კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია

06.04.2022 • 5508
ავარიული ისტორიული სახლები ბათუმში – რას გადაწყვეტს მერია

რა ბედი ეწევა ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ან ისტორიულ სახლებს, რომლებიც ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა ან მომავალში მოხვდება, რა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით ბათუმის მერიას ან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს? – ამ კითხვებზე ჯერჯერობით დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს.

მსგავს დეტალებზე არაფერი წერია არც იმ პროგრამაში, რომელიც საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მერია იმავე პრინციპით მიუდგება ისტორიულ და ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს, როგორც სხვა ავარიულ შენობებს, ბათუმი ისტორიულ იერ-სახეს საბოლოოდ დაკარგავს.

იმ შენობების ნუსხა, რომელთა ავარიულობაც უკვე ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნებით დადასტურებულია, ბათუმის მერიას ჯერ არ გამოუქვეყნებია. იმ მონაცემების მიხედვით კი, რაც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, ჩამონათვალში რამდენიმე ისტორიული სახლია, არის ასევე სახლები ძეგლის დაცვის ზონაში.

ჟორდანიას ქუჩაზე, #21-ში მდებარე სახლი ავარიული შენობების ნუსხაშია, ამავე არეალში რამდენიმე ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა. გარდა ამისა, ამ ქუჩას მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს ისტორიული იერ-სახე

მერიის განმარტებით, ბათუმის ძეგლების დაცვის ზონაში მდებარე სახლების, ასევე, ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლების ბედი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოსთან შეთანხმებით გადაწყდება.

სააგენტოს იურისტის თამილა აბუსერიძის განმარტებით, მერიის მიერ აღრიცხული ავარიული სახლების ჩამონათვალში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ არის. რაც შეეხება ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე სახლებს, მათთან დაკავშირებულ პროექტებზე სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ძეგლის დაცვის ზონაში ფონური ისტორიული სახლების დანგრევის და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა ბევრჯერ გასცეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით კი ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში დაუშვებელია ისეთი პარამეტრების მქონე შენობის მშენებლობა, რაც ძეგლის ხედვის არეალს შეზღუდავს, ძეგლს დაფარავს და დათრგუნავს.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო კანონით დაცულ ზონებში შენობების პარამეტრების გაზრდას დასთანხმდება, სპეციალისტების აზრით, ეს შეიძლება დამღუპველ ტენდენციად იქცეს და ბათუმმა ისიც დაკარგოს, რაც ამ დრომდე შენარჩუნებულია.

არსებული პარამეტრების შენარჩუნების პირობებში კი მერია ინვესტორების დაინტერესებას ვერ შეძლებს, როგორც ეს პროგრამით არის გათვალისწინებული და  ავარიული სახლების ჩანაცვლება სრულად ბიუჯეტიდან გაღებული თანხით მოუწევს, რაც პროგრამის ხარჯებს კიდევ გაზრდის.

ამიტომაც მიიჩნევენ ძეგლების დამცველები, რომ პროგრამა ისტორიულ სახლებთან მიმართებაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი:

რა მოხდება, თუ ავარიული სახლი ისტორიული ღირებულების ან ძეგლის სტატუსის მქონეა

დასანგრევი სახლების ნუსხაში მოხვდა, მაგალითად,  ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში მდებარე ორსართულიანი სახლი. შენობა  მე-19 საუკუნის მე-3 პერიოდით არის დათარიღებული და ის კომპანია „გეოგრაფიკს“ ძეგლის ნიშნის მქონე შენობების ჩამონათვალში აქვს შეტანილი. სპეციალისტების შეფასებით, ორსართულიანი, კუთხის შენობა რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებული. მასზე შემორჩენილია მე-19 საუკუნის  მასკარონები.

ავარიული სახლი 9 მარტის ქუჩაზე

დასანგრევი სახლების ნუსხაშია, ასევე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი. ამ შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ის ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია და ამ მისამართზე პარამეტრების შეცვლა მთლიანად შეცვლის ქუჩის იერ-სახეს.

ეს სახლი ავარიული სახლების ნუსხაშია – ფარნავაზ მეფის 11/18

ეს სახლი ავარიული სახლების ნუსხაშია – ფარნავაზ მეფის 10/16

ავარიული სახლების ნუსხაშია, ასევე, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 130 წლის ისტორიული სახლიც.  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს სახლი ავარიულია, თუმცა მისი გამაგრება შესაძლებელია.

„მის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია, თუმცა ჩასატარებელი სამუშაოების დიდი მოცულობისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია გაუმართლებლად. გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ცალკე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაციაც სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო.“

ეს სახლი 2014 წელს „გეოგრაფიკმა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებელი ობიექტების სიაში შეიტანა. მის გვერდით კი, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, ძეგლის ნიშნის მქონე ერთი სახლი დაანგრიეს. მის ნაცვლად კი, კომპანია „ძმების სახლმა“ ორი სართული ნებართვის გარეშე ააშენა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ძეგლის ნიშნის მქონე სახლი თავად კომპანიამ დაანგრია, თუმცა კომპანიის დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს. ახლა აქ ათსართულიანი კორპუსია. მშენებარე პროექტი ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე განიხილა და შეითანხმა [დადებითი პასუხი მისცა მერიას ნებართვის გასაცემად], რომ იქ ორი სართული უკვე აშენებული იყო.

ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19 – აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და ხის ფანჯრებიანი აივანი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე საცხოვრებელ ოთახებში.

ავარიული სახლების ნუსხაშია, ასევე, ბათუმში, ელიავას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობა. ამ შენობას ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობა უპირობო აუქციონის წესით 1 მილიონ 217 176 ლარად ყიდდა. აუქციონი ისე ჩაიშალა, რომ ინტერესი არავის გამოუხატავს.

ბათუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები დამტკიცებული ჯერ ისევ არ აქვს. ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.

გენგეგმაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს, თუმცა როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, გაურკვეველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: