სიახლეები

აჭარის რეგიონული ჰაბი – შეხვედრა ქედაში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე სასაუბროდ

27.02.2022 • 992
აჭარის რეგიონული ჰაბი – შეხვედრა ქედაში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე სასაუბროდ

ქედის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებზე ხელმისაწვდომობა, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. ელემენტარული სერვისების განვითარების გარეშე მუნიციპალიტეტებში შეუძლებელია დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სოციუმის ფორმირება.

ასეთ სერვისებად შეიძლება ჩაითვალოს საგრანტო პროგრამები სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა ძალადობის, განსაკუთრებით კი ინტელექტუალური შეზღუდვების შემთხვევაში ძალადობის შესახებ ცოდნა, ამგვარი პრაქტიკის თავიდან აცილების მიზნით, ახალგაზრდების განმავითარებელი ღონისძიებების გატარება და სხვა.

24 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, აჭარის ჰაბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქედის მერიის ხელმძღვანელი პირები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რა გზებითაა შესაძლებელი მუნიციპალიტეტში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ვის რა ინიციატივა აქვს, იდეები რომ რეალობად იქცეს. შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციებმა თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს, ყურადღება დაეთმო ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საგრანტო პროგრამას ადგილობრივი პროექტებისთვის.

  • 100 000 ლარი ქედაში განსახორციელებელი პროექტებისთვის, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება

ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს თანადაფინანსების პროგრამა გააცნო. პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარია და ქედის მერიაში პროექტის წარდგენისა და დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობა ყველას აქვს.

ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ჯემალ ტაკიძე

ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, ქედის მერია ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეის განხორციელების სურვილი აქვს. უბრალოდ არის ერთი დათქმა – აუცილებელია პროექტი განხორციელდეს ქედაში და გრანტის თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.

დაფინანსებას გამოკვეთილი პრიორიტეტი არ აქვს და საზოგადოების განმავითარებელ ყველა მიმართულებას თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

  • შშმ პირებისთვის განკუთვნილი სერვისები და ქალებზე ძალადობა

შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვლადიმერ თებიძე, რომლის ორგანიზაციაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირების საკითხებზე მუშაობს და მათი პროექტებიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.

ვლადიმერ თებიძის თქმით, პანდემიის გამო გარკვეული ფინანსური რესურსი ვერ აითვისეს და ახლა ქედის მერიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გეგმავენ სასურველი შედეგის მისაღწევად. ქედის მუნიციპლიტეტის მერმა, როლანდ თებიძემ, ამ ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეკონომიისა თუ სხვა რესურსის ხარჯზე შეიტანენ წვლილს შშმ პირთათვის განკუთვნილი პროექტების განხორციელებაში.

შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინა დუმბაძემ – ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე:

„ჩვენი საქმიანობა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  ადვოკატირებას, ოჯახების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მოწყვლადები ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები არიან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც 18 წელს გადაცილებული ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალთა რეპროდუქციული უნარების განვითარებას ეხება. ვმუშაობთ ამ ჯგუფისთვის საჭირო ბროშურებისა და სახელმძღვანელოების შექმნაზე“ – ამბობს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი დარინა დუმბაძე

დარინა დუმბაძემ ხაზი გაუსვა იმ რეალობას, რომ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები თან ისე, რომ არ იციან

მათზე თუ იძალადეს. ეს ჯგუფი ხშირად ვერ იცავს თავს მოძალადისგან და ქვეყანაში მათზე მორგებული სერვისებიც ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

  • ქედაში სულ 1000 შშმ პირია, მათ შორის 245 ბავშვი

მარიკა ფუტკარაძე ახალგაზრდების განვითარების ქსელის წარმომადგენელია, მისი ორგანიზაცია ქალთა უფლებებზე მუშაობს 2021 წლიდან  და პროექტებში ჩართული მიყვნენ გოგოები ქედიდან. მარიკა ამბობს, რომ დაფინანსების ამგვარი შესაძლებლობა, რაც ახლა ქედაშია ხელმისაწვდომი მისი ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებლის, დეა ერემაშვილის თქმით, ქედაში სულ 1000 შშმ პირია. აქედან 245 ბავშვი. „ამ ადამიანებს გარეთ გამოსვლა სურთ, მზად არიან აქტიურობისთვის და კარგი იქნება, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში ერთად ვიზრუნოთ მათ  განვითარებაზე. მათ არ აქვთ ინფორმაცია უფასო განათლებისა თუ კოლეჯების შესახებ. ჩვენ მუნიციპალიტეტს აუცილებლად დავეხმარებით ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში,“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

  • ჯიშების ბანკი ქედაში

აგრარული საქმიანობის გამოცდილება აქვს ვიტალი კილასონიას. ის ორგანიზაცია „ეკოვიტას” წარმოადგენს. მას აქვს იდეა – შექმნას ჯიშების ბანკი ქედაში, რაც გულისხმობს იმას, რომ გაკეთდეს კონკრეტული ჯიშის მოდელირება და გავრცელდეს მოსახლეობაში.„მცენარეების თესლი ძვირი ღირს, სათესლე ბანკის სისტემის შექმნა კარგი გამოსავალი იქნება.

ადგილობრივ ნაწარმს მეტი ფასი დაედება და ხარისხიც გაჯანსაღდება“ – ამბობს ვიტალი კილასონია.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

ახალგაზრდების განვითარების ქსელის წარმომადგენელი მარიკა ფუტკარაძე და ორგანიზაცია „ეკოვიტას”წარმომადგენელი ვიტალი კილასონია.

შეხვედრების მიზანია მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირება პროექტის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის მოწყობა და პროექტის შესაძლებლობების გაცნობა.

ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქედის მერიის ხელმძღვანელ პირებს შორის
შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. პროექტი ევროკავშირისა და კონდრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: