მთავარი,სიახლეები

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა

27.02.2022 • 1359
„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.

პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ.

„სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ.

თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს არის ბოროტების იმპერიის ბრძოლა ცივილური სამყაროს წინააღმდეგ.

სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურ ქსელებში, კომენტარებში, სხვადასხვა ჯგუფში თუ აქციებზე გამოხატავს უკრაინისადმი სოლიდარობას.   ახალგაზრდების ძალა იზრდება და ჩანს, რომ აქ ქვეყანაში რუსეთს და რუსულ ნარატივს არ აქვს მომავალი.

მჯერა, რომ ამ ომში თავისუფლებისთვის მებრძოლი დაუღალავი, უკრაინელი  ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ბოროტების იმპერია“, – ამბობს არჩილ ბერიძე, ბსუ-ს ეკონომიკის მაგისტრატი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„სოლიდარობა უკრაინას“ – სტუდენტების აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

„სოლიდარობა უკრაინას“ – სტუდენტების აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

სტუდენტები 16 საათზე ევროპის მოედანზე გამართულ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ, სადაც შეკრებილნი იყვნენ ბათუმში მცხოვრები უკრაინელი და ბელარუსის მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აქციას ევროპის მოედანზე შეუერთდნენ ბათუმელი ბაიკერებიც, რომელთაც პერფორმანსი მოაწყვეს აქციაზე და უკრაინის ფერების კვამლი გაუშვეს ჰაერში.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლია მგელაძე, ბაიკერი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბაიკერების სახელით:

„ჩვენ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის, ეს არის ჩვენი ბრძოლაც და თუ დღეს საქართველოში არ შემოსულა რუსული ტანკები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა უპრობლემოდ უთმობს მიწებს ყოველდღიურად და ეს გამარჯვება, რომელიც იქნება უკრაინაში, იქნება ჩვენი გამარჯვებაც.

ეს ბრძოლა უნდა მოიგოს უკრაინამ და მთელმა მსოფლიომ, რუსეთი უნდა დასრულდეს“.

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები მეოთხე დღეა იმართება.

ბათუმი.27.02.22
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ევროპის მოედანი
27.02.22
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: