მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

Benediximus, BIIMO – სათქმელი ქუჩაში, რომელიც გადავხაზეთ

14.06.2020 • 1774
Benediximus, BIIMO – სათქმელი ქუჩაში, რომელიც გადავხაზეთ

ავტორი: მალხაზ ჭკადუა

ხანდახან ადგილები ირჩევენ ადამიანებს. ბათუმში ასეთ ადგილებს შორის მემედ აბაშიძის ქუჩის ერთი კედელია, „ბათუმელების” რედაქციის გვერდით – უხარისხოდ მოპირკეთებული, ცოტა შელახული, მაგრამ აჭრელებული. ყველას, ვისაც რაღაც სათქმელი აქვს, ეს კედელი მოუნიშნავს, მოუხატავს, ამ კედელზე დაუწერია: აქ ნახავდით ირაკლი ადეიშვილს „ისარსაც”, ლევან გელიაშვილის პროექტის art-up გალერეის ნამუშევრები მუდმივად იქცევენ ყურადღებას, ორიოდ კვირის წინ კეთილი გაგოშაც ამ კედელმა იხმო და მხატვარმა შეგვახსენა, რომ ნაგვის ურნები ზოგჯერ მხოლოდ ურნები არაა – ნარჩენებსა და ვადაგადასულ პურში ზოგმა, ჩვენი მზერით ნაკლებად შემჩნეულმა ადამიანმა, შესაძლოა, ერთი დღის გადარჩენა იპოვოს.

BIIMO-ც ამ კედლით გაეცნო ბათუმს ბოლო კვირების ყველაზე აქტუალური და მტკივნეული წარწერით Black Lives Matter. სამწუხაროდ, სოლიდარობის და ემპათიის ნაცვლად, როგორც ჩანს, ნამუშევარმა ზოგ გამვლელში საპირისპირო რეაქცია გამოიწვია, ერთმა კი ანტირასისტული წარწერა შავი საღებავითაც კი გადაღება. ცხადია, საფუძველს მოკლებულია, ვთქვა, რომ ქალაქმა ეს წარწერა არ მიიღო, არ გაიზიარა სულისკვეთება, რომელმაც მოიცვა ათეულობით ათასი ადამიანი დედამიწის სხვადასხვა ქალაქში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო, თუმცა იმის თქმაც მიამიტობა იქნება, რომ შავი საღებავი აფროამერიკელთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაჩენილ წარწერაზე აბაშიძის გამზირის ცნობილ კედელზე შემთხვევით გაჩნდა.

„უნდა ვისაუბროთ ისეთ დამალულ ან შეფარულ თემებზე, რაც ჩვენთანაც ხდება. უამრავი თემაა, რასაც ნელ-ნელა ვეცდები, წამოვწიო, რადგან უნდა ვაღიაროთ და გადავიაზროთ”, – დაწერა BIIMO-მ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ, რაც ნამუშევრის facebook-ში გამოქვეყნების შემდეგ კომენტარების ველი სიძულვილის შემცვლელი, დამამცირებელი და რასისტული კომენტარებით აივსო.

ამერიკა და მისი პრობლემები არ არის შორს და როგორც აბაშიძის ქუჩის კედლის მუდმივ დამთვალიერებელს, საქართველოს და ამერიკის გულშემატკივარს გამიხარდა, რომ ბათუმშიც გაჩნდა ჩაგვრის საწინააღმდეგო წარწერა. ეს არ არის ერთი არტისტის ახირება და არც პოლიტიკური გემოვნებით უნდა ვწყვეტდეთ, ვისაუბროთ თუ არა სისტემურ რასიზმზე – აღიარება და გააზრება სჭირდება ყველაფერს, რასაც მოსდევს მუდმივი დაძაბულობა, შფოთი და არეულობა.

ბათუმი კონტრასტების ქალაქია, კონტრასტებს კი ვერ დავმალავთ, კონტრასტებზე უნდა ვისაუბროთ – შავად გადაღებილი წარწერა Black Lives Matter კიდევ უფრო ააშკარავებს დიალოგის საჭიროებას, ისეთი დიალოგის აუცილებლობას, სადაც ჩართულები იქნებიან განსხვავებული პროფესიის, შეხედულების, შემოსავლის ადამიანები. Black Lives Matter ერთგვარი შეხსენებაა ყველა იმ ხელოვნური მიზეზით განპირობებული უთანასწორობის, რაც შთანთქავს პერსპექტივის გაჩენას, რწმენას, რომ ხვალ, შესაძლოა, უკეთ იყოს ყველაფერი, თუ ვისაუბრებთ და ვეცდებით ვიპოვით საერთო ენას. იქნებ, ასეთმა დიალოგმა დაგვიცვას ხელისუფლების წარმომადგენლების შემზარავი განცხადებებისგან, რომ თურმე აჭარის ტელევიზიასთან 15 დღის მანძილზე მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას ტელევიზიის გადარჩენა კი არა,  თურმე წონის კორექცია უნდოდა; იქნებ, შეცდომების აღიარება-გააზრებამ გვიბიძგოს, რომ გადავარჩინოთ თავისუფალი აზრი, ხმა და გვერდით დავუდგეთ იმ ჟურნალისტებს, რომლებთაც გამალებით ებრძვის მმართველი პარტიის მიერ არჩეული ტრიო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში და მათი ხელდასხმული დირექტორი, გიორგი კოხრეიძე, იქნებ, აღიარებამ და გააზრებამ გაგვახადოს უფრო მომთხოვნები საკუთარი არჩეული თანამდებობის პირების მიმართ, ვიმსახუროთ ხელისუფლება და არა პირიქით. იქნებ, BIIMO, რომელიც, შესაძლოა, ახლა მორიგ ინსტალაციას ტყიბულში, ჭიათურასა თუ გორში ამონტაჟებს, სწორედ ამის თქმას ცდილობდა საკუთარი ნამუშევრით, ისევ ანონიმურად, ისევ დაფარულად.

წარწერა -Black Lives Matter, შავი საღებავით გადაფარეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რატომ დაფარულად? ინტრიგაა ეს ხელოვანისგან თუ სხვა რამ დევს განზრახვის უკან?

ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა ანონიმმა არტისტმა თავისი ნამუშევრების შემზარაობით, აგრესიულად გადმოცემული სათქმელით თავიდანვე მიიქცია ყურადღება – საპატრიარქოს სკვერში საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომას, სადაც ხმაურიანი ბრალდებებიც გაისმა პედოფილიაზე, Split/გახლეჩილი მიუძღვნა. სასულიერო იერარქების „უქონლობაზე” მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებისა და ზოგი მღვდელმთავრის შემზარავი პოლიტიკური განცხადებების გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ არტისტის შემდეგი ნამუშევარიც – „მსხვერპლშეწირვა – ძალაუფლების დემონსტრირება” – მეწამული მოსასხამისა და ნეონით განათებული ჯვრის ფონზე, ოქროსფერი ნიღბის მიღმა გახრწნილი თავი ჩანს, რომელსაც პირი საქადაგებლად დაუღია – ის ყოველთვის მზადაა, მიუთითოს ექიმს, თუ უკეთ როგორ დაიცვას მოქალაქეები პანდემიისგან, მასწავლებელს – უკეთ როგორ ასწავლოს, მზადაა, ღმერთის სახელით ადგილი მიუჩინოს პოლიტიკოსს და სრული მონდომებით დაგვარიგოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ უკეთ, რაზე ვწუხდეთ, რას დავუხაროთ თავი, რაზე ავჯანყდეთ და რა წილი გავუყოთ ოქროსთავიან იერარქებს ჩვენი ჯიბეებიდან. ნამუშევრებში ბრაზიც ჩანს იმის გამო, რომ მეტწილად ვუჯერებთ იერარქებს და ზუსტად ისეთივე აღტაცებით შევყურებთ მათ, როგორც სუპერვარსკვლავებს – კონცერტებზე, ჩვენ ხომ ვარსკვლავური შარავანდედით შემკული სასულიერო პირების დროში ვცხოვრობთ, რისთვისაც განსაკუთრებულ „მადლობას” ქართული ტელემედიის არც თუ მცირე ნაწილი იმსახურებს.

იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ პატრიარქსა და სხვა სასულიერო პირებზე კრიტიკული მოსაზრებების გავრცელება ჯერ კიდევ სახიფათოა, რადგან ზოგს სასულიერო იერარქების კრიტიკა პირად შეურაცხყოფად და იდენტობის ხელყოფად მიაჩნია, არტისტმა ანონიმურობა არჩია, კედლების ღამე მოხატვა შემზარავი სახეებით, ვიდრე სივრცეების დღის სინათლეზე პეპლებით და ყვავილებით აჭრელება.

მისი არჩევანია, მე ქუჩის აუდიტორიაში მყუდრო ადგილს დავიკავებ და მორიგ ნამუშევარს დაველოდები.

Benediximus, BIIMO!

______

ავტორის შესახებ: მალხაზ ჭკადუა არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: