მთავარი,სიახლეები

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

26.02.2022
დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით და საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

გუშინ, 25 თებერვალს პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს საქართველო არ დაუწესებს და ის ვერც კიევში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას  ემიჯნებიან.

განცხადებაში ნათქვამია:

„რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, უკრაინაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების ფონზე, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს.

ასევე, მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. ხელმომწერი ორგანიზაციები ცალსახად ვემიჯნებით და ვგმობთ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, რადგან იგი არ გამოხატავს ქართველი ერის სულისკვეთებას, არ ემსახურება მის ინტერესებს და არ მართლდება ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადება გავრცელდა 25 თებერვალს, როცა საქართველო ტკივილით იხსენებს, 101 წლის წინ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის შემოჭრასა და პირველი რესპუბლიკის დაცემას, რასაც შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ტერორის 70 წელი, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სასტიკი რეპრესიები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტის განადგურება მოჰყვა.

საქართველოს მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის, უკრაინისთვის ამ რთულ დროს დასავლური ერთობისგან გამიჯვნა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი დარტყმა და ისტორიულად შეფასდება როგორც უღირსი საქციელი. ამასთან, აღქმული იქნება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის ღალატად, რომელიც ახლა უთანასწორო ბრძოლაშია მტრის წინააღმდეგ.

პრემიერის განცხადება არ გამოხატავს საქართველოს საზოგადოების აზრს, რომელმაც 24 თებერვალს გამართული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქციისას ნათლად გამოხატა ისტორიის რომელ მხარეს სურს ყოფნა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით;
  • საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად;

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch); პრევენცია პროგრესისთვის; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

___________________________________

ფოტოზე: სოლიდარობა უკრაინას – აქცია თბილისში. 25 თებერვალი, 2022 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: