, რომელთაც პერფორმანსი მოაწყვეს აქციაზე და უკრაინის ფერების კვამლი გაუშვეს ჰაერში.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლია მგელაძე, ბაიკერი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბაიკერების სახელით:

„ჩვენ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის, ეს არის ჩვენი ბრძოლაც და თუ დღეს საქართველოში არ შემოსულა რუსული ტანკები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა უპრობლემოდ უთმობს მიწებს ყოველდღიურად და ეს გამარჯვება, რომელიც იქნება უკრაინაში, იქნება ჩვენი გამარჯვებაც.

ეს ბრძოლა უნდა მოიგოს უკრაინამ და მთელმა მსოფლიომ, რუსეთი უნდა დასრულდეს“.

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები მეოთხე დღეა იმართება.

ბათუმი.27.02.22
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ევროპის მოედანი
27.02.22
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგზე წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინული და რუსული მხარე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან ერთმანეთს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსებს წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის ჩასვლის, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მიწაზე დარჩება“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი. ზელენსკი ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვს, დაბლოკონ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები.

“ძვირფასო კოლეგებო და იმედი მაქვს უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს მეგობრებო!

რუსეთმა დაიწყო ცბიერი და სამარცხვინო სამხედრო შეტევა ჩემს ქვეყანაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2022 წელს, ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა საცხოვრებელ დასახლებაზე, საბავშვო ბაღებსა და ჰოსპიტლებზე ევროპის გულში!

შეიარაღებული ძალები და მოქალაქეები ბოლომდე იცავენ ჩვენს ქვეყანას – უკრაინას. მთელი მსოფლიო უწევს წინააღმდეგობას აგრესორს მიზანმიმართული სანქციების გამოყენებით, რათა მტერმა განიცადოს მასშტაბური დანაკარგები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება: 2022 წელს, ტექნოლოგიების გამოყენება ალბათ საუკეთესოდ უპასუხებს ტანკებს, გრადებსა და რაკეტებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს ხელს.

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“.

„სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს… გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას“ – ამბობს „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

ბაზისბანკი ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წევრია.

დღეს, 27 თებერვალს, განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.

„უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.  დღეიდან, სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს ბაზისბანკი. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს ვითიბი ბანკის ფილიალებში ბაზისბანკი მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.


რუსულ ბანკებს შორის, რომელთაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ს შვილობილი კომპანია „VTB ბანკი საქართველოც“ არის. რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 24 თებერვალს განაცხადა, რასაც წინ უძღოდა მოსკოვის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

მთავარი ფოტო: „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

უკრაინის დროშები ბათუმის კედლებზე სოლიდარობის ნიშნად – Art Up Gallery-ის ინსტალაცია

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად -ის ორგანიზებით ბათუმში, ორ კედელზე უკრაინის დროშები დახატეს.

ორივე დროშა აბაშიძის ქუჩაზეა – ერთი კინოთეატრ „აპოლოსთან“ ახლოს, მეორე კი ბათუმის თოჯინების თეატრის წინ, აფიშებისთვის განკუთვნილი კედლის გასწვრივ.

„ეს დროშები და ინსტალაცია ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სოლიდარობის ნიშნად შევქმენით. ამასთან, ბოლო დღეებში რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა საქართველო,  გვინდოდა ხმა მიგვეწვდინა უკრაინელებისთვის, რომ ღარიბაშვილი ჩვენი ხმა არ არის,” – ამბობს პროექტის ავტორი ლევან გელიაშვილი.

ბათუმი
უკრაინის დროშა ბათუმში street art-ისთვის განკუთვნილ კედელზე

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აფიშებისთვის განკუთვნილი კედლის გასწვრივ, ასევე განთავსდა არტისტ BIIMO-ს ინსტალაცია.

BIIMO-ს ინსტალაცია ბათუმში

თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

კვირას, 27 თებერვალს თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა.

„როიტერსის“ ცნობით, ეს NATO-ს წევრ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გააქტიუროს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს რუსული ფლოტის გადაადგილებას შავ ზღვაზე.

1936 წლის მონტროს კონვენციით, თურქეთს აქვს კონტროლი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებს აკავშირებს და შეუძლია სამხედრო გემების გადაადგილება შეზღუდოს ომიანობის ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

დასავლური ვალდებულებებისა და მოსკოვთან ახლო კავშირების დაბალანსების მცდელობით, ანკარა ამბობდა რომ რუსეთის შეტევა მიუღებელი იყო თუმცა დღევანდელ დღემდე თურქეთს არ გამოუყენებია სიტყვა „ომი“.

„უკრაინის ომის მეოთხე დღეს, ჩვენ ვიმეორებთ პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდებას სასწრაფოდ შეწყდეს რუსული თავდასხმა და დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები“, – დაწერა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ტვიტერზე.

Fahrettin Altun, Turkey’s communications director, said “we are witnessing yet another war in our region”, and repeated Erdogan’s offer to mediate

ფაჰთერინ ალტუნმა, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორმა თქვა: ჩვენ ვართ კიდევ ერთი ომის მომსწრე ჩვენს რეგიონში”. მან, ასევე, გაიმეორა ერდოღანის შეთავაზება მოლაპარაკებაზე.

25 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში და უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

 

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისათვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას“ – აღნიშნულია სების განცხადებაში.

ორი დღით ადრე, 25 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა დამატებით განმარტა, რომ ის „მოქმედებს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე”, როგორც ვითიბი ბანკის ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ  დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

„ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“ – აცხადებს სებ-ი.

რუსულ ბანკებს შორის, რომელთაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ს შვილობილი კომპანია „VTB ბანკი საქართველოც“ არის. რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 24 თებერვალს განაცხადა, რასაც წინ უძღოდა მოსკოვის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

25 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება „ვითიბი ბანკთან“ დაკავშირებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები აამოქმედა. ეროვნული ბანკის ცნობით, „პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა“:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

ამის ფონზე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ისე წარმოაჩენინა ამბავი, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურა: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით და საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად“.

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

ამავე თემაზე:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშვა“:

გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს

გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს. ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს ინფორმაციას.

გერმანია მე-13 ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსულ ავიაკომპანიებისთვის დაკეტა საჰაერო სივრცე.

დღეს, 27 თებერვალს, ასევე, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით.

_______________

ფოტო: „დოიჩე ველე“

ამავე თემაზე: 

რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები

რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები

ავსტრიის, დანიისა და ბელგიის მთავრობები აცხადებენ, რომ კეტავენ საჰაერო სივრცეს რუსული ავიაკომპანიებისთვის. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

დღეს, 27 თებერვალს, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს ფინეთი და ირლანდია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯამში 12 ქვეყანა უკეტავს რუსულ ავიაკომპანიებს ცას. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ავსტრია, დანია და ბელგია.

_________________

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მეოთხე დღეა უკრაინელები ქვეყნის დასაცავად იბრძვიან.

უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად

შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც ქვეყნდება ინფორმაცია უკრაინაში დატყვევებული და მოკლული რუსი ჯარისკაცების შესახებ. საიტის აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი შექმნილია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

ищи своих – ასე ეწოდება ვებგვერდს, რომელზეც ქვეყნდება ფოტო და ვიდეომასალა, ასევე, რუსი დაღუპული ჯარისკაცების დოკუმენტები, რაც შემთხვევის ადგილას იქნა ნაპოვნი.

„თუ თქვენი ნათესავები ან მეგობრები არიან უკრაინაში და მონაწილეობენ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომში – აქ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მათი ბედის შესახებ. სამწუხაროდ, ძნელია ბევრი დაღუპულის იდენტიფიცირება. ჩვენ შეგნებულად ვაქვეყნებთ ამ ფოტოებსა და ვიდეოებს, მათ ამოსაცნობად“.

გუშინ, 26 თებერვალს, უკრაინამ სპეციალური ცხელი ხაზი აამუშავა, სადაც რუსი ჯარისკაცების ოჯახებს შეუძლიათ გაარკვიონ მათი ოჯახის წევრის მდგომარეობა, მაგალითად, არიან თუ არა ისინი ტყვედ ჩავარდნილი.

BBC ადგილობრივ Kyiv Independent-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ცხელ ხაზზე „ზარები არ წყდება“.

თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 2-7 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი; ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში, მომდევნო ორ დღეს, 1 და 2 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარის რეგიონული ჰაბი – შეხვედრა ქედაში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე სასაუბროდ

ქედის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებზე ხელმისაწვდომობა, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. ელემენტარული სერვისების განვითარების გარეშე მუნიციპალიტეტებში შეუძლებელია დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სოციუმის ფორმირება.

ასეთ სერვისებად შეიძლება ჩაითვალოს საგრანტო პროგრამები სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა ძალადობის, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური შეზღუდვების შემთხვევაში ძალადობის შესახებ ცოდნა, ამგვარი პრაქტიკის თავიდან აცილების მიზნით, ახალგაზრდების განმავითარებელი ღონისძიებების გატარება და სხვა.

24 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, აჭარის ჰაბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქედის მერიის ხელმძღვანელი პირები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რა გზებითაა შესაძლებელი მუნიციპალიტეტში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ვის რა ინიციატივა აქვს, იდეები რომ რეალობად იქცეს. შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციებმა თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს, ყურადღება დაეთმო ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საგრანტო პროგრამას ადგილობრივი პროექტებისთვის.

  • 100 000 ლარი ქედაში განსახორციელებელი პროექტებისთვის, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება

ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს თანადაფინანსების პროგრამა გააცნო. პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარია და ქედის მერიაში პროექტის წარდგენისა და დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობა ყველას აქვს.

ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ჯემალ ტაკიძე

ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, ქედის მერია ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეის განხორციელების სურვილი აქვს. უბრალოდ არის ერთი დათქმა – აუცილებელია პროექტი განხორციელდეს ქედაში და გრანტის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.

დაფინანსებას გამოკვეთილი პრიორიტეტი არ აქვს და საზოგადოების განმავითარებელ ყველა მიმართულებას თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

  • შშმ პირებისთვის განკუთვნილი სერვისები და ქალებზე ძალადობა

შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვლადიმერ თებიძე, რომლის ორგანიზაციაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირების საკითხებზე მუშაობს და მათი პროექტებიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.

ვლადიმერ თებიძის თქმით, პანდემიის გამო გარკვეული ფინანსური რესურსი ვერ აითვისეს და ახლა ქედის მერიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გეგმავენ სასურველი შედეგის მისაღწევად. ქედის მუნიციპლიტეტის მერმა, როლანდ თებიძემ, ამ ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეკონომიისა თუ სხვა რესურსის ხარჯზე შეიტანენ წვლილს შშმ პირთათვის განკუთვნილი პროექტების განხორციელებაში.

შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინა დუმბაძემ – ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე:

„ჩვენი საქმიანობა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  ადვოკატირებას, ოჯახების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მოწყვლადები ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები არიან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც 18 წელს გადაცილებული ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალთა რეპროდუქციული უნარების განვითარებას ეხება. ვმუშაობთ ამ ჯგუფისთვის საჭირო ბროშურებისა და სახელმძღვანელოების შექმნაზე“ – ამბობს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი დარინა დუმბაძე

დარინა დუმბაძემ ხაზი გაუსვა იმ რეალობას, რომ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები თან ისე, რომ არ იციან

მათზე თუ იძალადეს. ეს ჯგუფი ხშირად ვერ იცავს თავს მოძალადისგან და ქვეყანაში მათზე მორგებული სერვისებიც ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

  • ქედაში სულ 1000 შშმ პირია, მათ შორის 245 ბავშვი

მარიკა ფუტკარაძე ახალგაზრდების განვითარების ქსელის წარმომადგენელია, მისი ორგანიზაცია ქალთა უფლებებზე მუშაობს 2021 წლიდან  და პროექტებში ჩართული მიყვნენ გოგოები ქედიდან. მარიკა ამბობს, რომ დაფინანსების ამგვარი შესაძლებლობა, რაც ახლა ქედაშია ხელმისაწვდომი მისი ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებლის, დეა ერემაშვილის თქმით, ქედაში სულ 1000 შშმ პირია. აქედან 245 ბავშვი. „ამ ადამიანებს გარეთ გამოსვლა სურთ, მზად არიან აქტიურობისთვის და კარგი იქნება, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში ერთად ვიზრუნოთ მათ  განვითარებაზე. მათ არ აქვთ ინფორმაცია უფასო განათლებისა თუ კოლეჯების შესახებ. ჩვენ მუნიციპალიტეტს აუცილებლად დავეხმარებით ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

  • ჯიშების ბანკი ქედაში

აგრარული საქმიანობის გამოცდილება აქვს ვიტალი კილასონიას. ის ორგანიზაცია „ეკოვიტას” წარმოადგენს. მას აქვს იდეა – შექმნას ჯიშების ბანკი ქედაში, რაც გულისხმობს იმას, რომ გაკეთდეს კონკრეტული ჯიშის მოდელირება და გავრცელდეს მოსახლეობაში.„მცენარეების თესლი ძვირი ღირს, სათესლე ბანკის სისტემის შექმნა კარგი გამოსავალი იქნება.

ადგილობრივ ნაწარმს მეტი ფასი დაედება და ხარისხიც გაჯანსაღდება“ – ამბობს ვიტალი კილასონია.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

ახალგაზრდების განვითარების ქსელის წარმომადგენელი მარიკა ფუტკარაძე და ორგანიზაცია „ეკოვიტას”წარმომადგენელი ვიტალი კილასონია.

შეხვედრების მიზანია მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირება პროექტის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის მოწყობა და პროექტის შესაძლებლობების გაცნობა.

ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქედის მერიის ხელმძღვანელ პირებს შორის
შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. პროექტი ევროკავშირისა და კონდრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.

„კონფლიქტი უკრაინაში ეს მხოლოდ დასაწყისია. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. ზელენსკი ვერ დაიმალება, ვერც ამერიკულ და ვერც ერთ სხვა ბუნკერში“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან აღნიშნა, რომ დაფიქსირდა უკრაინიდან ბელარუსში იარაღის შეტანის შემთხვევები და უკრაინაში ამზადებდნენ ჯგუფებს ბელარუსში „პროვოკაციის მოსაწყობად“.

ლუკაშენკომ აღიარა, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით იყო „2-3 სარაკეტო დარტყმა“, ოღონდ მხოლოდ „კონფლიქტის დასაწყისში“.

იგი ირწმუნება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი ბელარუსი ჯარისკაცი არ იმყოფება და ამის შესახებ, მისივე თქმით, გუშინ უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს.

ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა ზელენსკის დღევანდელ მიმართვას ბელარუსი ხალხისადმი და განაცხადა, რომ ზელენსკიმ უკრაინელ და არა ბელარუს ხალხს უნდა მიმართოს.

დღეს, 27 თებერვალს, ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია ბელარუსის პრეზიდენტია.

______________________

ლუკაშენკო. ფოტო: tass.ru

ამავე თემაზე:

„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში

იმოქმედეთ, უარყავით დიქტატორი – ფრანგი მწერლის მიმართვა რუს მწერლებსა და მკითხველებს

ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი რუს მწერლებსა და მკითხველებს მიმართავს, დაარღვიონ დუმილი. მწერალი ასე ეხმიანება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

„სამი დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხები. და ვლადიმერ პუტინი კი არამარტო ძუკნაა, ის უფრო შეშინებულია, სასაცილოა და მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი.

მე მრცხვენია ჩემი მთავრობის, ჩემი მხდლების ქვეყნის, რომელიც არ მოდის სასწრაფოდ, თქვენს დასახმარებლად. მე მართლა მრცხვენია და ვფიქრობ, დასავლეთის მთავრობები უნდა დაგეხმარონ, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად. ვისურვებდი, ახლავე შეგვეძლოს წამოსვლა.

მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს უკრაინელ მეგობარს, რომ მიყვარხართ, თქვენ ხართ მამაცი ხალხი და თქვენ იმსახურებთ იყოთ სრულიად თავისუფლები, იმიტომ რომ თქვენ ხართ ევროპელები, ევროპის ნაწილი, ნატოს ნაწილი – მე რომ შემეძლოს ამ გადაწყვეტილების მიღება, თქვენ იქნებოდით ჩვენი ნაწილი, თქვენი ჩვენი ძმები ხართ.

მივმართავ ჩემს რუს მკითხველებსა და რუს მეგობრებს: გთხოვთ, იმოქმედეთ, თქვით რას ფიქრობთ, რას გრძნობთ, უარყავით ეს სულელი დიქტატორი, შეაჩერეთ ეს! თქვენ არ შეგიძლიათ დუმილი, თქვენ არ გაქვთ დუმილის უფლება! რუსო მკითხველებო, თუ მოგწონთ ჩემი ნამუშევარი, გთხოვთ პატივი ეცით თავისუფლებას, შეაჩერეთ ეს სულელური უაზრო ომი!“ ამბობს ბეგდებერი.

_____________

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მეოთხე დღეა უკრაინელები ქვეყნის დასაცავად იბრძვიან.

უყურე მთავარ მოვლენებს УКРАЇНА 24 არხით SilkTV-ზე

უკრაინული საინფორმაციო – ანალიტიკური არხი «УКРАЇНА 24» უკვე SilkTV-შია. 

დღეიდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ მიმდინარე მოვლენებს, ნახოთ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებები განახლებული ამბებით, მოუსმინოთ არხის ანალიტიკოსებს 24 საათიან რეჟიმში. 

არხი УКРАЇНА 24 უფასოდ ხელმისაწვდომია SilkTV-ის ყველა პაკეტის მომხმარებლისთვის. ასევე უფასოდ დაემატა აპლიკაციაში SilkGo პაკეტს “Premium Georgia”. 

მოძებნეთ არხი УКРАЇНА 24 თქვენს პაკეტში ნომრით 300 და გაეცანით მნიშვნელოვან ამბებს უკრაინიდან!

თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად – ზელენსკის მიმართვა ბელარუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი რუსულ ენაზე მიმართავს ბელარუს ხალხს.

დღეს 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა ბელარუსი ხალხის მთავარი არჩევანია.

„წინა ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ოკუპანტები იბრძვიან ყველას წინააღმდეგ.

უკრაინის ქალაქები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, როგორიც იყო ჩვენს და თქვენს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ამ ომში თქვენ ჩვენს მხარეს არ ხართ, სამწუხაროდ.

თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინისკენ რაკეტებს უშვებენ, თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს შვილებს, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენდა ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი მამების მიერ.

ახლა თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, როგორ ჩახედავთ თვალებში თქვენს შვილებს, ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს. და ჩვენ, უკრაინელები, ვართ თქვენი მეზობლები“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ წუხანდელი ღამე კიევში სასტიკი იყო და რუსი ოკუპანტები ცდილობენ ყველაფრის განადგურებას.

„კიევს თავს დაესხნენ დილის 4 საათზე. ვიღაცას ასეთი იუმორის გრძნობა აქვს. ისე, როგორც 1941 წელს. თქვენ გეძინათ ძმებო, ბელარუსებო. ჩვენ გავიღვიძეთ. მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის“. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმება კიევი მოლაპარაკების გამართვას მინსკში.

„თქვენი ტერიტორიიდან რომ არ ყოფილიყო აგრესიული ქმედება, ჩვენ შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა, თქვენს ქალაქში. როცა ნეიტრალური იყავით, ჩვენ ვლაპარაკობდით მინსკში, ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ.

ამიტომ არ ვლაპარაკობთ მინსკში.

ჩვენ არ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ომის დამთავრება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ეს ყველაფერი ჩვენ შევთავაზეთ, რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობს იმ ქვეყნებში, საიდანაც უკრაინისკენ რაკეტები არ მოფრინავენ“ – განაცხადა ზელენსკიმ.

_____________

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მეოთხე დღეა უკრაინელები ქვეყნის დასაცავად იბრძვიან.

დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა – Silknet

სილქნეტის განცხადებით, დღეიდან უკრაინაში დარეკვა  მისი აბონენტებისთვის უფასოა.

უკრაინაში უფასოდ დარკვა, შეიძლება როგორც სილქნეტი მობილური, ასევე ფიქსირებული ქსელიდან. დარეკვისას მომხარებელმა უნდა აკრიფოს:

  • მობილურიდან +380 ან 00 380
  • ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 00 380

4 835 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, კახეთი – 442, მცხეთა-მთიანეთი – 82, სამცხე-ჯავახეთი – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 27 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 603 007 , ბოლო 24 საათში – 4 835
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 491 321 , ბოლო 24 საათში – 13 840
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 138 , ბოლო 24 საათში – 41
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 26 252, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 913, PCR ტესტით – 13 339
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 18,42%, ბოლო 14 დღის – 26,68%, ბოლო 7 დღის – 22,64%
  • სულ აცრილია – 2 816 079, დღიურად აცრილია – 1 245
  • კარანტინის რეჟიმში – 4
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 640
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 449

 

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი.

უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია.

მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”.


გუშინ, 25 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლებში მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. მან თქვა, “გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

___

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.

Twitter აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთში ხარვეზების აღმოფხვრაზე

26 თებერვალს სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში Twitter-ზე  ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია დაბლოკილია.

Twitter-მა შაბათს განაცხადა, რომ მას შეზღუდული რესურსები აქვს რუსეთის შიგნით და მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე.

„ჩვენ ვიცით, რომ Twitter შეზღუდულია ზოგიერთი ადამიანისთვის რუსეთში და ვმუშაობთ ჩვენი სერვისის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზე“, – დაწერა კომპანიამ მხარდაჭერის ანგარიშზე.

CNN-ის ინფორმაციით, Twitter-ს მაშინვე არ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, უკავშირდება თუ არა ეს პრობლემა რუსეთის მთავრობას ან აპირებს თუ არა რაიმე ქმედებას რუსეთთან მიმართებით.

54 ათასი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთსა და მოლდოვაშია – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვა დღევანდელი განცხადების მიხედვით,  რომელიც მან ტელეგრამით გაავრცელა, დაახლოებით 25 ათასმა უკრაინელმა  ლტოლვილმა შეაფარა თავი მოლდოვას, 29 ათასი კი პოლონეთში გადავიდა.

გაეროს ცნობით ჯამში 100 ათასამდე უკრაინელმა დატოვა ქვეყანა.

ომბუდსმენის ცნობით, უკრაინელ ლტოლვილებს იღებს სლოვაკეთი, რუმინეთი და უნგრეთი. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ უკრაინის დასავლეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ათობით ათასი უკრაინელია.

უკრაინის ომბუდსმენმა მოლდოვას, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის კოლეგა ომბუდსმენებს მოუწოდა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ. მან მადლობა გადაუხადა ამ ქვეყნის მმართველებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

დღეს, 26 თებერვალს, მესამე დღეა რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაბომბა არაერთი ქალაქი, მათ შორის კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და სხვა ქალაქები. არის მსხვერპლი. დაღუპულები არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. რუსეთის საჰაერო, ქვეითი და შეიარაღებული ძალები უტევენ, როგორც სტრატეგიულ ობიექტებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას.

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას კრიზისის შემთხვევაში – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არიან, ზეწოლისა და დესტაბილიზაციის შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ამის შესახებ მაკრონი ტვიტერზე წერს.

„საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. დღეს დილით ამ ქვეყნის პრეზიდენტებს მე დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა მხარდაჭერის შესახებ ზეწოლისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ კრიზისის დროს“ – წერს მაკრონი.

დღეს, 26 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ მაკრონმა ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში პარიზში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში შედგება.

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება

ბათუმში, ევროპის მოედანაზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად არიან ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები, ასევე სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე –  26/02/2022

უკრაინის მხარდამჭერი აქციები ბათუმში მესამე დღეა იმართება. დღეს, 26 თებერვალს, აქციაზე გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობენ, აფთიაქებმა კი მათ მედიკამენტების 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.

„ჩვენ ამ მედიკამენტებს გავუგზავნით უკრაინელ ჯარისკაცებს“ – აღნიშნეს აქციის მონაწილე უკრაინელებმა.

უკრაინის მოქალაქეების ინფორმაციით უახლოეს მომავალში სოციალური ქსელით გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მისამართზე შეიძლება მიაწოდონ ნივთები, რომლის გაგზავნაც უნდათ უკრაინაში, მოქალაქეების დასახმარებლად, ასევე შეიქმნება ანგარიში ფინანსური დახმარების მსურველთათვის.

უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში- 26/02/2022

დღესვე აქციაზე შეკრებილებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია საქართველოს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით და თქვეს, რომ ისინი პრემიერის განცხადებას არ ეთანხმებიან.

გუშინ, 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მესამე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

 

 

 

ანგელა მერკელი სუპერმარკეტში გაძარცვეს – გერმანული მედია

გერმანული მედიის ცნობით, 25 თებერვალს, ბერლინში, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი გაძარცვეს.

მედიის ცნობით, მერკელს, რომელიც სუპერმარკეტში იმყოფებოდა, საფულე მოჰპარეს, რომელშიც მისი პირადობის და მართვის მოწმობები, თანხა და ბარათები იყო.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, პოლიცია ადასტურებს „67 წლის ქალის“ გაძარცვას, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. გამოცემა Bild-ის ცნობით, საფულე იყო ჩანთაში, რომელიც სუპერმარკეტის კალათაზე იყო ჩამოკიდებული.

მერკელის ოფისი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ მერკელი ცნობილია იმით, რომ მაშინაც კი, როცა კანცლერი იყო, ყოველთვის თავად დადიოდა საყიდლებზე.

მერკელი 16 წლის წლის განმავლობაში იყო გერმანიის კანცლერის პოსტზე.

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით და საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

გუშინ, 25 თებერვალს პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს საქართველო არ დაუწესებს და ის ვერც კიევში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას  ემიჯნებიან.

განცხადებაში ნათქვამია:

„რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, უკრაინაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების ფონზე, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს.

ასევე, მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. ხელმომწერი ორგანიზაციები ცალსახად ვემიჯნებით და ვგმობთ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, რადგან იგი არ გამოხატავს ქართველი ერის სულისკვეთებას, არ ემსახურება მის ინტერესებს და არ მართლდება ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადება გავრცელდა 25 თებერვალს, როცა საქართველო ტკივილით იხსენებს, 101 წლის წინ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის შემოჭრასა და პირველი რესპუბლიკის დაცემას, რასაც შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ტერორის 70 წელი, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სასტიკი რეპრესიები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტის განადგურება მოჰყვა.

საქართველოს მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის, უკრაინისთვის ამ რთულ დროს დასავლური ერთობისგან გამიჯვნა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი დარტყმა და ისტორიულად შეფასდება როგორც უღირსი საქციელი. ამასთან, აღქმული იქნება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის ღალატად, რომელიც ახლა უთანასწორო ბრძოლაშია მტრის წინააღმდეგ.

პრემიერის განცხადება არ გამოხატავს საქართველოს საზოგადოების აზრს, რომელმაც 24 თებერვალს გამართული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქციისას ნათლად გამოხატა ისტორიის რომელ მხარეს სურს ყოფნა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით;
  • საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად;

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch); პრევენცია პროგრესისთვის; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

___________________________________

ფოტოზე: სოლიდარობა უკრაინას – აქცია თბილისში. 25 თებერვალი, 2022 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მილიონი ლარი გამოიყოფა – საქართველოს მთავრობა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა – ინფორმაციას საქართველის მთავრობა ავრცელებს, შესაბამისი განკარგულება უკვე მზადაა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.
გუშინ, 25 თებერვალს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გააპროტესტეს, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.
ფოტოზე: კიევი, 25 თებერვალი. ფოტო: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ექვსმა ქვეყანამ დაუკეტა

ლატვიამ და ესტონეთმა დღეს, 26 თებერვალს განაცხადეს, რომ საჰაერო სივრცეს კეტავენ რუსული ავიაკომპანიებისთვის.

„ბიბისის“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სულ ექვსმა ქვეყანამ დაუკეტა რუსულ ავიაკომპანიებს ცა. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლატვია და ესტონეთი.

მე-3 დღეა რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

Exit mobile version