მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

27.02.2022 • 2240
ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისათვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას“ – აღნიშნულია სების განცხადებაში.

ორი დღით ადრე, 25 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა დამატებით განმარტა, რომ ის „მოქმედებს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე”, როგორც ვითიბი ბანკის ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ  დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

„ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დაიცვას ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“ – აცხადებს სებ-ი.

რუსულ ბანკებს შორის, რომელთაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ს შვილობილი კომპანია „VTB ბანკი საქართველოც“ არის. რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 24 თებერვალს განაცხადა, რასაც წინ უძღოდა მოსკოვის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

25 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება „ვითიბი ბანკთან“ დაკავშირებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები აამოქმედა. ეროვნული ბანკის ცნობით, „პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა“:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

ამის ფონზე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ისე წარმოაჩენინა ამბავი, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურა: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით და საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად“.

დადექით ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით – არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას

ამავე თემაზე:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშვა“:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: