მთავარი,სიახლეები

თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად – ზელენსკის მიმართვა ბელარუს ხალხს

27.02.2022 • 4871
თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად – ზელენსკის მიმართვა ბელარუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი რუსულ ენაზე მიმართავს ბელარუს ხალხს.

დღეს 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა ბელარუსი ხალხის მთავარი არჩევანია.

„წინა ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ოკუპანტები იბრძვიან ყველას წინააღმდეგ.

უკრაინის ქალაქები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, როგორიც იყო ჩვენს და თქვენს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ამ ომში თქვენ ჩვენს მხარეს არ ხართ, სამწუხაროდ.

თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინისკენ რაკეტებს უშვებენ, თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ჩვენს შვილებს, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენდა ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი მამების მიერ.

ახლა თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, როგორ ჩახედავთ თვალებში თქვენს შვილებს, ერთმანეთს, თქვენს მეზობლებს. და ჩვენ, უკრაინელები, ვართ თქვენი მეზობლები“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ წუხანდელი ღამე კიევში სასტიკი იყო და რუსი ოკუპანტები ცდილობენ ყველაფრის განადგურებას.

„კიევს თავს დაესხნენ დილის 4 საათზე. ვიღაცას ასეთი იუმორის გრძნობა აქვს. ისე, როგორც 1941 წელს. თქვენ გეძინათ ძმებო, ბელარუსებო. ჩვენ გავიღვიძეთ. მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის“. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმება კიევი მოლაპარაკების გამართვას მინსკში.

„თქვენი ტერიტორიიდან რომ არ ყოფილიყო აგრესიული ქმედება, ჩვენ შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა, თქვენს ქალაქში. როცა ნეიტრალური იყავით, ჩვენ ვლაპარაკობდით მინსკში, ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ.

ამიტომ არ ვლაპარაკობთ მინსკში.

ჩვენ არ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ომის დამთავრება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ეს ყველაფერი ჩვენ შევთავაზეთ, რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობს იმ ქვეყნებში, საიდანაც უკრაინისკენ რაკეტები არ მოფრინავენ“ – განაცხადა ზელენსკიმ.

_____________

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მეოთხე დღეა უკრაინელები ქვეყნის დასაცავად იბრძვიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: