მთავარი,სიახლეები

„ტელეგრამის“ მფლობელი რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა

27.02.2022 • 2390
„ტელეგრამის“ მფლობელი რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა

Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი ამბობს, რომ შესაძლოა დაიწყოს „ტელეგრამზე“ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა. ამის შესახებ დუროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„ტელეგრამის არხები სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის წყარო. ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობა, შევამოწმოთ ყველა არხი მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე.

მოვუწოდებ მომხმარებლებს რუსეთიდან და უკრაინიდან, ეჭვი შეიტანონ ნებისმიერ მონაცემზე, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება Telegram-ში.

ჩვენ არ გვინდა, რომ ტელეგრამი გამოიყენებოდეს კონფლიქტების გამწვავებისა და ეთნიკური სიძულვილის გამწვავების იარაღად.

სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში განვიხილავთ კონფლიქტის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩართულ ქვეყნებში Telegram-ის არხების ფუნქციონირების ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვას“ – დაწერა დუროვმა.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე მან „ტელეგრამზე“ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა გადაიფიქრა, რადგან „ტელეგრამის“ ბევრმა მომხმარებელმა მიმართა თხოვნით, ეს არ გაეკეთებინა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ აღარ განვიხილოთ ასეთი ზომები. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადაამოწმოთ და არ დაიჯეროთ ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება ტელეგრამზე ამ რთულ დროს“ – წერს დუროვი.

დუროვი Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელია. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, მისი ქონება 17,2 მილიარდი დოლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: