მთავარი,სიახლეები

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

27.02.2022
VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“.

„სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს… გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას“ – ამბობს „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

ბაზისბანკი ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წევრია.

დღეს, 27 თებერვალს, განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.

„უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ფინანსური სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ მანდატის ფარგლებში, საფინანსო სექტორის მეანაბრეთა ინტერესების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.  დღეიდან, სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მსესხებლებს და დეპოზიტარებს მოემსახურება სს ბაზისბანკი. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და ორშაბათიდან ეტაპობრივად ვითიბი ბანკ ჯორჯიას ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს ვითიბი ბანკის ფილიალებში ბაზისბანკი მოემსახურება. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და ამ პირობებში ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას, იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.


რუსულ ბანკებს შორის, რომელთაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ს შვილობილი კომპანია „VTB ბანკი საქართველოც“ არის. რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 24 თებერვალს განაცხადა, რასაც წინ უძღოდა მოსკოვის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

მთავარი ფოტო: „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: