მთავარი,სიახლეები

საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ

07.04.2022 • 2205
საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ

„…კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში,“ – თქვა ბუჩის ქუჩებში ჩაცხრილულ ადამიანებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მისი ეს განცხადება ერთი-ერთში დაემთხვა რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ თითქოს უკრაინამ ბუჩაში გვამების სცენა დადგა.

გვამები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც 3 – 4 დღე იწვა ქუჩაში,“ – ამტკიცებდა გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვასილი ნებენზია.

დღეს, 7 აპრილს, ანრი ოხანაშვილმა ბოდიში მოიხადა ამ განცხადების გამო. „სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ. თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანრი ოხანაშვილმა.

როგორ მოახერხა საქართველომ უკრაინასთან დაპირისპირებულ მხარედ ქცეულიყო მოკავშირეობის ნაცვლად? – გავიხსენოთ ოფიციალური თბილისის და კიევის განცხადებები ქრონოლოგიურად.

  • 7 აპრილი 

მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას“ – ვკითხულობთ უმაღლესი რადას ტვიტერზე, სადაც თბილისში გამართული აქცია-პერფორმანსის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ბუჩისა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლულთა ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

აქცენტი არის ხალხზე, ისევე, როგორც ზელენსკის განაცხადში ომის დაწყებიდან ორ დღეში: „ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“

  • 6 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინული მხარის მიერ საქართველოს მისამართით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს უნდა გაირკვეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.

„ბრალდებები სერიოზულია და შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საუბარია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთში სანქცირებადი პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით გეგმავს.

  • 4 აპრილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს. საქართველოს „პოლიტიკური ხელმძღვანელობა“ კი, ხელს აფარებს კონტრაბანდისტების საქმიანობას. საქართველოს ხელისუფლებამ ეს შეურაცხყოფად მიიჩნია, „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა და მტკიცებულება მოითხოვა, თუმცა მტკიცებულება ამ დრომდე უკრაინას არ წარმოუდგენია.

4 აპრილს ასევე გაირკვა, რომ საქართველოს  საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ილია დარჩიაშვილია. ის პირველ მარტს წერდა: „სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“.

  • 3 აპრილი

უკრაინის ომზე საუბრისას ორი სიტყვა გამოიყენა პრემიერმა ღარიბაშვილმა – „დაიჩაგრებოდა“ და „დაისჯებოდა“.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ „განმარტა“, რომ სასპეკულაციო არაფერია, რადგან „სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანი და უსამართლოც“

3 აპრილს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოსა და მოლდოვას გადაწყვეტილებით, დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. „ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მთავარი რამ, რაც უკრაინას საქართველოსა და მოლდოვასთან აერთიანებდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნები რუსეთის მიერ იყო ტერიტორიულად „დაკბენილი“, მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ნეიტრალურმა პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით, იმედი გამიცრუა. მეგობარი გასაჭირში არის ნამდვილი მეგობარი. კარგია, რომ ხალხებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ“, – დაწერა სტეფანჩუკმა.

  • პირველი აპრილი

პირველ აპრილს, სასტიკი ომის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტიდან ლადო კახაძემ მოიცალა ზელენსკის შეურაცხყოფისთვის. „როდესაც ის[ზელენსკი] გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ,“ – თქვა ლადო კახაძემ.

იმავე დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეს თქვა: „მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და ამიტომ საქართველოში „გამოასწრო“.

მამუკა მდინარაძესაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა: მინიმუმ ის რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაკრძალვაზე მისულიყო? – მამუკა მდინარაძის თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო უკრაინაში მოხალისეებს ვერ აგზავნის, შესაძლოა, გულწრფელი სამძიმარი „გარკვეული ქმედებების წახალისებად“ აღქმულიყო.

  • 28 მარტი

„ქართულ ოცნებაში“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვს გამოეხმაურნენ, რომელმაც უკრაინული მედიის ცნობით, 26 მარტს თქვა, რომ „რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.“  ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის განცხადებას დაუკავშირა უკრაინაში ენმ-ის წევრების ვიზიტი.

  • 27 მარტი

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია, – დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იმავე დანილოვის განცხადების შესახებ.

  • 24 მარტი

„თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინისადმი და დასძინა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო კიევის გვერდითაა.

  • 21 მარტი

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივია,“ – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გვერდი აურა იმას, რომ ამ აქციების ძირითადი მოთხოვნა თბილისსა თუ ბათუმში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ გამოხატა სამძიმარი იმ ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. „დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია“, – თქვა მან.

21 მარტს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, განცხადება გაავრცელა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ 13 ქვეყნის პარლამენტის წევრები, მათ შორის, საქართველოდან – გრიგოლ ვაშაძე. მაშინ პარლამენტში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ საგარეო საკითხთა კომიტეტში არ შესულა აღნიშნული განცხადება მხარდაჭერის ან ხელმოწერის თხოვნით.

  • 16 მარტი

CNN-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „სიმართლე არაა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. სინამდვილეში, საქართველო მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, ასევე 16 მარტს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ხელისუფლებას ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.

  • 15 მარტი

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საფრთხის შემცველია,“ – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ და სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. ალბათ, გახსოვთ, რომ მანამდე უკვე პრეზიდენტიც კი დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის თემაზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი, სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაიმეორეს ის, რასაც მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ამბობდნენ: „თუ გულისხმობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, ეს ღიად თქვას“.

  • 14 მარტი

საქართველოს ხელისუფლება ღიად  გააკრიტიკა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას ევროპაში ომის ცხელ დღეებში ვიზიტები გაუუქმეს და ასევე არ ესმის, რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, როცა რუსეთი საქართველოს მტერიცაა.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. – „ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

  • 7 მარტი

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

ამავე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა გაიმეორა „ოცნების“ გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლებ, „გამოწვევების და პროვოკაციების“ მიუხედავად, მშვიდობას ინარჩუნებს. „საქართველოში მშვიდობას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • 5 მარტი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის განაცხადი დამოუკიდებლად უნდა განიხილოს და არა მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად.

  • 4 მარტი

დილიდან ელოდა საქართველო, რას ეტყოდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ზელენსკი ვიდეომიმართვის დროს. სოლიდარობის აქციის დაწყებამდე „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ზელენსკის მიმართვის მოსასმენად არ მივიდოდნენ.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა… ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება გასაგები მიზეზების გამო,“ – აღნიშნა 4 მარტს ირაკლი კობახიძემ.

„არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით,“ – უთხრა იმ დღეს ზელენსკიმ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

  • 2 მარტი

„ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად…“ – აღნიშნა უკვე 2 მარტს საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. ეს უკვე მეორე დღეა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან პროტესტის ნიშნად უკრაინის ელჩი გაიწვია.

  • პირველი მარტი

საქართველოში აგორებული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობაზე, უკრაინის მსგავსად, განაცხადი ოფიციალურად შეეტანა.

საზოგადოების პროტესტის საფუძველი კი, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ პირველ მარტს მიღებული გადაწყვეტილება გახდა. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია. აღმოჩნდა, რომ მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან გამოგზავნილი თვითმფრინავი მართლაც არ შემოუშვეს საქართველოში.

ზელენსკის მკვეთრი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებაში ასე გაიგეს: „არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში,“ – აღნიშნა პირველ მარტს ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

  • 28 თებერვალი

„რა გგონიათ თქვენ, პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან? მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით – თვეობით ჯარებისა და კონტინგენტის მოყვანა აქ. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა, საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ის გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს ელჩად გაამწესეს.

„დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს..,“ – ამ აქცენტის გაკეთება არჩია პრემიერმა ღარიბაშვილმა 28 თებერვალს.

იმავე, 28 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს თქვა: „ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენ, ყველა ელოდება სოლიდარობას… საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო“.

  • 26 თებერვალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობრებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდა. „ყველა, ვისაც უკრაინის თავდაცვა შეუძლია საზღვარგარეთ, ეს პირდაპირ, ერთიანად გააკეთეთ. უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, გთხოვთ, მოდით, იარაღს მოგცემთ. ძალიან მალე გამოცხადდება, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ყველა, ვინც უკრაინას იცავს, გმირია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ამ მოწოდების შემდეგ მოხალისეებმა შეკრება საქართველოშიც დაიწყეს. 26 თებერვალს უკრაინის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას ჯარისთვის 1000 ცალი სამხედრო ფორმა გადასცა.

26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით. „ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდით“, – წერდა იმ დღეს სალომე ზურაბიშვილი.

26 თებერვალს ზელენსკი სოლიდარობის ნიშნად საქართველოში შეკრებილ ადამიანებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია,“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე.

ომის დაწყებიდან 2 დღეში ვოლოდიმირ ზელენსკის ეს შეფასება აჩვენებს დაძაბულობას, რომელიც რუსეთმა მეგობრებს – უკრაინასა და საქართველოს შორის გააჩინა.

ზელენსკის ეს ფრაზა ასევე აჩვენებს: სად დგას და რა შეუძლია ხალხს საქართველოში.

  • 25 თებერვალი

უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად გვერდზე გადგომა გადაწყვიტა და არჩია. ღარიბაშვილის განაცხადი – „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“ უკრაინასა და დასავლეთში არა, მაგრამ მოეწონათ რუსეთში. „Russia Today“-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი იმ საღამოს წერდა: „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა“

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს.

ამ განცხადებას პრემიერი შემდეგ დღეებშიც მიუბრუნდება.

25 თებერვალს ღარიბაშვილმა ღიად თქვა ისიც, რომ  უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალის შემოვლის შემდეგ.

ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერი რუსეთის მორიგ ომს მეგობარ სახელმწიფოში.

  • 24 თებერვალი 

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: