ქარისგან დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში რამდენიმე დღეა ვერ შეაკეთეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსის მოსაცდელი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მოსაცდელი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მოსაცდელი ძლიერმა ქარმა დააზიანა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აქ გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება სამუშაო.

როდის დაზიანდა მოსაცდელი, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მისი შეკეთება? – მერიის პრესცენტრში კითხვებზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ მოგვაწოდეს.

ავტობუსების მოსაცდელების შეკეთებაზე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ალმა“ მუშაობს.

მოსაცდელი გორგილაძის ქუჩაზე

 

„ორბი“ დავაჯარიმეთ 5000 ლარით – მუნიციპალური ინსპექცია I ვიდეო

მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია „ორბმა“ ხიმშიაშვილის 15 ბ-ში უკანონო მშენებლობა გააგრძელა, რისთვისაც დღეს, 7 აპრილს, ადგილზე გადამოწმების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა. სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

კომპანია ხიმშიაშვილის 15 ბ-ში საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.

მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს კარგავს, იზღუდება ჰაერის  მოძრაობაც.

ადგილზე მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელი მათ გაჩუმების სანაცვლოდ თანხას სთავაზობს და მოსაფიქრებლად ვადა ხვალამდე აქვთ: „ოროთახიანების მესაკუთრეებს 10 000 ლარს გადაგიხდით, ხოლო სამოთახიანების მესაკუთრეებს 15 000 ლარს, თუ არ დამთანხმდებით, მაინც ავაშენებ იმას, რისი ნებართვაც უკვე მაქვსო“.

ადგილზე მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ  კომპანია მშენებლობის იმ პარამეტრებსაც გასცდა, რაზეც ნებართვა იყო გაცემული.

____

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს

ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ აგრძელებს – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული.

მშენებლობის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია არც მშენებლობას აჩერებს და პროექტის საზღვრებსაც გასცდა. მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს კარგავს, იზღუდება ჰაერის  მოძრაობაც.

„მათი ორი სართული, ჩვენს ოთხ სართულს უდრის, უკვე მეექვსე სართულამდე ამოვიდა, ალბათ თავზე გადაგვივლის. გარდა ამისა, გასასვლელებსაც გვიკეტავს“, – ამბობენ აქ მცხოვრებლები.

მშენებარე პროექტის გვერდითა კორპუსში მცხოვრებლებმა გვითხრეს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც მერიამ გააფრთხილა, კომპანიამ მათ თანხა შესთავაზა: ოროთახიანი ბინების მესაკუთრეებს 10 000 ლარს დაჰპირდა, ხოლო სამოთახიანებში მცხოვრებთ – 15 000 ლარს.

„ორბი“ ამ შენობას ზღვასთან ახლოს აშენებს.

„ხვალამდე გაძლევთ ვადას, ან დაგვთანხმდით და სიმაღლეს გავზრდით, ან რისი ნებართვაც უკვე გვაქვს, იმას მაინც ავაშენებთო – გვეუბნებიან. ჩვენ ვიცნობთ პროექტს და ვიცით, რომ სიმაღლეები უკვე დარღვეული აქვს. ვითხოვთ რეაგირებას მერიისგან, თუ არა, მაშინ პოლიციას გამოვიძახებთ“, – აცხადებენ მობინადრეები, რომლებიც მშენებლობის გვერდით ცხოვრობენ.

კომპანიას უფლება არ აქვს აქ მუშაობა ნებართვის განახლებამდე გააგრძელოს, ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას მუნიციპალურმა ინსპეციამ გააფრთხილა კიდეც.

ხიმშიაშვილის 15 ბ-ში,  საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის დირეტორს, ირაკლი კვერღელიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ არასამუშაო საათების გამო დეპარტამენტებიდან დაზუსტებული ინფორმაციის მოძიებას ვერ შეძლებს, ამიტომაც კომენტარს ამ საკითხზე, ხვალ სამუშაო საათებში გააკეთებს.

4 აპრილს ერთ-ერთ იდენტურ მშენებლობაზე მისულმა თორნიკე რიჟვაძემ მერიას და მთავრობას მოუწოდა, რომ ამ მშენებლობის ნებართვა გააუქმონ. „ეს უნდათ აქ? – და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის, დავასრულებთ ამათზე წარმოებას და არ აშენდება!“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

____

ამავე თემაზე:

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

 

 

 

თიბისი ბიზნესი და ვისოლი ერთობლივ კამპანიას იწყებენ

მომხმარებლების წახალისების და მხარდაჭერის მიზნით თიბისი ბიზნესი, ვისოლი და ვიზა ერთობლივ აქციას იწყებენ, რაც გულისხმობს, რომ ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.

აქციაში ძალაშია 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლის და მასში ჩართვა შეუძლიათ თიბისის ბიზნეს ნაკრების მფლობელებს.

აქციის პერიოდში თანხა მომხმარებელს შემდეგი პერიოდულობით დაუბრუნდებათ :

  • პირველი თვე – 15 მაისი
  • მეორე თვე – 15 ივნისი
  • მესამე თვე – 15 ივლისი

გაითვალისწინეთ, ჯამში შესაძლებელია მაქსიმუმ 500 ლარის ქეშბექის დაბრუნება.

„რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?“ – მიტროპოლიტი დიმიტრი კირილს

„…ის მტარვალები აღდგომას ერთმანეთს ეტყვიან: „ქრისტე აღსდგა“ სიხარულით და ასეთ უბედურებას სჩადიან,“ – აღნიშნა დღეს, 7 აპრილს, ქადაგების დროს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ რუსეთის პატრიარქს მიმართა და უთხრა, რომ რასაც ის აკეთებს, „არ არის ქრისტიანობა“.

„ეს იყო სრულიად გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო [მანამდე მიტროპოლიტმა გაიხსენა რუსეთის პატრიარქის მხრიდან რუსული არმიის დალოცვა]… მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს. ავტ.] – რა არის თქვენი ინტერესები? პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, ბავშვების დახოცვა, ამ უსუსური ადამიანების განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რუსეთის პატრიარქმა დალოცვის დროს რუსეთის არმიის გენერალს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

„…რამდენიმე ათეული წელია ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით და სისხლისღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის რუს გვარდიას, მის გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს.

ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადღსაღები, მაგრამ ყურადსაღებია სწორედ ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვისაა. ესეც ერთგვარი მინიშნება იყო.

ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, როცა ისმენ პატრიაქრისგან, საეკლესიო პირისგან უბრალოდ იმას, რომ რუსებიო თავის, ჩვენი ქვეყნის ინეტერსებს იცავენ უკრაინაში, მათ ფიცი აქვთ დადებული, ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც მოვახერხებთო… იქ უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი,“ – აღნიშნა ქადაგების დროს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

გვჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი – კულებას მიმართვა ნატოს

„ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია. მხოლოდ სამი საკითხია: იარაღი, იარაღი და იარაღი“, – განაცხადა დღეს, 7 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის წინ.

მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ უკრაინა სწრაფად არ მიიღებს დამატებით სამხედრო დახმარებას, ის სისასტიკე, რაც ბუჩაში მოხდა, ისევ მოხდება.

დღეს ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავენ.

„მივიღებთ შესაბამის ზომებს“ – ზახაროვა საბერძნეთს პასუხობს დიპლომატების გამოძევებაზე

რუსი დიპლომატების საბერძნეთიდან გაძევება უპრეცედენტო ნაბიჯია ორმხრივი თანამშრომლობისთვის, რომელიც ეწირება „ტრანსნაციონალურ სოლიდარობას“ – განაცხადა 6 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთმა 12 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება მთლიანად პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილების შედეგებზე.

„ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს“, – განაცხადა ზახაროვამ.

დღეს, 7 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში გამოვიდა ონლაინჩართვით.

საბერძნეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საშინელებით და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

_______________

ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ

„…კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში,“ – თქვა ბუჩის ქუჩებში ჩაცხრილულ ადამიანებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მისი ეს განცხადება ერთი-ერთში დაემთხვა რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ თითქოს უკრაინამ ბუჩაში გვამების სცენა დადგა.

გვამები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც 3 – 4 დღე იწვა ქუჩაში,“ – ამტკიცებდა გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვასილი ნებენზია.

დღეს, 7 აპრილს, ანრი ოხანაშვილმა ბოდიში მოიხადა ამ განცხადების გამო. „სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ. თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილმა.

როგორ მოახერხა საქართველომ უკრაინასთან დაპირისპირებულ მხარედ ქცეულიყო მოკავშირეობის ნაცვლად? – გავიხსენოთ ოფიციალური თბილისის და კიევის განცხადებები ქრონოლოგიურად.

  • 7 აპრილი 

მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას“ – ვკითხულობთ უმაღლესი რადას ტვიტერზე, სადაც თბილისში გამართული აქცია-პერფორმანსის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ბუჩისა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლულთა ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

აქცენტი არის ხალხზე, ისევე, როგორც ზელენსკის განაცხადში ომის დაწყებიდან ორ დღეში: „ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“

  • 6 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინული მხარის მიერ საქართველოს მისამართით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს უნდა გაირკვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.

„ბრალდებები სერიოზულია და შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საუბარია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთში სანქცირებადი პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით გეგმავს.

  • 4 აპრილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს. საქართველოს „პოლიტიკური ხელმძღვანელობა“ კი, ხელს აფარებს კონტრაბანდისტების საქმიანობას. საქართველოს ხელისუფლებამ ეს შეურაცხყოფად მიიჩნია, „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა და მტკიცებულება მოითხოვა, თუმცა მტკიცებულება ამ დრომდე უკრაინას არ წარმოუდგენია.

4 აპრილს ასევე გაირკვა, რომ საქართველოს  საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ილია დარჩიაშვილია. ის პირველ მარტს წერდა: „სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“.

  • 3 აპრილი

უკრაინის ომზე საუბრისას ორი სიტყვა გამოიყენა პრემიერმა ღარიბაშვილმა – „დაიჩაგრებოდა“ და „დაისჯებოდა“.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ „განმარტა“, რომ სასპეკულაციო არაფერია, რადგან „სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანი და უსამართლოც“

3 აპრილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოსა და მოლდოვას გადაწყვეტილებით, დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. „ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მთავარი რამ, რაც უკრაინას საქართველოსა და მოლდოვასთან აერთიანებდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნები რუსეთის მიერ იყო ტერიტორიულად „დაკბენილი“, მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ნეიტრალურმა პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით, იმედი გამიცრუა. მეგობარი გასაჭირში არის ნამდვილი მეგობარი. კარგია, რომ ხალხებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ“, – დაწერა სტეფანჩუკმა.

  • პირველი აპრილი

პირველ აპრილს, სასტიკი ომის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტიდან ლადო კახაძემ მოიცალა ზელენსკის შეურაცხყოფისთვის. „როდესაც ის[ზელენსკი] გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ,“ – თქვა ლადო კახაძემ.

იმავე დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეს თქვა: „მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და ამიტომ საქართველოში „გამოასწრო“.

მამუკა მდინარაძესაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა: მინიმუმ ის რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაკრძალვაზე მისულიყო? – მამუკა მდინარაძის თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო უკრაინაში მოხალისეებს ვერ აგზავნის, შესაძლოა, გულწრფელი სამძიმარი „გარკვეული ქმედებების წახალისებად“ აღქმულიყო.

  • 28 მარტი

„ქართულ ოცნებაში“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვს გამოეხმაურნენ, რომელმაც უკრაინული მედიის ცნობით, 26 მარტს თქვა, რომ „რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.“  ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის განცხადებას დაუკავშირა უკრაინაში ენმ-ის წევრების ვიზიტი.

  • 27 მარტი

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია, – დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იმავე დანილოვის განცხადების შესახებ.

  • 24 მარტი

„თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინისადმი და დასძინა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო კიევის გვერდითაა.

  • 21 მარტი

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივია,“ – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გვერდი აურა იმას, რომ ამ აქციების ძირითადი მოთხოვნა თბილისსა თუ ბათუმში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ გამოხატა სამძიმარი იმ ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. „დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია“, – თქვა მან.

21 მარტს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, განცხადება გაავრცელა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ 13 ქვეყნის პარლამენტის წევრები, მათ შორის, საქართველოდან – გრიგოლ ვაშაძე. მაშინ პარლამენტში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ საგარეო საკითხთა კომიტეტში არ შესულა აღნიშნული განცხადება მხარდაჭერის ან ხელმოწერის თხოვნით.

  • 16 მარტი

CNN-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „სიმართლე არაა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. სინამდვილეში, საქართველო მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, ასევე 16 მარტს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ხელისუფლებას ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.

  • 15 მარტი

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საფრთხის შემცველია,“ – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ და სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. ალბათ, გახსოვთ, რომ მანამდე უკვე პრეზიდენტიც კი დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის თემაზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი, სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაიმეორეს ის, რასაც მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ამბობდნენ: „თუ გულისხმობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, ეს ღიად თქვას“.

  • 14 მარტი

საქართველოს ხელისუფლება ღიად  გააკრიტიკა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას ევროპაში ომის ცხელ დღეებში ვიზიტები გაუუქმეს და ასევე არ ესმის, რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, როცა რუსეთი საქართველოს მტერიცაა.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. – „ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

  • 7 მარტი

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

ამავე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა გაიმეორა „ოცნების“ გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლებ, „გამოწვევების და პროვოკაციების“ მიუხედავად, მშვიდობას ინარჩუნებს. „საქართველოში მშვიდობას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • 5 მარტი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის განაცხადი დამოუკიდებლად უნდა განიხილოს და არა მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად.

  • 4 მარტი

დილიდან ელოდა საქართველო, რას ეტყოდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს. სოლიდარობის აქციის დაწყებამდე „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ზელენსკის მიმართვის მოსასმენად არ მივიდოდნენ.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა… ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება გასაგები მიზეზების გამო,“ – აღნიშნა 4 მარტს ირაკლი კობახიძემ.

„არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით,“ – უთხრა იმ დღეს ზელენსკიმ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

  • 2 მარტი

„ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად…“ – აღნიშნა უკვე 2 მარტს საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. ეს უკვე მეორე დღეა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან პროტესტის ნიშნად უკრაინის ელჩი გაიწვია.

  • პირველი მარტი

საქართველოში აგორებული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობაზე, უკრაინის მსგავსად, განაცხადი ოფიციალურად შეეტანა.

საზოგადოების პროტესტის საფუძველი კი, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ პირველ მარტს მიღებული გადაწყვეტილება გახდა. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია. აღმოჩნდა, რომ მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან გამოგზავნილი თვითმფრინავი მართლაც არ შემოუშვეს საქართველოში.

ზელენსკის მკვეთრი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებაში ასე გაიგეს: „არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში,“ – აღნიშნა პირველ მარტს ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

  • 28 თებერვალი

„რა გგონიათ თქვენ, პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან? მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით – თვეობით ჯარებისა და კონტინგენტის მოყვანა აქ. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ის გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს ელჩად გაამწესეს.

„დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს..,“ – ამ აქცენტის გაკეთება არჩია პრემიერმა ღარიბაშვილმა 28 თებერვალს.

იმავე, 28 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს თქვა: „ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენ, ყველა ელოდება სოლიდარობას… საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო“.

  • 26 თებერვალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობრებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდა. „ყველა, ვისაც უკრაინის თავდაცვა შეუძლია საზღვარგარეთ, ეს პირდაპირ, ერთიანად გააკეთეთ. უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, გთხოვთ, მოდით, იარაღს მოგცემთ. ძალიან მალე გამოცხადდება, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ყველა, ვინც უკრაინას იცავს, გმირია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ამ მოწოდების შემდეგ მოხალისეებმა შეკრება საქართველოშიც დაიწყეს. 26 თებერვალს უკრაინის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას ჯარისთვის 1000 ცალი სამხედრო ფორმა გადასცა.

26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით. „ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდით“, – წერდა იმ დღეს სალომე ზურაბიშვილი.

26 თებერვალს ზელენსკი სოლიდარობის ნიშნად საქართველოში შეკრებილ ადამიანებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია,“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე.

ომის დაწყებიდან 2 დღეში ვოლოდიმირ ზელენსკის ეს შეფასება აჩვენებს დაძაბულობას, რომელიც რუსეთმა მეგობრებს – უკრაინასა და საქართველოს შორის გააჩინა.

ზელენსკის ეს ფრაზა ასევე აჩვენებს: სად დგას და რა შეუძლია ხალხს საქართველოში.

  • 25 თებერვალი

უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად გვერდზე გადგომა გადაწყვიტა და არჩია. ღარიბაშვილის განაცხადი – „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“ უკრაინასა და დასავლეთში არა, მაგრამ მოეწონათ რუსეთში. „Russia Today“-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი იმ საღამოს წერდა: „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა“

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს.

ამ განცხადებას პრემიერი შემდეგ დღეებშიც მიუბრუნდება.

25 თებერვალს ღარიბაშვილმა ღიად თქვა ისიც, რომ  უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალის შემოვლის შემდეგ.

ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერი რუსეთის მორიგ ომს მეგობარ სახელმწიფოში.

  • 24 თებერვალი 

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა პუტინის არმიის სტრატეგიაა – „შპიგელი“ გერმანული დაზვერვის ჩანაწერებზე

გერმანულმა დაზვერვამ რუსი სამხედროების რადიოშეტყობინებები დააფიქსირა ბუჩის ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი დანაშაულები. შესაბამისად, „სისასტიკე პუტინის არმიის სტრატეგიის ნაწილია,“ – წერს გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი.

გამოცემის ცნობით, რუსი სამხედროების რადიოშეტყობინებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტული ადამიანების სიკვდილთან ბუჩაში.

„შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის დაზვერვის სამსახურს აქვს რადიოშეტყობინებები, რომელთა შინაარსი თანხვედრაშია ბუჩაში დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების მდებარეობასთან. მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ მან და მისმა თანამებრძოლებმა ველოსიპედზე მჯდომ კაცს ესროლეს. ფოტო, რომელზეც ველოსიპედთან კაცის ცხედარია ასახული, მედიაში ბუჩის დეოკუპაციის შემდეგ გავრცელდა და რუსი ჯარისკაცების სისასტიკის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.

ასევე, „შპიგელის“ ცნობით, ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი საუბრისას ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ჯერ ჰკითხავენ, შემდეგ კი – ხვრეტენ.

გამოცემა წერს, რომ მასალების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფებამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში. ამ დაჯგუფებამ განსაკუთრებული სისასტიკე გამოავლინა სირიის ომშიც.

გამოცემა წერს, რომ ჩანაწერების მიხედვით, ჯარისკაცები ისე ცვლიდნენ ინფორმაციას სისასტიკის შესახებ, თითქოს ეს მათი ყოველდღიურობაა.

ეს ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა არ ყოფილა შემთხვევითი და არც ცალკეული ჯარისკაცების სისასტიკე, რომლებმაც დაკარგეს კონტროლი. სავარაუდოდ, მასალები მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა რუსეთის არმიის სტრატეგიის ნაწილია მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის, საშინელების გავრცელებისა და წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით – წერს გამოცემა.

ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ბათუმში დანიშნულ ახალ მოსამართლეებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლეა – ნინო სახელაშვილი და გულიკო კაჟაშვილი. მათ უკვე დაიწყეს სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი 32 წლისაა. ის 1989 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში. 2010 წელს ნინო სახელაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს – ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა.

ბიზნესის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნინო სახელაშვილს 2011 წლიდან სტაჟიორობა დაუწყია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2014 წელს ნინო სახელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადადის და სასამართლოს სხდომის მდივანი ხდება, 2016 წლიდან კი, ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა.

2018-2020 წლებში ნინო სახელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტია.

სამუშაო გამოცდილების გრაფაში ახალგაზრდა მოსამართლეს ასევე მითითებული აქვს:

2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ააიპ „თბილისელების ადვოკატის“ იურიდიული კონსულტანტი.

2010 წლის აპრილიდან ივნისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში.

2011 წელს იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.

33 წლისაა კიდევ ერთი ახალი მოსამართლე – გულიკო კაჟაშვილი. ის 1989 წლის 17 იანვარს დაიბადა ხაშურში. ამ მოსამართლეს 2006 წელს აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის ისტფორსაისის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული.

2010 წელს გულიკო კაჟაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია. იმავე წელს გაიარა სასწავლო კურსი „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებშ“ – გერმანია, ფრანკფურტი.

2012 წელს გულიკო კაჟაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა დაასრულა, 2019 წელს კი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

2019 წელს გულიკო კაჟაშვილმა ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში. ის 2011 წლიდან ასწავლის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში.

გულიკო კაჟაშვილი ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.

გულიკო კაჟაშვილი 2013 წლიდან მუშაობს ბათუმში. თავდაპირველად ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე იყო, 2014 წლიდან – საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

გულიკო კაჟაშვილი მუშაობდა ბიზნესშიც – 2015 წლიდან ის კომპანია „გორგიაში“ მთავარი იურისტი იყო, 2019 წლიდან კი – ამავე კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი.

„შემოთავაზება ცინიკურია“ – უკრაინა უნგრეთში სამშვიდობო მოლაპარაკების შეთავაზებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთს „ევროკავშირის ერთიანობის დაზიანებაში“ ადანაშაულებს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უნგრეთს არ სურს აღიაროს რუსეთის პასუხისმგებლობა ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეზე, აძლიერებს რუსეთის დაუსჯელობის განცდას და მას ახალი დანაშაულების ჩადენისკენ ახალისებს. ნიკოლენკომ ასევე გაიხსენა, უნგრეთის შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მასპინძლობაზე და მას „ცინიკური“ უწოდა.

უნგრეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვა ომის დაწყების პირველივე დღეებში შესთავაზა მხარეებს.

„უნგრეთის სურვილის არქონა, აღიაროს რუსეთის სისასტიკე ბუჩაში, აძლიერებს რუსეთის დაუსჯელობის განცდას და მას ახალი დანაშაულებების ჩადენისკენ ახალისებს. სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში ჩატარების შემოთავაზება ცინიკურია. თუ უნგრეთს დახმარება სურს, მან უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის ერთიანობის დაზიანება“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრესსპიკერი.

უნგრეთმა 6 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა, რუბლში იყიდოს რუსული გაზი. რუსეთის მოთხოვნას „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირის წევრებმა, გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ, არა ერთი ევროპელი ლიდერი უარით გამოეხმაურა.

3 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვიქტორ ორბანის მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტია „ფიდესმა“ მოიპოვა.

ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გამარჯვება მეორე დღესვე გამოაცხადა. ეს მას შესაძლებლობას მისცემს, მეოთხე ვადით გახდეს ქვეყნის პირველი პირი. იმავე დღეს, 4 აპრილს, მან განაცხადა, რომ „არასდროს ჰყოლია ამდენი ოპონენტი“, ხოლო ოპონენტთა ჩამოთვლისას ოპოზიციურ პარტიასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მოიხსენია. 

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობითაა ცნობილი. როგორც „ბიბისი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ომის დაწყებიდან ნახევარ მილიონზე მეტი დევნილი მიიღო უკრაინიდან, ბლოკავს სამხედრო შეიარაღების ტრანზიტს უკრაინაში. ამის გამო ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა.

უკრაინელი ქალი ჰყვება, რომ ის ბათუმში გააუპატიურეს, მაგრამ დღემდე დაზარალებულად არ უცნიათ

უკრაინის მოქალაქე, 47 წლის ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ძველით ახალი წლის ღამეს, ის გააუპატიურეს. ქალი გასული წლიდან ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. ამის შესახებ დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. ქალი ამბობს, რომ ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართა დასახმარებლად, რაც დარწმუნდა, რომ პოლიცია საქმეს სათანადოდ არ იძიებდა.

უკრაინის მოქალაქე ქალი „ბათუმელებს“ უყვება, რომ მეზობელმა ოჯახმა ბათუმში ის ძველით ახალი წლის აღსანიშნად, საღამოს ვახშმად მიიწვია.

„ეს იყო გიორგი ხ-ს ოჯახში, სახლში იყო დედამისიც, ლალი მ. რომელიც ძველით ახალი წლის ღამეს ამზადებდა კერძებს და შლიდა სუფრას. მუსიკა ჰქონდათ ჩართული, ღვინოც იყო სუფრასთან, არაფერი ეჭვს არ იწვევდა. მერე მოვიდა ახალგაზრდა კაცი სტუმრად, რომელიც გამეცნო როგორც  გიორგი ხ.-ს მეგობარი, ლაშა ჩ. მას მე მანამდე არ ვიცნობდი.

მალე გიორგის დედა სახლიდან უხმოდ გავიდა და მარტო დაგვტოვა. ძალიან გამიკვირდა. არ უთქვამს, სად, რატომ და რისთვის მიდიოდა გვიან ღამით. ამან დამაეჭვა, მაგრამ ვიფიქრე ალბათ დაბრუნდება-მეთქი. დავრჩით სამნი, მე და ეს ორი კაცი: გიორგი და ლაშა“, – გვიყვება უკრაინის მოქალაქე.

მისი მონათხრობის მიხედვით, ამის შემდეგ ლაშა ჩ. სახლიდან გავიდა და დაბრუნდა პლასტმასის ბოთლით. ის ირწმუნებოდა, რომ ეს გაცილებით უკეთესი და გემრიელი ღვინო იყო, ვიდრე აქამდე სვამდნენ.

ქალი ჰყვება, რომ ამის შემდეგ ლაშა ჩ.-მ თავის მეგობარ გიორგის ხ.-ს საბანკო ბარათი გაუწოდა და რაღაც უთხრა ქართულად. ქალმა ვერ გაიგო რა თქვა მან, რადგან არ იცის ქართული.

ქალის მონათხრობის მიხედვით, მასპინძელმა უსიტყვოდ აიღო ბანკის ბარათი და ასევე უსიტყვოდ დატოვა საკუთარი ბინა.

„ამ ყველაფერმა ცხადია ძალიან გამაკვირვა. ახალი წლის ასეთი აღნიშვნა საეჭვო და არაბუნებრივ გარემოებად იქცა. თუმცა ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წუთში გიორგი ხ. უკან დაბრუნდებოდა.

მალევე ლაშა ჩ.-მ თავისი მოტანილი ღვინო დამისხა, მოვსვი ორი ყლუპი და 2-3 წუთში გონება დავკარგე. 47 წლის ვარ და მსგავსი რამ არასდროს გადამიტანია.

უცებ გაქრა გამოსახულება, ხმები, გავითიშე და როცა აზრზე მოვედი, ვერ ვხვდებოდი რამდენი დრო გავიდა, სად ვიყავი, რომელ ქვეყანაში, ვისთან და რატომ. მთლიანად მქონდა დროის შეგრძნება დაკარგული.

გამაღვიძა საშინელმა ტკივილმა და თმის ქაჩვამ, როცა ლაშა ჩ. ჩემზე სადისტურად ძალადობდა. მაუპატიურებდა და თმას მგლეჯდა. ვერ ვიშორებდი.

ვერ მოვეგე გონს რა მიქნეს, რა გამიკეთეს, იქნებ თირკმელი ამომაჭრეს, ან იქნებ არამხოლოდ ამ ერთმა, რამდენიმემ იძალადა ჩემზე-მეთქი, ამასაც ვფიქრობდი.

აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც გონება დავკარგე, ლაშა ჩ.-მ წამიყვანა სხვაგან – არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მერე გავარკვიე, რომ სადაც გონზე მოვედი, ეს იყო კერძო სასტუმრო, 100-150 მეტრში იყო იმ სახლიდან, სადაც ახალი წლის აღნიშვნა დავიწყეთ.

ეს კაცი ჩემზე 12 წლით უმცროსია, მე 47 წლის ვარ. ამბობდა, რომ 35 წლის არის, როცა ახალი წლის აღნიშვნა დავიწყეთ.

ამ ადამიანმა იძალადა ჩემზე, გამთიშა, გამაუპატიურა, ღვინით მომწამლა და ყველაფერი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა“, – გვიყვება ქალი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ქალი მათ ერთი თვის წინ დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. „საფარმა“ მალევე მიმართა პროკურატურას ქალის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ორგანიზაციას უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

საფარი ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქალმა პოლიციას მიმართა, ბათუმის მესამე განყოფილებაში, თავდაპირველად ის თარჯიმანთან ერთად გამოკითხეს, თუმცა მეორე გამოკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა.

როგორც ქალი ჰყვება, პოლიციის განყოფილების უფროსმა ის დაარწმუნა, რომ გამოძიების შეუფერხებლად  წარმართვის მიზნით ხელი უნდა მოეწერა ქართულად შედგენილი გამოკითხვის ოქმისთვის. შესაბამისად, მან არ იცის, რაზე მოაწერინეს ხელი. „საფარი“ არც იმას გამორიცხავს, რომ დამნაშავე სავარაუდოდ ტერიტორიულად ქალთან ახლოს ცხოვრობს, მის მიმართ კი ამ დრომდე შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოცემულა.

როგორც პრესკონფერენციაზე „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ ისაუბრა, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი უცხოელი ქალების მიმართ კიდევ უფრო სტერეოტიპულია დამოკიდებულება საქართველოში:

„ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას არ სჯერა, რომ უცხოელი ქალიც შეიძლება იყოს გაუპატიურებული და მიაჩნია, რომ ყველა ეს შემთხვევა არის თანხმობით განხორციელებული. ქართველი ქალების შემთხვევაში გვაქვს მაგალითები, როცა ქალის დაზარალებულად ცნობა არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები დევს საქმეში“ – ამბობს ბაია პატარაია.

მისივე თქმით უკრაინის მოქალაქე ქალი ხშირად ხედავს ბათუმში მასზე მოძალადეს, რომლის ამოცნობაც შეუძლია, მეტიც, მოძლადე ქალის სახლთან ახლოს ცხოვრობს და შემაკავებელი ან დამცავი ორდერიც კი არ არსებობს საქმეში.

„საფარი“ ითხოვს:

  • საქმეზე გამოძიება აწარმოოს ბათუმის პოლიციის სამმართველომ, რადგან ორგანიზაცია არ ენდობა იმ განყოფილების პოლიციელებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქე ქალი თარჯიმნის გარეშე გამოკითხეს
  • დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი ქალს
  • დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავის მიმართ

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – გაერო

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გაერო საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას.

„ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას.

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. მაღალი ტემპერატურა აუარესებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობას.

კვლევების მიხედვით, მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ტემპერატურის ერთი გრადუსით მატება მკვდრადშობადობის 6%-ით მატებას იწვევს. კლიმატური კატასტროფებისას იზრდება სქესობრივი ძალადობის რისკიც.

ამავდროულად, ადამიანის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა საფრთხეები, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურება, ეკოსისტემის დეგრადაცია და თამბაქოს წარმოება და მოხმარება, დამატებით ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

ამავე განცხადებაში საუბარია COVID 19-ის პანდემიის დროს წარმოქმნილ „ათიათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენებზე“, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის საცხოვრებელ გარემოს.

„ამასთან ერთად, გლობალური საკვების უსაფრთხოება განსაკუთრებულად დიდი გამოწვევის წინაშე დგას. სასურსათო დანაკარგები და ნარჩენები, მავნებლები და დაავადებები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია, ჰაბიტატის განადგურება და შეიარაღებული კონფლიქტი – პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს საკვების მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ამბობს, რომ დღეს, როდესაც საქართველო პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უმკლავდება, ახალი გზები და იდეებია საჭირო პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.

„მიუხედავად იმისა, რომ არამდგრადი ქმედებებით ადამიანებს წვლილი შეაქვთ გარემოს დეგრადაციაში, ჩვენ უნდა გავხდეთ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის უდიდეს საფრთხეს – კლიმატის ცვლილებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს მდგრადი და ჯანმრთელი საზოგადოების შექმნაში. დავიცვათ ჩვენი პლანეტა და ჩვენი ჯანმრთელობა. პლანეტა B არ არსებობს“.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 18 900 ადამიანი
  • ტანკი – 698 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 891 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული
  • MLRS – 108 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 150 ერთეული
  • ვერტმფრენი – 135 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 358 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 111
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 125 თვითმფრინავი
  • 93 შვეულმფრენი
  • 413 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 987 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 218 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 866 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 894 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ „შეუძლებელია“ იცოდე, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი, თუ არ დამთავრდება დიპლომატიური გზით, მაგრამ უკრაინას „რა თქმა უნდა“, შეუძლია ომი მოიგოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არსებობს სცენარი, რომელშიც უკრაინამ შესაძლოა სუვერენიტეტი დაკარგოს.

ამავე თემაზე:

ყოველი მეხუთე ოფიცერია – BBC უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროებზე წერს

 

 

ფინეთი რუსეთთან რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებსაც შეწყვეტს

მგზავრთა გადაყვანის შეჩერების შემდეგ ფინეთი რუსეთთან ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვებსაც შეწყვეტს – ამის შესახებ 6 აპრილს განაცხადა ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორმა, VR Group-მა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ VR-ის მიზანია სატვირთო გადაზიდვების რაც შეიძლება სწრაფად შემცირება, მაგრამ ამ პროცესს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება ხელშეკრულებიდან და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიდან გამომდინარე.

ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია VR-მა რუსეთიდან მგზავრთა გადაყვანა 28 მარტს შეაჩერა. სამგზავრო მატარებელი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ფინეთის დედაქალაქთან აკავშირებდა. ეს იყო რუსეთის ბოლო სარკინიგზო კავშირი ევროკავშირთან.

___________

ფოტო: EPA-EFE/MAURI RATILAINEN

 

კოვიდით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 324 ახალი შემთხვევა

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. დადასტურდა კორონავიურუსის 324 ახალი შემთხვევა.

ჩატარდა კვლევა ტესტით – 22 625, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 420, PCR ტესტით – 2 205. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 426 ადამიანი. 

დღეს, 7 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 26, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 19, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში –5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ექიმი დავით მურვანიძე გარდაიცვალა

ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე თვე თურქეთში მკურნალობდა. მის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონიც გაიმართა.

დავით მურვანიძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში.

„არა გენოციდს!“ – უკრაინელების სოლიდარობის აქცია ბათუმში | ფოტო

დღეს, 6 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“ გაიმართა.

სოლიდარობის აქცია ბათუმში – „არა გენოციდს!“ ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

სოლიდარობის აქციაზე მოსული ადამიანების თქმით, რაშიზმი უნდა დასრულდეს. აქციაზე მოსულმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას.

ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნის ნიშნად ევროპის მოედანზე სანთლები დაანთეს. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

„პუტინ ხუილო“, „პუტინი – პირუტყვი“, – ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ ბათუმში მყოფი უკრაინელები პუტინს. მათი თქმით, რუსული ფაშისტური რეჟიმი უნდა დასრულდეს, „რადგან ის კლავს მშვიდობიან ადამიანებს, ბავშვებს, მათ სურთ მიითვისონ ჩვენი მიწა“- ამბობდნენ სოლიდარობის აქციის მონაწილე უკრაინელები.

ბათუმი, ევროპის მოედანი. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ფაშიზმის“, „დიდება უკრაინას“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

„არა გენოციდს“ – სოლიდარობის აქცია. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

 

ნეიტრალური ქვეყანა, მაგრამ ნეიტრალური არა ჩვენი ტკივილის მიმართ – ზელენსკი ირლანდიაზე

დღეს, 6 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის ხელისუფლებასა და ირლანდიელ ხალხს მიმართა. ზელენსკიმ ირლანდიას მოუწოდა შეუერთდნენ უკრაინის აღდგენის გეგმას ომის შემდეგ.

საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირლანდია რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდანვე სიკეთის, ანუ უკრაინის მხარეს იდგა.

„ამ ქვეყანას არ დაუწყია ფიქრი დაგვხმარებოდა თუ არა, მაშინვე დაიწყეს ამის კეთება და მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ქვეყანა ხართ, არ დარჩენილხართ ნეიტრალურები ჩვენი დარდისა იმ ტკივილის მიმართ, რაც რუსეთმა მოუტანა უკრაინას“, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ირლანდიელებს ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერის, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა და იმ უკრაინელებზე ზრუნვის გამო, რომლებიც უსაფრთხოდ არიან ახლა შეფარებულები ირლანდიას.

პრეზიდენტმა მოუწოდა ირლანდიას დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობაში.

ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ ახლავეა საჭირო ფიქრი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე.

„ჩვენ ვიწვევთ პლანეტის წამყვან ქვეყნებს მიიღონ მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში. ცხადია, მე ვიწვევ ირლანდიას, რომ მონაწილეობა მიიღოს მაგალითად ხერსონის მხარის აღდგენაში. ძალების გაერთიანებით, ჩვენ, უკრაინას და ირლანდიას შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე პლანეტის უდიდესმა ქვეყანამ დაანგრია“, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

შავ ზღვაში კიდევ ერთი ნაღმი იპოვეს – თურქეთის თავდაცვა

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, კიდევ ერთი ნაღმი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამჟამად სამხედრო მყვინთავების ჯგუფები მუშაობენ ნაღმის გაუვნებლობაზე.

მედიის ცნობით, ნაღმი იპოვეს იზმითის რაიონში მდებარე პატარა ქალაქ კეფკენის სანაპიროზე.

ეს უკვე მესამე ნაღმია, რომელიც, თურქეთის განცხადებით, შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში იპოვეს.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ შავ ზღვაში ნაღმების მოხვედრის გამო.

შავი ზღვა ესაზღვრება ბულგარეთს, რუმინეთს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე, რუსეთსა და უკრაინას, რომელსაც რუსეთი 24 თებერვალს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს.

ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია

რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს.

მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მერია იმავე პრინციპით მიუდგება ისტორიულ და ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს, როგორც სხვა ავარიულ შენობებს, ბათუმი ისტორიულ იერ-სახეს საბოლოოდ დაკარგავს.

იმ შენობების ნუსხა, რომელთა ავარიულობაც უკვე ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნებით დადასტურებულია, ბათუმის მერიას ჯერ არ გამოუქვეყნებია. იმ მონაცემების მიხედვით კი, რაც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ჩამონათვალში რამდენიმე ისტორიული სახლია, არის ასევე სახლები ძეგლის დაცვის ზონაში.

ჟორდანიას ქუჩაზე, #21-ში მდებარე სახლი ავარიული შენობების ნუსხაშია, ამავე არეალში რამდენიმე ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა. გარდა ამისა, ამ ქუჩას მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს ისტორიული იერ-სახე

მერიის განმარტებით, ბათუმის ძეგლების დაცვის ზონაში მდებარე სახლების, ასევე, ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლების ბედი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოსთან შეთანხმებით გადაწყდება.

სააგენტოს იურისტის თამილა აბუსერიძის განმარტებით, მერიის მიერ აღრიცხული ავარიული სახლების ჩამონათვალში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ არის. რაც შეეხება ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე სახლებს, მათთან დაკავშირებულ პროექტებზე სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ძეგლის დაცვის ზონაში ფონური ისტორიული სახლების დანგრევის და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა ბევრჯერ გასცეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით კი ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში დაუშვებელია ისეთი პარამეტრების მქონე შენობის მშენებლობა, რაც ძეგლის ხედვის არეალს შეზღუდავს, ძეგლს დაფარავს და დათრგუნავს.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო კანონით დაცულ ზონებში შენობების პარამეტრების გაზრდას დასთანხმდება, სპეციალისტების აზრით, ეს შეიძლება დამღუპველ ტენდენციად იქცეს და ბათუმმა ისიც დაკარგოს, რაც ამ დრომდე შენარჩუნებულია.

არსებული პარამეტრების შენარჩუნების პირობებში კი მერია ინვესტორების დაინტერესებას ვერ შეძლებს, როგორც ეს პროგრამით არის გათვალისწინებული და  ავარიული სახლების ჩანაცვლება სრულად ბიუჯეტიდან გაღებული თანხით მოუწევს, რაც პროგრამის ხარჯებს კიდევ გაზრდის.

ამიტომაც მიიჩნევენ ძეგლების დამცველები, რომ პროგრამა ისტორიულ სახლებთან მიმართებაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი:

რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

დასანგრევი სახლების ნუსხაში მოხვდა, მაგალითად,  ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში მდებარე ორსართულიანი სახლი. შენობა  მე-19 საუკუნის მე-3 პერიოდით არის დათარიღებული და ის კომპანია „გეოგრაფიკს“ ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩამონათვალში აქვს შეტანილი. სპეციალისტების შეფასებით, ორსართულიანი, კუთხის შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული. მასზე შემორჩენილია მე-19 საუკუნის  მასკარონები.

ავარიული სახლი 9 მარტის ქუჩაზე

დასანგრევი სახლების ნუსხაშია, ასევე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი. ამ შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ის ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია და ამ მისამართზე პარამეტრების შეცვლა მთლიანად შეცვლის ქუჩის იერ-სახეს.

ეს სახლი ავარიული სახლების ნუსხაშია – ფარნავაზ მეფის 11/18
ეს სახლი ავარიული სახლების ნუსხაშია – ფარნავაზ მეფის 10/16

ავარიული სახლების ნუსხაშია, ასევე, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 130 წლის ისტორიული სახლიც.  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს სახლი ავარიულია, თუმცა მისი გამაგრება შესაძლებელია.

„მის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია, თუმცა ჩასატარებელი სამუშაოების დიდი მოცულობისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია გაუმართლებლად. გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ცალკე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაციაც სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო.“

ეს სახლი 2014 წელს „გეოგრაფიკმა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებელი ობიექტების სიაში შეიტანა. მის გვერდით კი, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, ძეგლის ნიშნის მქონე ერთი სახლი დაანგრიეს. მის ნაცვლად კი, კომპანია „ძმების სახლმა“ ორი სართული ნებართვის გარეშე ააშენა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ძეგლის ნიშნის მქონე სახლი თავად კომპანიამ დაანგრია, თუმცა კომპანიის დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს. ახლა აქ ათსართულიანი კორპუსია. მშენებარე პროექტი ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე განიხილა და შეითანხმა [დადებითი პასუხი მისცა მერიას ნებართვის გასაცემად], რომ იქ ორი სართული უკვე აშენებული იყო.

ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19 – აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე საცხოვრებელ ოთახებში.

ავარიული სახლების ნუსხაშია, ასევე, ბათუმში, ელიავას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა. ამ შენობას ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობა უპირობო აუქციონის წესით 1 მილიონ 217 176 ლარად ყიდდა. აუქციონი ისე ჩაიშალა, რომ ინტერესი არავის გამოუხატავს.

ბათუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები დამტკიცებული ჯერ ისევ არ აქვს. ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.

გენგეგმაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს, თუმცა როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, გაურკვეველია.

თუ არ დაგვეხმარებით, რატომ შეწყვეტენ რუსები უკრაინის განადგურებას? – პოდოლიაკი პარტნიორებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს ტვიტერზე.

„თუ არ აღჭურავთ უკრაინას საჭირო იარაღით – მძიმე არტილერია და საჰაერო თავდაცვა და თუ ხვალ არ დააწესებთ რეალურ სანქციებს – პირდაპირი/ირიბი ენერგეტიკული ემბარგო, მაშინ როგორ ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომის დასასრულს?

რატომ უნდა შეწყვიტონ რუსებმა უკრაინის განადგურება და მკვლელობა?“ – წერს პოდოლიაკი.

___

ამავე თემაზე: ბორელის გამოსვლა დღეს უკრაინის მხარდაჭერაზე: „ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არ გვინდა მისი დასრულება ნებისმიერი გზით. ჩვენ გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტი და მეტი მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა უფრო ნაკლებჯერ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი გმირია და მივაწოდოთ მეტი იარაღი“.

პოდოლიაკი პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას ითხოვს და კანიბალურ „რუსულ სამყაროზე“ წერს 

„სისხლიანი ტბა“ რუსეთის საელჩოსთან ვილნიუსში და ოლიმპიური ჩემპიონის პერფორმანსი

ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან ახლოს მდებარე ტბა დღეს, 6 აპრილს, სისხლისფრად შეიღება. აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს – ტბაში რუტა მეილუტიტემ გაცურა, ლიეტუველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

„პერფორმანსი „გაცურვა“ არის რუსეთის მხრიდან გენოციდის წინაშე მყოფი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მოქმედებისკენ მოწოდება.  ომის პირისპირ ნეიტრალურად არდარჩენის მოწოდება, უკრაინელი ხალხის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში აქტიური მონაწილეობის მოწოდება. ხალხის, რომლებსაც აწამებს, აუპატიურებს და კლავს რუსეთი.

მნიშვნელოვანია, არ გაგვაშეშოს უკრაინელთა მასობრივი მკვლელობის საშინელმა სურათებმა და ტკივილმა. რუსეთის მიერ უკრაინის მიწაზე დატრიალებული, ერთი შეხედვით, დაუსრულებელი საშინელებები ნორმად არ უნდა იქცეს.

როდესაც ქვეყნები, როგორიც გერმანიაა, არ დგამენ ნაბიჯს და არ აწესებენ ადეკვატურ სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ – ირჩევენ რა ფულს ადამიანების სანაცვლოდ, რთულია იმედის შენარჩუნება.

ამიტომაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მოქმედება – სწორი ინფორმაციის გავრცელება, მოხალისეობა, პროტესტი, დონაცია და ჩვენს მთავრობებზე ზეწოლა, იმოქმედონ.

სისხლიანი ტბა განასახიერებს რუსეთის პასუხისმგებლობას უკრაინელთა წინააღმდეგ ომის დანაშაულების ჩადენის გამო. ლიეტუველი ოლიმპიელის, რუტა მეილუტიტეს მიერ შესრულებული „გაცურვა“ ბრძოლისთვის მუდმივი ძალისხმევის აუცილებლობის სიმბოლოა,“ – წერს იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნერინგა რეკასიუტე.

მისივე განმარტებით, რუსეთის საელჩოს წინ ტბა შეღებილი იყო ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც ბიოლოგიურ ტესტებში გამოიყენება.

ფოტო: Neringa Rekasiute/facebook
„პუტინო, ჰააგა გელოდება“ – წარწერა ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსკენ მიმავალ გზაზე

რუსულმა კულტურამ ტარას შევჩენკოს თავში ტყვია ესროლა – უკრაინელი მწერალი

უკრაინელი მწერალი და სცენარისტი ანდრეი კურკოვი twitter-ზე აქვეყნებს ტარას შევჩენკოს მონუმენტის ფოტოს, სადაც უკრაინელების ეროვნული პოეტის, ტარას შევჩევნკოს მონუმენტს ორ ადგილას აქვს ტყვია ნასროლი.

ანდრეი კურკოვი წერს, რომ ამით რუსულმა კულტურამ ტარას შევჩენკოს, უკრაინის ეროვნულ პოეტს, ბოროდიანკაში, ბუჩასთან ახლოს, თავში ტყვია დაახალა.

„უფრო მეტია ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ბუჩაში ამბობენ და დამატებით, ტყვია ძეგლისთვის,“- წერს ანდრეი კურკოვი.

ტარას შევჩენკოს აღნიშნული ძეგლი უკრაინაში, ბოროდიანკაში, ბუჩასთან ახლოს მდებარე დასახლებაში მდებარეობს.

_________________

მსგავს თემაზე:

9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

ბორელის თქმით, რუსეთს 35 დღეში 35 მილიარდი გადაუხადეს – „შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება“

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

„რამდენიმე დღის წინ ამ პალატის წევრმა მითხრა, რომ ომი უნდა დავასრულოთ, რაც შეიძლება სწრაფად და ომის დასასრულებლად საუკეთესო იქნებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა. მაგრამ როდესაც ომი დასრულდება, როგორ დასრულდება? დიახ, რაც მალე იქნება, მით უკეთესი, მაგრამ არა ყველა გზით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. თუ ჩვენ უნდა გვქონდეს განადგურებული ქვეყანა, რომელიც ტერიტორიულად დაშლილია, ამასთან მილიონობით დევნილი და მილიონობით დაღუპული ჰყავს, მაშინ არა, ჩვენ არ გვსურს ეს ომი ასე დასრულდეს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასე არ მოხდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არ გვინდა მისი დასრულება ნებისმიერი გზით. ჩვენ გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტი და მეტი მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა უფრო ნაკლებჯერ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი გმირია და მივაწოდოთ მეტი იარაღი.

სწორედ ესაა, რასაც უკრაინელები მოელიან ჩვენგან და ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო სწრაფად. მეტი წნეხი რუსეთზე და მეტი შეიარაღება უკრაინას.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავიანთი თავი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია.

ჩვენ მივეცით უკრაინას 1 მილიარდი ევრო. შეიძლება ბევრად ჩანდეს, მაგრამ მილიარდ ევროს ჩვენ ვუხდით პუტინს ყოველ დღე ჩვენთვის მოწოდებული ენერგიისთვის.

ომის დაწყებიდან ჩვენ მას გადავუხადეთ 35 მილიარდი ევრო. შეადარეთ ეს უკრაინის შეიარაღებისთვის მიცემულ 1 მილიარდს. ამ გიგანტურმა განსხვავებამ ხაზი უნდა გაუსვას იმის მნიშვნელობასა და საჭიროებას, რაც ევროპულმა აბჭომ გვთხოვა – უნდა შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება“, – განაცხადა დღეს ჟოზეფ ბორელმა.

__

გუშინ, 5 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროპას მოუწოდა, უარი თქვან რუსულ გაზზე. „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა სანქციის დედასანქცია: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შეძენა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. თქვენი ქამრების შემოჭერა რამდენიმე თვით ღირს ათასობით გადარჩენილ სიცოცხლედ“.

___

ამავე თემაზე:

პოდოლიაკი პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას ითხოვს და კანიბალურ „რუსულ სამყაროზე“ წერს 

 

საბერძნეთმა 12 რუსი დიპლომატი გააძევა

საბერძნეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, 12 რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან. აკრედიტებული 12 დიპლომატი საბერძნეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ბერძნული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკვე ეცნობა რუსეთის საელჩოს საბერძნეთში.

რუსეთის წარმომადგენლებს გაუუქმდებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები და მოეთხოვებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

გუშინ, 5 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელმა ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.

გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქების გათავისუფლების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე გახდა ცნობილი, მათ შორის, ბუჩაში ხოცვა-ჟლეტაზე.

საბერძნეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საშინელებით და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SIMELA PANTZARTZI

ბათუმში 4 იხვი გაუშვეს წარწერით: ბიძინა, ღარიბაშვილი და კობახიძე – ვიდეო

დღეს, 6 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ პერფორმანსი გამართა. ღია სივრცეში 4 იხვი გაუშვეს, რომლებსაც ზურგზე თეთრ ნაჭრებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების გვარები ეწერათ.

პირველ იხვს ეწერა – „ბიძინა“, მეორეს – „ღარიბაშვილი“, მესამეს – „კობახიძე“, მეოთხეს კი წარწერა არ ჰქონდა.

მოედანზე გაშვებული იხვები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს.

ჩინეთი ცდილობს გაგვაბრიყვოს, რომ თითქოს რუსეთს მხარს არ უჭერს – ევროპარლამენტარი

შვედმა ევროპარლამენტარმა, შარლი ვაიმერსმა, სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა და ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირის მიერ ტაივანის მხარდაჭერის გაზრდა შესთავაზა.

„ბრიყვი“ – განიმარტება, როგორც ვიღაც, ვინც შეცდომაში შეიყვანეს ან მოატყუეს. ასევე, ვიღაც, ვისაც ძალიან უნდა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც სხვები ამბობენ“.

ვშიშობ, ევროკავშირის ურთიერთობას ჩინეთთან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სხვა ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს უკეთ.

ჩინეთმა გააბრიყვა მსოფლიო ვაჭრობაში, COVID 19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ახლა კი ცდილობს გაგვაბრიყვოს, რომ თითქოს რუსეთს მხარს არ უჭერს.

გასულ წელს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ გაიმეორა, რომ ჩინურ-რუსულ სტრატეგიულ თანამშრომლობას არ აქვს სასრული ლიმიტები, აკრძალული არეები და ზედა ზღვარი – ე.წ. „ულიმიტო პარტნიორობა“.

უმაღლესო წარმომადგენელო, ალბათ დროა ევროკავშირმა გარკვევით თქვას, რომ ჩინეთის მიერ პუტინისა და რუსული საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად გაღებული ყოველი ევროს სანაცვლოდ, ჩვენ ორს დავაბანდებთ ტაივანის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ალბათ, დროა ევროპარლამენტმა მიმართოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ მათ თანამშრომლობას ტაივანთან არ აქვს სასრული ლიმიტები, აკრძალული არეები და ზედა ზღვარი“.

______

ტაივანი [ოფიციალურად – ჩინეთის რესპუბლიკა] სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით მდებარეობს და ე.წ.  „პირველი კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.

როგორც BBC-ი წერს, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას დააპირებს, ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ვარაუდით, მას წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში ძალაუფლება მიეცემა და შესაძლოა დაემუქროს აშშ-ს სამხედრო ბაზებს გუამსა და ჰავაიმდე, თუმცა ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისი განზრახვები ტაივანთან მიმართებაში წმინდად მშვიდობიანია.

„მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული ჯარის სისასტიკეზე

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას Twitter-ზე ვრცელი პოსტით აჯამებს.

„ყველამ ვნახეთ ბუჩას შემზარავი კადრები. აი, რა ხდება, როდესაც პუტინის ჯარისკაცები უკრაინული ტერიტორიების ოკუპირებას ახდენენ. ისინი ამას გათავისუფლებას ეძახიან. მე ამას ომის დანაშაულებს ვუწოდებ. რუს ოფიციალურ პირებს მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა.

ევროპა უკრაინის გვერდითაა, მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ განადგურებულ ქალაქებში მყოფი უკრაინელების გვერდით. მილიონობით მათგანის გვერდით, ვინც დამპყრობელს გაექცა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლებში. ჯოზეფ ბორელთან ერთად სწორედ ამას ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, ამ კვირაში.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა პუტინსა და რუსულ მთავრობაზე, ამიტომაც გთავაზობთ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას. ისინი კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვარიანტებს ზღუდავს. ისინი  ჩვენზე ბევრად უკეთ ზემოქმედებენ რუსეთზე. და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები.

სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი ასეთი შიშველი აგრესიის წინაშე არავინ შეიძლება ნეიტრალური იყოს. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ პუტინის ომით. ეს ასევე განსაზღვრავს, თუ გლობალურად როგორ ვექცევით საერთაშორისო სამართლის ასეთ დარღვევებს მომავალში. ეს იყო ჩვენი მესიჯი ჩინეთისთვის გასული პარასკევის სამიტზე“.

ყოველი მეხუთე ოფიცერია – BBC უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროებზე წერს

BBC-ის შეფასებით, უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროთა 20% ოფიცერია.

„5 აპრილის მონაცემებით, რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა სულ მცირე 1083 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობა გამოაქვეყნეს. დაღუპულების შესახებ ყველაზე ხშირად ინფორმაციას რეგიონების თუ რაიონების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მედია ავრცელებენ.

1083 გარდაცვლილიდან 217 ოფიცერია, უმცროსი ლეიტენანტიდან გენერლამდე. ეს არის რუსული არმიის დადასტურებული დანაკარგების სიის სამხედრო პერსონალის 20%, რომელსაც BBC-ი აღრიცხავს ომის დაწყებიდან.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა BBC-ის რუსული სამსახურის პირველი კვლევის დროს რუსული არმიის დანაკარგების შესახებ – მაშინ 557 იდენტიფიცირებული დაღუპულიდან 109 იყო ოფიცერი, ანუ 19,6%“, – წერს „ბიბისი“.

„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული ოფიცრების ასეთი მაღალი რიცხვი არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ველზე დაღუპული ყოველი მეხუთე რუსი ოფიცერი იყო. სავარაუდოდ, რუსი ოფიცრების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უფრო ვრცელდება, ვიდრე დაღუპული რიგითების შესახებ.

„ტრადიციულად, რუსული არმიის დაღუპული მეთაურების ცხედრების სახლში გაგზავნას უფრო ცდილობენ და მათი სიკვდილი უფრო ხშირად საჯაროდ ცხადდება“, – ამბობს გამოცემასთან სამუელ კრენნი-ევანსი, ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან.

გამოცემის ცნობით, ნატოს ქვეყნების ჯარებში სერჟანტებს, კაპრალებს და სხვა უმცროსი წოდებების მქონე სამხედრო პირებს უფლება აქვთ, გადაჭრან მრავალი დავალება ბრძოლის ველზე, რუსეთის არმიაში კი მსგავსი დონის გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ოფიცრებს, რომლებსაც მინიმუმ ლეიტენანტის წოდება აქვთ.

„ეს ნიშნავს, რომ რუსულ ჯარში ოფიცრები იძულებულნი არიან, აიღონ მეტი ფუნქცია, ამიტომ უფრო მეტი რუსი ოფიცერი იღუპება ბრძოლაში, ვიდრე სხვა არმიის ოფიცრები“, – ამბობს კრენნი-ევანსი.

„ბიბისის“ ცნობით, 24 თებერვლიდან ბოლო დრომდე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში დაიღუპა:

  • 1 გენერალი
  • 10 პოლკოვნიკი
  • 20 პოდპოლკოვნიკი
  • 31 მაიორი
  • 155 უმცროსი ოფიცერი
  • 866 რიგითი, სერჟანტი, პროპორშიკი

უკრაინა აცხადებს, რომ ომში 7 რუსი გენერალი დაიღუპა, თუმცა რუსეთმა მხოლოდ გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვეცკის სიკვდილი დაადასტურა.

„ბიბისი“ წერს, რომ რუსეთში დადასტურებული მსხვერპლის შესწავლისას შესამჩნევია კიდევ ერთი ტენდენცია – დაღუპულთა დაახლოებით 15% მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ჯარებში.

„BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუს სამხედრო მეთაურებს ურჩევნიათ გამოიყენონ საჰაერო-სადესანტო ძალები, რადგან ეს ქვედანაყოფები, როგორც წესი, ბევრად უკეთ არიან მომზადებულნი, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად“, – წერს გამოცემა.

__________________

ფოტოზე: უკრაინელი ჯარისკაცები ათვალიერებენ განადგურებულ რუსულ სამხედრო ტექნიკას ქალაქ ბუჩაში. 2022 წლის 3 აპრილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ATEF SAFADI

ჯოზეფ ბორელი და ფონ დერ ლაიენი კიევში მიდიან

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრებიან. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ერიკ მამერმა ტვიტერზე დაწერა:

„პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამ კვირაში გაემგზავრებიან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად, შაბათს ვარშავაში დაგეგმილი ღონისძიების – Stand Up For Ukraine წინ“, – წერს ევროკომისიის პრესსპიკერი.

„ჩვენ ვემზადებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის უახლოეს მომავალში კიევში მისაღებად. კიევში ერთად მუშაობა არის რაღაც, რასაც შეაქებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და არა მხოლოდ ევროპა. რადგან ახლა კიევი გლობალური დემოკრატიის დედაქალაქია, თავისუფლებისთვის ბრძოლის დედაქალაქია მთელი ევროპის კონტინენტისთვის,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 5 მარტის ღამის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

______

მთავარი ფოტო: ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა

ზღვაში ბანაობის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხის გაკონტროლებას დაიწყებს.

2022 წელს სინჯებს აიღებენ და მონიტორინგი დაწესდება შავი ზღვის სანაპიროს შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ე.წ „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟის ტერიტორიები, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ 2 წერტილი – სულ 8 წერტილი.

„ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმება-ანალიზის ჩატარების მომსახურებაზე“ სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 41 280 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 აპრილს დასრულდება.

წყლის ხარისხის კონტროლი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.

შეამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს:

• ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები
• ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (საერთო კოლიფორმული ბაქტერიები)
• კოლიფაგი
• ფეკალური სტრეპტოკოკები (Streptococcus faecaliss)
• ოქროსფერი სტაფილოკოკები (Staphylococcus aureus)
• პათოგენები საერთო (მათ შორის, სალმონელა)

წინა წლის შემოწმების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:


რამდენიმე დღის წინ თურქეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში ნაღმები აღმოაჩინეს და უსაფრთხოების მიზნით ზღვაში თევზაობაც შეაჩერა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ შავი ზღვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებს ყურადღებით აკვირდებიან ნაღმების აღმოსაჩენად, მზადყოფნაშია ნაღმსატყორცნები და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები. მისივე თქმით, ნაღმების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები მათ გასანეიტრალებლად.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რამდენად უსაფრთხოა ამ კუთხით შავი ზღვის საქართველოს აკვატორია, არის თუ არა ანალოგიური საფრთხის [ნაღმების აღმოჩენის, რასაც თურქეთში ჰქონდა ადგილი] ალბათობა და ტარდება თუ არა რაიმე პრევენციული ღონისძიებები? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელსაც სანაპირო დაცვა ექვემდებარება.

სამინისტროში გვითხრეს, რომ „ეს „საფრთხე“ უფრო თეორიულად არსებობს, ვიდრე რეალურად“. უწყებას სხვა კონკრეტული პასუხი ჯერ მოუწოდებია.

საქართველოს სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მრავალფუნქციური საზღვაო სამსახურია, რომელიც „დამოუკიდებლად ან სხვა შესაბამის ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს საზღვაო თავდაცვით, სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და საზღვაო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ხოლო ომის შემთხვევაში ახორციელებს სამხედრო ფლოტის ფუნქციებს.“

საქართველოს საზღვაო ზოლში ასევე არის ადგილები, სადაც ადამიანებისთვის ზღვაში ცურვა არარეკომენდებული ან აკრძალულია.

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გასულ წელს გამოითხოვა.

ნახეთ ვრცლად:

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

5 თებერვალს შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟის ერთი მონაკვეთი მიიტაცა, ჩამოშალა პრომინადის ნაწილი და დააზიანა პლაჟის ინფრასტრუქტურა. ახალ ბულვარში პრომინადზე [გარდა ველობილიკისა] აკრძალვის ნიშნებია განთავსებული.

სანაპირო შტორმის შემდეგ / ბათუმის ახალ ბულვართან /თებერვალი, 2022

6 აპრილს, ბათუმის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

მთავარი ფოტო: სარფი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 8 აპრილს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი. მომდევნო 2 დღეს, 9-10 აპრილს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართები 20%-იანი ფასდაკლებით გაიცემა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების, მათ შორის პანორამული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა 20%-იანი ფასდაკლებით მიმდინარეობს. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.

თითოეულ ლოტზე წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 20%-ით არის შემცირებული.

აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eauction.ge/Home/EntityView/782151

https://eauction.ge/Home/EntityView/782148

https://eauction.ge/Home/EntityView/782149

https://eauction.ge/Home/EntityView/782140

https://eauction.ge/Home/EntityView/782138

დადასტურდა კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა საქართველოში

Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 234 პაციენტი. სტაციონარში მკურნალობს 445 პირი.

ამავე პერიოდში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, PCR ტესტით – 2 094.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,56 პროცენტია.

ამ დროისთვის სულ აცრილია – 2 862 701 ადამიანი. დღიურად აცრილია – 209 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 38, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში –7, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 18 600 ადამიანი
  • ტანკი – 684 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 861 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული
  • MLRS – 107 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 150 ერთეული
  • ვერტმფრენი – 135 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 324 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 96
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 125 თვითმფრინავი
  • 93 შვეულმფრენი
  • 407 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 981 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 216 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 854 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 888 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ევროპას მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ გაზზე. „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა სანქციის დედასანქცია: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შეძენა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. თქვენი ქამრების შემოჭერა რამდენიმე თვით ღირს ათასობით გადარჩენილ სიცოცხლედ“, – წერს კულება ტვიტერის პირად გვერდზე.

ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან ჟურნალისტები, რომლებიც ომში მუშაობენ

Exit mobile version